გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯოჯოხეთის ქვა

თეკლა ასლანიშვილის და გიორგი გაგოშიძის ესეისტურ ჟანრში გადაწყვეტილი დოკუმენტური ფილმი „ჯოჯოხეთის ქვა“ სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების გლობალურ ამბავს მოგვითხრობს, თუმცა ამ განზოგადებას ლოკალურ მაგალითზე აკეთებს. ფილმის თხრობა ჭიათურაში იწყება, ამ ინდუსტრიული ქალაქის ისტორიული და თანამედროვე რეალიების მიმოხილვით და ამავდროულად ფეხდაფეხ მისდევს  მანგანუმის ნედლეულს, ადგილზე მოპოვებიდან და შემდგომი გადამუშავების ეტაპების გავლით. ჭიათურა ერთგვარი მაკეტია, რომელიც უფრო ფართო ქსელის ნაწილია და ის ავტორებს უფრო დიდი კონტექსტის ჩვენების საშუალებას აძლევს. „ჯოჯოხეთის ქვის“ ქართული პრემიერა მიმდინარე თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში შედგება, მისი ნახვა მაყურებელს 9 დეკემბერს შეეძლება. გთავაზობთ ინტერვიუს ორივე ავტორთან, რომელიც კონკრეტულად მათ ფილმს და ამავდროულად უფრო ზოგად თემებსაც ეხება, იქნება ეს კინო, ჭიათურა თუ ექსტრაქტივიზმი.




დათო ლობჟანიძე: მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სულ რაღაც 25 წუთი გრძელდება ის დატვირთულია ბევრი ინფორმაციით. ათასწლეულების წინ მომხდარსაც კი ეხებით და შემდეგ ჭიათურაში მოპოვებული წიაღისეულის მეშვეობით ერთი მხრივ ჰყვებით თავად ქალაქის ისტორიას და აწმყოს და მეორე მხრივ საუბრობთ თანამედროვე სამყაროზე, უფრო გლობალური მასშტაბითაც. და მაინც, საინტერესო იქნებოდა თქვენგან გაგება - რის შესახებაა ეს ფილმი?

თეკლა ასლანიშვილი: როგორც თქვი, ფილმი საკმაოდ მრავალშრიანია, და რთულია მისი თემატიკის დავიწროება. მაგრამ საბოლოო ჯამში მასში ყველა ნარატივი, იქნება ეს კულტურული, თუ  პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანზიციების შესახებ, საბოლოოდ თანამედროვე ბრძოლის ველის სურათში იყრის თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჰყვება ქალაქის ამბავს, ის არ არის მხოლოდ ჭიათურის შესახებ. ეს ქალაქი თავისი ისტორიით და დღევანდელობით, ზუსტად ასახავს ზოგადად ექსტრაქტივისტული სივრცეების ფუნქციონირების მოდელს.  მის მაგალითზე კარგად ჩანს მჭიდრო კავშირები პერიფერიულ სამომპოვებლო სივრცეებსა და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს შორის, როგორიცაა მაგალითად - ტერიტორიული კონფლიქტები და საომარი ინდუსტრიები, რაც საბოლოო ჯამში თავად ამ სამომპოვებლო სივრცეებსაც ბრძოლის ველად აქცევს.

თუმცა, როდესაც ომის შესახებ სურათწარმოებაზე ვსაუბრობთ, ეს სამომპოვებლო ველები (მაგალითად ჭიათურა) ხშირად კადრს მიღმა რჩება. და ფილმი ზუსტად ამ სივრცეების უფრო ფართო ბრძოლის ველის სურათში ინტეგრირებას ახდენს.

გიორგი გაგოშიძე: ფილმი რეალურად არ არის ჭიათურაზე, არც თვითონ ამ ქვაზე. ამ შემთხვევაში ქვა და ჭიათურა არის საშუალება კონკრეტული დისკურსების გასაშლელად.  ჭიათურა არის ქალაქი, რომელიც აშენდა როგორც  დიდი ინდუსტრიის ნაწილი, რომელიც ფასილიტაციას უწევდა მომპოვებელ სამუშაოებს. დღევანდელი კრიზისი შემდეგში მდგომარეობს - განსხვავებით იმ დროისგან როდესაც ეს ყველაფერი აშენდა და ფუნქციონირებდა, დღეს არსებულ მომპოვებლობას პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეჟიმში უწევს ოპერირება.

ინდუსტრიული საზოგადოებიდან მომხმარებლურ/სერვისზე ორიენტირებულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციამ რა თქმა უნდა გავლენა ჭიათურაზეც იქონია. ის დარჩა მულტინაციონალური კორპორაციების სერვისში. მისი ფუნქცია მხოლოდ ნედლი მადნის მოპოვება/მიწოდებით შემოიფარგლება და დარეგულირებულ ეკონომიკურ გარემოში მომპოვებლობა სანაცვლოდ, ლოკალურად არანაირ დოვლათს და ცოდნას არ ტოვებს.  ჭიათურა არის მცირე მაგალითი რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი გლობალურად. ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ ჭიათურა გამოვიყენოთ როგორც ადგილი საიდანაც გავაკეთებთ ე.წ. Zooming out-ს რაც ამ ტიპის ინდუსტრიის უფრო ფართო და გლობალურ ჭრილში დანახვაში დაგვეხმარება.

თუმცა, ისიცაა, რომ ასე არ ხდება ყველგან, მაგალითად როდესაც გლობალურ ჩრდილოეთში დაიხურა მსგავსი მომპოვებელი საბადოები, სხვა ტიპის კრიზისი დავინახეთ. გერმანიაში რომ დახურეს ეს ყველაფერი, იქ რაღაც Sillicon Valley-ს მსგავსის გაკეთება უნდოდათ, იქაც ერთის მხრივ კრიზისი იყო, მაგრამ ამ კრიზისების მოგვარებას განსხვავებული მიდგომებით და მეთოდებით ცდილობენ.

თეკლა ასლანიშვილი:  გიორგიმ რაც ახსენა, ამიტომაა, რომ ფილმში დიდი დრო ეთმობა ეკონომიკურ-პოლიტიკურ ტრანზიციებზე საუბარს, რადგან დასავლეთში სამომპოვებლო ინდუსტრიების დახურვა ან მათი ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, ზუსტად  ემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის, დერეგულაციისა და პრივატიზაციის პერიოდს და ამიტომაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა პროცესები. დღეს ნედლეული ძირითადად მოიპოვება პერიფერიულ ქვეყნებში, ძალიან ველურ პირობებში, მაშინ როდესაც დასავლეთში სხვა ტიპის ინდუსტრიები ვითარდება. ანუ ამ პოლიტიკური კონტექსტის ხაზგასმა ფილმში ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ტიპის კავშირები და ურთიერთმიმართებები გამოიკვეთოს.

დათო ლობჟანიძე: ჭიათურა ბოლოდროინდელ ქართულ კინოში გაცვეთილი თემაა, სამწუხაროდ უმეტესობა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ ავტორები, განსაკუთრებით მხატვრული კინოს ავტორები მისგან პოსტსაბჭოურ ესთეტიკაზე კაპიტალიზაციას ცდილობენ და ქმნიან ეგზოტიკურ საგანს, რაც შემდგომში მარტივად „იყიდება“ და განსაკუთრებით მომხიბვლელი ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენად ფიქრობდით ამ მოცემულობაზე და თქვენ რა ნახეთ ჭიათურაში იქ ყოფნისას რაც აგარიდებდათ მის ეგზოტიზაციას?

გიორგი გაგოშიძე: ჭიათურა ესთეტიკურად უდავოდ საინტერესოა და ამავდროულად საფრთხის შემცველიც, რადგან ის მარტივად შეფუთვადია ე.წ. “დასავლური თვალისთვის”. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბჭოთა ინდუსტრიული ნანგრევებს როგორც დეკორაციულ ელემენტებს რომლებიც აფორმებენ სხვადასხვა, მათთან უკონტექსტო ნარატივებს…

ჩვენი ამოცანა იყო თავი აგვერიდებინა არსებული ესთეტიკის კაპიტალიზაცია/აპროპრიაციისგან,  გვესაუბრა არა მხოლოდ იმაზე რაც ჩანს, არამედ რა არის იმის მიღმა, რა პროცესები გაიარა ქალაქმა რომ ამ კონდიციამდე მისულიყო დღეს.

თეკლა ასლანიშვილი:  როდესაც ამ ფილმზე მუშაობას ვიწყებდით, მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ ჭიათურა გადაშუქებული ადგილია. იმდენად, რომ მის პოსტსაბჭოურ ესთეტიკაზე კაპიტალიზაცია რომც გვინდოდეს, უკვე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინტერესიც ეს იყო, რომ როგორმე მოგვეხერხებინა ქალაქის ადეკვატურ კონტექსტში ამოწევა. ის რაც დღეს ჭიათურაში ხდება არც განსაკუთრებულია და არც უჩვეულო. არამედ პირიქით, როგორც ვთქვით ეს პროცესები თანხვედრაშია და პირდაპირ ირეკლავს პლანეტარულ სამომპოვებლო რეჟიმების პრინციპებს.

თვითონ კომპანიაზეც კი, ან კონკრეტულ პირებზე ვინც დღეს ჭიათურაში მოპოვებას ახორციელებენ, ფილმში დიდი აქცენტი არ ისმება იმიტომ, რომ რასაც კომპანია აკეთებს მოდელია იმის, თუ როგორ ოპერირებს ეს ინდუსტრიები ზოგადად, განსაკუთრებით პრივატიზირების და რეგულაციების არარსებობის პირობებში.  ამიტომ, მართალია ფილმი ამოდის ამ ტერიტორიიდან და ფეხდაფეხ მიჰყვება მანგანუმის მოპოვების და მისი გადამუშავების ეტაპებს, მაგრამ მალევე იჭერს დროით და გეოგრაფიულ დისტანციას და ვარაუდის გზით უკავშირებს ამ ადგილს შორეულ საგნებს და პოლიტიკურ პროცესებს.

დათო ლობჟანიძე: ერთია თუ რას ვხედავთ როგორც მაყურებელი ფილმში და ის რაც თქვენ მოაქციეთ ამ  ჩარჩოში და მეორე ის, თუ რა ვერ მოხვდა ფილმში და რა გამოცდილება გქონდათ უშუალოდ ჭიათურაში ყოფნისას. მაგალითისათვის, რამდენად მარტივი იყო უშუალოდ გადაღება, თანხმობის  მიღება სხვადასხვა ობიექტებზე და ზოგადად რომ მოგვიყვეთ პროცესის შესახებ...

თეკლა ასლანიშვილი: გადაღებები მიდიოდა ჭიათურაში, მთელ სამომპოვებლო კომპლექსზე, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში და ფოთის პორტში. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ ადგილებში შეღწევა. ჩემი ოჯახის წევრები, ბებია, ბაბუა და მათი ნათესავები საბჭოთა კავშირის დროს დასაქმებული იყვნენ ამ ინდუსტრიული რგოლის სხვადასხვა ნაწილში. გარკვეულ შემთხვევებში ეს კავშირები დაგვეხმარა ნდობის და ნებართვების მოპოვებაში.  სხვაგან, მხოლოდ ოფიციალური მიმართვებითაც მოვახერხეთ შესვლა. თვითონ გადაღებისას უნდობლობა ნაკლებად იყო, ფილმი ვიზუალურად ძირითადად არის ტექნიკური ხასიათის, ის მიყვება გარკვეულ მექანიზებულ პროცესებს და ამიტომ ადგილზე პრობლემა არ შეგვქმნია. თუმცა ყოფილა შემთხვევა, თუ ფეროში რომელიმე ღუმელიდან მეტისმეტი კვამლი ამოვიდოდა, ან ქარხნების რომელიმე სეგმენტი მეტისმეტად იყო დაზიანებული, ადგილზე უთხოვიათ ამ კადრების გამოყენებისგან თავის შეკავება.


გიორგი გაგოშიძე: კაზრეთში მაგალითად, გადაღების ნებართვა არ მოგვცეს. მაგრამ რაც შეეხება ჭიათურას, იქ მოლოდინი არც გვქონია რომ რაღაც ისეთს აღმოვაჩენდით რაც ხალხს აქამდე არ ჰქონდა ნანახი, ან არ იცოდა, იქ შევედით იმისათვის, რომ ეს პროცესი გადაგვეღო ისეთი როგორიცაა რეალურად.  მაგრამ არც ჩვენ გვქონდა მიზნად ძალიან ჩავძიებოდით, რადგან რასაც ლაპარაკობდნენ, დღევანდელი ადმინისტრაციის ხედვა უკვე საინტერესო იყო ჩვენთვის. ის რასაც ისინი მიღწევებად და პროგრესად თვლიან, მაგალითად - ახალი ფაბრიკა… და მისი “ინოვაციური” რეცხვის მეთოდები,  ეს იყო საინტერესო ჩვენთვის, ამ პროცესის გადაღება.

დასავლეთში როდესაც მსგავს რამეს აკეთებ და როდესაც კონფლიქტზე და ომზე  ლაპარაკობ, ასეთი კორპორაციები ცდილობენ თავი შეიკავონ წარსულსა, თუ არსებულ შეიარაღებულ კონმფლიქტებში მათ ჩართულობაზე კომენტირებისგან, სხვა გამოცდილებაა. ჩვენც ცოტა ფრთხილად ვიყავით, ომზე და კონფლიქტებზე ლაპარაკის მხრივ, იმაზე თუ რამდენად ჩართული იყო ჭიათურა და ეს ინდუსტრია ამაში. მაგრამ როგორც კი ვახსენებდით, პირიქით, ძალიან ამაყად ლაპარაკობდნენ, თუ როგორ იყო ჭიათურა ჩართული ამ ომებში. მაგრამ ამას შეიძლება გასაგები მიზეზებიც ჰქონდეს, ამ ინდუსტრიამ და ხალხმა ხომ დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის დამარცხებაში და მათ ეს სიამაყის განცდა გააჩნიათ.

თეკლა ასლანიშვილი: ომის კონტექსტში ჭიათურაზე უნდა ითქვას ის, რომ მანდ ჯერ ერთი რკინის წარმოების მადანია, მაგრამ მეორე ის, რომ ომის დროს თვითონ ამ ქარხნებში ამზადებდნენ ყუმბარის ფორმებს და საომარ ინდუსტრიაში გამოსაყენებელ მანქანების ნაწილებს.

დათო ლობჟანიძე: ფილმში თქვენ იყენებთ ტრაქტორს როგორც მეტაფორას, იქნება ეს ჭიათურაში წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით თუ სხვა კონტექსტში. მასზე საუბრობთ როგორც ინსტრუმენტზე, რომელიც შეიძლება არამხოლოდ სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენო, არამედ სრულად შეუცვალო ფუნქცია და შინაარსი. თავის წიგნში „კინოს თეორია“ კინოთეორეტიკოსი რობერტ სტემი წერს რომ „ეიზენშტეინი კინოს ტრაქტორს ადარებდა, მანქანას, რომელიც მაყურებლის ფსიქიკას - ამ სიტყვის სექსუალური და აგრიკულტურული მნიშვნელობით - ,ხნავდა’.“ თქვენ როგორ გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი და ზოგადად, როგორ უყურებთ კინოს როგორც ინსტრუმენტს?

თეკლა ასლანიშვილი:  ნამდვილად ასეა. ტრაქტორი თავად არის როგორც პროდუქციის ისე დესტრუქციის ინსტრუმენტი. მაგრამ ამასთან ის ისტორიულად იზიარებს ტექნოლოგიურ ფუნდამენტს ისეთ მანქანებთან, რომლებსაც მხოლოდ დესტრუქციული, საომარი დანიშნულება აქვთ. ფილმზე მუშაობისას ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო ერთ-ერთ აქციაზე მშენებელი კომპანიის მიმართ ასეთი ფრაზა გაჟღერდა, - თქვენი ტრაქტორი ჩვენთვის ტანკიაო. ამ მარტივ სიმბოლიზმზე დგას ფილმიც. შენ ახსენე კავშირი კინოსა და ტრაქტორს შორის. კულტურულ პროდუქციასა და ტრაქტორს შორის ამ ბმას ფილმშიც ესმევა ხაზი. ფილმში ტრაქტორი იგივე გადადნობილი და ფორმაცვლილი მანგანუმის მადანია. ეს ნედლეული, როგორც შავი პიგმენტი ისტორიულად არის კავშირში სურათწარმოებასთან. ის იყო და არის მედიუმი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები რეალობის მოხელთებას და მის მართვას ცდილობენ. და ფილმიც ზუსტად ამ მიზნით იყენებს ტრაქტორს.

დათო ლობჟანიძე: ანუ ფილმს შეუძლია ცვლილებების მოტანა?

გიორგი გაგოშიძე: მაგის იმედი გვაქვს. არ ვიცი რამდენად დიდი ცვლილებები შეიძლება შემოიტანოს ფილმმა ზოგადად, მაგრამ რეალურად ის არის, გაბრაზებული რეჟისორი რომ ხარ, შეიძლება წააგო ბრძოლა მაგრამ მაინც იბრძოლებ.

დათო ლობჟანიძე: ანუ შეიძლება გამარჯვების ბოლომდე არ მჯეროდეს, მაგრამ მაინც ვიბრძვი?

გიორგი გაგოშიძე:  წაგებულ ომში მიდიხარ. ორი პრინციპია რაც უნდა გახსოვდეს ასეთ შემთხვევაში. ერთი ის, რომ მიდიხარ წაგებულ ომში და მეორე ის, რომ უნდა დაივიწყო პირველი პრინციპი.  

ფილმს ვიწყებთ გამოქვაბულის მხატვრობით. კედლებზე შავი ნახატები რაც არის, მაგათ შემთხვევაში გამოყენებულია მანგანუმი და მანგანუმი იყო მედიუმი რომელიც აღწერდა იმდროინდელ რეალობას. და დღეს ჩვენ ფილმში ვცდილობთ ეს მანგანუმი, ეს მინერალი ისეთ პრიზმაში მოვიხელთოთ რომ რეალობა აღწეროს, დახატოს დღევანდელობა.

თეკლა ასლანიშვილი: ოღონდ მარტო დახატვაზე არ არის, ფილმში ვამბობთ, რომ არქაული ადამიანი ხატავს თავისი რეალობის სურათს და თავად ეს ხატვის აქტი არის მის მიერ ამ რეალობის მოხელთების და მართვის მცდელობა. ქვა იქნება, შუბი თუ ბიზონი, სამყარო რომელიც მის ირგვლივაა, მას გადაჰყავს სიმბოლური სურათხატის ფორმატში, რომელთან გამკლავება და რომელში ცხოვრებაც მას შეუძლია. დაახლოებით ასეთი რაღაცის გაკეთებას ცდილობს ეს ფილმიც, ანუ ვცდილობთ რეალობის კონვერტირება მოხდეს გამოსახულებაში და ამ გზით მოხდეს მასთან გამკლავება.

დათო ლობჟანიძე: ფილმის ერთ-ერთ სცენაში ჩვენ ვხედავთ ტრაქტორს რომელიც მის ქვეშ არსებულ ნიადაგს თხრის, თითქოს ძირს უთხრიდეს საკუთარ თავს. საკუთარ საქმიანობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჭიათურა როგორც მანგანუმის მომპოვებელი აღარ არსებობს და რაღაც სხვა მომავალი აქვს? 

გიორგი გაგოშიძე: აქ ტრაქტორი საკუთარ თავს კი არ უთხრის ძირს, არამედ საკუთარ თავს აწარმოებს. ჩვენი სპეკულაცია ისაა, რომ ტრაქტორი რეალურად რომ შეიქმნას და არსებობდეს ამისთვის მნიშვნელოვანი მასალა მანგანუმია. ამიტომ, ჭიათურაში არსებული მადანი აწარმოებს ტრაქტორს რომელიც უკან ბრუნდება დესტრუქციული ფუნქციებით და თავის თავს აწარმოებს, ჩაკეტილი წრეა, რომ თხრის მიწას გარე მოპოვებისას, აი ამ პროცესში ის საკუთარ წარმოებაში ერთვება.

დათო ლობჟანიძე:  ძალიან საინტერესო ხედვაა, ეს მუდმივი წარმოება საკუთარი თავის, მაგრამ მეორე მხრივ, საუბარი ხომ ამოწურვად რესურსზეა მანგანუმის შემთხვევაში და ასეთ ვითარებაში, შეიძლება ასევე დავინახოთ ის რომ საკუთარი თავის წარმოების მიღმა ის ამ ნიადაგის დაკარგვით რესურსს წურავს და საბოლოო ჯამში ეს მანგანუმიც დამთავრდება. ამიტომ ჩემთვის ამ მიმართულებითაც საინტერესო იყო, რა იქნება მომავალი როდესაც ეს ლითონი აღარ იქნება.

გიორგი გაგოშიძე: საინტერესოა ასევე შემდეგი რამ, ჭიათურა ხომ ის ქალაქია რომელიც აშენდა იმისთვის რომ ფასილიტაცია გაეწია ამ მოპოვებისთვის, ეს არის ჭიათურის ფუნქცია და მხოლოდ ამ ქვაზე და ამ ფასილიტაციის ფუნქციაზე არის აგებული მთელი ქალაქი. ის აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და ფუნქციას ასრულებდა როგორც ნაწილი დიდი ინდუსტრიის, შემდეგ ეს მოიშალა და სხვა ტიპის ეკონომიკაში ჩაეშვა ეს ფუნქციები, რამაც ძველი დანიშნულება აბსოლუტურად მოსპო და ახლა არის მხოლოდ მოპოვება,  და არა რამის წარმოება. ეს არის ინდუსტრიული საზოგადოების პერიოდის საზოგადოება, მაგრამ როდესაც სისტემა შეიცვალა საქართველოში, ვხედავთ იმას, რომ როდესაც იქ ხალხს  ველაპარაკებოდით, ალტერნატივას რასაც ხედავენ არის ტურიზმი. ბევრი ვისაც შევხვდით გვეუბნებოდა: „ტურიზმი, ტურიზმი, ტურიზმი“. ეს ნიშნავს მომხმარებლურ საზოგადოებაზე გადასვლას თავიდან ბოლომდე,  სხვა ალტერნატივა ამ ადამიანებს არ შესთავაზეს, მედია, სახელმწიფო, ოპოზიცია, ყველამ შექმნა ეს ილუზია, რომ ამ ყველაფრის ალტერნატივა არის მხოლოდ ტურიზმი.

დათო ლობჟანიძე: ჭიათურაში ტურიზმის განვითარების რეალურ პოტენციალს ხედავენ?

გიორგი გაგოშიძე: ზუსტად იგივე შემთხვევაა რაზეც მაგალითად ქართული ფილმი აკეთებს კაპიტალიზაციას, ამ საბჭოთა ნანგრევებზე. მოშლილი საბაგიროები... ფიქრობენ რომ ამას გაყიდიან. ადრე თუ ინდუსტრია აცხოვრებდა, ახლა უნდა აცხოვროს დანგრეულ  ინდუსტრიაზე კაპიტალიზაციამ.

თეკლა ასლანიშვილი: საბჭოთა ესთეტიკაზე კაპიტალიზაცია არის ერთადერთი გზა რასაც ეს ხალხი ხედავს იქ. ტურიზმს ორგანიზებული სახე არ აქვს მანდ, მაგრამ ტურისტი ვინც ჩამოდის ხომ ეგაა რომ ჩამონგრეული საბჭოთა ინფრასტრუქტურა აინტერესებთ. ეს ადგილობრივებსაც გათვითცნობიერებული აქვთ და ფიქრობენ რომ ეს არის გამოსავალი იმ მდგომარეობიდან რაშიც დღეს არიან.

ზოგადად, ჭიათურაში ფაქტობრივად თუ შევხედავთ, მადანი ჯერ კიდევ არის, მაგრამ არის საკმაოდ გაღარიბებული და ამიტომაცაა, რომ მოპოვება როგორც ხდება ძალიან ხილულია, ძალიან ზედაპირზეა ეს ფორმები. თვითონ ჭიათურელები საკუთარ ქალაქს დამარცხებულად მიიჩნევენ ეს ძალიან კარგად ჩანს. ახლა ვიყავი შქმერში, აქციაზე სადაც სოფლის მოსახლეობა მოითხოვს მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიების შეჩერებას რადგანაც ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ამ ადგილის ჭიათურიზაციას. თვითონ ჭიათურელები ვინც იყვნენ ჩასულები, ამ ბრძოლაში საკუთარ თავს დამარცხებულად მიიჩნევენ და ჭიათურას დღეს არავინ უყურებს როგორც  ქალაქს რომელსაც შესაძლოა დიდი სამომპოვებლო მომავალი ჰქონდეს.

დათო ლობჟანიძე: ტურიზმს რომ დავუბრუნდეთ, ინფრასტრუქტურის მხრივ რამე კეთდება, თუ ეს უბრალოდ იქ მცხოვრები ხალხის სურვილია?

გიორგი გაგოშიძე: როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, ამას ვხედავთ ჭიათურაშიც. სახელმწიფო კი არ ქმნის გარკვეულ ინფრასტრუქტურას, შენი პირადი ძალისხმევით უნდა ააწყო სისტემა, შენ უნდა აარჩიო ტურები და ასე ცდილობენ უპერსპექტივობის გამო თავი დააღწიონ მანგანუმის მოპოვებას და სხვა სერვისში გადავიდნენ.

დათო ლობჟანიძე: ფილმის ფინალი ოპტიმისტურად მომეჩვენა, სადაც ლივერპულში მუშა ტრაქტორს თავის სადავეებში იღებს და დამსაქმებელზე გაბრაზებული ოფისში იჭრება. ერთი მხრივ, ხედავთ თუ არა მსგავსი გამოღვიძების ნიშნებს ჭიათურაში და მეორე მხრივ, რა სიტუაციაა გლობალურად?

თეკლა ასლანიშვილი: წინა კითხვაში ნაწილობრივ გაეცა ამას პასუხი. გამოღვიძების ნიშნები ნაკლებადაა, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკეთებთ გვინდა, რომ რაღაც წილი პასუხისმგებლობა ჩვენც ავიღოთ, რაღაც ტიპის გამოსავალი დავინახოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ წარმოების საშუალებები უნდა დაბრუნდეს ხალხის ხელში და მათ უნდა დაუბრუნდეთ პროდუქტიული დანიშნულება. ტრაქტორზე, იქნება ეს პროდუქტიული თუ დესტრუქციული დანიშნულებით, ადამიანებს დღეს ხელი აქვთ ჩაქნეული. მაგალითად, ფილმში არის პანკისის კადრები, სადაც მოსახლეობა ადგა და ტრაქტორს ცეცხლი წაუკიდა. ბოლოს წყალს გაატანეს. დაახლოებით იგივე ტიპის მტრული, შიშის ან ინდიფერენტული  დამოკიდებულება არის ჭიათურაში ნებისმიერი სამომპოვებლო, თუ ინდუსტრიული ინსტრუმენტის მიმართ. თუმცა, ჩვენ როგორც კინორეჟისორები ფილმის დასასრულს ამ ტიპის დამოკიდებულების შემოტრიალების შეთავაზებას ვაკეთებთ.


გიორგი გაგოშიძე: ძალიან კომპლექსური და რთულია აქ სიტუაცია. კი ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე ბრძოლის ველია და სოციალური კონფლიქტია, მაგრამ რეალურად  ე.წ. აუთსორსინგი ხდება ამ კონფლიქტის, სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს ტრაქტორებით უთხრის ძირს. იმდენად, რამდენადაც თვითონ „ჯორჯიან მანგანეზი“ აკეთებს აუთსორსინგს ადგილობრივ მოსახლეობაზე. მოსახლეობა ქირაობს თავისი ხარჯით ამ ტრაქტორებს და საწვავს და თხრიან მიწას, უთხრიან მიწას ერთმანეთს, თავის ნათესავებს და ნათლულებს. შესაბამისად კონფლიქტი არის ამათ შორის. ანუ „ჯორჯიან მანგანეზი“ მოპოვების აუთსორსინგთან ერთად აკეთებს აგრეთვე კონფლიქტის აუთსორსინგს. და თვითონ კომპანია მხოლოდ იბარებს მოპოვებულ მადანს. ამიტომ რეალურად ტრაქტორს, რომელიც შენი სახლის საძირკველს თხრის, მართავს შენი მეზობელი. რეალურად კონფლიქტი ხდება მეზობლებში, ნათესავებში, სოფლებში, და არა მაგალითად კორპორაციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. იყო რა თქმა უნდა დიდი გაფიცვები როდესაც ეს კონფლიქტი მიემართებოდა „ჯორჯიან მანგანეზსაც“, მაგრამ რეალურად კონფლიქტის ადგილობრივ დონეზე აუთსორსინგს ვხედავთ.

დათო ლობჟანიძე: თქვენს ფილმში საინტერესო და სახასიათოა ესთეტიკა, მუსიკა (კომპოზიტორი - ნიკა ფასური), ვიზუალური ელემენტები (კამერა - ნიკოლოზ თაბუკაშვილი) და ამ ყველაფრის სინთეზი. როგორ დაახასიათებდით საკუთარ სტილს, განიცდიდით თუ არა გარკვეულ გავლენებს? მე ადამ კერტისი გამახსენდა.

თეკლა ასლანიშვილი: ფილმი არის ესეისტური ექსპერიმენტული დოკუმენტალისტიკა, სადაც ღიად ვიკავებთ სუბიექტურ პოზიციას და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რას ვაჩვენებთ. ზოგადად ესეისტური დოკუმენტალისტიკა არის ხელოვანის მიერ საავტორო პასუხისმგებლობის გაცნობიერების პრაქტიკა. ამ სკოლას ჰყავს თავისი პიონერი პრაქტიკოსები - ჰარუნ ფაროკი, ადამ კერტისი და სხვა. და მათი გავლენა ფილმში რა თქმა უნდა იგრძნობა. ჩვენ ვიცით რომ კინოს, იქნება ეს დოკუმენტალისტიკა, თუ ფიქცია აქვს პოტენციალი გადასაღებ მოედანზევე შეცვალოს რეალობის პარამეტრები, როგორც პოზიტიური ისე საკმაოდ პრობლემური მიმართულებით. ამიტომ ეს პროდუქცია თავიდან ბოლომდე დგას ამ რეალობის დაჭერის და მისი ჩვენებურად გადახვნის მცდელობაზე.

დათო ლობჟანიძე: არსებობს ეგეთი შეხედულება გარკვეულ დოკუმენტალისტიკაში რომელსაც არ ვეთანხმები, რომ ობიექტური თვალის პრეტენზია ჰქონდეს, სამყაროს ობიექტურად გაშუქების პრეტენზია. ვერნერ ჰერცოგი აკრიტიკებს ამ მიდგომას და ამბობს ეგეთ რამეს, რომ თუ გინდა რომ აბსოლუტურად მშრალი და ფაქტობრივი აღწერა გქონდეს დოკუმენტალისტიკაში, სატელეფონo წიგნი უნდა გადაშალო, სიტყვაზე ნიუ-იორკის მაცხოვრებლების და აი ეგ იქნება შენი ყველაზე დოკუმენტური და ფაქტობრივი ამბის აღწერა. ამიტომ, ზოგადად მითური მგონია ეს მიდგომა. ანუ თქვენ შემთხვევაში როგორც ვხვდები ასეთ მიდგომაზე ნაკლები პრეტენზია გაქვთ და ამბობთ, რომ თქვენ რაღაც ჭრილში ხედავთ, გარკვეული საავტორო ხედვით გარკვეულ რეალობას?

თეკლა ასლანიშვილი: კი, საავტორო ხედვა და სუბიექტური ჭრილია ის რასაც ვამბობთ და იმას ვიაზრებთ, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლები ვართ ჩვენს სიტყვებზე. თუმცა, ის რასაც ჩვენ როგორც ავტორები ვამბობთ, გვგონია რომ სიმართლეა, სიმართლის განცდა გვაქვს. და ეს შრეები, ეს რეალობები რაც ადგილზე არის, ამის კვლევის და ამაზე დაკვირვების საფუძველზე ჩვენ რაც სუბიექტურად გვგონია რომ სიმართლეა, სწორედ ამის ფორმულირებას ვახდენთ ფილმში. ობიექტური რეალობა არ ვიცი, კარგად არ მესმის რა არის.

გიორგი გაგოშიძე: არ გვჯერა იმის, რომ ფილმს, ან რამე მსგავს მედიუმს შეუძლია ობიექტური ჭეშმარიტება გადმოსცეს. თუმცა, არსებობს რაღაც მოცემულობა და ამ მოცემულობას ვიღებთ როგორც მასალას და ვცდილობთ, რომ რაღაც ტიპის პრიზმაში დავინახოთ ეს ყველაფერი. და ეს პრიზმა რეალურად არის ის მეთოდი რომლითაც ფილმს აკეთებ, მაგალითად ჭრა, მუსიკა, ხმა და ფილმის ყველა სხვა კომპონენტი. ისიცაა სათქმელი რომ კოლაბორაციის მხრივ სტილისტურად არსებობს განსხვავებები ჩემს და თეკლას მიდგომებს შორის, მაგალითად ნარაციაში, ჭრაში, არსებობს ეს პატარა განსხვავებები ბევრ რამეში, მაგრამ რეალურად ახლა რაც გავაკეთეთ არის ამ ორი სტილის სინთეზი, მაგრამ როგორ იმუშავებს ეს უკვე სანახავია, თან ფილმი სულ ეს-ესაა დავამთავრეთ და დისტანცირების საშუალება არ გვქონია.




გიორგი გაგო გაგოშიძე - რეჟისორი
გიორგი გაგო გაგოშიძე (დაბ. 1983, ქუთაისი)  ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. თავის ნამუშევრებში გაგო იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა მოძრავი სურათი, მისი წარმოებისა და გავრცელების პოლიტიკური წინაპირობა და სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა. მისი ნამუშევრები ნაჩვენებია არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე, როგორიცაა ლულეოს ბიენალე 2020, ლულეო / Kunsthalle Wien, ვენა / Steirischer herbst ‘19, გრაცი / Konsthall Mint ABF, სტოქჰოლმი / n.b.k. ბერლინი.
თეკლა ასლანიშვილი - რეჟისორი
თეკლა ასლანიშვილი (დაბ. 1988, თბილისი) არის ხელოვანი, კინორეჟისორი და ესეისტი. ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინსა და თბილისში.  თავის ნამუშევრებში იკვლევს ტექნოლოგიური მმართველობის ახალ რეჟიმებს და მათ გავლენას გლობალურ ურბანულ სივრცეებსა და მათ სუბიექტებზე. თეკლას ნამუშევრები ნაჩვენებია ისეთ საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებზე, როგორიცაა ბალტიისპირეთის მე-14 ტრიენალე, ვილნიუსი; Kunsthalle Münster, მიუნსტერი; Kurzfilmtage Oberhausen, ობერჰაუზენი; Videonale 18, ბონი; თბილისის მე-2 არქიტექტურის ბიენალე; Kasseler Dokfest, კასელი. თეკლა არის 2020 წლის Ars-Viva Art Prize-ის ნომინანტი და 2021 წლის Han Nefkens Foundation - Fundació Antoni Tàpies -ის ვიდეო არტ პროდუქციის ჯილდოს მფლობელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა