ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნიაღვრის ქუჩები მიწის ქვეშ

პავლე ინგოროყვას ქუჩასა და შიო ჩიტაძის ჩიხს ერთი ვიწრო ქუჩა მიუყვება. ქუჩის ზემოთ, მამა დავითთან პატარა ხევი იყო, რომელსაც ძლიერი წვიმის დროს აქ ნიაღვარი მოჰქონდა და თან მოათრევდა ხე-მცენარეებს. ასე ხდებოდა ყველა ძლიერი წვიმის დროს. ამიტომ ამ ქუჩას 1900 წელს ნიაღვრის ქუჩა დაარქვეს.

ქალაქის მასობრივად გაშენებამდე მტკვრის შენაკადების მიერ წარმოქმნილი მრავალი ხევი იტევდა წვიმის წყალს ისე, რომ წყალდიდობა იშვიათად თუ აზარალებდა დიდად თბილისს. მეცხრამეტე საუკუნის შუიდან კი, როცა ქალაქი გასცდა ძველ გალავანს და შემოიერთა ახალი უბნები: ვერე, ორთაჭალა, კრწანისი, ჩუღურეთი, მოგვიანებით კი - გლდანი, დიღომი, მუხიანი, მტკვრის თითქმის ყველა შენაკადი ქალაქის საზღვრებში მოექცა. ქალაქის გაფართოებისას ხევებისა და ხეობების დიდი ნაწილი თანდათან მიწით ამოავსეს, მდინარეები კი გვირაბებში გაატარეს. ბეტონის კედლებში მოქცეული მდინარე კოკისპირული წვიმის დროს კალაპოტში ვეღარ ეტეოდა და ეს გვირაბებიც ხშირად იტბორებოდა, რაც ნიაღვრის მიწის ზედაპირზე ამოხეთქვას იწვევდა ხოლმე.

მტკვრის გასწვრივ არსებული ჭალის ტყეები კალაპოტს წყალმოვარდნებისგან იცავდნენ, მაგრამ ქალაქის შენების დროს ეს ტყეებიც გაიჩეხა. ნაწილი შეშად იყო საჭირო, ნაწილით კი - ახალი სახლები ააშენეს. მეოცე საუკუნის შუისთვის მთაწმინდის ფერდობები უკვე ისე იყო მოშიშვლებული, რომ ფერდებზე ხელოვნური ტყეების გაშენება გახდა საჭირო. თუმცა, ახალმა ტყეებმა მაინც ვერ შეაჩერეს ის ზარალი, რომელიც ქალაქს ძლიერი ნალექის დროს ადგებოდა.



ვარაზისხევი 40-იან წლებში
თბილისში წყალმოვარდნები რომ დიდ პრობლემებს ქმნიდა, ამაზე მეტყველებს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიც. მაგალითად 1897 წელს გაზეთ კვალში დაბეჭდილი ცნობა:

„მაისის ოცდაცხრას, საღამოს მეცხრე საათზე დაჰკრა თბილისში საშინელმა ელვა-გრგვინვამ. წამოვიდა სეტყვა და შემდეგ დაასხა კოკური წვიმა. ავჭალის და მთაწმინდის ქუჩებზე წარმოსკდნენ დიდი ხევები, რომელთაც დიდი ზარალი ჰქმნეს და კაცები იმსხვერპლეს. ნავთლუღის რკინის გზის სადგურის მახლობლად ხევმა მოიტაცა სათიბიდან მონავალი ფურგუნი სამი ცხენით. ფურგუნში მსხდარან 19 სალდათი დრაგუნის პოლკისა. ეს ფურგუნი ცხენიანკაცებიანად ხევმა ჩაიტანა მიწის არხში და გაიტანა მტკვარში. დამხრჩვალთაგანი აქამდის მხოლოდ ერთი კაცი გაუგდია მტკვარს კიდეზე.“

მდინარე ვერე ადიდდა, 1924 და 1963 წელს. ამ დროს განადგურდა თბილისის ზოოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბოლო ადიდება 2015 წლის 13 ივნისს გვახსოვს. მსხვერპლიც იყო. გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე კვლევაში კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე ქალაქ თბილისში წერს, რომ ტრაგედიის ძირითადი მიზეზი იყო არა განსაკუთრებული სიძლიერის წყალმოვარდნა, არამედ თბილისის საზღვრებში ვერეს ჭალების ტერიტორიების წინდაუხედავი სამეურნეო ათვისება, რაც განსაკუთრებულად ჩქარი ტემპით გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება:

„2009-2010 წლებში შემოვლითი გზის მშენებლობის დროს გმირთა მოედნის ქვეშ XX საუკუნის 30-იან წლებში აშენებული ისედაც გრძელი გვირაბი მისი ადრინდელი შესასვლელიდან 120-130 მეტრით დააგრძელეს. ამ გვირაბის დაგრძელებულმა მონაკვეთმა დაიკავა ვერეს ბუნებრივი კალაპოტი. გვირაბის ახალმა შესასვლელმა თავისუფლად ვერ გაატარა 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯი. მოხდა ნიაღვრების შეტბორვა, წყლის დონის აწევა, სულ მცირე, 7-8 მეტრით“.

როგორც ჩანს, თბილისის განაშენიანების დროს გარემოპირობებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 1963 წელს მომხდარი ტრაგედიიდან   ერთი წლის შემდეგ სწრაფადვე დაიწყეს ზოოპარკის განადგურებული ნაწილის აღდგენა. თითქოს არც არაფერი მოხდარიყო.


გმირთა მოედანი XX საუკუნის 30-იან წლებში. მდინარე ვერე მიწისქვეშა გვირაბშია მოქცეული



1939 წელს, გაზეთი კომუნისტი წერდა თბილისის სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობის შესახებ:

„კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე. მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა“.


საბჭოთა მმართველობას თბილისში, მნიშვნელოვნად არ შეუცვლია წყალმოვარდნასთან ბრძოლის მეთოდები. ქალაქის გაფართოებასთან ერთად, ისინიც ხელოვნურ გვირაბებში აქცევდნენ მდინარეებს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ინდუსტრიალიზაციის გამო გაიზარდა მტკვარსა და მის შენაკადებში საწარმოო ნარჩენების ჩადინება. არც კალაპოტები სუფთავდებოდა ხე-მცენარეებისგან. როგორც ბიოლოგი ნინო ჩხობაძე გვეუბნება, 70-იან წლებში, მას შემდეგ რაც კრწანისის ხევი ადიდდა და საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა, გადაწყვიტეს, შეექმნათ სპეციალური სამსახური, რომელსაც პატარა მდინარეების გაწმენდა დაევალა ზედმეტი ნარჩენისგან. ამავე პერიოდში გაიყო თბილისის სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები და საბოლოოდ განცალკევდა ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათი იყო ევროპის ქალაქებშიც კი.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განმარტებით, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს ქალაქის ისეთი ბუნებრივი პარამეტრების აღრიცხვა და დაკვირვება, როგორიცაა მდინარის დონე, სეტყვა, ნალექი, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და ა.შ. ამ მონაცემებს შემდეგში ზუსტი პროგნოზების გაკეთებაში იყენებდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მონიტორინგი შეწყდა. ქალაქი ისევ ფართოვდებოდა, თუმცა სანიაღვრე სისტემები არ შეცვლილა. მეოცე საუკუნეში ჩატარებული სამუშაოები ქალაქის განვითარების მხრივ, ეფუძნებოდა მაშინდელ თანამედროვე კლიმატურ ტენდენციებს და იმდროინდელ ქალაქის მასშტაბებს, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა კლიმატი:


„კლიმატის ცვლილებები, რომლებიც ადრე ჩვენ რეგიონში და მათ შორის თბილისშიც იყო ნავარაუდევი, უკვე პროგნოზი აღარ არის და ეს ყველაფერი რეალობაში მუშაობს. რეალობა არის ის, რომ თბილისში მცირდება წელიწადში მოსული წვიმის რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება გვალვიანი დღეები. მაგრამ ახლა თუკი ერთ თვეში მოდის გარკვეული რაოდენობის ნალექი, ახალი რეალობის მიხედვით, ოცდაათ დღეში კი აღარ გადანაწილდება ეს ნალექი, არამედ მოწვიმს ორი დღე და დანარჩენი 28 დღე იქნება გვალვა. მაგრამ სისტემა, რომელიც არ არის ამ რეალობაზე გათვლილი, რა თქმა უნდა, იჭედება ჭარბი რაოდენობის წყლის გამო“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი.


პოსტსაბჭოთა პერიოდში წამოწყებულმა მშენებლობებმა გაზარდეს მოასფალტებული ქუჩების რაოდენობაც ქალაქში. ამიტომ თბილისში მოსული ნალექის დიდი ნაწილი რჩება ქუჩის ზედაპირზე, სადაც მიედინება დიდი სიჩქარით და ეძებს ადგილს მიწისქვეშ ჩასასვლელად.


გაიზარდა მდინარეებში ჩაყრილი ნარჩენების ოდენობაც. მართალია თბილისის მერიას აკრძალული აქვს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების ჩაყრა დატბორვის ზონებში, თუმცა ბიოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მდინარეები მაინც უკონტროლოდ ბინძურდება. ძლიერი ნალექის დროს კი წყალს ზუსტად ეს ნარჩენები მოაქვს და ჭედავს გვირაბებს:


„თბილისის ცენტრალურ უბნებში სანიაღვრე სისტემები საკმაოდ მოძველებულია, უფრო სწორად მისი გამტარიანობაა საკმაოდ ნაკლები. ახლა ერთბაშად მოსულმა ნალექმა შეიძლება ვერ გაუძლოს და ვერ გაატაროს დიდი მოცულობის წყალი. არის უბნები, სადაც სანიაღვრე სისტემები ბოლომდე არ არის გაკეთებული ან არ არის გამართული, მაგალითად დიდ დიღომში. ეს ძირითადად ახალ უბნებს ეხება, სადაც ზოგ შემთხვევაში სანიაღვრე სისტემა დაერთებულია კანალიზაციაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს კიდევ უფრო აფერხებს სანიაღვრეს გამტარუნარიანობას“, - გვეუბნება ნინო ჩხობაძე.


თბილისის სანიაღვრე სისტემაზე ახლა პასუხისმგებელი თბილსერვის ჯგუფის სანიაღვრე სამსახურია, რომელსაც ევალება თბილისის 450-კილომეტრიანი სანიაღვრე ქსელის გაწმენდა და მეთვალყურეობა. ქალაქის სანიაღვრე ინფრასტრუქტურა საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განახლებულა და მხოლოდ გარკვეულ პრობლემურ ადგილებისა თუ ქუჩების რეაბილიტაციის დროს ხდება სანიაღვრე არხების ეტაპობრივი გამოცვლა. როგორც თბილსერვის ჯგუფის დირექტორი რომეო მიქაუტაძე ამბობს, თბილისის სანიაღვრე სისტემის მთავარი გამოწვევა სიძველე და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია:


“მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მოძველებული სანიაღვრე სისტემა თანხვედრაში იყოს დღევანდელობასთან. ხშირად არის, როცა სანიაღვრე სისტემას იმაზე მეტი დაერთება აქვს, ვიდრე მას შეუძლია გაატაროს. არის შემთხვევები, როცა საკანალიზაციო მილი უკანონოდაა მიერთებული სანიაღვრე სისტემასთან. ჩვენ ოფიციალურად ვერ გავცემთ ვერაფრით ნებართვას, რომ ფეკალიები დაერთდეს სანიაღვრე კოლექტორზე. ძირითადად, განცხადებები შემოდის მსგავსი შემთხვევების, ჩვენ მივდივართ და ადგილზე ვსწავლობთ, როგორ შეიძლება ეს ორი სისტემა განცალკევდეს და დღეს თითქმის აღარ გვაქვს ასეთი შემთხვევები. რაც შეეხება ნარჩენებს, როცა შევხედავთ, რომ კოლექტორში არის ნარჩენის ჩაყრის და დაბინძურების მცდელობები, ჩვენ მივმართავთ მუნიციპალურ ინსპექციას და ინსპექცია სწავლობს ფაქტს”.

დაწვრილებით


ურბანისტი და არქიტექტორი, ზურაბ ბაქრაძე გვეუბნება, რომ ეტაპი, რომელიც მდინარეების გვირაბებში მოქცევას გულისხმობს, ყველა ქალაქმა გაიარა, მაგრამ ახლა უმეტესობამ, მათ შორის ამსტერდამმა და სეულმა, ისევ დაიწყო კალაპოტების გათავისუფლება და ზედმეტი ბარიერების მოხსნა. თბილისში ჯერ ასე არ ხდება:


„რაც ნაკლები მდინარე იქნება კოლექტორში ჩასმული მით უკეთესი. თბილისში კი თითქმის ყველა მდინარე გვირაბშია. ღია მდინარეები ნაკლებად საშიშია ქალაქისთვის, რადგან ბუნებრივი წყალდიდობების დროს მდინარე მიდის სიგანეში და შესაბამისად, ეს კალაპოტიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ქალაქს. შემდეგ კი ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდება მდინარე. მდინარეებმა უნდა ისუნთქონ“.


რომეო მიქაუტაძე ამ საკითხზე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მდინარეების კოლექტორებიდან გამოყვანა არ იგეგმება:


“ჩვენ მდინარეებისა და ხევების კოლექტორებისგან განცალკევების პროცესს არ ვგეგმავთ. მდინარეები რახან კოლექტორებშია, ჩვენი მიზანია, ეს კოლექტორები იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლონ უხვი ნალექის დროს ნიაღვრის გატარება ისე, რომ არ დაიტბოროს გარკვეული ლოკაციები და არ შეიზღუდოს ტრანსპორტის და მოქალაქეების გადაადგილება.”


მდინარეების ადიდებას ხელს ვერაფერი შეუშლის, ვერც ნალექების რაოდენობას გავაკონტროლებთ, ეს ბუნებრივი პროცესებია. ისიც ვიცით და გამოგვიცდია, რომ ძლიერი ნალექის დროს, მშრალი ხევიც კი შეიძლება დიდი ღვარცოფის გამომწვევი გახდეს. ახალი, გაზრდილი ქალაქის გარემოპირობები სწრაფად იცვლება და იცვლება კლიმატიც ყველგან მსოფლიოში და მათ შორის, თბილისის ირგვლივ. ასეთ დროს კი, თბილისს თავისი მდინარეები თითქოს მარწუხებში ჰყავს მოქცეული და აიძულებს იდინონ მიწისქვეშა გვირაბებში.