გამოსახლება | ბოლო გამოსავალი
თბილისის ცენტრში, კეკელიძის პირველ ნომერთან, ტროტუარზე ავეჯია მიმოფანტული. ბინიდან გამოყრილ სავარძლებს, კარადებს, მატრასებს, დივანს და სხვა საოჯახო ნივთებს სანახევროდ ცელოფნები ფარავს, სანახევროდ ათოვს. სადარბაზოს რკინის კარი უკვე მთელ სიგრძეზეა ამოჭრილი. ადამიანის ზომაზევეა ამოჭრილი სახლში შესასვლელი კარიც. შიგნით აღარავინაა.
კიბეებზე წიგნების ფურცლები და საოჯახო ფოტოები ყრია - სანამ ახალ მეპატრონეს ჩააბარებდნენ, ნივთებისგან ბინა სრულად უნდა გასუფთავდეს, წესი ასეთია.
23 იანვრის დილას, კეკელიძის ქუჩაზე, ახალი წლის დადგომის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გამოსახლება დაიგეგმა. ისე კი, მთელი საქართველოს მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 600-მდე გამოსახლება ფიქსირდება. ძველ მფლობელებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს უფლება საკუთარ უძრავ ქონებაზე, სახლებს ატოვებინებენ. კანონით გაწერილ ნაბიჯებს აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს. თუმცა, მოძრაობა “ხმის”, იპოთეკით და მევახშეობისგან დაზარალებულთა ასოციაციის და სხვა დამოუკიდებელი აქტივისტების მუშაობის შედეგად, გამოსახლების პრაქტიკის მიმართ კრიტიკა მწვავეა. მედიის ყურადღების არეალშიც გამოსახლებები სულ უფრო მეტად ხვდება - ხშირად ამ პროცესს მხარდამჭერი აქტივისტების ხმაურიანი აქცია ერთვის თან, აქციები კი აქტივისტების დაკავებითაც სრულდება. ამ დროს მატულობს უსამართლობის განცდა, ხშირი ხდება მსჯელობა სახელმწიფოს მანქანის რეპრესიულობასა და ფულად-საკრედიტო სისტემასა და კერძო მევახშეობის პრაქტიკაზე.
23 იანვარს კეკელიძის #1-თან, რამდენიმესაათიანი ჩოჩქოლისა და წინააღმდეგობის შემდეგ, ოჯახის ახლობლებიღა დგანან. მალე ისინიც იშლებიან. ამოჭრილ რკინის კარზე საახალწლო სათამაშოს არავინ ხსნის და ასეც რჩება. დაკავებულია 8 აქტივისტი, რამდენიმე - სამეცნიერო-აკადემიური სფეროდან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს წინასწარ მობილიზებული აქტივისტების მჭიდრო კორდონის გარღვევა დასჭირდათ, მარინა ხატიაშვილის ბინაში რომ შეეღწიათ და სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. წინააღმდეგობის რამდენიმე საათი, საბოლოოდ, ხატიაშვილების გამოსახლებით დასრულდა.
გამოსახლების შემთხვევების მედიაგაშუქებისას, ზოგჯერ გამოსახლებულთა მიმართ თანაგრძნობას ამძაფრებს ზამთრის სუსხიან დღეებში ქუჩაში დარჩენის მწარე პერსპექტივა, ზოგჯერ - პრობლემის მასშტაბურობა (მძიმე დაავადების სამკურნალოდ ან სხვა გამოუვალი მდგომარეობის გამო სახლის დაკარგვა), ზოგჯერ კი აუდიტორიაზე მოქმედებს სახელი და ცნობადობაც. მარინა ხატიაშვილის სახელი, მაგალითად, ახსოვს ყველას, ვინც მირზა შაფის პროტესტს ადევნებდა თვალს.
თუმცა, ცხადია, გამოსახლების პრაქტიკის სამართლიანობა-უსამართლობაზე, მავნებლობასა და გამოუვალობაზე მსჯელობა ამ ინდივიდუალური გარემო პირობების სიმწვავეს უნდა სცდებოდეს. კანონის უნივერსალურობა სამართლიანობას უნდა უზრუნველყოფდეს ამინდის ცვალებადობისა და სეზონურობის, ადამიანის დამსახურებების, მისი მდგომარეობის სიმწვავის და ემპათიის გამომწვევი სხვა მოტივების მიუხედავად.
მარინა ხატიაშვილის საქმე
ეს სახლი ხატიაშვილების ოჯახის უკანასკნელი საცხოვრისი იყო. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, როდესაც ხატიაშვილმა საქართველოს ბანკში 20 ათასი დოლარი ისესხა. მისი სამსახურის დაკარგვის შემდეგ სესხის გადახდა გაუჭირდა და იმისთვის, რომ ბინის აუქციონზე გაყიდვა თავიდან აერიდებინა, ხატიაშვილი კერძო იპოთეკარს დაუკავშირდა. ხატიაშვილი გარკვეული პერიოდი იხდიდა კერძო იპოთეკართან ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალის ვერდაფარვის გამო, ხელახლა აფორმებდა ექვსთვიან ხელშეკრულებებს სხვადასხვა კერძო იპოთეკართან ე.წ. მევახშესთან. საბოლოოდ, ვალის რაოდენობამ 50 ათას დოლარს მიაღწია.
ხატიაშვილმა ვეღარ შეძლო ყოველთვიური გადასახადის გადახდა და 2018 წელს ბინა აუქციონზე მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა დარეჯან დვალმა 40 ათას ლარად შეიძინა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა სასამართლომ ბინა დვალს მიაკუთვნა. საბოლოოდ, ახალმა მფლობელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა საკუთრების მისაღებად.
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება ოთხჯერ გადაიდო, მათ შორის, პროცესი შეჩერებული იყო კოვიდ პანდემიის გამო, როდესაც გამოსახლებებზე მორატორიუმი გამოცხადდა. იყო მორიგების მცდელობაც. მარინა ხატიაშვილი ირწმუნება, რომ ამ წლების განმავლობაში მისი თავდაპირველი ვალი იპოთეკარს უკვე გადაუხადა, თუმცა, მაინც სთავაზობდა მას 70 ათას დოლარს ბინის სანაცვლოდ. მორიგება მხარეებს შორის გამოსახლებამდე არ შედგა, თუმცა დარეჯან დვალის ადვოკატის ინფორმაციით, გამოსახლების შემდეგ მისი მარწმუნებელი დათანხმდა 90 ათასი დოლარის სანაცვლოდ ხატიაშვილისთვის ბინის დაბრუნებას და მხარეები შეთანხმდნენ. შეთანხმების საკითხი მარინა ხატიაშვილმა on.ge-სთან საუბრისას დაადასტურა. მან 1 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს თანხა დარეჯან დვალს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ბინაში დაბრუნებას.
კერძო იპოთეკით დაზარალებულები
მარინა ხატიაშვილი კერძო იპოთეკით დაზარალებულთა შორის ერთ-ერთია. ასეთი მოქალაქეების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კერძო მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, როცა ადამიანი კარგავს ბინას, სახელმწიფო ამას ყოველთვის არ აღრიცხავს. თანაც, ყველა საქმე სასამართლომდე არ მიდის და არც აღსრულების სამსახურს გადაეცემა. ამიტომ, თუნდაც სასამართლოს, ანდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემები სურათს ვერ კრავს. თუმცა, კერძო იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი რომ სოლიდურია, ამის წარმოდგენა მაინც შეგვიძლია: საქართველოში, სხვადასხვა მიზეზით, დღეში ერთი გამოსახლება მაინც იგეგმება, - გვეუბნება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის თანამშრომელი პაატა შამუგია.
- “მარტოხელა დედის და მისი შვილების უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება დროებით გადაიდო”;
- „გამოსახლება იგეგმება ზანდუკელის ქუჩაზე“;
- „იურისტები ცხრასულიანი ოჯახის უკანონო გამოსახლების პროცესის შეჩერებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ“;
ეს ფრაზები საინფორმაციო გადაცემებიდანაა და რეალურ ისტორიებს აღწერს. ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება ფული, ვიღაცას - საზღვარგარეთ სამუშაოდ წასასვლელად, ზოგს - ახალი საქმის დასაწყებად, ან - არსებული ფართის / საქმიანობის გასაფართოებლად, ვიღაცას ახლობელი ჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და - ადვოკატისთვის, ანდა გირაოს გადასახდელად, ვიღაცის ოჯახის წევრმა შესაძლოა აზარტულ თამაშებში წააგო თანხა და ახალი სესხი მის გადასარჩენად უნდა.
“მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ძალაუფლების არათანაბარმა გადანაწილებამ, მტაცებლურმა დაკრედიტებამ და რეგულაციების არარსებობამ ჭარბვალიანობა განაპირობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მსესხებელთა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა”, - აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის კვლევაში “საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი”.
ჭარბვალიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სიღარიბე და მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე სახელდება. 2018 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ “დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და ის მოკლებულია საშუალებას განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება”. ამით მაშინდელმა მთავრობამ აღიარა ჭარბვალიანობის პრობლემა და ხაზი სიღარიბის სიმწვავეს გაუსვა.
პრობლემა, მაშინაც და ახლაც, უმეტესად მაშინ მწვავდება, როდესაც მოქალაქეები საჭირო თანხის მოსაპოვებლად კერძო დაურეგისტრირებელ პირებთან, ე.წ. მევახშეებთან დებენ ხელშეკრულებას. იურისტები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მთავარ პრობლემას ქმნის ხელშეკრულების დადება ე.წ. ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, ოფიციალურად - “ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება”, არაოფიციალურად კი ეს ხელშეკრულება იპოთეკის პროცესის შენიღბვაა.
„ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება, ანუ სესხი და იპოთეკა ამ ხელშეკრულებით ნაცვლდება. ნასყიდობა ნიშნავს: მე გავყიდე ნივთი და შენ იყიდე. გამოსყიდვის უფლება კი ნიშნავს, რომ მე გარკვეული პერიოდით გაძლევ ვადას - გამოისყიდო, დაიბრუნო შენი ქონება.
თუმცა, რეალურად, ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმება - სესხის აღებას ნიშნავს”, - გვეუბნება ნანო ცხადაია, რომელიც იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ფორმდება, ძირითადად, სამი ან ექვსი თვით. ეს ვადაც ძალიან მცირეა. ყოფილა ერთთვიანი ხელშეკრულებებიც, - იხსენებს ნანო ცხადაია. “მოდის შეჭირვებული ადამიანი, რომელსაც ბანკი არ აძლევს სესხს, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანი ერთ თვეში გადაიხდის 20 ათასს, ან 25 ათასს და დაიბრუნებს ქონებას უკან?!“ - დასძენს ის.
აქ ცალსახად მავნე მოვლენად კერძო გამსესხებლების ე.წ. მევახშეების როლი იკვეთება. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოქალაქე კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში იგდებს თავს იმით, რომ კერძო გამსესხებლის ყველა პირობას თანხმდება.
2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებებიც, პირველ რიგში, მათ საქმიანობას შეეხო: 2018 წლის აგვისტოს შემდეგ კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ. ანუ ოფიციალურად კერძო მსესხებელი, ე.წ. მევახშე გარანტად ვერ მოითხოვს უძრავი ქონების ჩადებას. ამ გზით, თითქოს უნდა მოგვარებულიყო ე.წ. მევახშეობის და ამ ხერხით მოქალაქეების მიერ ქონების დაკარგვის პრობლემა.
თუმცა გამსესხებლებმა კანონმდებლობის გვერდის ავლა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით შედგენილი ხელშეკრულებებით მოახერხეს.
იურისტმა დავით კლდიაშვილმა ნოტარიუსთა პალატიდან ოფიციალურად მიღებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმადაც, 2018 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების რაოდენობა. ანუ, კანონმა აკრძალა კერძო მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებისას გარანტად უძრავი ქონების ჩადება, თუმცა სამაგიეროდ უძრავი ქონების ჩადების პრაქტიკა გაგრძელდა, ოღონდ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებების ფორმით.
თუ 2016 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში დამოწმებული იყო 1 465 ხელშეკრულება ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ, ეს რიცხვი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე დაახლოებით შვიდჯერ, 11 132-მდე გაიზარდა.
ნანო ცხადაია ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოთხთვიანი ხელშეკრულების დროს სამ თვეში შეძლო მოვალემ თანხა უკან დაებრუნებინა, მაგრამ ე.წ. მევახშემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, მაშინ გამოჩნდა, როცა გამოსყიდვის ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ადვილად, კანონიერად გააუქმა გამოსყიდვის შესაძლებლობა და კერძო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თვითონვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
დავით კლდიაშვილი განმარტავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არის ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, როგორიც ნასყიდობა, იჯარა, ჩუქება და ა.შ., რაც ყველა სამართლებრივ სისტემაში არსებობს და ამ ხელშეკრულებით სარგებლობის უფლება მოქალაქეს არ უნდა შეეზღუდოს:
“ის, რომ ამ ხელშეკრულებას როგორც გამსესხებელი, ისე მსესხებელი იყენებენ რეგულაციის თავიდან ასაცილებლად, ეს არ არის ამ ტიპის ხელშეკრულების “დანაშაული”, - დავით კლდიაშვილის აზრით, ამ ტიპის ხელშეკრულების აკრძალვა იგივეა, რომ სამზარეულოში დანის გამოყენება ავკრძალოთ იმ საფუძვლით, რომ ამ დანით შეიძლება ადამიანს ზიანი მიადგეს. მით უფრო, მაშინ, როცა არსებობს სხვა ბერკეტი, მაგალითად, თუ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებით შენიღბულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, დაინტერესებულ პირს (ანუ მას, ვინც დაზარალდა, ვინც ბინა დაკარგა) შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი ბათილობა”.
კლდიაშვილი დასძენს, რომ ასეთი საქმეები სტატისტიკურად სულ უფრო ხშირია. თუმცა, ჯერ ჯერობით არ არის ეფექტური მოქალაქეთა არაინფორმირებულობის გამო: ბევრმა არ იცის, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით სარგებლობა შეუძლია. ბევრმა მოქალაქემ ხელშეკრულების პირობებიც კი არ იცის დეტალურად. ხშირია გაუაზრებლად ხელმოწერილი ხელშეკრულებები, შესაბამისად, ასევე, მოქალაქე, სასამართლოში წასვლისას, მზად უნდა იყოს, რომ დაამტკიცოს: მასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, სინამდვილეში, იპოთეკა შეინიღბა.
იურისტ დავით კლდიაშვილის თქმით, სახელმწიფომ მეტ-ნაკლებად ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ 2019 წლის შემდეგ მხოლოდ გადახდისუნარიან პირებზე გაიცეს სესხი. მისი თქმით, ასევე, დარეგულირდა სესხის პირობები, როგორიცაა პროცენტი, პირგასამტეხლო და ა.შ., თუმცა არის შემთხვევები, როცა პირები რეგულაციის გვერდის ავლით იღებენ სესხებს და თან - კაბალური პირობებით.
“2019 წლის მერე აღებულ სესხებზე ნეგატიური სცენარი შეიძლება ორგვარად განვითარდეს: პირველი - სესხის აღების მომენტში პირს შეეძლო გადახდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ იხდიდა მის ქონებას საფრთხე ემუქრება. მეორე - პირმა რეგულაციების გვერდის ავლის გზით გააფორმა კაბალური ხელშეკრულება და თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო. ამის მოგვარების ორი გზა არსებობს: “მდე’’ და “შემდეგ”. “მდე” ნიშნავს, რომ სახელმწიფო პირს არ აძლევს შესაძლებლობას, იპოთეკით დატვირთოს ბინა, თუ მეორე ბინა არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ შენს ერთადერთ ბინას იპოთეკური სესხით ვერასდროს შეიძენ. რაც შეეხება “შემდეგ”-ს - ეს მიემართება სიტუაციას, როცა პირმა ვერ შეძლო სესხის გადახდა და დაკარგა ბინა. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო? ან თავად უნდა უყიდოს ახალი ბინა დაზარალებულს, ან კრედიტორი დააკმაყოფილოს. სახელმწიფოს თავისი ფული არ აქვს, ეს ჩვენი, მოქალაქეების ფულია, ამიტომ კითხვა დავსვათ ასე: ჩვენ, ჩვენს თანამოქალაქეს უნდა ვუყიდოთ ახალი ბინა, ან უნდა გადავუხადოთ სესხი? კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს ლოგიკა მაშინ არის მხოლოდ ლეგიტიმური, როცა სახელმწიფოს ზომები მიღებული აქვს, რომ წინასწარვე განწირულ გარიგებაში არ შევიდეს მსესხებელი და ჩვენს შემთხვევაში ზომები გვაქვს”, - ამბობს კლდიაშვილი.
შოთა სალაყაიას საქმე
გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის მსხვერპლი გახდა სალაყაიების ოჯახი.
2019 წელს შოთა სალაყაიას მეგობარმა, რომლის შვილიც ონკოპაციენტი იყო, დახმარება სთხოვა. მეგობარს სესხი თავად უკვე ჰქონდა აღებული, ამიტომ შოთა სალაყაიას მოუხდა სესხი კერძო მსესხებლისგან მის ნაცვლად აეღო. სალაყაიას რძალი, სოფიკო წითლიძე გვიამბობს, რომ მეგობარმა მის მამამთილს მევახშე თვითონვე მიუყვანა.
„75 წლის შოთა სალაყაიამ კერძო მევახშესთან 2019 წელს აიღო 7 ათასი დოლარი სესხი, ექვსი თვის ვადით. სანაცვლოდ კი ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გარანტად საკუთარი ბინა ჩადო. ხელშეკრულებაში რეალურად ჩაიწერა 8 ათასი დოლარი, თუმცა ხელზე მისცეს 7 ათასი. აქედან შუამავალმა წაიღო 1000, წინასწარ დაატოვებინეს ორი თვის გადასახადი, ნოტარიუსის ხარჯებიც თვითონ გადაიხადა და ხელზე, საბოლოოდ, 4000 დოლარი დარჩა, რაც გადასცა კიდეც მეგობარს. მეგობარმა თანხის გადახდა ვერ მოახერხა. მევახშეები კი პროცენტების გადახდას ჩემს მამამთილს სთხოვდნენ. ექვსი თვე რომ ამოიწურა, თვითონვე უთხრეს, არ ინერვიულო, ჩანაცვლებას გაგიკეთებთო. ჩანაცვლება კი, თურმე, ნიშნავს, ახალი თანხის სესხად აღებას. მოუყვანეს სხვა მევახშე, ვითომ იმან გადაუფარა ეს 8000 დოლარი, მაგრამ უკვე ახალ ხელშეკრულებაში ვალი 12 ათასი დოლარად იქცა. 8 ათასი ძველი ხელშეკრულების თანხა იყო, სამი ათასი კი გაქვითეს წინსწრებით პროცენტებში, ნოტარიუსის ხარჯებში და ახალი შუამავლის გადასახადში. აქ უკვე სამთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. როგორ გადაიხდიდა პენსიონერი ამ თანხას სამ თვეში, როდესაც ექვს თვეში რვა ათასი ვერ დაფარა?!“ - ამბობს წითლიძე.
თანხის გამსესხებლები სალაყაიას ჩანაცვლებას ყოველ სამ თვეში ერთხელ უკეთებდნენ. ხუთჯერ ჩანაცვლების შემდეგ კი, საბოლოო დავალიანებამ 28 ათას დოლარს მიაღწია. ყოველთვიურად პროცენტის სახით სალაყაიას ჯერ 350 დოლარს, რამდენიმე ჩანაცვლების შემდეგ კი 750 დოლარს ახდევინებდნენ. წითლიძე ამბობს,
რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაგვიანებული ერთი საათის გამო 200 დოლარი დაამატებინეს.
ოჯახმა ამ ამბის შესახებ წელიწადნახევრის შემდეგ გაიგო. 2020 წლის 26 ივლისს შოთა სალაყაია სასტუმრო ოთახში ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ტელეფონმა დაურეკა და მან ბოლო ხმაზე იყვირა: „რას მერჩით, ხომ გადაგიხადეთ და კიდევ რატომ მთხოვთ ამდენ პროცენტს? მომკალით კაცი“. წითლიძე იხსენებს, რომ ეს სიტყვები სამზარეულოში გაიგო. სასტუმრო ოთახში შესულებს კი სალაყაია უკვე ძირს უგონოდ დაცემული დახვდათ. ის იშემიური ინსულტის დიაგნოზით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ამბიდან ოთხ თვეში 13 ნოემბერს კი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მოასწრო ოჯახის წევრებისთვის პრობლემის შესახებ მოეყოლა.
სესხის სანაცვლოდ სალაყაიამ დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი ჩადო. სახლის საცხოვრებელი ფართი 260 კვადრატია. ამ შენობაში სალაყაიების შვიდსულიანი ოჯახი ახლაც ცხოვრობს. სოფიკო წითლიძის თქმით, მისი მამამთილი და ოჯახი მევახშეების ქსელის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ე.წ. გამსესხებლების საბოლოო მიზანი უძრავი ქონების ხელში ჩაგდებაა და ამ პროცესებს მისი ოჯახის შემთხვევაში შუამავალი გიორგი სამხარაძე მართავდა. წითლიძე იხსენებს, რომ მათი ბინის შეძენით ინვესტორი იყო დაინტერესებული, რომელიც მათ უბანში მშენებლობას გეგმავდა. ინვესტორმა სალაყაიებს 28 ათასი დოლარის სრულად დაფარვა შესთავაზა, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ე.წ. მევახშეებთანაც. რომლებმაც ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ ჯერ 50 ათასი, შემდეგ 70 ათასი დოლარი მოითხოვეს. ინვესტორი მზად იყო ამ თანხის გადასახდელად, თუმცა საბოლოოდ მსესხებლებმა უარი განაცხადეს თანხის აღებაზე და ბინის მფლობელი ერთერთი იპოთეკარი მარინა ჯანიაშვილი გახდა, რომელსაც წითლიძე ასევე სამხარაძეს უკავშირებს.
გიორგი სამხარაძემ “ინდიგოსთან” სატელეფონო საუბარში ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის სალაყაიების ბინის დაკარგვაში.
“მხარე არ ვარ საერთოდ ამ საქმეში. ჩვენი საშუამავლო ფირმაა, რომელმაც მხარეები დააკავშირა. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ეს თანხები არის ჩემი და მე ვდგავარ ყველაფრის უკან, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. მე მისი მამამთილი საერთოდ ნანახიც კი არ მყავს, არამც თუ მისაუბრია მასთან. საერთოდ ნანახიც კი არ მყავს ადამიანი, თავად და მისი ქმარი იყვნენ სანოტარო ბიუროში და წარმოადგენდნენ მამამთილს”, - ამბობს სამხარაძე.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მათ შორის ადვოკატებთან, რომლებმაც სალაყაიებს პროცესის ჩანიშვნის შესახებ არ აცნობეს, მათ საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგეს. თუმცა მოპასუხემ - ბინის ბოლო მესაკუთრემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. სალაყაიებს იმედი აქვთ, რომ ბინის დაბრუნებას მოახერხებენ. სოფიკო წითლიძემ საუბრის დასასრულს თქვა, რომ არც ერთი პროცენტით არ უშვებს საქმის წაგების შესაძლებლობას.
უსახლკარობა
სალაყაიების მსგავსად პრობლემა კიდევ ბევრ მოქალაქეს შეექმნა. ზოგი მათგანი დანებდა და დათმო ბინა, ზოგი სასამართლოში იბრძვის, ზოგი მორიგებას ცდილობს, ზოგი კი უკვე გამოსახლებას ელის და საპროტესტო აქციებს მიმართავს საკუთარი უკანასკნელი საცხოვრისის დასაცავად.
ნანო ცხადაია ამბობს, რომ მხოლოდ მათ ასოციაციას ე.წ. კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობით დაზარალებულების 950 მიმდინარე საქმე აქვს.
როგორ მართავს და როგორ უნდა მართავდეს სახელმწიფო პროცესებს, რომ საქმე გამოსახლებამდე არ მივიდეს, ან როგორ უნდა მოხდეს გამოსახლება, რომ ადამიანის უფლებები არ შეილახოს, ან რა უნდა მოხდეს გამოსახლების შემდეგ? სახელმწიფო ამ პრობლემას მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად განიხილავს და არ იღებს ვალდებულებას იმ მოქალაქეზე, ვინც გამოსახლების საფრთხის წინაშე თავისი შეცდომის, თუ დაუკვირვებლობის, დაუდევრობის გამო დადგა.
ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთრების უფლება, თუმცა მეორე მხრივ, უნდა დაიცვას მოქალაქე უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვისა და ქუჩაში დარჩენისგან.
კანონმდებლობა სწორედ ასე უნივერსალურად უნდა ხედავდეს საკითხს და ამ პროცესების მართვის ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეს, რაც, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის, მარიამ ჯანიაშვილის თქმით, ჩვენ არ გვაქვს: არ არსებობს გამოსახლების და უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, რომ ადამიანები გამოსახლების საფრთხის წინაშე არ დადგნენ.
“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ადამიანის გამოსახლებას იწვევს, არის მტაცებლური ფულად-საკრედიტო სისტემა. ამ სისტემის ნაწილია სწორედ ე.წ. მევახშეობა. ფულად-საკრედიტო სისტემაში, წესით, უნდა არსებობდეს ზოგადი კეთილდღეობის სისტემები, რომ ადამიანები დაზღვეული იყვნენ ცხოვრებაში მომხდარი კრიზისებისგან. არსებობს მეორე და მესამე დონის პრევენცია. როდესაც სისტემა ხედავს, რომ ადამიანი ვერ იხდის კრედიტს ან ბანკთან, ან სუბიექტთან, სახელმწიფო უწყება მას უნდა დაეხმაროს. იგივე კონსულტაციით დახმარებიდან დაწყებული, სესხის რესტრუქტურიზაციით, ადგილობრივი სხვა უწყებების ჩართულობით, ფინანსური დახმარებით, გადავადებით. თუ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მაინც მიდგა საქმე გამოსახლებაზე, ეს უნდა მოხდეს ღირსეულად”, - ამბობს ჯანიაშვილი.
გამოსახლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა. ზოგან მორატორიუმია გამოსახლებაზე ზამთრის პერიოდში, ცუდ ამინდში, შუაღამისას. ასევე - ზოგ ქვეყანაში ითვალისწინებენ ოჯახში ორსულის, ბავშვის, შშმ პირის ყოფნას.
ჯანიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ასეთი გაწერილი სტანდარტები არ გვაქვს, ერთადერთი, რაც იზღუდება, გამოსახლების პროცესში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაა, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
ჩვენთან ძალიან ხშირად გამოსახლებების შემდეგ, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც სოციალურ ქსელში თავად მოქალაქეები ავრცელებენ, ვხედავთ სასტიკ მეთოდებს, რომელთაც სამართალდამცავები მიმართავენ გამოსახლებისას. თუმცა იყო ერთეული შემთხვევებიც, როდესაც გამოსახლება გადაიდო იმის გამო, რომ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ.
არ გვაქვს ერთიანი სტანდარტი არც იმის შესახებ, თუ სად მიდის ადამიანი გამოსახლების შემდეგ. საქართველოში გამოსახლების შემდეგ პროცესებს ძირითადად მუნიციპალიტეტები მართავენ. ჯანიაშვილის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტს განსხვავებული კრიტერიუმები აქვს, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს უსახლკაროდ. თუმცა არც უსახლკაროს სტატუსის მიღება არის გამოსავალი, რადგან მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ვალდებულება, ყველა უსახლკაროს დაბინავება უზრუნველყონ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მსხვილი მუნიციპალიტეტები სოციალურ საცხოვრისში აძლევენ ადამიანს თავშესაფარს, ან ქირას უხდიან. მაგრამ ეს არ ხდება ყოველთვის და ყველა შემთხვევაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალურ საცხოვრისებში ძალიან რთული საცხოვრებელი პირობებია.
მარიამ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს გამოსახლებებზე მინიმუმ იმ დრომდე, სანამ არ შეიქმნება ერთიანი საკანონმდებლო და სტრატეგიული სისტემა გამოსახლებებისა და უსახლკარობის პრობლემების სამართავად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადრე სახელმწიფოს ჰქონდა დღის წესრიგში საცხოვრისის პოლიტიკის შექმნა. ეს საკითხი იყო OGP-ის - ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, ასევე ადამიანის უფლებათა ძველ სტრატეგიაში. თუმცა 2023 წლის მარტში მიღებულ ადამიანის უფლებათა სტრატეგიდან ჩანაწერი საცხოვრისის პოლიტიკის შექმნის შესახებ საერთოდ ამოღებულია.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ ამჟამად ერთადერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობენ, რაც გულისხმობს აღსრულების მექანიზმისთვის სასამართლოს გარეშე მიმართვას.
“იქმნება ასეთი ტიპის სერვისი: როდესაც ქირავნობას, ან ღია იჯარის ხელშეკრულებას დადებთ ვინმესთან და დოკუმენტს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებთ, ამ დროს ჩვენ დამატებით შემოგთავაზებთ, იქვე ორივე მხარემ მონიშნოთ თანხმობის პუნქტი, რომ თანახმანი ხართ, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე გადასცეთ უფლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების დასაწყებად. ამას აღსრულების ფურცელი ჰქვია. დღემდე ასე იყო - ეს ფურცელი სასამრთლოში უნდა აგეღოთ და კარგ შემთხვევაში ერთი წელი დაგჭირდებოდათ ”, - ამბობს პაატა შამუგია, აღსრულების ეროვნული ბიუროს პიარის სამსახურის თანამშრომელი.
ეს დადებითი ცვლილებაა ბინის იმ გამქირავებლებისათვის, რომლებსაც პრობლემები შეუქმნა სწორედ სასამართლოში გაწელილმა საქმეებმა: 2015 წელს მიღებული კანონმდებლობით ხომ აუცილებელი გახდა გამოსახლებამდე პროცესში სასამართლოს ჩართვა და ამ ბერკეტის დამატების გამო ურჩი გადამხდელი მოქირავნეებისგან ბინების დაბრუნების პროცესი ძალიან იწელებოდა. შესაბამისად, თუკი, აღსრულების ფურცლის აღება გამარტივდება მხარეთა წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ეს ზედმეტი პრობლემებისგან გარკვეულწილად დაიცავს ბინის გამქირავებელ მოსახლეობას. სამაგიეროდ, კვლავაც დასაზუსტებელი და გასამართია კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც უსახლკარობის რისკებთან, გამოსახლების მეთოდების სიმკაცრესთან უშუალო კავშირშია.
ქავერის ფოტო: ნანუკა მეგრელიშვილი
ფოტოები: ოთო კირაკოზაშვილი