გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლიტერატურული გვამის ორიგამი

ლიტერატურული გვამის ორიგ(ვ)ამი | ზურა ჯიშკარიანი


01. სამყარო პირდაპირ ეთერში გადის, სპონტნურობასა და თავისუფლებას დიდი რეიტინგები ეწერება, ოღონდ ისაა, რომ ამ ეთერს არავინ უყურებს. ტყუილად არ თქვა იმ სიფილისიანმა კაცმა, ღმერთი მოკვდაო. მარტონი დავრჩით სამყაროში. უდიდესი განწირული სილამაზეა.

იმდენად ზარმაცი ადამიანი ვარ, აღმოვაჩინე, რომ სუნთქვა მეზარება. ასე თუ გაგრძელდა, ერთხელაც შევწყვეტ ამ ბანალურ ევოლუციურ ზეიმს და აკვარელისფერ გვამად ვიქცევი. არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის, გვამად ყოფნა ადამიანის ოდითგანდელი ბუნებრივი მდგომარეობაა.  პროზექტურაში აღმოაჩენენ, რომ სხეული ვარ ორგანოების გარეშე, ჩემს შიგნით არაფერია – მხოლოდ სისასტიკის თეატრისა და კაპიტალისტური სურვილების მანქანის პროექციები: კოკა-კოლას რეკლამა, JPEG და GIF იმიჯები, ფრაზები ჰაიდეგერიდან, პროგრამული ენების დაუსრულებელი კოდები და ანას სიყვარული. კიდევ, წმინდა წყვდიადი და აპოფათეკური თეოლოგიის გლოსოლალია.

პანთეონში მე არ დამკრძალავენ, ვერც, სამწუხაროდ, სოხუმში, სადაც სიამოვნებით მოვკდებოდი.

სადაც უნდა იყოს ჩემი ლაჟვარდისფერი საფლავი, ვიცი, რომ ველური ბავშვები მოვლენ და დააწყობენ სამარეზე ყვავილებსა და დაშლილი კომპიუტერების სქემებს. 

მხოლოდ ასე შეიძლება იქცეს ჩემი გვამი იმად, რასაც ბატაი “საკრალურს” ეძახდა. ფიქრები სიკვდილზე ჩემთვის პირდაპირი ლინკია ლიტერატურასთან. ნარკოტიკებს სიკვდილის შიშის ჩასახშობად ვიღებდი; ლიტერატურას ამ ფინალური აქტის გააზრებისთვის ვწერ, რასაც, სხვათა შორის, სიცოცხლის სიყვარული მოაქვს. ამაზე ცოტა ქვემოთ.

02. დილის ყავას ვსმავ მეგობართან ერთად კაფეში და, ქალობრიობის უძველესი ტრადიციის მიხედვით, საუბრის გასახურებლად ამინდზე ვსაუბრობთ, ცოტა წვიმიანი გაზაფხულის ამინდია და უეცრად ვგრძნობ ამ საუბრის მთელ სისაზარლეს: გლობალური დათბობის, ანუ სახეობების მასობრივი გადაშენების ეპოქაში ამინდზე საუბარი ვეღარ იქნება დროის გასაყვანი საუბარი არაფერზე. ამინდზე საუბარი დღეს ონტოლოგიური საკითხების სფეროა, როგორც ერთი ავტორი იტყოდა: „ოტოლოგიური – პოლიტიკურია!”

თითქოს, ერთი მხრივ, სევდა მაწვება. თან ვიცი, რომ “სევდა ღრმა ადამიანების სიხარულია”, მეორე მხრივ, უმწეობა მოდის გაზავებული ზარზეიმთან, რომ ჩვენ ვიხოცებით, მაგრამ ვიხოცებით დელირიუმის სილამაზეში: კლუბებში არ წყდება ტექნო, სექსი გვაქვს ყველასთან და ყველგან, ტელევიზიები ისე გადმოსცემენ ცხოვრების ბანალურობას, ვითომც არაფერი, სახელმწიფოები, ვერგამოსულნი, მამრული ტერიტორიული ინსტინქტების კომპლექსებიდან ჭუჭუებს ატოლებენ ერთმანეთს და პარალელურად ჩვენ ვმეგობრობთ, გვიყვარს, ვაკეთებთ ვიდეოთამაშებს და ვქნით ლიტერატურას.

03. აი, მივედით ლიტერატურამდეც. ადამიანი ამბის მთხრობელი არსებაა, ჩვენ ოდითგანვე ვქმნით ნარატივებს და ვცოცხლობთ ნარატივებში.

საინტერესოა, რაზე უნდა წერდეს ავტორი მსოფლიო ომებისა და გლობალური დათბობის ფონზე? ავტორი კარგა ხანია, მოკლეს პოსტრუქტურალისტებმა, სადაც აღმნიშვნელი და აღნიშნული კარგავენ აზრს, სადაც ომია იდენტობებს შორის – ფიქსირებულია თუ არა ჩემი მე, თუ ის შეიძლება იყოს ფლუიდური და დენადი, ბოლო-ბოლო რაზე უნდა წერდე, როცა ბავშვებს ხოცავენ ბომბებით ჩვენგან არც თუ ისე შორს?

ერთი შეხედვით, ავტორი პარალიზებულია, მას არ შეუძლია სამყაროს მოხელთება და ახსნა, მისი გონება-ინტელექტი დაფრაგმანებულია, ისევე, როგორც მოვლენების რეპრეზენტაციები და სოცქსელები ჩვენს სამყაროში.

მე, როგორც მომავალ შიზოანალიზიტიკური გვამს (და გვამებს ისეთივე ონტოლოგიური სტატუსი გააჩნიათ სამყაროში, როგორც ცხოველს, კიბორგსა და პლანეტა იუპიტერს) მიმაჩნია, რომ დაფრაგმენტებულ, გახლეჩილ აპოკალიპტურ სამყაროში ავტორი, რომელმაც შივას აგრესიული მედიტაციებით, საკუთარი თავის ილუზორულობა უნდა აღიაროს, ადეკვატური იქნებოდა, წერდეს ტექსტს, რომელიც თავისსავე თავში უარყოფს ნათქვამს – არ არის დარწმუნებული იმაში, რაც თქვა; სტიკავა, მაგრამ თავს არ გვახვევს ამ ტკივილს, მხოლოდ მკრთალ ექოდ გაისმის მეტაფორებსა თუ სიუჟეტურ ხაზში; ინტუიციურად ვხვდებით, ეს უკანასკნელი კი არაფრით უნდა იყოს ერთი გრანდიოზული ნარატივი. ნარატივების რიზომაში აქცენტის გაკეთება ერთ რომელიმეზე დიდ სითავხედეს მოითხოვს. ის, როგორც მიხვდით, უფრო ჰგავს პოეზიის წერას, სადაც სტრიქონებში არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად ჩვენი პარანოიები და შიზოფრენიებია. გახლეჩილ სამყაროში შიზოფრენიული ტექსტია ყველაზე ბუნებრივი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს – გასაგები.


აგრამ როცა საქმე ეხება იმას, რომ ამოვთხაროთ ისტორია, დავტეხოთ შეხედულებები და მივაღწიოთ უმეხსიერებო საზღვრებს, როცა საჭიროა გავანადგუროთ საკუთარი მე”, არ არის საკმარისი, იყო დიდი მწერალი”; და გამოხატვის საშუალებები სამუდამოდ განწირულები არიან, იყონ არაადეკვატურები, სტილი იქცევა უსტილობად, ენა ათავისუფლებს უცხო უცხოელს იმისათვის, რომ მიაღწიოს ენის საზღვრებს, ზოგადად, და ასევე გახდეს რაღაც განსხვავებული მმწერლისაგან, გახდეს დამპყრობელი წყვეტალი ხილვებისა, რომლებიც გზას იკვლევენ პოეტის სიტყვებში, მხატვრის ფერებსა და მუსიკოსის ხმებში.

ჟილ დელიოზი კრიტიკა და კლინიკა”

ცოცხალი ავტორების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა