ინტელექტუალიზმის კრიზისი | დიმიტრი ცეკურასის „კარი“
დიმიტრის ცეკურასს ქართველი მკითხველი შეიძლება კარგად არც იცნობს. მასზე ბიოგრაფიული ცნობები არც ინტერნეტში მოიპოვება, ვერც წიგნებს შევხვდებით მის ცხოვრებაზე... თუმცა მას საქართველოსთან ჰქონია შეხება, ზუსტად ამა წლის ივნისში ის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვია, ამბობენ, თბილისი ძალიან მოეწონაო და ამას წერილიც ადასტურებს, რომელიც ბერძნულენოვან ჟურნალ OLAFAQ-ში გამოქვეყნდა.
„ადგილის სიწმინდეს მაშინ ხვდები, როცა შენში ამ ადგილიდან წასვლის შემდეგ რაღაც იცვლება, წასვლისას კი თითქოს მაღლდები… ასეთი წმინდა ადგილია მწერალთა სახლი საქართველოში. ის ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაშია განთავსებული, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, სოლოლაკში, ივანე მაჩაბლის ქუჩის 13 ნომერში.“
- წერს ავტორი, მხოლოდ ეს ნაწყვეტია ქართულ ენაზე ცნობილი მოცემული წერილიდან. როგორც ჩანს, მწერალთა სახლი განსაკუთრებით მოეწონა, მწერალთა სახლს ჯერჯერობით კარი აქვს შერჩენილი, ის ჯერ არავის ჩამოუხსნია და მით უმეტეს არც ნაგავში მოუსვრია, შესაძლებელია ეს სიტყვები რომელიმე ხელოვანის პერფორმანსის იდეა გამხდარიყო, საინტერესოცაა, რა მოხდება თუკი მწერალთა სახლის კარს ვინმე ჩამოხსნის და დემონსტრაციულად ნაგავში მოისვრის, რა თქმა უნდა, კულტურული ძეგლის დაზიანების გამო ბრალსაც წაუყენებენ (ან არც ვიცით. გავიხსენოთ, გელათი, საყდრისი და სხვა განადგურებული ან დაზიანებული კულტურული ძეგლები), თუმცა ხელოვანი ხომ პროვოკაციულიც უნდა იყოს, ბევრისთვის ბრაზის მომგვრელი, ზოგჯერ აუტანელიც. ყოველ შემთხვევაში, მთავარია, ამ აქტმა თუ პერფორმანსმა თუ რაც გინდათ, დაარქვით, რაღაც სიტყვა თქვას.
მსგავსად იქცევა დიმიტრის ცეკურასის რომანის პერსონაჟი, რომლის სახელსაც რომანის დასასრულის დასაწყისში ვგებულობთ და რომელსაც კლეო ქვია. კლეო უკვე შუახნის ასაკში მყოფი ინტელექტუალია, მისი სახლი გადავსებულია ძველი მუსიკალური ფირფიტებით, წიგნებით, სახით დომენიკოს თეოტოკოპულოსს და ყოველ ჯერზე ამხელა სახელი და გვარი რომ არ ვახსენოთ – ელ-გრეკოს წააგავს. თავად კი სურდა, ბოsხს დამსაგვსებოდა, ხელოვნების სიყვარულის გამო, მაგრამ არა, ავტორმა თუ ფიქციურმა დედა-ბუნებამ ასე გადაწყვიტა, მისი სახის ნაკვთები ელ-გრეკოსია.
ძალიან ცოტა ვიცით მის წარსულზე, თითქოს პერსონაჟი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს, მისი ცხოვრება დაცლილია მატერიალური მოთხოვნებისგან. არ ვიცით, პერსონაჟი თავს რითი ირჩენს, არ ვიცით, ჰყავს თუ არა მეგობრები ან სხვა ნაცნობები, არ ვიცით, მისი დღის განრიგის შესახებ და საერთოდაც მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ინტელექტუალია, უყვარს ბოსხის ნახატები, არც ელ-გრეკოს უჩივის, გამოკეტილია სახლში და გარესამყაროსთან მინიმალური კავშირი აქვს, არის ინტელექტუალისტური ეგოიზმით შეპყრობილი (ეს ჩემი დაკვირვებაა და არა ავტორის) და რაც მთავარია, აქვს საკუთარი სხეულისადმი მოულოდნელი გაუცხოებები, შიგადაშიგ შფოთავს, არ იცის, ვინ არის.
„ვინ ხარ შენ?“ კითხულობს, თავის თავს ეკითხება, ოთახში საკუთარ ლანდს დასდევს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ ისმის. „ვინ ხარ შენ?“ გაჰყვირის, მაგრამ კითხვა ჰაერში გაბმულ უხილავ ბაწარზე ეკიდება და მარტოსული მოძრაობს წინ და უკან არარსებული პასუხის ძიებაში. სინამდვილეში კითხვას „ვინ ხარ შენ?“ პასუხად უნდა დაუხვდეს - შენ ხარ ინტელექტუალიზმის კრიზისში მყოფი, მეგობარო, მაგრამ ეს ავტორისგან არ ჟღერდება, არც ვიცით, ავტორი მსგავსად ფიქრობს თუ არა, მაგრამ რადგან ავტორსაც არ აქვს პრეტენზია ამ ტექსტის ავტორობაზე, საერთოდ არც ვიცით, ვინაა ავტორი, სადაა, მკვდარია თუ ტექსტში მოძრაობს, ამიტომ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ.
მომენტებში კლეო თითქოს პირველ პირში იწყებს საუბარს, მაგრამ რთულია ამოცნობა, ეს კლეოა თუ ავტორი? პერსონაჟი საუბრობს საკუთარი პირით თუ თავად პერსონაჟია საკუთარი ამბის მთხრობელი და თავის თავს მესამე პირშიც აღწერს ხოლმე. ეს საკუთარი თავის დაცინვაა? თვითირონია, რასაც ავტორი გვთავაზობს? მაგრამ ჯერ ზემოთ აღნიშნულ საკითხს გავცეთ პასუხი, რატომ ინტელექტუალიზმის კრიზისი და, საერთოდ, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
კლეო დიდხნიანი განმარტოებისა და სახლში გამოკეტვის შემდეგ გადაწყვეტს, საკუთარი სახლის კარი ჩამოხსნას და ნაგავში მოისროლოს.
ერთია, რომ პერსონაჟს ნაადრევი სიკვდილის შიში აქვს, რომ ის გარდაიცვლება და არც არავინ მოაკითხავს, სახლში ჩალპება და რადგანაც მკვდარი სხეული ლპება, ის სუნსაც გამოსცემს, სუნს თუ გამოსცემს, კარი ამ სუნის შემაფერხებელი იქნება, ამიტომაც უკარო სახლიდან მისი ლპობაშეპარული სხეულის სუნი მარტივად ატეხავს განგაშს; მეორეც, მიზეზი უბრალო ინტერესია, გახდება თუ არა უკარო სახლი ქურდობის ან ძარცვობის მსხვერპლი.
წიგნის დასაწყისში ავტორი გვეუბნება, რომ ეს წიგნი სასურველია, ორი კატეგორიის ხალხმა წაიკითხოს: პირველი ესაა უკვე ხანში შესული ადამინები, რომლებმაც ყველაფერი ნახეს და ახალს არაფერს არ ელიან ცხოვრებისგან; მეორე ესაა მრავალ წიგნგამოვლილი ადამიანი, რომელსაც ბევრი წაუკითხავს და ლიტერატურა მისთვის ახალი ხილი არაა.
მე, ალბათ, არც ერთს განვეკუთვნები, მეორეს ვერა, რადგან ახალგაზრდა ვარ, პირველზე პასუხის გაცემა კი რთულია, საერთოდ, როგორ უნდა განისაზღვროს ბევრი გაქვს წაკითხული თუ არა, როდესაც უამრავი ლიტერატურაა ჩვენს გარშემო თავმოყრილი, უთვალავი არა, როგორც ვარსკვლავები, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად ბევრი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ავტორი მიესალმება თუ არა ამ წერილს, არც ვიცით,ოდესმე თუ წაიკითხავს, მაგრამ მაინც. რაც ყველაზე ნათლად ჩანს და ეს ავტორის მითითებაშიც ირკვევა, ავტორი ამ წიგნის წაკითხვას მხოლოდ ინტელექტუალებისგან ითხოვს, მოდი, ასე ვთქვათ, ინტელექტუალი, რომელსაც ბევრი წაუკითხავს და გაუაზრებია და ინტელექტუალი, რომელსაც ბევრი რამ ცხოვრებაში უნახავს, ორივე დიდი ცოდნაა, ცხოვრებაც და ლიტერატურაც, ფიქციაც და რეალობაც.
ასეა თუ ისე, ის მაინც ინტელექტუალურ წრეში იკეტება, ეს წრე რამდენადაც გარეგნულად აღმატებულად ჩანს, იმდენად შიგნიდან ჩამპალი და ინცესტურია. თუკი სივრცე საკუთარ წრეს თავს ვერ აღწევს, მაშინ მას განვითარება არ უწერია. ასეა კლეოს შემთხვევაშიც, ის იმდენად ჩაკეტილ სივრცეში რჩება, რომ კარის ჩამოხსნის შემდეგაც კი, მას ქურდებიც კი არ აკითხავენ და წარმოიდგინეთ ამ ადამიანის მარტოობა და სევდა, რომელიც პოტენციური კრიმინალის ინტერესებშიც კი არ შედის, რომ არაფერი ვთქვათ მეგობრებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე ან მკითხველზე.
ავტორი პერსონაჟთან ერთად ინტელექტუალურ წრეში იკეტება; ღია კარი კი ყოველთვის ტრაგედიის ნიშანია, ნიშნავს, რომ შიგნით ვიღაც მოკვდა.
კლეო საკუთარი ქმედებით წინასწარ ლიკვიდაციას აცხადებს, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც თვითლიკვიდაციას. ის, როგორც ინტელექტუალი, მკვდარია, აზრიც არ აქვს მის არსებობა-არარსებობას, აზრები ჩაკეტილ წრეში რჩება და თუკი მისი ინტელექტუალური გონი სხვა სივრცეებს არ მოედო, არ ჩავიდა თუნდაც ფსკერამდე, არ გაუნაწილა ცოდნა მათ, ვისაც არ აქვთ, მაშ მისი გამოკეტვა კომფორტის ზონაში დარჩენაა, თავად ინტელექტუალური წრეც ხომ კომფორტის ზონაა, რომლიდან გამოსვლაც ჩვენს ხშირად კარგად ცნობილ ინტელექტუალებს არანაირად არ სურთ.
მიშელ ფუკო ჟილ დელიოზთან ინტელექტუალებსა და ძალაუფლებაზე საუბრისას აღნიშნავს:
„არადა, რაც ახლახანს მომხდარი ჯანყის მერე აღმოაჩინეს ინტელექტუალებმა (1968 წელს), იყო ის, რომ მასებს ისინი არ სჭირდებოდათ, რათა რაიმე სცოდნოდათ; მათ ყველაფერი შესანიშნავად, ზუსტად, ინტელექტუალებზე ბევრად უკეთესად იციან და ამას მშვენივრადაც გამოთქვამენ. მაგრამ, ამავე დროს, არსებობს ძალაუფლების რაღაც სისტემა, რომელიც აბრკოლებს, კრძალავს და აუძლურებს მათ ამგვარ მეტყველებასა და ცოდნას; ძალაუფლება, რომელიც არა მარტო ცენზურის მაღალ ინსტანციებშია, არამედ საზოგადოების მთელ ქსელში იჭრება ღრმად და ძალზედ ეშმაკურად. თავად ინტელექტუალებიც ძალაუფლების ამ სისტემის ნაწილს შეადგენენ; იდეა, რომ ისინი სინდისის, შეგნებისა და დისკურსის რწმუნებულნი არიან, მათ თავად აქცევს ამ სისტემის ნაწილად. ინტელექტუალის როლი იმაში კი აღარ მდგომარეობს, რომ 'ოდნავ უფრო წინ ან ოდნავ უფრო განზე' დადგეს საყოველთაო მუნჯი სიმართლის გამოსათქმელად, არამედ უფრო იმაში, რომ ძალაუფლების ფორმებს ებრძოლოს იქ, სადაც იგი – ინტელექტუალი – ერთდროულად ამ ძალაუფლების ობიექტიცაა და იარაღიც: 'ცოდნის', 'ჭეშმარიტების', 'სინდისიერების' და 'დისკურსის' სფეროში.“ [თარგმანი ლუკა ნახუცრიშვილისა]
კლეოს შემთხვევაში ეს საერთოდ არ ჩანს; კლეოს, როგორც ინტელექტუალს, პულსი არ ესინჯება. ის ჯერ საკუთარ თავშიც კი არ არის გარკვეული, ვერ იაზრებს თავის სხეულს და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომელიც ერთ სცენაში მოელანდება, უსახო ბრბოდ აღიქვამს.
კლეოს დაკარგული აქვს სივრცის და დროის შეგრძნება და მისი უკარო ოთახიც ამ არარაში მოძრაობს.
მის ამ სივრციდან თავდაღწევის სცენა ბოლო კადრია, როდესაც ის ოთახს ტოვებს და ნელ-ნელა ცაში იჭრება, თუმცა ავტორი ბოლომდე მაინც არ გვიჩვენებს, არის თუ არა ეს კლეოს წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ ჩაკეტილ წრეს თავს აღწევს, ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნოთ, რომ კლეო კომფორტის ზონას თავს აღწევს, უკარო ადგილში კი სხვა ინტელექტუალიზმი ლპება, რომელსაც მალე სუნი აუვა და გარეთ მყოფები ოთახიდან გამოასვენებენ და რომელიმე სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც არც არავინ მიაკითხავს ხოლმე.