გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რუსები თბილისში

გამოსვლა-22 - რუსები თბილისში | პირველი ნაწილი


ნაწილი პირველი - თბილისი. მარტი, 2022

ტექსტი: ლინორ გორალიკი

რუსულიდან თარგმნა თორნიკე ჭუმბურიძემ


2022 წლის მარტში დავიწყე მოძრაობა მარშრუტზე ისრაელი-თბილისი-ერევანი-სტამბოლი-ისრაელი იმის იმედად, რომ მოვახერხებდი გამეკეთებინა ჩანაწერები “გამოსვლა-22”-ის შესახებ. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი, ვინც მხვდება, მესაუბრება და მეხმარება. ყველა N ამ ჩანაწერებში სხვადასხვა ადამიანია. ეს ჩანაწერების პირველი, თბილისური ნაწილია. ხვალ თბილისიდან ერევანში მივფრინავ - გასაგრძელებლად.“

ლინორ გორალიკი- რუსი-ისრაელელი მწერალი და ჟურნალისტი.

ჩანაწერების შემდგომ, შეგიძლიათ იხილოთ ავტორის ფეისბუქ გვერდზე დატოვებული ზოგიერთი კომენტარის თარგმანი. ტექსტისთვის დართული ყველა შენიშვნა მთარგმნელისაა


###

თბილისში გამომგზავრებამდე ერთი თვით ადრე ვჯავშნი ბინას AirBNB-ზე. ორი დღის შემდეგ ჯავშანი უქმდება: მოდის წერილი მეპატრონისგან მობოდიშებით და განმარტებით, რომ მან ბინა უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმო. ვწერ “მადლობას” იმის გამო, რასაც აკეთებს და ვჯავშნი სხვა ბინას. ამბავი მეორდება. ვრჩები სასტუმროში.

###

N-ის მამამ, თავის დროზე, უმაღლესი სამხედრო აკადემია დაამთავრა დიდ რუსულ ქალაქში. თვითონ N ექვსი წელია თბილისში ცხოვრობს. და ექვსი წელია, მამა ყოველი სატელეფონო საუბრისას ეკითხება „არ მოგბეზრდა ეს შენი საქართველო? მალე ჩამოხვალ ბოლოსდაბოლოს სამშობლოს რომ დაეხმარო?

25-ში N სახლში რეკავს. მამა ერთხანს ჩუმადაა, მერე ეუბნება: „რა იცი, იქნებ ჩამოგიაროთ მე და დედაშენმაც”.

###

N მირჩევს  აქაური რომელი ტელეგრამ ჩატები და არხები გამოვიწერო. ყველას ვიწერ. პირველი, რასაც ვხედავ: ერთ-ერთ ჩატში ვიღაც cuddle party-ს[1] ორგანიზებას ცდილობს. იდეა ყველას მოსწონს, მაგრამ ადგილს ვერ პოულობენ: ახალჩამოსულებიდან არავინ იცნობს ქალაქს და მის დაწესებულებებს. ვერ ხვდებიან ვის მოელაპარაკონ და როგორ.

###

ერთი წყვილი ბავშვს ელოდება, მეორეს ერთი წლის შვილი ჰყავს. ორივე ამბობს, რომ გადაწყვიტეს, ბავშვებს რუსული არ ასწავლონ და მათი  თანდასწრებით მხოლოდ ინგლისურად ილაპარაკონ. ძლიერ განაწყენებული N ამბობს, რომ ასე ღირსებააყრილ ქალს აგდებენ სახლიდან:  წამხდარი ხარ უკვე, რაღაში გვჭირდები.

###

საშინლად  ცივა და  შეუჩერებლად მოდის თბილისისთვის უჩვეულო მარტის თოვლი. „რუსებმა თოვლი ჩამოიტანეს; აგერ, ნახავ, ეგენი ომსაც მოიტანენ”.

###

ალბათ ყველაზე დამზაფვრელი საუბარი ჩემს ცხოვრებაში:  მარტი 18, გვიანი საღამო, მე და N ჩემს ბინაში. N მოსკოვიდან ჩამოფრინდა, სამ დღეში ჩაბარგდა. N-ს ძმა ჰყავს კიევის მახლობლად: ცოლი და შვილები პოლონეთის საზღვართან ჩაიყვანა. თვითონ დაბრუნდა, რუსულ არმიას რომ დაელოდოს. N ყოველდღე ურეკავს ძმას. უცებ მეუბნება: „ლინორ, დაელაპარაკეთ ჩემს ძმას”. ველაპარაკები.  „ყველაფერი კარგად მაქვს. შუქი ჯერჯერობით არის, საჭმელიც, ძაღლებისთვისაც. ყველანი ველოდებით როდის შეგვეძლება იმათი დახოცვა -კაცებიც, ქალებიც, ყველანი”. ვეუბნები:„ვილოცებთ თქვენთვის. მადლობა - მპასუხობს. ვემშვიდობებით ერთმანეთს, ტელეფონს N-ს ვუბრუნებ და აბაზანაში შევდივარ. ვზივარ იქ და ვფიქრობ: 2022 წელი. თითქოს აქამდე ვიცოდით რა უნდა გვექნა, თუ ვიღაც გვეტყოდა, რომ ადამიანების მოკვლას აპირებს. უკვე აღარ.

###

ახალ წელს N-ს ვუსურვე, რომ პირობითად ვთქვათ, უფრო გაადვილებოდა ცხოვრება ამ სამყაროში, კერძოდ, რომ სამყარო და N-ის წარმოდგენები მასზე უფრო დაახლოებოდნენ ერთმანეთს. „შენი სურვილი ახდა”, - ამბობს N ახლა, როცა ორივენი თბილისში აღმოვჩნდით. “სამყარო გაცილებით ახლოსაა მასზე ჩემს წარმოდგენასთან”.

###

უკვე რვა წელია N  თბილისში ცხოვრობს, ის ამბობს: „ვიღაც უპატრონოები ჩამოდიან-  ტინკოვის[2] გამოუსადეგარი ბარათებით... დავცინით, ცხადია, ცოტათი. ოღონდ ზოგადად ძალიან გვეცოდებიან”.

###

N ბინას ეძებს.  სამჯერ უთხრეს უარი: არ უნდათ, რუსებს მიაქირაონ (ფართო, მძიმე, ძალიან მტკივნეული თემაა). მეოთხე ჯერზე მეპატრონე სახეზე აკვირდება: „საიდანღაც მეცნობით. ტელევიზორიდან?” – „Дождь-ზე”[3] ვმუშაობდი”. „გამომიგზავნეთ თქვენი ფეისბუქ პროფილი”.  N უხერხულობისგან იკლაკნება და ბმულს უგზავნის. მეპატრონე ფოტოს N-ის სახეს ადარებს, კმაყოფილია. N ბინას იღებს.

###

N გზაში, ჩემს სასტუმრომდე ხედავდა სტიკერებს წარწერით „რუსეთის მოქალაქეებო. თქვენ აქ არ გელიან”. თუმცა თითქმის ყველა უკვე ჩამოხეული იყო, -ამბობს N.

###

N ჰყვება, რომ რუსული ყელში ბურთივით აქვს გაჩხირული. „რატომ არ შემიძლია ბაზარში გამყიდველთან რუსულზე გადავიდე - ყველაზე მშვენიერზე, ყველაზე ძვირფასზე?! თბილისში ყოველთვის რუსულად ვესაუბრებოდი უფროს თაობას - ახლა რატომ არ შემიძლია?!” “„ჩემი აზრით” - ვამბობ ფრთხილად - „ახლა ის შეიძლება აღიქვან არა ენად, არამედ სამკლავურად”. N პირზე ხელისგულს იფარებს.

###

N-ის დაქალს ბარმენმა ჰკითხა, საიდან ხარო.  მან უპასუხა, რომ რუსეთიდან და მაშინვე  ჩათვალა საჭიროდ, განემარტა, რომ პუტინის წინააღმდეგია, ერთი ჩემოდნით წამოვიდა და ა.შ. „ჩვენ ძლიერ თანაგიგრძნობთ”, - უთხრა ბარმენმა - „მაგრამ აქ რამე ისეთი არ მოაწყოთ. თორემ მორჩება უკრაინაში და მერე ჩვენ მოგვდგება”.

###

“ბოლშევიკები ივლისამდე ვერ გაძლებენ”. არ შემხვედრია, მგონი, ვინმე, ვინც რამე ასეთს ფიქრობს.

###

ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთ აქაურ ბანკში ანგარიშის გახსნისას ითხოვდნენ ხელმოწერას საბუთზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში ომია, ხოლო რუსეთი - ოკუპანტი და აგრესორი. დღეს ჩატებში ოკუპაციის და ომის აღიარების საბუთზე ხელმოწერას ფაქტობრივად აღარ ითხოვენ.

###

N-ის ძმა ომის საწინააღმდეგო მიტინგზე წავიდა და გაქრა. არავის სძინავს, დილის ხუთია და ჯერ არ მოსულა, ყველა ჭკუიდანაა გადასული. აღმოჩნდა, რომ აქციაზე წავიდა რუსეთის დროშით - იმის საჩვენებლად, რომ კი, რუსია, მაგრამ უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება. მიტინგზე მას უმალვე შემოერტყნენ გარს ქართველები, მტრულად უყურებდნენ. N-ის ძმამ მათ თავისი პოზიცია რომ აუხსნა, ქართველებმა ის თავიანთ კამპანიაში მიიღეს და დილამდე უმასპინძლეს.

###

„თავდაყირა დადგა სამყარო,  ირანული რეჟიმისგან გამოქცეულებს ლტოლვილებს უწოდებენ და შველიან” - ამბობს N, - „კორეული რეჟიმისგან გამოქცეულებს ლტოლვილებს უწოდებენ და შველიან; რუსეთიდან გამოქცეულებს კი უწოდებენ „ოკუპანტებს” და აჯილდოებენ ზურგს უკან გადაფურთხებით და ერთოთახიანით, გათბობის გარეშე, 600 დოლარად”.

###

„რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის, რომ რუსი ვართ” - გაღიზიანებული ამბობს N - იგივეა მრცხვენოდეს  ხელი ან ფეხი რომ მაბია”.

###

დისკურსი: ქართველებს ეშინიათ, რომ თუ აქ მეტისმეტად ბევრი რუსი იქნება, პუტინი რუსკიმირის[4]დასამყარებლად ჩამოვა. სწორედ ამიტომ არ უნდათ ანგარიშების გახსნა, კომპანიების დარეგისტრირება, ბინების მოქირავება. ყველაფერი დანარჩენი მეორადია.

###

“მინდა ახალმოსულებს დავეხმარო” - ამბობს N (9 წელია თბილისში) -”რადგანაც იმას, თუ როგორ იქცევიან ისინი და როგორ მიიღებენ მათ, ჩემზეც ექნება გავლენა. კიდევ არის ხალხი, რომელიც უბრალოდ ძალიან მეცოდება, როგორც ძაღლები ან დაჭრილები”.

###

ჩატში წერენ: „მე, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, creative coder ვარ - ვაწყობ აპებს ნებისმიერი სახის ხელოვნებისთვის, ვქმნი გენერატიულ ხელოვნებას (მათ შორის NFT ფორმატში), ვმუშაობ მუსიკალური ტექნოლოგიის სტარტაპში, ვგიჟდები სინთეზატორებზე და ვწერ ჩემს მუსიკას”. ტიპი ეძებს თანამოაზრეებს და სამუშაოს.

###

N ეკონტაქტა სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსულ გამოჩენილ სახეებს რუსული კინოინდუსტრიიდან. გაკვირვებული ყვება: “იიიიიიიისეთი დაკარგულები არიან. ამბობენ: გამოდის, რომ მძღნერის გაფორმება ვიყავით. ასეთი მძღნერის, ისეთი მძღნერის, ყველანაირი მძღნერის. არადა გვეგონა, რომ რაღაც კარგის ნაწილი ვიყავით, რაღაცის, რაც მაინც დარჩა რუსეთში და ჩვენს თავს ვეუბნებოდით: „აგე, ნელ-ნელა მეტნი ვხდებით - ანუ, გავიმარჯვებთ?...”.

###

N-ს ვუყვები, რომ ერთი ნაცნობი ჯერ არ მოდის იმიტომ, რომ სახლში პარკეტს აგებს. აი, დააგებს პარკეტს და დაიწყებს ჩაბარგებას. „ეგ რა არის” - ამბობს N - აქ ტიპი ორი კვირა ტვინს გვიბურღავდა ყველა ჩატში: ბინა სად ვიქირავო, სამგზავრო ბილეთი როგორ ავიღო, ფულის გადახურდავება სად შეიძლება, რა ვუთხრა, როცა ანგარიშს გავხსნი...ბოლოს ვეღარ გავუძელით და ვეკითხებით: ძმაკაც, აბა როდის აპირებ? ეს კიდევ: არ ვიცი, ჯერ აუზის აბონემენტი არ დამთავრებულა”.

 ###

N-მა თორმეტი ადამიანი გამოიყვანა - მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები. დიდი ბინა იქირავა და ახლა იქ რვანი ცხოვრობენ - ოთხი უფროსი და ოთხიც ბავშვი. თვითონ N-ს საბავშვო საწოლში სძინავს - ან ფეხები ეკეცება, ანაც კისერი ეღრიცება. „არავინ არ მიჯერებს” - მეუბნება გაღიზიანებული -შეგვეძლო სავსებით ნორმალურად გვეცხოვრა, მაგრამ არავინ მიჯერებს”.

###

N შვიდი წელია თბილისშია. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუსულენოვან ქართულ არხს უძღვება. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ იმათი დადებითი მხარე, ვინც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ან გავაცნოთ საქართველო ის ახალმოქცეულები, რომლებსაც რაღაც მიზანი მაინც აქვთ. ჯერჯერობით ქართველებს იმით ვამშვიდებთ, რომ ბევრი რუსეთში დაბრუნდება ან გზას გააგრძელებს”.

###

მეჩვენება, რომ ქართველები თვლიან, რომ ომი უკრაინაში „ჩვენი ქართული ომია” - ამბობს N - ნებისმიერი ომი პუტინთან „ჩვენი ქართული ომია”.

###

„დისკურსი: რუსების ბრალია, რომ ქართველები ბინებიდან ასახლებენ იქ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ქართველებს, რათა იქ ჩაასახლონ რუსები, რომლებიც მზად არიან, რამდენჯერმე მეტი გადაიხადონ“.

###

N, რომელიც ქართულად კითხულობს, ამბობს, რომ რუსების ჩამოსვლაზე იმდენს წერენ, თითქოს ხელისუფლებას და ოპოზიციას სხვა პრობლემა არ ჰქონდეთ. იმავე დღეს სხვა N, რომელიც ასევე კითხულობს ქართულად, მეწუწუნება: რუსების ჩამოსვლაზე ისე ცოტას წერენ, თითქოს ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ ხვდებოდეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნისთვის.

###

N-ს უნდოდა შეეკრიბა ნაწყვეტები კომპანიებთან მიმოწერიდან, კონფერენციებიდან  მოსული უარის წერილებიდან, აპლიკაციების შეტყობინებებიდან, ა.შ. - ერთი სიტყვით, ტექსტები, სადაც ადამიანებს ამცნობენ, რომ მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ, ისარგებლონ, მონაწილეობა მიიღონ, გააკეთონ რაღაც იმის გამო, რომ რუსები არიან. ამ ნაწყვეტებისგან უნდოდა შეეკრა ready-made ტექსტი, რომელშიც სიტყვა „რუსს” ჩაანაცვლებდა სიტყვით „ებრაელი”.

შედეგი, ეჭვგარეშეა, საზარელი და მრავლისმეტყველი იქნებოდა. N შეაჩერა იმის გაცნობიერებამ, რომ ამ ტექსტს მაშინვე გამოიყენებდნენ „პატრიოტი” ნაბიჭვრები მსოფლიო რუსოფობიის სამხილად, მას კი ყველაზე ნაკლებად ის სურდა, მტრის წისქვილზე დაესხა წყალი.

###

N-ის სულ ახლად ჩამოსული ახალგაზრდა ნათესავი მივიდა მოხალისეთა ცენტრში და განაცხადა, რომ სურს დაეხმაროს უკრაინას. იქ მომუშავე რომელიღაც ქართველმა მას უთხრა: „წადი სახლში და დაამხე რეჟიმი”. რიგის უფროსმა იმ ქართველს იქვე ალიყური შემოსცხო, ახალგაზრდას მოუბოდიშა და სამუშაო პროცესი ისევ მწყობრში მოიყვანა. თუმცა N ამ ამბავს მაინც დიდი წყრომით ყვება.

###

ბევრი დადის ძვირიანი და რთულად შესასრულებელი მოსკოვური და პეტერბურგული ვარცხნილობით, შეფერვებით, „თმის ტატუებით”. N ამბობს, რომ თავიდან არ შორდება იმაზე ფიქრი, რა ელით ამ ვარცხნილობებს ერთ-ორ თვეში: ფული, ფული, ფული.

###

N, სამი წელია თბილისშია, გაღიზიანებული ამბობს: “თავიანთი ხიმკის[5] გადმოტანა უნდათ აქ. „სად არის ოზონი[6]? ავიტო[7]? ნორმალური take away ყავა?...” ასე იძულებენ დიდებულ ქვეყანას, რომელმაც ისინი შეიფარა.

###

დისკურსი: თავგადაკლულ ოპოზიციონერებს არ უშვებენ საზღვარზე და ვისაც უშვებენ, იმათაც არ მისცემენ ნორმალურად მუშაობის საშუალებას. საქართველოს შეეშინდება რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების.

###

ჩნდება ინსტრუქციები ახალმოსულებისთვის კარგი ტონის და ქართულ საზოგადოებაში სწორი მოქცევის თაობაზე (ვთქვათ, „არ სთხოვოთ ქართველებს ფეხზე გაიხადონ” - პირდაპირ ველურობად ითვლება” - ჩემი თხოვნით მოყავს მაგალითი N-ს). ყველასგან მესმის ამ ინსტრუქციების შესახებ, ყველამ იცის, რომ ისინი არსებობენ, ყველას ვთხოვ, ერთი მაინც გამომიგზავნოს  და, ჯერჯერობით, ერთისგანაც არ მიმიღია.

###

რამდენიმეს ქართული უშიშროების სამსახური ესტუმრა. დიდხანს ესაუბრებიან, პასპორტს ასკანერებენ. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ სურთ „უკეთ გაიცნონ ახალმოსულები”. ორი-სამი დღის წინ ამაზე ბევრს საუბრობდნენ და ყველა, გასაგები მიზეზით, შეშფოთებულია: პირველ რიგში, იმის ეშინიათ, რომ ქართული სუსი რაღაცით უკმაყოფილო დარჩება ან ვინმეს თვალთვალს დაიწყებს; მეორე, და უფრო მნიშვნელოვანი, ისაა, რომ ეშინიათ, საქართველომ რაიმე ინფორმაცია ეფესბეს[8]არ გადასცეს. ორი-სამი დღის შემდეგ ამ თემაზე საუბრები თავისით წყდება.

###

N, ოთხი წელია თბილისშია: “მე ვთვლი, რომ საქართველოს საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ საბუთზე პირდაპირ საზღვარზე უნდა მოაწერინონ ხელი. სხვა შემთხვევაში, პირს ამ ქვეყანაში არაფერი ესაქმება”.

###

დისკურსი: ადრემოსულებს ახალმოსულები არ უყვართ: ეშინიათ, რომ ახლების გამო მათაც გადაიყვარებენ. “და კიდევ - ამბობს N, რომელიც აქ კრიმნაშის[9] შემდეგ გადმოვიდა - ჩვენ რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რატომაც. ესენი კიდევ იმიტომ მორბიან, რომ ტრაკი აეწვათ”. „ნუ უსმენ ამას” - მეუბნება N-ის თანამგზავრი - „ჩვენ უბრალოდ უფრო ადრე აგვეწვა ტრაკი”.

###

“ახლა ვინმე რამეს იზამს” - მტკიცედ ამბობს N - “აი რავი, ხო შეუძლებელია, სინდეევა[10] იჯდეს და არაფერს აკეთებდეს?”

###

ერთი პერიოდი მოსკოვის ზოომაღაზიებში ძაღლების გადასაყვანი კონტეინერები გათავდა.

###

N-ის მამას არასდროს გამოუმჟღავნებია განსაკუთრებული ინტერესი პოლიტიკისადმი, მაგრამ ომის დაწყებისთანავე მტკიცე პოზიცია დაიჭირა: როცა ქვეყანა ომშია, ყველაფერში უნდა დავუჭიროთ მხარი არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მის მთავარსარდალსაც. „მამა - უთხრა N-მა, - ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია. ჩვენ  საქართველოში მივდივართ”. მამამ ვითომ ვერ გაიგო. ხუთი დღის შემდეგ, N-ს და მის ქმარს უკვე ბილეთები ეჭირათ ხელში. გამოსამშვიდობებლად დარეკეს. მამამ შეახსენა, რომ შაბათს N-ის ნათესავის ქორწილია. „მამა, -  უთხრა N-მა - ჩვენ უკვე წასულები ვიქნებით”. მამამ საჩუქარზე დაიწყო საუბარი. შაბათს გამოგზავნა ესემესი „პირდაპირ რესტორანში მოხვალთ თუ ჯერ ჩვენთან?”. „მამა, - მისწერა N-მა, - ჩვენ უკვე თბილისში ვართ!!!”.

ხუთი წუთის შემდეგ აქვითინებულმა დეიდა სონიამ დარეკა: „ჩვენ მაინც გვიყვარხართ”.

მამას არ დაურეკავს.

###

ყოფილმა ცოლმა N-ს უფროსი ვაჟი არ გამოატანა. N ძალიან ღელავს მასზე, ამბობს: “თუკი თვრამეტი წლისა სამართლიანობისთვის არ იბრძოლებს, რისი შვილია, და თუ იბრძოლებს - რა საშინელება...”.

###

ჩვენ 25-ში ჩამოვედით, - ამბობს N - აი ვინც, 7-ში, 8-ში და 12-ში ჩამოვიდა - სულ სხვა ხალხია.

###

ჰყვებიან, რომ ქალაქის ორ მთავარ კლუბში ახლა მხოლოდ პასპორტებით უშვებენ   ყველას, რუსების და ბელარუსების გარდა.

###

კაფეში - ისეთში რა, ძლიერ ჩისტაპრუდნულში[11] , რომელზეც მაშინვე მითხრეს რომ იქ ხშირად არიან ახალმოსულები - გოგოები ამბობენ “ისე მიყვარს უკრაინული ენა!” – „მეც ისე მიყვარს უკრაინული ენა!”. დიდხანს,  დაგემოვნებით ლაპარაკობენ უკრაინულზე.

  • - და შენ იცი უკრაინული?
  • - არა.
  • - არც მე.
  • - რა საწყენია.

###

ბათუმში მზადდება აქცია: რუსები არ არიან პუტინი! ბელარუსები არ არიან ლუკაშენკო!

###

N ჰყვება, რომ ორჯერ არ გამოფრინდა - ვერ აიძულა თავს. უბრალოდ ვერ შეძლო ბინიდან გამოსვლა და აეროპორტში მისვლა. არწამოსვლის ბოლო მცდელობა აეროპორტის შენობიდან თვითმფრინავის ტრაპთან მიმავალ ავტობუსში ჰქონდა: ითხოვდა რომ გაეშვათ, ცდილობდა გაეღო კარები...

###

ყველაზე რთული არჩევანი ასეთი იყო, - ამბობს N., - არასდროს წასვლა ან არასდროს შემოსვლა.

###

მამა ეუბნებოდა N-ს, აქტივისტს: “საფრონოვი სახელმწიფოს ღალატისთვის ჩასვეს და შენც სახელმწიფო ღალატისთვის ჩაგსვამენ”. “მე არ მჯეროდა, - ამბობს N - მაგრამ მერე დავუჯერე რომელია”. წამოვიდა.

###

N-მა, ჟურნალისტმა, ომის დასაწყისში მისწერა მეომრების დედების კომიტეტს: „ვეძებ მათ, ვისაც იქ შვილები ჰყავთ, ძალიან მინდა გასაუბრება”. პირველ ჯერზე არავინ უპასუხა, არც მეორეზე. მესამეზე მოვიდა წერილი: „თქვენ ჯაშუში ხართ, მე ეფესბეს შევატყობინებ”. და მართლაც, მეორე დღეს N-ს დაურეკეს ეფესბედან. ოღონდ ის უკვე თვითმფრინავში იჯდა.

###

ოთხი დღეა თოვს.

###

ჩატებში ჩნდება ინფორმაცია ქართულის პირველ გაკვეთილზე, ყველა მსურველისათვის. ფასი - ოცი ლარი. გაკვეთილი ტარდება კაფეში. მივდივარ სამეცადინოდ. ათამდე ადამიანი იკრიბება. ირკვევა, რომ გაკვეთილს თაღლითები აწყობენ. ნამდვილი თაღლითები: ორი ქალბატონი, არცერთი არაა მასწავლებელი. ერთისთვის „მშობლიური ენაა, გვაჩვენებს, როგორ წარმოითქმის”, მეორეს მოაქვს რომელიღაც სავარჯიშო რვეულიდან გადმობეჭდილი A4 ფურცლები. „გადავწყვიტეთ - ამბობს - რომ რაკი მოთხოვნაა, ბარემ ვცადოთ”. კაფეში არაფერი ისმის. სწავლების მეთოდი - მოდით წარმოვიდგინოთ, რას წააგავს ქართული სიტყვა და ფურცელზე დავხატოთ”. მახსენდება, რომ მიხაილ პავლოვიჩ ნილინმა ერთხელ მითხრა: თუკი ძალიან ცუდ ფილმზე ან მოსაწყენ კომპანიაში მოხვდი, იჯექი - იქ ხომ რაღაცის გამო ხარ. და მართლაც: გადაწყვიტეს გვასწავლონ როგორ  ვიკითხოთ „როგორ ხართ?” ერთი გოგონა ხელს იწევს და სვამს კითხვას: როგორ ვუპასუხოთ: სივიწროვეა, ცივა, ძალიან მეშინია?

###

N ჩაფიქრებული ამბობს: საინტერესო,ა რუსების დაქენსელება მსოფლიოში იქამდეც მივა, რომ გუგლმა ბრინი[12] გამოაგდოს?

###

N-მა და მისმა შესანიშნავმა კოლეგებმა მოაწყვეს თავშესაფარი ახალმოსული ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის: „ადამიანმა გონზე მოსვლა რომ შეძლოს, ამოისუნთქოს და ორიენტირდეს, სანამ ბინის ძებნას დაიწყებს, ამას, იმას. პატარა სახლუკაა სასაფლაოს მახლობლად. თოვლში მივდივართ მათთან. გვაფრთხილებენ რომ ეზოში მეზობლების ორი მასტიფი დასეირნობს: „არ შეგეშინდეთ, კეთილი ძაღლები არიან, ადამიანებს არ ერჩიან. ერთი შეიძლება გიკბინონ”.

###

დისკურსი: საშიში ის კი არაა, რომ პუტინი აქ ახალმოსულებს გამოჰყვება ქართველების მარწუხებისგან დასახსნელად და რუსკი მირის დასამყარებლად, არამედ ის, რომ ჰყავს რუსეთში 800 000 ქართველი ტყვე. ყველამ ვნახეთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ისე, მსუბუქად ნაბრძანებმა „ეცი!”-მ.

###

მეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა წავიდე კაფეში N, სადაც „ახალჩამოთრეულები” იკრიბებიან.  ვზივარ კაფეში და მაშინვე ვხვდები, რატომ მოდიან აქ: უბრალოდ პატრიარქებიდან[13]გადმოტანილი კაფეა: არის რაფიც[14], მერჩიც[15] და specialty cofee-ც აქაურობისთვის შეუსაბამო 14 ლარად. ყველა ზის პაწაწინა მაგიდასთან პაწაწინა ნოუთბუქებით. უეცრად საზარლად ჯახუნდება მძიმე რკინის კარი. გოგონა გვერდით მაგიდასთან მკვეთრად შეხტება, შეშინებული მიმოიხედავს და აქვითინდება.

###

სხვა მაგიდასთან მშვიდად საუბრობენ უკრაინულად: „მოგვიწია გვამები გამოგვეტანა. აბა, ასე ხომ არ შეიძლება, გვამები ყრია და არავის მიაქვს”.

###

სიზმარი - შევდივართ რომელიღაც  მოსკოვურ ბინაში, რომელსაც აღვიქვამ როგორც „ჩემსს”, მასში კი ყველა ნათურა მოხსნილია.

###

ჩატში კითხვაა, სად შეიძლება აქ ჟონგლირება და ჟონგლიორის აღჭურვილობის ყიდვა


გააგრძელე კითხვა:

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი 

შენიშვნები

[1] წვეულება, სადაც ადამიანები იმიტომ იკრიბებიან, რომ ერთმანეთს ჩაეხუტონ

[2] Тинькофф банк, Tinkoff Bank -  2006 წელს ოლეგ ტინკოვის მიერ დაარსებული ციფრული ბანკი. მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით ამ ტიპის ყველაზე დიდი ბანკი მსოფლიოში. ბანკიც და მისი მფლობელიც დასავლური სანქციების ქვეშ მოყვნენ

[3] Дождь - მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ტელეარხი რუსეთში. “დროებით შეაჩერა მუშაობა” ამა წლის 3 მარტს

[4] русский мир - ეთნიკური რუსების სამყარო. პუტინისტური იდეოლოგიური კონცეპტი, რომელიც გულისხმობს, რომ არსებობს ქვეყნები და მიწები - მათ შორის უკრაინა და საქართველო, რომლებიცეთნიკური რუსების „ისტორიული კუთვნილებაა“ და ამ მიწებზე რუსების ბატონობა უნდა აღდგეს.

[5] ქალაქი მოსკოვის მიმდებარედ.

[6] რუსული ინტერნეტ-მაღაზია

[7] ასევე რუსული ინტერნეტ-ბაზრობა/განცხადებების საიტი

[8] Федеральная служба безопасности - ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. რუსული დაზვერვა.

[9] Крымнаш - ყირიმი ჩვენია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის დროებით ოკუპაციის შემდეგ გამოჩენილი ნეოლოგიზმი.

[10] ნატალია სინდეევა - რუსი ჟურნალისტი და მედია-ჰოლდინგ Дождь-ის დამფუძნებელი

[11] Чистопрудный бульвар - ბულვარი მოსკოვის ცენტრში

[12] სერგეი ბრინი - გუგლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საბჭოთა რუსეთში დაიბადა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი წლის ასაკში, ოჯახთან გადავიდა.

[13] Патриаршие пруды - ადგილი მოსკოვის ცენტრში.

[14] Раф - რუსეთში პოპულარული სასმელი. ესპრესოს უმატებენ შაქარს, სიროფს და ბევრ ნაღებს.

[15] Merchandise - ბრენდირებული საქონელი, მაგალითად მაისურები ან ფინჯანები.

logos
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა