ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #რომანი

ჯუნოუ დიაზი - ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება | შოთა იათაშვილი



ჯუნოუ დიაზი “ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება” (ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ), გამომცემლობა “პალიტრა L”, სერია “ლიტერე ინვენტე”, 2019.

ჯუნოუ დიაზის ამ წიგნმა 2008 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. ხოლო 2015 წელს BBC-ს გამოკითხვით ახალი ათასწლეულის საუკეთესო რომანად აღიარეს. ვინაა ჯუნოუ დიაზი? ის 1968 წელს დაიბადა დომინიკანელთა რესპუბლიკაში და ექვსი წლის ასაკში ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში გადაიყვანეს. მას შემდეგ ამერიკაში ცხოვრობს და ინგლისურად წერს, მაგრამ წერს იმ ტრავმებზე, რაც მის ქვეყანას ტრუხილიოს რეჟიმმა მიაყენა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კარიბის ზღვის ამ პატარა ქვეყნის საშინელი დიქტატორი და მისი ქმედებები უკვე ძალიან შთამბეჭდავად ასახა ლიტერატურამ. 2016 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” ლანა კალანდიას მიერ ნათარგმნი  მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი” გამოსცა, სადაც ნობელიანტი მწერალი დიქტატორის ბოლო დღეს აღწერს: მის გაღვიძებას და დღის რეჟიმს, პარალელურად - გზის პირას მის მომლოდინე მკვლელებს. თანდათანობით წარსულში ბრუნდება და სისტემის მთელ სისასტიკეს გვიხატავს, ხშირად ტანჯვა-წამების ნატურალური სცენებითაც კი. 

არანაკლები შთამბეჭდაობით იმავეს ახერხებს ჯუნოუ დიაზიც - თუმცა სხვა ხერხებით. და თუ ლიოსა ამ რომანში მაგიურ რეალიზმს მოშორებულია და ისე, როგორც არსად სხვაგან, რეალისტია, ინგლისურენოვანი ამერიკელი მწერალი თავისი სტილით მაინც უფრო ჰგავს იმას, რასაც მთელი თავისი ცხოვრება ლიოსა და მისი თანამოძმენი აკეთებდნენ. 

ჯუნოუ დიაზი დე ლეონების სამი თაობის ისტორიას გვიყვება და ფაქტობრივად, ოჯახურ საგას ქმნის დესპოტური რეჟიმის ფონზე, თავისი წინაისტორიით, მოვლენათა ეპიცენტრით და პოლიციური სახელმწიფოდან გაქცეულთა ემიგრანტული ყოფის აღწერით. ის წყევლა, რომელსაც დომინიკანელები Fuku-ს ეძახიან და რომელსაც მათი ვერცერთი ოჯახი ვერ ასცდება, თავს ატყდება სიცოცხლით, ვნებით, მუსიკით სავსე ენერგიულ ადამიანებს და თავისი ზემოქმედებით მიწიერი სამოთხისა და ჯოჯოხეთის მტკივნეულ ნაჯვარს აჩენს. ამ ნაჯვარში უწევს ცხოვრება ჭარბწონიან, კომპლექსებით გაძეძგილ ოსკარსაც და ჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგებს: ყმაწვილი საკუთარ მიკროსამყაროში, კომიქსებსა და კომპიუტერულ თამაშებშია ჩაძირული და სამეცნიერო ფანტასტიკის დაწერას ცდილობს. ირგვლივ ყველას მჩქეფარე სექსუალური ცხოვრება აქვს, მათ შორის მის დასაც (და თავის დროზე დედასაც და ბებიასაც ასეთი ცხოვრება ჰქონდათ), და მხოლოდ ოსკარია ასეთი არატიპური დომინიკანელი, ყოველგვარი ეროტიკული გამოცდილების გარეშე და დღედაღამ ამაზე მეოცნებე. ის უკვე ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტია, მაგრამ ზემოთნახსენები წყევლა აქაც გამოჰყოლია და თითქოს მასშიც კია რაღაცნაირად კონცენტრირებული. 31 წლიანი დიქტატურის მიერ დათესილი აგრესია გამჯდარა ოსკარის ირგვლივ მყოფ ადამიანებში და  ძალადობრივი ფორმები თაობათა შორის ურთიერთობაშიც გადასულა. ყველაზე კარგად სწორედ ამას აჩვენებს ჯუნოუ დიაზი: თუ რა კვალს ტოვებს დიქტატორული რეჟიმი ადამიანებზე, რას მართებს მათ ფსიქიკას, როგორ ზილავს პოზიტიურ ენერგეტიკაში ბრუტალურობას. 

“ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება” მნიშვნელოვანი პოლიტიკური რომანია და ამავე დროს ადამიანის შინაგანი ბუნების ღრმად ჩვენებაზე ორიენტირებული წიგნიც - შთამბეჭდავ პერსონაჟთა ძალიან მდიდარი გალერეით. ეს ორივე მახასიათებელი ერთად ხშირადა აქვთ ლათინოამერიკულ რომანებს და პრინციპში, ეს ტექსტიც ლათინოამერიკული რომანია, გარკვეულ მიზეზთა გამო ინგლისურად დაწერილი, თუმცა შიგ ალაგ-ალაგ ჩარჩენილი ესპანური ფრაზებით და სლენგით. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს სტილურად რთული წიგნი არაჩვეულებრივად აქვს ნათარგმნი თამარ ჯაფარიძეს.

და ისევ ჯუნოუ დიაზს დავუბრუნდეთ. რომანი, რომელიც პოლიტიკურ და სხვადასხვა სახის ტრავმებს იკვლევს, აღმოჩნდა რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანის მიერაა დაწერილი. 2018 წელს “The New Yorker”-მა გამოაქვეყნა მისი აღსარებითი ხასიათის წერილი “მდუმარება”, სადაც ის იმ გაუპატიურებაზე ჰყვება, რომელიც რვა წლის ასაკში განიცადა მოზრდილი მამაკაცისგან და იმ შედეგებზე, თუ რა კვალია დააჩნია ამან მის ფსიქიკას:

“თერთმეტი წლის ასაკში ვიტანჯებოდი დეპრესიით და უკონტროლო მძვინვარებით. ცამეტისა სარკეში აღარ ვიყურებოდი - შემთხვევით საკუთარ გამოსახულებას თუ დავინახავდი, დამფრთხალი წამოვხტებოდი ხოლმე, თითქოს სახეში მედუზამ მიკბინა. თოთხმეტისას საფეთქელთან მამაჩემის პისტოლეტი მქონდა მიტანილი…”

აი, ასეთ მძაფრ განცდებს აღწერდა დიაზი იმ წერილში, თანაც ეს იყო მამაკაცის იშვიათი ხმა #Metoo-ს მოძრაობაში, და ამიტომ მაშინვე მიიპყრო ყურადღება, თუმცა წერილის დაბეჭდვიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ სიტუაცია უცნაურად ამოტრიალდა და სკანდალიც აგორდა: მოულოდნელად ის იქით დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში. ავსტრალიის ერთ-ერთ ლიტერატურულ ფესტივალზე სამხრეთამერიკული წარმოშობის მწერალმა ქალმა, ზინზი კლემონსმა დიაზს გაახსენა, რომ 2012 წელს, ერთ-ერთ ვორკშოპზე, ის მასზე ძალადობას შეეცადა - ოთახის კუთხეში მიიმწყვდია და კოცნა დაუპირა. ამის შემდეგ მასმედიაში რამდენიმე მსგავსი  ბრალდება გაჩნდა სხვა ქალებისაგან. ზოგიერთმა ეს ახსნა, როგორც მისივე ტრავმის შედეგი, ზოგმა უბრალოდ დომინიკანელთა ფიცხ სექსუალურ ხასიათს მიაწერა, რაც მის რომანშიც გამოკვეთით ჩანს, ზოგმა ეს ბრალდებები საერთოდ არასერიოზულად ჩათვალა, თუმცა მას ამ ყველაფრის გამო იმ წლის პულიცერის პრემიის ჟიურის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მაინც მოუწია. რაც შეეხება Boston Review-ს სამხატვრო ნაწილის რედაქტორობას, იგი შეინარჩუნა. გამოცემის რედაქტორებმა სპეციალურ მიმართვაში აღნიშნეს, რომ არასდროს შეუმჩნევიათ დიაზი ცუდ ქმედებაში და წამოყენებული ბრალდებებიც არასაკმარისია იმისათვის, რომ  მასთან თანამშრომლობა გაწყვიტონ.

ამ სკანდალს გაგრძელებები და გამოძიებები აღარ მოჰყოლია და თანდათან ჩაცხრა. 

თავად ჯუნოუ დიაზი არაა ნაყოფიერი მწერალი. “ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრებამდე” მხოლოდ ორი მოთხრობების კრებული ჰქონდა გამოცემული, სკანდალის შემდეგ კი მხოლოდ ერთი წიგნი გამოსცა, ისიც მალევე, იმავე 2018 წელს - და თანაც საბავშვო ლიტერატურის ჟანრში. 

ერთი სიტყვით, ავტორი, რომელიც ახლა გაგაცანით, სანიმუშო მწერლის მაგალითად ალბათ ვერ გამოდგება და ბედისწერამ მის ცხოვრებას ტრაგიკული დაღი დაასვა. ეს კი მის მრავალპლასტიან, მძაფრ და სიცოცხლით სავსე სასტიკ რომანში შთამბეჭდავად აირეკლა. 

და ნამდვილად საინტერესო ექსპერიმენტი იქნება: თუ “ვაცის ნადიმს” კითხულობთ ახლა, როგორც კი მორჩებით, “ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება” მიაყოლოთ. ან პირიქით ქნათ. მე სხვადასხვა პერიოდში წავიკითხე ეს ორი წიგნი და მათი ერთდროულად აღქმის მომენტი არ მქონია. არადა, ალბათ სტერეოეფექტივით იქნება, ორი ერთმანეთზე უკეთესი რომანი ერთსა და იმავე დიქტატორზე, რეჟიმზე, ტრავმებზე… სცადეთ, და მომიყევით მერე, რას იგრძნობთ…