გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ყვითელი ავტობუსი | ლიკა ჯალაღანია

2013 წლის 17 მაისი
ნინო ხარჩილავა, ფემინისტი აქტივისტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის სათემო მიმართულების ხელმძღვანელი 2018 წლიდან
ეკა წერეთელი, ფემინისტი აქტივისტი, ქალთა ინიციატივების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლიდან

ეკა წერეთელი: მოახლოებულია 17 მაისი. ეკლესიასაც დაანონსებული აქვს კონტრაქცია, ესკალაცია მიდის. ჩვენ შსს-თან შეხვედრაზე მივდივართ. ლაპარაკია იმაზე, რამდენ ხანს გავჩერდებით, რა ბანერები იქნება, და მე ვიწყებ კითხვების დასმას: როგორ უნდა მივიდეთ? რომელი ქუჩებით? იქიდან როგორ წამოვიდეთ? ეკლესიამ 40 ათასი ადამიანი რომ გამოიყვანოს, როგორ დაგვიცავენ? წყლის ჭავლით, ჯებირებით, თუ როგორ? შსს-ს პასუხია: ყველაფერი კარგად იქნება.

ერთ-ერთმა ჩვენგანმა სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენა და შესთავაზა, ყვითელი ავტობუსები მოიყვანეთო. ყველაფერი ორგანიზებული იქნება, ჯებირებსაც გავაკეთებთ და რამდენიმე ქუჩიდან კორიდორებსაც უზრუნველვყოფთო. საკონტაქტო ნომრები ვთხოვეთ, თუ გაჭირდებოდა საქმე, რომ დაგვერეკა. შევთანხმდით დროზეც. დიდხანს არ უნდა ვმდგარიყავით. შევთანხმდით ევაკუაციის გეგმაზეც.

ხუთი თუ ექვსი ჯგუფი ვიყავით. ყველას თავისი კოორდინატორი ჰყავდა. ბანერები და ჩვენი დაბეჭდილი მაისურებიც თან გვქონდა. დაგვირეკეს, ხალხი აგვიანებსო. მაგრამ ჩვენ დაგეგმილ დროს წავედით. მეორე კორდონი დიუმას ცენტრთან იყო. არ გვატარებდნენ, ქუჩა ჩაკეტილიაო. როგორ, ორგანიზატორი ვარ, ამან იცის – იმან იცის, თუ გინდათ, უფროსს დაურეკეთ-მეთქი. სრული იგნორი. ამასობაში ზემოთ უკვე დაიძრა ხალხი. ერთმა, დიდმა ჯგუფმა ვაჩნაძეზე ჩამოიარა ბედნიერად, არც კი შეუყოვნებიათ, ისე გამოიარეს კორდონი და შორიახლოს დაგვიდგნენ. ჩვენ სხვებს ვურეკავთ. ერთ-ერთი რუსთაველზე იყო: აქ უკვე ძაან რუზრუზია, იქნებ სახლებში წახვიდეთო, გვითხრა. ვიფიქრე, კაი, მაგრამ როგორ წავიდეთ?

ნინო ხარჩილავა: თან პოლიციელები თითქოს სპეციალურად, ხმამაღლა გვეკითხებიან: თქვენ იმ აქციის მონაწილეები ხართ? იქვე დიდ ჯგუფს, ყველაფერი ესმის. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უკვე ყველამ იცის, ვინ ვართ ჩვენ. არავინ ყურმილს არ იღებს. იქით მეორემ დამირეკა, სად ხართ, აქ რაღაც არეულობააო. ნელ-ნელა დავიწყე ხალხის იქიდან შეუმჩნევლად გაშვება. მაგრამ რადგან ამოგვიცნეს, უკვე იფურთხებოდნენ და ყვიროდნენ. ერთი ბიჭიც გვახლდა, მის მიმართ კიდევ უფრო აგრესიულები იყვნენ. ვფიქრობდით, რაც უფრო ნაკლები ვიქნებოდით, მით უფრო მარტივად შევძლებდით სიტუაციის მართვას. ამიტომ, ნაწილი გავუშვით, მაგრამ ნაწილი შევრჩით.

ე.წ.: რომ რეკავდნენ, უკვე ვეუბნებოდი, მგონი რაღაც ვერ არის საქმე კარგად-მეთქი. მაგრამ, ვაჩნაძეზე მაინც დაგელოდებითო. წავედით. უკან, ის ჯგუფიც წამოგვყვა. ქვემოთ კიდე უკვე, კაი ბლომად ხალხი იყო. ზედა კორდონმა ბოლოს გვითხრა, ჩვენ სუს-ი ვართ, ამიტომ არ ვიცით, თქვენ შსს-ში ვის ელაპარაკეთო. ქვემოთ უკვე ნაღდად პოლიციელები იყვნენ. ეხლა იმათ ვეუბნები, თქვენი უფროსი ხომ ესა და ეს არის – ჰოდა, ველაპარაკეთ და გვიშველეთ რამე, აქაურობას გაგვარიდეთ-მეთქი. ეგ ჩვენი უფროსი არ არისო, მპასუხობს. დაურეკეთ, ვინც არის-მეთქი. ახლავეო, მაგრამ ვხედავ, არ რეკავს. ამოვიღე ტელეფონი და იმ კაცს დავურეკე, ვისი ნომერიც მქონდა, აი, ელაპარაკეთ-მეთქი, ვაწვდი ყურმილს და არ მართმევს, არა, ვერ დაველაპარაკებიო, თავიდან მიშორებს. თან დგას, არ იძვრის. ვერ ხედავს, რომ ჩვენ საფრთხეში ვართ. ვეუბნებით, გაგვარიდეთ, გვპასუხობენ, რა გიშლით ხელს, ჩაჯექით მარშუტკაში და წადითო. როგორ წავიდეთ, ვერ ხედავთ, რამდენი ხალხია და როგორ გვიყურებენ-მეთქი? ეგ ჩემს ვალდებულებაში არ შედისო, ბოლოს გვპასუხობდნენ.

ნ.ხ.: მალე წრე შემოგვარტყეს. ალყაში მოგვაქციეს. მანქანები იყო ბევრი და ეს ხალხი ისე ახლოს ვერ მოდიოდა. პოლიციელები უკვე შუაში იდგნენ.

ე.წ.: კიდევ ერთხელ დავურეკე მთავარ ორგანიზატორს და კიდევ არ მიპასუხა. დავურეკე გასაფრთხილებლად, რომ ჩვენ ასეთ დღეში ჩავვარდით და თქვენამდეც მოაღწევენ, გაიქეცით-მეთქი, მინდოდა მეთქვა. ამ დროს, თვითონ თურმე უკვე გაქცეულია – სამშვიდობოსაა. მერე ომბუდსმენის წარმომადგენელს დავურეკე, პოლიციელები საერთოდ არ გვაქცევენ ყურადღებას, მალე ინციდენტი მოხდება, ჩქარა მოდით-მეთქი.

ნ.ხ.: მახსოვს, რომ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო, ჩემი ყოფილი ლექტორი, გენდერზე რომ ვსწავლობდი. უკვე რეალობის აღქმა მიჭირდა, რომ დავინახე. შემაჯანჯღარა, თავისი ბეჯი მაჩვენა და ნუ გეშინია, აქ ვარო. მაგ ბეჯის ნახვის შემდეგ დაფაცურდა პოლიცია, მანამდე არაფრად გვაგდებდნენ.

ე.წ.: ნელ-ნელა წავედით ზემოთ. მეორე კორდონამდე ვერც მივაღწიეთ. შუა გზაში, ერთ სადარბაზოში შეგვიყვანა პოლიციამ. ამასობაში ის კაციც მოვიდა, ვისი ნომერიც მქონდა და უშიშროებიდანაც იყო ერთი. ქეთის უკვე თავში ქვა აქვს მოხვედრილი და სისხლი სდის. მეორე სართულზე აგვიყვანეს. ვიღაცას შევუვარდით სახლში. ფანჯარასთან მიგვიყვანეს და პატარა სარკმელზე გვეუბნებოდნენ, აქედან გადაძვერით, თითო-თითო უნდა გაგაპაროთო. ერთი გადააძვრინეს და იმას, გარეთ უარესი ამბავი დახვდა, მერე უკან გადმოაძვრინეს. ვდგავართ. სახლის კარს უკვე გარედან ამტვრევენ. ზომბი აპოკალიფსის სცენა იყო ზუსტად.

უშიშროების წარმომადგენელი მაშინ მიხვდა, რომ ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ჩქარა უნდა გავიდეთო. კარი გააღეს, თავები დაგვახრევინეს, კორიდორი გააკეთეს და მარშუტკაში ჩაგვსვეს. ასე გავიქეცით. როგორც პოზნერი გარბოდა, ზუსტად ის სცენა იყო. მარშუტკაში დასაჯდომი ადგილებიც არ გვქონდა. ფეხზე ვიდექი. დაიძრა და ამოვისუნთქეთ, მაგრამ მერე, მოულოდნელად გაჩერდა. ეს იყო საშინელი მომენტი, უცბად ყველა შუშა ჩაიმსხვრა.

ნ.ხ.: ისროდნენ ყველაფერს. თუ მოწვდებოდნენ, ხელსაც ურტყამდნენ მინებს. სისხლი რომ სდიოდათ, ვერ გრძნობდნენ. გონზე არ იყვნენ.

ე.წ.: ვიღაც შემოვარდა და ერთ-ერთ ჩვენიანს დაებღაუჭა. ათრევდნენ, ეს უყვიროდა გაჩერდითო. ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ავდექი და ვუკბინე იმ კაცს. გაუშვა ბოლოს. მერე, მეორე კინაღამ გადაათრიეს. ჩვენ აქედან ვექაჩებოდით, ისინი იქიდან. მესამეს თმაზე ქაჩავდნენ, ჟაკეტი გახადეს. ერთი პოლიციელი იყო შიგნით, იმან გადაგვარჩინა – იდგა და მძღოლს ეუბნებოდა, მიდი, დააწექი გაზს, არ გაჩერდეო. ეს მძღოლი კიდე, როგორ გავიარო, ხალხია ბევრი, ხომ არ გადავუვლიო. რაღაც მომენტში მძღოლიც კინაღამ გადაათრიეს.

ნ.ხ.: ძალიან იყოჩაღა პოლიციელმა. მძღოლი შემთხვევით აღმოჩნდა იქ, საცოდავი კაცი, აიძულეს, რომ მოსულიყო. ჭკუიდან იყო გადასული, ეს სად მოვხვდიო, სახლში უნდოდა წასვლა.

პოლიციელებსაც ბევრი ხვდებოდათ. მინები რომ იმსხვრეოდა, ზედ გვეყრებოდა, სისხლიანები ვიყავით. მე ჩემი დეიდაშვილი მახლდა და მახსოვს, მაგას გადავეფარე, მე კიდე თინა თაყაძე გადამეფარა და ის ქვა თინას მოხვდა თავში. ტვინის შერყევა მიიღო. ვიგუდებოდით, ჰაერი არ გვყოფნიდა. რომ გავთავისუფლდი, თავი ავწიე და სადღაა თინა. გათრეული ჰყავდათ თმით, მოვკიდე ხელი და აქეთ გამოვქაჩე. ერთი ქერა გოგო, ფანჯრიდან დაიჭირეს და იმის თმა, ვხედავდი, ვიღაცას ეჭირა გარეთ ხელში. ეს ყველაფერი მახსოვს ფრაგმენტულად. ხან ერთი ყვიროდა, ხან მეორე. რომ გავიგე: ქალები ვართ, რას გვიკეთებთო, კი ვიფიქრე, ეს რა სისულელეს ამბობენ-მეთქი. მარშუტკა რომ გაიჭედა, მეგონა გადაგვატრიალებდნენ. ძალიან აყანყალებდნენ, ყველა ვირწეოდით. მანდ ვიფიქრე, რომ მორჩა, ვკვდებით. საკმარისი იყო, ბოლოს წინა შუშა ჩაემტვრიათ და შემოვარდებოდნენ. შიგნით ისედაც ჭყლეტა და გუდვა იყო. თან მახსოვს, როცა შემეძლო, ამ მოძალადეებს თვალებში ვუყურებდი და სულ მქონდა იმედი, რომ ისიც დამინახავდა. გავიხედავდი და მოფრინავდა სახე, მაგრამ თვალები იყო აბსოლუტურად შუშის. ვერ გვხედავდნენ, რომ გეთქვა, რას აკეთებ?! რომ დაგინახოს – ადამიანი ხარ, მაგრამ ვერც ერთთან ვერ დავამყარე კონტაქტი.

ე.წ.: კარგა ხანს მოგვდევდნენ, მანქანებით, ფეხით. შორს გაგვიყვანეს. ტელევიზიებში გადაღებულია, როგორ ჩამოვდივართ: ვაიმე, რამეს ხომ არ იტყვით? გვეკითხებიან და თან ჩვენს ადგილმდებარეობას აცხადებენ. ყველას სათითაოდ გვირეკავდნენ, როგორ ხართო. ამერიკის საელჩოდან მოვიდნენო, ვიღაცასთან იყვნენ სახლში და აქ ვართო. ეს „ორგანიზატორი“ ამბობს, სხვა ორგანიზაციებმა ჩვენი შეთანხმება დაარღვიეს და ჩვენთან შეუთანხმებლად დაიქირავეს ყვითელი მარშუტკა, იმიტომ გაიჭედაო. რაღაც სიგიჟე. საათ-ნახევარში უკვე გამომცხვარი ჰქონდა სთორი. თითქოს ჩვენ ისეთი აროგანტულები ვართ, არ ვენდეთ და ცალკე გადავწყვიტეთ წამოსვლა. ასეთი სისულელეები.

ნ.ხ.: მე ბევრი ფიქრიც ვერ მოვასწარი. თვალებით რომ ეძებ, აბა, ის სად არის, ეს სად არის, შეშინება ვერ მოვასწარი.

ე.წ.: პოლიციას ასეთი გეგმა ჰქონდა: უნდოდათ, ერთი საათით ადრე შევეკრიბეთ და მერე ოც წუთში ეთქვათ, რომ ძალიან აირია სიტუაცია და ევაკუაციას გაგვიკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ერთი საათის დაგვიანებით მივედით და გაიჭედა სიტუაცია. იქნებოდა ასე: დაიწყო ესლაკაცია, პოლიციამ იყოჩაღა და უვნებლად გაიყვანა დემონსტრანტები სამშვიდობოს. ეს ჩვენ ავურიეთ ყველას გეგმები.

ნ.ხ.: ჩვენ კიდე დავსხედით და ვლაპარაკობდით – ახლა რომ მოვმკვდარიყავით, ვაჩნაძის ქუჩაზე, ან ძეგლს, ან მემორიალურ დაფას გააკეთებდნენ და რა დარჩებოდა ამ ყველაფრისგან?! რეალურად რა სისულელის გამო? არც ვიცი, რა ჰქვია მაგას, სახელდებაც მიჭირს.

ე.წ.: პოსტტრავმული სინდრომი ის არის, იმ მომენტში რომ არაფერი გეტყობა. მეორე დღიდან წამოვიდა სიბრაზე.

ჩვენებების ჩაწერა დავიწყეთ, მომზადება, ძალიან მობილიზებულად.

უკვე პოლიციაში, ჩვენებების მიცემის დროს, ვყვები ჩვეულებრივ, რომ გოგოს გადათრევას ცდილობდნენ... და უცბად გამომძიებელი მეუბნება, ეს გადათრევა ცოტა მძიმე სიტყვაა და სხვა სიტყვით რომ ჩავწეროთო? რა, ჩავწერო, გადასვენება-მეთქი? პირდაპირ მეუბნებოდნენ, ცოტა შეარბილე და ასე არ თქვაო. ნამდვილი ზეწოლა იყო: შენ პირადად დაინახე გამგელებული სახე? ან პოლიციელმა ნამდვილად ასე თქვა?

სადღაც ორ კვირაში დარეკეს, მობრძანდით, ხელი მოაწერეთ, დაზარალებულად უნდა გცნოთო. იქამდე ნახევარი საათით ადრე კი, დამირეკეს, რაღაც შეიცვალა და აღარ მოხვიდეთო. გამოვიდა, რომ ვინც პირველი ხუთი მივიდა და ხელი მოაწერა, ისინი ცნეს დაზარალებულად. მე დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი. უმეტესობას არ გვაქვს.

შემოდგომაზე ჩაინიშნა პირველი სასამართლო. ჩემთვის ეს იყო მომენტი, როდესაც ხმამაღლა დავიწყე მოყოლა. ასე გადავხარშე. სასამართლო ჩემთვის ძალიან თერაპიული იყო.

რომ მივედით, დარბაზი სავსე იყო მღვდლებით, მრევლით. სულ გადაჭედილი. პირველი მე ვაძლევდი ჩვენებას.

გარეთ გაბედავა დავინახე. ათამდე ადამიანი იყო, მუხტი ეჭირათ ვითომ, რომ თავი უმცირესობაში გვეგრძნო. ლაპარაკი რომ დავიწყე, უკნიდან, დარბაზიდან დაიწყეს: ახია! რატომ არ ჩაიქოლე! რატომ არ მოკვდი! არ ვიცოდი, ეს უკანა ხმები რომ არ ისმოდა, თუ მიკროფონში არ ლაპარაკობ და ვუთხარი: ბატონო მოსამართლე, ასეთ რამეს იძახიან და თუ შეიძლება, გაჩერდნენ-მეთქი. სავარაუდოდ, ჩანაწერში არ ისმის ეს შეძახილები. მოკლედ, მე თუ არ გავჩერდებოდი, საერთოდ შენიშვნას არ აძლევდა მოსამართლე.

სასამართლოზე სვამდნენ ასეთ კითხვებს: აი, სკოლაში რომ ასწავლიდეს მასწავლებელი და ლესბოსელი აღმოჩნდეს, თქვენს შვილს მიიყვანდით? მოსამართლე არ ხსნიდა ასეთ კითხვებს. თქვენ დაოჯახებული ხართ თუ არა და ცოლი ხართ თუ ქმარი?! რომ ვთქვი, რომ ყველა მხრიდან შემოდიოდნენ და თავი საშინელებათა ფილმში მეგონა და ზომბებივით იყვნენ-მეთქი, მოსამართლემ შენიშვნა მომცა: ბრბოზე, ზომბებზე და ასეთ სიტყვებზე ცოტა პატივისცემითო. ამ პირველი პროცესის შემდეგ, ამერიკის საელჩოს და შვედურ ორგანიზაცია „სიდას“ მივწერეთ, ასეთი სიტუაციაა და თუ შეიძლება, დაესწარით-თქო. მოვიდა ოთხი თუ ხუთი ადამიანი. მერე შედარებით მცირე დარბაზში გადაიტანეს. ეს ოთხი ადამიანიც იქ იყო და შიგნით აღარავინ შეუშვეს. ფაქტობრივად, მარტო ჩვენ ვიყავით და უკვე წყნარად წავიდა პროცესი.

ნ.ხ.: სასამართლოზე, ჩვენ გარეთ ველოდებოდით და მორიგეობით შევდიოდით ჩვენების მისაცემად. გარეთ ჩვენი მეგობრების გარდა, სხვებიც იყვნენ, ასე ვთქვათ, ჰომოფობები და მესმოდა ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდნენ. მაგალითად, წერეთელი რომ გამოიძახეს, ეს არ იქნება ნამდვილი წერეთელი, სხვა გვარი ექნებაო. ალბათ იყო იმის შანსი, რომ ამ ადამიანებისთვის სასამართლოზე მეთქვა ის, რაც ვერ მოვახერხე იმ დღეს. მომეცა სივრცე, რომ პირში მეთქვა – აი, ყველამ ერთად ეს გააკეთეთ, და მე ვიყავი ის, ვისაც ქვებს ესროდით, აი, ხორცი მაქვს და ადამიანი ვარ. ამის საშუალება რომ მომეცა, ეს რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის.

ჩვენებაშიც მეწერა, რომ ხშირად მეძახდნენ „შე მინეტშიცა, შე მინეტშიცა“ და კითხვას მისვამს ადვოკატი: ის ფრანგული სიტყვა რომ ახსენეთ, ახლა მე აქ ვერ გავიმეორებო და ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. რას ფიქრობთ ამაზეო? მე ვუთხარი, ფრანგული მე არ ვიცი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ არც მინეტის და არც რომელიმე სექსუალური აქტივობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ფრანგული სიტყვა სალანძღავ კონტექსტში გამოიყენეს, თან ქვები მოაყოლეს და ჩვენებაშიც იმიტომ მოხვდა-მეთქი. კულტურული შოკი დაემართათ. მართლა ასეთ რაღაცებს გეკითხებოდნენ: ლებოსელი ხარ? მე ვპასუხობდი, ამ კითხვას არ ვუპასუხებ-მეთქი.

ყველაზე ცუდი იყო მომენტი, როცა მითხრეს, შეტრიალდი და თითი დაადეო, ვინ გესროდა ქვასო. რომ შევტრიალდი, შევხედე ამ ხალხს და ვთქვი: აქ ვინც არის, ყველა ქვას მესროდა-მეთქი. აბა, რა უნდა მეთქვა? ის უფრო მესროდა, ვიდრე მეორე?! იქ რომ ვერ გამოფხიზლდნენ, მინდოდა სასამართლოზე დაენახათ თავიანთი ქცევა.

იმაზე ფიქრის დრო, ეხლა მე ტრავმირებული ხომ არ ვარ-მეთქი, არ მქონია. პირველი იყო: მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. იმიტომ, რომ ეს იყო დიდი გამართლება, აი, ძალიან დიდი საჩუქარი, რომ გადავრჩით. ყველას ცალ-ცალკე ბოდიშს ვუხდიდი, რომ იქ აღმოჩნდნენ. სულ იმას ვიმეორებდი, არასდროს ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რომ სხვისი სიცოცხლე ჩემი პასუხისმგებლობა იყოს-მეთქი.

არსებობს ასეთი კარგი გამოთქმა „ტრავმა არის კარგი რამ, თუ გადარჩი“ და შეიძლება ტრავმისგან ბევრი სიბრძნის მიღება, მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისგან: რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ან გაძლიერებს და ან არა. ამ დღის მერე ბევრი წავიდა აქტივიზმიდან. 17 მაისს მე არ ვაფასებ კარგ მოვლენად. თუმცა, ყველა მოვლენას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.

ბევრი მაინც ამბობს, რომ ამხილა ძალადობა, თვალსაჩინო გახადა ის, რაც საზოგადოებაში იქამდე დაფარული იყო. უთქვამთ ისიც, რომ ამ დღის მერე დაინტერესდნენ ამ თემით. 17 მაისმა კიდევ უფრო დიქოტომიური გახადა ეს საზოგადოება. არ ვიცი, რა აქვს კარგი 17 მაისს. იმაზე არც ვლაპარაკობ, ღირდა თუ არა ამად. რაც არ უნდა კარგი შედეგი ჰქონოდა, ნამდვილად არ ღირდა ამად. თუ ჰუმანურ პრინციპებზე ვდგავართ, არც ერთი ადამიანის ზიანად არ ღირს არც ერთი ბენეფიტი, რაც შეიძლება 17 მაისს მოჰყოლოდა. ეს იყო ცალსახად შეცდომა და შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. მე ასე ვაფასებ. ერთადერთი, რაც შეიძლება აქედან ხეირი ვნახოთ, ეს არის გამოცდილება, რომელიც უკვე არსებობს და საკუთარ ტყავზე, ამ ტრავმაში ვეძებოთ სიბრძნე. განა ის, რომ ტრავმირებულები არ ვართ. ზუსტადაც რომ – ვართ. და ეს რომ დავინახეთ, კარგად გავიაზრეთ – მაგიტომაც გამოვედით. ძალიან ცოცხალი ცოდნა გვაქვს, თავისი შეცდომებით, თავისი გადააზრებებით და ინტერპრეტაციებით. ამიტომ, ეს ყველაფერი არ უნდა გააუფასუროს იმან, რომ ეს იყო ტრავმა. მხოლოდ ის, ეს რომ ტრავმა იყო, ჩვენს გააზრებულ პოლიტიკურ პოზიციას ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. პირიქით. ეს „ჩვენ აქ ტრავმირებულები ვართ“ ნარატივი ძალიან ცუდ რამეებს მაგონებს. ცუდი ტონია ბოლოს და ბოლოს და უხეში უტაქტობა, მსუბუქად რომ ვთქვათ.

ე.წ.: თუ ადამიანი თავად არ აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა ან არასწორად მოიქცა, იქ ცვლილებაზე ვერ იქნება საუბარი. მე ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი 2013-ში, რომ მჯეროდა პოლიცია შეასრულებდა იმას, რასაც დაგვპირდა, ან ის, ორგანიზატორი დარჩებოდა გულისხმიერი – ვაღიარებ, რომ შეცდომა იყო. ამიტომ, შანსი არ არის, რომ რაღაც შეცდომა არ დაუშვა, რაღაცას თუ აკეთებ, მაგრამ უნდა დაინახო და გამოასწორო. თუ სხვას გადააბრალებ, არაფერი გამოგივა.

ნ.ხ.: 17 მაისის მერე გავაგრძელეთ სახლებში ცხოვრება. და ჩემი მეზობლები, უბნელები ხშირად მოდიოდნენ ჩემთან. მათ შორის ის ხალხიც, ვინც იქითა მხარეს მოიაზრება. სულ ღიაა ჩემი სახლის კარი და იკრიბებოდნენ ხოლმე ჩემი ჰომოფობი მეგობარი ბიჭები. კი, ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მეც იქ ვიყავი, ზოგი არ მესალმებოდა, ზოგი დედაჩემს არ ესალმებოდა. არ ვიცი, რას გრძნობდნენ, რცხვენოდათ? არ იცოდნენ, როგორ დამლაპარაკებოდნენ? დიდხანს არ ჩანდნენ. მახსოვს ცივი გაშეშება სამეზობლოში. მერე კოლექტიური მოსვლა სახლში. მერე ეს რაღაცა რაზბორკა, ჩხუბი, განეიტრალება და მერე შერიგება. იმის მერე მაგაზე არ გვილაპარაკია, ვითომ არ არსებობდა ის მომენტი.

მერე, ძალიან დიდხანს მეშინოდა ყვითელ ავტობუსში და მარშუტკაში ასვლა, ეკლესიებში შესვლა, სადაც ბევრი ხალხი იყო. არადა, არ ვარ ძალიან დისტანცირებული ჩვენი რელიგიური რიტუალებისგან. არ მაქვს ეს სრული უარყოფა და რაღაცებში ვმონაწილეობ ხოლმე. იმ დღის მერე, დიდხანს ვერ ვეკარებოდი. ძალიან დიდი ბრაზი მქონდა. მერე გავიაზრე, რომ ამ სივრცეებიდან ემოციურად გამომრიყეს. განა რუსთაველიდან გამაგდეს? ემოციურად იმ სოციალური, რელიგიური თუ რიტუალური პრაქტიკებიდანაც გამორიყული ვარ. ბრაზის გამო, მე თვითონ ვეღარ ვმონაწილეობ და საბოლოოდ, გამოდის, რომ თვითდისკრედიტაციას ვეწევი.

რელიგიური ატრიბუტიკაც ხომ აბსოლუტურად მიეწერა ფაშისტურ ჯგუფებს, მიეწერა ფუნდამენტალისტებს. კულტურული მემკვიდრეობა, ტაძრები, ფრესკები – ამ ყველაფერთან გაუცხოება თუ დამემართა, გამოდის, რომ ამ კულტურული ქსოვილიდან აბსოლუტურად ვირიყები. რატომ უნდა ვთქვა ამაზე უარი, ეს ხომ ყველას ეკუთვნის. ჩემს ემოციებზე მერე დავიწყე ფიქრი. ვერ შემიბიჯებია ვერც ერთ ეკლესიაში, მაშინ, როცა მინდა შესვლა.

გარეთ კრიტიკას ეს თვითკრიტიკაც დაემატა, იმის გააზრებაც დაიწყო, რომ ჩვენს შესაძლებლობებსაც ლიმიტი აქვს. ამ ლიმიტების დანახვა აუცილებელია. საკუთარ თავში მიზეზის ძებნა ძალიან კონსტრუქციული იყო – ეს გაძლევს შანსს, რომ შემდეგ ჯერზე, ამ ცოდნით შეიარაღდე.

კიდევ, ამ დროს, მაკურნებელია მადლიერების განცდა, რაც მეგობრების მიმართ მქონდა. იქ ხომ ძალიან სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ, ეს არასდროს დამავიწყდება. მარშუტკაში ერთმანეთზე გადაფარება ძალიან ამაღელვებელი იყო.

ე.წ.: დაახლოებით ოთხი თვე ვატრიალებდი თავში, ვერ ვპატიობდი თავს, რომ პირველივე კორდონთან ვერ მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, ჩამესვა ხუთი ადამიანი მაინც და გამეშვა სახლში!

მერე დიდი ხნის უნახავი კლასელები ვნახე. იმ მარშუტკიდან რომ ჩამოხვედი, დაგინახეთ, როგორ მოხვდი იქო, მეკითხებოდნენ. ეს მზრუნველობის კითხვები იყო. არადა, ძალიან რადიკალური და განსხვავებული მსოფლმხედველობის ტიპები არიან.

სასამართლოზეც, საერთოდ არ მქონია იმ ხუთი ბრალდებულის მიმართ აგრესია. პირიქით, ვაპროტესტებდი, ეს ხუთი აქ რატომ ზის-მეთქი. მხოლოდ მათი დასჯით ხომ არაფერი იცვლება, ვინც რეალურად იყო პასუხისმგებელი, ის იქ არ იყო.

მაშინ დავინახე, რაც არ უნდა გათვლა გქონდეს, შენ არ გაქვს იმხელა ძალაუფლება, რომ ბოლომდე მართო ეს პროცესი. ყოველთვის არის შანსი, პაიკად გამოგიყენონ. მაგრამ როგორც კი ვამბობთ იმას, რომ „გამოგვიყვანეს“, აგენტობას მთლიანად ვაცლით ყველას, ვინც იქ ვიყავით. შეურაცხმყოფელია ასე მსჯელობა. თუმცა, ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მოჩვენებითი აგენტობაა. ამ ტყუილის აღიარება უფრო ღირებულია. სწორედ ისაა აგენტობა, როცა ამბობ: მე გხედავ, ვხედავ ამ კონტექსტს, არ ვარ ილუზიაში, რომ პირველად საქართველოში, სწორედ მე ვატარებ პრაიდს. კი, არის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიცოცხლის თავისუფლებაც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია გადააზრება და ამ პროცესში ყველა მხარის ჩართვა. ერთმანეთს ამაშიც უნდა დავეხმაროთ, რადგან ამას მარტო ვერ გააკეთებ.

ფოტო გარეკანზე: კადრი "ინფო 9-ის" ვიდეოდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა