"ღმერთის დიაპაზონი" | რეცენზია
და იწყებს კივილს ცისქვეშეთი, სარკისებური
ნათია გიორგაძის „ღმერთის დიაპაზონის“ კითხვისას, უპირველეს ყოვლისა, გრილი ლავის ასოციაცია გამიჩნდა. ახალი კრებულის ენობრივი ქსოვილი ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტაენობრივი განზომილება საშიში, საფრთხისშემცველი, უკარება, ტკივილისმომგვრელი სიგრილის შეგრძნებას ბადებს.
„ღმერთის დიაპაზონის“ გაცნობისას შეუძლებელია, მკითხველის ყურადღება არ მიიქციოს ბგერების უჩვეულო ვიბრაციამ. „უჩვეულოა“ იმდენად, რამდენადაც ბგერათა ლივლივს მხოლოდ განსაკუთრებული სმენის, ყნოსვის, შეგრძნების მქონე მკითხველი თუ შეძლებს. შესაბამისად, ნათია გიორგაძის კრებული არ არის მასკულტურისთვის განკუთვნილი „პროდუქტი“, მას ვერ გახლეჩ, ვერ აციტირებ, ვერ დაანაწევრებ, ისევე როგორც ლია სტურუას გენიალურ პოეზიას. თითოეული ლექსის (მე ვიტყოდი, პოეტური პარტიტურის) სტრუქტურა დაუნაწევრებელია, შედუღაბებულია, მკაცრია. სიმკაცრეს განაპირობებს პოეტის ქვეტექსტუალურ დინებებად დაქსელილი შთაბეჭდილებების, აღქმების, ხედვის რაკურსების კომპლექსური ბუნება (სილუეტებად რომ ილანდებიან ტექსტის ზედაპირზე), ანუ ის, რაც მკითხველმა უნდა განიცადოს, ჯერ აღმოსაჩენია.
ერთი წამით დავაკვირდეთ, როგორ „ასხივებენ“ ნათია გიორგაძისეული ბგერები:
„თითქოს ზამთრის ხეზე ხურმა ესხას,
შაშვებს კი ახლოსაც არ უშვებდეს“.
ან:
„არც ღამის ცაზე ვარსკვლავები,
არც ცირა ყურაშვილის „ასფალტის ყვავილები“,
არც ჰანს ციმერი,
ცისხელა ველზე მოსიარულე,
არ გიშველის,
ტყე - ხეებს შორის ჩამდგარი ნაღველია“.
დაკვირვებული მკითხველი ამ ორი ლექსის ნაწყვეტებშიც იგრძნობს ემოციის ციმციმს, იმ, ერთი შეხედვით, უჩინარ, თუმცა ფოსფორივით მანათობელ მელოდიას, რაც ნათია გიორგაძის პოეტიკის მახასიათებელი ნიშანია. სწორედ ეს იდუმალება, ლანდებად, აჩრდილებად, ჟელატინისნაირ სუბსტანციად ქცეული ტკივილი და შიშია „ღმერთის დიაპაზონის“ კამერტონი.
***
ერთ-ერთ ლექსში ავტორი პოეზიას ასე მიმართავს:
„ჩემო დეფორმირებულო ღმერთო,
ესაა ჩემი სიმდიდრე,
ვიტყვი: აეიოუუუუ-ს, მეტყვი:
ნუ გეშინის ხმისა...“
სამ ნაწილად, სამ მეტაფიზიკურ სივრცედ („ფლობის უფლება“, „გადაბიჯება“, „ჰაერის ბუსუსები“) დაყოფილი „ღმერთის დიაპაზონის“ ცენტრალური თემატური ასპექტი საკუთარი თავის ძიების მტკივნეულ პროცესს გულისხმობს. რეალობა იმდენად დესტრუქციული, ხისტი და დეფორმირებულია, რომ პოეზია ერთადერთ „უსაფრთხო“ სანგრად ქცეულა.
ეს ის სამყაროა, სადაც ცისქვეშეთი კივილს იწყებს, სადაც დაბადებიდან ეშინიათ მიტოვების, სადაც „ზამთრის ზღაპრების დასაქსოვად“ არავის სცალია. წიგნში დაბეჭდილი ყოველი ლექსი გაზზე დადებულ ხელისგულს მაგონებს, სამუდამო დამღას, ნიშანს, სვირინგს, შრამს, რომელმაც ქვეცნობიერის ჯურღმულებში განგაშის სიგნალები უნდა „ჩართოს“.
„ღმერთის დიაპაზონი“ სიფხიზლის, კომფორტის ზონიდან გამომყვანი პოეზიაა - ჩუმი, უხმაურო, ინტელექტუალური.
ავტორი: გუგა მგელაძე