გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იაკობის ჭასთან გამომცემლობა ინტელექტი

იქ, სადაც ცა მთავრდება | თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“

„ფარეზმა იმდენი იფიქრა, რომ თვალების ფერი შეეცვალა“

ეს არის ამბავი, სადაც მითოსური რეალურს ერწყმის, წარმართული ქრისტიანულს, სადაც გოლიათებმა ადამიანებზე უკეთ იციან სიყვარული, ხოლო ის, თუ რატომ უყვარს ღმერთს ადამიანი, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ შეკითხვად რჩება.

თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“ მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, მაგიური რეალიზმი კი ის გზაა, სადაც ერთმანეთს კვეთენ სიურრეალისტური, მითოგენური  და ნამდვილი, რეალური ნარატივები.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც ღამე არსებობდა, არც ახალდაბადებულ ბავშვს არქმევდნენ სახელს, არც არავის ეძინა და არც არავინ იღვიძებდა, ერთმა შეყვარებულმა გოლიათმა სამყაროს ზურგი შეაქცია, მაშინ დაბნელდა პირველად, შემდეგ კი მონადირემ  გოლიათს შუბით ბეჭი გაუხვრიტა, საიდანაც სუსტი სინათლე შემოვიდა.

სწორედ ამ თქმულებით იწყება რომანი, რომელსაც, როგორც მთხრობელი ამბობს, არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი, ეს შუა ამბავია, ორი ტყუილია ერთ სიმართლეში, რომლის მოსმენისას მკითხველს გამუდმებით ესმის კოკისპირული წვიმის ხმა.

დიდ ველზე მცხოვრებმა ხალხმა არაფერი იცოდა ომის შესახებ, ხოლო რაც იცოდა, ისიც თქმულება და გამოგონილი ამბავი ეგონა, რადგან იმდენხანს იყო მშვიდობა, რომ ომის მომსწრე და მომგონებელიც ცოცხალი არავინ ახსოვდათ, სანამ ერთ დღესაც ლტოლვილების უზარმაზარმა ნაკადმა არ გადაიარა დიდი ველი,  შვიდი მიცვალებული დასამარხად არ დატოვა და პატარა დავითმა ხიდან ჩამუქებული ჰორიზონტი არ დაინახა.

„მტერი ამჯერად მათკენ მოემართებოდა და ის სილურჯე არ იყო ზღვა. იქ ნამდვილად ცა მთავრდებოდა.“

დიდ ველს ურდო შემოესია, ადგილობრივი მოსახლეობა აიყარა და თავის გადასარჩენად გზას იქით დაადგა, საითაც ადრე ლტოლვილები უჩინარდებოდნენ.

„წამოვედით! ოთხი ხევი გადავიარეთ! უმეტესობა დაიღუპა!“

ოთხხევგამოვლილი, ურდოს გადარჩენილი ადამიანები დიდი ველიდან ძალიან შორს, მთაში იდებენ ბინას, ამ ადგილს კი ძაღლისხევად იხსენიებენ.

დიდ ველზე დარჩენილი ხალხი და იქიდან წამოსულები ერთმანეთისგან გაუცხოებულნი ხდებიან და მიუხედავად იმისა,  რომ მათ შორის ბზარად გაჩენილი გეოგრაფიული საზღვრები  არსებობს, მათი იდენტობა იგივეობრივია, მათი გონება და ფიქრი ერთნაირად უსაზღვრო, რაც შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს და პირიქით.

იდენტობა, როგორც მოცემულობა დრო-სივრცულ საზღვრებს მიღმა არსებობს, სწორედ ამის მანიშნებელია ელიაკიმის მცდელობა მოამზადოს ისეთივე ქონდრის შეჭამანდი, როგორსაც დიდ ველზე ხშირად ამზადებდნენ.

„ის განსაკუთრებული გემო, ლეგენდად რომ შემორჩა აქაურობას, ვერაფრით გამოუვიდა. მაინც ცდილობდა ხოლმე, თითქოს ძველებურ ქონდრის შეჭამანდს თუ მოხარშავდა, ის გამქრალი ქვეყანაც დაბრუნდებოდა, თავისი ხალხით, მოსავლიანი მიწითა და ძვირფასი სახლებით.“

მაგიურ რეალიზმში ბიბლიური ალუზიები და ინტერტექსტუალური მიმართებები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც სიმბოლიზმის ფენებს ერთი-ორად ზრდის. ნარატიული ქსოვილის ნაწილია ბიბლიური პასაჟები, რომლებიც  მკითხველს ომის, დანაკარგის, რწმენის, ბედისწერისა და ადამიანური ტანჯვის აღქმა-გაგებაში ეხმარება.

რომანში პერსონაჟების სახელებიც არქეტიპულად ბიბლიურია, რომლებიც  მათეს სახარების პირველ თავში გვხვდება. მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1).

ეს გენეალოგია სიმბოლურ კავშირს აღნიშნავს წარსულსა და მომავალს შორის. იგი ასახავს იმ ხალხის ისტორიას, რომლებიც შეკრული არიან თავიანთი კოლექტიური გამოცდილებით, რაც განაპირობებს ქრისტეს მოვლინებას, რომელიც  კაცობრიობის ისტორიის მსვლელობას შეცვლის. რომანში გამოყენებული ბიბლიური სახელები - იაკობი, ელიაკიმი, თამარი, ფარეზი, იოათამი,  მანასე,  ზარა, ზორობაბელი  — უფრო მეტია, ვიდრე უბრალო იდენტიფიკატორები.

ლიტერატურაში სახელები იშვიათად არის შემთხვევითი, განსაკუთრებით მაშინ, თუ რომანში ბიბლიური თემები ერთმანეთს ენაცვლება და ინტერტექსტუალურად მიემართება, მაგალითად ხურო, რომელიც თამარს ახალ კარს ჩააბარებს, ქრისტეს ერთ-ერთ პროტოტიპად გვევლინება.

„რამდენიმე წლის შემდეგ თამარმა კიდევ ნახა ის ხურო. ქალაქში ჯვარაკიდებული ჩამოატარეს და შემდეგ იმავე ჯვარზე გააკრეს.“

რომანის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ღმერთსა და ადამიანს შორის დადებული გარიგებაა, შუა სოფელში ბოძზე გაკრულ იოაბთან ქრისტე მიდის, ქრისტე კი სიმართლის სანაცვლოდ იოაბისგან ორ ტყუილს იღებს, რეალობა და მითოსი ურთიერთმონაცვლეობენ, ჭეშმარიტება და ტყუილი თანაარსებობენ, ხოლო ქრისტე ამბობს:

„მე არსაიდან მოვსულვარ, სულ აქ ვიყავი.“

ამ შემთხვევაში ინტერტექსტუალური მიმართებაა იოანეს სახარებასთან, როდესაც ქრისტე ეუბნება თომას:

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე, 14,6)

თეა თოფურია მაგიური რეალიზმის ჩარჩოებში აქცევს ომგადატანილი ადამიანების უთქმელ და ხშირად ამოუცნობ გამოცდილებას, აქ ჭეშმარიტება და ფანტასტიკა ჰარმონიულად თანაარსებობს, ამგვარი ნარატიული  ტექნიკის გამოყენებით იშლება საზღვარი რეალურსა და წარმოსახულს შორის. ასეთ სამყაროში ამბები და ისტორიები საკუთარ ცხოვრებას იძენენ და ხშირად ამ ამბების სიცოცხლე მათსავე შემქმნელის სიცოცხლეზე ხანგრძლივია. რომანში მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი პირველი ნიშანი სწორედ მარადიული ამბების კონცეფციაა.

ომის საშინელებას გამოქცეული ადამიანების მეხსიერება ინდივიდუალურიდან კოლექტიურობამდე ყალიბდება, ამ შემთხვევაში მეხსიერება გადამწყვეტ როლს თამაშობს. აქ მოგონებები და ამბები არც ქრება და არც დროთა განმავლობაში იშლება, არამედ ისინი ძაღლისხეველების კოლექტიური ცნობიერების ნაწილად იქცევა. 

ამბები,  რომლებსაც გმირები ჰყვებიან, რისიც სწამთ და სჯერათ, ერთგვარ კათარსისულ შინაარსსაც ატარებს და, ამასთან ერთად, წარმოადგენს წინააღმდეგობის აქტს იმ ბოროტი ძალებისადმი, რომლებიც მათი ისტორიისა და ერის გაქრობას ცდილობენ. როგორც ჩანს, , ადამიანი შეიძლება დამარცხდეს ამ ძალის წინაშე, თუმცა ამბები დაუმარცხებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ  დროის მსვლელობა არ არის წრფივი, რასაც რომანის დასასრულიც ადასტურებს. კითხვის პროცესში ვფიქრობთ, რომ დიდი ველიდან წამოსვლის შემდეგ ათეულობით წელია  გასული, მით უფრო, რომ ერთი შეხედვით თაობათა ცვლის მომსწრენიც ვხდებით, თუმცა დრო, ისევე როგორც  სხვა ყველაფერი,  თავისი შინაარსისგან დაცლილია და მოვლენების ცვალებადობა დროის მსვლელობის ლოგიკას არ ექვემდებარება. 

ამასთან, ძაღლისხეველებს სამყაროზე ინფანტილური და მითოსური წარმოდგენები აქვთ, მათ სჯერათ, რომ მთვარე ოქროსია და იმდენად მძიმე, რომ შეიძლება ჩამოვარდეს, სწორედ ამ მთვარის საძებნელად მიდის იოაბიც, რომელსაც მალევე ივიწყებენ, რადგან:

„იოაბი დედით ობოლი იყო და რა უნდა იმ ადამიანის დავიწყებასაც, ვისაც დედა აღარ ჰყავს“

ადგილები, რომლებსაც ავტორი აღწერს, ჰერმენტულია, გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი და იზოლირებული, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლისხევის გარშემო სხვა დასახლებული სოფლებიცაა, მაგალითად სოფელი, სადაც გორგა ცხოვრობს, გვექმნება წარმოდგენა, რომ სამყაროში მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს: დიდი ველი და ძაღლისხევი.

საინტერესოა ისიც, რომ რომანში არ გვხდება ერთი კონკრეტული პროტაგონისტი, არ არსებობს მთავარი, ცენტრალური გმირის იდეა,  რადგან თითოეულ პერსონაჟს მეტ-ნაკლებად თანაბარი ნარატიული წონა აქვს. პროტაგონისტის ეს მიზანმიმართული არარსებობა მკითხველს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რომ პერსონაჟები  ცალკეული გმირის ობიექტივიდან კი არ შეაფასოს, არამედ ერთ მთლიანობად აღიქვას.

აქ თითოეული პერსონაჟი დიდი კონტინუუმის ნაწილია, რაც მოიცავს გადარჩენის, დაკარგვისა და ტრანსცენდენციის ისტორიას. ერთი პროტაგონისტის არარსებობა მიუთითებს თითოეული პერსონაჟის ცხოვრებისა და ბრძოლის ურთიერთდაკავშირებაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისის დროს არც ერთი ადამიანი არ არის მეორეზე მნიშვნელოვანი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იაკობის ჭის სიმბოლური მნიშვნელობაც. იოანეს სახარების მეოთხე თავში ვკითხულობთ:

„მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,

ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.“

რომანში იაკობის ჭა ერთდროულად მარადიული სიცოცხლის, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთკავშირის, ტანჯვისა და სიხარულის მეტაფორაა, სწორედ ამიტომ არ ივსება წყლით იაკობის ჭა, რადგან სიცოცხლე დაუსაბამოა, ღმერთი შეუცნობელი, ადამიანის ბედისწერასთან შერკინება და ტანჯვა კი გარდაუვალი. 

სამყარო უსასრულოა, ძაღლისხევი კი მთელი სამყარო და ჩვენ ვერასდროს მივხვდებით, როგორ შეიძლება ადამიანს იმხელა დარდი და სიმძიმე ჰქონდეს, რომ მისი ნაბიჯების ხმა საიქიოდანაც ატანდეს.

ავტორი: თამარ მღებრიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა