ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გარემოვაჭრეობის სოციო-ურბანული ანატომია | თამუნა ქებურია

„ესეთი წვრილმანი სულ უნდათ, ბაზარს რომ მოითავებენ და ლარი ან ორი მორჩებათ. აქ ჩამოივლიან და რამეს მაინც იყიდიან, ხელს გააყოლებენ. როცა იცის, რომ აქ შეხვდება გზად, იქ შიგნით, ბაზარში, სპეციალურად არ წავა საყიდლად, აქ გააყოლებს ხელს. მეც ისე ვარ, ბევრს და ძვირიანს ვერაფერს ვყიდულობ. ესეც, რაც მიწყვია, სულ ნისიად მაქვს აქაური ოპტავშიკისგან აღებული, საღამოს მერე ჩამოივლის და ნაწილ-ნაწილ აკრეფავს, აქ ვინც ვდგავართ, გოგოებისგან ნაღდ ფულს“, – ამბობს ავტოსადგურის მიმდებარედ, ბათუმის ერთ-ერთი ბაზრის შესასვლელთან, 40-45 წლამდე გარემოვაჭრე ქალი. მისი 15 წლის გოგოც იქვე დგას, მხრებზე სალტეებით პატარა დაფა ჰკიდია, რომელიც მუცელსა და მკერდს შორის ებჯინება და ზედ სხვადასხვა ზომის რვეულები, კალმები, ფანქრები და სასკოლო ნივთები უწყვია. ყველაზე კარგად ფერადი ბლოკნოტები ეყიდება, რომელიც წინა ღამეს თვითონ დაამზადა, მიხსნის დედამისი. წინასასკოლო პერიოდია და წვრილმანი სასკოლო ნივთებისთვის აქ ყველა გარემოვაჭრეს აქვს ადგილი დახლზე, მაგრამ ასეთი ლამაზი და ფერადი, ბისერებით გაწყობილი ბლოკნოტი გასაყიდად არავის უდევს. გოგოს დედა, შედარებით განიერ და გრძელ დახლ-ფიცართან დგას, რომელიც დამრეცად აუყუდებია და ზედ თოკები აქვს მწკრივად შემოკრული. თოკების ქვეშ სხვადასხვა ფერის თუ ნაჭრის საცვლები, წინდები, ლიფები, უმკლავო მაისურებია ამოდებული. დახლის ზედა მარჯვენა მხარეს თმის სამაგრები, აბადოკები, „ნივიძიმკებია“ დალაგებული; მარცხნივ მანიკურები, სახის პუდრები, თვალის ტუშები და სხვა წვრილი კოსმეტიკური ნივთები. ცენტრში ორი-სამი ბზინვარე ნაჭრის უხელო, სრული ღამის პერანგი აწყვია. ეს ყველაზე ძვირიანიაო, ამბობს, კვირაში ერთი თუ გავყიდე, მყოფნის, მე თვითონ ვკერავდიო. ახლა საკერავი მანქანა გაუფუჭდა და ვეღარ კერავს. სხვა ნივთებს ერთ „საბითუმო“ მაღაზიაში იღებს. მაღაზიის მეპატრონეს დიდი ხანია იცნობს და ის წინდაწინ აძლევს, დღის ბოლოს კი ნავაჭრიდან უბრუნებს ფულს. სხვა ყველა ესე შვრებაო, მიხსნის.

მოგვიანებით შევამჩნიე, რომ დახლ-ფიცრის აწეულ მხარეს, სადაც გამყიდველი დგას და ხელი დახლის ჟანგმოდებულ რკინის სახელურზე უდევს, ორი დიდი ბორბალია მიმაგრებული. გარემოვაჭრეებისთვის გადაადგილება აუცილებელია – ისინი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. დღისით, ბორბლიან ურიკებს ბაზრის მიმდებარედ, ხალხმრავალ ადგილებში მიაგორებენ. ღამე, გარეთ ურიკას არავინ ტოვებს – აყრის და დემონტაჟის ეშინიათ. ბორბლები ხსნაა მაშინაც, როცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შემოწმებაზე შემოივლის, დახლი წამებში გადაგორდება მოფარებულში და მიიმალება.

