მე დაჩაგრულების მხარეს ვარ | ინტერვიუ ეკა ქევანიშვილთან
ეკა, მინდა ინტერვიუ თანამედროვე ქართულ პოეზიაზე საუბრით დავიწყოთ. რა ტენდენციებია ამჟამად ქართულ პოეზიაში?
შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ რადგან ჩართული ვარ ამ პროცესში და ამავე დროს გაცილებით უკეთესი მკითხველი ვარ, ვიდრე ავტორი, ვფიქრობ, რომ ქართული ლიტერატურა პოეზიის მხრივ ამჟამად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე პროზის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ავტორები გვყავდა, მაგრამ ბოლო თხუთმეტი-ოცი წლის განმავლობაში, გამოჩნდნენ პოეტები, რომელთა მეშვეობითაც ქართულ პოეზიაში რაღაც სიახლე შემოვიდა, თითქოს ახალმა ნიავმა დაუბერა, ახალი სიტყვაც გაჩნდა და 90-იანი წლებიდან დღემდე, ერთი დიდი პოეტური ეპოქა შეიქმნა. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა, მგონია, რომ ახლა მიქცევის ეტაპი გვაქვს, თითქოს რაღაც შეჩერდა. ახალი ავტორები უნდა გამოჩნდენ. 90-იანების პოეტებმა და მოგვიანებით ჩვენ, 2000-იანი წლების თაობამ ჩვენი სათქმელი ვთქვით, შესაქმნელი შევქმენით. ახლა ცოტა მდორე ვითარებაა, ვიდრე ახალი ავტორები გამოჩნდებიან. მოლოდინის განცდა მაქვს. ველოდები ვინ იტყვის რაღაც ახალს და ამ სიახლეში, პირველ რიგში, ფორმას ვგულისხმობ.
როგორია მკითხველის დამოკიდებულება და რამდენად შესაძლებელია, რომ იგი უფრო მეტად დაინტერესდეს პოეზიით?
პოეზია ყოველთვის უმცირესობის საკითხავი ლიტერატურა იყო. ფუფუნებასავითაა. ერთგვარი დელიკატესია, რომელიც ყველას არ უყვარს, მაგრამ მაინც ძვირად ფასობს და ცხადია, ამ შემთხვევაში კარგ და ხარისხიან პოეზიაზე ვსაუბრობ.
თავიდან, როცა დამწყები ავტორი ვიყავი, ვდარდობდი, რომ პოეზია პოპულარული არ იყო, რომ კრებულები ბესტსელერები არ ხდებოდნენ. მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი: რა თქმა უნდა, იბადებიან ძალიან კარგი პოეტები, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი სახელები ხდებიან, მაგრამ ისინიც კი არ არიან ყოველდღიურად საკითხავი ავტორები. ამიტომ, მოგვიანებით ეს დარდი შემიმცირდა. დღეს ვიცი, რომ პოეზიას ყოველთვის ეყოლება თავისი მკითხველი, თუმცა პოეტური კრებული, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერასდროს იქცევა ბესტსელერად.
მინდა თქვენს ახალ პოეტურ კრებულზე გკითხოთ: „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“. კრებულის ერთ-ერთ ლექსში აღნიშნავთ, რომ პოეზიის მოყვარულები წლების შემდეგ მოქალაქე პოეტად გაღიარებენ. რას ნიშნავს იყო მოქალაქე პოეტი და რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების თარგმნა პოეზიის ენაზე?
რაც დრო გადის, პოეზიის ენა მით უფრო სახალხო ხდება და თავისუფლდება იმ ყველაფრისგან, რასაც ამაღლებულს, სულიერ საზრდოს ვუწოდებდით. ეს შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლამ მოიტანა ან აჩქარებულმა ტემპმა.
მოქალაქე პოეტი, ალბათ, ნიშნავს იმას, რომ სუბიექტურად ის ყველაფერი, რაზეც ვწერ, მეც მეხება. რეაქციების ავტორი ვარ. ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი არა უბრალოდ გამოგონილით, არა პირად გრძნობებსა და ემოციებზე დაყრდნობით, არამედ ჩემს გარეთ მომხდარ ამბებზე, მიმდინარე მოვლენებზე. „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ მყისიერი რეაქციით გამოწვეული ლექსების კრებულია. ჩვენ ირგვლივ ხდება ამბები, რომლებიც თანაბრად გვეხება ყველას; ამბები, რომლებიც მთელ ქვეყანას აწუხებს. შეუძლებელია იყო ამ ქვეყნის მოქალაქე, იყო პოეტი და მათზე არ საუბრობდე. ესაა პოზიცია, რომელიც მგონია რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს – მას, ვისაც რაღაცის შეცვლა უნდა, ვისაც სახელმწიფო აღელვებს.
კრებულში შესულია ლექსი „ზღარბი ამბები“, რომელშიც წერთ, რომ ამბები ზღარბებივით ისუსხებიან, მაგრამ მაინც გინდათ ისინი სხვებსაც მოუყვეთ, რათა მათი გადარჩენა შეძლოთ. პოეზიის მიზანი, თქვენთვის, სხვების გადარჩენაა?
ეს კონკრეტული ლექსი ძალიან კონკრეტულ, კერძო შემთხვევაზე იყო. ასეთი ამბები, გუდაში გამოკრული, ძალიან ბევრი გვაქვს. შეიძლება წლები გავიდეს და ვერავის მოვუყვეთ, ვერავის გავუზიაროთ და ვერ დავწეროთ. არის რაღაც, რისი ამოთქმისაც გეშინია.
რაც შეეხება მიზანსა და ფუნქციას, არაერთხელ მითქვამს, რომ ვცდილობ ვწერო და გამოვხატო ის, რაც ძალიან ბევრს აწუხებს, რაც ძალიან ბევრის სათქმელია. მაგალითად, ვწერო ქალების გამოცდილებებზე, პრობლემებზე. თან თითქოს გაორებული გრძნობა მაქვს. იქნებ ჩემს ამბებს ვწერ და ეს ამბები იმდენად ჰგავს სხვებისას, რომ ყველას სათქმელი მგონია. არ მინდა ჩემს პოეზიას რაიმე მისია დავაკისრო. ვერიდები ამგვარ ხმამაღალ განცხადებებს. უბრალოდ, ასე გამოდის, ჩვენ ყველას გვაქვს საერთო დარდები.
და რა არის ის საერთო გამოცდილებები და პრობლემები, თუნდაც ქალების ყოველდღიურობასთან დაკავშირებული, რომლებზეც კრებულში საუბრობთ?
ეს პირველ რიგში უდროობაა. გარდა იმ პასუხისმგებლობებისა და მოვალეობებისა, რომლებიც ყოველდღიურად ეკისრებათ ადამიანებს, ქალებს ორჯერ მეტი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები უჩნდებათ. ქალების სამსახური არასდროს არ სრულდება სამსახურიდან გამოსვლით. პირიქით, ამ დროს მეორე სამსახური იწყება. რა მოხდა, რომ თეფშებია სარეცხი, რა მოხდა, რომ სარეცხია გასაფენი, რა მოხდა, რომ საჭმელია გასაკეთებელი, რა მოხდა, რომ შვილია, რა მოხდა, რომ ქმარია... საბოლოო ჯამში ის მოხდა, რომ საკუთარი ოთახი დავკარგეთ; საკუთარი სივრცე აღარ გვაქვს. თავისუფალი ერთი საათი აღარსად არსებობს. რაც არ უნდა თანასწორუფლებიან ოჯახში ცხოვრობდე და როგორი ფემინისტი მეორე ნახევარიც არ უნდა გყავდეს, ეს საქმე ყოველთვის, რაღაცნაირად, არაპროპორციულად ნაწილდება. სწორედ ამ დარდზეა კრებულის ბოლო ლექსიც. უდროობის დარდზე. თავისუფალი სივრცის შემცირების დარდზე. და ეს დარდი ორმაგდება, როცა რაღაცას წერ და ვერ წერ; როცა სათქმელისგან ვერ თავისუფლდები.
კრებულის ერთ-ერთ ლექსში – „დედა ჩამოვიდა“ – წერთ, რომ შეგიძლიათ მოყვეთ ნებისმიერი ამბავი, რაც პოპულარული იქნება, თუმცა, ამის ნაცვლად გირჩევნიათ წეროთ „გაიშვიათებულ ამბებზე“ ან ამბებზე, რომლებიც რესტორნებთან მათხოვრებივით დგანან და გელოდებიან. რა ამბებს მოგვითხრობს კრებული და ვისზეა ისინი?
მე მგონი, ის ავტორი ვარ, რომელიც წერს ყველაფერზე, ასანთის კოლოფიდან დაწყებული გლობალურ მოვლენებამდე. ასეთ ავტორად ჩამოვყალიბდი. სხვათა შორის, როცა წერას ვიწყებდი, ერთ-ერთი პირველი, ცოცხალი და ცნობილი პოეტი, ვისაც შევხვდი და დავუმეგობრდი, შოთა იათაშვილი იყო. შოთას ყველაფერზე შეეძლო ეწერა და თავიდან მეც მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი. უსულო საგნების გაცოცხლებით დავიწყე წერა. მაგრამ მოგვიანებით, უსულო საგნებზე წერა იმდენად გაფართოვდა, რომ სირიაში მომხდარ მოვლენებამდეც კი მივედი. ჩემი ამბები ადამიანებზე, მოვლენებზე, პროტესტზე, ნივთებზე, გრძნობებზეა.
მაგრამ, როგორც ამბობთ, ლამაზი ლექსის დაწერა გინდათ და სწორედ ამგვარი ამბების გამო არ გამოგდით.
კი, შეიძლება იმიტომ, რომ მართლა თავს დამჩხავიან საცოდავი, უპატრონო, დაჩაგრული ამბები. და თუ სასწორზე დავდებ, ერთი მხრივ განათებულ, ბრჭყვიალა ამბებს, მეორე მხრივ კი იმას, რაც ჭუჭყიანია და რისი დანახვაც ძალიან არ გვინდა, არჩევანს უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთებ. მე მიყვარს, როცა მკითხველში დისკომფორტს ვიწვევ; როცა მკითხველი მეჩხუბება და მკარნახობს, რომ ვწერო ჩიტებზე, სიყვარულზე, ვწერო ლამაზად... მე კიდევ დაჩაგრულების მხარეს ვარ, ხმამაღლა სათქმელი ამბების მხარეს. არაპოპულარული სათქმელების პოეტი ვარ.
ძალიან საინტერესოა თავად კრებულის სათაური: „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“. სიღარიბე ამ შემთხვევაში მხოლოდ მატერიალურ მხარეს გულისხმობს თუ ემოციურ სიღარიბესაც?
არა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გაჭირვებული ქვეყნის ადამიანებზე ვწერდი. და ეს გაჭირვებული ქვეყანა, წლების განმავლობაში არ იცვლება, ასეთივედ რჩება. ერთი ლექსი მაქვს მეტროზე დაწერილი და ამ ლექსში უმომავლო, უიმედო, ძალაგამოცლილი, ნიჰილისტი ადამიანების ამბავია მოთხრობილი. იმ კონკრეტულ მომენტში, როცა მეტროთი ვმგზავრობდი და მერე ლექსს ვწერდი, მე ამ ვითარების და ადამიანების ნაწილი ვიყავი და საშინლად ვბრაზობდი საკუთარ თავზე. ხშირად მგზავრობისას გვიფიქრია, რატომ წამოვედი მეტროთი, ავტობუსით და არა ტაქსით, რადგან აქ ყველაზე უკეთ ჩანს ღარიბი ადამიანების დარდები და პრობლემები, მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული სცენები. მაგრამ თან ხვდები, რომ შენ მათი ცხოვრებისა და ამ ქვეყნის ნაწილი ხარ და ამას ვერსად გაექცევი.
გაჭირვებული ქვეყანა ახსენეთ, იგივე უბედური ქვეყანა, რომელსაც კრებულში არაერთხელ უბრუნდებით, მაგალითად ლექსში „პარლამენტმა სიკვდილი ცნობად მიიღო“. რა არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება?
არცვლილება.
ლექსებშიც ეს მუდმივად იგრძნობა. მაქვს რამდენიმე „არ“-სუფიქსიანი ლექსიც. ის კონკრეტული ლექსი კი, რომელიც ახსენეთ, ჩემი პირადი გამოცდილების შედეგია. ოცი წელია რეპორტიორი ვარ და და ოცი წელია ვაშუქებ ამბავს, როგორ დაწერს სახალხო დამცველი ანგარიშს იმაზე, თუ რა უბედურია ეს ქვეყანა, მერე როგორ გაიგზავნება ეს ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში და იქ არაფერი არ მოხდება. სხედან ადამიანები და უბრალოდ ისმენენ. მერე მიდიან და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ. ჩვენი ყველაზე დიდი უბედურებაც ესაა: არცვლილება, არგაზრდა, ბევრი „არ“ დაგროვდა ჩვენს რეალობაში. ამიტომ, უნდა ვწერო. მაინც მჯერა რომ თუ წვეთი ქვას ხვრეტს.
როგორ ხვდებით, რომ ლექსი დასრულებულია?
იცით, ამგვარი რეცეპტი მგონი არ მაქვს. ძალიან მოუწესრიგებლი ავტორი ვარ. არ ყოფილა შემთხვევა, ლექსის წერა დამეწყო, მერე სადმე უჯრაში გამომეკეტა და თავიდან მივბრუნებოდი. სხვათა შორის უთქვამთ, რომ ჩემი ლექსების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნიშანი მათი ფინალია. ხშირად ხდება ხოლმე, ფინალური ფრაზა მაქვს, ლექსის დასასრული ვიცი, ამიტომ წერას თითქოს ბოლოდან ვიწყებ. ამას გარდა სათაურების შენახვაც მახასიათებს. და რადგან ვიცი ფინალი, ლექსის დასრულების მომენტსაც ყოველთვის შინაგანად ვგრძნობ.
როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს და რამდენად ხშირად მიმართავთ პოეტურ ექსპერიმენტებს?
ექსპერიმენტებს საერთოდ არ მივმართავ ხოლმე. პროფესიონალურად, ისიც კი არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ლექსთწყობა. ამიტომ ვამბობ, რომ სპონტანური, მოუწესრიგებელი, ძალიან არააკურატული ავტორი ვარ. უბრალოდ, რაღაც აზრები, რაც მომდის, პოეზიად იქცევა. ლექსებიც ამგვარი გამოდის – დოკუმენტური პროზისა და პოეზიის ნაზავი. ისე ვწერ, როგორც გამომდის.
როგორი მკითხველისთვისაა განკუთვნილი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“?
მათთვის, ვისაც ცოტა იმედი აქვს დარჩენილი; მათთვის, ვინც რაღაც ხელმოსაჭიდს ეძებს; შეიძლება მათთვისაცაა, ვინც გაბრაზდა და რაღაცის თქმა ვერ გაბედა. ეს არაა გასაბედნიერებელი კრებული და ეს არაა პოეზია, რომელსაც ერთ მშვენიერ მზიან დღეს გადმოიღებთ, წაიკითხავთ და კარგ ხასიათზე დადგებით. ცოტა სევდიანი და მწარე, ბასრი სიმართლეების კრებულია. ასეთი სიმართლეების აღიარების გარეშე კი ძალიან გაგვიჭირდება ცვლილება.
ესაუბრა ქეთი გახოკია