ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინტერვიუ ტომას ვინტერბერგთან

ინდიგო: თქვენ თქვით, რომ კომუნასინსპირაცია თქვენი ბავშვობა და რეალურ კომუნაში გატარებული წლები იყო.

ასეა. 19 წლამდე, მშობლებთან ერთად, კომუნაში ვცხოვრობდი კოპენჰაგენში. ბავშვობა შიშველი სხეულებისა და მომღიმარი სახეების გარემოცვაში გავატარე. ირგვლივ უამრავი საინტერესო ადამიანი ტრიალებდა, ყველა თავისებური და განსხვავებული იყო, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თანაცხოვრებას. თუმცა, ფილმი ავტობიოგრაფიული მაინც არ არის, უფრო ჩემ შეგრძნებებზეა.იმ პერიოდმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, ძალიან ბევრი მომცა - დადებითიც და უარყოფითიც.

ინდიგო: იცხოვრებდით დღეს კომუნაშიშანსი რომ გქონდეთ?

არა,ბევრი მიზეზის გამო. დავიწყოთ იმით, რომ პროფესიიდან გამომდინარე, იმდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, პერიოდულად ხალხმრავალ ადგილებზე ალერგია მემართება. კომუნაში ცოხვრება უკვე მეტისმეტი იქნებოდა. თან, ოჯახი მყავს და მირჩევნია რაღაც პრივატულობა მქონდეს. კომუნაში 13 გავატარე, მეტი აღარ მინდა. თუმცა, სხვებს მაინც ვურჩევდი ამის გაკეთებას.

ინდიგო: ფილმში მთავარი გმირები მარტოობას და მოწყენილობას გაურბიან. არის გამოსავალი კომუნა და ხალხმრავლობა ასეთ დროს?

მარტოსულობა დღეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ფილმში ასახულ ეპოქაში იყო. განსაკუთრებით ჩემს ქვეყანაში. კომუნა შანსია ამას თავი დააღწიო, თუ რა თქმა უნდა, გაზიარების და სხვების მოსმენის სურვილი გაქვს. ერთად ლუდის სმა, ლაპარაკი, ერთად დაძინება ხანდახან დიდი შვებაა ხოლმე.ცხადია, კომუნაშიც შეიძლება იყო მარტო და ეს ფილმშიც კარგად ჩანს. მინდოდა რეალურად გვეჩვენებინა ასეთი თანაცხოვრების როგორც ამაღელვებელი და სახალისო, ისე ბნელი და სევდიანი მხარეებიც.

ინდიგო: სინამდვილეში რა იყო ის, რის გამოც ფილმის გადაღება გადაწყვიტეთ?

მინდოდა გულწრფელი, არასწორხაზოვანი და ცოტა კონტროვერსიული ფილმი გადამეღო, რომელიც ღია იქნებოდა ინტერპრეტაციებისთვის. გადაღებებისას ვცდილობდით ანალიტიკა გამოგვერთო - ინსტინქტები და ემოციები უფრო გვაინტერესებდა. ჩემი სურვილი იყო, მეჩვენებინა, თუ როგორ იცვლება სამყარო და როგორი წარმავალია ყველაფერი: ცხოვრება, სიყვარული, ურთიერთობები... თუ ადრე გაზიარება და თანაცხოვრება ასე აქტუალური იყო, დღეს ეს ყველაფრი ინდივიდალურმა თავასუფლებამ ჩაანაცვლა, რაც გასაგებია და ვერ ვიტყვი რომ ამის წინააღმდეგი ვარ. ეს იყო 60-70-იანი წლების ექსპერიმენტი - ზოგჯერ ძალიან მტკივნეული, მაგრამ თავისი ღირსებები ნამდვილად ჰქონდა.

ინდიგო: როგორია დღეს ევროპა, შემორჩა მას გაზიარების, თანაცხოვრების საშუალება და სურვილი? რას ფიქრობთ სირიელ დევნილებზე, რეაქციებზე, მაგალითად თქვენს ქვეყანაში?

სამწუხაროდ, დღეს ის საერთო კეთილდღეობის იდეალები შიშმა და დაძაბულობამ ჩაანაცვლა, რასაც ზოგჯერ ძალიან ცუდი საქციელი ახლავს თან. ჩვენთან დაიბეჭდა პროკლამაციები, დევნილებს ეუბნებოდნენ დანიაში არ შემოგიშვებთ, სხვაგან წადითო. მე მრცხვენია ამის გამო, მრცხვენია ჩვენი პოლიტიკოსების გამოც. ეს აღმაშფოთებელი და არასწორია. მაგრამ საბედნიეროდ, დახმარებისთვისაც ბევრია მზად. შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ და 40 -იანი წლების საკონცენტრაციო ბანაკები გავიხსენოთ, მაგრამ მაშინ, ბანაკების ამბავი ორი- სამი წელი გასაიდუმლოებული იყო. დღეს დამალვა გამორიცხულია. ყველა მედია აშუქებს როგორ კვდებიან ბავშვები ყოველ დღე, მაგრამ მაინც არავინ იღებს პასუხისმგებლობას. ეს ძალიან მძიმე აღსაქმელია. ამიტომ, თუ ამ ფილმს შეუძლია ოდნავ მაინც უბიძგოს ვიღაცას გაზიარებისა და გაცემისკენ, ბედნიერი ვიქნები.

ინდიგო: "კომუნაშისაყვარელი ადამიანების "გაცემაცჩვეულებრივი ამბავია.როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია სიყვარულის გაზიარება?

მე პირადად არასდროს მხიბლავდა ღია ურთიერთობები, მაგრამ ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თითქმის კრიმინალიზირებულია დღეს. თუ პარტნიორი სხვასთანაც წავიდა, ბევრისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. კომუნაში პირიქით იყო, შენი პარტნიორის ფლობა არ შეგეძლო, მას ვერ დაამწყვდევდი. თუ გიყვარს, ნება უნდა მისცე წავიდეს. ორმხრივი სიყვარული და პატივისცემა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთის გაგებით, თავად დავადგინოთ ცხოვრების წესები. ადამიანებს განსხვავებული მიდგომები, საჭიროებები და ინტერესები აქვთ. ამ დროს საზოგადების წნეხი ყველაზე საშიში რამეა.

ინდიგო: თუმცა, ალბათ ერთ-ერთი პარტნიორი ხშირად მაინც გულნატკენი რჩება, როგორც ფილმში ანას გმირი.

სიყვარული ბრუტალურია. ცხადია, მტკივნეულია ადამიანების ჩანაცვლება. 20 წელი ვიყავი დაქორწინებული. ჩემს შვილებს სულ ვეუბნები რომ ურთიერთობის ხანგრძლივობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ განქორწინება გინდა, ამისთვის საკმარისად სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს. ვფიქრობ, ახალგაზრდების მიმართ მიზიდულობაც ბრუტალურია. მეც ჩემზე ახალგაზრდაზე დავქორწინდი მეორედ. ყველას ეშინია სიკვდილის, დაბერების. ყველა ვისწრაფვით, რომ ახალგზარდობა გავიხანგრძლივოთ, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ყველას აწუხებს ეს პრობლემა.

ინდიგო: თქვენი ფილმი დიდი ცვლილებების და ვნებათაღელვის ეპოქას ასახავს,როგორ მოჩანს 60- 70 იანი წლების რევოლუცია დღევანდელი პერსპექტივიდან?

ეს იყო შანსი, ენერგიის განახლებისთვის და იმ დროისთვის ძალიან სექსუალური იყო ეს ყველაფერი. მაგრამ დღეს ეს მუზეუმად იქცა, აღარაა ისე მიმზიდველი. თუმცა, ახლაც შეგიძლია იცხოვრო კომუნაში, ებრძოლო მარტოობას და ისწავლო ბევრი კარგი რამ, რაც მთავარია -გაცემა, გაცემა და კიდევ ერთხელ გაცემა. იმ ეპოქამ თავისი კვალი ნამდვილად დატოვა. ახლა ჩვენს ხელშია ყველაფერი და ჩვენ ვწვეტთ, როგორ შევალთ ისტორიაში. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა