ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯონ მაუზერი | ზურა ჯიშკარიანი

სახელდახელოდ აშენებულ სამხედრო ბარაკში ისე ცხელოდა, რომ გენერალი აბელ ენუქიძე, გარკვეულ წრეებში ცნობილი როგორც აბდულა და “ზალატაია რიბკა” -  უბრალო ბრეტელიანი მაისურისა და ფოხანოს ამარა იჯდა მომცრო სკამზე სამუშაო მაგიდის წინ, სადაც სამხედრო დოკუმენტების, ფანების წერილების, დასახვრეტი დეზერტირებისა და საომარი მოქმედებების მთელი დასტები ელაგა.

ყველაფერი გადასაკითხი, ყველაფერი ხელმოსაწერი: ომის ბრუტალური ბიუროკრატია - ყველაფერი უნდა დამტკიცდეს, ყველაფერი უნდა აღინუსხოს: სხვაგვარად როგორ შეძლებ სიტუაციაში გარკვევას? როგორ მიხვდები ვინ ვის ესვრის? გარდა დოკუმენტებისა მაგიდაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდო ცნობილი სპირიტუალური ნამუშევრები: “ეგვიპტური მკვდრების წიგნი”,”ტიბეტური მკვდრების წიგნი” და სულ ახალი გამოცემული, ქალბატონ ზურა ჯიშკარიანის “ქართული მკვდრების წიგნი” - ერთი სიტყვით, გზამკვლევარები და ინსტრუქციები გარდაცვალების შემდგომი ეტაპებისა. აბელი ყველა ვერსიას აგროვებდა, რადგან მისი დაუდევარი და ავანტიურული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე -  წარმოდგენა არ ჰქონდა რომელ საიქიოში მოუწევდა მოხვედრა, ამიტომ წინასწარ, ყველაფერთან ერთად, ყველა ტიპის საიქიო ბიუროკრატიასაც ეცნობოდა.

"ეს რომ მნდომოდა ბანკირად წავიდოდი" - ოხრავდა გულში ენუქიძე ქაღალდის დასტების შემყურე. მერე მთელ ამ Big Data-ს ანალიზიც სჭირდება, მაგრამ ეს შედარებით მარტივი საქმეა - ხელმოწერილ თუ შევსებულ დოკუმენტებსა თუ წერილებს პავლიკას აძლევ, ისიც ჯდება იდებს მუხლებზე ფურცლების და ქსეროქსების დაკუჭულ, პრიალა, გაყვითლებულ, პომადაწასმულ და ათასგვარ სხვა დოკუმენტს და იწყებს მათ ღეჭვას. როგორც კი დოკუმენტები მის მომნელებელ სისტემაში ხვდება - მომნელებელი სისტემა უგზავნის სიგნალს მის ელექტრონულ ტვინს და პავლიკა ავტომატურად იწყებს მონაცემთა დამუშავებას - გარედან რომ შეხედო დაინახავ ბავშვს, რომელმაც უეცრად სტენოგრაფიული ხმითა და ლექსიკონით დაიწყო მეტყველება. ვისაც ბავშვები ჰყავთ ეცოდინებათ, რომ ბავშვებს ხშირად ემართებათ მსგავსი შემოტევები, მაგრამ პავლიკა მავანი განდონა ბავშვი არ გეგონოთ - ის Big Data-ს აანალიზებს.

სანახაობა საოცარია, ვერაფერს იტყვი, დოკუმენტებიდან ამოღებული შემაჯამებელი სიტყვებიც გარკვევით ჟღერს, ციფრები კი ქალი ოპერატორის ხმით ისმის - ზუსტად ისე როგორც ტაქსის კომპანიების ავტომოპასუხეებში: "თქვენთან მოვიდა , ფერი: <ლურჯი>, სახელმწიფო ნომერი: <ხუთას შვიდი>". ან მეტროს ხმით: "შემდეგი გაჩერება: <თავისუფლების მოედანი>". მთელი საორგანიზაციო ჯგუფი ესწრება პავლიკას ანალიტიკას - ყოველი დოკუმენტის ხარისხი, რწმუნებულება თუ სიყალბე არა მარტო სიტყვებში, არამედ ქმედებებშიც გამოიხატება: არიან დოკუმენტები რომლისგანაც პავლიკა ღებინებას იწყებს, ზოგი წერილისგან ის ცეკვავს როგორც ტურისტი, რომელიც მობეზრებულ ორანგუტანს ცდილობს მისივე მოძრაობები აჩვენოს დაკეტილი გალიის წინ, სულ ბოლოს, პავლიკა იკუზება, დაბლა იწევს შორტებს და გადაუხარშავი, საეჭვო ან ისეთი მონაცემების დეფეკაციას იწყებს - რომელთა საჯაროდ წარმოთქმა, ცოტა არ იყოს უზრდელობა იქნებოდა. ამ ფეკალიებში ცალკე საინტერესო ინფორმაციაა მოგროვებული - თუმცა ინფო-ფეკალიების გაშიფვრისთვის ცალკე ახალმოყვანილი რეკრუტები არიან გამოყოფილნი. არავინ არავის არაფერს აძალებს, უბრალოდ როგორც მოგეხსენებათ არსებობს ხალხი ვისაც სიამოვნებს სხვისი კაკაშკების ლუპით დათვალიერება და მანდედან , ხანდახან ღირებული ინფორმაციის მოპოვებაც. ასე რომ პავლიკას “ინფეკალიების” (როგორც აქ ეძახიან) გორაკი მუდამ სავსეა რეკრუტებით და სწორედ მანდედან მოდიან ის ბუზები, რომლებიც გენერალ ენუქიძის ბარაკშიც ბედავდნენ შემოფრენას.

ამიტომ, აბელ ენუქიძე არა მხოლოდ ბრეტელებიან მაისურსა და ფოხანოში იჯდა სამუშაო მაგიდასთან, არამედ ხელში ბუზსაკლავიც ეჭირა, რომელსაც პერიოდულად იქნევდა და ანარცხებდა ხან მაგიდას ხან ბარაკის მყიფე კედელს, რომელიც გარკვეულწილად ხელს უშლიდა ანგარიშის ჩამბარებელ ჯარისკაცებს ოფიციალური მოხსენების კეთებაში და ისინი ბუზსაკლავით გამოწვეული ტყლაშუნის დროს წარმოთქმულ წინადადებას თავიდან იწყებდნენ.

მოხსენება ეხებოდა დროებითი ბარაკების უკეთ კეთილმოწყობასა და მათ გადაქცევას "ურმის კაბინეტებად", როგორც ეს ჯარისკაცმა თქვა.

- "ურემ-კაბინეტი?" - გაუმეორა თავის თავს გენერალმა ენუქიძემ.
- დიახ ბატონო გენერალო, კაბინეტის დიზაინით მოწყობილ ბარაკებს ჩვენ ურმებზე დავამაგრებთ, ურმებში ადგილობრივ მოსახლეობას, ანგელოზებს ან ცხენებს ჩავაბამთ და დროებითი ბარაკების მობილობა გაცილებით გაიზრდება. არ მოგვიწევს მათი მუდმივად ხელით აწყობა-დაშლა და მერე ისევ ხელით გადაზიდვა შემდეგი ლოკაციისკენ, სადაც მათ ისევ ხელით აწყობა-დაშლა დასჭირდებათ და ა.შ.

გაოფლილმა გენერალმა ენუქიძემ პირველად ახედა მის წინ მდგარ ჯარისკაცს -- მისგან განსხვავებით ჯარისკაცი მთლიანად მკაცრ ფორმაში იყო გამოწყობილი, რაც სავარაუდოდ ნიშნავდა რომ მას გაცილებით ცხელოდა ვიდრე გენერალ ენუქიძეს, მაგრამ მაინც შეუპოვრად საუბრობდა თავისი ურემ-კაბინეტების პროექტზე.

- თქვენს მაგიდაზე დევს ურემ-კაბინეტის არქიტექტურული ნახაზი და ექსელის ფაილის ამობეჭდილი ბიუჯეტი, დეღეგეებისა და საპენსიოს გათვალისწინებით. ასეთი ტიპის ურმები....
- მოიცა, მოიცა ერთი წამი. უზივით ნუ ლაპარაკობ, ენის აბოიმა არ გეცლება ხომ როგორც ვატყობ?
- არაფრით არა უფროსო!
- გეტყობა კი.. ერთი აქეთ მოიწიე - ბუზსაკლავით ანიშნა ენუქიძემ ჯარისკაცს ბარაკში ამოჭრილი წრისკენ, რომელიც ფანჯრის როლს ასრულებდა და თვითონაც წამოდგა სკამიდან.
- აბა ცას გახედე და მითხარი რას ხედავ??

უპრეცედენტოდ უღრუბლო ლურჯ ცაზე მხოლოდ მზე ჩანდა, დებილური ყვითელი ნათურასავით გამოკიდებული.

- მე ვხედავ მზეს უფროსო -- ომახიანად თქვა ჯარისკაცმა
- დიახ, ზუსტად! მზეს! -- ასწია ბუზსაკლავი საჩვენებელი თითივით ენუქიძემ ევრიკას მომენტივით -- შენი სახელი შემახსენე ერთი?
- რიგითი ჯონ მაუზერი
- რომელი ციური სხეულია მზე რიგითო მაუზერ?
- მზე ვარსკვლავია უფროსო
- ნამდვილად! ვარსკვლავია და ჩვენი ერთადერთი ვარსკვლავი. ახლა, რიგითო მაუზერ, კიდევ ერთხელ შეხედე მზეს და მითხარი - აი ამხელა ვარსკვლავი იწვის ჩვენს თავზე და შენ კიდე რეებზე მელაპარაკები?
- ურემ-კაბინეტების პროექტზე უფროსო! - განაგრძო რიგითმა ისე რომ მზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- გასაგებია რომ ურემ-კაბინეტებზე მელაპარაკები, უკვე ყურიდან სისხლი მდის იმდენს გისმენ - არ იყო ეს პირდაპირი შეკითხვა
- მივხვდი უფროსო, მეტაფორულად იკითხეთ "ეს ან ყლეა, ან ჭკვიანი" -- გაიფიქრა ენუქიძემ - "მარა ჭკვიანი ყლეებიც ხო არიან? აშკარად ეს სიცხე სახეს ამახევს... სადა ჩემი ოპიუმის ჩაი?" თუმცა თავისი უნებლიე ბილწსიტყვაობის გასანეიტრალებლად, სწრაფად ლამაზი სიტყვების ჩამოთვლა დაიწყო გონებაში: “ცისკიდური, გაველაკებულ, ივარქმნა, სილაჟვარდე, ღიუღაუ..”

გენერალი მაგიდის კუთხეში დადგმული მოოქრული ფინჯნისკენ დაიძრა, სადაც ოპიუმგაზავებული ცივი ჩაი ეგულებოდა. ტკბილად მოხრუპა რამდენიმე დიდი ყლუპი და თვალები დახუჭა გასაოცარი სიამოვნების მოლოდინში. ზოგადად გენერალი ენუქიძე ერიდებოდა თვალების დახუჭვას, რადგან მისი დახუჭული თვალების ეკრანზე ეგრევე ანიმე პორნოს გოგოები იწყებდნენ ცეკვასა და გახდას, რაც ცოტა არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორია საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ეახლა ამ ანიმე ცეკვებმა ცოტა ხნით მოწყვიტა გენერალი ინდოეთის მზისა და ომის ღვთაებრივი ბიუროკრატიის სიმძიმეს, პირზე მსუბუქი ღიმილიც კი მოეკიდა. პავლიკასა და ღმერთების გარდა ზუსტად არავინ იცოდა რამდენი ხანი დაყო გენერალმა ენუქიძემ ამ მდგომარეობაში, ალბათ ეს კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდებოდა, რომ არა გადავიწყებული რიგითი ჯონ მაუზერის სიტყვები.

- ბატონო გენერალო, შევწყვიტო თუ არა მზის ცქერა? -- იკითხა ჯონმა და გენერალს კინაღამ მორიგი ყლუპი ცივი ჩაი გადასცდა ყელში. უკან გაიხედა. რიგითი გაუნძრევლად იდგა "ფანჯარასთან" და მზეს უყურებდა.
- უკვე დაბრმავდი? - სევდანარევი ხმით იკითხა ენუქიძემ და მისმა წარბებმა ისეთი ფორმა მიიღო თავსდამტყდარი სევდისა და მელანქოლიის დროს რომ გვემართება..
- აბსოლუტურად
- ჩაშავებული და რადიაციული თვალებით - შენ წყვდიადმჭვრეტელთა განყოფილებაში გადაგიყვანენ, ახლავე მოვაწერ ხელს განკარგულებას -- დაივიწყე ურმების დიზაინი, ამიერიდან მზისციხელებსა და წყვდიადისმჭვრეტელებს შეუერთდები, რათა კოსმოსის ან ჩვენი ჯარისკაცების შინაგანი სიბნელიდან მომავალი საფრთხეების შესახებ მოგვიყვე, იქ გაივლი სპეც. გადამზადებას. -- ენუქიძემ ბოლო ყლუპი ოპიუმი მოსვა -- ჩვენ გვჭირდება შენნაირი ჯარისკაცები ჯონ მაუზერ! - დააყოლა მანდ ერთდროულად თითქოს გადამწყვეტი, მაგრამ დაბნეული ტონით.

ასე გახდა რიგითი ჯონ მაუზერი - წყვდიადთმჭვრეტელი ელიტური დანაყოფის ნაწილი, ვინაიდან საზოგადოებაში, რომელიც სინათლისა და «წარმატების ათი ნაბიჯისკენ» სწრაფვითაა გაბრუებული, აუცილებლად უნდა არსებობდეს ხალხი ვინც წმინდა წყვდიადს აკვირდება, ვინაიდან ნათქვამია: «სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს».