„მხოლოდ უდაბნო რეცხავს და წმენდს სულს“ | ინტერვიუ დარეჯან გარდავაძესთან
თამარ მღებრიშვილი: იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი, არაბულენოვანი მწერალია, რომლის უკვე მეორე წიგნი თარგმნეთ ქართულად. პირველი იყო „ოქროს ქვიშა“, სულ ცოტა ხნის წინ კი, კვლავ გამომცემლობა „ინტელექტმა“, მისი მეორე რომანი „ქვიდან ნაჟური სისხლი“ გამოსცა. წიგნს თქვენი ვრცელი წინასიტყვაობა ერთვის, რომელიც მკითხველისთვის ერთგვარი გზამკვლევია მწერლის გასაცნობად - რა გზა გაიარა იბრაჰიმ ალ-ქუნიმ, რა არის მისი შემოქმედების ამოსავალი წერტილი და როგორ მოხდა, რომ არაბულენოვან სამყაროში მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორი ერთ დღეს მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
სხვა მრავალ პრიზთან ერთად, ალ-ქუნი ამ რომანით 2015 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში მოხვდა – და მნიშვნელოვანია, თუ ვის გვერდით აღმოჩნდა ამ სიაში. მაშინ ალ-ქუნიმ ვერ გაიმარჯვა, თუმცა პრიზი უნგრელ მწერალს, შარშანდელ ნობელიანტს, ლასლო კრასნაჰორკაის ერგო.
სანამ თავად რომანზე ვისაუბრებდეთ, მინდა ავტორით დავიწყოთ. ალ-ქუნიმ შეძლო და ლიტერატურათმცოდნეთა წარმოდგენა რომანზე, როგორც ურბანულ ხელოვნებაზე, მნიშვნელოვნად შეცვალა. მან თითქოს ყველა თეორია თავდაყირა დააყენა და მთელი ცხოვრება აბსტრაქტულ ფენომენზე – „უდაბნოზე“ – წერას მიუძღვნა. თქვენთვის, როგორც მთარგმნელისთვის, რა დგას ალ-ქუნის „უდაბნოს“ უკან და როგორ ცვლის ეს მწერალი ჩვენს წარმოდგენებს კლასიკურ რომანზე?
დარეჯან გარდავაძე: ლიბიელი ტუარეგი, ლიბიის საჰარაში დაბადებული და გაზრდილი, არაბულენოვანი და არაბულ-მუსლიმური კულტურით ნასაზრდოები მწერალი იბრაჰიმ ალ-ქუნი, თამამად ვიტყვი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია – იმ რანგის მწერალი, რომელიც ვერაფრით დარჩებოდა შეუმჩნეველი, სულაც რომ ლიბიის უდაბნოში დარჩენილიყო და მშობლიურ ტუარგულ გარემოში ეწერა (ტუარეგები ბერბერული მოდგმის ტომებია საჰარის უდაბნოში. ისინი ცხოვრობენ დღევანდელი ლიბიის, ალჟირის, მაროკოს, მალის, ნიგერის, ბურკინა-ფასოს ტერიტორიებზე), თუმცა განვლილმა საკმაოდ გრძელმა ცხოვრების გზამ (ის უკვე 77 წლისაა) და უმდიდრესმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ – საფუძვლიანმა ლიტერატურულმა განათლებამ, რუსულმა და ევროპულმა მულტიკულტურულმა ცხოვრებამ (მოსკოვში, ვარშავაში, ციურიხში, სამხრეთ ესპანეთში), მისი რომანების წარმატებულმა ევროპულმა თარგმანებმა იბრაჰიმ ალ-ქუნის მწერლობას ბევრად უფრო ფართოდ გაუღო კარი მსოფლიო მკითხველისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ის მაღალი ინტელექტით გამორჩეული, თუმცა ბუნებით მაინც ნომადი მწერალია, რომელიც ძლიერადაა დაკავშირებული სუფიურ მისტიკასთან, აღმოსავლურ ფილოსოფიასთან. მის რომანებში ძლიერ იგრძნობა უდაბნოს სულიერი გამოცდილება, „ხილულ“ და „უხილავ“ სამყაროთა შორის მოქცეული ადამიანის სულიერი გამოცდა და ასკეზი მის შინაგან, სულიერ გზაზე. ეს ის თემებია, რომლებიც თანაბრად აინტერესებს და იტაცებს ინტელექტუალური მწერლობის მოყვარულ მკითხველს მსოფლიოს ყველა კუთხეში.
იბრაჰიმ ალ-ქუნის ნამდვილად მრავალი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული, ბევრ პრიზსა და პრემიაზე ყოფილა წარდგენილი და, ალბათ, კიდევ წარდგება, მათ შორის, ნობელზეც ლიტერატურის დარგში და გულწრფელად მჯერა, ის ამას იმსახურებს. ეგვიპტელი ნაჯიბ მაჰფუზის შემდეგ, რომელიც ერთადერთი არაბულენოვანი მწერალია, ეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო რომ დაიმსახურა (1988 წ.), დღეს იბრაჰიმ ალ-ქუნი ყველაზე რეალური არაბულენოვანი კანდიდატია ამ ჯილდოზე, რომელმაც შეიძლება, თანამედროვე არაბული მწერლობის ეს დიდი გამარჯვება და წარმატება გაიმეოროს.
ლიტერატურის კრიტიკოსები ხშირად იმეორებენ, რომ იბრაჰიმ ალ-ქუნი უდაბნოს მწერალია. უდაბნო მისთვის უბრალოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის - ის არის ღრმად სულიერი, ფილოსოფიური და მეტაფიზიკური სამყარო.
უდაბნო დიდი განმარტოების სივრცეა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი რჩება მარტო საკუთარ თავთან. აქ წაიშლება ყველა ილუზია, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნება და გამოიკვეთება სინამდვილე, ადამიანის ნამდვილი ბუნება; აქ შემოქმედი თავის ქმნილებასთან მუდმივ დიალოგშია. აქ იწყება შინაგანი ძიება — ეს სულიერი ძიების პროცესი კი ძალიან ახლოს დგას სუფიზმის ფილოსოფიასთან. იბრაჰიმ ალ-ქუნის უდაბნო სავსეა მინიშნებებითა და სიმბოლოებით, რომლითაც ის თავის სიბრძნეს შეფარულად გაამხელს, შინაგანი ძიების გზაზე დამდგარმა ადამიანმა კი ამ ნიშნების წაკითხვა უნდა ისწავლოს, რათა გადარჩეს და გზა გაიკვლიოს.
შეიძლება ასეც ითქვას, რომ იბრაჰიმ ალ-ქუნიმ თავის რომანებში ტრადიციული რომანისთვის დამახასიათებელი ურბანული კონცეფციების გადაფასება მოახერხა და ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღება ურბანული (ქალაქური) ნარატივებიდან და ურბანულ სივრცეში განვითარებული სოციალური დრამებიდან გადაიტანა მისტიკური, სიმბოლური და კოსმოლოგიური ელემენტებით გაჯერებულ უდაბნოზე. უდაბნოს დროსა და სივრცეზე წერა კი იოლი საქმე ნამდვილად არაა, მწერლისგან დიდ და კომპლექსურ ცოდნას ითხოვს. თვით არაბულ მწერლობაში, რომლისთვისაც უდაბნოს აღწერა თითქოს ისლამამდელი პერიოდიდან ორგანულია, თანამედროვეობაში ძალიან ცოტაა „უდაბნოს მწერალი“, რომელიც მკითხველს სრულფასოვნად შეაგრძნობინებს უდაბნოს ხიბლსა და ძალას, მათ შორის კი ვერც ერთი არაბი მწერალი დღეს ვერ შეედრება და ახლოსაც ვერ მოვა იბრაჰიმ ალ-ქუნისეულ უდაბნოს აღწერებთან.
იბრაჰიმ ალ-ქუნი ხშირად უბრუნდება აზრს, რომ მკვიდრი, სტაბილური ცხოვრება ანადგურებს სულიერებას და რომ წინასწარმეტყველება დაიბადა უდაბნოში და კაცობრიობას თავისი სიბრძნით ათასობით წლის განმავლობაში ასაზრდოებდა.
უდაბნოში მიგრაციამ შექმნა უძველესი ცივილიზაციები, გამოიწვია მსოფლიოში პირველი კულტურების გაჩენა საჰარადან ძველ ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე. მკვიდრი ცხოვრება სულისთვის სიკვდილია, მოძრაობა კი, რომელიც მიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, სულის მოვლაა. მხოლოდ უდაბნო რეცხავს და წმენდს სულს. ოაზისებში ცხოვრება ადამიანის სულის მახეა. ოაზისები სატანურია და უდაბნო კი ღვთაებრივი და მისტიური. ჭეშმარიტად, ზეციური მადლი, მიწიერი სამოთხე და ნეტარება მხოლოდ უდაბნოშია.
მწერალი ბიბლიურ ალუზიებს მიმართავს. აქ კაენ-აბელის ბიბლიური მითი ლიბიის უდაბნოში ვითარდება. ბიბლიური პირველი მკვლელობის – ძმის ხელით ძმის მკვლელობის – მიზეზია ის, რომ უფალმა მოჰხედა აბელსა და მის ძღვენს და არ მოჰხედა კაენსა და მის ძღვენს, ანუ მიჩნეულია, რომ აბელ-კაენის ტრაგიკულ ამბავში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი კულტურა – მწყემსობა და მიწათმოქმედება. უფალმა უარყო მიწათმოქმედი, მიწის მკვიდრი და მზის შემყურე და ირჩია მწყემსი – მოხეტიალე, მთვარის შემყურე. ანუ უფალი არ სცემს დასტურს მკვიდრ ცხოვრებას. მწყემსობა ესქატოლოგიური შინაარსით არის ღვთით კურთხეული.
უფალი უპირატესობას მოხეტიალე ცხოვრებას ანიჭებს, კარავში ხედავს თავისუფალ სულს, აქ ჩანს უდაბნოს ასპექტი, როგორც ფეხდაუდგმელი მიწისა. უდაბნო, როგორც მარადი გზა, სულიერებითაა აღბეჭდილი და უპირისპირდება ხორციელ, მკვიდრ ცხოვრებას, როგორც დაცემული წუთისოფლის სიმბოლოს.
თ.მ.: როდესაც ალ-ქუნის რომანს ვკითხულობდი, პირველად ფრანგი კლასიკოსის, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს რომანი – „უდაბნო“ – გამახსენდა. „უდაბნო სავსეა უამრავი ოთახით“, - წერდა ლე კლეზიო, და მისი პერსონაჟებისთვის თავშესაფარს ხშირად სწორედ უდაბნო წარმოადგენდა. თუ სივრცობრივად შევხედავთ, უდაბნოს სიშიშვლე და სიცარიელე პარადოქსულად ყველაზე სავსე სივრცედ იქცევა. ალ-ქუნიც წერს, რომ ამ სამყაროში შეღწევა და მის პირისპირ დგომა რთული გამოწვევაა, რადგან ეს ნიშნავს თავისუფლებას - თავისუფლებას, რომელიც ბუნებას ეწინააღმდეგება. ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ ადამიანს ბუნებაში დიდი ადგილი უკავია, მაგრამ უდაბნოში - არა: იქ ადამიანი თითქოს ბუნებიდან გარიყულია და თავისუფლების წინაშე დგას.
ფაქტობრივად, ლე-კლეზიო და ალ-ქუნი ერთნაირად, კანტისეული გაგებით, უყურებენ თავისუფლებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს თავისუფლება ალ-ქუნის შემოქმედებაში?
დ.გ.: იბრაჰიმ ალ-ქუნისთვის უდაბნო ერთი მხრივ, უსაზღვრო და უკიდეგანო თავისუფლებაა, თუმცა, ამავე დროს, მას მკაცრი, უხილავი წესები აქვს. ვინც ამ წესებს არ დაემორჩილება, ვერ გადარჩება. უდაბნო მიჩნეულია საკუთარ თავთან განმარტოების, საკუთარი თავის შეცნობის ადგილად და ამავე დროს ღვთის თაყვანისმცემლობის ადგილად. უდაბნო განსაცდელთან შეხვედრის მუდმივი მზადყოფნაა, მუდმივი სიფხიზლე და მუდმივი გამოცდაა, რომელსაც ვერ ჩააბარებ, თუ უდაბნოს სიღრმისეულად არ იცნობ.
იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანების მთავარ გმირებს აქვთ ბუნებასთან კავშირის ძლიერი გრძნობა, ისევე როგორც პრეისლამურ არაბ პოეტებს და ბუნებასთან ერთიანობის ამგვარი გრძნობა არაბულ ლიტერატურაში ასეთი ცოცხალი არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში, ისლამამდელი ეპოქის შემდეგ.
თ.მ.: ალ-ქუნი ამბობს, რომ „რომანი არის საიდუმლოს სული, უდაბნო - მისი სხეული, ხოლო მითი - მისი ენა“. მითს და მითოლოგიას უდიდესი ადგილი უკავია ამ წიგნში. მითოლოგიური წარმოდგენები წმინდა ცხოველთა შესახებ, ფაქტობრივად, რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია, მასზე აგებს მწერალი მთელ ნარატივს. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ მითოლოგიური ენის გაქართულება და იყო თუ არა ტექსტში ისეთი მომენტები, რამაც მთარგმნელს ინტერპრეტაცია აიძულა?
დ.გ.: ამ რომანში ჩართული ლეგენდები, მითები, რწმენები, საწესჩვეულებო რიტუალები, ფილოსოფიური თუ სუფიური მედიტაციები, ისლამური მისტიციზმის ელემენტები ავტორს მოკრებილი აქვს ახლო აღმოსავლეთისა და მედიტერიანული სივრცის სხვადასხვა კულტურიდან – ფარაონთა, ფინიკიელების, ბერძნების, არაბების... უდაბნო კი ის ადგილია, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს ამ ყველაფერს, სადაც განიწმინდება სული უსასრულო სივრცესთან შესარწყმელად.
სუფიური ფილოსოფიისა და ტუარეგული კოსმოლოგიის ნაზავი – ასე ახასიათებენ იბრაჰიმ ალ-ქუნის მწერლობას. მითი არის მწერლისთვის ალქიმიური საშუალება, რომელიც ტუარეგების ტრადიციას გადააქცევს მაღალმხატვრულ ნაწარმოებად. მკვლევართა მიერ შენიშნულია, რომ ტუარეგული მითოლოგია, რომელსაც ალ-ქუნის ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით, უკიდურესად დახვეწილია და დიდ მსგავსებას ავლენს ძველეგვიპტურ მითოლოგიასთან.
კლდის ნახატები, რომლებიც ლიბიის უდაბნოში, თასილის გამოქვაბულებშია აღმოჩენილი, საკმარისია ამ აზრის მხარდასაჭერად. ტუარეგული და ეგვიპტური მითოლოგია ადამიანსა და ცხოველს ერთ არსებად გამოსახავს. ისინი ერთ ენაზე მეტყველებენ, განუყოფელნი არიან და მაღალი სულიერების მატარებლები. ტუარეგების რწმენით, ისინი ჯინთა ტომის შთამომავლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა ცხოველის სახე მიიღეს;
იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანში „ქვიდან ნაჟური სისხლი“ ტუარეგებისთვის წმინდა ცხოველები – ჯიხვი და ქურციკი, რომლებშიც წინაპართა გადმოცემით მთის სული და ქვიშიანი უდაბნოს სული სახლობს – გასულიერებულია და სუფიური ფილოსოფიით, კადირიის საძმოს მოძღვრებით, მათში უფლის საიდუმლო, ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა დავანებული, რაც მხოლოდ რჩეულთათვის არის ხილული და მთავარი გმირის – ასუფის ღვთიური რჩეულობაც სწორედ ამით ხდება საცნაური – ის ჯიხვად იერნაცვალი უვნებლად უსხლტება ხელიდან იტალიელ დამპყრობლებს და მთებს ისე შეაფარებს თავს, ტყვიების წვიმა არც კი ეკარება. ასევე ტუარეგული რწმენებისა და სემიტური გადმოცემების ნაზავია ასუფის ანტაგონისტის – კაენისათვის ჩვილობაში ქურციკის სისხლის წოვების მოტივი, რამაც ის დაუნდობელ ხორცისმჭამელად ჩამოაყალიბა.
მწერალი რომანში უდაბნოს კოსმოსს – ბუნებას, მის წარმმართველ სამყაროს ძალებს, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და ცხოველებს ერთ მთლიანობაში აღიქვამს, საოცარი სიღრმით გვიხატავს და აცოცხლებს ფურცელზე მათ ურთიერთობას როგორც ერთმანეთში, ისე უდაბნოსთან, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.
აქ მითიური, ზღაპრული არსებები, გასულიერებული წმინდა ცხოველები, უდაბნოს კერპები უდაბნოს მკვიდრთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ და აყალიბებენ მათ კულტურას, აზროვნებას. თარგმნისას კი მთავარი სირთულე რომანის მითოლოგიური ენის გაქართულებაზე მეტად ამ ყველაფერთან ემოციური ბმის გაქართულება იყო – რეალურად, ქართველ მკითხველს, რომელსაც უდაბნოსა და მისი რეალიების ცოდნა არა აქვს, რომანის კითხვისას უნდა აღსძვროდა მსგავსი განცდები, რაც, მაგალითად, უდაბნოს მცოდნე მკითხველს უჩნდება რომანის უდავოდ ამაღელვებელი პასაჟების კითხვისას. რამდენად მოვახერხე ეს როგორც მთარგმნელმა, ამის შეფასება თქვენთვის მომინდვია.
თ.მ.: აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დროზე. უდაბნოში დრო მითური, მეტაფიზიკური დროა. ამ რომანში დრო ტრადიციული გაგებით არ აღიქმება, ის გაჩერებული და მარადიულია. წარსული, აწმყო და მომავალი თითქოს ერთსა და იმავე მომენტში მიმდინარეობს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ალ-ქუნისთვის დრო ილუზიაა?
დ.გ.: რაკი უდაბნოში რეალური და მისტიკური ერწყმის ერთმანეთს, რაკი უდაბნო გამოცდაა, უდაბნოს დროც ტრადიციული დრო ვერ იქნება, ის უფრო ფსიქოლოგიური დროა. ეს დრო სუბიექტურად შეიგრძნობა და მას სუბიექტური ხანგრძლივობა აქვს (ხიფათის, წინათგრძნობის, მომქანცველი მოლოდინის და ა.შ.).
ნარატივის უდაბნოში მოთავსებით იბრაჰიმ ალ-ქუნი დროისა და სივრცის კატეგორიებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას სრულიად გაცნობიერებულად არღვევს, უდაბნოს სამყაროს მოდელირების ინსტრუმენტად იყენებს და მას უდროო/უჟამო მიკროკოსმოსად წარმოაჩენს, სადაც დროში მიმდინარე მოქმედების ტემპი უსასრულოდ მდორე და განმეორებადია, ადამიანის სიცოცხლის გზა კი მიყრაჯია[1] - სულიერი ამაღლების გზა საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს/უდაბნოს შეცნობიდან შემოქმედის, უფლის შეცნობამდე, ანუ სადაც ჯერ უნდა მოკვდე, რომ დაიბადო. ალ-ქუნის გმირებიც განსაცდელის ჟამს მესამე განზომილებაში ხვდებიან – სიკვდილსა და სიცოცხლეს, ყოფნასა და არყოფნას, ზეცასა და მიწას შორის... ე.წ. „ბარზახის“ მიჯნას გაივლიან.[2]
თ.მ.: ალ-ქუნის რომანთან ერთად წელს თქვენი მეორე თარგმანიც გამოვიდა, არანაკლებ საინტერესო წიგნი – ოსამა ალ-ისას „ბეთლემის შეშლილები“. მსოფლიო ლიტერატურა არაერთ ავტორს იცნობს, რომლებიც სიგიჟისა თუ შეშლილობის ფენომენს იკვლევდნენ, თუმცა ალ-ისა მათგან განსხვავებული ნარატივით გამოირჩევა იმდენად, რამდენადაც ის ჟურნალისტია და ამ წიგნში მოთხრობილი ამბები რეალური ისტორიებია. ისტორიას ბევრი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა „სიგიჟე“ და „შეშლილობა“ ხშირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, მაგალითად, საბჭოთა კავშირში. ალ-ისასთან სიგიჟე სიმართლის მეტაფორაა და რასაც ამ წიგნის პერსონაჟები ჰყვებიან, თანამედროვე საზოგადოებისთვისაც კი ხშირად მიუწვდომელი, გაუმჟღავნებელი სიმართლეა. თქვენი აზრით, რატომ არის აუცილებელი, რომ ეს სიმართლე სწორედ „შეშლილთა“ ენით ითქვას და რა როლი აქვს ლიტერატურას სიმართლის გაჟღერებაში?
დ.გ.: თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას რომანს „ბეთლემის შეშლილები“, რომელმაც 2015 წელს მოიპოვა „შეიხ ზეიდის წიგნის პრემია“ ლიტერატურის კატეგორიაში და რომელიც წარმოადგენს ნარატივებს წმინდა მიწაზე მდებარე შეშლილთა და წინასწარმეტყველთა ქალაქის – ბეთლემის – ისტორიასა და თანამედროვეობაზე, მართლაც განსხვავებული და საინტერესო ნარატიული ფორმა აქვს:
ყველა ამ ისტორიის თხრობისას ავტორი პოლემიკის ან დიალოგის ფორმით წარმოსახვითად ებაასება შეშლილ უჯაილ ალ-მაკდისის – პალესტინური წარმოშობის პერსონაჟს XI სუკუნის სუფი ავტორის ალ-ჰასან იბნ მუჰამედ იბნ ჰაბიბ ალ-ნაისაბურის (გარდ. ჰიჯრით 406 წ.) წიგნიდან „ბრძენი შეშლილები“ და ასევე იუსუფ ალლანს, საკუთარ ბიძას, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე შეშლილთა სამონასტრო თავშესაფარში და რომლის დანატოვარ გაბნეულ ფურცლებზე დაწყებულ ისტორიებსაც ის აგრძელებს. შთამბეჭდავია ამბის თხრობის ავტორისეული მანერა – რომანის თითოეული პერსონაჟის ერთი შეხედვით უბრალო, კომიკური ამბის უკან დგას მრავლისმომცველი ისტორია, რომელიც სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს.
ოსამა ალ-ისა თავის წიგნში ალ-ნისაბურის ჰბაძავს და „შეშლილთა სამყარო“ „ბრძენთა სამყაროსგან“ განუყოფლად აქვს წარმოდგენილი. ავტორის აზრით, „შეშლილების მეტაფორული სამშობლოს – სამონასტრო კომპლექსის – დაცვა არის იმ ფრაგმენტების დაცვა, რომლებიც დიდი სამშობლოსგან – პალესტინისგან დარჩა. როცა შეშლილები სამშობლოში ვერ პოულობენ თავშესაფარს, ეს ნიშნავს, რომ არც ბრძენთ აქვთ ის.
ავტორი პირველივე სტრიქონებიდან რომანის დასასრულამდე მკითხველს გამუდმებით დააფიქრებს ერთ კითხვაზე – ვინ არიან შეშლილები და ვინ არიან ბრძენნი ისეთ ქვეყანაში, როგორიც პალესტინაა, ან საერთოდ რამე ზღვარი ყოფს თუ არა ერთმანეთისგან შეშლილობასა და სიბრძნეს.
რომანში „ბეთლემის შეშლილები“ სიგიჟე არის მეტაფორა იმ ყველაფრისა, რასაც რომანის თითოეული პერსონაჟი და სხვა მრავალი პალესტინელი განიცდის იმ ქარტეხილებით სავსე ისტორიის გამო, რაც პალესტინამ გამოიარა უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში.
რომანი ფსიქოლოგიურად დატვირთული, ალეგორიებით გაჯერებული ტექსტია, რომელიც თანამედროვე პალესტინური რეალობის ტრაგიზმს ფსიქიატრიული კლინიკის (ე.წ. გიჟების მონასტრის) და მის მიმდებარედ გაშენებული დჰეიშეს ლტოლვილთა ბანაკის სივრციდან წარმოგვიჩენს. მწერლისთვის ეს სივრცე ერთგვარი მეტაფორა და შეშლილი სამყაროს მიკრომოდელია – კლინიკის კედლებს მიღმა არსებული ძალადობით, ომითა და აბსურდით სავსე სამყარო და გიჟების მონასტრის გარეთ მცხოვრები საზოგადოება ხშირად უფრო შეშლილი და ალოგიკურია, ვიდრე მონასტრის შიგნით მყოფი იზოლირებული და მარგინალიზებული პაციენტები.
რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ აზრებს გამოთქვამენ, რასაც გარესამყაროში ტაბუ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა – საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული ისევე, როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.
პერსონაჟთა მონოლოგები ხშირად გვაგონებს მისტიკურ სუფიურ ტრადიციებს, სადაც სიგიჟე (არაბ. `ჯუნუნ~) ერთდროულად ნიშნავს ღვთაებრივ შთაგონებასა და გარესამყაროსგან განდგომას. უგუნური ქმედება, როგორც ღრმა და პარადოქსული სიბრძნე, რომელიც ჩვეულებრივი გონების მისაწვდომობის ფარგლებს მიღმაა, ბრძენი შეშლილის ფენომენს ქმნის სუფიზმში. საზოგადოებაში მიღებული ნორმების აღიარების გატოლება საღ აზრთან სიგიჟეს წარმოსახავს ცნობიერისა და არაცნობიერის, რაციონალურისა და ირაციონალურის მისტიკურ კავშირად, შეშლილს კი აქცევს უნივერსალური მეამბოხის მარადიულ სიმბოლოდ და იდეალად, რომელიც ყოველთვის იზიდავდა და იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. გიჟები, რომელთაც საზოგადოება ვერ უგებს, სიმართლის მატარებლები არიან და სიგიჟე მათთან ერთგვარი პროტესტისა და სოციალური კრიტიკის ფორმაა.
შეშლილები ყოველთვის წარმატებული დესპანები არიან და მიესვლებათ ყველგან, სადაც ბრძენნი მისვლას ვერ ბედავენ.
„სიგიჟე, საბოლოოდ, პრივილეგიაა!.. შეშლილი მიწიერი თუ ზეციური ვალდებულებების გარეშე ცხოვრობს. მას არც მიწისა და არც ცის ვექსილ-თამასუქების დაფარვა არ მოეთხოვება. არაფრის გაკეთება ეკრძალება და ეზღუდება, არაფერი აგდებს უხერხულ მდგომარეობაში!..“ – ამბობს რომანის ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟი იუსუფ ალლანი.
რომანში ფსიქიკური დაავადება არა მხოლოდ კლინიკური კატეგორია, არამედ პოლიტიკური მოვლენების ტრაგიკული შედეგია – ოკუპაცია, სახლებიდან გამოყრა და დევნილებად ქცევა, ოჯახების დაშლა და მუდმივი შიში საომარი მოქმედებების მოლოდინში, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა ისრაელის ციხეებში გამოკეტვა და იქ გატარებული წლები რომანის პერსონაჟთა ფსიქიკას შეუქცევადად ანგრევს. სიგიჟე აქ აბსურდული რეალობის აღქმისა და მასთან გამკლავების საშუალება ხდება.
თ.მ.: არაბულ სამყაროზე საუბრისას ხშირად ვეყრდნობით იმ წარმოდგენებს, რომლებიც პოლიტიკურმა დისკურსმა და მასმედიამ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა. ლიტერატურა კი, თავისი ბუნებით, ინდივიდუალური გამოცდილების, პირადი ხმისა და მრავალშრიანი სიმართლის სივრცეა. არაბულენოვან ტექსტებში ხშირად სწორედ ეს პირადი – ხანდახან მტკივნეული, ხანდახან კი ყოველდღიური და უმნიშვნელოდ მიჩნეული – გამოცდილებები არღვევს იმ გამარტივებულ სქემებს, რომელთა მიხედვითაც ამ რეგიონს ვუყურებთ: იქნება ეს იდენტობის ძიება, კოლექტიური მეხსიერების ტრავმები, სიყვარულის თუ თავისუფლების პერსონალური გაგება. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ არაბულენოვანი ლიტერატურა ერთგვარ „წინააღმდეგობის ენად“ ყალიბდება, რომელიც ეწინააღმდეგება სტერეოტიპულ ხედვებს და მკითხველს აიძულებს, უარი თქვას მარტივ განმარტებებზე და შეხვდეს ბევრად უფრო კომპლექსურ, ცოცხალ რეალობას?
დ.გ.: ოსამა ალ-ისას რომანი „ბეთლემის შეშლილები“ არაბულ პალესტინურ იდენტობასა და ადგილს – ბეთლემს – შორის მჭიდრო კავშირის წარმოჩენას ისახავს მიზნად ავტორის მიერ შეკრებილი და საინტერესო ფორმით გადმოცემული, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალი, რამდენიმესაუკუნოვანი ნარატივებით.
მწერალი ახერხებს, მკითხველს აგრძნობინოს, რომ ბეთლემი ამ ადამიანთა უბრალო საცხოვრისი როდია! ის მათი ეგზისტენციალური არსებობის სასიცოცხლო სივრცეა, რომელსაც მათ ცხოვრებაში სუბიექტური ღირებულება და მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.
რომანი მეტად საინტერესო მხატვრული ფორმით აცოცხლებს წმინდა მიწაზე მდებარე შეშლილთა და წინასწარმეტყველთა ამ მარადიული ქალაქის ისტორიასა და თანამედროვეობას; იმ სოციალური ინტერაქციების შედეგად, რომლებიც აქ, ამ მიწაზე ხდება, გვიჩვენებს ამ ადგილისა და მისი შემადგენელი ელემენტების (ისტორიული შენობა-ნაგებობები, ეკლესიები, მონასტრები, წმინდა ადგილები, მოედნები, ბორცვები და ა.შ.) ძლიერ ზეგავლენას აქაურთა იდენტობის ფორმირების პროცესზე და მის განუწყვეტელ ცვლას. მწერალი ცდილობს, სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინოს პალესტინის ეს ადგილი, როგორც სოციოლოგიური კუთხით (ადგილის გავლენა იდენტობის ფორმირების პროცესზე), ისე ფილოსოფიური გეოგრაფიის თვალსაზრისით – მას აინტერესებს ამ ადგილისადმი მიჯაჭვულობა, ადგილისადმი მიკუთვნებულობა აქ მცხოვრებ ადამიანებში.
თხრობაში ოსამა ალ-ისა ეყრდნობა ძველ რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს, ასევე თავისი უცნაური ამბებით მოიცავს უბრალო ადამიანების ცხოვრებას, როგორც მათი დალხინების ჟამს, ისე მათ მძიმე ისტორიულ მდგომარეობაში. ექსპრესიული და პარადოქსული ხედვით გადმოგვცემს „შეშლილთა“ ისტორიებს, რომლებიც ზოგჯერ ანეკდოტების, ზოგჯერ კი მისტიური, შიშისმომგვრელი ამბების სახითაა წარმოდგენილი. მისი ისტორიების გმირები არიან პოლიტიკოსები, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები ან სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს... თხრობის ამ ეკლექტური მანერით მწერალი ცდილობს, ამოხსნას პალესტინის ამ ადგილის დროში განფენილი საიდუმლოება – საკითხი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დოკუმენტური ისტორიისგან, რადგან დოკუმენტური ისტორია შეიძლება იყოს უფრო ისტორიკოსისა და ჟურნალისტის გაცოცხლებული, ვიდრე მწერლის.
რომანით მწერალი მხატვრულად ეხმიანება იდენტობის კვლევას თანამედროვე სამყაროში, როგორც ერთობ აქტუალურ პრობლემას მწერლობისთვისაც.
შეიძლება ასეც ითქვას, ბოლო წლების არაბული მწერლობა ამსხვრევს სტერეოტიპულ ინტერპრეტაციებს და მკითხველის წინაშე განსხვავებული ნარატიული ფორმებითა და რეალობის ამსახველი, კონცეპტუალური წინააღმდეგობის გამომხატველი განსხვავებული ტექსტებით წარმოდგება. ოსამა ალ-ისაც ამ რომანში თითქოს ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი, გაფანტული ისტორიებით (რომელთა შემაკავშირებელი მყიფე ძაფი სიგიჟეა) მკითხველს თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის, პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ განსაცდელებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთანხმების შემდგომ, 2012 წლამდე (როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა), ტრაგიკომიკურ სტილში მოწოდებული მეტაფორული პოლიტიკური და კულტურული დისკურსით კი მკითხველს უბიძგებს ამ ყველაფრის გააზრებისა და დამოუკიდებელი ინტერპრეტირებისკენ, ამით კი აქტიური ჩართულობისკენ, რაც ნამდვილად აღემატება შინაარსის აღქმის მარტივ კატეგორიებს.
დასასრულ, სტერეოტიპებიდან გასვლის თვალსაჩინო მაგალითია ოსამა ალ-ისას წერილი მისი რომანის ქართული თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით (თარგმნის მთელი პროცესის განმავლობაში მწერალთან ელექტრონული მიმოწერა მქონდა რომანის ტექსტის რიგი ადგილების დასაზუსტებლად).
„პალესტინა და ქართველები! - რა აკავშირებს პალესტინასა და საქართველოს?
ამ სამყაროს მოვევლინე იმ ადგილას, რომელიც არც ისე შორს მდებარეობს ქართველთა ჯვრის მონასტრისგან. ბოლო წლებში, ღაზაში მიმდინარე გამანადგურებელ ომამდე, ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო იქ ფეხით სიარული, მისი გალავნის ახლოს ხეტიალი და გზის გაგრძელება იმ ადგილებისკენ, რომლებიც 1948 წლის ნაქბას[3] შემდეგ ჩვენთვის დაკარგულია და აღარ არსებობს.
ამ მონასტრის ისტორია სირთულეების, დაპყრობებისა და ტრაგედიების ჯაჭვია, ისევე როგორც ჩვენი ორი ხალხის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ქართველთა ხელში აღარ არის, თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მის დაბრუნებას მოითხოვენ. ზოგისთვის ისინი, შესაძლოა, შეშლილებად ჩანდნენ, როგორც „პალესტინელი შეშლილები“; მაგრამ უეჭველია, „ბეთლემის შეშლილები“ ხარობენ, რომ მათი ისტორიები თქვენამდე მოვიდა - თქვენს ენაზე, იმ ადამიანის წყალობით, ვინც თავისი საქმიანობით ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს კულტურებსა და ხალხებს შორის ხიდების გაბმაში (მთარგმნელს ვგულისხმობ). თქვენ ამ სიტყვებს სწორედ მისი დამსახურებით ისმენთ.
პალესტინა კვლავ იტანჯება მჩაგვრელი ძალებისგან და საქართველოც მსგავს ძალებთან გამკლავებაშია, მაგრამ ამ ძალებმა ვერ შეძლეს ამ ორი ქვეყნისთვის სულის წართმევა.
საქართველო მახსენებს ერთ საინტერესო ანეკდოტურ ისტორიას, რომელიც დედების მონათხრობებში მესმოდა იმ ლტოლვილთა ბანაკში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ. გასული საუკუნის 1950-იან წლებში პროპაგანდა, მისი ბუნების მიუხედავად, იმდენად ძლიერი იყო, რომ ბანაკში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები ამაყად ჰბაძავდნენ იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ქართველის (სტალინის) ულვაშს, თითქოს ეს იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თილისმა ყოფილიყო. მოგვიანებით მან დაკარგა თავისი გავლენა და რეპუტაცია.
ადამიანთა შეხედულებები იცვლება, და ჩვენს სამყაროში მუდამ ჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ეძებენ ძალას იდეალებში - ამჯერად, კულტურულში და მთარგმნელობითი პროექტებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ იდეალების განმტკიცების საშუალება“.
______________________________
[1] მიყრაჯი – მოციქულ მუჰამედის ზეცად ამაღლება მექიდან მისი ღამეული სასწაულებრივი მოგზაურობისას.
[2] ბარზახი – ყურანის სურა „მორწმუნენი“, აია 102 (100).
[3] ნაქბა (არაბ.) – პალესტინელთა ისტორიული ტრაგედია 1948 წ., როცა 725 ათასი პალესტინელი არაბი თავიანთი სახლ-კარიდან გამოყარეს და პალესტინის ტერიტორიიდან გამოაძევეს.