გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ჩუთლაშვილი

გიორგი ჩუთლაშვილი პოეზიის უპირობო სიყვარულით


არსებობენ პოეტები მრავალი ინტერესით. ისინი ლექსების წერის გარდა კიდევ ბევრ რამეს აკეთებენ. წმინდად ლიტერატურულ სფეროში და არცთუ იშვიათად – მის გარეთაც. შეიძლება წერდნენ მოთხრობებს, რომანებს, კრიტიკულ წერილებს, თარგმნიდნენ, რედაქტორობდნენ, ანდაც თავიანთი მთავარი პროფესია ჰქონდეთ, ინჟინრის, იურისტის თუ ჟურნალისტი, ძირითად დროს ამ საქმეს ახმარდნენ. ან სულაც თავიანთი ბიზნესი წამოიწყონ, პაატა შამუგიასავით ბარი გახსნან და დღედაღამ იქ ეყარონ, მაგრამ თუ მანამდე კარგი პოეტები იყვნენ, ამის მერეც კარგ პოეტებად დარჩნენ, უკეთესებიც კი გახდნენ. ასეთი პოეტები თითქმის ყოველთვის კონცენტრირებულები არიან, იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და პოეზიაში რა უნდათ, ისიც იციან ხოლმე.

მაგრამ არიან პოეტები ერთი ინტერესით. ისინი მარტო ლექსებს წერენ და ლექსებზე ფიქრობენ. 

რათა ლუკმაპური იშოვონ, შეიძლება სადღაც წაიმუშაონ ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მათ ნამდვილ და ერთადერთ სამუშაოდ პოეზია რჩება. თუმცა ყოველდღე 24 საათს ამ საქმიანობით ვერ შეავსებ. უბრალოდ იმიტომ, რომ ლექსი იშვიათად იწერება. ისინი თითქოსდა უსაქმოდ სულ გარე-გარე დაეხეტებიან. ისინი დაბნეულები ჩანან, მათ თითქოს არ იციან, რა უნდათ, რომ აკეთონ ამ ცხოვრებაში, არადა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. სწორედაც რომ მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, რომ აკეთონ და აკეთებენ კიდეც ამას, უბრალოდ დანარჩენ დროს ცოტა უცნაურად ავსებენ. ნაწერი ტრაგიკულად ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხდება.

რა თქმა უნდა, პოეტი მრავალი ინტერესით ზრუნავს თავის ნაწერებზე, განიცდის, როგორ იღებს მას მკითხველი, უხარია დადებითი შეფასებები, მაგრამ მას ბევრი სხვა საზრუნავიც აქვს. იმ პოეტისთვის კი, რომელიც ერთი ინტერესითაა, დაწერილი ტექსტების ბედისწერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ხშირად ირეკლება და გადადის მის ცხოვრებისეულ ბედისწერაზე. თუ მას ლექსები არ გამოუვიდა, ან გამოუვიდა, მაგრამ ვერავინ გაუგო, ჩათვალეთ, რომ ასეთი პოეტი დაღუპულია. შეიძლება სხვანაირად მოხდეს: დაუბეჭდონ მას ლექსები, წიგნიც გამოუცენ, მაგრამ აღფრთოვანების გარეშე. აი, არავინ გადაეყაროს ქუჩაში და უთხრას: "ვახ, ბიჭო, გუშინ წავიკითხე შენი ლექსები! რა მაგარი იყო, გავგიჟდი, გადავირიე!", არც დადებითი რეცენზია გამოაქვეყნოს რომელიმე კრიტიკოსმა და არც ლიტერატურული კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდეს მისი წიგნი. ძალიან ჩუმი და მწარე სევდა ჩნდება ერთი ინტერესის პოეტში.

ის აგრძელებს ცხოვრებას და ლექსების წერას, მაგრამ თითქოს უკვე სიკვდილს უწყებს ლოდინს, რათა სიკვდილის შემდეგ მისი ლექსები ბოლო-ბოლო წესიერად შეამჩნიონ, დაინახონ და დააფასონ.

ეს ლოდინი, ეს ფიქრი სიკვდილზე ლექსებშიც გადადის. და შეიძლება პირთამდეც კი ამოავსოს ისინი. და როცა სიკვდილი მართლა მოდის, ყველაფერი ლაგდება: მის ლექსებს ამჩნევენ, იმახსოვრებენ, იყვარებენ, დადებითი რეცენზიაც იწერება წიგნზე, რომელმაც თავის დროზე ვერანაირი განსაკუთრებული ყურადღება ვერ დაიმსახურა. 

მტკივნეული ისტორიაა, მაგრამ ძალიან ნაცნობი, უკვე საუკუნეები რომ მეორდება და გააგრძელებს კიდევ გამეორებას, რადგან მისი პრევენცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია და პრინციპში, არც არავინაა ხოლმე დამნაშავე ამ ისტორიაში. ვერ "აღმოფხვრი" ასეთ რამეებს ლიტერატურული ცხოვრებიდან. მე კი ამაზე იმიტომ დავიწყე ახლა ლაპარაკი, რომ ბოლო ასეთი პრეცედენტი ჩვენთან სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ მოხდა, ასეთი ერთი ინტერესის პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა, ახალგაზრდა, სულ რაღაც 31 წლის, და დატოვა ლექსები სიკვდილისშემდგომი აღფრთოვანებისათვის. და მეც მეტი რაღა დამრჩენია, ვწერ ახლა რეცენზიას მისი წიგნისთვის "მშრალი თევზის წონასწორობა". ეს მისი მეორე, მთავარი და ჯერჯერობით ბოლო კრებულია (სანამ გარკვეულა, თუ რა დარჩა მას არქივში). იგი 2021 წელს დაბეჭდა გამომცემლობა "ინტელექტმა". გიორგისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წიგნი, რომ ორჯერ მოაწყო მისი პრეზენტაცია: ჯერ “შაქრო ბაბუაში” და მერე “მწერლების ბარში”. მესამედაც მოაწყობდა, მეოთხედაც… თუკი ეს განმეორებული წარდგინებები თუნდაც ერთ ახალ ჭეშმარიტ მკითხველს შეჰმატებდა. ერთ პატარა სიხარულს კიდევ გააჩენდა მის გულში.

კრებულს კი თუ გადავშლით, გამხსნელ ლექსად დაგვხვდება ლექსი სათაურით “დანაკარგები”. ეს შემაჯამებელი ლექსია. პოეტებს უყვართ შემაჯამებელი ლექსების წერა, და გიორგიც არაა გამონაკლისი, ოღონდ ის ცხოვრების გზაზე დანახულს, ნაგრძნობს, მოპოვებულს კი არა, დაკარგულს აჯამებს. გვეუბნება, რომ დანაკარგების აღრიცხვაა მისი პოეზია, ან ყოველ შემთხვევაში, უნდა, რომ იყოს.

“დროდადრო ვაჯამებ ჩემს დანაკარგს:
სახეებს - სახლებს
ღრუბლებს - საყვარლებს
ჩიტებს - თვალებს
ცდუნებებს - დღეებს…”

პოეზიას, რომელიც საკუთარი თავისადმი მიცემული ასეთი “დავალებით” იწერება, ალბათ უნდა ჰქონდეს თავისი მახასიათებლები. ენობრივი თამაშები, ალიტერაციები და მსგავსი გარეგნული ეფექტები ალბათ არ უნდა იზიდავდეს. უფრო ეგზისტენციალურისაკენ უნდა ილტვოდეს და არა აქტუალური თემატიკისაკენ. თუმცა თავისი კონკრეტიკაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს. ეს ყველაფერი მართლაც ასეა გიორგი ჩუთლაშვილთან. თვითირონიული შეიძლება იყოს და საკმაოდ მწარედ თვითირონიულიც, მაგრამ შეიძლება დრამატიზმმა ისე დაჩრდილოს, რომ საერთოდ არ გააკაროს ეს ხერხი ავტორმა თავის სტრიქონებს. ორივენაირად შეიძლებოდა აქ მომხდარიყო, მოხდა კი ისე, რომ ირონია გიორგის პოეტურ არსენალში აქ დამხმარე იარაღად ვერ შემოვიდა. შეიძლება ეს მომენტი გადამწყვეტიც კი იყო, რადგან როგორც პაატა შამუგიამ წიგნის უკანა ყდაზე გამოტანილ ანოტაციაში აღნიშნა, ეს პოეზია “აღსარებითია”. “აღსარებითი პოეზია” ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მე-20 საუკუნის 50-60-იანი წლებში ამერიკულ პოეზიაში გაჩნდა და მისი წარმომადგენლები იყვნენ ისეთი დიდი პოეტები, როგორც რობერტ ლოუელი, ჯონ ბერიმენი, სილვია პლათი, ენ სექსტონი… თუ ამ მიმდინარეობას ვიგულისხმებთ, ძნელია ესთეტიკურად გიორგი ჩუთლაშვილის ლექსები პირდაპირ მიაბა ამ ხაზს, მაგრამ შინაგანად ძალიან იოლი გასაგებია, რატომ იყენებს პაატა შამუგია ამ სიტყვას ავტორის ხელწერის დასახასიათებლად. 

ეს არაა მთლიანად პირველი პირიდან და დიდი ღიაობით მოთხრობილი ამბების ციკლი, გიორგი ჩუთლაშვილი ზოგჯერ ცდილობს, გაერიდოს საკუთარ “მე”-ს, გამოიგონოს პერსონაჟები და ისინი აამოძრაოს თავის ლექსებში, პრინციპში ქართულ გარემოსაც გაურბის, არაა ის “აქაურობის” აღმწერი პოეტი. ამერიკული რეალობა ხდება ამ დროს მისთვის მიმზიდველი: ბრუკლინის სასტუმრო იქ მომხდარი მკვლელობით, თუ ნავსადგურთან ახლოს მცხოვრები ვინმე ძია ჯოი თუ 27 წლის მოცეკვავე გოგო სარა, ჯიმ ჯარმუში თუ ვუდი ალენი… ერთგან ძალადობის მსხვერპლი, ჩაქოლილი ქალიც კი ჩნდება აღმოსავლური სახელით - სორაიათი (ანუ არის აქტუალური თემატიკაც) და არის ბიბლიური გარემო, ძირითადად, მხოლოდ სახეებით, მეტაფორებით, ალუზიებით, სადაც თევზია ყველაზე ხშირი სახე, მაგრამ ამ გარემოდანაც ჩნდებიან პერსონაჟები: ადამი, ევა, პილატე თუ ანასტასია… 

ერთი სიტყვით, რაკურსები მასთან იცვლება, თუმცა ეს არ ცვლის კრებულის განწყობას და სტილურად, ინტონაციურად ის მაინც მთლიანი და შეკრულია, საბოლოო ჯამში მაინც ერთ ამბავს გვიყვება ერთი სევდითა და ტრაგიზმით. მისი ლექსები არ იცვლებიან და როგორც ის თვითონ ამბობს, არც იზრდებიან.

 “არ იზრდებიან ჩემი ლექსები,
არც სიგრძეში, არც სიგანეში,
ხმაც არ ეცვლებათ…

ისევ გაუგებრად ლაპარაკობენ
მარტოობაზე,
სიკვდილ-სოცოცხლეზე,
ადამიანურ ურთიერთობებზე,
სიყვარულის ნახევარ განაკვეთზე…”

დასკვნა კი ასეთია:

“რომელიმე მათგანი შესაძლოა:
რელიგიური, 
კოსმონავტი,
არქიტექტორი ან
ფარმაცევტიც კი გახდეს…
ყველაფერი შესაძლებელია
გარდა იმისა, რომ ჩემი
ლექსები გაიზარდონ
და ხმა შეეცვალოთ…”

                    (“არ იზრდებიან ჩემი ლექსები”)

ლექსში “ზურგს უკან” კი არის ფრაზა “ბედნიერების ზურგს უკან ვცხოვრობ” - და ეს ფრაზა შეგვიძლია მივიღოთ წიგნის ცენტრალურ მეტაფორად, ხოლო ის, რაც წიგნში ხდება, ამ “ზურგს უკან” ცხოვრების სურათებად. ეს სურათები უშუალოდ ამ ლექსშიცაა (“როგორც შავ-თეთრი ფოტოს / უკან სამახსოვრო წარწერა, / ისე ვჩანვარ ამ სამყაროში”) და საერთოდ, ყველგანაა გაბნეული. 

თუმცა კი ამ “ზურგს უკან ცხოვრებას” მიუხედავად ბევრი ნეგატივისა, თავისი სინათლეც გააჩნია, თავისი გულის გახსნები თუ ზეცაში გაჭრები, ოღონდ ზოგჯერ მაინც ფატალური დასასრულებით. აი, მაგალითად ლექსი “პილოტი":

“მე პილოტი ვარ!
ჩემი თეთრი ლექსის ერთ-ერთ სტრიქონში
ვჯდები და მივფრინავ სამხრეთისკენ.
რთულ კონსტრუქციას მარტივად ვმართავ
და არ მაშინებს მოღრუბლული ცა, 
არც სტრიქონების გაუმართაობა.” 

დაფრინავს ასე დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში პოეტი, სანამ კატასტროფა არ ხდება:

“მდინარე ევფრატში ჩემი ლექსების ნაწილები
და პირადი ნივთები აღმოაჩინეს მყვინთავებმა.
მე დაკარგულად მცნობენ.”

მაგრამ არის კი ეს კატასტროფა?

“რა სიცრუეა… რა სისულელეა…
მე ცოცხალი ვარ, მე ისევ აქ ვარ,
ჩემს ლექსში ვზივარ და
თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ.
შესაძლოა მართლაც დავიკარგო, მაგრამ
ამისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვარ…
მე ხომ უკვე წლებია ასე ვარ:
ხმელეთიდან სტრიქონზე.
სტრიქონიდან ცაში.
ხმელეთიდან სტრიქონზე…”

ანგელოზიც ეცხადება ხანდახან პოეტს, რომელსაც ღია ბარათი მოაქვს მისთვის ძვირფასი ადამიანისგან და ამიტომ “ღია ბარათების ანგელოზია”. აქვს წყლისა და მიწისადმი ნდობაც (“წყალი არ გაგცემს. მიწა არ გაგცემს”) და ბნელის გაფანტვის წამიერი რწმენაც:

“დაე, იყოს ნათელი!
დიახ, დიახ…
ყველაფერი ნათელი იყოს მე და თქვენ შორის…
შორიდან მოვდიოდეთ, 
უკვდავებიდან მოვდიოდეთ, 
ცხოვრებიდან მოვდიოდეთ
და ყველაფერი ნათელი იყოს,
როგორც ეს ლექსი არის ნათელი…”

                            (“დაე, იყოს ნათელი!”)

დაბოლოს, კრებულში არის ლექსი “პოეზიის უპირობო სიყვარული”. და თუ ისევ იმას დავუბრუნდებით, რითიც დავიწყეთ, ესაა ერთი ინტერესის პოეტის დამოკიდებულება, გაჟღერებული ამ სტრიქონებში.

მრავალი ინტერესის პოეტი შეიძლება საუცხოო პოეტი იყოს, მაგრამ მაინც არ ჰქონდეს უპირობო სიყვარული პოეზიისადმი.

უფრო მეტიც, შეიძლება სხვა რამ უფრო უყვარდეს, მაგრამ რაღაც ძალა არაჩვეულებრივ ლექსებსაც აწერინებდეს, ერთი ინტერესის პოეტისთვის კი სხვა ვარიანტი არ არსებობს: მას უპირობოდ უნდა უყვარდეს პოეზია, ისე როგორც გიორგი ჩუთლაშვილს უყვარდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა