გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მოვაგლახეთა ტირანია | ნორბერტ ბოლცი


მასმედიის თანამედროვე გერმანელი თეორეტიკოსისა და პუბლიცისტის, ნორბერტ ბოლცის (დ. 1953) მიერ 2022 წლის 11 სექტემბერს ინტერნეტრადიო Kontrafunk-ში წაკითხული მოხსენების წინამდებარე თარგმანი შეჯერებული არ არის ტექსტის ბოლო ვარიანტთან, რომელიც შესულია ავტორის წიგნში “ბებერი, თეთრი მამაკაცი: ერის განტევების ვაცი” (2023). ეს წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მის ვრცელ ფრაგმენტებს ინტერნეტში გავეცანი. გარდა ამისა, მოვისმინე უკვე საკმაოდ გახმაურებული ამ წიგნის მთავარი კონცეპტისა და თანამდევი თემების შესახებ ავტორის დეტალური მსჯელობა, რათა წარმოდგენა შემქმნოდა კონტექსტზე, რომლის ორგანული ნაწილიც წინამდებარე ტექსტია.

დაკვირვებული მკითხველი იოლად შენიშნავს, რომ მორალურად და იდეურად გაღარიბებული დასავლური მემარცხენეობის პუბლიცისტური, სიღრმეს მოკლებული კრიტიკის მიუხედავად, აქ მემარცხენეობა (რომლის აბუჩად აგდებას თანამედროვე ცენზურის უხილავი ხელი არათუ არ კრძალავს, არამედ ახალისებს კიდეც) დასავლური საზოგადოების ყველა სოციალური და ინტელექტუალური ფენისთვის აქტუალურ და მწვავე პრობლემებზე სასაუბროდ არის ინსტრუმენტალიზებული. მართალია, ასეთი და მსგავსი სტრატეგიები ინტელექტუალთა ძლიერ მხარედ არავის არასდროს მიუჩნევია, მაგრამ, უამრავი გერმანელი (და ევროპელი) ავტორის მსგავსად, ბოლცისთვისაც დამახასიათებელია არაპოლიტკორექტული პოზიციების დაცვა-გახმოვანებისას სიფრთხილე და ლავირებათა მრავალსახეობა (თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2020 წელს გამოცემული „შიშის ავანგარდის“ ავტორს იგავური მეტყველებისთვის არ მიუმართავს და უშიშრად წერდა: „ჩვენს Cancel Culture-ში საკორონე ნიღაბი ენის ჩაგდებინების კარგი სიმბოლოა”; ან:

„აუცრელ კუდიანებზე ნადირობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ნიცშე მართალი იყო: კულტურა ბარბაროსობაზე გადაფარებული სიფრიფანა კილიტაა.”

და მაინც, მეინსტრიმის ფხიზელ თვალს არ გამოპარვია მემარცხენე წარსულიდან კონსერვატიზმისა და მემარჯვენეობის მიმართულებით კურსაღებული ბოლცის მიერ „წითელ ხაზთან” საშიში მიახლოება (რაც წლების განმავლობაში მასზე მხოლოდ ზომიერად სახიფათო, გამაფრთხილებელ შეტევებს იწვევდა), „ბებერი, თეთრი მამაკაცით” კი – აღნიშნული ხაზის გადალახვა. ამის მერე კი, როგორც ცნობილია, თუნდაც ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინტელექტუალთა სისტემური ეტიკეტიზაცია-დიფამირებით დასჯის დრო დგება (დასავლური ეტიკეტიზმი კი სისასტიკით საბჭოურს არ ჩამოუვარდება). წიგნის გამოცემიდან უმოკლეს დროში გაჩნდა ინტერპრეტაციები, რომლებზე პასუხის გაცემაც ავტორს აუცილებლად მოუწევდა. მაგალითად, წიგნის უმთავრესი მიზანია იმის დასაბუთება, რომ გერმანიაში, სადაც ქალების დისკრიმინაციაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, მამაკაცური ქალებისა და ქალური მამაკაცების ინტენსიური წინწამოწევა-პრემირების და, ამის პარალელურად, ქალური ქალებისა და მამაკაცური მამაკაცების ტოტალური დისკრიმინაციის პროცესი მიმდინარეობს; ბოლცი მამაკაცურობის დეფიციტის აღმოფხვრის აუცილებლობას ამტკიცებს, თავის შრომას კი განიხილავს, როგორც ერთგვარ სახელმძღვანელოს და არგუმენტაციების ნაკრებს ეპოქის სულისკვეთებასთან გასამკლავებლად და გერმანიის, როგორც ძლიერი და განათლებული სახელმწიფოს, გადასარჩენად.

მამაკაცურობის დეფიციტისა და გერმანიის ინტელექტუალური დასუსტების ტენდენციების ურთიერთგაპირობებულობის თეზისმა მკითხველთა ერთ ნაწილში ბუნებრივად წარმოშვა შეკითხვები: მაშინ, როცა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნისთვის და პირველობისთვის სწორედაც რომ ტრადიციული მამაკაცური ბრძოლა ახალ, შესაძლოა, სულაც ბოლო ფაზაში შედის, ხომ არ არის ევროპაში მამაკაცური საწყისის დასუსტების აღნიშნული პროცესი მიზანმიმართული მილიტარისტული სტრატეგია? ხომ არ არის სქესთა ანტაგონიზმის დღემდე არნახული გაინტენსიურების, ინფანტილიზაციისა და ირაციონალიზმის მიმართულებით საზოგადოების გადასროლის პროცესი ამავე სტრატეგიის ნაწილი? თუ ასეა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ან, სულ მცირე, თუ ეს პროცესები გარდამავალი ეპოქებისთვის დამახასიათებელი მორიგი კრიზისია, ვინ იყენებს ამ კრიზისს სასურველი მიმართულებით გადასასროლად? ავტორს, რომელსაც გერმანულენოვან საზოგადოებაში ასიათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს, არაერთ ასეთ ან უფრო ახირებულ, თუნდაც გამიზნულად პროვოკაციულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევდა ანუ თავიდან ვერ აირიდებდა გლობალური პოლიტიკის უმწვავეს პრობლემებთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიციის ფორმულირებას (და მაშინ ის აუცილებლად გაიზიარებდა, მაგალითად, მშვიდობისთვის მებრძოლთა შორის ყველაზე ცნობილი სწავლულის და ასიათასობით უბრალო ევროპელის საყვარელი აქტივისტის, იმ შვაიცელი ისტორიკოსის – დანიელე განზერის – ბედს, რომელიც შეთქმულების თეორეტიკოსად არის მონათლული, ან, ვთქვათ, იმ გერმანელ-ფრანგი ინტელექტუალის – ულრიკე გეროს – ბედს, რომელიც, მიუხედავად წამყვან ევროპულ სტრუქტურებში მისი უმაღლესი პოზიციებისა, ერთ დღეში აღმოჩნდა დიფამირებული მხოლოდ იმის გამო, რომ კორონა-პოლიტიკასთან დაკავშირებით მისი პირადი თვალსაზრისი არ დაემთხვა ძალაუფლების ცენტრიდან ნაკარნახევ ”ჭეშმარიტებას”.

ჩემი დაკვირვებით, ბოლცმა ავისმომასწავებელ ზეწოლას ვერ გაუძლო და წიგნის გამოსვლის მერე სიტუაციის განმუხტვა და დიფამირების მოახლოებული საფრთხისგან თავის დაზღვევა სცადა, მაგრამ ეს ჩაიდინა ისეთი გამომყენებლური სიუხეშით, როგორსაც მისგან ბევრი არ ელოდა. მან, ავსტრიის ტელევიზიის ერთ-ერთ მეინსტრიმულ გადაცემაში მონაწილეობისას (16.11.2023), თავი მოიქაჩლა და, მეინსტრიმული მასმედიის ყველა ხრიკის მცოდნე, სწორედ მეინსტრიმული სოფისტიკის, მის მიერვე მრავალჯერ გაკრიტიკებული თვალთმაქცობისა და ცაიტგაისტისადმი მონური მორჩილების ისეთ გულისამრევ მაგალითად იქცა, რომ მისი უამრავი ერთგული დამფასებლის იმედგაცრუება გამოიწვია (და ეს – მაშინ, როცა მას ამ გადაცემაში მონაწილეობას არავინ აიძულებდა). მისდა სამწუხაროდ, არც იმ მოლოდინმა გაუმართლა, რომ მასზე ასაკით სამჯერ უმცროს ოპონენტს, სტუდენტ გოგონას, ემოციონალიზაციის და ინფანტილიზმის ბრალდებით სულ იოლად გაანადგურებდა. არგუმენტებითაც, მსჯელობის ხარისხითაც, ობიექტურობითაც, გულწრფელობითაც, მორალური სიმაღლითაც, ერთი სიტყვით, ყველა პარამეტრით სწორედ იმ სტუდენტი გოგონას მიერ აღმოჩნდა ბოლცი ბეჭებზე გაკრული, რომლის დასაგლეჯადაც იგი გადაცემაში ორ სხვა გამოცდილ ორატორთან ერთად მიიწვიეს. მეტიც, გადაცემის ოცდამეოთხე წუთზე მის მიერ გათამაშებული გულიანი “სიცილი” (არადა, მან, არც მეტი და არც ნაკლები, ოპონენტის მხრიდან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის კონტექსტუალური ანალიზის შემოთავაზებას დასცინა) სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა – საკუთარი სინდისის ხმის მიერ საჯაროდ მისი დამცირების აქტი (ეს გადაცემა რომ ვნახე, წინამდებარე ტექსტის თარგმნა თითქმის დასრულებული მქონდა).

ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის, სულ მცირე, საინტერესო იქნება თანამედროვე ევროპელ სწავლულთა უმწვავესი დისკუსიების საგნად ქცეულ საკითხებზე ნორბერტ ბოლცის პოზიციისა და ნააზრევის გაცნობა.

ტექსტს არ ვაქვეყნებ მემარცხენეების წინააღმდეგ მებრძოლთა წისქვილზე წყლის დასასხმელად.

ამას არ ვიკადრებდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ არც პროპაგანდისტულ პრიმიტივიზმს თანავუგრძნობ და არც – პარტიულ ომებს ან რომ მემარჯვენე არ ვარ (ისევე, როგორც არ ვარ მემარცხენე, ფემინისტი, ანარქისტი, ლიბერალი, კონსერვატორი, დემოკრატი, ნაცისტი, ფაშისტი, ვაჰაბისტი და ა. შ.), არამედ – პირველ რიგში – იმიტომ, რომ ჩემთვის უაღრესად ძვირფასი და გულში ჩამწვდომია ჩემთვის ცნობილი იმ ორი-სამი ქართველი ახალგაზრდა ინტელექტუალის კეთილსინდისიერება, გონებრივი მუხტი, პრინციპულობა, სოციალური უსამართლობის შესამცირებლად მუხლჩაუხრელი შრომა და იდეალიზმი, რომელიც თავის თავს მემარცხენე ტრადიციაში ხედავს. არაერთი სხვა ტექსტის მსგავსად, იგი თარგმნილია, როგორც ევროპული სახელოვნებო კონტექსტის საილუსტრაციო მასალა სამხატვრო აკადემიაში ჩემი შესაბამისი აკადემიური სალექციო კურსებისთვის.

- მთარგმნელი, დათო ბარბაქაძე

მოვაგლახეთა ტირანია

მარქსიზმისთვის დამახასიათებელი იყო ბოლო ჟამით და ხსნით ისტორიის დაგვირგვინების რელიგიური აღთქმა. გადარჩა არა მარქსიზმი, არამედ – ეს აღთქმა. მარქსიზმის განჯადოების მერე, რაც დაიწყო არაუგვიანეს მოსკოვის პროცესებისა და გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, მემარცხენეთა რელიგიური მოთხოვნილება ახალ სამშობლოს დაეძებდა. ამან რადიკალიზმს ფერი უცვალა და წითელი მწვანით შეიცვალა, ხოლო პროლეტარიატის დიქტატურა – ეკო-დიქტატურით. კლასიკური სოციალიზმიდან დღესდღეობით თუ რამ შემორჩა, ეს არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კონსერვატიზმი.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ძველი მემარცხენე საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იცავს, ახალი „გამოფხიზლებული“ („woke“) მემარცხენე კი ახალ პროლეტარიატს ეძებს.

ჯერ – მუშათა კლასი, მერე – ღარიბები, ახლა – უმცირესობები.

და ეს ხდება რეალობასთან შეუხებლად, რადგან მემარცხენეები უნივერსიტეტის სპილოს ძვლის კოშკში შეიმალნენ. „სიფხიზლე“ („Wokeness“) წარსულის უსამართლობათა მიმართ ნოსტალგიაა. უსამართლობის შეგრძნებით იკვებებიან და იმედგაცრუების ხარჯზე ცხოვრობენ. რაკი მემარცხენეებს იდეალები აღარ გააჩნიათ, ისინი თავიანთ მტრებს ებღაუჭებიან, ესენი კი იმ მემარჯვენეთა წინააღმდეგ ბრძოლის გამოგონილი დემონები არიან, რომლებზეც მათი გვიანი ანტიფაშიზმია დამიზნებული. მხოლოდ მტრის ხატია ჯერაც უვნებელი. მათი სიძულვილი მიმართულია საკუთარი საზოგადოების, ევროპელების, თეთრების, კაპიტალიზმის წინააღმდეგ, სქესთა განსხვავების, სრულქმნილებისა და კულტურის დიდებულ ქმნილებათა წინააღმდეგ.

მას მერე, რაც პროლეტარიატი აღარ არსებობს, მემარცხენეები დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ დაეძებენ. აი, „გამოფხიზლებულმა“ ახალგაზრდობამ კი ისინი უკვე მონახა, სახელდობრ, საკუთარი თავი.

ერთადერთი, რაც ამიერიდან უნდა ისწავლონ, მსხვერპლად ყოფნაა. მსხვერპლის სტატუსით ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სახეირო დისკრიმინაციის უპირატესობები მოიპოვება. მსხვერპლის როლი იმედგაცრუებულთა თვითსამკურნალო ქცევაა. და, რა თქმა უნდა, მოთქმა-გოდება თვითდამკვიდრებაზე უფრო მოსახერხებელია. თავს ვგრძნობ დისკრიმინირებულად, დაზარალებული ვარ, ბრალს ვდებ, მოვითხოვ კომპენსაციას – ან, სულ მცირე, ყურადღებას. ჰიპოქონდრია და ჰიპერმგრძნობიარობა ამ შემთხვევაში პიროვნული იდენტობის დაფუძნებას ემსახურება. მსხვერპლი ვარ, მაშასადამე ვარსებობ. ამასვე შეესატყვისება იდენტიფიცირება ამა სოფლის უიღბლოებთან, დამცირებულებთან და შეურაცხყოფილებთან. თუ ყურადღებას ითხოვ, შენი ჭრილობები წარმოადგინე, რადგან შეუმჩნევლად ყოფნა ჯოჯოხეთია. და რაკი თეთრებს, პოლიტიკური კორექტულობის ლოგიკის თანახმად, მსხვერპლად ყოფნის უფლება ჩამორთმეული აქვთ, თეთრ „გამოფხიზლებულთა“ საბრძოლო მოწოდება, საერთოდაც, ასე უნდა ჟღერდეს: „ეშმაკსაც წავუღივართ!“ როგორ უნდა აიხსნას საქმის ასეთი ვითარება?

თანამედროვე საზოგადოების სირთულე და ცვლილებათა სისწრაფე დაურწმუნებლობასა და დაუცველობას წარმოშობს. და უმწიფარი ახალგაზრდები ამაზე რეაგირებენ ემოციური ჰიპერმგრძნობიარობით. ასეც შეიძლება ითქვას: ისინი სწავლობენ იმას, რომ თავი უმწეოდ იგრძნონ, ისინი უმწეობის ცდუნებას დაჰყვებიან. მეურვეები კი სიამოვნებით კისრულობენ ამ მგრძნობიარე სულებზე ზრუნვას.

სიფრთხილით განიმსჭვალა, მაგალითად, ლონდონის როიალ ჰოლოვეის უნივერსიტეტი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ მიმართ, რადგან წიგნს შიშის და ტკივილის გამოწვევა შეეძლო. ნორთჰემპტონის უნივერსიტეტმა ჯორჯ ორუელის ანტიუტოპია „1984“ განსაზღვრა, როგორც შეურაცხმყოფელი და დამანგრეველი. მინი მაუსს ახლა უკვე, ვარდისფერი კაბის ნაცვლად, ცისფერი პიჯაკი მოსავს. სიტყვა „ჭარბწონიანი“ (übergewichtig) ახლა უკვე დისკრიმინაციულად მიიჩნევა. უნდა ითქვას „ზედმეტწონიანი“ (mehrgewichtig), ხოლო „ვიღაც კაცის“ (Jemand) ნაცვლად უნდა ითქვას „ვიღაც ადამიანი“ (Jemensch). „Fridays For Future“-ის ჰანოვერის განყოფილებამ ქერა, თეთრკანიანი მომღერალი ქალის მოწვევაზე უარი თქვა იმიტომ, რომ მას დრედები ჰქონდა. ეს კი კულტურული მითვისებააო.

დისნეის კომპანიას სურს, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ხელახლა შექმნას, ოღონდ არა თეთრკანიანი, არამედ – ლათინო-ფიფქიას მონაწილეობით და შვიდი ჯუჯას გარეშე, რადგან ჯუჯების გამოსახვა თურმე დაბალი ადამიანების დაცინვად აღიქმება.

არის ორი შემთხვევა, რომელიც ზედმიწევნით ააშკარავებს, თუ რა სახის პოლიტიკური ნება იმალება ამ ყველაფრის მიღმა. გამომცემლობა Duden-მა გამოსცა წიგნი „გენდერი მარტივად“, იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა ვიგენდეროთ ელეგანტურად. ამჟამად გერმანელთა გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ გენდერობა (ან გერდერიზება, - მთრგ.) უარყოფილია და და უარმყოფელთა რაოდენობა თვიდან თვემდე მატულობს, მაგრამ აქედან პოლიტიკურად კორექტულები მხოლოდ იმას დაასკვნიან, რომ წნეხი ზემოდან უფრო რადიკალური უნდა იყოს. ამაზე პასუხი უკვე არსებობს: „გენდერ გაგა“.[1] ერთ დროს ხომ Duden უეჭველი ავტორიტეტი იყო. დღეს ის დაცინვის საგანია და მეტიც არაფერი.

მეორე შემთხვევა უფრო საინტერესოა: კომპიუტერულ-პროგრამულმა გიგანტმა Apple-მა თავისი ემოციების ნაკრები რით გაამდიდრა და – ორსული მამაკაცით. ამაზე პირველი რეაქციები საკმაოდ იუმორისტული ხასიათის იყო, მაგრამ საკითხს თუ უფრო ჩავუღრმავდებით, სიცილი სახეზე შეგვეყინება. ბოლოს და ბოლოს, რას ეხება საქმე? ორსული კაცი „გამოფხიზლებულთა“ კულტურული რევოლუციისთვის, რომელიც ადამიანის სქესს მხოლოდ სოციალურ კონსტრუქტად განიხილავს, უმაღლესი ხარისხის პროდუქტია. საქმე ეხება ბრძოლას ბიოლოგიასთან, ბედის საბოტირების, კერძოდ, მამაკაცად ან ქალად გაჩენის ბედის საბოტირების მცდელობას. ამის შედეგები მაშინ აშკარავდება, როცა გვეუბნებიან, რომ უკვე არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქალად ტრანსფორმირებულან, მერე კი ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მიუღიათ მონაწილეობა და მედლები მოუპოვებიათ. ეს ყველაფერი, Apple-ის ფეხმძიმე მამაკაცის მსგავსად, „სქესთა თანასწორობის“ ნიშნით მიმდინარეობს. ეს სრული უმცირესობაც კი, რომელთან დაკავშირებით უფლება გვაქვს ვიკითხოთ, ხომ არ ეხება საქმე მძიმე ფსიქიკურ დარღვევას, თურმე საგანგებოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. აი, ასე დაჰყოლია ჩვენი საზოგადოება ზემგრძნობიარეთა და ნევროზიანთა ტირანიას. მაგრამ პრობლემას თვით რადიკალური უმცირესობანი კი არ ქმნიან, არამედ – ისეთი ორგანიზაციები და კომპანიები, როგორებიც Apple და Disney არიან. ამ ფირმებს ჰგონიათ, რომ განუწყვეტლივ უნდა ამტკიცონ თავიანთი პოლიტიკური კორექტულობა. სინამდვილეში კი, ეს თვალთმაქცობაა და მეტიც არაფერი.

ზუსტად ისე, როგორც ტვინის მწვანედ გამომრეცხავებს სურდათ შთავეგონებინეთ, რომ საქმე მოგებას კი არა, პლანეტის გადარჩენას ეხება, გამოფხიზლებულთა ტვინგამოსარეცხი აქციებიც შთაგვაგონებენ, რომ კომპანიები დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი მორალური დაწესებულებებია. „სიფხიზლის“ ასეთი მაგალითების დამოწმება მრავლად შეიძლება. ეს თვითმკვლელი მგრძნობიარობის სიმპტომებია. სამომავლოდ წარუმატებლობა ისევე უნდა შემცირდეს, როგორც – უბედური შემთხვევა, რადგან არავინ უნდა იყოს საკუთარ ბედზე პასუხისმგებელი ან – უმწეოდ წარმოჩენილი. მაგრამ, იმავდროულად, ჩემი უბედობა თურმე ყოველთვის ვიღაცის ბრალია. ბედითობა უკვე გადაჭრით უარიყოფა.

ასე რომ, ვისაც „გამოფხიზლებულად“ ყოფნა სწყურია, მან უნდა ისწავლოს, როგორ გრძნობდეს თავს გულნატკენად. „სიფხიზლე“, როგორც ცხოვრების სტილი, აღშფოთებაა, საკუთარი საბრალოობის გამო დამნაშავის ძიებაა. და, აი, მგრძნობიარე ახალგაზრდები იწყებენ საბაბის ძებნას, რომ თავი გულნატკენად იგრძნონ. ამ საქმეში წარმატების მიღწევა იოლია იმის გამო, რომ წესი გამონაკლისის გარეშე არ არსებობს, არც – თავისუფალი ასოციაცია – უდისკრიმინაციოდ. მაგრამ რაკი ნებისმიერი განსხვავება დიახაც რომ დისკრიმინაციის გამომწვევია, შესაბამისად, არა მხოლოდ თავისუფლად მეტყველება უნდა ავიკრძალოთ, არამედ – ფიქრიც, თუ არ გვსურს, რომ ვინმეს გული ვატკინოთ.

პოლიტიკურად კორექტულთა ახალი კატეგორიული იმპერატივი ასე ჟღერს: „არაფერი ჩაიდინო და თქვა ისეთი, რამაც შეიძლება სხვას გული ატკინოს!“.

რომც არსებობდეს ემოციურად გულნატკენად, შეურაცხყოფილად ან ნაწყენად არყოფნის უფლება, ეს მაინც ხომ უნდა ვიკითხოთ: „ვინ განსაზღვრავს, რა არის გულსატკენი?“. აი, რას ნიშნავს „გამოფხიზლებული“ ამ კონტექსტში: მხოლოდ თავად დაზარალებულს შეუძლია გადაწყვიტოს, დისკრიმინირებულია იგი თუ – გულნატკენი. მაგრამ ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა – განებივრებული მდიდარი ბავშვების ფსიქოლოგია?! მათ გაეღვიძათ და ამიტომ არ უნდა გაიზარდონ. მათზე ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები ზრუნავენ, რომლებიც წერა-კითხვის უცოდინარ ზემგრძნობიარეებს აწარმოებენ. ამ დაწესებულებებმა გულნატკენად მათი ყოფნის შიში ჰიპოქონდრიამდე განავითარეს. ეს „გამოფხიზლებული“ ზემგრძნობიარობა რომ თანდათანობით ჩვენს ყოველდღიურ კულტურაში იჭრება, იმას უნდა მოასწავებდეს, რომ დასავლური საზოგადოება ისტერიას უკვე პათოლოგიურის კი არა, ნორმალურის კატეგორიაში ათავსებს.

დისკრიმინაციის მიმართ ზემგრძნობიარობას ყოველდღიურად ახალ-ახალი ნაყოფები გამოაქვს. აი, უამრავი მაგალითიდან ერთ-ერთი: კარლსრუეს ფედერალური მიწის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე დისკრიმინაციას ეხება, როცა ინტერნეტში საკონტაქტო ფორმულარი მხოლოდ მამრობითსა და მდედრობითს შორის არჩევნის შესაძლებლობას გვთავაზობს. ამით არაბინარული პირების პირადი უფლებები ირღვევაო. ერთ-ერთ ასეთ უფლებაშელახულ პირს ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიისთვის სასამართლოში უჩივლია და 2500 ევროს ოდენობით კომპენსაცია მოუთხოვია. თუმცა სასამართლოს საქმე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ აღუძრავს, რადგან კომპანიას ამასობაში ფორმულარში სხვა, მესამე ფორმა ჩაუმატებია: „სხვა /არ მსურს მითითება!“.

ამჟამად არსებობს ყურადღებიანობის ჟარგონი, რომლითაც ისტერიულად გამძაფრებული მგრძნობიარობა პრიორიტეტულ მომსახურებაზე თავის პრეტენზიას ასაბუთებს. აშიშვლებთ თქვენს ჭრილობებს და ადანაშაულებთ საზოგადოებას. რაკი მსხვერპლი ხართ, არგუმენტები არ მოგეთხოვებათ.

იდეოლოგიის კრიტიკას, რომლითაც ჯერ კიდევ 68 წლის სტუდენტური მოძრაობა იყო ნაწრთობი, ობიექტური საყრდენი წერტილები ჰქონდა ვიეტნამის ომისა და თანამდევი ანტიფაშიზმის სახით. „გამოფხიზლებულთა“ შემთხვევაში იდეოლოგიის კრიტიკის ადგილს, უბრალოდ, აღშფოთებულად და შეურაცხყოფილად ყოფნა იკავებს. დღესდღეობით აღშფოთება ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთია. ასე გამოვლინდება უსუსურობის ქედმაღლობა, როგორც თავის თავში დარწმუნებული აგრესიული მორალიზმი, რომელიც ერნსტ იუნგერმა, აი, როგორ ზუსტ ფორმულაში მოაქცია: „სინდისის მწველავი“. ეს ახალი პროფესიაა!

არგუმენტები საჭირო აღარ არის. რაკი აზროვნება და დისკუსია ზედმეტად დამღლელია, უნდა აირჩიო პოზიცია და გამოხატო შენი დამოკიდებულება.

სენტიმენტალურ მგრძნობიარობათა ეს სიჯიუტე თავის თავს „გამოფხიზლებულს“ არქმევს და მემარცხენედ მიიჩნევს. „გამოფხიზლებული“ მემარცხენე ნებისმიერ განსხვავებულ აზროვნებაზე იმით რეაგირებს, რომ მას კარგების საზოგადოებიდან აძევებს. პოზიციას, რომლის დაცვაშიც „გამოფხიზლებულები“ იწაფებიან, ასეთი სახე აქვს: „თავს ვგრძნობ დისკრიმინირებულად, გულნატკენი ვარ, ბრალს ვდებ, მოვითხოვ პატივისცემას და კომპენსაციას!“. ამით კი მედიასა და პოლიტიკაში დიდი წარმატების მოპოვებაა შესაძლებელი. როცა „გამოფხიზლებული“ მემარცხენეა, არ უნდა გაგვიკვირდეს, საშუალო ფენის თითქმის ყველა თავისთავადი სიცხადე, უეჭველობა და ნორმალურობაზე წარმოდგენა უკიდურეს მემარჯვენეობად რომ მიიჩნეოდეს.

ჩვენ ნორმალურობის წინააღმდეგ ისტერიით შეპყრობილთა ომის ქარ-ცეცხლში ვიმყოფებით და როცა ჩვენი პოლიტიკურად კორექტული კულტურა ნორმალურობის გაგებას უარყოფს, იგი იმ თვალსაზრისსაც კრძალავს, რომ ეს კულტურა ნევროტული გახდა. ამიტომ მოითხოვს დღესდღეობით გამბედაობას საერთოდაც სიტყვა „ნორმალურის“ გამოყენება. „ვაცხადებ პრეტენზიებს, მაშასადამე, ვარსებობ“. და პრეტენზიების წაყენების ასეთი პრეტენზია იმასაც ამართლებს, რომ სხვებს თავს მოვახვიო ჩემი თვითრეალიზაციის შედეგები.

სხვათა შორის, ინდივიდს რომ პრეტენზიების წაყენების პრეტენზია აქვს, აი, კიდევ რაში მჟღავნდება: ინდივიდს შეუძლია თავისი პრეტენზია ქმედითად აქციოს იმით, რომ საზოგადოებას დახმარება სთხოვოს თავისი პრეტენზიების ფორმულირებაში. ამის მერე თერაპევტები და სოციალური მუშაკები ინდივიდს ეხმარებიან იმის გამოთქმაში, თუ რარიგ ტანჯავს მას საზოგადოება. თერაპიულ თანამეგობრობაში ხდება ნებისმიერი ადამიანის წახალისება, რათა მან საკუთარ თავზე და საკუთარ პრობლემებზე ილაპარაკოს, იმ პირობით, რომ შეუძლებელი იქნება – მას ვერ გაუგონ.

აი, ასე ვხდებით ყველანი უფრო და უფრო მგრძნობიარენი, სენსიბილურნი. სენსიბილიზაცია ხომ შემდეგს ნიშნავს: მეტად იტანჯებიან, იმის მიუხედავად, რომ საამისოდ ნაკლები მიზეზი აქვთ. აი, ასე გახდა თანდათანობით თავისებური მსუბუქი სიგიჟე საზოგადოებრივად მისაღები. გავიხსენოთ თუნდაც პოლიტიკური კორექტულობის ტაბუები და აკრძალვები, გარემოს დაცვის ყველა საკითხში კულტივირებული ისტერია, ფიფქიათა თაობის ზემგრძნობიარობა და გრეტას პარარელიგიური კულტი. დღეს უკვე აღარავის აკვირვებს, რომ ვეგანებმა კვება რელიგიად გადააქციეს ან რომ დასავლეთის სამყაროში ქალებს შთააგონებენ, ნაკლები ბავშვები შობონ ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიზნით. პირდაპირ თუ ვიტყვით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისტერიით შეპყრობილთ უკვე ფსიქოანალიზს კი არ უქვემდებარებენ, არამედ პოლიტიკურად აკეთილშობილებენ. დღეს ყველა მოგანგაშე დაფასებას ითხოვს. ამიტომაც გადაქცეულა ჩვენი დროის მახასიათებლებად პანიკა და ისტერია, მოწყვლადობის და მგრძნობიარობის უკიდურესი სიჭარბე.

ასე გაბატონდა იმ მოვაგლახეთა ტირანია, რომლებსაც აუცილებელ თავდაცვად თავიანთი აგრესიის გასაღება მოსურვებიათ. ისინი ერთდროულად ფრუსტრირებულნიც არიან და – მგრძნობიარენიც.

ეს საშიში ნაზავია, რომელიც შეგრძნებებს წამლავს. „ყალბი ნიუსების“ ანალოგიით, შეიძლება „ყალბ ემოციებზე“ ლაპარაკი. შეგონებას „შეიცან თავი შენი“ ჩაენაცვლება „გაითამაშე თავი შენი“. ყველა თავის კანში უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად და არა – მასშტაბებთან თანაფარდობაში.

რაც დღეესდღეობით ყველაზე მეტად გვაკლია, არის ის, რასაც ფლობერმა გრძნობათა აღზრდა უწოდა. და როგორც შეგრძნებათა ინტენსივობა ჩაანაცვლებს გონებას, ისე ჩაანაცვლებს იდენტობა იდეოლოგიას. არადა, „გამოფხიზლებულ“ აქტივისტთა იდენტობის პოლიტიკა საკუთარი თავის რწმენას კი არა, მძვინვარებას და საკუთარი თავის მიმართ ზიზღს და სიბრალულს ბადებს. აქ ჩვენ საქმე გვაქვს დესუბლიმირებასთან, რომლის დასასრულს საქმის ნებისმიერი ვითარება აღშფოთებისა და შეურაცხყოფის გამომწვევი ხდება. აკი მორალურად აღშფოთებულის მდგომარეობა ბრიყვთა ღირსებაა. ისინი მორალური აღშფოთებით ტკბობას განიცდიან. ზუსტად იგივე ეხება იმათაც, მონანიების რიტუალებს და თვითგვემას რომ მისცემიან.

აი, აქ კი გამოგვადგება მანეს შპერბერის დიდებული შეგონება, რომ „თვითბრალდება დანაშაულის უარყოფას, გამართლებას და შენიღბულ თვითგანდიდებას მალავს“. ვისაც ადამიანური საღი აზრი შეუნარჩუნებია, ვერც ირონიულად ამ ყველაფრის კომენტარების ცდუნებას გაუძლებს. მაგრამ პოლიტიკურმა კორექტულობამ დიახაც მოახერხა პაროდირებისგან „სიფხიზლის“ დაცვა. თავისი ყოვლისმომცველი და ინკვიზიციური ძალაუფლებით კრძალავს იგი, რომ იმად წარმოჩნდეს, რაც მართლა არის: სასაცილო. იმ პრეტენზიის მიღმა, რომ იგი ემოციურად აუთენტური და ქვეყნად სიკეთის მთესველია, მხოლოდ დისკუსიის უუნარობა იმალება.

და მართლაც, ბევრი „გამოფხიზლებული“ აქტივისტი აღიქვამს ლოგიკურ აზროვნებას, როგორც ინტელექტუალურად დამთრგუნველს. აქ საქმე გვაქვს აკრძალვების ეთიკასთან და საკონტაქტო დანაშაულთან (Kontaktschuld). იმიტომ კი არ ხდება გარკვეული აზრების ტაბუირება, რომ ისინი მცდარია, არამედ – იმიტომ, რომ თავში ასეთი აზრების გატარება მიუღებელია.

„გამოფხიზლებული“ მემარცხენე ნებისმიერ განსხვავებულ აზროვნებაზე იმით რეაგირებს, რომ მას კარგების საზოგადოებიდან აძევებს. მათ მედია სამარცხვინო ბოძად უქცევიათ, კრიტიკის ადგილი კი Cancel culture-ს დაუკავებია. ამასთან, მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლება უკვე თითქმის ბუნებრივ მოვლენად არის გადაქცეული: სექსისტობაში ან რასისტობაში ბრალდება თავისთავადვეა დანაშაულის მტკიცებულება. გამოფხიზლებულები ყველა ამქვეყნიურ ბოროტებას უჩივიან: სექსიზმს, რასიზმს, კლიმატის ცვლილებას და სოციალურ უსამართლობას. მაგრამ ისინი თავს გვახვევენ სამკურნალო საშუალებებსაც, მაგალითად, იდენტობის პოლიტიკას და გენდერობას. უდავოდ უნდა დაიჯეროთ, რომ როგორღაც ყველაფერი ყველაფერზეა დამოკიდებული – რასაც დღეს უწოდებენ „ინტერსექციონალობას“, მსხვერპლთა ჯგუფების კოალიციას.

სიფხიზლის ჩემპიონები აგროვებენ და ინახავენ თავიანთ ტანჯვებს. ამას აკეთებენ უტრივიალურესი გრძნობების ჭარბი დრამატიზებით.

ეს არის არაფრისმთქმელი ნამდვილობა, რომელიც ტანჯვას პრივილეგიამდე აღაზევებს, ფარისევლობის ექსტაზში კი ჭრილობებს აშიშვლებს.

აქ საქმე გვაქვს თვითობის დაფასების მოძრაობასთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თითოეულის ყველა გრძნობა დაცული უნდა იქნას, და რომელიც თითოეულს ჩააგონებს, რომ ის განსაკუთრებულია.

„სიფხიზლის“ თემებს ერთი საერთო მნიშვნელი აქვს: ისტორიის დამარცხებულებთან თავის გაიგივება და წარსულისთვის ომის გამოცხადება. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს ყოვლისმომცველ ტოლერანტობას, მაშასადამე, ცრურწმენების სტერილურ არარსებობას, რომელიც განსხვავებათა დანახვის უუნარობიდან გამომდინარეობს. მეორე მხრივ კი, გულისხმობს ბოროტების კონკრეტულ განსახიერებას: ბებერ, თეთრ მამაკაცს. თანშობილი ცოდვის ხელახალ აღმოჩენაზეც კი შეიძლება ლაპარაკი. ახლა მსოფლიო გახლეჩილია პრივილეგირებულ თეთრებად და მათ მსხვერპლებად. პოლიტიკა და ბიზნესი, ეპოქის სულის მაჯისცემას უმალ რომ გრძნობენ, უკვე მოერგნენ ვითარებას. ამჯერად, ტვინის მწვანედ გამომრეცხავების მერე, როგორც ითქვა, გამოფხიზლებით-გამორეცხვის დროა. მაგრამ უმცირესობათა და თვითგამოცხადებულ მსხვერპლთა ჯგუფების მძვინვარება სწორედ იმის გამო ძლიერდება, რომ ჩვენი საზოგადოება მათ მიმართ სულგრძელი და ტოლერანტულია.

დასავლეთის მემარცხენე ინტელექტუალები აღარ ამახვილებენ ყურადღებას მუშათა კლასზე, არამედ – რადიკალურ უმცირესობებსა და მესამე სამყაროს აუთენტურობაზე. ეს გვიჩვენებს, თუ სად გადის ამჟამად ფრონტის ხაზები. საქმე ეხება საკუთარი თავისგანვე, სახელდობრ – პოსტმოდერნის „გამოფხიზლებული“ თალიბანისგან და მისი თვითგვემის რიტუალებისგან, დასავლეთის დაცვას.

კაპიტალიზმის გლობალური გამარჯვების მერე მემარცხენეები, რადიკალიზმის სასარგებლოდ, არაეკონომიკური თემების ძიების გზას დაადგნენ. მონახეს კიდეც გენდერობა, მარიხუანა, სექსუალობა, გარემო და ლტოლვილები.

ამიტომ გახდა რუსო ისევ აქტუალური. დღევანდელ „გამოფხიზლებულთა“ რუსოიზმი წინარემარქსისტული უტოპიური სოციალიზმის, ბუნების პურიტანული რომანტიზმისა და პოლიტიკური მორალიზმის სენტიმენტალობის ნაზავია. ამ რუსოიზმის სუბიექტი სრულყოფილი კეთილი ადამიანია (der perfekte Gutmensch).[2] მაგრამ როცა ადამიანი, როგორც კანტი იტყოდა, მრუდე ხისგან არის გამოთლილი, სრულყოფილების ძიების გზა იოლად მთავრდება ტოტალიტარიზმით. კეთილი ადამიანის ასეთი ხატი კი მერე ტოტალიტარულ საზოგადოებას წარმოშობს, რადგან ყველა, ვინც ამ ხატთან შეუსაბამო და განსხვავებულად მოაზროვნეა, ხელახალ აღზრდას უნდა დაექვემდებაროს.

რუსოისტული წრთობის რევოლუციური პოლიტიკა ყოველთვის იქიდან ამოდის, რომ ხალხმა არ იცის, თუ რა არის მისთვის კარგი და ამიტომაც საჭიროებს იგი აღზრდას. კორონა და კლიმატი, მაგრამ ასევე – ევროპა და მასობრივი მიგრაცია, „გამოფხიზლებულთა“ მიერ ისეთ პრობლემებად განისაზღვრება, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამართლებრივ სახელმწიფოს და დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. დემოკრატიული ლეგიტიმაციის ადგილს ექსისტენციალური გამართლება იკავებს. არგუმენტს და კონსენსუსს ფორიაქი და შიში ჩაენაცვლება. აქ საქმე გვაქვს ლეგიტიმაციის სრულიად ახალ ფორმასთან, სახელდობრ, თვითბრალდების გზით თვითგამართლებასთან.

დასავლური სამყაროს მიერ დანაშაულის უკიდურესი განცდა კოლექტიური ნევროზის სახით გამოვლინდება. დიახაც რომ ზეპერფექციონიზებულ სამყაროში თანშობილი ცოდვის ხელახალ აღმოჩენაზე შეიძლება ასეთ დროს ლაპარაკი.

თეთრი მამაკაცის დანაშაული ის თანშობილი ცოდვაა, რომლისაც კეთილ ადამიანებს სჯერათ. მაგრამ რაკი მათ, ქრისტიანებისგან განსხვავებით, ცოდვათა გამოსყიდვის აღარ სჯერათ, მთელი სიცოცხლე მონანიების ერთ დაუსრულებელ რიტუალად გადაუქცევიათ.

ნიცშე ამაში დეკანანსის უთვალსაჩინოეს სიმპტომს ხედავდა: თვითზიზღსა და თვითდაკნინებაში თავადვე ამოვლებას. საქმე ეხება თვითბრალდების გზით თვითგამართლების რაფინირებულ ტექნიკას. ამ პოლიტიკურმა მორალიზმმა დღეს უკვე თეოლოგიური განზომილება შეიძინა. ეს არის თვითგვემა, რომელიც შუა საუკუნეთა თვითგვემას მოგვაგონებს. აღარავინ უნდა იამაყოს. იამაყე მხოლოდ საკუთარი ცოდვებით. ეს მარტო რელიგიურად კი არ ჟღერს, არის კიდეც რელიგია. გერმანელები თავიანთ ცოდვებს ამაყად მოიპოვებენ ჰოლოკოსტიდან, დიდი ევროპული ერები – კოლონიალიზმიდან, აშშ კი – რასობრივი დისკრიმინაციიდან.

„გამოფხიზლებულ“ მემარცხენეთა დანაშაულის კულტი ქმნის ცოდვებს, სასჯელის დადებებს და მიტევებებს. ეს ის თეოლოგიური სქემაა, რომელსაც ახლა უფრო და უფრო ხშირად იყენებს პოლიტიკა. ამჟამად მემარცხენეები უკიდურესად ანტიმარქსისტულები არიან, რადგან ისინი იმ ლუმპენპროლეტარიატზე კონცენტრირდებიან, რომელიც მარქსს ეზიზღებოდა. მათ პოლიტიკას ერთადერთი შინაარსიღა აქვს: დისკრიმინაცია ბოროტებაა. დღეს უკვე აღარაფერს ასაბუთებენ პოლიტიკურად ან ეკონომიკურად, არამედ, უბრალოდ, „გამოფხიზლებულან“. „დისკრიმინაციამ“, როგორც მემარცხენეთა საკვანძო ცნებამ, ჩაანაცვლა „ექსპლოატაცია“. „ინტერსექციონალობა“ კი აკადემიური საკვანძო ტერმინია დისკრიმინაციათა წარმატებული აკუმულაციის აღსანიშნად. ამისთვის არსებობს მარტივი ენობრივი მარკერები:

„ყველაფერი, რაც კარგია, არის ტრანს-; ყველაფერი, რაც ბოროტია, არის -ფობია.“

ამ ფონზე გასაგები ხდება, როგორ შეიძლებოდა ქცეულიყო მემარცხენეთა პრაქტიკებად ისეთი ცენზურა, ინკვიზიცია და სამარცხვინო ბოძი, როგორებსაც მხოლოდ შუა საუკუნეებიდან ვიცნობთ. ახალი იაკობინელები თავიანთი შელახული სინდისის ხმას იმით ახშობენ, რომ თავს საზოგადოების სინდისად ასაღებენ: როგორც მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფის სირენები, როგორც – დაჩაგრულ უმცირესობათა ადვოკატები და როგორც – მემარჯვენეთა წინააღმდეგ ბრძოლაში უშიშარი, დაგვიანებული ანტიფაშისტები.

მართალია, შიშის ინდუსტრიასა, დანაშაულის ინდრუსტიასა და ანტიფაშიზმის ინდუსტრიაში ინტელექტუალებისთვის უამრავი სამუშაო ადგილია, მაგრამ მსოფლიოს მხსნელებს გზად უფრო და უფრო ხშირად ეღობება დემოკრატია. ამის მაგალითებია თუნდაც ახალგაზრდული მოძრაობა „Fridays For Future“, ასევე – „Extinction Rebellion“ და „Letzte Generation“. თავიანთი ჭეშმარიტების საღაღადებლად მათ სურთ, რომ პირი აუკრან იმათ, ვინც მათ არ ეთანხმება. ამ დროს ისინი იმ მითითებას ასრულებენ, რომელსაც ჰერბერტ მარკუზე ჯერ კიდევ 68 წლის მოძრაობის მონაწილეებს აძლევდა, სახელდობრ: რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების ბურჟუაზიული რეპრესიული ტოლერანტობა განმათავისუფლებელი რევოლუციური ტოლერანტობით ჩაენაცვლებინათ. ეს იმას გულისხმობდა და გულისხმობს, რომ რაკი ჩვენი საზოგადოება საფრთხეშია, გამართლებულია სიტყვის და შეკრების თავისუფლების აკრძალვა. კონკრეტულად ეს შემდეგს ნიშნავს (ვციტირებ მარკუზეს):

„მარჯვნიდან წამოსულ მოძრაობათა მიმართ შეუწყნარებლობა და მარცხნიდან წამოსულ მოძრაობათა მიმართ შემწყნარებლობა“.

ნახევარი საუკუნის წინ პროფესორები სტუდენტური მოძრაობის დარტყმის ქვეშ იყვნენ. დღეს ისინი ბოლონიის პროცესის დარტყმის ქვეშ არიან. მართალია, ბოლონიის პროცესი ნაკლებად სენსაციურად მიმდინარეობს, მაგრამ თანამდევი შედეგები არანაკლები აქვს. რასაც მაშინ ანარქიამ ვერ მიაღწია, დღეს ის ბოლომდე მიჰყავს ბიუროკრატიას, სახელდობრ, სულის გაძევება უნივერსიტეტიდან. უკვე აღარავის აღელვებს ის რეალობა, რომ სტუდენტს ისე ექცევიან, როგორც – კლიენტს, სწავლება კი გაიგება, როგორც – მომსახურება. ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერები სპონსორობის ფეტიშს ისე აღმერთებენ, თითქოს საქმე იძულების რელიგიურ რიტუალს ეხებოდეს. ამას ემატება პოლიტიკის სამომჭირნეო ბრძანებები, რომლებიც პროფესორებს უბიძგებს, თავად გადაწყვიტონ, საკუთარი სხეულიდან რამდენი კილოგრამი ხორცი ჩამოიჭრან. ამის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერთა სასოწარკვეთა გასაკვირი სულაც არ არის. ისინი უგულოდ დაეძებენ ყველაფრის მალეგიტიმირებელ დაფინანსებას და წერენ პროექტებს, რომლებსაც რაღაც მაინც უნდა ჰქონდეს საერთო რასიზმთან, გენდერთან, გარემოს მდგრად განვითარებასთან ან მემარჯვენეების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

მაგრამ ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერთა სავალალო მდგომარეობა თავად მათივე ბრალიც არის. ის, რაც განმანათლებლობად და განჯადოებად დაიგეგმა, სწრაფადვე გადაიქცა ვუდუ-მეცნიერებად. ვგულისხმობ მეცნიერების მეტაფორულ გამოყენებას, მათემატიკის გადაქცევას მკერდზე მჯიღისცემად, ფსევდოტექნიკურ ჟარგონს და დეკონსტრუქტივიზმის კულტივირებულ ეზოთერიკას. რაც ამ ყველაფრის შედეგად უმრავლეს შემთხვევაში იბადება, სამწუხაროდ, სწორედ ის არის, რასაც ჰარი ფრანკფურტის ზუსტი განსაზღვრებით ჩმახი ჰქვია.[3]

ეკონომისტმა თომას სოუელმა ერთხელ აღნიშნა, უნივერსიტეტებში არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი იწარმოება, არამედ – ხელოვნური სიბრიყვეცო. და მართლაც, დღესდღეობით სტუდენტებს და პროფესორებს, პირველ რიგში ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე, უვიცობის სათბურში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ. ზრდასრულობა აუცილებელი აღარ არის, ემანსიპირებული უნდა გახდეთ. შესაძლოა, ეს სტუდენტური მოძრაობიდან ნამემკვიდრევი ყველაზე მძიმე ბალასტი იყოს. დღეს ის პოლიტიკური კორექტულობის ფარსის სახით მეორდება. მის დისკურსს შეადგენს ლინგვისტური ჰიგიენა, მორალიზმი და თვალთმაქცობა, ასევე – სოციალური კიჩი და ტოლერანტობის პოლიტიკურად საშიში პერვერსია. ამ აკადემიური დისკურსის ტონი სულ უფრო მძაფრდება, რადგან თეორიაში ხელ-ფეხშეკრული ადამიანი პოლიტიკურად აგრესიული ხდება. ამიტომაც არის, რომ ასეთ ამაო ფუსფუსს ბევრი აღარაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.

ამჟამად უნივერსიტეტები თავიანთი შავი ვარსკვლავის კვლევებით, გენდერის კრიტიკული კვლევებით თუ პოსტკოლონიური კვლევებით სხვა არაფერია, თუ არა – იმ ხალხის ბოღმის სათბურები, ვისაც ასწავლეს, თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდეს. და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები თეთრი ადამიანის დანაშაულის გასაცნობიერებელი სათბურებიც არის. ამ სათბურებში თავის გადასარჩენად ნებადართულია სულელად ყოფნა, მაგრამ არა – პარტიული ხაზიდან გადახვევა. ამიტომ სწავლობენ სტუდენტები სასწრაფოდ, თავიანთი ზნეკეთილობის სიგნალიზებისთვის, განსაზღვრული ტერმინების გამოყენებას: მდგრადობა, ქსელურობა, ეკოლოგიური ნაკვალევი, მულტიკულტურალიზმი, ინტერსექსუალობა, ჯგუფური იდენტობა და ა. შ.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრობლემა არ არის. საზოგადოება, რომელსაც არც რელიგიაზე და არც სამოქალაქო ტრადიციასა და საღ ადამიანურ აზრზე ორიენტირება შეუძლია, სწორედ „სიკეთის“ იმ ტერორის უნებისყოფო მსხვერპლადყოფნისთვის არის განწირული, რომელიც უნივერსიტეტებსა, რედაქციებსა და ანტისადისკრიმინაციო სააგენტოებში ხარობს. სხვათა შორის, მას ვერც პოლიტიკურ კორექტულობას დავარქმევთ, რადგან ეს პოლიტიკურად არაკორექტული იქნება.

ალან კორსმა და ჰარვი სილვერგლეიტმა თავისუფლების აკადემიური ღალატის შესახებ თავიანთ შთამბეჭდავ და გულსაკლავ მონათხრობში[4] თანამედროვე უნივერსიტეტი დაახასიათეს, როგორც თავისუფალი საზოგადოების უდიდესი მტერი. და ეს – იმიტომ, რომ დღესდღეობით უნივერსიტეტი სტუდენტებს აღარ ექცევა როგორც ინდივიდებს, არამედ – როგორც ჯგუფური იდენტობის განსხეულებებს, და მათ ჯგუფური უფლებების შესატყვისად ასწავლის.

სულის ახალი ინჟინრები მუშაობენ ენობრივი კოდების, ჯგუფური იდენტობის განაწესების და Sensitivity-ისა და Wellness-ის საწვრთნელი ბანაკების დახმარებით.

მაგალითად, ვაშინგტონის უნივერსიტეტმა გამოსცა პრობლემური სიტყვებისგან დამცავი ენობრივი გზამკვლევი. იგულისხმება რასისტული და სექსისტური ტერნინები, მაგრამ ასევე – სიტყვები, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი სახით დაამციროს ან შეურაცხყოს. ნაცადია ისეთი ინკლუზიური ენის შექმნა, რომელშიც თავს ყველა კომფორტულად იგრძნობს. პოლიტიკური კორექტულობის ენის პოლიციას არ სურს, რომ ჩვენ დისკრიმინაციას მივმართავდეთ (ეს ნიშნავს: განვასხვავებდეთ). არავის აქვს უფლება, უკეთესი ან უარესი იყოს. მაგრამ ვინაიდან ნებისმიერი განსაზღვრება, ნებისმირი დეფინიცია განმასხვავებელია, ინკლუზიური ენის სამოთხეში მკაფიო ფორმულირებები სრულიად შეუძლებელია. ეს კი იმას იწვევს, რომ საკუთარ თავს პერმანენტულად უნდა ეკითხებოდე: „ამის თქმა ისევ თუ შეიძლება?“ ამის მერე კი ბევრი თავს დუმილს აფარებს. არადა, როცა აღარ იცით, რა არის ნებადართული და რა – აკრძალული, დესპოტიაში ცხოვრობთ. და, აი, ყოველდღიურად თავს ახალი პრობლემური სიტყვები გესხმიან. მაგალითად, ვინც სიტყვა „ინდივიდს“ გამოიყენებს, მაშინვე ეჭვს აღძრავს, რომ ის ჯგუფურობის სულიწმინდის წინაშე სცოდავს.

პოლიტიკური კორექტულობის ამ ჩრდილოვან უნივერსიტეტში, დიდი ხანია, თავისუფალ ინდივიდთა ღია დისკუსია ცენზურით, დაშინებით და ინდოქტრინაციით არის ჩანაცვლებული. წარსულში დისკრიმინირებულ ჯგუფებს ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ დადებითი კონტრდისკრიმინაციით. ჰოდა, რაკი თავისუფლებას პოლიტკორექტულობისთვის Nullsummenspiel არის და ფული არ მოაქვს, ეს ფული თეთრმა ადამიანებმა უნდა გადაიხადონ. წინააღმდეგობის გამწევს კი არ ეკამათებიან, არამედ აჩუმებენ. ასე ბატონდება ინტელექტის მარადიული მშვიდობა. ვერავინ ბედავს, რომ დამოუკიდებელი აზროვნების გზას დაადგეს. ამიტომაც აღარ არსებობენ დიდი მოაზროვნეები.

ვისაც მსოფლიოს გადარჩენა სურს, ავადმყოფია. როგორც ჩანს, ასპერგერსინდრომიანი პაციენტის, გრეტა თუნბერგის ზემგრძნობიარობა ყველაფრის საზომი გახდა. უტოპისტმა სოციალისტმა ფურიემ ოდესღაც თქვა, სამყარო და ადამიანი ერთიანი ორგანიზმია ერთადერთი კანით და ამიტომ ყველა ყველას ტკივილს გრძნობსო. ამის ერთობ კარგი მაგალითია გრეტას თაობის ჰიპერსენსიბილობა. ჰიპერსენსიბილობა ნიშნავს უფრო მეტად ტანჯვას იმის მიუხედავად, რომ საამისოდ უფრო ნაკლები მიზეზი აქვთ. მხოლოდ „Fridays For Future“-ის მერე როდი თამაშობენ ამაში მთავარ როლს მოსწავლეები და სტუდენტები.

გერმანელ-ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა ერიკ ერიკსონმა ჯერ კიდევ ათწლეულების წინ შენიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში სწორედ შეძლებული განათლებული ახალგაზრდები ცხოვრობენ ფსიქოსოციალური მორატორიუმის ვითარებაში. ეს იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია. ფსიქოსოციალური მორატორიუმი იმას გულისხმობს, რომ ადამიანები, რომლებიც განსწავლის ხანგრძლივ პერიოდს გადიან, ანუ, როგორც წესი, გიმნაზიასა და უნივერსიტეტში, საზოგადოებისგან ისვენებენ. განსწავლის ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათ არც სოციალური და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ ევალებათ. ისინი, ძირითადად, მარტო ცხოვრობენ ან – სახელმწიფოს და ოჯახის ხარჯზე. მკაცრი საზოგადოებრივი რეალობიდან ასეთი სიშორე იოლად იწვევს ერთობ დამახინჯებულ მსოფლმხედვებს, მაგრამ ეს მსოფლხედვები, მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა უმაღლესდამთავრებულთა დიფერენცირებული განათლების მიზეზით, ხშირად უკიდურესად ინტელექტუალიზებულია და საღი ადამიანური აზრი მათ ვერ არყევს. მოკლედ: განათლების პროცესები განიცდიან რეალობის კონტროლის არარსებობას. ისინი აწარმოებენ ერთობ ინტელექტუალურ, მაგრამ უმწიფარ ადამიანებს. უმაღლესი დონის სოციალურ სიბრმავეზეც კი შეიძლება ლაპარაკი.

სამსაფეხურიანი ევოლუციის – ვარიაციის, სელექციის და რესტაბილიზაციის – ანალოგიით, ადრე განასხვავებდნენ ზრდასრულობის სამ საფეხურს. განვითარება იწყებოდა ცნობისმოყვარეობით მართული ქცევით, რაც ვარიაციულობაზე ზრუნავდა. ამას მოსდევდა კარიერულ კიბეზე აღმასვლა (ეს იყო სელექციის ფაზა). ზრდასრულობის დამამთავრებელი, რესტაბილიზაციის ეტაპი უზრუნველყოფის ფაზა იყო, ე. ი. მიღწეულის შენარჩუნების უზრუნველყოფა. მომწიფებული მამაკაცურობა, როგორც ამას ჯერ კიდევ მაქს ვებერი მიიჩნევდა შესაძლებლად, საკუთარი წარსულიდან გაღწევას კი არა, მის სტრუქტურირებას ცდილობდა. და – პირიქით, ეს იმას ნიშნავდა, რომ ზუსტად იმ ზომით იყავი ზრდასრული, რა ზომითაც წყვეტდი მომავლის წარმოდგენას ბედნიერებად ან უბედობად. სხვა სიტყვებით: ზრდასრული ხდებოდი მხოლოდ მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოებაში აღმოჩნდებოდი. მაგრამ ამ ყველაფერზე ლაპარაკი სინამდვილეში მართლაც მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია, რადგან ფსიქოსოციალური მორატორიუმი, ანუ ზრდასრულობის გახანგრძლივებული პროცესი, რაც ადრე მხოლოდ მოსწავლეთათვის და სტუდენტთათვის იყო ტიპობრივი, ცხოვრების ნორმალურ ფორმად იქცა.

ჩვენი დროის საიდუმლო კერპია პიტერ პენი: ზრდასრულად ქცევის ხორცშესხმული უარყოფა. ერთ დროს მოზარდობა ნიშნავდა სიწითლეს, ზრდასრულობა კი – გამუქებას. ამჟამად ასეა: რა ხანია გაჭაღარავებულან და მაინც მწვანენი დარჩენილან. ეს ნიშნავს: აღარ ხდებიან ზრდასრულნი.

ეს ზუსტად შეესატყვისება იმ სურათს, ენის ეგრეთ წოდებულმა კრიტიკოსებმა „წლის ფუჭი სიტყვის“ უარყოფითი პრიზი რომ მიანიჭეს სიტყვას „Eigenverantwortung“ („პირადი პასუხისმგებლობა“). იმიტომ, რომ ზრდასრულობის აუცილებლობა Zeitgeist-ს (ეპოქის სულს, დროის სულისკვეთებას) თავხედურ მოთხოვნად წარმოუდგება.

მწვანე ახალგაზრდების ფედერალურმა თავმჯდომარემ, სარა ლეე ჰაინრიხმა, რამდენიმე წლის წინ ტვიტები გამოაქვეყნა, რომელთა სიმაღლესაც ძნელად რომ ვინმე შესწვდეს. მათი გავრცელებისთანავე ისეთმა რისხვის ტალღამ იხუვლა, მკვლელობის მუქარებსაც რომ შეიცავდა. მერე მხოლოდ ამ დამამცირებელ რეაქციებზე ინფორმაციები ვრცელდებოდა. რაც შეეხება თავად ქალბატონ ჰაინრიხს, მას იმაზე მითითებით იცავდნენ, რომ ის მაშინ 15 წლის იყო, ანუ იგულისხმებოდა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის, დღეს ის უკვე ზრდასრულიაო. საკითხი კი სწორედ ეს არის: გაიზარდნენ კი მისი თანატოლები? აკი იგივე შეკითხვა ისმის გრეტა თუნბერგის ისტერიულ შეძახილებთან, Rezo-ის უხერხულ ფსევდოაუთენტურობასთან და „Fridays For Future“-ის გერმანელი მენეჯერის, ლუიზა ნოიბაუერის ფრაზებთან დაკავშირებით.

გრეტა თუნბერგი იმ საპროტესტო მოძრაობის საკულტო ფიგურაა, რომელსაც ყველგან მწვანე შუქი აქვს ანთებული. ის ადანაშაულებს საზოგადოებას და პოლიტიკური და მედიაელიტა მას ამისთვის აქებს.

მისი ბავშვურობა ნამდვილობის მახასიათებლად აღიქმება, არადა ის უკვე დიდი ხანია ვარსკვლავია და მისი გამოსვლები ყოველთვის იყო კლიმატის ინდუსტრიისთვის მარკეტინგი. ახალგაზრდა ეკოლოგიური აქტივისტებისა და ჩვენი წამყვანი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთო მახასიათებელია მემარცხენე ექსტრემისტად თავისუფალი ნარნარი; და ეს ექსტრემიზმი სწორედ იმით ამაყობს, რომ მას რეალობა არ აწუხებს. ამ მოძრაობებს და ორგანიზაციებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ: მტრობენ სიხარულს, არიან დოქტრინულები და იუმორს მოკლებულები. ამით ისინი არა მხოლოდ ახალ იაკობინელებს სთავაზობენ სამშობლოს, არამედ – ახალ ვიქტორიანელებსაც.

ბავშვების ცხოვრებაში ყველაზე საამური ის არის, რომ მათი უპასუხისმგებლობა და პრეტენზიული აზროვნება საწყენად არავის უჩანს. ბევრი მშობელი ახალისებს მათ ამისთვის, ამასობაში კი მათ აღზრდას მათი გაღმერთება ცვლის. ესეც აშკარაა გრეტას შემთხვევაში. მას უფლება აქვს, უსაზღვრო მოთხოვნებიც წამოაყენოს და, იმავდროულად, მსოფლიოს აპლოდისმენტების ფონზე, მოწყალების ღირს მსხვერპლსაც განასახიერებდეს.

ბავშვებს ისე ძალიან ანებივრებენ, რომ მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ, თავიანთი აგრესია გარშემომყოფებისკენ მიმართონ და ზრდასრულებს დატუქსვით უქადაგონ. ეს მათ თავს სხვებზე უკეთესად წარმოადგენინებს და ნარცისულ კმაყოფილებას ანიჭებს. ეს კი სწორედ ისაა, რასაც ამჟამად თვალს ვადევნებთ ისეთი ახალგაზრდული მოძრაობის შემთხვევაში, როგორიც არის „Fridays For Future“. ამიტომაც უნდა შევიტანოთ კორექტივი ნილ პოსტმენის ცნობილ თეზისში: ბავშვობა კი არა, ზრდასრულთა სამყარო ქრება. უკვე აღარ იზრდებიან. ფსიქოსოციალური მომწიფების პროცესები ნაადრევად წყდება და, ამის შემხვედრ მიმართულებად, რეგრესიის ყველა შესაძლო ფორმა ნორმალიზდება.

მაშასადამე, მართალი აღმოჩნდა დენ კილი, რომელმაც ჯერ კიდევ 80-იან წლებში აღწერა პიტერ პენის სინდრომი: ამ ტიპის გადამწყვეტი მახასიათებლებია უპასუხისმგებლობა, ნაკლული თვითდისციპლინა, უსაზღვრო მეოცნებეობა, ჯგუფურობის კულტი და ნარცისიზმი. ჯეიმს ბარის საბავშვო წიგნი პიტერ პენზე, რომელიც თავის ცხოვრებას კუნძულ ნევერლენდზე თამაშში ატარებს, დღეს ისეთი აქტუალური ჩანს, როგორც – არასდროს.

არც კულტურის ისტორიკოსი იოჰან ჰუიცინგა გულისხმობდა რამე სხვას, როცა ჩვენს კულტურას პუერილიზმს უწოდებდა. პუერილიზმისთვის დამახასიათებელია მსჯავრის უზომობა და სხვათა შეხედულებების მიმართ შეუწყნარებლობა. ბავშვურია ქცევა, რომელსაც მსოფლიოს გამაღიზიანებელი სირთულისთვის ადგილის გასუფთავება სურს. და ეს ყოველთვის სიკეთის მოსურნე ის გულია, რომელსაც ყველასთვის ყველაფრის მიცემა სურს. მხოლოდ საუკეთესოა საკმარისად კარგი, და ის ხელის ერთი დაკვრით უნდა იქნას მიღწეული. არსებული ვითარება წარმოჩნდება, როგორც კატასტროფული პროცესი, რომელიც ერთადერთ გამოსავალსღა გვიტოვებს, სახელდობრ, სათადარიგო მუხრუჭის ამოქმედებას. მსგავსადვე ამტკიცებს ნებისმიერი ინფანტილური პოლიტიკა, რომ მისი აზრის ალტერნატივა არ არსებობს და თორმეტს ხუთი წუთი უკლია.

ჩვენი განათლების კერებიდან გამოსულნი, ძირითადად, რიტორიკულად და თეორიულად ჩინებულად არიან განსწავლულნი, მაგრამ – რეალობას მოწყვეტილნი და საღი ადამიანური აზრისგან შორს მყოფნი. ისინი, თავიანთ აბსურდულ თეორიებს რომ იცავენ, ამიტომაც მიდიან ბოლოს რეალობის უარყოფამდე. ასე რომ, გაფიცული მოსწავლეები, „გამოფხიზლებული“ სტუდენტები და აკადემიური ინტელექტუალები თანამედროვე მსოფლიოს მოუხილვადობასა და სირთულეზე თავიანთი რეაქციებით ხშირად საერთოდ არ განსხვავდებიან მათთვის საძულველი პოპულისტებისგან. ორივე მხარეს ემოციონალიზება, სიჯიუტე და მძვინვარებაა გამეფებული. პოპულისტების მსგავსად, ახალგაზრდა აქტივისტებიც ინფანტილური პოლიტიკოსები არიან. ამ დროს დიდი საფრთხე იმათგან მოდის, ვინც ამტკიცებს, რომ დრო აღარ დარჩა განსჯისთვის და რომ ახლა საჭიროა მოქმედება.

1985 წელს ჰერბერტ გრიონემაიერმა შეასრულა სიმღერა სახელწოდებით „ძალაუფლება ბავშვებს“. ჩანს, დღეს ეს სურვილი რეალობა ხდება. უკვე რა ხანია, მემარცხენეები საარჩევნო ასაკის შემცირებას მოითხოვენ, ბუნდესთაგის ბოლო არჩევნებზე კი ბებია-ბაბუებს, ამ „გარემოს ამაოხრებლებს“, თავიანთი ხმა შვილიშვილებისთვის უნდა მიეცათ. საზოგადოებრივი მედია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს პოლიტიკურ დღის წესრიგს „Fridays For Future“-აქტივისტები ანუ გრეტები, ლუიზები, Rezo-ები განსაზღვრავენ. ბუბლიკის მონაწილეობით გადაცემულ თოქ-შოუებში, უკვე დიდი ხანია, ფუნქციონირებს „სწორი“ კითხვების დამსმელ მოქალაქეთა კასტინგი.  მაგრამ დღეს ეს საკმარისი აღარ არის, დღეს უკვე მემარცხენე აქტივისტები ამ საქმეში ბავშვებს რთავენ და მათ სიტყვა-სიტყვით კარნახობენ, თუ როგორ უნდა იფიქრონ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენთვის უკვე ცნობილია გდრ-იდან და ჩინეთიდან. პოლიტიკურ-მედიალური ელიტა უფრო და უფრო ხშირად აპელირებს ინფანტილურ ემოციონალობაზე. ბავშვებისგან არგუმენტებს არავინ მოელის. მაგრამ რას მოვა არგუმენტი ცრემლებთან და აღშფოთებასთან?! ბავშვურობა ხომ უშუალობად აღიქმება.

ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლიან ზრდასრულთა დადანაშაულებას და მერმისის წარმომადგენლებად საკუთარი თავის დასახვას, თითქოს ბავშვების სიბრძნე ურთულეს სამყაროში ორიენტირებაში დაგვეხმარება. მას მერე, რაც გრიონემაიერმა „ძალაუფლება ბავშვებს“ იმღერა, პოლიტიკური ინფანტილიზმის ეს კიჩი ყვავის და იფურჩქნება. ამასვე უნდა მივათვალოთ ერთდროულად სენტიმენტალური და ჭკუასუსტი თეზისი, რომ დედამიწა ზრდასრულებს ბავშვებისგან ვალად აუღიათ. მაგრამ ბავშვებისთვის რომ პოლიტიკური აქტივისტების როლი მოურგიათ, ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ უფროსები იქცნენ ბავშვებად. ამერიკული ხელახალი აღზრდა გარდაუვალი და, შესაძლოა, სასარგებლოც კი იყო ომისშემდგომ გერმანიაში. საკეთილდღეო-სახელმწიფოებრივ პატერნალიზმში კი თავს თავადვე ვყოფთ. დღესდღეობით ხომ ცხოვრების არცერთი სფერო აღარ დარჩა, რომელშიც სახელმწიფო მოხელეები როგორც ბავშვებს, ისე არ გვიბიძგებენ სწორი მიმართულებით. ამას „Nudge“-ს (ბიძგებას, ჯიკებას – მთრგმ.) ეძახიან.

2015 წლის 14 იანვარს ბერლინს კას სანსტაინი ესტუმრა. 14 ოქტომბერს კი, საბირჟო დღეს, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი ზრდასრულ მომხმარებელს დაემშვიდობა. ეს თარიღები დასამახსოვრებელია, რადგან ისინი ახალი გერმანული პოლიტიკის ნიშნულებია. ვინ არის კას სანსტაინი? ის ამერიკელი სამართლის პროფესორია, მაგრამ, პირველ რიგში, ეგრეთ წოდებული ქცევითი ეკონომიკით არის დაინტერესებული. საქმე ეხება, უბრალოდ, საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ხალხის ქცევის შეცვლა. სანსტაინის ნააზრევის შედეგი წარმოდგენილია წიგნში, რომელსაც „Nudge“ ჰქვია (გერმანულად, დაახლოებით – „სწორი მიმართულებით ბიძგება“). მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ერთგვარ სოციალურ მეურვეობას ეხება. სანსტაინი და მისი თანაავტორი რიჩარდ ტალერი მათ მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკას განსაზღვრავენ, როგორც ლიბერტარიანულ პატერნალიზმს. მათ სურთ, ამ პარადოქსით შთაგვაგონონ, რომ მეურვე სახელმწიფოს ჩვენი თავისუფლების დაცვა შეუძლია. კას სანსტაინი ამ გამოგონებისთვის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში თანამდებობით დაჯილდოვდა, მისმა კოლეგამ რიჩარდ ტალერმა კი იმას მიაღწია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „Nudge-Unit“ შექმნა. რა თქმა უნდა, ამის მერე მხოლოდ დროის საკითხი იყო გერმანიის მთავრობის ჩაყოლიება. მაშინდელმა ფედერალურმა კანცლერმა მერკელმა იმას, რასაც აქ ეხება საქმე, ეფექტური მართვა უწოდა. ახალი პოლიტიკა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ, ნაცვლად აკრძალვისა, უბიძგოს. ჩვენ ჩვენივე ორგანოების დონორებად უნდა ვიქცეთ და სიბერისთვის რესურსები მოვიმარაგოთ. ენერგია უნდა დავზოგოთ და ჯანმრთელად ვიკვებოთ. თუნდაც მხოლოდ „veggie day“-ის ტიპური მწვანე იდეა გავიხსენოთ. მაგრამ ახლა უკვე აღარ სურთ, სწორი ცხოვრება განგვიწესონ. პოლიტიკას სურს, მხოლოდ განწესებულ სწორ ცხოვრებაზე „არა“-ს თქმა გაგვირთულოს.

„Nudge“-ს პატერნალისტური უნივერსალური რეცეპტი უმალ განიმარტება: როცა საქმე ისეთ თემებს ეხება, როგორებიც არის ჯანმრთელობა, განათლება ან საპენსიო უზრუნველყოფა, ადამიანებს მათთვის შეთავაზებული არჩევნების შესაძლებლობათა სიჭარბე ვერაფერს უშველის. რაც უფრო რთულია ვითარება, მით მეტად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს სოციალური დიზაინი, რომელიც მოქალაქეებს და მომხმარებლებს სწორი მიმართულებით უბიძგებს. მაშასადამე, სოციალური სახელმწიფოს წინდახედულ პატერნალიზმს სურს, რომ ჩემივე ნების სისუსტეთაგან და ირაციონალიზმისგან დამიცვას.

სხვები გააკეთებენ ჩემთვის იმას, რასაც თავად გავაკეთებდი, საღ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი.

„Nudge“ ნიშნავს: ხალხი, რომელმაც არ იცის, თუ რა არის მისთვის სასიკეთო, საჭიროებს კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც მის გადაწყვეტილებებზე სასარგებლო ზეგავლენას იქონიებენ. მაშასადამე, თანამედროვე პატერნალისტები ფიქრობენ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს და ექსპერტს ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, გავლენა იქონიოს სხვა ადამიანებზე, რათა ამ უკანასკნელებმა უფრო დიდხანს, უფრო ჯანმრთელად და უკეთესად იცხოვრონ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანზე სახელმწიფოს მზრუნველობა დადებითი საყოველთაო კეთილდღეობის პოლიტიკამდე ფართოვდება. უკვე დიდი ხანია, რაც ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ პოლიტიკამ თითოეული ადამიანის ცხოვრება ზუსტი პატარ-პატარა განაწესებისგან ნაქსოვ ბადეში მოაქცია და უმარტივეს საკითხებშიც კი მზრუნველ სოციალურ სახელმწიფოზე დამოკიდებული გაგვხადა. ახლა ჩვენი მეურვე სახელმწიფო კიდევ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა: პოლიტიკა თერაპიულ დანიშნულებას იძენს. ბედნიერება გაიგება, როგორც უნივერსალიზებადი ღირებულება, და ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ დადებითი საყოველთაო კეთილდღეობის პოლიტიკამ საკუთარი თავი გაიაზროს, როგორც თითოეული განვითარებადი გადაღლილი ადამიანისთვის გაწეული ეკონომიკური დახმარება. ასე იქცევა პოლიტიკა ბედნიერების იძულების შემოთავაზებად.

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ

______________________________

[1] იგულისხმება ბირგიტ კელლეს ბესტსელერი, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებს გენდერდის კურსისგან: Birgit Kelle: GenderGaga. Wie eine absurde Ideologie unseren Alltag erobern will. adeo, Asslar 2015.

[2] Gutmensch ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც კეთილისმყოფელი, უწყინარი, ნაივური, ალალი, გულუბრყვილო. გერმანულ ენაში ეს სიტყვა ირონიული და უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.

[3] იგულისხმება ჰარი ფრანკფურტის ესსე სახელწიდებით „ჩმახი“. ამ ტექსტის ქართული თარგმანი იხ.: პოეზიის ჟურნალი „ყოველი შემთხვევისთვის“, N1, 2021. გვ. 147-172.

[4] იგულისხმება შემდეგი გამოცემა: Alan Charles Kors, Harvey A. Silverglate: The Shadow University: The Betrayal Of Liberty On America's Campuses. The Free Press, New York 1999.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა