ნეტავ რას იზამენ ნისლში გამქრალი ხეები?
მაშინ, როდესაც ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივი დინებით მიდიოდა და ყველაფერი რიგზე იყო, აჭარის ტყეებში ავისმომასწავებელი ნისლი ჩამოწვა. ტყის ყველაზე მხცოვანი ხეები კი ამ ნისლში გაუჩინარდნენ. სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ იაპონური ზღაპარივით იწყება, რომლის ნარატორიც მაყურებელი უნებლიედ ხდება.
1957 წელს გადაღებულ „სისხლიან ტახტს“ აკირა კუროსავა ზუსტად ნისლიანი კადრით ხსნის და გვიყვება ამბავს ერთ ამბიციურ კაცზე, რომლის წყევლასაც ფინალში სწორედ ნისლთან ერთად მოსული ხეები აასრულებენ. კუროსავას გმირისგან განსხვავებით, მცურავი ხეების შემოქმედის ამბავი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა არც ისაა უინტერესო, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკის მოწყობა სურდა, პარკისთვის სასურველი ხეების ძებნა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ეძებდნენ ასწლოვან გიგანტურ ხეებს, რომლებიც ივანიშვილის აგარაკთან, შეკვეთილში უნდა გადარგულიყო. გეგმა რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, შესრულდა. პირველი ხე ციხისძირიდან ბორნის საშუალებით, ზღვით გადაიტანეს შეკვეთილის ტერიტორიაზე. ამ რთული ოპერაციის კადრებმა ინტერნეტი და ტელევიზიები დაიპყრო. სწორედ ეს კადრები იყო ის ბიძგი, რომელმაც განსაზღვრა, თუ რაზე უნდა ყოფილიყო სალომე ჯაშის ახალი ფილმი. 2021 წელს კი ეკრანებზე „მოთვინიერება“ გამოვიდა.
იმის მიუხედავად, რომ თემა პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი იყო და მის გარშემო ძალიან ბევრი ამბავი განვითარდა, რეჟისორმა თხრობის საკმაოდ საინტერესო და უცნაური ხერხი აირჩია. ფილმში ვერ შეხვდებით სტატისტიკებს, თუ რამდენი ხე გადაირგო, რა თანხა დაჯდა ეს ყველაფერი, რამდენ სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგია, ვინ რამდენი აიღო გაყიდულ ხეებში და ა.შ. ის ერთგვარ მაგიურ, მედიტაციურ და ზღაპრულ გარემოს ქმნის, რომელიც მხოლოდ პროცესებსა და ადამიანებს აკვირდება. რამდენადაც დიდი შეიძლება იყოს ამ თემის მიმართ უარყოფითი განწყობები, ზუსტად იმდენადვე დიდ ინტერესს აღძრავს ამ ყველაფრის ტექნიკური მხარე. ალბათ, ადრე თუ გვიან ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ უნდა გადაერგოთ ეს ხეები? იმას ნამდვილად ვერ გავექცევით, რომ ეს ყველაფერი ინჟინრული კუთხით საკმაოდ დიდი და რთული გამოწვევაა, „მოთვინიერება“ კი ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად აღწერს. ვხედავთ როგორ მუშაობენ ტრაქტორები, ინჟინრები, სხვადასხვა მძიმე ტექნიკა და რამდენი ძალისხმევა იხარჯება ამ ყველაფერში.
ერთი შეხედვით ამ ამბავში ყველა კმაყოფილია. იმ ოჯახებს, რომლებმაც ხეები გაყიდეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მიეცათ. ფილმში გვესმის ისტორიები, როდესაც ადამიანებს მათთვის წარმოუდგენელი თანხები შესთავაზეს ასწლოვან ხეებში. ტრანსპორტირებაში დასაქმებულ ადამიანებს შემოსავალი და საქმე გაუჩნდათ, დამკვეთმა კი ის მიიღო, რაც სურდა. ცხადია, მძიმე სოციალურ პირობებში დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არავისთვისაა, მაგრამ თითქმის არცერთ კადრს არ ტოვებს უხერხულობა, რომელსაც ამ ამბის გარშემო ადამიანები განიცდიან. ზოგი თავს იმართლებს, ზოგიც აგრესიულ თავდაცვას მიმართავს. არიან ადამიანები, რომელთა ხეები, თუ ქონება ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა და მათ ზარალი აუნაზღაურეს, თუმცა მათთვის არასდროს მიუციათ არჩევანის თავისუფლება, ისინი უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენეს. დიდი ფულის და ძალაუფლების მქონდე ადამიანებმა ზუსტად იციან ისეთი შეთავაზებების გაკეთება, რომელზეც უარს ვერ ეტყვიან. თუმცა, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ფული ყოველთვის ყველაფერს ვერ შველის.
ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში მოქმედება სამეგრელოში ხდება. კადრში ვხედავთ ასაკიან კაცს, რომელიც წასაღებად გამზადებული ხის ძირში ზის და ცდილობს სიგარეტს მოუკიდოს. „ჩემმა ბებიამ და ბაბუამ დარგეს... ჩემი პირველი სიგარეტია 30 წლის განმავლობაში“ამბობს ის. როდესაც ხის გადატანის პროცესი იწყება ამ კაცს უკვე კადრის ცენტრში ვხედავთ, გარშემო ადამიანებს მობილურები აქვთ მომარჯვებული და პროცესის დაწყებას ელოდებიან. „მამა კარგად ხარ?... რატომ არ უნდა ვიყო?“ ისმის პასუხად, თუმცა ეკრანზე სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. ადამიანები მოდიან, ხის პატრონს ხელს ართმევენ, ამხნევებენ, ისეთი შეგრძნებაა თითქოს პანაშვიდია, ხეს კი უკანასკნელ გზაზე აცილებენ, ისე, როგორც ოჯახის წევრს.
არის რაღაცები, რასაც შენით ვერ მიიღებ. შენამდე ვიღაცამ უნდა იზრუნოს და დაგიტოვოს. მაგალითად ხე, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ცოტა სასაცილოა ამის წერა მაშინ, როდესაც მთელი ფილმი ზუსტად საპირისპიროზეა, რომ ყველაფრის მიღება შესაძლებელია, თუ ფული გაქვს, მაგრამ ერთ-ერთი მუშის ნათქვამ სიტყვებს მოვიშველიებ: „რას იზამ, ცხოვრება ყოველთვის ერთნაირი არ არის“. ამ სცენის ტრაგიკულობაც ზუსტად ესაა, ვხედავთ ასაკოვან კაცს, რომელიც პატარა ბავშვივით დგას და თითქოს დანაშაულს გრძნობს ბებია-ბაბუის წინაშე, გვერდით მისი შვილი კი ცხარე ცრემლით ტირის. თითქოს ვხედავთ, როგორ წყდება ჯაჭვი თაობებს შორის და სწორედ ბოლო მომენტში იაზრებენ ადამიანები, თუ რამდენად ძვირფასი ყოფილა მათთვის ეს ხე.
იმის მიუხედავად, რომ ფილმში ერთმანეთს მუდმივად ენაცვლება საკმაოდ მძაფრი და ძლიერი ემოციები, „მოთვინიერება“ მაინც ინარჩუნებს მშვიდ ტონს. არ იგრძნობა შფოთი და ცდუნება, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩქარა უნდა მივიდეს მაყურებლამდე ისე, როგორც სატელევიზიო სიუჟეტში. შესაბამისად ეს რაფინირებული მიდგომა, სურათს საკმაოდ დიდ სიღრმეს აძლევს, სცდება ზედაპირს და საშუალება გვაქვს უფრო მეტ დეტალს დავაკვირდეთ. ამ პროცესების გარშემო ყველაზე უცნაური და საინტერესო ემოციური სპექტრია. თუ გავიხსენებთ იმ დროს, როდესაც პირველად ზღვაში მოცურავე ხეები ვნახეთ, ალბათ ყველასთვის ესთეტიკური, მიმზიდველი და ვიზუალურად საინტერესო იყო ეს კადრები. თუმცა შემზარავია იმის ყურება, თუ როგორ მივიდნენ ისინი ზღვამდე, რა გზა გაიარეს და რამდენი შეშინებული თვალი აკვირდებოდა მათ მოძრაობას. შიში კი იმ ძალის გამოწვეულია, რომელიც ამ ხეებს სხვაგან ექაჩება, რომელსაც შეუძლია გააჩეროს რკინიგზა, გადაკეტოს გზები, ან სულაც ახალი გაიყვანოს, ჩამოხსნას ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები და სოფლები უშუქოდ დატოვოს, მოჭრას ქარსაცავი ზოლები და ამ ყველაფერზე პასუხს ვერავინ ვერ მოსთხოვს. ერთ-ერთ სცენაში, სრულიად სიბნელეში ჩრდილებად ვხედავთ, როგორ მოდის უზარმაზარი ხე უნებლიედ მოწყობილ სირცხვილის კორიდორში, ფონად კი პნევმატიკური მექანიზმების ხმები ისმის, რომელიც მოხუცი ხის ოხვრას ჰგავს, რომელიც ფესვებს მოგლიჯეს და სადღაც მიათრევენ. ამ დროს მთელი სოფელი ფეხზე დგას, ზოგი თბილი ტანსაცმლით, ზოგი საბნით და ამ უცნაურ სანახაობას უყურებს, რომელიც ვერავის გაუგია რას ემსახურება.
ფილმის დასაწყისში თუ მუდმივად ჯოჯოხეთური ხმაური გვესმის და მუშაობის ქაოტურ პროცესს ვუყურებთ, ფინალში ეს ყველაფერი არაბუნებრივი ჰარმონიულობით იცვლება. დენდროლოგიური პარკის ხელოვნურად დაგეგმილ ლანდშაფტში ასწლოვან ხეებს საპატიო ადგილები მოუძებნეს, კოხტად გაკრეჭილ გაზონზე კი რკინის ტროსებით დააბეს, თითქოს სადმე გაქცევა შეეძლოთ. ნეტავ რას იზამენ ნისლის მიყვანილი ხეები, რა როლს ითამაშებენ ახალი პატრონის ცხოვრებაში?