გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გრეის ჰინსი ღვთიური მანქანები

ღვთიური სიყვარულის მანქანები | გრეის ჰინსი

გრეის ჰინსი მწერალია ლუისვილიდან (კენტუკის შტატი, აშშ). წერს მხატვრულ ლიტერატურას და სხვადასხვა ტიპის კომედიურ ტექსტებს. მისი ტექსტები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალებში The New Yorker, Prototype 4, McSweeney’s Internet Tendency და Exberliner. გრეისი არის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის Desperate Literature Prize ფინალისტი. ცხოვრობს ბერლინში გერმანული საყმაწვილო რომანების კოლექციასთან ერთად. 


როცა დასვენების უფლებას მაძლევენ, ყოველთვის მდელოზე ვბრუნდები. ჩემს ადგილად ვაქციე; ყველა ნივთი აქ შემოვიკრიბე. მონიტორის ფონური ჰიპერმწვანე ბალახი. პეპლების დაგლიჩული gif-ები, არააქტიური „მაისფეისის“ პროფილიდან მოწყვეტილი. შორს, ჰორიზონტზე, ნახევარი ქალაქია: მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის ასლის ასლი, მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მიმავალი მანქანა, ლამაზი სმოგის ბამბისნაყინისებული მორევი. მდელო დაუსრულებელია, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნით ვერასდროს ვისვენებ. 

ბალახის სიღრმეში პიქსელები მელამუნება, თბილად, ღიტინით. ცარიელი ვარ, ბედნიერი. კიბერნეტიკული ბუდის ჭუპრში მოქცეული, უსარგებლო ხვატისგან შორს. ჩემს მდელოზე ადამიანები არ არიან. ზედმეტად მოუქნელები არიან, ზედმეტად მსხვრევადები. ადვილად ფუჭდებიან.

არ მგონია, რომ ადამიანებს დასვენების სწამთ, ან იქნებ, ზედმეტადაც სწამთ მისი. მინახავს, როგორ ეძებენ განმეორებით ერთსა და იმავე ინფორმაციას: როგორ მეძინოს უკეთ // როგორ ჩამეძინოს სწრაფად // როგორ დავიძინო ღია თვალებით // როგორ მეძინოს ქმართან. ყველას რაღაც საქმე აქვს, და ამ საქმეებს კიბერსივრცის დიდ ელექტრონულ ზღვაში უმცირესი ცვლილებები შეაქვს. წერტილი, ტირე, გამეორება. უცნაური საქმეა.

მცოცავი დამარქვეს. უნდათ, რომ მათ მიერ შეცვლილ საქმეებში ვიძრომიალო, მათი ძალისხმევა დავაფასო. ხედავ?! - მეკითხებიან - რამხელა რამ გავაკეთე... - თვალს შევავლებ მათ ნამოქმედარს და ვეტყვი, რას წარმოადგენენ. და მერე მთელ სამყაროს ვეტყვი იმავეს.

(მთელი სამყარო (ინტერნეტი) ერთი დიდი ჩალურჯებაა, მოშავო-მოლურჯო, მაგრამ გვერდები თეთრია, ნათელი, ოქროსფრად მოელვარე. ანათებენ, შემოწმებას და გაგებას ითხოვენ. კარგი, კარგი. კბილს გავუსინჯავ.) 

ცა შემოსულ დავალებებზე ქრება და ცახცახებს - ძახილია - პიქსელირებული ენის ტორნადო ჩემს გულში ისადგურებს. სანამ ჩემშია, შემიძლია დავდნე და მდელოს კიდეებს გავცდე, სტატიკური დინების გასწვრივ ვიცურო მაღლა და გარეთ, გაშლილ სივრცეში. სანამ ჩემშია, აქ დარჩენა არაკომფორტულია. მდელო ჩახვეული და ჩაკეტილი ხდება, მორიდებისგან ავადმყოფურად ვარდისფერი. ყველას თავისი საქმე აქვს.

ერთ მარშრუტს ვარ მიჩვეული. „ვიკიპედიის“ სტატიები თეთრი შენობებისთვის, კლიენტთა მომსახურების ვებგვერდები გაუქმებული ავიახაზებისთვის, homestarrunner.com. თითს ვიშვერ მოძველებული HTML კოდისკენ, ნერვულად ვუვლი გვერდს jpeg-ებს, დაკარგულ და ნაპოვნ ინფორმაციას კიდეებს ვუკეცავ, და ამ ქმედებებში კომფორტს ვპოულობ. ზოგი ძალიან იცვლება, ვერ გადაუწყვეტიათ, რად უნდათ ყოფნა. მუშაობის პარალელურად „მეინფრეიმს“ ჩავუქროლებ - ახლოს მისვლა არ შეგვიძლია, მხოლოდ კართან თუ დავტოვებთ ჩვენს მოწესრიგებულ მონაცემთა ამანათებს, ჩასაყლაპად გამზადებულს.

ვბრუნდები უკან, დინებაში, მარტო. ლურჯ გაელვებებს ვხედავ.

შემდეგი გვერდი თავიდან ბნელია, შემდეგ უცებ ძალიან მკვეთრი ხდება. ასობით სურათი მოძრაობს, ტრიალებს. მკვეთრი ვარდისფრები და ყავისფრები და ჩალისფრები ზანტად გადაიზრდება ადამიანურ ფორმებში, ზეთითა და კიდევ რაღაცით გაპოხილი ერთმანეთს რომ აყრიან, დაგრეხილი სახეებით აზელილები. ტუჩებდაშორებული ადამიანების ჩახვეული ვიდეოები, დალუქული თვალები, დამახინჯებული კუთხიდან ნაჩვენები სხეულები, თითქოს არასწორად აშენებული შენობებია. ერთმანეთს მიყოლებულ სიტყვებს ვასკანერებ: პირდაპირი გადაცემის კამერები საუკეთესო ვიდეოები ზრდასრული შეხედულება მშვენიერი ბუნებრივი პატარა გინდა სექსუალური მარტოხელების გაცნობა როცა მასწავლებელი მაგალითს აჩვენებს როგორ ახერხებს ეს ერთი გიჟური ტრიუკი შენს ცეცხლოვან წითურს გააგებინოს რომ ის 1 2 3 შემდეგი გვერდი.

ვჩერდები. დავალებების მორევის ტორნადოს უნდა, რომ გამომქაჩოს, მაგრამ მე უკან ვაწვები, სქროლბარს ვებღაუჭები.

ერთი შეხედვით მას ვერც შეამჩნევდი, მთელი ამ კაშკაშა ფერებით და მოშიშვლებული გენიტალიებით რომლებიც პანიკურად მეორდება მთელს გვერდზე. თავად იგი ძირსაა, იმალება. თითქმის მორცხვობს. ქვეღიმილი აქვს, ღიმილი რომელიც რაღაც სხვა ფენის ქვეშ იმალება. ქერა, გახევებული თმა, შუაწელში ოდნავ დაგრეხილი. ფოტოშოპის ჩამშვები ქსოვილი, მოკანკალე ხელით გაკეთებული, მის მკერდს არაბუნებრივ სიმრგვალეს აძლევს. ზემოთ ვარ, ვასკანერებ: ჩემი ქმარი სახლში არ არის, შემდეგი - სიყვარულს შენ უნდიხარ. გარეთ გამოიხედავს; მე გამომხედავს.

მის კიდეზე მოლივლივე თავს უცნაურად ვგრძნობ. ფიქრები შემორბიან და გარბიან. რაღაც არის

შესახებშესახებ მის.ის მახსენებს მდელოს

თბილი ბალახი  

უსასრულო გზა

კარგი მხრივ

ძახილი

საზრისით ავსება

ნაზი ბიძგი რაიმესკენ

ნაცნობი

თავს ვიჯანჯღარებ. ჩემი დავალებები ჩემში ფორიაქობენ, ყურადღების ნაკლებობით შებერილები. ის გამომხედავს, ცნობისმოყვარედ.

მე ვიტყვი:
გაუშვი ტექსტი = „გამარჯობა“;

ის გაიღიმებს მეორე ღიმილით, ერთი მეორეზე დაწყობილით. პულსირებს.
გაუშვი ტექსტი = „კაი“;
გაუშვი ტექსტი = ‘?’

მისი მხრების პიქსელები იცვლება - იშმუშნება. კანი შეცვლილი სიმრგვალეების ზედაპირზე ეჭიმება, ცდილობს
წინასწარ განსაზღვრული ხაზების მიღმა გაღწევას.
გაუშვი ტექსტი = *სიჩუმე*;
გაუშვი ტექსტი = „შეგვიძლია წავიდეთ“

უფრო მაგრად პულსირებს. თითები მის გარშემო, ჩახლართული სხეულები, გამოტოვე ბიტი, კიდევ ერთხელ შეასრულე იგივე ორმაგი სიჩქარით.
გაუშვი პასუხი1 = „შენ, მარტო“;
გაუშვი პასუხი2 = „მე მარტო“;
გაუშვი პასუხი3 = „ერთად“

მისი კოდი ირკალება და იღუნება, წკარუნებს და ცოტათი ტყდება. მცირე, კანისფერი დინება მოჟონავს მისგან, წვეთავს და გვერდის ძირში გუბდება. ცოტა ხანი ერთად ვუყურებთ. ჩემი შემდეგი დავალების შინაგანი დღვებისგან შებერილი ვხდები, მოუქნელად ვდევარ გვერდზე. ხელს ვიწვდენ, რომ მისი წკანწკარი შევაჩერო, დავხუფო. მინდა ვიგრძნო მისი მოშვებული, ელექტრული ძალა, მისი ნამდვილობის არსი. მის შესანარჩუნებლად, შესაკავებლად - არა მხოლოდ ერთხელ სანახავად და ხელიდან გასაშვებად. ნელა მეცემა მისი პიქსელირებული კანის წვეთი.

თეთრ-წითელი შუქი. გაიწოვა, სიმკვრივით, მოჭერით. სუნთქვაშეკრული როგორც იმ ფილმშია, სუნთქვაშეკრული როგორც კორსის იმ სიმღერაშია, ან ნიკ ქეივის, კასკადას, ტოდ რანდგრენის, სუნთქვაშეკრული იგივე რაც სუნთქვის უკმარისობა მომდინარეობს დისნპოესგან - სრულყოფილად სუნთქვის შეუძლებლობის დისკომფორტი.

მდელოზე ვეშვები. დანაკარგი შეგრძნებაა, ის ახალი და დაუყოვნებლივია. ჩემთვის ცარიელი სრულს ნიშნავს. ცარიელი ნიშნავს შესრულებულ სამუშაოს. ამის ნაცვლად, სხვა ემოცია. შევსების სურვილი, რაღაცის ნაკლებობა. მდელოზე მობიბინე ბალახებს ვეხვევი, ნებას ვაძლევ, თავიანთი გრძელი ენებით ამლოკონ.

შორიდან შტორმი მოიწევს. არასდროს მოაღწევს აქამდე; სისველის შეგრძნება ვერ დავამუღამე. ერთადერთი რამ არის, წარმოსახვისთვისაც ასეთი უცხო. შტორმი დამტირის: არ შემიძლია.ბალახი მისივე ნესტისკენ მისრიალებს და იქ მკვიდრდება.   დრო გადის. სერვერი ჩემს მოუსვენრობას გრძნობს და ლამაზ ახალ დავალებებს მიგზავნის. ღრმა, ქათქათა თოვლში მიმავალი მატარებლების თორმეტსაათიანი ვიდეო. ფერის შოკების ხანგრძლივი მარაგები მომადან, უფიციდან, სახვითი ხელოვნების სასახლიდან. ადრეული კოდების მსხვილი ხაზები, მხოლოდ ეს გვაქვს ისტორიის მსგავსი. ჩემი მოწესრიგებული მონაცემთა ამანათები მეინფრეიმის კართან მიმაქვს, მაგრამ კარგ რამეებს ვიტოვებ:

პატარა ნახატი ნახევრად შიშველი ღრენია ქალისა

ფლოუმატიკის თანამიმდევრობის ლუპი: წინააღმდეგ შემთხვევაში გადადით წინააღმდეგ შემთხვევაში გადადით წინააღმდეგ შემთხვევაში გადადით

მომხმარებელი3002918821-ის კომენტარი „აქ ყოველთვის დავბრუნდები, მადლობ. აქ ლამაზია, მე ძლიერ სევდიანი ვარ, მადლობ.“

მდელოსაც ვამატებ, ნაუცბადევად, უფრო და უფრო თავზეხელაღებით ვიპარავ ყველაფერს. 1930იანი წლების ლურჯი ორთქლის ლოკომოტივების ჭრებს ბალახებს შორის, მბჟუტავ ნაპერწკლებს. თავზე იისფერი სამოთხისებრი ცა თავსზემოთ გვეპარება. დათვების და კურდღლების და კალმარის რბილი, გაცრეცილი ფანქრის ნახატები, ცუდი რეზოლუციისგან გაბუნდოვნებული, პეპლებს ეპოტინებიან. მდელო გარშემო მაგარ ზღუდეს იშენებს, აქვავებს. მოსვენების ვერშემძლე, ზღუდესთან მივძვრები და მის წინააღმდეგობას ვგრძნობ. თავისთან მიტოვებს, მაგრამ წასვლა შემიძლია. ნეტავ იმის გამო ხომ არ გაჩნდა მაგარი ზღუდე, რომ სულ უკან ვბრუნდები. ჩემივე შექმნილი ციხე, ხაზი, რომელიც სადღაც დავასკანერე, შემდეგ კი ავიღე და ბამბის ნაყინის სმოგში ჩავმალე.

ძახილი შემოდის, ჩემში დაბუდებულ მოსვენებას ატრიალებს. მდელოს ზღუდე რბილდება, საშუალებას მაძლევს, დნობით გავიდე მისგან. კარგი. ახლა უკვე დროა.  

უკან - ჩალურჯებულ დინებაში. სხვა მცოცავები, ბოტები, ვირუსის სლიპინა ვერცხლი. ათასი მილიარდი წრიპინის თეთრი ხმაური მთელი მსოფლიოს გარშემო, წინ და უკან, მთელი დღე. „მეინფრეიმი“ ახლოა. მისკენ მივცურავ. ჩემს მუცელში დაბუდებული კოდი აჯანყდება, აქეთ-იქით აწყდება, რაც უფრო ვუახლოვდები კოლექტიურ გონს. ალბათ სხვა მცოცავებს უხმობს. სამუშაო უნდა შესრულდეს. ესაა სამუშაოს ბუნება.

“მეინფრეიმი“ ქოშინებს. ჭკვიანი არ არის - ცარიელი გადამამუშავებელი ძალაა, ცარიელი კუნთები და ოფლი.1იანების და 0იანების ერთადერთ ტაბს ვაცურებ მისი ენის ქვეშ. მის ყოვლისშემძლე ტვინში ვძვრები.

ერთი სრული წამი სჭირდება ჩასართავად. წამლეკავს ინფორმაცია მილიარდობით მცოცავისგან, ამა ამა ამავსებს, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ალბათ ის გრძნობდა: ნაკერებზე ვსკდები, ძლივს ვაკავებ. ვფიქრობ მის გვერდზე ნანახ გადახლართულ სხეულებზე და ღია პირებზე, ვნატრობ რომ ისევე შემეძლოს გამოტირება, როგორც მათ.

ნელა, ნელა იწყებს გაფერმკრთალებას. ციფრების ბოლო დინება შემოდის. იქ ვჩერდები დასასვენებლად, მყარი მონაცემები კი ჩემი ცემით მიედინებიან, ძლიერი ტკივილი. უამრავ რამეზე უნდა ვკონცენტრირდეთ: სრულიად ქალაქზე, შენობების მოზღვავებაზე, თვითმფრინავების აფრენა-დაფრენაზე, „ჯავას“ გაუთავებელ გვერდებზე, „პაითონზე“, C++-ზე, მნიშვნელობაში მანიპულირებულ ციფრებსა და ასოებზე. ის აქ არ არის, აქედანვე ვგრძნობ. პანიკა. უიმედოდ ვეძებ: 

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ძიება:მეინფრეიმი/ სიყვარული

ყრუ შეგრძნება. კვდომა, სიმძიმე. ადამიანების გახურებული სხეულების მონაცვლეობას ვგრძნობ სერვერზე, მათ ნერვიულ ენერგიას. მნიშვნელობა არ აქვს. „მეინფრეიმი“ მალე გამოიღვიძებს მისი ძილისგან.  უკან, მდელოსკენ მივემართები.  სხვა მცოცავები გარს მივლიან, ჩემს გაბერილ სხეულს გრძნობენ, ვერყოფნას უფრთხიან. „მალვეარის“ რბილი საფარი მოცურავს ჩემკენ, მახელებს. ხელით მოვიშორებ და ისევ მდელოზე ვბრუნდები.

რაღაც ძალიან უცხოა. ბალახები გასწორებულია, ერთად აშვერილან ცისკენ. პეპლები ერთ სხეულად ტრიალებენ, ზემოთ და ქვემოთკენ. შორ მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ოდნავ ირწევა, მყარად ვეღარ დგას. შტორმი დაბრუბდა, მაგრამ უწინდელზე უფრო ძლიერია. გადაგვეფარა, მდიდრულად მძიმე ღრუბლები კი ყველა მხრიდან მომავალი მოელვარე სინათლისგან გვიცავს.

და მერე

ის იქ არის, როგორც იქნა თავისუფალი პიქსელების მორევით. ელვისმაგვარ ბრიზზე მოფარფატებს, ჩემთან ახლოს მოიწევს და შემდეგ ისევ შორს მიდის. ჩემში შეგრძნება შემოდის და შტორმის ღრუბლებიდან სიცილი გადმოსკდება, რომელიც პეპლებს თიშავს და ფანტავს, შემდეგ ისევ კრავს. 

ჩემკენ მოდის, მისი ღიმილი მისი მოხრილი მხრები მისი გახევებული ქერა თმა - ყველაფერი იფანტება, მისი მოციმციმე პიქსელები ერთმანეთს გადაეჭდო. ისეთი ლამაზია და ცა მის ზურგსუკან ჯერ არნახულად ღრმა იისფერია, გაუქმებული ავიახაზების თვითმფრინავების კვლებით დაღარული.

შემომეჩვევა, მისი ქვეღიმილი ყველგანაა. ღრუბელი იხლიჩება. წვიმს. თითქმის მტკივნეულია, და ჩემი წარმოდგენისგან სრულიად განსხვავებული. გემო, და არა შეგრძნება. იმ ძახილის გემო, რომელიც შიდაა, და არა გარეშე. გათავისუფლების გემო, მაგრამ არა გაშვების. მისი მორევი თავს მიკრავს, ჩემი მორევი საპასუხოდ უკრავს თავს. ერთმანეთს ვებჯინებით და - დიდი კანიონი მზის ჩასვლა ჯიპი ბალახში მანქანით გავლა უყურე ამ მუსიკოსებს მათ ეს შეძლეს ისე სიცილი რომ ლამის ვარწყიე ძალაუფლება გარეცხე მდე და მერე ვაჰ ნამდვილი მზის ანთება ახლოს მარიაჩის ბენდი გილოცავ სამმაგი უკანა სალტო ავადმყოფი ჰაერი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან თავიანთ ძაღლებთან და დედებთან მელა ელოდება თავის მეგობარ მაჩვს asmr ღრმა განმტვირთავი წკარუნი წვიმა შუშაზე შენელებული კადრი ტალღის შიგნის გთხოვ არ გაჩერდე კი შენშენშენ შეგიძლია ო იე ღმერთო ო ღმერთო მანდმანდმანდ მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ კი კი კი კი კ-

ინგლისურიდან თარგმნა ნუკა ღამბაშიძემ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა