ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მაღალი და დაბალი (კულტურა)

განსაკუთრებული მადლობა ირმა ტაველიძეს

მარიო ვარგას ლიოსას ახალი რომანი "ფრთხილი გმირი" შარშან გამოიცა. შარშანვე გამოვიდა მისი ესეების კრებული "ჩანაწერები კულტურის სიკვდილზე". სწორედ კულტურის კრიზისს განვიხილავთ ახალი ტექნოლოგიებისა და ტელევიზიის ფონზე 79 წლის ნობელიანტ მწერალთან ინტერვიუში, რომელიც ხან სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, ხან მათ შორიდან აკრიტიკებს.

 ინდიგო: თქვენ ხშირად წერთ კულტურის კრიზისზე. ბოლო ესეისტური კრებულის წამყვანი ხაზიც ესაა. დასავლეთში მაღალი კულტურა კრიზისს განიცდის, და სხვა გარემოებებთან ერთად, ეს პროცესი გაუცხოებაზე, დისტანციაზე, გარიყულობაზე მიგვანიშნებს. როგორ გამოიყურება კულტურის კრიზისი თქვენთვის დღეს?

მარიო ვარგას ლიოსა: ეს მარტო განვითარებულ ქვეყნებში კი არა, ყველგან ხდება. ტრადიციული კულტურა იზღუდება, საზოგადოების დიდი ნაწილი ისეთ კულტურაზეა გადართული, რომელშიც წამყვანი ხაზი ვიზუალური ელემენტებია (ტელევიზიას და ინტერნეტს, ახალ აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიებს ვგულისხმობ). ეს გაუცხოებაა. უმცირესობა კვლავაც ხარობს კლასიკური გაგების კულტურით, სხვები კი გართობის კულტს ეთაყვანებიან. ეს უნივერსალური პროცესია. შეიცვლება თუ არა რამე, რა თქმა უნდა, ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ტრადიციული კულტურის გადარჩენას მოვინდომებთ, მაშინ განათლების სისტემა ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ. მე ტრადიციული კულტურის გადარჩენა მინდა, რადგან მისგან დატოვებული მემკვიდრეობა არა მხოლოდ მოდერნულობისთვისაა საჭირო, არამედ ცოდნისა და კრეატიულობის შინაგანი სტანდარტის შენარჩუნებისთვისაც. რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ამ ფასეულობების ავტომატურ გადარჩენას ნიშნავს, მაგრამ ამისთვის ბევრს არაფერს ვაკეთებთ. პირიქით, პოპკულტურის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას ყველანაირი აუდიო-ვიზუალური ინსტრუმენტით ვუწყობთ ხელს. ბევრი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ პოპკულტურა ტრადიციულზე გაცილებით უფრო დემოკრატიული მოვლენაა, ამიტომ ის სხვაგვარად უნდა დავაფასოთ. მე კი ვფიქრობ, არასწორია, რადგან კულტურა ქრება, კაცობრიობა კი ღარიბდება. მეტიც, ვფიქრობ, დემოკრატიაც უფრო იოლად დასამარცხებელი ხდება.

ინდიგო: თუმცა, მეორე მხრივ, ამ კულტურის ენა იმდენად უცხო და აროგანტულია მათთვის, რომ ფართო საზოგადოებასთან შეხების მომენტებს გამორიცხავს. მოაზროვნეთა ნაწილი ბოლო წლებში გახშირებულ ტერაქტებსაც ამ ფენომენს უკავშირებს. არის თუ არა კომუნიკაციის კრიზისი, როცა სამყაროს პროგრესულმა, განვითარებულმა ნაწილმა არ იცის რომელ ენაზე ელაპარაკოს დანარჩენებს?

მარიო ვარგას ლიოსა: დიახ, ნამდვილად არსებობს მეცნიერული ცოდნა, სპეციალიზებული ენა, რომელიც რიგითი ადამიანებისთვის გაუგებარია, მაგრამ ეს მეცნიერების განვითარების წინაპირობაა. მეორე მხრივ, კულტურა ცოდნაზე გაცილებით ფართო კონცეპტს მოიაზრებს. ცოდნაა ის, რაზეც განათლებულ ადამიანებს მიუწვდებათ ხელი. საუბედუროდ, ჩვენს დროში მომრავლდნენ აროგანტული, პრეტენზიული ადამიანები, რომლებიც ჟარგონს იყენებენ და ამ ჟარგონის არაფერი ესმით სხვებს. საშინლად ბუნდოვანი, ხელოვნურია ეს ენა და, რაც მთავარია, მას არ ამოძრავებს ახალი იდეები. უამრავი ადამიანი თავს კულტურისგან გამოძევებულად გრძნობს. ზუსტად ეს მოხდა საფრანგეთში, როცა დეკონსტრუქცია, ახალი ნარატივი, ნარატოლოგია შემოვიდა მოდაში. მე არ ვამტკიცებ, რომ სწორედ ასეთი ჟარგონი ინახავს კულტურას. რა თქმა უნდა, დიდი ხელოვნება და ლიტერატურა გარკვეულ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, სიამოვნება რომ მიანიჭოს ადამიანს, მაგრამ ეს ჟარგონი, ამ დიდი და ფასეული ხელოვნების მხოლოდ მანკიერი წანაზარდია. მჯერა, რომ ზოგიერთი არტისტი გაუაზრებლად იყენებს ამ ეზოთერულ ენას, რომელიც ახალ იდეებსა და ფასეულობებს კი არ გადმოსცემს, არამედ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის რიგით ადამიანებს ხელოვნებისა და კულტურის გასაშიფრად. ასეთი ხელოვნური ბარიერების მიმართ კრიტიკა არ უნდა დავიშუროთ. საერთოდ, თავად კრიტიკა გახდა მარგინალური, აღარ გვყავს კარგი კრიტიკოსები და კრიტიკის დეფიციტია სწორედ ერთი-ერთი მთავარი მიზეზი, თანამედროვე კულტურაში ფასეულისა და უფასურის გარჩევა რომ ვერ ხდება.

ინდიგო: რა არის ის იდეები, რომლებიც აღგაფრთოვანებთ ბოლო დროს?

მარიო ვარგას ლიოსა: ალბერ კამიუ თავის ესეებში ამტკიცებდა, რომ არასდროს უნდა გამოგვრჩეს მორალური ასპექტი კულტურული ნიმუშების მიღების, მოწონების ან უარყოფისას. ეს მორალური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისევ მორალური, არამედ არტისტული და სოციალური თვალსაზრისითაც. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციულ ხელოვნებაში. ის არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება დასავლური ცივილიზაციის მთავარ მონაპოვარს – ადამიანურ თავისუფლებას. რა არის თავისუფლება – მრავალფეროვნებისთვის თვალის გასწორება, ესთეტიკური პოლიტიკური ფასეულობები და იდეები – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თან ისიც უნდა გვახსოვდეს, თუ რა არის ცუდი და კარგი, რა არის ლამაზი და უშნო, რადგან ეს ცნებები ძალიან დამაბნეველი ხდება თანამედროვე ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ამიტომ გარკვეული კატეგორიების ხელახლა შემოტანა აუცილებელია თანამედროვე ესთეტიკური და ლიტერატურული ნიმუშების განსასჯელად. ეს ისაა, რასაც დღითი დღე ვკარგავთ და რის გამოც ესთეტიკური ფასეულობების დადგენა გვიჭირს.

ინდიგო: პოლიტიკა გაუნელებელი ინტერესია თქვენთვის. თან იკვლევთ, აკვირდებით და მასზე წერთ, თან უშუალოდ მონაწილეობდით პოლიტიკურ პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას ვგულისხმობ. მაშინ რა გამოძრავებდათ?

მარიო ვარგას ლიოსა: ეს იყო ძალიან გრძელი და დამღლელი სამწლიანი კამპანია, რომელიც 1997 წელს დაიწყო. დრო, როცა პოპულიზმს ჰქონდა წალეკილი მთელი ლათინური ამერიკა და, მათ შორის – პერუ. ეკონომიკა ნადგურდებოდა, დემოკრატია ვერ ვითარდებოდა. ჩვენ ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის გათანამედროვება გვინდოდა – ლიბერალური იდეების დანერგვა, ინსტიტუციების გარდაქმნა, ორიენტაციის სრული შეცვლა, სახელმწიფო აპარატის შემცირება, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის გადაცემა, რასაც სახელმწიფო აკეთებდა. მართალია, არჩევნებში დავმარცხდი, მაგრამ ეს იდეები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაინც ამოქმედდა პერუში.

ინდიგო: პოლიტიკური პროცესები თქვენი მხატვრული და ესეისტური ნაშრომის მთავარი ხაზია ხშირად. ვინ არის თქვენთვის მწერალი – შეიძლება ის ინსაიდერი იყოს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში?

მარიო ვარგას ლიოსა: მთავარი თავისუფლებაა. როცა თავისუფლებაა, ბევრი მიმართულებაცაა, ესთეტიკური, ფსიქოლოგიური. მწერლებმა უნდა სცადონ, მისწვდნენ ფართო პუბლიკას, რაც შეიძლება მეტ მკითხველს, მათთვის გასაგები ენის გამოყენებით. ეს აუცილებელია ლიტერატურის გადასარჩენად. ახალი თაობის განათლებაა საჭირო, მათთვის იმის დანახება, თუ რისთვის არის ლიტერატურა აუცილებელი. ის აუცილებელია არა მარტო იმ ცოდნის გამო, რაც ლიტერატურაში დაგროვდა, არამედ იმიტომაც, რომ ლიტერატურა გართობის საუკეთესო საშუალებაცაა, თუ ინტელექტუალურ ძალისხმევას დახარჯავ და წაიკითხავ. ესაა დიდი გამოწვევა, რომელიც კარგ ლიტერატურას უდგას. ლიტერატურის გადარჩენა მკითხველს შეუძლია.

იდეოლოგიურ ან ესთეტიკურ ორიენტაციას მწერალს ვერავინ მოსთხოვს. შემოქმედების ფუნდამენტი თავისუფლებაა. ცხადია, მომწონს, როცა მწერალი სამოქალაქო საქმეებში ერთვება. კარგია, თუკი მონაწილეობს პოლიტიკური ენის შექმნაში, ენის, რომელიც უფრო გამჭვირვალე იქნება და აღმოფხვრის გაცვეთილ დევიზებსა და კლიშეებს, წინა პლანზე წამოსწევს იდეებსა და ცოდნას. მაგრამ ასევე მგონია, რომ დიდმა ლიტერატურამ ესთეტიკურზე მეტი მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ის თავისუფლების დამცველი უნდა იყოს; უნდა იყოს საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ფენას შორის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის. მან უნდა გახსნას საზღვრები, ჩაახედოს მკითხველი კლიშეებს მიღმა, თორემ ძალიან პროვინციული ხდება კულტურა.

ინდიგო: შემოქმედების რომელ ეტაპზე იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეზია?

მარიო ვარგას ლიოსა: პოეზია ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. ისაა ლიტერატურული ჟანრების დედოფალი. თავიდან ყველას სურს, პოეტი იყოს. ბორხესი ამბობდა, რომ პოეზიაში მხოლოდ სრულყოფილებაა მისაღები, თუ არ ხარ სრულყოფილი, თუ არ ხარ გენიალური, ჯობს საერთოდ ჩამოშორდე პოეზიას. ამიტომაც, ახალგაზრდობის წლებში კი დავიწყე პოეზიის წერა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ პოეტი ვერასდროს ვიქნები. თუმცა, ჩემს რომანებსა და ესეებს სწორედ პოეზია რწყავს და ანოყიერებს.

ინდიგო: რომელ ახალ ავტორს დაასახელებთ, რომლის წიგნის გამოსვლასაც სულმოუთქმელად ელოდებით ხოლმე?

მარიო ვარგას ლიოსა: იტალიელი კლაუდიო მაგრისი მომწონს, რადგან საუკეთესო კლასიკურ ტრადიციებს ეფუძნება, მაგრამ თან თანამედროვე მწერალია. გერმანული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩევა, თან ძალიან ორიგინალურად წერს იტალიაზე, ესეისტიცაა და თვითგამოხატვის უამრავ სხვა მეთოდს იყენებს. მისი ლიტერატურა თან ტრადიციულია, თან ოსტატურად იყენებს წერის სხვადასხვა ტექნიკას და ენას.

ინდიგო: კრიტიკის მნიშვნელობაც ახსენეთ. თავად თუ გახსენდებათ კრიტიკოსი, რომლის მოსაზრებამაც ბევრი რამ შეცვალა თქვენს ხედვაში.

მარიო ვარგას ლიოსა: რა თქმა უნდა, მათგან ცხოვრების ყოველ ეტაპზე ბევრ რამეს ვსწავლობდი და ვსწავლობ ახლაც. კრიტიკის ფუნქცია გადამწყვეტია არა მხოლოდ ლიტერატურაში, ზოგადად კულტურაში და, ცხადია, პოლიტიკაში. როცა კრიტიკა ქრება, დემოკრატიაც ქრება.

როცა ლონდონში ვცხოვრობდი, ხშირად ველოდებოდი ხოლმე სირილ კონოლის რეცენზიებს, იყო ასევე ჯორჯ შტაინერი, რომელიც კრიტიკას „ნიუ იორკერში“ წერდა ხან წიგნზე, ხან ფაქტზე, ხან გამოფენაზე, ხანაც იდეაზე. მკითხველი მის ნაწერებში ცნობდა საკუთარ თავს, განწყობას, ადგილს ამ მოვლენებში. ესპანეთში გვყავდა ორტეგა ი გასეტი. ი გასეტის წიგნების 90 პროცენტი ჯერ საგაზეთო სტატიებად ქვეყნდებოდა. და მისი ტექსტების წაკითხვა დღემდე საინტერესოა, რადგან ისინი საუკეთესოდ ასახავს ეპოქას, რომელშიც თავად ცხოვრობდა.

ინდიგო: ახლა ოპტიმიზმზე მინდა გკითხოთ. ამბობენ, რომ როცა წლები გადის, როცა მდიდარი გამოცდილება გროვდება, ზოგჯერ ოპტიმიზმს პესიმიზმი ანაცვლებს. შეიცვალა თქვენი ხედვა?

მარიო ვარგას ლიოსა: რთულია იყო ოპტიმისტი, როცა ტერორიზმის ახალ ტალღას უყურებ, როცა ამდენ ფანატიკოსს აკვირდები და ხედავ, რომ მათ შეუძლიათ გამანადგურებელი იარაღი შექმნან, რასაც მილიონობით ადამიანის მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, ისიც სიმართლეა, რომ პროგრესიც გვაქვს – არასდროს არ ჰქონია ამდენ ადამიანს ნოყიერად ჭამის, კარგი განათლების და თვითრეალიზაციის იმხელა საშუალება, რამდენიც დღეს აქვს. მაგრამ ვიტყოდი, რომ პესიმიზმი ყოველთვის უნდა გავანელოთ ოპტიმიზმით, ოპტიმიზმი კი ყოველთვის შევზღუდოთ გარკვეული პესიმიზმით იმ ყველაფრის გამო, რაც სამყაროში ხდება.

ინდიგო: და ამ სამყაროში ცხოვრობს თქვენი ბოლო რომანის გმირი. ვინ არის თანამედროვე გმირი, როგორია მისი გარემო?

მარიო ვარგას ლიოსა: ახალ წიგნში გარკვეული მოქმედებები პერუს დედაქალაქში, ლიმაში ხდება, თუმცა ძირითადად სიუჟეტი პერუს ჩრდილოეთით მდებარე სხვა ქალაქში, პიურაში ვითარდება, სადაც კარგად ჩანს მიმდინარე პროგრესი; ჩანს როგორ გადავარჩინეთ დემოკრატია, როგორ მივაღწიეთ სტაბილურობას, როგორ განვითარდა საშუალო კლასი, შემცირდა სიღარიბე და, ამავე დროს, თავი იჩინა ახალმა პრობლემებმა, ნარკომანიის პრობლემამ, კრიმინალმა, გატაცებებმა და ძალადობამ – ძალადობა, აი, პრობლემა, რომელიც ვერ გადავჭერით. და ამ რომანის გმირი გმირია არა ეპიკური გაგებით, არამედ უფრო სამოქალაქო მნიშვნელობით. ის სიტყვაძუნწი და შეფარულია, ცდილობს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ისაა გმირი, რომელიც შეიძლება მასაში ვერც კი ამოიცნო, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს და იბრძვის.