2016 წლიდან ვაკვირდებოდი გარემოვაჭრეობას, როგორც, ერთი მხრივ, საჯარო სივრციდან განდევნილ, თუმცა, მეორე მხრივ, კონკრეტულ ურბანულ სივრცეებზე შეზრდილ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა დროს ხან თვითგადარჩენის ერთადერთ გზად, ხან „არალეგალურ“ საქმიანობად, და ხანაც ურბანული იერსახის „დამამახინჯებელ“ პრაქტიკად იყო მონიშნული. ბოლოს, 2020 წლის სექტემბერში, ბათუმში საველე სამუშაოს დროს გავესაუბრე გარემოვაჭრეთა ორ ჯგუფს – ბათუმის ბაზრის შესასვლელთან თავმოყრილ მოვაჭრეებს და სარფის საბაჟოზე გადამსვლელ ქალებს, რომლებიც საქონელს თურქეთში ყიდიან. მაშინ ბათუმში პანდემიის მეორე ტალღა ჯერ კიდევ არ იყო აფეთქებული, სკოლებიც სწავლის განახლებას ელოდებოდნენ და ქუჩებშიც მრავალი ადამიანი ირეოდა.


ისტორია

ისტორიულად საქართველოს ქალაქები – თბილისი, ბათუმი თუ სხვა – ამეირკავკასიაში დინამიკურ და ჭრელ სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდა, სადაც მრავალი ეროვნების, სოციალური სტატუსის ადამიანთა ჯგუფი იყრიდა თავს და სხვადასხვა წარმომავლობის პროდუქციას, ფულს თუ ისტორიას ცვლიდა ერთმანეთში. ამას ასევე ხელს უწყობდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ბაქოდან თბილისამდე და თბილისიდან ბათუმამდე რკინიგზის გაყვანა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარე პოლიტიკურმა ტრანსფორმაციებმა კი საქართველოს ქალაქებს ვაჭრობასთან დაკავშირებული ეს იდენტობა – მრავალფეროვნების, კულტურული მიმოცვლის და პოლიფონიურობის – დაუკარგა, ხოლო ამ პერიოდში მოქმედი ყოველი ახალი პოლიტიკური რეჟიმი ახალ დღის წესრიგს უწესებდა ვაჭრობის სფეროს.

საბჭოთა კავშირში ვაჭრობა და ამ გზით მოგების მიღება უკანონო საქმიანობას წარმოადგენდა, რასაც თან ერთოდა მორალურ-იდეოლოგიური წნეხი. დეფიციტური ეკონომიკის პირობებში, სავაჭრო სივრცეები და სარეალიზაციო პროდუქცია მკაცრად კონტროლდებოდა. მათ, ვისაც გამორჩეული ან „უცხო“ პროდუქციის შეძენა სურდა, ან ელიტარული მაღაზიებით უნდა ესარგებლა (როგორიც იყო რუსეთში ბერიოზკა, უკრაინაში კაშტანი, ლატვიაში ძინტარი)[1], სადაც მხოლოდ უცხოური ვალუტით ან სპეციალური ჩეკებით ხდებოდა პროდუქციის შეძენა, ანდაც ე.წ. შავ ბაზარზე ჰქონოდა წვდომა.

საბჭოთა კავშირის ნგრევამ ბერლინიდან ულან-ბატორამდე სოციალისტური წყობის დასასრული, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადაწყობა და მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონი მოიტანა, რისი მსხვერპლი საქართველოს ეკონომიკაც გახდა – მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 70%-ით შემცირდა, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8,400%-ს მიაღწია, ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი 60%-ით დავარდა, ხოლო შრომითი ძალის 67% ფორმალური დასაქმების სივრცეების მიღმა დარჩა[2]. უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოფლის მეურნეობას მიაშურა, ხოლო დანარჩენებმა თვითგადარჩენის ახალ სტრატეგიებს მიმართეს – მათ შორის, ვაჭრობას[3]. სწორედ ამ პერიოდში მოიკიდა ფეხი საქართველოში გარემოვაჭრეობამ. მიუხედავად საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მემკვიდრეობად დატოვებული სირცხვილის განცდისა, რაც ვაჭრობით თავის გატანას უკავშირდებოდა[4], 90-იანებში უსარჩოოდ დარჩენილმა ადამიანებმა მინიმალური შემოსავლისთვის კუსტარული დახლები მოაწყვეს საჯარო თავშეყრის ადგილებში და პირადი მოხმარების ნივთების – წიგნების, ტექნიკის, ჭურჭლის – გაყიდვა დაიწყეს. დროთა განმავლობაში ვაჭრობის სფერო გაიზარდა და დაიხვეწა, გაიზარდა ამ სფეროში ჩართულ ადამიანთა ქსელები და მოსახლეობის სამომხმარებლო პოტენციალიც.

დღეს, ტურისტულ ქალაქად ქცეულ ბათუმში, გარემოვაჭრეობა ქალაქის აკუსტიკისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, სადაც გარემოვაჭრე ქალები, ერთი მხრივ, უხილავი სიღარიბის, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკის მიერ მოუხელთებლობის მაგალითად რჩებიან. არაერთი მცდელობის თუ სისტემური მიდგომების მიუხედავად, რომ საჯარო სივრცეები დაცლილიყო გარემოვაჭრეობისგან – იქნებოდა ეს მასობრივი პრივატიზაცია, საჯარო სივრცეების მოდერნიზაცია და წმენდა, საპოლიციო კონტროლი თუ გარევაჭრობის კრიმინალიზება, ის კვლავ ქსელურ და მოუხელთებელ საქმიანობად რჩება, რასაც მასში მონაწილე ადამიანთა ადაპტაციის და წინააღმდეგობის უნარები, დაბალი სოციალური ფენის მომხმარებლებიდან წამოსული მოთხოვნა და დღემდე დაუძლეველი სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი კვლავაწარმოებს.


საპოლიციო კონტროლი

„ხშირად გამიგია, გარემოვაჭრეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებენო. ისიც გამიგია, რომ ამის გამო არაერთს შექმნია პრობლემა და პოლიციამ გაყარა იმ ადგილებიდან. ამიტომ ავირჩიე მე ეს ადგილი, ისედაც მახინჯი და უსუფთაო ბაზრის შესასვლელი. აქ ვერაფერს დავამახინჯებ და ვერც ვერავინ შეგვამჩნევს“, – ამბობს ბათუმის ბაზრის შესასვლელთან 50 წელს გადაცილებული, შავებით შემოსილი ქალი, რომელსაც ვაჟიშვილი ავტოავარიაში დაეღუპა, მისი რძალი ოჯახის შემოსავლის საძიებლად თურქეთში სამუშაოდ წავიდა და პანდემიის გამო იქ ჩარჩა, ხოლო თვითონ შვილიშვილის სარჩენად წლებია გარემოვაჭრეობას ეწევა და ბავშვთა სასკოლო პერანგები, ტრუსები, ჭრელი წინდები აქვს გამოფენილი ურიკა-დახლზე. დახლის წინ სხვადასხვა ზომის ქამრებიც ჩამოუკიდია, ხოლო მის გვერდით, ღობეზე რამდენიმე სასკოლო ჩანთაცაა მიმაგრებული გასაყიდად.

როდესაც ვარდების რევოლუციის მთავრობამ რადიკალური ნაბიჯები გადადგა ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციისთვის, ამ პოლიტიკამ მანამდე კოლექტიურად გაზიარებული საჯარო სივრცეები პრივატული და ექსკლუზიური გახადა, ხოლო გარევაჭრობა ურბანული ესთეტიკისთვის შეუსაბამო პრაქტიკად გამოაცხადა[5]. გარემოვაჭრეები, თავიანთი პირადი თუ პროფესიული ბიოგრაფიებით, ვერ ჩაეწერნენ ნეოლიბერალური პროგრესის და განვითარების ცალმხრივად წარმოებულ პროექტებში, რის გამოც სახელმწიფო მზერისთვის უცხო, ამოვარდნილ და ჩამორჩენილ სხეულებად მოინიშნენ. შესაბამისად, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ ზემოდან ინიცირებულმა „განვითარების“ პროექტებმა – საჯარო სივრცეების პრივატიზაციამ, ურბანული გარემოს მოდერნიზაციამ (იგივე ფასადურმა პოლიტიკამ) თუ სამუშაო ძალის გადამზადებამ (რაც გულისხმობდა დაინტერესებული ადამიანებისთვის ინგლისურის და კომპიუტერული უნარების სწავლებას) ადამიანთა ეს ჯგუფი ვერ გაიწოვა საჯარო სივრცეებიდან, საბოლოოდ სახელმწიფო უწყებებმა საპოლიციო კონტროლს და რეპრესირებას მიმართეს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პოლიცია გარემოვაჭრეებს დევნიდა, მათ დახლებს შლიდა და პროდუქციას ართმევდა[6]. გარემოვაჭრეებიც ყოველ ჯერზე რეპრესირების განახლებულ ტალღებს უფრო და უფრო მომზადებულნი ხვდებოდნენ. ზოგმა დახლები ურიკებად გადააქცია და ბორბლები შეუყენა სწრაფად გადასაადგილებლად, ზოგი მალვით და მოფარებულში დგომით შეეცადა, თვალში არ მოხვედროდა ძალოვნებს, ზოგმა კი პრივატული ურთიერთობის გაბმა სცადა და „ადამიანურ ფაქტორს“ მოეჭიდა: „ვიცით, რომ არ გვწყალობენ ბაზრის გარეთ მდგომ მოვაჭრეებს, მაგრამ ჩვენ ისე ვართ, მოფარებულში, მორიდებულად... თან იძულებულები ვართ, ესე ცოტა-ცოტა პროდუქტები დავალაგოთ ჩვენს ურიკებზე, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ადვილად დავმალოთ. ზოგი კიდევ გვიცნობს უკვე, გვეტყვის, აქ რას დგახარ, აალაგეო და ჩაგვივლის“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გარემოვაჭრეთა რაოდენობის აღრიცხვას არ აწარმოებს, შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა, ადამიანთა რა რაოდენობაზე ვსაუბრობთ, როდესაც გარემოვაჭრეობის წინააღმდეგ გაწეულ სახელმწიფო პოლიტიკას ვაფასებთ. უცნობია ასევე გარემოვაჭრეთა შრომის და სოციალური უსაფრთხოების სპეციფიკა – სამუშაო საათები, შრომის სიმძიმე, მათი უფლებრივი თუ სოციალური სტატუსი. საჯარო სივრცეებიდან გარემოვაჭრეთა სისტემურ განდევნას არა მხოლოდ სივრცითი მახასიათებელი, არამედ სოციალური და უფლებრივი მდგენელიც ჰქონდა – გარემოვაჭრეთა ჯგუფი უხილავი და მოუხელთებელი გახდა ყველა სახის სოციალური პოლიტიკისთვის. ეს პანდემიის პირობებში შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა დახმარებების პოლიტიკამაც დაადასტურა, რადგან მათ ყველაზე მცირებიუჯეტიანი, თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი 300-ლარიანი დახმარებებიც კი არ შეეხოთ. „90-იანი წლებიდან არავის არ გავხსენებივართ, საერთოდ თუ რამე ქვეყანაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს, ეგეც არ ვიცი. ერთადერთი, ვისაც ვახსენდებოდით, პოლიციის ბადრაგი იყო, ისიც, თუ ძაან თვალში მოვხვდებოდი გამოსაჩენ ადგილას... ეხლა ამ პანდემიის დროს რო სულ აკრძალეს გარეთ ყოფნა, ჩემი არსებობა-არარსებობა ვისღა გაახსენდებოდა, ვინ მომცემდა მე ეხლა იმ დახმარებას?!“ – განმიმარტა კიდევ ერთმა გარემოვაჭრე ქალმა, რომელიც მოგვიანებით შემოუერთდა ჩვენს ჯგუფურ საუბარს და თავისი დახლი დროებით ჰქონდა მიტოვებული, მაინც არავინ ყიდულობს დღეს არაფერს, 15 წუთით თქვენთან საუბარი არაფერს გადამიწყვიტავსო. 



ლიმინალურობა

უკანასკნელ წლებში სოციალური რეალობიდან აცდენილმა მოდერნიზაციის და ნეოლიბერალური ექსპერიმენტების პოლიტიკამ ახალი კონტურები გაავლო არა მხოლოდ გარემოვაჭრეთა სხეულებზე, არამედ სავაჭრო სივრცეების გეოგრაფიაზეც. იმის გამო, რომ ღია თუ დახურული ბაზრები პრივატიზაციისთვის მიმზიდველ სივრცეებად იქცა, გაკერძოებული ბაზრების ტერიტორიებზე მხოლოდ შედარებით ხელგამართულმა მოვაჭრეებმა შეძლეს სავაჭრო დახლების შენარჩუნება, მაშინ როდესაც დაბალი ფენის წვრილმოვაჭრეებმა ბაზრის პერიფერიებზე გადაინაცვლეს – „დღეს იქ რომ შეხვიდე, ბაზარში, დახლთან, დიდი ტავარი გინდა, მაგის გარდა კიდე ზევიდან დახლის ქირაობის საფასური უნდა აძლიო მეპატრონეს. ეხლა მაგის ფული რომ მქონდეს, აქ კი არ ვიდგებოდი, ბაზრის შესასვლელთან?! შევიდოდი აგერ შიგნით, არ დამაწვიმდა, ქარი არ გამიფანტავდა ტავარს. ჩვენ აქ ჩვენი ნებით კი არ ვდგავართ?! ასე მოიტანა ცხოვრებამ“, აღნიშნავს ყველაზე მომცრო ზომის დახლ-ურიკასთან მჯდომი ქალი, რომელსაც მხოლოდ ჰიგიენის და კოსმეტიკის პროდუქცია მოუმარაგებია დახლზე, და მყიდველის მოსაზიდად, იქვე სატესტო მაკიაჟის გაკეთებასაც სთავაზობს გამვლელებს.

დღეს ვაჭრობის სფეროს უდიდესი ნაწილი კომერციული და პრივატიზებული დაწესებულებების საზღვრებშია მოქცეული, იქნება ეს აგრობაზრები, ღია ტიპის ბაზრობები, მეორეული საქონლის და ძველმანებით ვაჭრობის სივრცეები თუ შოპინგ-მოლები. ამის პარალელურად, ამ სივრცეების პერიფერიებზე დარჩენილი გარემოვაჭრეები სულ უფრო და უფრო ტოვებენ საჯარო სივრცეებს და ისეთ ადგილებში ინაცვლებენ, სადაც მათი არსებობა ძალაუფლებრივი ველებისთვის შეუმჩნეველი და უხილავი რჩება. ასეთ სივრცეებს დღეს ე.წ. ლიმინალური სივრცეები წარმოადგენენ, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეში გადასასვლელი შუალედური სივრცეებია – მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, კიბეები, ბაზრების შესასვლელები და გამოსასვლელები, ფეხითმოსიარულეთა გამტარი ტროტუარები, რკინიგზის სადგურები, ავტოსადგურები და სხვა. ცხადია, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ ურბანულ ლანდშაფტში გარემოვაჭრეებს სწორედ ეს სივრცეები აქვთ ყველაზე მეტად ათვისებული. მსგავს ლიმინალურ სივრცეებში ისინი ყველაზე უსაფრთხოდ, შეუმჩნევლად და მოუხელთებლად გრძნობენ თავს, რადგან ეს სივრცეები მათ ყოფით რეალობას, ცხოვრებისეულ ტრაექტორიებს, დროით და სივრცით დასაზღვრულობას ირეკლავს.

ლიმინალური სივრცეების ცნების შესახებ ყოვლისმომცველ და ღრმა ანალიზს ანთროპოლოგი, ვიქტორ ტერნერი ავითარებს თავის ნაშრომებში[7]. მისი განმარტებით, ლიმინალურობა შუალედურ საფეხურს, ერთი მოცემულობიდან მეორეში გადასასვლელ რგოლს გულისხმობს. ლიმინალობა ჩნდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს „არც იქ, არც აქ“ მდგომარეობას და ადამიანები ან კოლექტივები, რომლებიც ისწრაფვიან ახალი მოცემულობისკენ, იჭედებიან ერთგვარ ლიმბოში, როდესაც წარსული უკან არის მოტოვებული, თუმცა მომავალი დახშულია. გარემოვაჭრეებიც სწორედ ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ – 90-იანების მძიმე რეალობიდან გამოღწეულებისთვის, შესაბამისი სივრცე და ადგილი თანამედროვეობაში ვერ მოიძებნა. ისინი ვერ შეითვისა „გათანამედროვეობის“ და „განვითარების“ ახალმა პროექტებმა, რადგან ამისთვის არც საკმარისად ახალგაზრდები, არც საკმარისად მოდერნულები და არც საკმარისად შეძლებულები აღმოჩნდნენ. „სულ პატარა ასაკის გოგო-ბიჭები უნდათ დღეს სამსახურში, ჩემნაირი ასაკოვანი ქალი ვის ენდომება?! ჩემი უმაღლესი განათლებაც არაფერში გამოდგა. თან ისეთი ახალი პროფესიებია, რომ მე რაში უნდა გამოვადგე?! აქ რომ დავდექი, 500 ლარი ვისესხე და მაგით დავიწყე თავიდან და დღემდე ესე ვწვალობ. ჩემს შვილებს მშივრად ვერ დავყრიდი, ჩემი პატრონი არავინ იყო და სხვა რა უნდა მექნა?!“ 



წინააღმდეგობა

2020 წლის ზაფხულში გარემოვაჭრეთა ჯგუფმა, რომლებიც სარფის საბაჟოზე ყოველდღიურად გადადიოდნენ და თურქეთის მხარეს ვაჭრობდნენ, ხმაურიანი პროტესტი გამართა მოთხოვნით, რომ გახსნილიყო სარფის სასაზღვრო და შესძლებოდათ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება თურქეთის მხარეს – „ვერანაირ დახმარებას ჩვენ ვერ ვიღებთ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გახსნათ ეს საზღვარი, რომ ჩვენს სიღარიბეს ჩვენვე მივხედოთ და ეხლა ესეთ მდგომარეობაში არ ვიყოთ. სახელმწიფო ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას და ჩვენ მაინც მივხედავთ ჩვენს თავებს“, – ამბობს აქციის ვიდეოჩანაწერიდან ერთ-ერთი ქალი. პასუხად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი მას 300-ლარიან დახმარებას ჰპირდება, რაზეც ირონიულ შენიშვნას იღებს, მას თუ ეყოფოდა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თავის გასატანად. დაპირებებს შორის ასევე ისმის დასაქმების სააგენტოში მოვაჭრეების დარეგისტრირება, მათი გადამზადება და ახალ სამსახურებში დასაქმება. რა თქმა უნდა, ამ დაპირებისა აქციის არცერთ მონაწილეს არ სჯერა და ისევ ირონიულად შენიშნავენ: „არ ვიცით, ბატონო, ჩვენ ეს ინგლისური და კომპიუტერი, ვერც ვისწავლით აწი და გაგვანებეთ თავი, გვაცალეთ, რაც ვიცით იმის კეთება“[8]. საბოლოოდ, აქ ორგანიზებულმა ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რომ 300-ლარიანი დახმარებები აიღეს, თურქეთში დასაქმების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ საზღვარი მათთვის კვლავ გაიხსნა (ე.წ. მეორე ტალღის აფეთქებამდე, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, უცნობია) და დასაქმების სააგენტომ აღრიცხვაზეც აიყვანა, როგორც სამსახურის მაძიებელი პირები.

სარფის საბაჟოზე გადამსვლელი აჭარელი მოვაჭრეების პროტესტის შემთხვევა უპრეცედენტო იყო და მან ორგანიზების მნიშვნელოვანი მაგალითი შექმნა, სადაც კოლექტიური მოქმედების შედეგად სახელმწიფო უწყებები იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ და თავიანთი პოლიტიკური თუ ძალაუფლებრივი ლეგიტიმაციისთვის საფრთხე აერიდებინათ. ეს შემთხვევა ასევე უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისით, თუ როგორი ღია და მოქნილი გახდა სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ გარემოვაჭრეობით დაკავებული ადამიანები ფორმალური გზებით დაერეგისტრირებინათ, როგორც ერთჯერადი დახმარების მიმღებად, ასევე გრძელვადიანი საჭიროების მქონედ. მეორე მხრივ, ამ მოცემულობაში გარემოვაჭრეთა ამ ჯგუფისთვის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა საფრთხის შემცველი და სარისკო აღარ იყო, მათ ბრძოლით და ძალთა მობილიზებით დაიბრუნეს საკუთარი აგენტობა და თავიანთი წუხილი გასაგებ და ლეგიტიმურ ხმად აქციეს საჭიროებებისა და საწუხარის უწყვეტ კაკაფონიაში.

დღეს გარემოვაჭრეობა არათუ სპონტანური ან პრიმიტიული სახის ეკონომიკური საქმიანობაა, რომელიც განვითარებასთან ერთად გაქრება ან გაიწოვება, არამედ ქსელურია და ბევრ სხვადასხვა აქტორს აერთიანებს – დისტრიბუტორებს, საბითუმო მაღაზიების მფლობელებს, გადამზიდავებს, დახლების მეპატრონეებს, დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებს, სარფის საბაჟოზე გადამსვლელ „ჩელნოკებს“. გარემოვაჭრეობის ეს ქსელები კიდევ უფრო იხლართება, მკვეთრდება და ურთიერთდამოკიდებული ხდება. ეს კი სახელმწიფოს წინაშე ახალი ტიპის გამოწვევებს აყენებს და ახლებური პოლიტიკური ხედვის აუცილებლობას ქმნის. ეს პოლიტიკური ხედვა ვერ დაეფუძნება აქამდე არსებულ იგნორირების, საპოლიციო კონტროლის ან სოციალური მგრძნობელობის გარეშე დაგეგმილ განვითარების პოლიტიკას, არამედ საჭიროა გახდეს მეტად მოქნილი, ღია და ინკლუზიური.

  

 მითითებული წყაროები:

[1] Anna Ivanova, ‘Shopping in Beriozka: Consumer Society in the Soviet Union’, n.d., 21.

[2] ეს მონაცემები თავმოყრილია შემდეგ ანგარიშებში: Sabine Lucie Bernabe, ‘Informal Labour Market Activity: A Social Safety Net during Economic Transition? The Case of Georgia.’ (United Kingdom, London School of Economics (LSE), 2005); Nora Dudwick, ‘Georgia: A Qualitative Study of Impoverishment and Coping Strategies’, in Georgia Poverty and Income Distribution, vol. 2, 19348-GE (Washington,: World Bank, 1999).

[3] 1999 წლისთვის შრომის ძალად რეგისტრირებული მოსახლეობის 52% არაფორმალურად იყო დასაქმებული, მათგან 34% კი სოფლის მეურნეობის სფეროზე მოდიოდა.

[4] Deema Kaneff, ‘The Shame and Pride of Market Activity: Morality, Identity and Trading in Postsocialist Rural Bulgaria’, in Markets and Moralities, ed. Caroline Humphrey and Ruth Mandel (Berg, 2002), 33-53.

[5] Paul Manning, ‘The Hotel/Refugee Camp Iveria: Symptom, Monster, Fetish, Home.’, in City Culture and City Planning in Tbilisi: Where Europe and Asia Meet, ed. Kristof Van Assche, Joseph Salukvadze, and Nick Shavishvili (Lewiston, N.Y: Edwin Mellen Press, 2009), 319-49.

[6] Lela Rekhviashvili, ‘Marketization and the Public-Private Divide: Contestations between the State and the Petty Traders over the Access to Public Space in Tbilisi’, ed. Associate Professor Carola Silvia Neugebauer and Lela Rekhviashvili, International Journal of Sociology and Social Policy 35, no. 7/8 (1 January 2015).

[7] ამ საკითხზე ტერნერი ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს წარმოადგენს: Victor Witter Turner, The Ritual Process: Structure and Anti-Structure (Aldine Publishing Company, 1969).

[8] ბათუმელები • Batumelebi.ge, აქცია სარფის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, 2020 წლის 1 ივლისის ჩანაწერი.