
ლექსები გულის მაღაროდან | ნესტან ნენე კვინიკაძე
პოეტის იძულებითი ემიგრაცია ლიტერატურის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ამ გამოცდილების ავტორთა ჩამონათვალი ვრცელია.
მეკალმის დევნილობამ შესაძლოა ზოგს სოლჟენიცინი, ზოგს ხუან რამონ ხიმენესი, ანდა, სულაც ზაზა ბურჭულაძე გაახსენოს. მაგრამ ნიქო გორგილაძის ისტორია სხვა ამბავია.
ნიქო გორგილაძე თინეიჯერობაში სტიქაროსანი იყო, თეოლოგიით დაინტერესებული, როგორც „რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში“ ამბობს, ის გულწრფელად ფიქრობდა, რომ მართლმადიდებლობას თანამედროვეობის მორგება შეუძლია და ამაზე მუშაობაა საჭიროო.
მოგვიანებით ამ ინტერესიდან დისტანცირდა.
ზღვისპირა ქალაქში დაბადებული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ყურადღების ცენტრში 2018 წლის 17 მაისს მოექცა. ის თბილისში, აქციაზე, სახელწოდებით „არა ჰომოფობიას“, თავდასხმის მსხვერპლი გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ნიქოს ბევრი უკვე იცნობდა; იცნობდა როგორც პერფორმერს, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით, ინდივიდუალური რეპერტუარით გამომწვევად, შეულამაზებლად, დაუნდობელი და შთამბეჭდავი იუმორით რეფლექსირებდა პროცესებზე. ზოგი იმასაც ეჭვობდა, რომ მასხარის როლის მიღმა იყო ტკივილი, რომელიც მის იმდროინდელ ლექსებში უკვე გამოკრთოდა. რეალურად კი, ეს უფრო რთული ყოფა იყო, ვიდრე აუდიტორია ხვდებოდა. გარემოებების სიმძიმიდან გამომდინარე, ნიქო გორგილაძემ საქართველო დატოვა.
დაძაბულობის ველში ნიჭიერი სიცილის და მისდამი არამარტივი დამოკიდებულების გამო, ეს ახალგაზრდა პოეტი ჩემთვის რაღაცით, იტალიელ დარიო ფოს ჰგავს.
ცხადია, სატირიკოსსა და სევდიან მასხარას, ფოს, საკუთარი მძიმე ისტორია აქვს: ხელისუფლებასთან პერმანენტულ კონფრონტაციაში მყოფს გამუდმებით უთვალთვალებდნენ. პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა მისი წარმოდგენებიც. „პოლიტიკური თეატრის“ მიმდევარს 47 სასამართლო პროცესი გაუმართეს; მოსტაცეს ცოლი... სწორედ ცოლთან, ფრანკა რამესთან, ერთად დაარსებული თეატრი იყო ის, რაც უყვარდა ხალხს და სძულდა ხელისუფლებას. დარიო ფო დაიცვა და ნაწილობრივ, გადაარჩინა ნობელის პრემიამ.
თითქოს არაფერია მსგავსი ფოს ბიოგრაფიასთან. რატომ მაინცდამაინც ის?
აქ დარჩენილ ნიქო გორგილაძეს რამდენად ასცდებოდა ჩასაფრება, თვალთვალი, სერიული თავდასხმები? იქნებ, არც სასამართლო დარბაზში ბრალდებულის სკამზე ჯდომა არიდებოდა, როგორც განსხვავებულს, როგორც პოეტს ან დარიოფოსეულ მასხარას.
„აქ მიპოვი“ ახალგაზრდა ავტორის სადებიუტო გამოცემაა.
როგორც პოეტი ზვიად რატიანი შენიშნავს კრებულზე თანდართულ სიტყვაში, ერთი შეხედვით, თითქოს ახალგაზრდა პოეტისგან არც სილაღეა გასაკვირი და არც, მით უმეტეს, სევდაო. მაგრამ როდესაც სევდასა და სილაღეს ერთ სალექსო ჭურჭელში მეტისმეტად ნიჭიერად აქცევს ახალგაზრდა პოეტი, ნიშნავს, მნიშვნელოვან შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
მტკივნეული მოძრაობით, ავტორი გულის მაღაროში მიგვიძღვის. სიმღერასავით თქმული ლექსი გაკრთობს, გაძრწუნებს და მძაფრ ზემოქმედებას ახდენს.
ხანგრძლივი მარტოობიდან მეზობელი ციცოს ფეისბუქ გვერდამდე; დრეზდენის ცივი დღეებიდან ბაბუას გათლილი ფორთოხლების მოგონებამდე; ლურჯ ავტობუსში და ზღვის ფსკერზე; სიყვარულისგან მომაკვდავი და ეჭვიანი, ის, ნაზიცაა და თამამიც, ხშირად დაუნდობელი...
ავტორი იესოს სიტყვებს იგონებს, ნაზარეველის სიზმრებს უსაფრდება, მამასთან დიალოგს იხსენებს, ხან ვისლავ შიმბორსკას წიგნით სახედაფარულია,ზოგჯერ კი სრულიად შიშველი.
ციტირებს: ითამაშე, მაგრამ ნუ თამაშობ!
სამშობლოსგან დისტანცირებული და იმავდროულად მის სულში გამომწყვდეული ნიქო გორგილაძე უაღრესად საინტერესო ექსპოზიციას წარმოადგენს. ასეთი პერსონალური ტერიტორიები სათანადოდ იშვიათადაა მონახულებული, შესაბამისად, ხშირად აღუწერელია.
წინასიტყვაობაში ზვიად რატიანი მიგვითითებს: ერთია, წერდე სიმართლეზე, მეორეა, წერდე სიმართლეს და კიდევ სხვაა, წერდე სიმართლეს სიმართლეზეო.
იქნებ უცნაურიც კია, წერდე სიმართლეს სიმართლეზე დროში, სადაც სიმულაცია არც ცუდია და არც დაუფასებელი, ის ყოველდღიურობის ნაწილია. ადამიანებს სხვების და საკუთარი თავების მოსატყუებლად პერსონალური სცენები აქვთ; სოციალურ ქსელებში ჩვენი ინტერიერები რეალურზე უფრო კეთილმოწყობილია, ჩვენი ნაკვთები გაცილებით ლამაზი, კისერი უფრო გრძელი და მკერდიც მაღალი. თითქოს, კოლექტიურ ცუდად ყოფნაში ხსნა ციფრულ სიმულაციაშია.
და ამ დროს ნიქო გორგილაძე გულის მაღაროში ჩადის. მარტო. იქნებ სათანადო ეკიპირების გარეშეც, ბჟუტავს ფანარი; ხილვადობა ჭირს და ვერ ხვდება, რა წამოიღოს. ამიტომ ყველაფერი მოაქვს! ყველაფერი ამოაქვს!
მას არ სჭირდება, დაესესხოს სხვის ამბავს, ისტორიას, ან მისთვის უცნობ გამოცდილებას. მას მოგონებების ვეებერთელა რეზერვუარი აქვს; რთული და მდიდარი სულიერი აღნაგობა; პერსონალური ჩანჩქერი. ამიტომ თამამად ხატავს საკუთარ ავტოპორტრეტს:
***
მე ყოველღამე ვეუბნები ჩემს თავს მშიშარას:
არ დაიჯერო ის, რაც გადაგხდა
არ დაიჯერო, რაც ახლა ხდება,
არ დაიჯერო, სიზმარია!
დაღამდა ისე,
ვერ ხედავ, როგორ დაბრუნდა სახლში
(კვლავ გვიან ღამით)
დაღლილი მამა –
მთვარის დარაჯი.
(საძინებელში ელოდება თავისი ზეცა...
თუმცა ვარსკვლავი არა ჩანს).
მსტუმრობს მძინარეს ბავშვობიდან
ჩემი ურჩხული –
წყალჩამოსული ჭერის სახება,
შპალერის არტი.
თან მოაქვს დედის საძინებლის ტკბილი სურნელი,
შინ დარჩენილი თოჯინის ხათრით.
სამი დღეა და სამი ღამეა
გაუჩერებლად მახველებს,
ყელზე მადგება, ვინც მაგინებდა, მცემდა, მწყევლიდა –
მღვდელი, ექიმი, პოლიციელი ანუ ახვარი,
და მე თუ ვერა,
შენ როგორ ვეღარ
ამომახველე შენი ყელიდან,
დედამიწავ,
როგორც ვეშაპმა იონა?
ჩემმა სამშობლომ ამომაფურთხა ძალზე იოლად.
შენც გამოგივა.
გთხოვ, დატრიალდი ერთხელაც კრულვით,
სხვა პლანეტაზე გადამისროლე,
სადაც იქნება, ვიცი, „ჩაკრულო“,
„QUEEN“ და ბოუი,
„Lიფე ონ Mარს“-ი.
მთელი ცხოვრება არის სიზმარი
და გაიღვიძებ ერთხელაც ისე,
ჰო, გაიღვიძებ ისე ძალიან,
ისე უეცრად გამოიღვიძებ,
ისე ერთბაშად,
რომ სამუდამოდ ჩაგეძინება…
ეს აღსარებაცაა და დატირებაც, შემოძახებაც, სინანულიც და სიხარულიც.
სტიქიასავით მოვარდნილი მოტივები გაშინებს, მაგრამ გჯერა ამ სისასტიკის და სინაზის ციმციმის. მოგწონს, რომ ვულგარული და დაუნდობელი პირდაპირობა ხან ხელში მოსრიალე ფაქიზ ქსოვილად იქცევა, ხან რქებივით ამოიზრდება ძველი, მძლავრი, დიდი და მართალი ტკივილიდან. ამოიზრდება ახალი ფორმით, სხვა საყელოდან, სხვა მზერიდან, სხვა დაკვირვებით.
და მკითხველს ისღა რჩება, რომ პატივი სცეს პოეტის თავგანწირვას, ასე ახლოს მივიდეს სიკვდილთან და უკან ცოცხალი დაბრუნდეს.
ცოცხალია ნიქო გორგილაძე ამ კრებულში. ცოცხალი და მართალი.
შორიდან იძახის, მაგრამ მის ხმას აუცილებლად გაიგებს დაღლილი და გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, შეშინებული და გაჯიუტებული, გაბრაზებული და ცეცხლის მომლოდინე მკითხველი.