გამოსვლა-22 | მესამე ნაწილი
ნაწილი მესამე - თბილისი. მარტი, 2022
ტექსტი: ლინორ გორალიკი
რუსულიდან თარგმნა თორნიკე ჭუმბურიძემ
###
N-ს ომამდე ცოტა ხნით ადრე კიეველი ონლაინ-ფსიქოლოგი უპოვეს. ოღონდ ერთ-ერთი ანტისაომარი აქციის დროს N თხუთმეტი დღით ჩაჯდა. სპეცდაწესებულებაში ყოველდღე ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა და ფსიქოლოგთან წავიდოდა [sic]. 23 თებერვალს გამოვიდა. 24-ში ფსიქოლოგმა მიწერა: „ბომბსაფარში ვარ, მაგრამ თუ კარგი კავშირი იქნა, ჩვენი სესია აუცილებლად შედგება”.
###
ჩატში შემოთავაზებაა: „მომწერეთ სწრაფი აუდიო სექსისთვის. ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს”.
###
ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანებს შორის საზღვრები იშლება, თითქოს წყალი მორეცხავს: მაგალითად, ადამიანები სულ უფრო ადვილად იწყებენ ცხოვრებას ერთ შენობაში, გარემოებების მიუხედავად. „ახლა საერთოდ ბევრი საზღვარი ირღვევა, - ამბობს N, - მე აქტივიზმშიც კი აღარ მინდა საზღვრები დავიცვა. თუკი საჭირო იქნება, რომ ანარქისტებს დიზელი მივაწოდოთ, ანარქისტებს დიზელს მივაწვდით”.
###
გამოცემა, რომელსაც ხელმძღვანელობდა N, უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს. მამამ N-ს შესთავაზა „რაიმე განათლების მიღება, ბოლოს და ბოლოს”, - მაგალითად, პროგრამირების სწავლა. „რისთვის?” - ჰკითხა N-ა. „როგორღაც ხომ უნდა მოერგო!” – „თქვენი თაობა მთელი ცხოვრება ერგებოდა და ახლა მძღნერში ვართ”,- გაღიზიანებით უპასუხა N-მა. დედას ეს მტკივნეულად მოხვდა გულზე, და N ძალიან წუხს, რომ ასე უთხრა. „მაგრამ ეს თაობა ერგებოდა ჯერ კიდევ [საბჭოთა] კავშირის დაშლიდან და შემდეგაც, და ამას მხოლოდ ფაშიზმამდე მივყავართ”.
###
N წამოვიდა ომის დაწყების შემდგომ კვირა დღეს, შაბათს კი ბოლოჯერ გაისეირნა პეტერბურგში და იმაზე ფიქრობდა, რომ როცა ადამიანს სასიკვდილოდ ურტყამენ დანას მუცელში, წუთით ჯერ კიდევ არ იცის, რომ მკვდარია და შეიძლება ისე გააგრძელოს მოძრაობა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. „და მთელ ამ ხალხს ქუჩაში, მაღაზიებში, კაფეში, ჯერ კიდევ არ ესმით, რომ მკვდრები არიან”.
###
„დემშიზას[1] ბოდიში უნდა მოვუხადოთ - ამბობს N. - დემშიზა ყველაფერში მართალი იყო, ჩვენ კი - არა, ჩვენ მარტო თვალებს ვხუჭავდით”.
###
N აქაურ საპროტესტო აქციებზე: „დაკრძალვებზე ყველა ხავსს ეჭიდება: სალათას ჭრის; როგორღაც, რაღაცით ეწინააღმდეგება საშინელებას. ასეა ჩვენი და ამ აქციების საქმეც”.
###
Cuddle party კიდევ ერთხელ გადაიდო, გაურკვეველი ვადით.
###
გრაფიტი Fuck Putin! Fuck Russia! გადახაზულია და გასწვრივ წერია: Not All Russians are Putin[2].
N-ის მშობლები იზიარებენ საპროტესტო განწყობებს და, ამის გამო, სრულ იდეოლოგიურ იზოლაციაში ხვდებიან: ყველა მეგობარი და მეზობელი პუტინს უჭერს მხარს და ისინი, N-ის გარდა, საერთოდ ვერავის ელაპარაკებიან. „მამას უკვე პარკინსონი აქვს - ამბობს N -, უკვე ყველაფერი ისე სწრაფად ვერ ესმის, როგორც ადრე. წამოსვლის წინ ჩემი მთავარი ამოცანა იყო მისი დარწმუნება, რომ სანადირო თოფი გაენადგურებინა: თუკი მეზობლები მათი შეხედულებების გამო დაასმენენ და ჩხრეკაზე მოვლენ, იარაღის გამო ჩასვამენ. ბოლო დღეს მის წინ დავჯექი და ვუმეორებდი: „გადახერხე თოფი, გადახერხე თოფი, გადახერხე თოფი”. მეორე დღეს წამოვედი და დედამ მომწერა: „მამაშენმა თოფი გადახერხა”.
###
N აღარ დადიოდა მიტინგებზე პიტერში მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მისგან კარგი სამიზნე გამოდიოდა: დიდია, მსხვილი.
###
„ყოველდღე მაქვს ერთდღიანი გეგმა, წარმოდგენა სამ დღეზე, სტრატეგია ორი კვირისთვის და მერე სიცარიელეა”, - ამბობს.
###
N-მა თბილისში თავისი კომპანიის ყველა თანამშრომელი ჩამოიყვანა და უთხრა, რომ ორი კვირა შეუძლიათ ის აკეთონ, რაც უნდათ, ცხოვრება მოიწყონ. „საქმეზე ნუ იღელვებთ”. ახლა ამბობს: „ორი კვირა გავიდა და ბევრი მათგანი ისევ გაშტერებულია - მე კი ამათი მამა არ ვარ”.
###
N-ის - მზრუნველის, გულისხმიერის, ენერგიულის - კომპანიაში მის გარდა ყველა კაცია. მას ხუმრობით ყოველთვის „დედას” ეძახდნენ. ომის დაწყებს შემდეგი დღიდან დაბნეულები წერდნენ: „დედა, გთხოვ გვითხარი, რომ ხვალ სამსახური გვექნება”.
###
„ერთი თვის შემდეგ, ყველას დაეწყება მოსკოვის ლომკა - ამბობს N - და საშიში ისაა, რომ ის ყველას ერთად დაეწყება”.
###
დისკურსი: ყველას თეთრი ემიგრაციის მაგალითი უდგას თვალწინ, შემაშინებელი და უიმედო, მაგრამ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ბევრი რამის მსწავლებელი და ბევრისთვის შემამზადებელი.
###
N ყვება, რომ ვერ ხვდება, რა გზით ჰკითხოს დარჩენილებს, როგორ არიან და ამიტომაც ყოველ დილას ყველას სწერს: „მე შენ მიყვარხარ”.
###
დედა ურეკავს N-ს და ტირილით ეუბნება, რომ ფანჯრების წინ გაჩერებული ოცი მანქანიდან თხუთმეტს Z ახატია მინაზე. „აქ როგორც არ უნდა ვიყოთ, იმას ხომ მაინც არ ვხედავთ”.
###
„ყველა, ვისთვისაც რუსული მშობლიური ენაა და საუბარს არ იწყებს ფრაზით „ბოდიშს გიხდით პუტინისთვის”, საწამლავით უნდა გამოსკდეს და მოკვდეს, ჩემი ჩათვლით""- ამბობს N. ეკამათებიან: რუსულენოვან უკრაინელებს რა ვუყოთ?
###
N-მა და მისმა ქმარმა თავიანთ თორმეტი წლის ვაჟს უთხრეს, რომ თუ ომი დაიწყებოდა, წამოვიდოდნენ. 24 თებერვალს N გააღვიძა ბავშვმა ყვირილით: „ომი დაიწყო!”, „ომი დაიწყო!” და კარადებიდან ნივთებს ჩემოდანში ყრიდა: ყველაზე საზარელი გამოღვიძება ცხოვრებაში.
###
ჩატში წერენ: „საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიები გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ჯანდაბის ფეისბუქს მიხურავენ. უმალვე დაიწყება მარქეთფლეისების განვითარება, და აი მაშინ ყველაფრით კმაყოფილი ვიქნები საქართველოში. ერთადერთი ეს მაცოფებს. სხედან ამ ბაზრებში, ნარდს აგორებენ... ჯობია საქონელს გადაუღონ სურათები და ინტერნეტში გამოდონ! უმალვე კარგად იქნება ყველაფერი. მე ძალიან მიყვარს საქართველო და საქართველოველები".
###
„ბავშვები რომ არა, მოსკოვში დავრჩებოდით, - ამბობს N - სანამ ებრაელი ხარ და ისრაელის საელჩო არსებობს, როგორღაც დაცულად გრძნობ თავს”.
###
N და მისი ოჯახი, ბავშვით, თბილისში საელჩოსთან აქციაზე მივიდნენ. ბიჭმა იკითხა:
- - აქ ყველაფრის დაყვირება შეიძლება?
- - კი.
- - და პოლიციელები არ წამიყვანენ?
- - არ წაგიყვანენ. N მიხვდა, რომ ბიჭის 12 წლიან ცხოვრებაში უბრალოდ არ ყოფილა სიტუაცია, სადაც ქუჩაში რასაც უნდოდა იმას იყვირებდა, პოლიციელები კი ხელს არ ახლებდნენ”.
###
„არავინ იცის, საელჩოსთან რა იყვიროს - ამბობს N, - რადგანაც უკურეაქცია არ არის. ერთი ყელი შეგიძლია ჩაიხლიჩო”.
###
N-მა ბათუმში ბიზნეს კლუბის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. პირველი შეხვედრაც გამართა. პატარა ჯგუფი შეიკრიბა, ისაუბრეს პერსპექტივებზე, ორგანიზატორმა ფოტო გამოდო ინსტაგრამზე. ხუთი წუთის შემდეგ: „N, შენ სულ გააფრინე? ახლავე აიღე, ხალხის ნახევარი ძებნაშია!!!”.
###
N მაჩვენებს ზაფხულის ფოტოებს ინსტაგრამიდან, ბავშვთან და საყვარელ ადამიანთან ერთად და ტირის. „კარგია, რომ არის ინსტა, რომელშიც არის არქივი, სადაც ყველაფერი მართლა იყო და ნამდვილი იყო”.
###
„ჩემს ყლეს გაიგებ აწი, რა არის რუსი - ამბობს N - ეს ერთგვარი ლაქაა, შიგნით - იანდექსი, ოზონი და წიწიბურა”.
###
ათი წლის N წაიყვანეს კარგ აქაურ რუსულ სკოლაში. დირექტორმა ჰკითხა, რა ტალღაზეა. N-მა უთხრა : „არავითარზე”. შემდგომ მას სთხოვეს ეთქვა, ერთიდან ათ ქულამდე რამდენად სურდა სწავლა. „ერთი” - თქვა N-მა. მას მადლობა გადაუხადეს გულწრფელობისთვის და თქვეს, რომ ბავშვი ტრავმირებულია განათლებით. სამაგიეროდ სკოლას ჯაკუზი აქვს.
###
N-ს მგზნებარე რომანი აქვს, მშვენიერი. მისი საყვარელი, ამერიკელი, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, ამბობს რომ გადაწყვიტა ზაფხულში სახლი იქირავოს მათთვის: „შენ სახლი გჭირდება”. N ტირის და ამბობს: „გადაირიე? ზაფხული საერთოდ დადგება?”.
###
შეკითხვაზე: „საიდან ხართ, მეგობრებო?”, N და მისი დაქალი ფრთხილად პასუხობენ: „მე ლატვიიდან. - მე კიდევ ისრაელიდან”. – „მშვენიერი ქვეყნებია, რა გერიდებათ!”.
###
N-ს, ოთხი წელია საქართველოში ცხოვრობს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ შეუყვარდა და ძალიან ეშინოდა ამ სიყვარულის, ყველა გზით ებრძოდა მას, უარყოფდა, არ აძლევდა თავს უფლებას, მოშვებულიყო. „და როგორც კი ყველაფერი თბილი და მსუბუქი გახდა, ომიც დაიწყო”.
###
N დიდი სიყვარულით უმეორებდა მძიმედ ავადმყოფ შვილს ფრაზას „ეჰ, მანია, კიდევ ვიცხოვრებთ ჩვენ ომის შემდეგ!”. ბავშვი სადღაც ათ და ოც თებერვალს შორის გამოჯანმრთელდა.
###
დისკურსი: გაუგებარია, როგორ მოვიხსენიოთ ისინი, ვინც ახლა მოდის ემიგრაციაში. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ყველა ეძებს სიტყვას და ვერ პოულობს.
###
„იყო სირცხვილი, ბევრი სირცხვილი, - ამბობს N., - მაგრამ მერე უეცრად გაქრა: მივხვდი, რომ შეუძლებელია აბსურდის თეატრის მსახიობად მუშაობდე და გამუდმებით გრცხვენოდეს მთელი დასის გამო“.
###
N ვერ ყვირის მიტინგებზე, რადგანაც რუსეთში ადამიანებს არ შეუძლიათ იყვირონ მიტინგებზე. ამბობს, რომ ეს ისეა, როგორც „ორ კაპიტანში”[3] : ხომ არ შეიძლება ასე - მუნჯი, იყო და ყრუ არა - და აი, შეიძლება“.
###
N-ის დედა, პატარა ქალაქის ბინადარი რუსული ტელევიზიის მსხვერპლი, არასდროს ყოფილა ევროპაში. N-მა მოასწრო მისი წაყვანა საფრანგეთში, მიიყვანა რესტორანში. დედამ მიმოიხედა, დაინახა თავისი თანატოლები და იკითხა: “კი მაგრამ, დღეს ხომ ოთხშაბათია, - ესენი რა, უბრალოდ საჭმელად მოვიდნენ?”. ამ მომენტიდან რაღაც ცვლილებები დაიწყო.
###
Cuddle party შედგება და N მასზე წასვლასაც კი აპირებს, მაგრამ ირკვევა, რომ იქ ისეთი მკაცრი რეგლამენტია, რომ N შეშინდება. „ყველგან პუტინია,- ამბობს, - და ესენიც, თავიანთი რეგლამენტით, რაღაცნაირი პუტინია”.
###
N-ის დაქალი, აქტივისტი, მოსკოვში დარჩა. ყველა ნიშანია იმისა, რომ ცოტაც-და მოაკითხავენ. ორცხობილების ჭამასთან შეჩვევა დაიწყო. თავიდან ქიშმიშიანებს ყიდულობდა, მერე უკვე - უქიშმიშოებს.
###
N ყოველდღე ეკითხება მეგობარს ხარკოვში, როგორ არის. „რა ტვინი მოტყანი, - სწერს ის - მოვკვდები, მოგწერ”.
###
ჩატში ადმინის პოსტი: „მე ვამაყობ ყველა ჩვენგანით იმიტომ, რომ ავირჩიეთ ჩვენი თავი და ვიზრუნეთ ჩვენს თავზე”.
###
„თბილისი პიტერს გავს - ამბობს N., - მთელი ეს მილევადი სილამაზე, მჩქეფარე კულტურული ცხოვრება, რომელიც გვერდით ჩაგივლის და მოსკოველები დიდად არ უყვართ”.
###
N-ის მამა ესპანეთში ცხოვრობს, მრისხანე ანტიპუტინისტია და, ამავდროულად, გამუდმებით ლანძღავს ქალიშვილს: „შენ უნდა გრცხვენოდეს, რომ რუსი ხარ და რუსულად ლაპარაკობ!” - „კი მაგრამ, მთელი ჩვენი პროტესტები და ლიბერალური მედია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ?” – „ისევ ამ შენს შანტრაბაზე დაიწყე!”. N ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულია.
###
დისკურსი: ან ყოველთვის მეტისმეტად დიდი საომარი ლექსიკა იყო ყოველდღიურ რუსულში, ან ახლა დაიწყო ყველამ ამის შემჩნევა და ძალიან მტკივნეულად რეაგირება.
###
სტუმრად მივედით პატარა ბავშვთან ერთად. მასპინძლების ვაჟი თოფებით და ბლასტერებით დარბოდა: “ბახ! ბახ! დრ! დრ! დრ! დრ!”. პატარა ჯერ აღფრთოვანებული იყო, მაგრამ უეცრად ატირდა. შემდეგ თქვა, რომ აკანკალდა და უცბად მიხვდა რომ სროლები - ცუდია.
###
N ამბობს, რომ ჩატებში, ეჭვგარეშეა, ამხანაგი მაიორი ზის და რომ უნდა დაუფიქრდე, ვინ რას ამბობს.
###
სადგურის პირა კაფეზე კიდია აბრა „რუს ოკუპანტებს არ ვემსახურებით”. „შენ გეწყინა?” – „მეწყინა”. – „მეც მეწყინა, თუმცა მესმის რა ამოძრავებთ”. წყლის საყიდლად მინდოდა შესვლა და აღარ შევედი.
###
N-ს უზარმაზარ შვებას ანიჭებს ის, რომ აქ კარიერული კიბე უფრო მოკლეა და ნაკლები შესაძლებლობაა, რადგანაც მოსკოვში შესაძლებლობების მრავალფეროვნება და ამპლიტუდა თვალმიუწვდომელი იყო. აქ კი ბევრად, ბევრად ადვილია.
###
13 წლის N 1990 წელს ისრაელში წაიყვანეს. ის ჩხუბობდა, ტიროდა - მათემატიკის სკოლა, მოსკოვი, მეგობრები. ამბობდა: „რატომ წამომიყვანეთ?”. 20 წლის უკან დაბრუნდა, სამი კვირის წინ თბილისში წამოვიდნენ. გუშინ ბავშვმა ისტერიკა მოაწყო: „რატომ წამომიყვანეთ?“ მათემატიკის სკოლა, მოსკოვი, მეგობრები.
###
მოსკოველი ძიძა N პატივს სცემდა პუტინს და ოცნებობდა, რომ თავის ერთობ სოლიდურ ასაკში შეეწყვიტა ადამიანებთან მუშაობა და ახალი სამსახური დაეწყო მეგარდერობედ ლენინკაში[4] - თითქოს ადგილსაც კი პირდებოდნენ იქ. N მას პუტინზე გამოელაპარაკა, შეეცადა რაღაცები აეხსნა, - არ გამოვიდა. ძიძამ ისინი თვალებზე ცრემლებით გააცილა, ბავშვს გზად საჩუქრები უყიდა, მტკივნეულად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. N საუბრობს ამაზე და თვითონვე ტირის: „აი ხომ გამოგვდის რომ ადამიანები ვიყოთ ამ ყველაფერს მიღმა”.
###
N ამბობს: ჩვენ ემიგრაციაში არ ვართ, ცხადია, აქ იმიტომ ვართ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. ჩვენ დავბრუნდებით - საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის და როგორ. ბინიდან ისე გამოვედით, როგორც გვხედავ, დავტოვეთ ნივთები, რომლებიც არავის ჭირდება, მხოლოდ ჩვენთვისაა ძვირფასი. წიგნებია იქ, ბავშვის სათამაშოები, ორი ათასი ფირფიტა. სარეცხი დავტოვეთ იქ გაკიდებული”.
###
27 მარტს იმართება პუტინის ფიტულის დაწვა. ფიტული გატენილია თივით, თავზე მიკრული აქვს პუტინის ფოტოგრაფია, მოკლე ხელები მოწამესავით აქვს დაწყობილი, და, ერთიანობაში, პუტინი გავს ადამიანს, რომელიც დახვრეტას ელოდება. ჰაერში უხერხულობის განცდა ტრიალებს. ფიტულის გარშემო, პირველ სარტყელში - რამდენიმე ტელეკამერაა, ერთ-ერთი ჟურნალისტი ღიათმიან გოგონას ესაუბრება და ის უხსნის, რომ აქ არის „დაუსჯელობის იმედგამაცრუებელი განცდა”.
###
„თბილისში ყოფნა ლიმბოა - ამბობს N. - ვფიქრობ, რომ მოვკვდი, და ეს ყველაფერი წყვდიადის წინ მელანდება.
კომენტარები ავტორის ფბ გვერდზე
###
-ოჰო... პირდაპირ თავბრუ მესხმის წაკითხვის შემდეგ. დიდი მადლობა ამ უზარმაზარი, არარეალური სამუშაოსთვის.
###
რამხელა ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის: რუსებისთვის, რუსულად მოსაუბრეებისთვის, რუსულად მოფიქრალებისთვის, მათთვის ვისაც რუსულად და რუსეთი გვესიზმრება. როგორი მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რა გვიქნეს ჩვენივე ჩუმი თანხმობით. ახლა დილიჟანში ვარ, შემომიარეთ როცა სომხეთში იქნებით.
###
ეს ჩანაწერები მძიმე და საზარელი საკითხავია. ეს იმიტომ, რომ ჩემს სულელ გონებას ჯერაც ეჩვენება, რომ ცოტაც-და მოვიფიქრებთ, რა უნდა ვქნათ, რაღაც დიად ქმედებას - და ყველაფერი გამოსწორდება. სიცოცხლე, ქალაქები უკრაინაში, სიცოცხლე, მოკლულები. აი როცა ამ ჩანაწერებს კითხულობ... გასაგებია, რომ ყველაფერი შეუქცევადია
###
და ვისია ყირიმი?
###
თბილისში ჯერ კიდევ კოვიდამდე გადმოვედი. ერთი წლის წინ შევუკვეთე სპორტული კოსტუმი: ყვითელი შარვალი და ცისფერი ზედა. მერე დიდხანს თვითონვე ვერ ვხვდები, რატომ. ახლა ვიცვამ, როგორც მანიფესტს.
###
- მე, ცხადია ყველაფერი მესმის, მაგრამ მოსკოვს რაღა ჯანდაბად მოათრევენ თავიანთ თავთან ერთად?
- ეს რუსების “უნიკალური უნარია: - არ შეცვალონ თავიანთი ქვეყანა, და სამაგიეროდ, ყველგან, სადაც ორნი მაინც აღმოჩნდებიან ერთად, მოიწყონ პატარა (ან არც ისე პატარა) რუსეთი. შემდგომ ქართველებს მოუწევთ შეეჩვიონ და შეიცვალონ და არა, თბილისი ვერ გახდება მოსკოვი, მეტისმეტად ცოტა ფულია ამისთვის. გახდება რომელიღაც რუსული პროვინცია. სამწუხაროა, რომ მათ ეს არ ესმით. არც იქით, არც აქეთ.
- ქართველებს ყველაფერიც ესმით და ძალიან არაღფრთოვანებულები არიან.
###
-ეჰ, მეც დამრჩა კიივში სარეცხი...
-მე კიდევ ბუჩაში.
###
თუკი კითხულობვს ვინმე, ვინც cuddle party-ს ნატრულობს: ადით ბოლო-ბოლო ლისზე, ძაღლების თავშესაფარში ან ელიზბარაშვილისას მიაკითხეთ. გაისეირნეთ ძაღლებთან ერთად. აქ ისინი ძალიან კეთილები არიან და მათაც სჭირდებათ სხეულებრივი კონტაქტი
###
ჩაიხრჩვე დნიპროში!
###
- აი სულ ველოდი, როდის იტყოდით თქვენ, რუსეთის მაღალ-ინტელექტუალური ადამიანები, რომ თქვენი პუტინი - ხუილოა, თქვენი ქვეყანა - ოკუპანტი, რომ სისხლი და სიკვდილი მოგაქვთ უკრაინისთვის... არა, არასდროს. ახალგაზრდობაში ვწვალობდი თქვენი წიგნები რომ მეშოვა (არ იყო ადვილი მათი გამოწერა კიივში), აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით... სამწუხაროა. სიცარიელეა. გულწრფელად თქვით: თქვენ, პირადად, არ გრცხვენიათ თქვენი აპოლიტიკურობის? იმის, რომ თქვენი გულგრილი მდუმარებით ხელი შეუწყვეთ ამ ომის წამოწყებას?
- ლინორი ისრაელელია
###
დამოუკიდებელი რუსული წიგნის მაღაზია უკვე არის თბილისში, შემოგვიარეთ.
###
24 თებერვლამდე თავი მიმაჩნდა ადეკვატურ, ტოლერანტულ და მშვიდობიან ადამიანად.
###
არ შეიძლება ენის შედარება ღირსება აყრილ ქალთან. ენა არის იდეა, რომელიც შეიძლება საშინელი ძალადობით მოგახვიონ თავს,
###
ქართველები და სომხები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ფოტოებს ბუჩადან, მარიუპოლიდან, ხარკივიდან, კიივიდან. დიდი ყურადღებით. განსაკუთრებით დღევანდელებს, 3 აპრილისებს[…] თქვენც ხომ კარგად იცით, როგორი მშვენიერია მიწა, სანამ იქ რუსები ჩავლენ.
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
შენიშვნები
[1] Демшиза – 90-იანების რუსეთში გაჩენილი ნეოლოგიზმი. დემოკრატია+შიზოფრენია. ამ პერიოდის რუსეთში იყენებდნენ დემოკრატიული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის და მათი იდეების ფსიქიკურ დაავადებებთან გასაიგივებლად.
[2] „ყველა რუსი პუტინი არ არის“
[3] Два капитана - საბჭოთა რუსი მწერლის, ვენიამინ კავერინის საბავშვო-სათავგადასავლო რომა
[4] რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, მოსკოვში. 1992 წლამდე ლენინის სახელობის იყო.