ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კოჯი ონაკა

კოჯი ონაკა
ფოტოგრაფი

 

თქვენი ფოტოები ერთდროულად ურბანული და რეალისტურიცაა და აბსტრაქტულიც, რა არის ხოლმე შთაგონების წყარო, როდესაც იღებთ?

ფოტო ჩემი რეფლექსიაა გარემოზე. როდესაც გადასაღებად მივდივარ, არ მჭირდება გზამკვლევები, არასდროს ვეძებ ისეთ ადგილებს, სადაც რამე განსაკუთრებული ხდება, ან ღირსშესანიშნაობებია. უბრალოდ დავდივარ, ვათვალიერებ, წინასწარ არ ვიცი, რა მომეწონება. ეს პროცესია, გზა, რომელზეც აღმოჩენებს აკეთებ. ზოგადად, ცნობისმოყვარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა რეალისტურია, იმიტომ, რომ ძირითადად რეალობას ვიღებ, არ მიყვარს დადგმული ფოტოები. რეალობა კი, გარკვეულწილად, აბსტრაქტული და ამბივალენტურია.

უცნაური, მიტოვებული ადგილები, ძველი შენობები და უბნები, ცხოველები – თქვენს ნამუშევრებში ეს თემები საკმაოდ აქტუალურია. როგორც ჩანს, ხალხმრავლობა დიდად არ გხიბლავთ, არა?

დიახ, ცენტრალური, ხალხით გადაჭედილი ადგილების გადაღებას, მირჩევნია, რაიმე კონკრეტული გადავიღო. თუნდაც ერთი ან ორი ადამიანი, შენობა. წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო ფოტო გადამიღია არქიტექტურული თვალსაზრისით. იაპონიაში ბოლო წლებში ბევრი რაღაც დაიკარგა, დიდი ქალაქები აღარაა ისეთი, როგორიც ადრე იყო. რაღაც ადგილები სრულიად განადგურდა და მხოლოდ ჩემს ფოტოებში შემორჩა. სხვათა შორის, თბილისშიც შევნიშნე ძალიან ლამაზი და საინტერესო ძველი შენობები და მინდა, სანამ აქ ვარ, ბევრი ფოტო გადავიღო.

შავ-თეთრი ფოტოგრაფიიდან ფერადზე გადაერთეთ, რატომ?

შავ-თეთრი ფოტოებით დაინტერესება ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფის, დაიდო მორიამას გავლენა იყო. ეს არის ადამიანი, რომლის შთაგონებითაც გავხდი ფოტოგრაფი და რომლისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე. თავიდან ძალიან განვიცდიდი მორიამას გავლენას და მის სტილში ვიღებდი. მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და ორიგინალური სტილი მეპოვა. 1998 წელს ფერადი საბეჭდი მანქანა ვიყიდე და ფერადი ფოტოების გადაღება და დაბეჭდვა ვცადე. ცოტა ხნის შემდეგ საერთოდ შევწყვიტე შავ-თეთრი ფოტოების გადაღება და ჩემი ფერების და ხელწერის ძებნა დავიწყე. შავ-თეთრი და ფერადი ფოტოს თემა შეიძლება აკუსტიკურ და ელექტროგიტარას შევადაროთ. ორივეთი შეგიძლია დაუკრა ერთი და იგივე მუსიკა და იმღერო, მაგრამ ჟღერადობა სრულიად განსხვავებული იქნება და შესაბამისად – ემოციაც.

 

თქვენს პირველ ალბომს „ნელი ნავი“ ჰქვია, მეორეს „ტყუპი ნავი“. რა არის კონცეფცია? რისი მეტაფორაა ნავი?

ნავი ეს არის ნელი ცურვა, თავისუფალი სვლა. არსად გეჩქარება, ნელა მიდიხარ და მიჰყვები დინებას. ამავდროულად, ეს ცურვა მოულოდნელობებით არის სავსე, არ იცი, ტალღა საით წაგიყვანს. წინასწარ არაფერია განსაზღვრული. პირველ ალბომში ერთი ნავი იყო, შემდეგ ორად გადაიქცა.

რა შეცვალა ციფრულმა ფოტოგრაფიამ თქვენს საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ციფრული ფოტოგრაფია ძალიან სწრაფია. ძალიან ბევრ ფოტოს ვიღებ, მაგრამ შემდეგ ვახარისხებ, საბოლოოდ 10-15 ფოტო შეიძლება დავტოვო ათასიდან. გარდა ამისა, აბსოლუტურად შეიცვალა მედიუმები. ახლა ჩემით ვარედაქტირებ ფოტოებს, უცნაურია, მაგრამ ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. დღეს ფოტოგრაფია არის არჩევანი და რედაქტირება.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა