გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ევოლუშენ გეიმინგი გაფიცვა შრომა შრომის უფლებები ეკონომიკა ბიზნესი აქცია პროტესტი

გაფიცულები, რომლებსაც უხმოდ კიცხავენ | გიორგი ჯოხაძე

კრიტიკული თვალსაზრისი

მალე 80 დღე გავა მას შემდეგ, რაც მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე „ევოლუშენ გეიმინგის“ შენობაში დასაქმებული ახალგაზრდები გარეთ გამოვიდნენ და ღირსეული შრომის პირობების მოსაპოვებლად გაიფიცნენ. 80 დღე სათქმელად მარტივია, თუმცა, ამ პერიოდში, გაფიცულებმა უამრავი ბრძოლა გადაიტანეს: გაფიცულთა დასაშინებლად დაქირავებულ კუნთიანებთან მუდმივი ჭიდაობა, დამამცირებელ მოპყრობაზე პასუხის გაცემა, შტრეიკბრეხერებთან გამკლავება, აღიარება და იმედგაცრუება იმის გამო, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერა სუსტია, შემდეგ - პირის ამოკერვა, შიმშილობის დაწყება და კიდევ ერთი მტკივნეული გააზრება, რომ სახელმწიფომ მსხვილ უცხოურ კორპორაციასთან დაპირისპირებული გაფიცულები, ფაქტობრივად, მიატოვა (80-დღიანი საგაფიცვო ფრონტის ამბები იხილეთ ონლაინმედია „მაუწყებლის“ მიერ მომზადებულ სტატიებსა და სიუჟეტებში).

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი, რაზე ფიქრსაც გავურბივართ, ჩვენი პიროვნების ყველაზე ბნელ კუთხეებში იმალება. შესაძლოა, ასეთი მოვლენა იყოს გაფიცვაც „ევოლუშენ გეიმინგში“ - მოვლენა, რომელიც ჩვენი რეალობის პარალელურად უწყვეტად მიმდინარეობს და ჩვენი ხედვის ცენტრალურ არეში მაინც ვერ ხვდება, არადა, შესაძლოა მისი ანალიზი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე - ერთი შეხედვით ჩანს.

უფრო სწორად, ერთი შეხედვით, ამ გაფიცვის მნიშვნელობა საერთოდ არ ჩანს. საინფორმაციო ქაოსში და დაძაბულ საარჩევნო გარემოში გვიჭირს იმის გააზრებაც, რომევოლუშენ გეიმინგში“ დასაქმებული ახალგაზრდები რასაც აპროტესტებენ, პირდაპირ უკავშირდება ბოლო 30 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაცვეთილ „ევროპაში შესვლის“ იდეას. კონსერვატორულობის ნიღაბს ამოფარებული „ქართული ოცნებისა“ და ლიბერალური ოპოზიციური პარტიების მოქმედების ლოგიკა კი ამ დროს ამჩნევს მხოლოდ იმას, რაც წვრილ კორპორატიულ ინტერესებში ჯდება და მიმდინარე ამბავში საზოგადოებრივ ინტერესს თუ ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ვერ ხედავს.

ხელისუფლების რიტორიკა ასეთია - ის ამბობს, რომ, თითქოს, თავად აწარმოებს „დასავლურ ნეოკოლონიალიზმთან ბრძოლას“, უცხო ქვეყნის მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების დამცირებასა და დამონებას კი ჩვეული უგულვებელყოფითა და ინერტულობით ხვდება. ეს დუმილი სახელმწიფოს პოზიციაა. ეს არის დუმილი, რომელიც, სინამდვილეში, ამბობს: დავა ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს და ისინი თავად უნდა მოგვარდნენ. თუმცა, საგულისხმოა შემდეგი კონტექსტიც: „ევოლუშენ გეიმინგის“ საქართველოს ფილიალი სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოშის“ დახმარებით და თანადაფინანსებით შეიქმნა. ვიდეორგოლი, რომელიც ამ ისტორიულ და პროგრესულ კოლაბორაციაზე არის შექმნილი, მთავრდება ჰეშთეგით, #ქართულიადაკარგია.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრიც (ზოგიერთის გამოკლებით) ზუსტად ასე ფიქრობს ევოლუშენში მიმდინარე გაფიცვაზე. ამ პარტიების წარმომადგენლებიდან ყველაზე რადიკალურად განწყობილები კი იმასაც ღიად ამბობენ, რომ პროფკავშირები, როგორც ინსტიტუცია, კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.

ეს სერია ხომ მართლა ყველას ნანახი გვაქვს?! მილიარდობით ბიუჯეტის მქონე კორპორაცია და გაფიცული თანამშრომლები, მედიაციისა და პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად მარეგულირებელი ორგანოს ჩარევის გარეშე როგორ უნდა მოგვარდნენ? ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევოლუშენის გაფიცვა იმთავითვე სცდება ერთი კორპორაციისა და მისი დასაქმებულების შიდა კონფლიქტს და გვიჩვენებს მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემურ პოზიციას, რომელიც ეყრდნობა უნივერსალურ სიკეთედ აღიარებული ცნებების განზრახ მცდარ ინტერპრეტაციას.

მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიებში სიტყვა „ღირსება“ ხშირად ტრიალებს. თუმცა, „ღირსება“, რომელზეც სამთავრობო მედიები და მმართველი პარტია ლაპარაკობენ, განსხვავდება „ღირსებისგან“, რომელიც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ, მშრომელ მოსახლეობას გააჩნია. ხოლო „თავისუფლება“, რომელზეც „გირჩელები“, „ნაციონალები“ და სხვები აკეთებენ აქცენტს, გულისხმობს რეკეტიორი ბიზნესის თავისუფლებას, რომ ისე მოექცეს თანამშრომლებს, როგორც თავად სურთ.

ამ ახალგაზრდების და კომპანიის ურთიერთმიმართების საკითხი გვაჩვენებს მთავარს - როგორც ექცევა „ფორბსის“ სიაში მყოფი მილიარდერთა ჯგუფი საკუთარ თანამშრომლებს და ამ საკითხის შორიდან ცქერა და უგულვებელყოფა ცხადყოფს იმასაც, რომ ზუსტად ასეთივე ქცევის მორალი და ხედვა აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსახლეობის მიმართ.

რატომ არის საქართველო შვედეთში დაარსებული ტრანსნაციონალური კომპანიისთვის საუკეთესო ბაზა? იმიტომ, რომ შვედეთში (ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) თანამშრომლების მჩაგვრელი პირობებით დასაქმებას კანონი ზღუდავს. იმიტომ, რომ ევროკავშირში შრომითი ურთიერთობა განსაზღვრულია არა როგორც ხელშეკრულება ორ თანასწორ სუბიექტს შორის, არამედ როგორც ხელშეკრულება იმგვარ ორ სუბიექტს შორის, რომელთაგან ერთი მხარე ფინანსურად, სტრუქტურულად და ინფორმაციულად ძლიერია, მეორე კი - სუსტი. ჩვენთან კი დასაქმებულს ვერც მინიმალური ხელფასის დადგენილი ზღვარი იცავს და ყველა არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს შეუძლია, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურად გამოწუროს შრომითი რესურსი თანამშრომელს.

ევროკავშირში მშრომელთა უფლებები თავისთავად სიკეთედ არ შობილა, ის ბრძოლამ და მსხვერპლმა მოიტანა. XIX-XX საუკუნეების ევროპის ისტორია, ასევე, გახლავთ სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაც - გაფიცვებითა და აჯანყებებით სავსე.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ინდუსტრიული მშრომელების მასობრივ გაფიცვებს გვერდს სოციალისტური მოძრაობები და სტუდენტური გაერთიანებები უმაგრებდა. ამან, საბოლოო ჯამში, შრომა და სოციალური კეთილდღეობა ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში სისხლითა და ოფლით ჩააცემენტა.

თბილისის გარეუბანში, ნაძალადევში კი, გაფიცვა 80 დღეა მიმდინარეობს და ის არათუ მეინსტრიმულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ აღწევს, ვერც იმ ათობით ათასი ახალგაზრდის მხარდაჭერას იმსახურებს, რომელიც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომით, რეზინის ტყვიებთან თუ წყლის ჭავლთან პირისპირ მდგომი იცავდა საქართველოს ევროპულ არჩევანს.

თითქოს, თბილისს ეთაკილება აზარტული თამაშების სექტორში მიმდინარე გაფიცვაში ჩაერთოს. თითქოს, იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც ამერიკელი პრეზიდენტის სახელობის კლუბში, თავისუფალი უნივერსიტეტისა და „გირჩის“ ბაზაზე გაჩენილ სამეგობროებში სოციალიზდნენ, ფიქრობენ, რომ პროფკავშირულ საქმიანობაში და, ზოგადად, უკეთესი შრომითი და სოციალური პირობებისთვის ბრძოლაში, რაღაც რეგრესული და ნაკლებად ფერადია.

თუმცა, „ევოლუშენ გეიმინგში“ მიმდინარე მოვლენების ანალიზს ზედაპირულ ხედვაზე მეტი სჭირდება. როდესაც დედაქალაქში მცხოვრები 8000 ახალგაზრდა დასაქმებულია ამ კომპანიაში, ეს ნიშნავს, რომ მათ სხვა სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ აქვთ. მათი უმეტესობა აქ მუშაობით ცდილობს სწავლის და ქირის ფული მოაგროვოს იმისათვის, რომ სტუდენტობის წლებში გადარჩეს და შემდეგ საკუთარი პროფესიით დასაქმდეს, თუმცა, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი ტიპის შრომით ურთიერთობებში. „ევოლუშენში“ მუშაობა არ ტეხავს მაშინ, როცა არჩევანი თითქმის არ გაქვს. ტეხავს შტრეიკბრეხერობა, ფულის გამო 20 წლის ახალგაზრდების ცემა და დაშინება.

სწორედ ესაა დილემა, რომელიც „ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცვამ შემოგვთავაზა: რომელია სათაკილო - იქ მუშაობა გადასარჩენად, თუ გაფიცულთაგან განზე გადგომა.

გაფიცვის მიმდინარეობაზე თვალის დახუჭვა და დასკვნა, რომ კაზინოს ამბავი ბინძური საქმეა და, დაე, თვითონ მოგვარდნენ, თუ საკუთარი (და არა სხვისი) საჭიროებების აღმოჩენა და შემდეგ ამ საჭიროებებისთვის ბრძოლა იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩვენი ეროვნული და კლასობრივი ინტერესები არ ჩაანაცვლებს კორპორატიულ ინტერესებს, რომლებიც ეკონომიკური ელიტების კარნახით იქმნება.

ნაძალადევში - დაახლოებით იმ ადგილებში, სადაც ახლა გაფიცვა მიმდინარეობს, 1905 წლის დეკემბერში, საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს მუშებმა. მაშინ, გაფიცვის პირველივე დღეებში, ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულმა პროლეტარიატმა უბანზე კონტროლი აიღო და „ნაძალადევის დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ გამოაცხადა. რუსეთის მეფის არმიამ 1905 წლის 17 დეკემბერს ნაძალადევს ალყა შეამოარტყა და ცხენოსანი კავალერიის და არტილერიის გამოყენებით აჯანყება სისხლში ჩაახშო. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთებს სკოლებსა და აუდიტორიებში გაკვრით თუ მოისმენთ, სამაგიეროდ, ასეთი ამბების ექო გაფიცვებზე ისმის მძლავრად; ასეთი ამბები იმედის მომცემად პიკეტიდან დაკავებამდე პერიოდში ისმინება.

ტექსტი მომზადებულია “მშრომელთა კავშირისთვის”.

ავტორი: გიორგი ჯოხაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა