ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეორე ხანძარი | მანანა ხაჭაპურიძე, ცხინვალი

მანანა ხაჭაპურიძე, 60 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992 და 2008 წლები

ჩვენთან ომი 23 ნოემბერს დაიწყო, 1989 წელს. აქ მიტინგის ჩატარება უნდოდათ, სოფლებში იმდენი ხალხი ჩამოვიდა, ბევრი იყო სვანეთიდან. მე მაშინ ქურთაში ვიყავი. წითელი იკარუსებით მოდიოდნენ, მუქი ღვინისფერი დროშებით, შავ-თეთრი ზოლები რომ ჰქონდა კუთხეში. ზევით-ქვევით დაქროდნენ გზაზე. ჩვენ სახლთან რო კლუბი იყო, იქ ცხოვრობდნენ. მანდვე ჰქონდათ შტაბიც. მილიციის ფორმებში რომ დადიოდნენ, ცოტა დავმშვიდდი. რახან მილიციონერები არიან, არაფერს არ დაგვიშავებენ-მეთქი. მილიცია კი არა, არაფორმალები ყოფილან. ჩვენს გარშემო ოსები ცხოვრობდნენ, თედეევები. ჭა იყო ჩვენთან და ეს არაფორმალები წყალს ჩვენგან ეზიდებოდნენ. მალე გაირკვა რო თურმე მილიცია კი არა, ყოფილი პატიმრები არიან. 

ქურთაში მშობლებთან ვიყავი ჩამოსული, ბავშვებთან ერთად, ისე ცხინვალში ვცხოვრობდით. ჩემი დისშვილებიც იქ იყვნენ. ბავშვებს ისე ეშინოდათ ამ არაფორმალების, გოგო მეკითხება ერთხელ: რა ვუთხრათ, რომ გვკითხონ რა გვარის ხარო? გვეშინოდა იმიტომ, რომ იძაბებოდა სიტუაცია.

ქართველები ნათლობებში და ქორწილებში აღარ გვეპატიჟებოდნენ. იქამდე მშვიდად ვცხოვრობდით.

მერე სულ ალან ჩოჩიევებს გვეძახოდნენ (ადამონ ნიხასელი ალან ჩოჩიევის გამო).

გზაზე სატვირთო მანქანებით რო მიჰქონდათ ტვირთი, გააჩერებდნენ, ოსებს დააკავებდნენ, ტვირთს წაართმევდნენ. ერთი ჩემი თვალითაც ვნახე, ნაცემი, ორი ხელით გადაათრიეს ქუჩის გადაღმა შტაბში. დღესაც არ ვიცი რა უქნეს, ვინ იყო საერთოდ. მამაჩემი ამბობდა, სხვებიც იყვნენო.

ჩემ დისშვილებს მამამისმა ჩამოაკითხა, ცხინვალიდან. ჩემი და არ უშვებდა, საშიშიაო, მაგრამ ჩემმა სიძემ, ხელი ვინ უნდა მახლოს, იქ ყველა მიცნობსო! ფეხით მოდიოდა თურმე და თამარაშენში ნაცნობები დავინახეო, მივესალმეო. თამაზი კარგად ლაპარაკობდა ქართულად, იქამდე თბილისში ცხოვრობდა. ისინიც მიესალმნენ, მაგრამ მეტი არაფერი მითხრესო. თამაზს კიდევ ერთი ოსი დაემგზავრა, მასაც საქმე ჰქონია იქით. აჩაბეთს მიუახლოვდნენ თუ არა, გზაზე ვიღაც უცხოები გამოსულან, იქაურებს არ ჰგავდნენო. დაიჭირეს ორივე, ჩაყარეს მანქანაში და კეხვის შტაბში წაიყვანეს. იქ მაგრად სცემეს. თამაზს ავტომატის კონდახით მთელი კბილები ჩაულეწეს. მერე გვეუბნებოდა, იქ ერთი ნაცნობისთვისაც კი არ მომიკრავს თვალიო. ღამე სინათლე წასულა და ამან დრო იხელთა, გამოიქცა. სარწყავ არხს აუყვა ზემოთ, გზის პარალელურად წავიდა. დაედევნენ, მაგრამ წყალში ჩაყვინთა, ეგრე დაემალა. მერე ისევ არხის გასწვრივ იარა ცხინვალამდე. თქვენთანაც მოვედიო, გვიყვებოდა, მაგრამ იქვე არაფორმალების შტაბი რომ იყო შეეშინდა, იმ ღამეში, არ შევემჩნიე ვინმეს და თქვენთვისაც შარი არ მომეტანაო. ისევ სარწყავ არხს ავუყევი და ცხინვალამდე ეგრე ვიარეო. კაი ხანს საავადმყოფოში იწვა თამაზი. 

მე გვიან ჩავედი ცხინვალში, ბავშვები და დისშვილები ჩავიყვანე. მერეღა დაწვეს ჩემი მშობლების სახლი. მამაჩემი ქართველი იყო, დედა მყავდა ოსი და სოფელში ოსებს გვეძახდნენ. მე და ჩემი და ცხინვალის სკოლაში ვსწავლობდით, დედ-მამა უფრო სოფელში იყვნენ ხოლმე. ერთი პატარა ქოხი გვედგა, მაგრამ მშობლებს იქ ერჩივნათ. მთელი საქონელი გარეკეს, ღორები, ძროხები, ყველაფერი. მერე საერთაშორისო ორგანიზაციამ აუშენა პატარა სახლი და იქ ცხოვრობდნენ. მამაჩემი დაბრმავდა, დედა ეხვეწებოდა აქედან წავიდეთო, მაგრამ ვერ დაითანხმა. 

2008 წელს ჩვენი სახლი მეორედ დაწვეს, ეხლა უკვე ოსებმა.

7 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს და ვლადიკავკაზში წავედი, პატარა გოგოსთან ერთად. ღამე კიდე ომი დაიწყო. რამდენიმე დღე არ ვიცოდით, სად იყვნენ ჩემი მშობლები. მერე ჯარისკაცებმა მოგვიყვანეს ვლადიკავკაზში. იქვე დარჩნენ, ჩემ შვილთან ცხოვრობდნენ, ვიდრე მამა არ გარდაიცვალა. მამამ არც იცოდა, სახლი რომ მეორედ დაუწვეს. არ ვუთხარით. რამდენიმე წელში დედაც მოკვდა. 

ეხლა, ჩვენი სახლის ადგილას არაფერია. ჩვენ ეკლესიასთან ვცხოვრობდით, ყოველ წელს ავღნიშნავდით დღეობას. რამდენიმე წლის წინ, ჩემი დის ოჯახმა ეკლესიას მსხვერპლი შესწირა, ცხვარი დაკლეს. იქ რომ ვიყავით, ჩემმა დამ მითხრა, საერთოდ არ მახსოვს რა ადგილას იდგა ჩვენი სახლიო. მე კიდე ისე კარგად მახსოვს, ეხლაც გაჩვენებ იმ ადგილს-მეთქი. და უცბად ტირილი მომინდა. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო:
ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან