გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იაკი კაბე

ვის მიაქვს დაკარგული დროის დარდი მესაათესთან? | იაკი კაბე

 
გაუმარჯოს თავისუფლებას

დავპირდი შვილს,
12 წლისას,
რომელმაც მთხოვა თავს და სიცოცხლეს გავფრთხილებოდი,
სიტყვა მივეცი,
თითქოს ერთ დღეში გაზრდილს და ჩემზე მზრუნველს,
რომ მიტინგზე არ წავიდოდი.

დავპირდი შვილს და სიტყვა გავტეხე,
გულწრფელი თხოვნა ვერ შევუსრულე.
იმანაც ადგა და ბაბუას ხელი ჩასჭიდა,
ჩვენი ქალაქის მთავარ პროსპექტზე მატყუარა მამა
ათას კაცში მომძებნა.

ვდგავარ და ცრემლი მახრჩობს,
ჩემს გარშემო ხალხი ბობოქრობს,
ვიღაცა ყვირის:
გაუმარჯოს! გაუმარჯოს! გაუმარჯოს თავისუფლებას!

აქეთ ჩემი 12 წლის დიდი ბიჭი,
იქით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
და მე შუაში ვერ ვიხლიჩები...

 
*
ადრე ვხარობდი გაზაფხულის დღესასწაულით,
ახლა კი ძლიერ მასევდიანებს,
მითხარი, გულო,
გავიზარდე,
თუ დავპატარავდი?..


*
ღობეზე ხატად მიხატულო
იასამანო,
დაგვიანებული გაზაფხულის
ღვთისმშობელო,
რად ხდება ასე,
შენ აქ ყვავილებად აგვიფეთქდი
და აქვე ახლოს, 
ძალიან ახლოს –
ბუჩასა და მარიოპოლში
აჩეხეს და ნაღმზე ფეთქდებიან
პაწაწინა იასამნები?..


ნუგზარ ზაზანაშვილი - ადამიანი ჩიტი

ის ღაბუა ჩიტი იყო და განკაცდა,
მაგრამ ჟღურტულს ვერ გადაეჩვია და ლექსებს წერდა.
ხეების, ველების, მთებისა და მდინარეების სიყვარულს ვერ გადაეჩვია
და მუდამ ცაში ფრენა ენატრებოდა,
ამიტომ ერთ დღესაც ისევ ღაბუა ჩიტად იქცა და გაფრინდა...



*
მე აღარ შემიძლია სიყვარული,
აღარ ძალმიძს ვინმე მიყვარდეს.
ყველა ტბა დაშრა, 
ჯერ დაჭაობდა,
რომელშიც ვნებით ვეფლობოდი, 
გრძნობით ვცურავდი.
მაგრამ რაღაა იგი უდაბნო,
თუ უშორესი ოაზისი არ ილანდება –
წყაროს წყლისა და პალმის ჩრდილის მირაჟი... 


*
შენ სწერ მთა-ველებს,
მაგნოლიებს, 
ცვრიან ბალახებს, 
მაგრამ რაც უფრო მეტად გიყვარს,
მით უფრო სძულხარ, 
აი, სამშობლოს სიყვარულის
ანი და ბანი...


ნატვრა


მიიმღეროდე,
მტვერი დგებოდეს,
იკლაკნებოდეს გზა ხეობებს შორის.
სხვაც რომ მღეროდეს, 
გზა უჩანდეს –
გზის ბოლოს შუქი.
მიიმღეროდე,
მოიმღეროდეს,
გარშემო ყველაფერს ჰქონდეს
სამშობლოს სუნი... 


*
ჩიტი თუ ხვდება,
რომ სხვას ვამსგავსებ,
სხვა ჩაუსახლდა გალუმპულ ფრთებში.
ან ის თუ მიხვდა, რომ ჩიტად იქცა და
დამისკუპდა ფანჯრის რაფაზე...


ლიკა ქავჟარაძე


მოდიოდა და ქუჩა მოჰყვებოდა,
ხეები წელში იხრებოდნენ, ირკალებოდნენ,
სახლები თვალებს – ფანჯრებს აყოლებდნენ,
ფეხქვეშ ქვაფენილები იყრებოდნენ და
ამოსძახებდნენ:
– ვინ გშობა,
ვინ გაგაჩინა?..


საგანგებო განცხადება


პოლიტიკოსების საშიშ, უღრან ტყეში
დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოებს
პოეტები ატარებენ.


*
ვის მიაქვს
დაკარგული დროის დარდი
მესაათესთან?.. 


*
საით მივდივართ,
მეკითხება უმცროსი შვილი,
ვერ ვუმხელ,
რომ გზები
ჩვენ ამას არასოდეს გვეკითხებიან…


*
ვინ რას ამოთქვამს ბოლო სიტყვას,
ვინ უჩუმრად გაქრა.
– ვიმღეროთ რამე,
თქვა პაპაჩემმა
და სულიც დალია…


*
აივანი პასუხია,
რომ ჩვენც ნამდვილად
გვაქვს სული…


გია აბესაძე


ვინც ჩაქრა,
მაგრამ მაინც ანათებს…


*
ნუთუ მხოლოდ მე ვამჩნევ,
რა ირონიით ბრწყინავენ და იმზირებიან
ქუჩის კუთხეში ვიტრინაში ჩამწკრივებული
საქორწინო ოქროს ბეჭდები…


*
უნივერსიტეტში
ძველი ქართული ლიტერატურის მხცოვანი პროფესორი
გვიკრძალავდა გვეთქვა „მოკვდაო“ ადამიანზე.
პატივცემულო პროფესორო,
ჩემს მეგობარს ათი წლის მეგობარი
ძაღლი აღარ ჰყავს,
და მე არ ვიცი,
რა ვუთხრა –
„მოუკვდა“, თუ „გარდაეცვალა“…


*
ბავშვობის სახლი.
დაუკრეფავი
ნაყოფი ხეზე... 


ავტორი: იაკი კაბე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა