კულტურა და კონტროლი | მარიამ ნატროშვილი
02.08.2023 | 10 წუთიანი საკითხავი“ჩვენმა მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი აქტით უნდა გამოაცხადოს ხელოვნების თავისუფლება. ხელოვნების დარგის ყოველ საზოგადოებას - მხატვრულ, დრამატულ, მუსიკალურ და სხვა - უნდა ჰქონდეს მინიჭებული სრული კანონიერი თავისუფლება თავის მოქმედებაში.”
დავით კაკაბაძე 1918 წ.
ფრაგმენტი 2021 წელს ახლადდანიშნული კულტურის მინისტრის პირველი სატელევიზიო ინტერვიუდან POSTV-ზე შალვა რამიშვილთან:
- სსიპის ორგანიზაციაში ჩარევა, ზოგს არ უყვარს. არადა, ეს არ არის ჩარევა, როდესაც სამინისტროს მოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა, რაც მას...
- მას უნდა მოჰყვეს კონტროლიც - სიტყვა ჩამოართვა ინტერვიუერმა.
- მას უნდა მოჰყვეს კონტროლიც - დაუდასტურა მინისტრმა. ეს ნამდვილად ასე იქნება კულტურის სისტემაში, პირველად ვამბობ ამას ეთერში, და იმედია სწორად იქნება გაგებული, მაგრამ რომ არ იყოს, ეს ასე იქნება, სპორტის სფეროშიც, რასაც დებს სახელმწიფო, გაკონტროლებული იქნება.
- გულისხმობთ, რომ ეს არ იყო აქამდე გაკონტროლებული?
- მე ვფიქრობ, რომ ის კონტროლი, რაც აქამდე არსებობდა, უფრო გაძლიერებას მოითხოვს.
- მაინც რა ნაწილში? მიზნობრიობა?
- მაგალითად, დაფინანსების კრიტერიუმებს ერთად უნდა ჩავხედოთ, და სახსრები უნდა მიდიოდეს იქ და იმ პროექტებში, რაც ყველაზე საჭიროა იმ ზოგადი ხედვისთვის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო.
რა ხედვა არის საჭირო ქვეყნისთვის? ხედვა კულტურის პოლიტიკა ქვეყანას არც ორი წლის წინ ჰქონდა და დღესაც არ აქვს. არ არსებობს ქმედითი გაწერილი დოკუმენტი, სტრატეგია, რასაც მიყვება ყველა მინისტრი თუ საჯარო მოხელე, რა ფერის ან რა გაგებისაც უნდა იყოს ის; კულტურის სტრატეგია, რომელიც არ განისაზღვრება პარტიული გემოვნებისა და ამინდის მიხედვით და რომელიც კულტურის სფეროს პროფესიონალების მონაწილეობითაა შექმნილი. ასეთი ქმედითი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, პირველ როგში, კულტურის სხვადასხვა სფეროში პროცესები თანმიმდევრულად განვითარდება, ხოლო რისკი იმისა, რომ მინისტრი თავის ნება-სურვილის მიხედვით განსაზღვრავს პრიოროტეტებს, შემცირდება.კულტურის პოლიტიკის სტრატეგისა და სამოქმედო გეგმის გარეშე კულტურის სფეროს განვითარება ვერ იქნება მდგრადი და არ ექნება რეალური, გრძელვადიანი შედეგები.
რა ხედვას გულისხმობდა მინისტრი? ვინ განსაზღვრა ან ვინ განსაზღვრავს ხედვას? ვინ განსაზღვრავს დაფინანსების კრიტერიუმებს, პროექტების საჭიროებებს? და თუ მას დღეს ერთპიროვნულად მინისტრი განსაზღვრავს, რა მოხდება ხვალ, როცა ადრე თუ გვიან, ახალი მინისტრი დაინიშნება?
ᲒᲐᲛᲝᲓᲘᲡ, ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲛᲝᲛᲓᲔᲕᲜᲝ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲮᲔᲓᲕᲘᲡᲐ ᲗᲣ ᲒᲔᲛᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲒᲐᲜᲙᲐᲠᲒᲐᲕᲡ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲡ ᲓᲐ ᲬᲐᲠᲛᲐᲠᲗᲐᲕᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲡ.
ფრაგმენტი 2021 წელს ახლადდანიშნული კულტურის მინისტრის კიდევ ერთი სატელევიზიო ინტერვიუდან:
- გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას.
კულტურის სფეროში სიტყვა “კონტროლის” გაჩენას მარტივი და ლოგიკური ახსნა აქვს. უფრო უკან გადავახვიოთ: ამჟამინდელი კულტურის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო.
რა განსხვავებაა იუსტიციასა და კულტურას შორის? უფრო ზუსტად, რა განსხვავებაა იუსტიციის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის?
ბევრი ბიუროკრატიული დეტალის გარდა, განსხვავება პირველ რიგში შინაარსი, მიდგომები, ცნობიერებაა: იუსტიცია კანონებს ქმნის, კულტურა კი კანონებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
კულტურის სამინისტროს ექვემდებარება მუზეუმები, იუსტიციის სამინისტროს ციხეები. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპების ჩამონათვალში შედის, მაგალითად: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; საქართველოს ნოტარიუსთა პალატა...; ხოლო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპებია: ეროვნული კინოცენტრი, შემოქმედებითი საქართველო, მწერალთა სახლი, ძეგლთა დაცვის სააგენტო...
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტანციებიდან, ჩემთვის ყველაზე საინტერესო შესადარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ციხეა, რადგან ციხე, როგორც სადამსჯელო ინსტიტუცია, ხელოვნების სრულიად საპირისპირო განზომილებაა.
ერთმა, ვეღარც ვიხსენებ ვინ, მომიყვა: ერთ-ერთ მუზეუმში, მგონი ეთნოგრაფიულში, ახალი დირექტორი ადრე რომელიღაც ციხეში მუშაობდა და გასაცნობად მოსულმა თანამშრომლები მოაწყოო, ისე როგორც მაგალითად ბადრაგი პატიმრებს მოაწყობდა, მწყობრში, ერთ რიგად.
ახალმა მინისტრმა იუსტიციის სამინისტროდან, იუსტიციის სისტემიდან, კულტურის სამინისტროში, მუზეუმებსა თუ სიპებში არაერთი თანამშრომელი გადმოიყვანა. კულტურის სამინისტროს სსიპის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორიც, 2014 წლიდან იუსტიციის სამინისტროს სსიპის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი იყო, იმავე წელს სასჯელააღსრულების დეპარტამენტში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი გახლდათ, მისი ფუნქციები კი კონფიდენციალური იყო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს და ხელოვანებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგის თანამშრომლებს შორის არის განსხვავება.
ᲩᲕᲔᲜ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲔᲜᲐᲖᲔ ᲕᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝᲑᲗ, ᲡᲮᲕᲐᲜᲐᲘᲠᲐᲓ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑᲗ ᲓᲐ ᲕᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲗ. ᲪᲘᲮᲔ ᲓᲐ ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲘ ᲝᲠᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲒᲐᲜᲖᲝᲛᲘᲚᲔᲑᲐᲐ. ᲮᲔᲚᲝᲕᲐᲜᲡ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲐ, ᲑᲐᲓᲠᲐᲒᲘ ᲙᲘ ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲐᲡ ᲕᲔᲠ ᲐᲘᲢᲐᲜᲡ. ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲐ ᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲑᲐ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ - ᲞᲘᲠᲘᲥᲘᲗ. ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲐᲡ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐᲡ - ᲐᲠᲐ.
კიდევ ერთი განსხვავება ბრძანების მიმართულებაა: კულტურაში ბრძანება ქვემოდან ზემოთ მიდის; იუსტიციაში - ზემოდან ქვემოთ. ხელოვნება არ ემორჩილება და არ აღიარებს ბრძანებებს; იუსტიცია და მომიჯნავე სფეროები, სასჯელაღსრულება, პოლიცია, ჯარი ბრძანების შესრულებაზე დგას.
გახსოვთ პოლიციის კორდონი ეროვნული გალერეის კიბეებზე? ეს კადრი გვახსენებს, რომ იუსტიცია და კულტურა სხვადასხვა დარგებია. ეროვნულ გალერეაში არაა პოლიციის ადგილი.
…
ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჩამწკრივებული სახელმწიფო ინსტიტუციები - თეატრი, ოპერა, მუზეუმები, გალერეა - წლებია, დაცლილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებისგან, დღევანდელობისთვის აუცილებელი ნაწარმოებებისგან. საქართველოში საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აქვს კულტურაზე წვდომა, საერთაშორისო სცენაზე საქართველო იშვიათად ჩანს და თუ ჩანს, ხშირად ინდივიდუალური და არა სახელმწიფო ძალისხმევის შედეგად. თეატრების და ოპერის კარი დაკეტილია ახალი თაობის რეჟისორებისთვის, ქალაქის ყველა კინო პრივატიზებული და კერძოა და გასართობი ხასიათის ფილმების ჩვენებით შემოიფარგლება. ხელოვნების მუზეუმი წლებია, დაკეტილია, ეროვნული გალერეა კი საბანკეტო დარბაზივით, პროგრამისა და ხედვის გარეშე ფუნქციონირებს. ფილარმონიისკენ ბოლოს რომ გავიხედე, პირველ სართულზე საეჭვო რეპუტაციის არაბული კლუბი იყო გახსნილი. ინსტიტუციები ბრმად მიყვებიან დინებას და ვერ ქნიან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ პროცესს.
დღეს კულტურის სფეროს ყველა დარგს აქვს უთვალავი პრობლემა; რეფორმების აუცილებლობა ნათელია, მაგრამ რეფორმების განხორციელება - შეუძლებელი; რეფორმების გატარებას სჭირდება წლები, თანამშრომლობა, ძალისხმევა, ჰუმანურობა და საქმის არამარტო ცოდნა, სიყვარულიც.
სახვითი ხელოვნება არასდროს იყო განებივრებული დაფინანსებით. კინოცენტრის მსგავსი ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ამ სფეროს არ ჰქონია. ერთადერთი მცდელობა შემოქმედებითი საქართველო იყო. სიპი “შემოქმედებითი საქართველო” 2014 წელს შეიქმნა და უნდა შეესრულებინა, დაახლოებით, იგივე როლი, რასაც კინოცენტრი ასრულებს - უნდა დაეფინანსებინა პროექტები, ეზრუნა სფეროს განვითარების სტრატეგიაზე, ემუშავა საერთაშორისო ინსტიტუციებთან, ეწარმოებინა კვლევა. არსებობის ხანმოკლე პერიოდში აცხადებდა ღია კონკურსებს (მაგალითად, ფესტივალების დაფინანსების კონკურსი სულ 2-ჯერ გამოცხადდა) და აფინანსებდა ფესტივალებს, გამოფენებს, გასცემდა სამოგზაურო გრანტებს. სტრუქტურულად, ეს იყო სახვითი ხელოვნების მიმართულებით მეტ-ნაკლებად გამართული ინსტიტუციის ჩანასახი.
2021 წელს, როდესაც კულტურის სამინისტრო კვლავ გამოეყო განათლება-მეცნიერების სამინისტროს, “შემოქმედებით საქართველოს” კონკურსები, ასე ვთქვათ, დაიბრუნა. ამ სსიპს სხვა სსიპის, მწერალთა სახლისთვის “ჩამორთმეული” იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია გადაულოცა. “შემოქმედებითმა საქართველომ” დაფინანსების გამცემი ფუნქცია დაკარგა და , არც ვიცი, თუ დარჩა საერთოდ რაიმე ფუნქცია. ასე შეუმჩნევლად გააუქმა სამინისტრომ ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით ისედაც ნორჩი ინსტიტუცია.
რადგან კულტ. სამინისტროს არ აქვს ვებგვერდი და მხოლოდ „ფეისბუკის“ გვერდი აქვს, შეუძლებელია ნეკროლოგებისა და დაბადების დღეების უსასრულად სქროლვა, რომ, მაგალითად, შარშან სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების დაფინანსების კონკურსის შედეგები ვნახოთ; მახსოვს გასულ წელს ფესტივალების მიმართულებით გამარჯვებულ პროექტებს რომ გადავხედე, ორი თუ სამი ანიმაციის ფესტივალი იყო დაფინანსებული. საინტერესოა, რის მიხედვით შეირჩა ანიმაცია და რატომ გახდა ის უეცრად პრიორიტეტული დარგი?ამავდროულად, სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა თავისივე სსიპების მიერ ორგანიზებულ ლიტერატურის ფესტივალს, კინოფესტივალს, ლიტერატურულ კონკურსს “ლიტერას”. ეს ფესტივალები წლებია, ტარდება და მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროცესებისთვის; კინოფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც შეიძლება ქართველი თუ საერთაშორისო რეჟისორების ფილმების ნახვა, ლიტერატურულ ფესტივალზე კი მნიშვნელოვანი ავტორების გაცნობა და ქართველი მწერლების ახალი ნაწარმოების მოსმენა არის შესაძლებელი. ისედაც მწირი დაფინანსებით ჩატარებული ეს ფესტივალები კვლავ ტარდება ორგანიზატორების ენთუზიაზმის და უფრო გაძნელებული შრომის ხარჯზე. და მაინც, რატომ უნდა თქვას უარი სამინისტრომ ამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაზე?
სამინისტრომ გასულ წელს გამოაცხადა კონკურსი დოკუმენტური კინოს მიმართულებით. რატომ აცხადებს კულტურის სამინისტრო კონკურსს დოკუმენტური კინოს მიმართულებით, როდესაც არსებობს კინოცენტრი?
მინისტრი ბოლო ინტერვიუში ამბობს, კინოცენტრში გაუმჭვირვალობა და ნეპოტიზმი მეფობსო. წელს მისივე გადაწყვეტილებით გაიცა 3 მილიონი ლარი კონკურსის გარეშე, გაუმჭვირვალედ, სერიალების გადასაღებად. ასევე დაფინანსდა, ვიზუალური ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისის არტ ფეარი, სავარაუდოდ, ასევე კონკურსის გარეშე, რადგან სამინისტროს გვერდზე არ მინახავს მათი კონკურსში გამარჯვების მაუწყებელი პოსტი.
სამაგიეროდ, სამინისტროს ფეიჯზე შეხვდებით ერთ-ერთ ბოლო კონკურსს ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობისთვის (ბიუჯეტი 150 000 ლარი) და გასულ წელს ამ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს: „ოთარ ჩიბირაშვილის სახელოსნოს გაფართოება". დაფინანსდა სახელოსნოსთვის ტყავის დამამუშავებელი და საკერავი მანქანა-დანადგარების შეძენა. აღსანიშნავია, რომ სიქსტის კაპელაში კონცერტის სათანადოდ მომზადების მიზნით, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მომღერლებისთვის სწორედ ოსტატმა ოთარ ჩიბირაშვილმა დაამზადა საუკეთესო ხარისხის ტყავის 38 წყვილი ფეხსაცმელი რეკორდულად სწრაფად. “
აქვეა პროექტები “ოტ კუტური იბერიიდან”, “თურმანიძის დიპლიპიტო”, “გუდასტვირისა და ჭუნირის დამზადების ტრადიცული მეთოდი”. არსებობს გამონაკლისებიც, როგორიც არის მაგალითად, ზოგიერთი საერთაშორისო პროექტი. თუმცა, გამონაკლისი ამტკიცებს წესს.
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲚᲝᲒᲘᲙᲐ? ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲓᲐᲣᲬᲔᲠᲔᲚᲘ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ? ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲔᲑᲘ?
კულტურის მინისტრს არ აინტერესებს საყოველთაო ცენზურის დაწესება. მას არ ადარდებს, რა ხდება ე.წ. სისტემის გარეთ. მისი მიზანია, კონტროლი დაამყაროს იმ ინსტიტუციებზე და პროექტებზე, რომელიც სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ამას ის პირველივე ინტერვიუში აცხადებს. 2 წლის განმავლობაში დაასუსტა და გააუქმა კიდეც დამოუკიდებელი ინსტიტუციები; მისი მიზანია კულტურის პარტიულ ინსტრუმენტად გამოყენება და პარტიულ გემოვნებას დაქვემდებარება, რაც ხშირად ემთხვევა კიდეც “ქართული ოცნების” ამომრჩევლის გემოვნებას. ანუ მიზანი კულტურის პროპაგანდად და საკუთარი ამომრჩევლის წამახალისებელ ინსტრუმენტად ქცევა, მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი ამოცანა კი დამოუკიდებელ ინსტიტუციებზე კონტროლის დამყარებაა.
სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ეს ინსტიტუციები იქნება მორგებული პარტიას და არა საზოგადოებას, ხალხს. ასევე, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, საბჭოთა დროიდან გამოყოლილი ტრავმები დღემდე მუშაობს და სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ბევრს ეხამუშება. დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა ნდობის მოპოვების გარანტია. ხელოვანები უნდა დარწმუნდნენ სახელმწიფო ინსტიტუციის მნიშვნელობასა და როლში.
მინისტრს უთქვამს, პოლიტიკა ჩემი საქმეა, თქვენი საქმე არ არისო. თუ მინისტრს უნდა, რომ ხელოვანები არ ჩაერიონ ე.წ. პოლიტიკაში, თვითონ რატომ ერევა ხელოვნებაში და, მაგალითად, რატომ მიგვითითებს, რომ კინო სამშობლოს სიყვარულზე უნდა გადავიღოთ?
შემოქმედებით საქმიანობაში ჩინოვნიკების ან პოლიტიკოსების ჩარევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას დაუშვებელია და ნაწარმოებს პროპაგანდად აქცევს. ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყონ ნაწარმოების შექმნისთვის საჭირო გარემო და დააფინანსონ ნაწარმოების შექმნა, ღიად და გამჭვირვალედ. კინო, სახვითი ხელოვნება, თეატრი თუ მუსიკა – ნაწარმოები უნდა იქმნებოდეს მხოლოდ ხელოვანის ხედვით, მსოფლმხედველობით, სურვილით და იდეით. ეს უფლება, შემოქმედებითი თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითაა დაცული:
მუხლი 20. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა
- შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
- შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
- შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
- ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.
კინოცენტრის რეორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულმა პროტესტმა დაგვანახა და დაგვიდასტურა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციის არსებობა და გამართული მუშაობა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაფინანსება საჭირო და აუცილებელია, მაგრამ არა როგორც კონტროლის, არამედ როგორც განვითარების მექანიზმი.
შეუძლებელია, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე განვითარდეს საავტორო კინო ან ხელოვნების ის დარგები, რომელიც არ და ვერ იქნება მომგებიანი და ქმნის ღირებულ ნაწარმოებს - რაც დაგვისახავს გზას მომავლისკენ და დარჩება ჩვენი დროის აღმნიშვნელად. ხელოვნება დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც ხელისუფლების, ასევე ბაზრის სურვილებისა და კონტროლისგან.
ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲛᲐ ᲓᲐᲒᲕᲐᲤᲘᲥᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲡᲮᲕᲐ ᲡᲤᲔᲠᲝᲔᲑᲡᲐᲪ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲙᲘᲜᲝᲪᲔᲜᲢᲠᲘᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲡᲤᲔᲠᲝᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲑᲓᲐ. ᲐᲡᲔᲗᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲐᲜ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲨᲘ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ.
გაჩნდა შესაძლებლობა და ნაპერწკალი, რომ კინოს წარმომადგენლების პროტესტი გაფართოვდეს და მას კულტურის სხვა სფეროს უფრო მეტი წარმომადგენელი შეუერთდეს; სხვა სფეროებმაც მოითხოვონ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და გამართული მუშაობა, კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის გაწერა და უპირობოდ ყველა იმ პირობის შექმნა, რაც საჭიროა ხელოვნების ენით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე სალაპარაკოდ.
…
დასასრულს, მინისტრის სულ პირველ ინტერვიუს დავუბრუნდეთ:
- სამაგიეროდ, თქვენ თქვით, რომ კულტურის სფეროში ძნელია გაზომო [შედეგები]. უნდა გაიზომოს, მაგალითად, როგორ მოვახერხებთ ჩვენ იმ უბედურების აღმოფხვრას, რაც დაემართა გელათის სამონასტრო კომპლექსს. თუ ეს მოვახერხეთ, ამით გაზომავთ, როგორც ასე ვთქვათ, საზოგადოების წარმომადგენელი. საქმე ძნელია, გაზომვა იოლია, მაგრამ იქ რაც არის დაშავებული, “დაშავებული” კოდექსის ენაა და არ ვიტყვი ასე, რაც არის დაზიანებული, ასე ვიტყოდი, იმის გამოსწორებას ძალიან დიდი თანხები და კომპეტენცია დაჭირდება.
ეს საქმე მართლაც ძნელი აღმოჩნდა და კულტურის მინისტრმა გელათზე ზრუნვა საპატრიარქოს გადააბარა. ანუ, მინისტრმა ვერ შეძლო გელათის სამონასტრო კომპლექსში “უბედურების აღმოფხვრა”. მეტიც, გელათის ფრესკები დღითი - დღე უფრო ზიანდება.
აქ მინისტრს ვეთანხმები. კულტურის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ინსტიტუციების გამართვას, პროცესების გამოცოცხლებას, კვლევების წარმოებას, საქართველოს საერთაშორისო კულტურის რუკაზე მონიშვნას და ა.შ. დიდი თანხები და პირველ რიგში, კომპეტენცია დაჭირდება. და რადგან, ვფიქრობ, მინისტრს ეს კომპეტენცია არ აქვს, საჭიროა, კულტურის სფეროს მართვა პროფესიონალებს გადააბაროს.
პ.ს. კულტურის სამინისტროს გვერდის სქროლვისას ერთი ფოტო დამამახსოვრდა: მინისტრი ლურჯ ფონზე დგას, აქეთ-იქით უთავო შავჩოხიანი კაცის მანეკენები უდგას, თვითონ ცენტრშია და გვაუწყებს, რომ რომელიღაც ცეკვის ანსამბლს სამინისტრომ ახალი ჩოხები შეუკერა. ეს არის დღეს კულტურის პოლიტიკა.