გიორგი მრევლიშვილის „პროცესი“
გიორგი მრევლიშვილის „პროცესის“ კონცეფციის აღქმას ერთგვაროვანი, სადა, უწარწერო გარეკანის შესწავლით ვიწყებთ. საკმარისია, ყდის შუაგულში ამოჭრილი მცირე ზომის, მართკუთხა ღიობიდან ცალთვალმოჭუტულმა გავიხედოთ, კინოს სამყაროში გადავინაცვლებთ, მრავალფეროვანი კადრების უჩვეულო კოლაჟი, დოკუმენტური ფილმების ცვალებადი რეტროსპექტივა გადაგვეშლება თვალწინ: ძმები ლუმიერების ასოცდაშვიდი წლის წინანდელი გამოგონებიდან თანამედროვე ირანელი რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის მიერ შინაპატიმრობაში, მობილური ტელეფონით გადაღებულ პარადოქსულ ნამუშევრამდე - „ეს არ არის ფილმი“.
გიორგი მრევლიშვილის წიგნის მიზანი კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევა კი არა, ერთი მხრივ, სხვადასხვა ეპოქის რეჟისორ-რეფორმატორთა ნოვატორულ ხედვებს, მეორე მხრივ, ავტორისა და წიგნის პერსონაჟების გამოცდილებებს შორის შემოქმედებითი კავშირების პოვნა-გაზიარებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის განკუთვნილი, სპეციფიკური ტერმინოლოგიით დახუნძლული, სახელმძღვანელოს ტიპის აკადემიური გამოცემა, შემეცნებითი ლიტერატურის მორიგი ნიმუში. ეს არის ლაღი, ცოცხალი ენით ნაწერი, მხატვრული ოსტატობითა და თხრობის უშუალობით გამორჩეული ექსპერიმენტული წიგნი ექსპერიმენტულ კინოზე, რომელიც თანაბრად მიიზიდავს არა მხოლოდ კინოს, არამედ გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულებს, პროფესიონალებს, ფართო მკითხველს. ეს არის დოკუმენტური მოთხრობები დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების შემქმნელების უჩვეულო გამოცდილებაზე, კრებული, რომელიც დამოუკიდებელ ამბებად აკინძულ ქვეთავებს, ავტორის მეხსიერებაში წლიდან წლამდე დალექილ, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცალკეულ ეპიზოდებს ამთლიანებს რეჟისორების ცხოვრებიდან.
თითო ქვეთავი თითო დასრულებული ისტორიაა, თავისი სიუჟეტური ხაზით, დრამატურგიით, პერსონაჟებით, გიორგი მრევლიშვილის ხედვის არეალში მოქცეული კონკრეტული ფაქტებით და რეალური ამბებიდან აღმოცენებულ შთაბეჭდილებებზე დამყარებული უჩვეულო მიგნებებით.
აუცილებლად ხაზგასასმელია დეტექტივისთვის დამახასიათებელი მოულოდნელობა, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული ინტრიგა, რის გამოც შესავლის წაკითხვისთანავე ისე ეჯაჭვები ტექსტს, ისე სულმოუთქმელად გადადიხარ პირველ ეპიზოდზე, მერე - მომდევნოზე, მერე კიდევ - მომდევნოზე და ისე გადიხარ ბოლოში, დროის განცდას კარგავ და გამორიცხული არ არის, შეუმჩნევლად დაგაღამდეს ან დაგათენდეს თავზე. გამალებით ფურცლავ წიგნს, რადგან ავტორმა ეპიზოდის დასაწყისშივე ოსტატურად ჩაგაწვეთა, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ რეჟისორის ბედსა და ადგილს კინოხელოვნებაში ერთი უჩვეულო გარემოება, იღბლიანი თუ უსიამოვნო შემთხვევითობა განაპირობებს. მაგალითად, რობერტ ფლაერტის ფილმს „ნანუკი ჩრდილოეთიდან“, თურმე, სამონტაჟოში გაჩენილ ხანძარს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ესკიმოსების ყოველდღიურობის ამსახველი სამოყვარულო მასალა ფერფლად აქცია და დანაკარგით გულდაწყვეტილ ფლაერტის ჩრდილოეთის უმძიმეს კლიმატურ პირობებში მოგზაურობისა და ამჯერად უკვე პროფესიული ფილმის გადაღებისკენ უბიძგა.
კითხულობ წიგნს და თანდათან უფრო და უფრო გიღრმავდება განცდა, რომ ავტორი ცხოვრებისეული ისტორიების შეუდარებელი მთხრობელია, არაჩვეულებრივად ფლობს წერის ტექნიკას და რადგან თავადაც წარმატებული დოკუმენტური ფილმების შემქმნელია, არა მხოლოდ ზედმიწევნით გრძნობს, განიცდის ამბის ნებისმიერ ნიუანსს, არამედ შთაბეჭდილებებად გარდასახავს, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში აღწერს, განაზოგადებს სათქმელს და ერთგვარ ინფორმაციულ-ემოციურ მედიუმად გვევლინება, გზამკვლევად და შუამავლად მისთვის დაუვიწყარ მოვლენებსა და მკითხველს შორის.
რეჟისორისა და მწერლის საუკეთესო თვისებების შერწყმა გიორგი მრევლიშვილს ტექსტად გარდაქმნილი კინოამბების ხელახალი ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს.
მისი მოთხრობები კადრიდან კადრამდე გვამოგზაურებს, სიტყვებს მიღმა ცალკეულ სცენებს გვიცოცხლებს, პერსონაჟების პორტრეტებს საოცარი სიზუსტით წარმოგვიდგენს თვალწინ, რის გამოც წაკითხულსა და დანახულს, სიტყვითა და მზერით აღქმულს შორის ყველანაირი მიჯნა ქრება და მკითხველიდან მაყურებლად გადავიქცევით. ძალიან ღრმა ემოციურ კავშირს ვამყარებთ ტექსტთან. გვიჩნდება განცდა, თითქოს წიგნში თავმოყრილი, პროზაულ კრებულად გამთლიანებული ამბები თან ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად არსებობენ, რისი წყალობითაც შეგვიძლია, „პროცესის“ კითხვა ნებისმიერი ადგილიდან დავიწყოთ, თან მთლიან სურათს ქმნიან, წინა ეპიზოდში შეწყვეტილ სათქმელს განაგრძობენ, ავსებენ, „ესაუბრებიან“ ერთმანეთს. მათ შორის უწყვეტი შინაარსობრივი კავშირი მყარდება, რამაც, წიგნის სტრუქტურის გარდა, ნაწარმოების სათაური განსაზღვრა.
სიტყვა „პროცესს“, რომელსაც ავტორი ყველა ქვეთავში გამიზნულად იმეორებს, დიდი დატვირთვა ენიჭება. იგი, ერთი მხრივ, ფილმის გადაღების მსვლელობას გულისხმობს, მეორე მხრივ, კინოხელოვნების განვითარების ისტორიას, ზოგადად კი, მოქმედებისა და წინსვლის უწყვეტობას, პროგრესს, ექსპერიმენტს. კინოს ისტორიაც ხომ ექსპერიმენტით დაიწყო. თავად კინოც ხომ ექსპერიმენტის ნაყოფია.
გიორგი მრევლიშვილის მიერ წლების განმავლობაში მოძიებული უამრავი ფაქტის თავმოყრა-გაცხრილვისა და დოკუმენტურ მოთხრობებად გარდაქმნის პროცესიც ექსპერიმენტს ეფუძნება, სიახლისმაძიებლობას, რომელიც ავტორისთვის შედეგზე ბევრად მნიშვნელოვანია. შედეგი მკითხველს ეკუთვნის, რომელსაც გიორგი მრევლიშვილის წიგნმა, როგორც საუკეთესო გზამკვლევმა, ვფიქრობ, კინოხელოვნების ლაბირინთებში მოგზაურობის, „პროცესის“ წყალობით გაცნობილი რეჟისორების შემოქმედების სხვა კუთხეების დანახვის სურვილი უნდა გაუმძაფროს.
რაც მთავარია, უნდა გაუმძაფროს თავად გიორგი მრევლიშვილის, რეჟისორისა და მწერლის, მორიგი შემოქმედებითი პროცესებისთვის თვალის მიდევნების სურვილი.
ავტორი: შორენა ლებანიძე
მასალა მომზადებულია გამომცემლობა ინტელექტთან თანამშომლობით