ნაწყვეტი წიგნიდან „ენიკი ბენიკი“
სოხუმის დაცემის იმ ავად სახსენებელ დღეს, როცა ჭურვები ლეწავდა ქალაქს, იგრძნობოდა, რომ მტრის დამშეული არმიის ჯარისკაცები კარს იყვნენ მომდგარნი და მალე შემოესეოდნენ აქაურობას. ხანდახან ფანჯრიდან თვალს შევავლებდი ხოლმე შემოდგომის მზეს, რომელიც ასფალტზე ციალებდა. „ხავერდოვანი სეზონი ჯოჯოხეთში“, – გამირბინა თავში და გაქრა. სიკვდილსაც შევძლებდი, მაგრამ სიკვდილი არ მინდოდა. მთელი დღე ვხატავდი და ასე ვუტევდი საშინელებაზე ფიქრებს. თეთრი, ულტრამარინი, მწვანე კობალტი – „რატომ უნდა დატოვო დედამიწა, როცა კიდევ დარჩა მწვანე კობალტი?“ – ველაპარაკებოდი საკუთარ თავს დასამშვიდებლად. მშვიდობის პროსპექტზე სიცარიელე მეფობდა. „ხალხი გარბის... ჩვენ რა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცეთ?“ – თქვა დედამ. რაღაც იქნება, ალბათ... და ისევ ფანჯარას მივაშტერდი. მეზობელი სახლის სიბნელიდან ორი ფიგურა შევნიშნე – „უცხოელები“... თვალებს არ ვუჯერებდი: ჯინსები, მხარზე გადაკიდებული ფოტოკამერა, ზურგჩანთა და ბანდენა. ერთმა, რომელმაც ფანჯარაში მომკრა თვალი, ხელი დამიქნია და დამტვრეული რუსულით მკითხა:
– აქ რა გინდა?
– ჩემს სახლში ვარ, – მეც ხელი ავუწიე.
– შეიძლება, თქვენთან ამოვიდე? ამერიკელი ჟურნალისტები ვართ. მე ლორენსი მქვია, – გამეცნო ქერა, – ეს კი თომასია, – მითხრა მსხვილ, ჩადგმულ ტიპზე.
ლორენსი მაღალი და წარმოსადეგი იყო. თომასს უზარმაზარი ფოტოკამერა ეკიდა კისერზე.
„ცირკის კლოუნებს არ ჰგვანან?!“ – გავიფიქრე გულში, მაგრამ რა ცირკი... ცირკიც კი, თავისი უცნაური კლოუნებით, ჟონგლიორებით, მოჭიდავეებით, მწვრთნელებით, ორკესტრითა და კარვის თავი – შორეული და მიუწვდომელი იმასთან შედარებით, რაც სოხუმში ხდებოდა – საღი აზრის გაბრწყინებად ჩანდა.
– შემიძლია, ჩაი მოგართვათ, – უთხრა დედამ.
– სიამოვნებით! – გვიპასუხა ლორენსმა.
– მაგრამ, ჩაის გარდა, სხვა არაფერი გვაქვს.
– ეს ვისი ნახატებია? – იკითხა თომასმა.
– ჩემია-მეთქი.
ამერიკელებმა კედლებს დაუწყეს თვალიერება, სადაც სურათები მეკიდა.
– მომყიდი ამ ნატურმორტს?
– კი.
ჯიბეში ქექვა დაიწყო და 40 დოლარი – ასტრონომიული თანხა – გამომიწოდა: – ვყიდულობ.
დოლარი. ოცდოლარიანებმა ხელისგულები ამიწვა. სურათი ჩამოვხსენი და პატრონს გავუწოდე. კმაყოფილმა ლორენსმა ერთხელ კიდევ შეათვალიერა ტემპერით გულმოდგინედ გამოყვანილი ჭიქა და თავის ქალა და ტილო ზურგჩანთაში შეინახა.
– უნდა დატოვოთ აქაურობა. აფხაზები ქალაქს უახლოვდებიან, – თქვა თომასმა, – ქართველებთან ერთად ჩვენც მივდივართ. პატარა საქმე მაქვს ბაზართან და უკან, თბილისში ვბრუნდებით.
– ბაზართან რა ხდება? – იკითხა დედამ.
– ერთი ქალი უნდა ვნახოთ.
– ვინ ქალი?
– სოხუმიდან უნდა გავიყვანოთ.
ნავსადგურამდე ფეხით გავედი. სოხუმს მეგობართან ერთად ვტოვებდი, რომელსაც ჟვანსკი ერქვა, მაგრამ უეცრად ხალხის ტალღაში თვალი ვეღარ მოვკარი, იმდენი ესეოდა გემბანს. საოცნებო გემზე ასულს კი საერთოდ გადამავიწყდა, სანამ მოულოდნელად ხელი არ ვიგრძენი მხარზე, რომ ვიღაც მომიჯდა და მაშინვე მივხვდი, ჟვანსკი იყო.
– სად დაიკარგე? მთელი ღამე გეძებდი გემზე, ყველაფერი შემოვიარე, – მეუბნება, ჯიბიდან სიგარეტს იღებს და ძლივძლივობით უკიდებს, რადგან ქარი არა და არ ჩერდება. ძლივს აანთო, მესამე ჯერზე.
– ზღვაში ვართ. შენთვის ეს არაფერია, მე კი მიუჩვეველი ვარ, – თან სიამოვნებით გააბოლა.
სიბნელეს გავყურებ. ზღვას ამაზე შავს ვერასოდეს წარმოიდგენ – უსასრულო წყვდიადი. სადღაც ნაპირიც არის, არსებობს ცხოვრებაც, სხვა, ახალი...
– აი, შევალთ СНГ-ში და დავბრუნდებით, – ჩამესმის ყურში, – მე ვიცი, რომ აღარასოდეს დავბრუნდები. ცხოვრება აქ აღარასოდეს გაგრძელდება. პალმები, პლაჟი, კოქტეილი.
გემი გზას მიიკვლევს, უზარმაზარი გემი, რომელიც ჩემს ფიქრებს წინ მიაქანებს, მე კი არ ვიცი, რა იქნება.
„მისტიკური თეთრი ტალღა“, – ამის გარდა, კიჩოს იქით ვერაფერს ვხედავ. „თბილისამდე როგორმე კი ჩავაღწევ, მაგრამ მერე?.. მერე... აღარ ვიცი, რა იქნება“. ვეებერთელა გემი ტორტმანებს, ხვნეშის, გუგუნებს, ჭრიალებს; ფოლადი ტალღებს ეჭიდება. მე უცხო ხმების ალყაში ვექცევი და დაჟინებით ვცდილობ, სიბნელეში რამე გავარჩიო. ვხვდები, რა ძალაც სჭირდება ამ გიგანტის ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილებას, საიდანაც საწყის წერტილს აღარასოდეს დაუბრუნდება. მეჩვენება, რომ ეს საზარელი აზრი ხან ზღვას მისდევს, ხანაც შორდება და გულს მისერავს. არ ვიცოდი, ამასობაში რამდენმა ხანმა გაიარა. გემი ღამის წყვდიადმა ჩანთქა. მაინც რამდენი საათი გავიდა – ორი, სამი? მეგონა, რომ წყვდიადის გარდა, არც არაფერი არსებობდა. ეს გემიც კი პატარა ყოფილა. ვიხსენებ ბიბლიურ სახეებს. „და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“. „დასაბამიდან იყო სიტყვა...“ რა სიტყვა?.. ჩემი მზერა ჩერდება ათასობით ადამიანზე, მათ გემბანზე სძინავთ. სახარება – მომცრო შავყდიანი წიგნი – ბავშვი ვიყავი, მეგობარმა ზიგამ რომ მათხოვა.
– რამდენი ხანიც გინდა, გქონდეს, ოღონდ ნურავის აჩვენებ და, ღმერთი გიშველის, ძალიან მორწმუნედაც ნუ გამომეცხადები.
ბიბლიის კითხვა კი დავიწყე, მაგრამ საერთოდ არაფერი გამეგებოდა: არც სული, რომელიც წყლის თავზე ტრიალებდა, არც ის, რომ „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. ახლა მინდოდა, წყლის თავზე მოქანავე სულზე ფიქრი თავიდან მომეშორებინა. ვცდილობდი, გონებაში აღმედგინა გზა ზიგას სახლიდან, რომელიც „აფსნის“ გვერდით იდგა, ქალაქის საბჭომდე – მეხსიერების ეკრანზე წარმოსახვით გამესეირნა – და ამისათვის თვალებიც დავხუჭე. „ვეშვები მშვიდობის პროსპექტზე, გადავდივარ ქუჩაზე, ჩავუარე სასამართლოს შენობას. კიდევ გავიარე და აი, კომისარიატი. ეს მეორე სკოლა. მერე...“ სიბნელეში ყველა კატა შავია. ცხენებიც. ანდაზებს ვიხსენებ. შევჩერებივარ ნოტიო ღამეს. გემი ტორტმანით მიიკვლევს გზას. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, რომელთაც რბევას, ცეცხლსა და სიკვდილს გამოაღწიეს, ძილმა სხვადასხვა პოზაში გაახევა. თვალს ვერ ვხუჭავ. ნერვიულობაც კი აღარ შემიძლია. გადის წუთები და ყოველი წუთი მაახლოებს უცნობ სამყაროს, რომელზე ფიქრიც მოსვენებას არ მაძლევდა, თან რაღაცნაირ სიხარულსაც მგვრიდა: „დარდსაც დავაღწევ თავს, თბილისშიც ჩავაღწევ და იქ როგორმე თავსაც გავიტან“. „როგორ? სად? რით?“ – მეკითხებოდა დღისით ჟვანსკი. აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რანაირად, მაგრამ მაინც ვარწმუნებდი: აი, ნახავ, ყველაფერი რა კარგად იქნება.
II
მამაჩემის სამედიცინო ინსტიტუტში გატარებული წლების გარდა, ჩვენს ოჯახს თბილისთან არაფერი აკავშირებდა. ის, რომ მამაჩემი, სოხუმელი, თბილისში სამედიცინოზე თავისით მოეწყო, გამუდმებული ყვედრების მიზეზად მექცა: მამაშენს ცხოვრებაში ერთი ოთხიანიც არ მიუღია… და შენ?!
– რა მე?
– სამოსანი ხარ.
ვცდილობდი, დედაჩემის საყვედურისთვის ყურადღება არ მიმექცია.
– რა არის ამაში უსაშველო?
– ის, რომ ვერასოდეს მოხვდები უმაღლესში, – მიმეორებდა დედა.
რა მოსაბეზრებელი იყო ეს დაუსრულებელი კამათი, სულ ტყუილი ლაპარაკი, რომ მეც უნდა მეპოვა ჩემი ადგილი ამ დამშეულ საზოგადოებაში. დედას ესმოდა, რომ ცხოვრება განზე ჩაგვივლიდა, მაგრამ ვერაფერს მიხერხებდა.
– ნეტა, რას იტყოდა მამაჩემი ჩემს სწავლა-განათლებაზე? – მისი სახე დამიდგა თვალწინ. ღიმილი. შეთხელებული ხვეული თმა. ზორბა ტანი. „მე გახლავართ გარგანტუა“, – უყვარდა ხოლმე თქმა.
– გარგანტუა... ვაიმე, ღმერთო ... ეს როდის იყო. ვიღაცის ჩურჩული მისწვდა ჩემს ყურს. მერე ამოოხვრა. ირგვლივ გატენილ ჩანთებზე თვლემენ.
უცებ ყვირილი გაისმა. ვიღაც თავის ბედზე ჩიოდა. შენ არ გაიხარეო, ჩემი წყევლა მოგეწიოსო. მის დაწყნარებას შეეცადნენ.
– გიო, ძმაო, ბავშვები გაიღვიძებენ.
– ძაღლი ჩაიძირა. სახლი დაიწვა. ამოწყდით! – ვერაფრით ვერ დააწყნარეს. დღისით, როცა ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა გემზე ასვლისას, რამდენიმე ძაღლი, პანიკაში, წყალში გადახტა და პატრონებს გაეკიდა. „ორშანსკი“ სვლას უმატებდა, ძაღლები ზღვის ტალღების უსასრულობაში ერთმანეთის მიყოლებით ინთქმებოდნენ.
– მთელი ცხოვრება გამყვება სურათი – როგორ მისდევდნენ ძაღლები თავიანთ პატრონებს. кричавший сеик ჩემამდე ახალ... და ჩურჩული აღწევს. ვერ გაარჩევდი, კაცი რის გამო შფოთავდა. თითქოს მომეჩვენა, რომ გემმა სვლა შეაჩერა და გავიგონე კიდეც – „მალე ფოთში ვიქნებითო“, – თქვეს. „იქ არასოდეს ვყოფილვარ. ნეტავ, როგორია ფოთი?“ უცებ მივხვდი, რომ ქვეყნიერებას დღემდე სოხუმიდან ვხედავდი, რომ სოხუმთან შედარებით ყველაფერი... „ორშანსკის“ გემბანზე მეზობელ სახლში მცხოვრებ ქალს მოვკარი თვალი. გამომხმარი და ფერწასული კლავა ნერვიულად ისწორებდა ქარისგან აწეწილ თმას. ვერ მიცნო. ხელს განუწყვეტლივ თავზე ისვამდა. მე ის ახალგაზრდა და უდარდელი მახსოვდა. ბავშვობაში ჩემზე კარგა უფროსი მეგონა და ცოტა მეშინოდა კიდეც მისი. დიდხანს არ მესმოდა იმ ქუჩური სიმღერის სიტყვების აზრი, რომელსაც სულ თავისთვის ღიღინებდა:
„ათი წლისა ქალიშვილი ვიყავი,
17-ის რომ შევსრულდი, ვსვამდი,
ვწევდი, ვიგინებოდი“.
სიამოვნებამ დამიარა. კინაღამ ბოლი გადამცდა სასულეში, ეს კუპლეტი რომ წავიმღერე, ოდნავ შეცვლილი სიტყვებით:
„ათი წლისა ბიჭი ვიყავი,
17-ისა ვსვამდი, ვბუთქავდი, გინებას არ ვიკლებდი“.
სადაა? კლავა... რომელი კლავა? – სპორტსკოლის ეზოში რომ ცხოვრობდა. სხვა რამეც ხომ არ გახსოვს, რას მღეროდა?
კლავას ყველა იცნობდა. მარტო ცხოვრობდა. სვამდა, ეწეოდა. არც გინებას აკლებდა. ლამაზად იცვამდა. საღამოობით კამპანია იკრიბებოდა მასთან და შუაღამემდე ღრეობდნენ. მეზობლები შიშით კრინტს ვერ ძრავდნენ. „ქუჩის დედოფალი ერთხელაც იქნება“... „როგორ გაუშლია დალალები“... გააყოლებდნენ ხოლმე სიტყვას ჩავლისას. „ერთხელაც იქნება, ცხვირში ამოედინება...“ სულ მიკვირდა: „რა ამოედინება?“ ვერ წარმომედგინა, ამას კი წარმოიდგენდა ოდესმე ვინმე, რასაც ახლა ვხედავდი – შეშინებულ კლავას უშველებელი გემის ფიცარნაგზე, მარტოდმარტოს, რომელიც მშობლიურ მიწას ტოვებდა?!
– ყველას ამოგვშხამდა, – ვფიქრობდი ჩემთვის. ვხედავდი ახლად გაღვიძებულ მტვრიან ფოთს, სადაც არავინ გველოდებოდა; ძაღლებს, ჯიხურს, ალვის ხეს, თეთრ შენობებს; უსახური ხუროთმოძღვრების მარგალიტებს. იქ ავტობუსები იცდიდა, მე სადგურში შეგროვილ ხალხს მივუახლოვდი და ლურჯფორმიან გამცილებელს ვკითხე:
– მალე გავა?
– განრიგის მიხედვით.
– ხომ არ დაიგვიანებს?
– არა, თავის დროზე.
დრო ხომ ჩვენს განკარგულებაში იყო. დროს არსად ეჩქარებოდა; დრო, რომელსაც ვეღარ უძლებდა დაქანცული და მოთმინებადაკარგული ხალხი.
– გავალთ თუ არა ბოლოს და ბოლოს? – ისმოდა ირგვლივ.
– გრაფიკით, – გაიმეორა დაღონებულმა გამცილებელმა. მატარებელი უნდა დაძრულიყო. ამუშავებული ლითონის ხმაზე მივხვდი. ფანჯრიდან ისევ ის სურათი ჩანდა, მაგრამ პირველი ბიძგისთანავე ტექტონიკური მოძრაობისას ხეები, შენობები, ცაც და ბალახიც ვაგონს სცილდებოდა და ირხეოდა. ინტერესით გავცქეროდი პეიზაჟს, რომელიც თითქმის არ იცვლებოდა. ამ დროს კუპეში ორი მამაკაცი შემოვიდა – სქელი ტიპი და აწოწილი, ხმელი წითური. სქელი მოგვესალმა და მოიკალათა: ჩემოდანი თაროზე შემოდო, ნეილონის პარკიდან კეფირი, ვაშლები, პური და მოხარშული კვერცხები ამოალაგა და მაგიდაზე, ფანჯარასთან, გაშალა.
– თბილისში მოდიხართ? – ქართულად გვეკითხება.
მე და ჟვანსკიმ ერთმანეთს შევხედეთ.
– დიახ, თბილისში, – უპასუხა ჟვანსკიმ რუსულად, – მე მეგონა, რომ მხოლოდ სოხუმელები მივემგზავრებოდით.
– არა, ეს მორიგი რეისი ფოთი-თბილისია, უბრალოდ, თქვენთვის – უფასოდ, – მიპასუხა ულვაშიანმა, თან რაღაც ალმაცერად შემომხედა. მატარებელი ნელ-ნელა ტოვებდა ფოთის უსახურ შემოგარენს. „რიჟა“ მაგიდას მიუჯდა. მინდოდა, თვალი ამერიდებინა მათთვის და ჟვანსკის ვკითხე, ნეტა, ჩაის დალევა სად შეიძლება-მეთქი? მსუქანი ჩემ გასაგონად: „ჩაის გადახდა უნდა“.
– მეც ვიცი, – ვთქვი, რომ გაეგონა.
სქელომ ჩაიქირქილა:
– ქართულ ენაზე რომ გელაპარაკათ, დღეს სოხუმი აფხაზების არ...
კუპეში სიჩუმე ჩამოვარდა. ჟვანსკიმ და „რიჟამ“ ენა გადაყლაპეს. მეგონა, რომ დრო გაჩერდა. სადღაც ყველაზე ძირში, შიგ სულის სიღრმეში, მთლად სულის სიღრმიდან ომით გამოკვებილი რისხვა ამოიზარდა. რომ მეგონა, ომმა ჩემში ყველანაირი ძალა ჩაახშო-მეთქი, თურმე არა, ასე არ ყოფილა, და ამომასკდა. მივხვდი, რომ ამ არარაობას ჩემი ხალხის გამოვლილი დამცირების, შიშისა და უბედურების მაგივრადაც მე გავცემდი პასუხს. ვგრძნობდი, რომ ამ ქონის ნაჭერს ალმაცერ მზერას არ შევარჩენდი. სიმწვანე თვალს მიეფარა. გამოჩნდა ზღვის ნაპირი, ზღვისა, სადაც მე გავიზარდე, მზითა და ნაზი ტალღებით ნალოლიავებ სანაპიროზე, რომელსაც დღეს სამუდამოდ ვშორდებოდით. წამოვდექი.
სქელო ამღვრეული თვალებით შემომაშტერდა. მიხვდა, რომ მიქარა და ამ მიქარვისთვის უნდა მიეღო. პირველ ჯერზევე ყბაში მოქნეულმა მუშტმა წააქცია. ძირს გაიშხლართა და რუსულად ამოღერღა: „ამას უყურე“. ძლივს ვსუნთქავდი. თავში გამკრა: რა მოხდება, ეს ნაგავი რომ მივასიკვდილო-მეთქი?
საზარელიც და სასიამოვნოც იყო ეს გაელვება. „რიჟამ“ და ჟვანსკიმ ხელი მტაცეს და სქელოს მომაცილეს. კუპე თვალის დახამხამებაში ხალხით გაივსო. მუშტმოღერებული შევყურებდი ჩემ ირგლივ შემორტყმულებს. „რიჟას“ უნდოდა, გამოვეყვანე, მაგრამ ვერ მომეკარა, ადვილად რაღას გამიბედავდა. რაღაც ცხოველური შიში ვიგრძენი გარშემო. ყველა დაფრთხა და გაისუსა.
განძრევას ვეღარ ბედავდნენ იმის შიშით, ამ გადარეულმა რამე არ ისროლოსო, – ეს ცალ მუხლზე წამომდგარმა ულვაშიანმა ამოღერღა.
– გაგათავებ, იცოდე, – ისე ვთქვი, რომ ძარღვი არ შემტოკებია.
– გაჩერდი რა, გეხვეწები! – მემუდარებოდა ჟვანსკი.
მატარებელი დაიძრა. გამცილებელმა ბოთლით ღვინო და მსხლები შემოიტანა.
– კარგი, გეყოფათ! – თქვა მოგუდული ხმით.
ულვაშიანი წამოდგა:
– წამო, მეორე ვაგონში გავიდეთ!
ჟვანსკიმ დიპლომატიას მიმართა.
მატარებელი, ხომ იცით, რომ სოხუმელებით არის სავსე, ჯობია, სადაც ვართ, აქ დავრჩეთ.
– ბიჭო, შენ მე როგორ დამარტყი?! – არ ჩერდებოდა ულვაშიანი.
– სხვა ჩემს ადგილას სულს გაგაფრთხობინებდა, – ვუპასუხე აუღელვებლად.
ულვაშიანი წახდა. „რიჟამ“ ჩანთიდან არყის ბოთლი დააძრო და უზადო რუსულით მოგვმართა:
– მორჩა, გეყოფათ. ეს ამბავი აქედან არ უნდა გავიდეს. ბოდიში, ნამდვილად ზედმეტი მოგვივიდა.
ჭიქა გამოვართვი და დავლიე. „რიჟამ“ მსხალი გამომიწოდა.
– ფოთელები ვართ, ჩვენც ნერვები გვაქვს დაწყვეტილი. აუტანელი გახდა სიცოცხლე. იროდი – მანიშნა წითურზე – მეზღვაურია, სეინერზე, მე – ყოფილი ინჟინერი.
– ნეტა ომი ამით დამთავრდება? – იკითხა ჟვანსკიმ, თან ისე, რომ პეიზაჟს თვალი არ აშორებდა.
მზე მაღლა იდგა და მტვერში ამოგანგლული ქალაქისთვის შუქს უხვად აფრქვევდა.
– თითქოს ზაფხულია, – ვამბობდი ჩემთვის და ვეძებდი პასუხს მეგობრის კითხვაზე.
– რადგან იყო პირველი, უნდა დადგეს უკანასკნელიც?
– პირველ დღეს რას აკეთებდი? – არ მეშვება ჟვანსკი, რომელსაც შუბლი ჭუჭყიან მინაზე მიუდვია და პეიზაჟს მისჩერებია, ხან თვალებს ნერვიულად აქეთ-იქით აცეცებს, წამით მშენებლობას ან რომელიმე ხეს გააყოლებს ხოლმე და მერე ისევ წინ იყურება, რაიმე ახალ საგანს მიშტერებული. მატარებელი სწრაფად მიქრის, ჟვანსკის თვალები კი ერთი წამითაც არ ისვენებენ.
– სახლში ვიჯექი. დედაჩემი ტელევიზორს უყურებდა და ნერვიულობდა, შენ?
– მე კინოთეატრ „აფსნისაკენ“ წავედი და იქ შეიარაღებული აფხაზები დავინახე, თავიდან ფეხებამდე იარაღში. მაგათში – ასტამური.
– ბგაჟბა? – მეკითხება ჟვანსკი
– ხო, ჯავშანჟილეტში, ყუმბარმტყორცნით. სახტად დავრჩი, ხელი ავუწიე.
ვაგონში ბავშვის ტირილი გაისმა. მე აჩქარებული ნაბიჯების ხმა და ლაპარაკი გავიგონე, სიტყვებს კი ვერ ვარჩევდი. როცა ყველაფერი მიჩუმდა, ჟვანსკიმ თვალი მოაშორა პეიზაჟს და მკითხა:
– ბგაჟბას რა რეაქცია ჰქონდა?
– შუშის თვალები.
– შეეძლო, ესროლა შენთვის?
– პირველ დღეს – არა; არა, იმ დღეს, არა, როცა არავინ იცოდა, რით დამთავრდებოდა. არა!
– ხო კაი ბიჭი იყო, არა?
– კი.
– მეგობრობდით?
– ლადარიასთან მეგობრობდა, ისე, კარგი ამხანაგები ვიყავით.
– ვახტანგთან? – ჟვანსკის სიამოვნებს ამ სახელების ხსენება.
„სამყარო, რომელშიც ლადარია და ბგაჟბა ცხოვრობდნენ, ხუხულასავით დაინგრა. მალე მაგისგანაც აღარაფერი დარჩება. მოგონებაც კი“, – ვფიქრობდი ჩემთვის.
– კარგი ბიჭი იყო, – კიდევ გაიმეორა ჟვანსკიმ.
– რას გულისხმობ?
– წყნარი, მდიდარი, ოჯახიშვილი. კარგადაც სწავლობდა. მაინცდამაინც ძალიანაც არ ურევდა. თავის ხალხს შეეწირა.
უცებ ვხვდები, რომ Хасика ისევ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა. ბგაჟბას ვეძახოდით ასე: არ მახსოვს, რატომ შეარქვეს, მაგრამ ძალიან უხდებოდა. ეს მარტში მოხდა. გაჩაღებული საომარი მოქმედებების დროს, ვიღაცამ, საერთოდ უცნობმა, მითხრა, ხასიკა აღარ არიო (...) ძარღვებში სისხლი გამეყინა. როგორ თუ აღარ არის?! – ვკითხე ადამიანზე, რომელსაც ფორმიანსაც კი ვერ წარმოვიდგინდი.
– როგორ და აესე – გუმისთაზე იერიშის დროს. კორიდორში გავედი. „ამ მატარებელში არასოდეს არაფერი არ შეიცვლება. ერთი წერტილიდან მეორეში კი გადავალთ, მაგრამ პირველში აღარასოდეს დავბრუნდებით“. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ. გვშია. „პირველში ვეღარ დავბრუნდებით. ვერასოდეს“. ამოუხსნელი გეომეტრია. კუპეში მოწყენილობა მეფობს, თან რაღაცნაირი სიმშვიდეც. ბორბლების ხმა გესმის. გეგონება, დასასვენებლად მივდივართო. ჟვანსკი ცნობისმოყვარეობას ვერ იოკებს, ცხოვრებას არ ეშვება. მშობლებზე არც არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თავიდან მოვიშოროთ ამაზე ფიქრი. პეიზაჟს შევცქერით. აი, სამეგრელო. ვიფიქრებდი ოდესმე, რომ მას ასეთ ვითარებაში გავიცნობდი?!