ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #გუდაური

გუდაურის გადმოსახედი - ხედების ზეგავლენის ქვეშ

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer

„მახსოვს , ჯუთაში გადაღებაზე მივდიოდი  და უცებ დავინახე რომ ერთ ადგილას,  რომელსაც „გადმოსახედს“ ვეძახით, უამრავი ხალხი იდგა. ზემოთ პარაპლანები დაფრინავდა. დავინტერესედი. მივედი ახლოს და რომ გადავიხედეთ, მართლა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ამხელა სივრცე, უცებ ქვემოთ ულამაზესი პატარა ტბა - მართლა საოცრად მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო ხედი“, - იხსნებეს სოფო კაჭარავა პირველ შთაბეჭდილებას. ეს ერთგვარი ნაგებობა-გადმოსახედი გუდაურიდან 3.6 კილომტერში მდებარეობს. 

gudauri


ე.წ.“გადმოსახედზე“ გადმოფრენაც შეიძლება. პარაპლანის სერვისს იქვე სთავაზობენ ტურისტებს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. სტარტი გადმოსახედის წინა მთაზეა. ფრენის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წუთია. ფასი კი - 250 ლარი.  ორგანიზაცია  X GUDAURI-ის წარმომადგენელი, რომელიც ყაზბეგში ჩასულ სტუმრებს პარაპლანის და კვადროციკლების მომსახურებას სთავაზობს, ამბობს, რომ ამ კონკრეტულ მარშრუტზე ტურისტი საშუალოდ 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე ფრენს. 

„გუდაურს და მთებს სხვა კუთხით ხედავ. მთავარია ადრენალინი. ზოგჯერ პარაპლანით დაჯდომის დროს, ემოციებისგან თვალებიდან ცრემლები მოსდით. მთავარია, სკამში კომფორტულად  მოკალათდე  და გარემოთი დატკბე. როგორც ვერტმფრენით ფრენის დროს - სულ სხვადასხვაგვარი გარემო და რელიეფი გეშლება თვალწინ“, - ამბობს კომპანია "X გუდაური-ის" წარმომადგენელი თამთა ზაქაიძე.

„გუდაური-ყაბზეგის ტური ამ პანორამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - მიყვება ქართლოსი, რომელიც ტურისტული გიდია. მისი თქმით, ეს ადგილი მოსწონთ როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ქართველებს. „ზოგჯერ თვითონ მეუბნებიან „მშვიდობის მონუმენტთან“ გაგვიჩერეო, ზოგჯერ მე ვთავაზობ. ამ საოცარი გადამოსახედით ყველა კმაყოფილია. ამ მონუმენტის  შესახებ ბევრმა იცის და მისი ისტორიაც აინტერესებთ“. 

ქართლოსის თქმით, ტურისტებზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ხედი ახდენს. ქვემოთ თუ ჩახვალ, არაგვის ხმაც ახლოდან გესმის. ადგილი მართლაც იდეალურადაა შერჩეული. საიდანაც არ უნდა გადმოიხედო, თაღოვანი მონუმენტი და გადმოსახედი 360-გრადუსიან პანორამას ქმნის. 

თავად მონუმენტის ისტორიაც გავიხსენოთ. ავტორი ქართველი არქიტეტორი გიორგი (გოგი) ჩახავაა. ფერად მოზაიკაზე კი მხატვარმა-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა. გოგი ჩახავას დაპროექტებულია თბილისის საკულტო ძეგლიც - გზათა მშენებლობის სამინისტრო, სადაც ახლა საქართველოს ბანკის სათაო ოფისია.

მშვიდობის  მონუმენტის მოზაიკა 1217 ფილისგან შედგება. ზომით 60x70 სმ. ფილების გარკვეული რაოდენობა ამჟამად დაკარგულია. 

მონუმენტი 1983 წელს გაიხსნა, გეორგიევსკის ტრაქტატის მეორასე წლისთავზე. მოზაიკა ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობის ამსახველ სცენებს შეიცავს, რის გამოც მისი შინაარსი დღეს უკვე სადაოა. ზოგი ფიქრობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დროს აგებული მონუმენტი დღეს ერთ-ერთ სტრატეგიულად მნშვნელოვან გზაზე არ უნდა იყოს. 

არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილის თქმით, „მშვიდობის მონუმენტის“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვრული ღირებულება იმდენად დიდია, რომ ის აუცილებლად უნდა არსებობდეს, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის განუყოფელი ნაწილი. 

„თითქოს, ამ მონუმენტს შეყავხარ თავის მოცულობაში, გაიძულებს, მისი ნაწილი გახდე - იმხელაა თავის მონუმენტურობით. ოღონდ თან ამ გახსნილი თაღედებით, გაძლევს საშუალებას ბუნების ხედების ზეგავლენის ქვეშაც მოექცე“, - იხსენებს ნანუკა. 



სწორედ ნანუკას და მის კომპანიას, IDAAF ARCHITECTS ეკუთვნის მშვიდობის მონუმენტის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი. უშუალოდ მოზაიკის რეაბილიტაციაზე კომპანია SAXON-მა იმუშავა. ტენდერში გამარჯვებულ პროექტში კაფე, საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო სივრცე და საპირფარეშოები შედის. აქ ყველა დეტალი შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული. არქიტექტორების თქმით, ბოლო წლებში იმდენად გაზრდილია ტურისტული ნაკადი, რომ აუცილებელია ფართო პარკინგის მოწყობაც. რეაბილიტაციის შემდეგ, აქ მოსულ სტუმარს ექსტრემალური გართობის გარდა, თანამედროვე კომფორტიც ელის. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა