ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გამოსვლა-22 | მეორე ნაწილი



ნაწილი მეორე - თბილისი. მარტი, 2022

ტექსტი: ლინორ გორალიკი

რუსულიდან თარგმნა თორნიკე ჭუმბურიძემ


###

სილამაზის სალონის ვიტრინებში გამოფენილი  ყველა საღებავი ყვითლის და ლურჯის ტონებშია. ყველგან ლურჯ-ყვითელი დროშებია, ზოგიერთი შენობა ლურჯ-ყვითლადაა განათებული, N-ის ორივე ქმარს - ყოფილს და ამჟამინდელს - ერთნაირი ლურჯ-ყვითელი ლენტა აქვს პიჯაკზე.

###

„მე მაქვს ერთი გაიდლაინი - მპასუხობს N., რომელიც შვიდი წელია თბილისში ცხოვრობს, ჩემს თხოვნაზე მპასუხობს - გამოგიგზავნიდით, მაგრამ მისი ტონი მეხამუშება”. „ეგ არაფერი - ნაჩქარევად ვამბობ მე - შუშის არ ვარ, არ დავიმსხვრევი”. “აა, არა - ამბობს N- იმას ვგულისხმობ, რომ უფრო მძაფრი უნდა ყოფილიყო”.

###

N ამბობს: „მამა თვლის, რომ კატაკლიზმების დროს წასვლა არ შეიძლება, ქვეყანას უნდა მოეჭიდო. მაგრამ ქვეყანა ხომ აღარ არის. სულ ფიქრობ, რომ სამშობლოში დარჩები, თუ მას გაუჭირდება, მაგრამ მერე ხვდები რომ მთელი სამშობლო მინდვრის ყვავილები და შენი მეგობრებია”.

###

რუსეთის აქაურ საელჩოსთან (უფრო ზუსტად, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განლაგებული) კიდევ ერთი აქციის დღეს N უღიმღამოდ მეუბნება, რომ მიტინგზე არ მიდის, არც წინაზეც ყოფილა, არც შემდეგზე წავა და საერთოდაც, პიტერშიც[1] კი არ ჰქონდა ჩვევად მიტინგებზე სიარული. „იმიტომ, რომ საერთოდ არ არის განცდა, რომ რამე გააკეთე - ამბობს ის -  წახვედი და რა. იდექი და რა. აი, მე კიდევ, ბალოტნაიაზე მიტინგის[2] დღეს მთელი სადარბაზო ხელით მოვრეცხე.“

###

N, მხატვარი, ჩემთან სასტუმროში ზის და ამბობს, რომ დაბნეულობისგან სპორტული შარვალი, ერთი პიჯაკი და ერთიც კოფთა წამოიყო - და ყველა ფუნჯი დარჩა. „მე კიდევ 23 კილოგრამი ნივთები შევაგროვე - გულგრილად პასუხობს მეგობარი. - საუკეთესოები, ყველაზე ხარისხიანები, სათითაოდ ამოვარჩიე”.

###

მიტინგი ნავალნის[3] მხარდასაჭერად. ძალიან ცივა. სკანდირებენ „პუტინი ჰააგაში”. ვიღაც ყვირის: „მოიტანეთ გრილი. ცივა, ძალა აღარ მაქვს”. ერთი წამით ყველა ეშვება და იცინის. უკანა რიგებში ერთი ახალგაზრდა კაცი ეკითხება მეორეს: „იქნებ დივანი მაინც გქონდეს ჩემთვის?” – „შენ რა, დამცინი?” – „ჯანდაბა, სად უნდა ვიცხოვრო?”.

###

ვზივარ შესანიშნავ ხალხთან ერთად, ორგანიზაციიდან Помогаем уезжать - პროექტის, რომელიც ეხმარება უკრაინელებს საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსვლაში. პროექტის მონაწილე უეცრად ამბობს: „ორი თვის წინ ვისხედით რა, მოსკოვში, კაფეში და ვმსჯელობდით: მაინც ვინ ვართ? ოი, რა რთულია... ეჰ, სრულიად გაუგებარია”. ახლა კი ყველა კითხვა გაქრა, მეცინება, რომ მახსენდება”.

###

ჰყვებიან N-ზე, ეკო აქტივისტზე, რომელიც კრიპტოვალუტის მტკიცე მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს საკითხი შეისწავლა, რათა უკრაინაში ბიტკოინები გადაგზავნოს.

###

ჩატებში გამოჩნდა პირველი შეკითხვები იმის თაობაზე, სად ჩააბარონ ოქრო და სად არის კარგი ლომბარდები. გული მეწურება.

###

N ფიქრობდა, რომ თბილისში ნახევარი შვებულების გასატარებლად ჩამოფრინდა, მეორე ნახევარში კი ბებიასთან, მიკოლაივის[4] მახლობლად წავიდოდა.

###

“მეტი გაიდლაინია საჭირო - ამბობს N (4 წელი თბილისში) - თორემ ჩამოვლენ აქ, ქუჩაში გამოთვრებიან და ყვირილს დაიწყებენ”.

###

ჩატში წერენ : “სხვათაშორის, ხალხო! ფრაზაზე, რომელსაც  ადეკვატური რუსი ლტოლვილების წინააღმდეგ იყენებენ - რომ წადით, ხუილოს[5] ებრძოლეთ რუსეთში - ასე შეგვიძლია ვუპასუხოთ: თქვენ, საქართველოში 4 მილიონი ხართ და იარაღი გაქვთ.  ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის რატომ არ იბრძვით? ჩვენ კიდევ, ადეკვატურები, მხოლოდ 500 000 მთელ რუსეთში და უიარაღოები! ჩვენ როგორ ვიბრძოლოთ?...”.

###

ორი წლის წინ წამოსული აქტივისტი N ამბობს, რომ რევოლუციის პერსპექტივას ჯერ კიდევ 2017 წელს ხედავდა „და პირადი ინტერესი მქონდა ამ ამბავში: მე პროდიუსერი ვარ. ტიპებს 80 ათასი რუბლი მოაქვთ და მეუბნებიან: „ჩვენ ფეხსაცმლის დამცავ საშუალებას ვამზადებთ. გაგვიკეთეთ პროექტი”. იმისთვის არ მიცხოვრია, რომ ასეთ ფულზე ვიმუშავო. აი, რევოლუცია თუ მოხდებოდა, შეკვეთებიც წამოვიდოდა ლიწინით”.

###

„ვცხოვრობდი რა რეგიონში - ამბობს წამოსული აქტივისტი N -, დავიწყე ფედერალური პოლიტიკური მოძრაობის აწყობა. უცებ ვხედავ - ყველაზე უფროსი მე ვარ. ფედერალური პოლიტიკური მოძრაობაა, მე 25 წლის ვარ და ყველაზე უფროსი. არ შეიძლება, მე ყველაზე უფროსი ვიყო”.

###

ქართველმა ქველმოქმედმა N რუსეთიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა, როგორც გადამღები ჯგუფი იმ საბაბით, რომ ისინი მასზე ფილმს გადაიღებდნენ.

###

დისკურსი: აიტიშნიკები ფუძნდებიან. მთელ სახლებს ქირაობდნენ, მკვიდრდებიან იქ, კარგი ინტერნეტი გაჰყავთ, საბავშვო ბაღებს იწყობენ - „აიყვანენ - აღშფოთებული ამბობს ჩემი თანამოსაუბრე - აღმზრდელებს, ძიძებს, შვილები მაძღარი ჰყავთ, ყურადღება არ აკლიათ, ვითარდებიან, და ამათაც მარტო ეგ სჭირდებათ: სხედან თავისთვის, საქმეს მიერეკებიან”. თანამოსაუბრე აღშფოთებულია: თვლის, რომ ყველა როგორღაც (ოღონდ არ იცის, როგორ) ერთნაირად უნდა იყოს.

###

თოვლი ძალიან მეხმარება, მახსოვდეს, რომ, ეს დედანატირები, შვებულებაში არ ვარ აქ, - ამბობს N.

###

N, Дождь-ის ჟურნალისტი, განმარტავს, რომ თუ ქართველები ზურგში შეაფურთხებენ, არ აქვს უფლება, გაბრაზდეს: “მათ ახსოვს თოთხმეტი წლის წინანდელი ამბები. მათ აქ არ მოვუწვევივარ და სახეზე არ მაწერია, რომ პუტინს არ ვემხრობი”.

###

N-ის ათი წლის შვილს კითხეს, ესმის თუ არა, რატომ ტოვებს ქვეყანას მისი ოჯახი. „კი, მესმის: ახლა ჩუმად უნდა ვიყო, და თუ ვიტყვი ყველაფერს, რასაც ამაზე ვფიქრობ, ყველა გამლახავს”.

###

N-მა ტაქსიში ტელეფონზე რუსულად დაიწყო საუბარი ომის პირველ დღეებში - მძღოლმა გამოლანძღა და ჩამოსვა. ჩემს სხვა მეგობარს, თითქმის ზუსტად საპირისპირო ისტორია აქვს: ქართველმა მძღოლმა გაიგო, როგორ უწოდა სატელეფონო საუბარში პუტინს ჰიტლერი, წაიყვანა უფასოდ.

###

ერთ საღამოს ყველა ჩატში ერთიანად გამოჩდნენ ტროლები, ჩემი აზრით - პრიგოჟინისები[6]. „რაო, რუსო პიდარასტებო, ქართულის სწავლას დაიწყებთ თუ სახლში წამოხვალთ?”. ისეთი უცნაური დიქოტომიაა, რომ დიდად არავინ აღელვებულა.

###

კლუბში ბასიანი შაბათიდან არტყამენ შტამპებს “Russia is an occupier[7]”, შუაში უკრაინული სამკაპით.

„ორ კვირას ასე ატარებ: თვითმფრინავი, თბილისი, მეგობრები, ხინკალი, საფერავი...- - ამბობს N -  და მერე ეს ორი კვირა, რომელსაც არაცნობიერად შვებულებასთან აკავშირებ, უეცრად მთავრდება და ტვინი გეუბნება: რაო, სახლში? მაგრამ სახლში - ვერასდროს და ვერსად.

###

მე და N მალევე ვთანხმდებით, რომ ორივენი დიდხანს და ძრწოლით ვფიქრობთ იმაზე,  რით იცხოვრებენ ჩამოსულები. „უკვე ისე რა მიდის საქმე - ამბობს N - მაგრამ ახლა  მიღებულია, რომ ეს დაფარო. მე და დედა სტუმრებს ვაჭმევთ. რამდენიმე უკვე მხოლოდ ჩვენთან ჭამს, მაგრამ ჯერჯერობით ისე გვაჩვენებენ თავს, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

###

„აქ ერთი ბარია, - ამბობს N - ძალიან კარგი მოსკოველი ქართველი ბიჭი აკეთებს: პრეობრაჟენკაზე[8] გაიზარდა,  ძაან დასტოინი მოსკოვური სკოლა დაამთავრა. ჰოდა მაგ ბარში შანსი არაა გაიგო, რომ რუსები ღორები არიან”.  ამ ამბავს მეგობარს ვუყვები. „- კი მაგრამ, სად აქვს N-ს შანსი გაიგოს, რომ რუსები ღორები არიან?”- წამოენთება ის. „მაგას ეშინია, რომ ყველგან“ - სევდიანად ამბობს მისი ცოლი.

###

N-ს და მის ქმარს და ოთხი სხვადასხვა ბინის მეპატრონემ უთხრა უარი - ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ რუსული პასპორტი არ დაინახეს.

###

“ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში - ამბობს N -  რაც მეტი დრო გადის, მით უფრო საშიშია”.

###

N-მა დედა წამოიყვანა და დედა, N-ის თქმით, „გატყდა”. ყოველთვის ძალიან აქტიური, დამოუკიდებელი და საქმიანი, ახლა საერთოდ დაკარგულია:  არ იცის, როგორ დაჯავშნოს ნომერი, ვერ ხვდება, რითი დაკავდეს საღამოს, ყველაფერს შვილებს ეკითხება, თუ მარტო ტოვებ - კედელს უყურებს.

###

N განრისხებულია იმით, რომ „რუსული ლიბერალიზმის 30 000-მა საუცხოო გონებამ”, რომლებიც, მისი გათვლებით, თბილისში არიან, ჯერ კიდევ არ ისწავლა და არც აპირებს ან სურს ისწავლოს თუნდაც ათი სიტყვა ქართულად. „და ეს იმ დროს - ამბობს N - თითოეული ქართულად ნათქვამი სიტყვა (მაგალითად აფთიაქარისთვის) შენდამი დამოკიდებულებას 200 ქულით აუმჯობესებს. ამბობს: „ქალაქის მთავარ მოედანზე კიდია აბრა ათი სიტყვით ქართულ ენაზე, - გთხოვთ, ძვირფასო ჩამოსულებო. გაეცანით, ისწავლეთ - თუნდაც ვინმემ წაიკითხა?”. თვითონ N-მა არამხოლოდ ანბანი შეისწავლა და ქართულის გაკვეთილებს ესწრება, არამედ ქუჩაშიც აჩერებს ხალხს და სთხოვს გადაუთარგმნონ რეკლამები („ისინი იყენებენ ყველაზე მარტივ და გამოყენებად სიტყვებს - „სიყვარული” ან „ოჯახი”, „თავისუფლება”), აბრები, გრაფიტი. ამბობს, რომ ერთი ასჯერ ქნა ეს - „ერთხელაც არ უთქვამთ უარი. - ოღონდ ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქეს, როცა ვუთხარი რომ მოსკოვიდან ვარ”.

###

„როგორ ვთქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, - ტკივილით ამბობს N - როცა ჩემი ბინაა იქ, დედა და სამშობლო.”

###

მაღაზიის სალაროსთან გამყიდველმა N-ს უთხრა „რუსული” [sic], შეტრიალდა  და წავიდა. N ატირდა და მიაძახა “Fuck you! I hate Putin”. გამყიდველი დაბრუნდა.

###

დისკურსი: საჭიროა შევქმნათ რაღაც რუსეთი მის ფარგლებს გარეთ (ვირტუალური? მეკობრული? ეგზისტენციალური? ესენციალური? კომუნიკაციური?). გაუგებარია, როგორ, და, გაუგებარია, რა, მაგრამ ისეც ხომ ვერ იქნება, რომ ჩვენ აქ ვიყოთ და რუსეთი არ იყოს?

###

საუბარი სირცხვილზე და იმაზე, რომ საშინლად რთულია იმის ფორმულირება, ასე რისი გვრცხვენია. „უდარდელი ყლეპროჭაობის წლების” - ამბობს N.

###

N მოხალისეთა ცენტრში მუშაობს. 8 მარტს ჩამოვიდა, სპეციალურად ამისთვის: „ჩვენთან უკრაინის დახმარებისთვის 15 დღეს იძლევიან, აქ კი ეს სამსახურია”. წამოიყვანა ბებია. „მე და ბებია ყველაზე ნორმალურები ვართ, - ის 80 წლისაა, აი ჩემი 34 წლის ძმა კი ომსკიდან უგზავნის ვიდეოებს, სადაც ვიღაც ფსევდომეცნიერი განმარტავს, რომ ყველა უკრაინელი გენეტიკურად მიდრეკილია ფსიქიატრიული დაავადებებისკენ”. N ბევრს სვამდა და ომამდე ოთხი თვით ადრე თვითონ წავიდა ფსიქიატრთან და თერაპევტთან. იმიტომ, რომ, მისივე თქმით, „უკვე სხვებს ვუშლიდი ხელს ცხოვრებაში” და, საერთოდაც, ძალიან ცუდად იყო. ახლა დილის რვიდან საღამოს ცხრამდე მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში და ამბობს, რომ მეტი არაფერი სჭირდება - არც თერაპია, არც ტაბლეტები, არც ალკოჰოლი. ცდილობს რაც შეიძლება მეტი ახლადჩამოსული ჩაითრიოს ცენტრში, „რადგანაც სხვა შემთხვევაში რაღაც ჯგუფებში იფანტებიან და იქ ერთმანეთს აშინებენ მცდარი ინფორმაციით, რომ ქართველებს ვძულვართ. არადა ქართველებს უნდა ველაპარაკოთ და ყველაფერი ავუსხნათ - რომ ჩვენ ასეთები არ ვართ, პუტინი არ ვართ. მე ყველას დიდხანს ველაპარაკები. მერე შეიძლება მორიგება“.

###

მე და N შევდივართ კაფეში, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. პირდაპირ კარებთან, მოხუცებული ქალი პიანინოს უზის და გაურკვევლად უკრავს. ჩვენკენ ტრიალდება, მშვენიერი ნელი ღიმილით. „საიდან ხართ, ახალგაზრდებო” - გვეკითხება მძიმე ქართული აქცენტით. „მე აქაური ვარ” - ამბობს N - დიდი ხანია აქ ვცხოვრობ”. „მე კიდევ ისრაელიდან ვარ”, - ფრთხილად ვამბობ. „ეს შესანიშნავია!” - ამბობს ქალბატონი, - „ახლა ისრაელის ჰიმნს შეგისრულებთ”. უკრავს, ჩვენ ფულს ვდებთ ჭიქაში.

###

ბანკში ანგარიშის გახსნისას,  N-ს და მის ცოლს, ცნობილ აქტივისტებს, მენეჯერი უეცრად ეკითხება, რა დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. „ძალიან ცუდი - ამბობენ ისინი - ოპოზიციაში ვართ”. „შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენ წინააღმდეგ აღძრული საქმეები?” - ეკითხება მენეჯერი. დაბნეული N და მისი ცოლი უხსნიან, რომ გაუმართლათ, საკმარისად სწრაფად დარბიან. „ეს ცუდია” - უკმაყოფილოდ ამბობს მენეჯერი. ანგარიშს მაინც ხსნის.

###

მოსკოვში N მხოლოდ იმიტომ არ აიყვანეს, რომ მისკენ წამოსულ ორ პოლიციელს ჰკითხა: „ბიჭებო, სად არის აქ ბანკომატი?”. იმათ, დაბნეულობისგან, მიუთითეს ბანკისკენ. N წავიდა იქეთ, გული ხელში ეჭირა. სამი დღის შემდეგ წამოვიდა.

###

თანაკლასელები, ჩერქესიიდან, N-ს სწერენ: „როდის მოგვივა ბოლო-ბოლო გაწვევები? უკრებს უნდა დავუშვათ!”. „და ამ დროს ერთ ჩვენს პიტერელ [ნაცნობს] მართლა მოუვიდა გაწვევა 27 თებერვალს, - ამბობს N - ჰოდა ზის აქ, ბინას ქირაობს, ორი სადარბაზოს იქით”.

###

ჩატში წერენ რომ „ჩატი ძალიან გამოსადეგია. ჩემს ფულს და ტვინს ახლა ნამდვილად აღარ გადმოვიტან საქართველოში”.

###

N აღწერს იმ რთულ განცდას, რომელიც აქაურ საპროტესტო აქციებზე ეუფლება: უკურეაქცია არ არის.პირდაპირ სხეულით განვიცდი, - ამბობს, - ხელჩართული ბრძოლა რომ შედგეს, მოწინააღმდეგეს მხრით უნდა მიაწვე და უბრახუნო. აქ კი ვერაფერს და ვერავის მიაწვები და დუნდები. დიახ, როგორც ცუდ სიზმარში.

###

28 თებერვალს N-ს და მის ოჯახს შეეძლოთ აეღოთ ბილეთები 96 000 რუბლად. ვერ გადაწყვიტეს, მოდიოდნენ თუ არა. 29-ში, დილის 9 საათზე აიღეს 332 000-ად.[9]

###

N-ის ქალიშვილს, 11 წლისას, არ უნდოდა რუსეთში სამი რამის დატოვება: თავისი ოთახის, ლეგოს და მამის.

###

N-ს ორ ბინაზე უარი ტელეფონითვე უთხრეს. მესამეს ფასმა რუსული პასპორტის დანახვისას 500-იდან 800-მდე აიწია და N წამოვიდა. საღამოს დაქალმა დაურეკა: შესანიშნავი ბინაა. ჩვენ ვუთხარით, რომ თქვენ რუსები კი ხართ, მაგრამ ხართ კიევიდან ლტოლვილები. უბრალოდ დაუდასტურე და ეგაა. N მთელი ღამე ეწამა: ასეთი ადამიანი ვარ? ვერ შეძლო.

###

ჩატში კითხვაა: „როგორ ფიქრობთ, რამდენად გიჟური აზრია თბილისში დამოუკიდებელი რუსული  წიგნის მაღაზიის გახსნა?”

###

N ღვარძლით ამბობს, რომ რუსულად საუბარი სასირცხვილო აღარ არის, თუ ასე იზამ: «Здравствуйте!»[10] - ს ნაცვლად: «Хуй войне!»[11],   «До свидания!»[12] -ს ნაცვლად -  «Слава Украине!», და შუაში თქვი, რაც გინდა.

###

N-ს ცოლი გაოცებულია, რომ, ომის ფონზე, კოვიდი თითქოს ყველამ დაივიწყა. „არადა ამ დროს კოვიდისგან რამდენი დაიღუპა, იცი? 18 მილიონი ადამიანი” - ამბობს N. „ეგ იმიტომ რომ კოვიდი შოუა” - ამბობს ცოლი - „ომი კი - ტრაგედია”.

###

„ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ადრე მივიდნენ და სხვებს ცხვირწინ ამოუყიდეს ყველაფერი - მწარედ ამბობს N - წამლები, დოლარები, ყველაფერი”.

###

ჩემოდნის ჩალაგებისას, N-ის, სამეცნიერო ჟურნალისტის, ნივთებს ენიჭებოდათ „კონცენტრაციის ინდექსი” - ის დამოკიდებული იყო თანაფარდობაზე წონას, მოცულობას და საფასურს შორის. „რათა შემდგომში, როცა არც სამსახური იქნებოდა, არც ფული, საერთოდ არაფერი - ამ ნივთებით კარგად მეცხოვრა” - ამბობს N.

###

N ამბობს, რომ იმაზე ბორგვისას, წამოსულიყო თუ არა, მთელი სანათესაო შეკრიბა თავისთან სახლში და გამოიყენა, თავისივე სიტყვებით, „კოგნიტური ყავარჯენის მეთოდი”: შესთავაზაწამოსულიყვნენ ორი კვირით, და თუ აღმოჩნდებოდა, რომ უკან წასვლა უსაფრთხოა - დაბრუნებულიყვნენ. ამან გაამართლა - წამოვიდნენ. N-მა იცოდა, რომ ეს თავის მოტყუება იყო, მაგრამ მეთოდი უაღრესად ეფექტური გამოდგა, პირველ რიგში - თავად მისთვის. „ეს იმიტომ - ამბობს N - რომ არ არსებობს უფრო საშინელი რამ, ვიდრე ეს აცდენაა: ყველაფერი გესმის, მაგრამ ფეხებს განძრევა არ სურთ”.

###

N ყვება, რომ ომის პირველ დღეებში მუსიკისგან სიამოვნებას იღებდა როგორც აუდიოფილი, მაგრამ არა როგორც მელომანი - ანუ სიამოვნებდა მხოლოდ ტემბრი და ხმოვანება, მაგრამ შინაარსი და აზრი მიღმა რჩებოდა. „ასეც უნდა იყოს გლოვის დღეებში”.

###

„დედისტყვნის თვალსაზრისით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს” - ამბობს N.

###

““არგს გეტყვით ახლა - ამბობს აქტივისტი N - მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს მემარჯვენე ტიპები მაგრად მოჯდებიან. იდეების კრიზისი დაეწყებათ და ყველა ამომრჩეველს დაკარგავენ, და დაიწყება ნამდვილი ომის საწინააღმდეგო მოძრაობა რუსეთში და ამას მოჰყვება რუსეთის, როგორც იმპერიის კრახი. ეს ძალიან მახარებს და ამაში ვცდილობ შვების პოვნას“.

###

N, ახალგაზრდა აქტივისტი, ბრაზობს ძველი თაობის ლიბერალურ ინტელიგენციაზე: „იმდენი მედია კაპიტალი ჰქონდათ, ცალი ხელით შეეძლოთ ომის საწინააღმდეგო მოძრაობის წამოწევა. შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, მენეჯერული ამოცანები შეეძლოთ აეღოთ თავიანთ თავზე. ან რაღა მენეჯერული - მარტივი ამოცანები რატომ არა?”. ამბობს: „ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ გავიზრდები და ლიბ. ინტელიგენციის წარმომადგენელი გავხდები”. 29 წლისაა.

###

N-მა უთხრა მშობლებს, ერთობ ოპოზიციური განწყობების მქონეებს, რომ პუტინი ჰიტლერია. „თითქოს ცეცხლი შეუნთესო ამის გაგონებაზე, და თქვეს: „არა, ის დამნაშავეა, ურჩხული, მაგრამ ჰიტლერი ორმოს პირას ხვრეტდა ხალხს, ის ჯერ არ არის ჰიტლერი”.

###

„ქუჩებში სულ მხვდება ატირებული ხალხი”,  - ამბობს N. მეორე N  ორი დღით ადრე, ამის საპირისპიროდ, ამბობდა, რომ აუტანლად უცნაურია: რუსები ქუჩაში ისე დადიან, ვითომც აქ არაფერი, იღიმიან, იცინიან. „მესმის, რომ შინაგანად ყველა დაზაფრულია და ვშიშობ, რა გველოდება მაშინ, როცა ეს ზაფრი ყველა ჩვენგანამდე მოაღწევს”.

###

N ამბობს, რომ ომის პირველ დღეებში სხეულის განცდა დაკარგა. „თითქოს მარტო ჩემი სხეული კი არა, საერთოდ არაფერი მატერიალური არ არსებობდა”. შემდგომ ნელ-ნელა მოეშვა.

პირველი ნაწილი

მესამე ნაწილი

შენიშვნები

[1] სანქტ-პეტერბურგი. სიდიდით მეორე ქალაქი რუსეთში.

[2] 2011 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფიქსირებულ გაყალბების არაერთ ფაქტს ამ და შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოყვა  დიდი, ქვეყნის ისტორიაშია ყველაზე მაშსტაბური აქციები სხვადასხვა ქალაქში. მოსკოვში აქციები იმართებოდა ბალოტნაიას მოედანზე.

[3] ალექსეი ნავალნი - რუსი ოპოზიციონერი, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2008 წელს მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში, ქართველებს მოგვიხსენიებდა მღრღნელებად და მოითხოვდა სარაკეტო შეტევას ქართული არმიის გენერალურ შტაბზე. შემდგომში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მღრღნელები გვიწოდა. 2020 წლის აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამლეს, რის შედეგადაც კომაში ჩავარდა. დიდი გაწევ-მოწევის შემდეგ, მის ახლობლებს მისცეს საშუალება, სამკურნალოდ გადაეყვანათ გერმანიაში. 2021 წლის იანვარში დაბრუნდა რუსეთში, სადაც საზღვარზევე დააკავეს. ამა წლის 22 მარტს მიესაჯა 9 წელი შრომა-გასწორებით კოლონიაში.

[4] ორიგინალში ეს და სხვა უკრაინული ქალაქები მოხსენიებულია მათი სახელწოდებების რუსული ვერსიებით.

[5] ვლადიმერ პუტინი

[6] ევგენი პრიგოჟინი - რუსი ოლიგარქი, პუტინის ახლო წრიდან. აფინანსებს ტროლების ფერმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ, მათ შორის, აშშ-ს 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მოწყობილ მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიაში.

[7] რუსეთი ოკუპანტია

[8] Преображенское - ელიტური უბანი მოსკოვში

[9] დაახლოებით 13 000 ლარი, 2022 წლის თვრამეტი აპრილის კურსით

[10] მოგესალმებით!

[11] შევეცი ომს!

[12] ნახვამდის!

logos

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა