ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მყეფარე ძაღლი | ინტერვიუ როჯერ მაკ გინტისთან


ინტერვიუ როჯერ მაკ გინტისთან, პროფესორი, დურჰამის გლობალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, ჟურნალ "მშვიდობის მშენებლობის" რედაქტორი და ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორების მეთოდოლოგიის თანაავტორი

ინდიგო: როდის, როგორ გარემოში დაიბადა ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორი?

რ.მ.: ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორები წარმოიშვა ჩემი მცდელობიდან, დამეფიქსირებინა კონფლიქტის მიკრო და ლოკალური კომპონენტები, რადგან გავიაზრე, რომ სიტყვები „მშვიდობა“ და „კონფლიქტი“ იმდენადაა არსებითი სახელები, რამდენადაც – ზმნები. გავიაზრე, რომ ცნება მშვიდობა პოლიტიკური ლიდერების ფრაზებში რომ გვხვდება, ადგილობრივ დონეზე მრავალგვარ მოქმედებად, საქციელად გარდაისახება. ის პოლიტიკური ლანდშაფტი კი, რის შესახებაც პოლიტიკოსები საუბრობენ, ხშირად ძალიან აბსტრაქტულია ხოლმე. სხვანაირად ვერც იქნება – პოლიტიკოსები კონფლიქტის ეპიცენტრში არ ცხოვრობენ.

მე კი ჩრდილოეთ ირლანდიაში გავიზარდე, რომელმაც მწვავე სამოქალაქო ომი გამოიარა. სწორედ ამ კონფლიქტის დასრულებიდან წლების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, რომ კონფლიქტი ამ მიკროქმედებების ერთობლიობაა და ის მოიცავს ოჯახს, მეგობრებს, სამსახურს, სპორტს, მუსიკას, კულტურას – ყველაფერს. ვცდილობდი დამედგინა, როგორ ერგება ეს მიკროქმედებები, რომლებიც ჰიპერლოკალურ დონეზე იშლება, ზოგად პოლიტიკურ სქემას.

ინდიგო: როდის მისწვდა კონცეფცია აკადემიურ სივრცეს და როდის დაიწყეთ ამ თემაზე მუშაობა?

რ.მ.: დაახლოებით 2010 წელს მიწვეული პროფესორი ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნოტრ-დამის უნივერსიტეტში, სადაც კოლეგასთან, პამინა ფიჩროუსთან რამდენჯერმე ვისაუბრე ამ თემაზე. პამინა ლათინურ ამერიკაში მუშაობდა და ჩვენი საუბრები ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორების პროექტში გადაიზარდა. თავდაპირველად, ამ მეთოდოლოგიას ვიყენებდით სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვეში, უგანდასა და სამხრეთ სუდანში. ვცდილობდით, გაგვეგო, რას ფიქრობდა მოსახლეობა, როგორ აღიქვამდნენ მშვიდობას, ცვლილებასა და უსაფრთხოებას ყოველდღიურობაში – იმ თავიანთ არამყარ კონტექსტებში. ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო ჩრდილოეთი უგანდა, რომელიც გრძელვადიან კონფლიქტს სწორედ კვლევის პერიოდში ასრულებდა; ასევე, სამხრეთი აფრიკა, თავისი აპარტეიდის ისტორიით, სადაც ადამიანები დღემდე განიცდიან სეგრეგაციას.

თავიდან ბევრი ლოგისტიკური პრობლემა წარმოიშვა. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაძაბული, საომარი სიტუაცია დაგვხვდა, ასეთ ადგილებში კი გამოკითხვის ჩატარება საფრთხის შემცველი იყო. სამხრეთ სუდანში კი, სადაც მუშაობა დავიწყეთ, სამოქალაქო ომი გაჩაღდა და მოგვიხდა, საერთოდ შეგვეწყვიტა კვლევა. ზიმბაბვეში სულ ვგრძნობდით, როგორ გვაკონტროლებდა პოლიცია. ყველა სირთულის მიუხედავად, მეთოდოლოგიამ იმუშავა. პროექტის მთავარი განმასხვავებელი და უნიკალური შეთავაზება ისაა, რომ მშვიდობის ინდიკატორები გამოკვლეულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისგან მოდის. ამ ინდიკატორებს არ ვქმნი მე და არც ვიღაც პროფესორი გლობალური ჩრდილოეთის რომელიმე უნივერსიტეტის სასემინარო ოთახში. ეს მიგნებები მოდის ადამიანებისგან, ვინც კონფლიქტმა და დაუცველობამ უშუალოდ დააზარალა. ანუ ამ ინდიკატორებს ახასიათებს ლოკალიზმი – თვისება, რასაც ვერ წააწყდებით დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწერილ ინდიკატორებში.

ინდიგო: შეიძლება თუ არა ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორების გამოყენება გაყინული კონფლიქტის შემთხვევაშიც?

რ.მ.: როცა განვიხილავთ ისეთ ადგილებს, როგორიცაა ზიმბაბვე ან სამხრეთი აფრიკა, აშკარაა, რომ მსგავსი პოსტკონფლიქტური სიტუაციები დიდხანს გრძელდება და ისინი ხშირად სწორედაც რომ „გაყინულია“, ან შემორჩენილი მაინც აქვთ კონფლიქტის ძირითადი მახასიათებლები. მეტიც, ჩვენ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დავიწყეთ – ცოტა ხნის წინ აშშ-ში დაძაბულობა იყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, განსაკუთრებით რასობრივ თემაზე. ამ პერიოდში ინდიკატორებს ვიყენებდით, რათა შეგვესწავლა უსაფრთხოების აღქმა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. იბადება შეკითხვა – როდის წყვეტს პოსტკონფლიქტური საზოგადოება პოსტკონფლიქტურობას? მაგალითად, შეგვიძლია თუ არა, გერმანიას პოსტკონფლიქტური საზოგადოება ვუწოდოთ? მგონია, რომ ეს ფენომენი დიდხანს გრძელდება. გერმანია – ესაა თანამედროვე, მდიდარი და დემოკრატიული ქვეყანა, თუმცა ის ჯერ კიდევ მოქცეულია მეორე მსოფლიო ომის გავლენის ქვეშ, რაც მაფიქრებინებს, რომ დღემდე შეგვიძლია მისი პოსტკონფლიქტურ ქვეყნად დანახვა.

ინდიგო: როგორ იცვლება ინდიკატორები კულტურებსა და ქვეყნებს შორის? რა აქვთ საერთო?

რ.მ.: ჩვენ ინდიკატორებს ადგილობრივ თემებში ვაგროვებთ: ადამიანებს თავად ვთხოვთ მშვიდობის საკუთარი ინდიკატორების დასახელებას და, ხშირად, გაკვირვებულნი ვრჩებით მასალის მრავალფეროვნებით. ზოგ ადგილას პრობლემა შეიძლება ომის შემდეგ დანაშაულის დონის ზრდა იყოს. სხვა კონტექსტში ეს შეიძლება ჩაანაცვლოს ყოფილი ჯარისკაცებისადმი ადეკვატური მოპყრობის საკითხმა, კიდევ სხვაგან კი პრობლემად შეიძლება ეკონომიკური კრიზისი დასახელდეს. თუმცა საინტერესოა, რომ გეოგრაფიული სხვაობის მიუხედავად, ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ინდიკატორებს ამოიცნობენ ხოლმე. მაგალითად, დაუცველობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია მყეფარე ძაღლი, რადგან თუ ღამღამობით დამნაშავეები ცდილობენ სახლში შეღწევას, ძაღლი ამ დროს ყეფს და ეს ასეა სამხრეთ აფრიკაშიც, უგანდაშიც და კოლუმბიაშიც – არადა, ამ ქვეყნებს ერთმანეთისგან ათასობით მილი აშორებს. თუმცა, ბუნებრივია, ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში, სადაც ძაღლები შინაურ ცხოველებად არ ჰყავთ, ამ ინდიკატორის ხილვას არც ველით. სამაგიეროდ, ერთ-ერთი გავრცელებული ინდიკატორია კითხვა: თუ რამდენად უსაფრთხოა უახლოეს მაღაზიამდე მისვლა, ადამიანები ავღანეთში არიან თუ ზიმბაბვეში, ეს მათთვის მნიშვნელოვანია ისევე, როგორც სხვა თემა: შეუძლიათ თუ არა შვილის მარტო გაშვება სკოლაში ან ავტობუსამდე, ან რამდენად ენდობიან და ეკონტაქტებიან პოლიციას – ეს გვაჩვენებს, მიკერძოებულად მიაჩნიათ პოლიცია თუ სამართლიანად. ინდიკატორები ძალიან შესამჩნევად არის დამოკიდებული გენდერზეც. ქალებისთვის მშვიდობასა და კონფლიქტს რამდენიმე დამატებითი შრე აქვს, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობა, დისკრიმინაცია, კაცები კი ხშირად მიიჩნევენ, რომ მათი გამოცდილება უნივერსალურია, ისინი, გარკვეულწილად, ვერ ხედავენ ქალებს, ან არ სურთ აღიარონ, რამდენად განსხვავდება მათი და ქალების გამოცდილება საომარ ან ომის შემდგომ ვითარებებში. ჩემთვის, როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენლისთვის, სწორედ ეს იყო მოულოდნელი – განსხვავების აღმოჩენა კაცებისა და ქალების შეხედულებებს შორის.

გამოვარჩევდი შოკის მომგვრელ დიალოგს ერთ ფერადკანიან სამხრეთაფრიკელ მამაკაცთანაც. სკოლის გიმნაზიის შენობაში ჩამოვჯექი მასთან სასაუბროდ და ინტერვიუს დროს პირდაპირ მითხრა: „იცი, ფერმერი ამას არასდროს იზამდა – სასაუბროდ არ ჩამომიჯდებოდა. მე არასდროს მისაუბრია ფერმერთან“, – და „ფერმერში“ ის თეთრკანიანს გულისხმობდა. თავზარი დამეცა, რადგან მაშინ გავაცნობიერე, რომ 25 წლის შემდეგაც კი, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი ჯერ კიდევ არსებობს. ესაა სოციალური აპარტეიდი, რომელიც ყოველდღიურობაში ასეთ ნიუანსებში ვლინდება.


ფოტო: გიორგი ყოლბაია

uk
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა