გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბესო პაპასქუა ომის ანგელოზები მოთხრობა პროზა

ომის ანგელოზები | ბესო პაპასქუა

იცით, რას აკეთებენ ფხიზელი ცვლის გუშაგები? ისინი დამსვენებელი ცვლის გუშაგების სიზმრებს დარაჯობენ.

მე ფხიზელი ცვლის გუშაგი ვარ, მაგრამ ამ წამს თანამებრძოლების ამუნიცია აქვე რომ არ ეყაროს, იატაკზე და მათი არიტმიული სუნთქვის ხმები არ ისმოდეს, ჩემი მოვალეობის შესრულება გამიჭირდებოდა. უკვე 7 თვეა, უკრაინაში ვიბრძვი და ასეთი რამე პირველად დამემართა. ტვინში გველივით შემომიძვრა აზრი, რომ ჩვენ უკან მდებარე სასაფლაოზე დამარხულ ათასობით მკვდარს ვესიზმრებით. რომ ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ვართ მაგათი ღამის კოშმარი და ამ ფიქრებს ისეთი სუსხი შემოყვა, რომ ხელი ინსტინქტურად გამექცა ხებეს ჯიბისკენ. ფოტოსურათი ამოვიღე და ტელეფონის შუქზე მასზე აღბეჭდილ გამოსახულებას დავაკვირდი. ეს ფოტო ჩემი რესპირატორია და ყველა კრიზისულ მომენტში მამარაგებს ჟანგბადით. ახლაც ასე მოხდა, სურათი როგორც კი ხელში დავიჭირე, მივხვდი, რომ ანგელოზების პოლკთან რადიოკავშირი არ დამიკარგავს და ისინი ჩემს საჰაერო მხარდაჭერას ძველებურად უზრუნველყოფენ.

გაუგებრად ვლაპარაკობ? მაშინ მისმინეთ.

ყველაფერი 10 თვის წინ დაიწყო. უკრაინაში წამოსვლამდე 3 თვით ადრე. როცა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ბაზის კურილკაში, მთელი ასეული ვისხედით...


თბილისი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა.

10 თვის წინ:

1.

ბატალიონის მოწყობამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა და მთელ ასეულს სიგარეტი გვენატრებოდა.

ამერიკული ბათინკი, ხებე, გორტექსი... რა იქნებოდა, ამერიკული სიგარეტიც მოეყოლებინათ. „ლაკი-სტრაიკი“. ერთი ბლოკი „ლაკი-სტრაიკი“, როგორც სტივენ სპილბერგის და ტომ ჰენქსის ფილმებშია და გავეშვით - სულერთია, საით, თუნდაც რიგითი რაიანის გადასარჩენად.

მაგრამ „ლაკი სტრაიკი“ არ გვქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაანონსებული ჯოჯოხეთი დაიწყო. გალიაკის ჯოჯოხეთი. საქართველოს შეიარაღებულ ძალების ყველა სამხედრომ იცის, რომ სულერთია, სად იქნები, კურილკაში, საგუშაგოზე თუ ვაზიანის პოლიგონზე - უსიგარეტობა სავალდებულო ჯარში მსახურებიდან 6 თვის თავზე ყველგან წყევლასავით შემოაღწევს. ფრჩხილების ჭამას დაგაწყებინებს. შენს სიზმრებში დაიკავებს ადგილს.

- ჯარი, ადეეეექ!!!

ეს ბრძანება ზემდგომის გამოჩენისას გაიცემა. კურილკაში მსხდომი ყველა ჯარისკაცი ფეხზე წამოვდექით. კამუფლაჟიან ფორმებს ზემოთ გადავიჭყიტე და ასეულის სერჟანტი დავინახე, ნელა გამოცდა ზღურბლს და წრის შუაგულში გაჩერდა. მდუმარედ შეგვათვალიერა. მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს გამომეტყველება და სამხედრო ქუდი ნელა მოვიხადე.

- წუხელ კიდე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, - თქვა.

განაწესით ეს მოქმედება უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების მიმართ არ ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენი ასეულის სერჟანტი აქ თვითონ იყო ერთადერთი განაწესი.

- დიდება გმირებს! - გამოცრა კბილებში.

და ვიდრე მთელი ასეული საპასუხოდ დაიქუხებდა, ხელი გულის ჯიბისკენ წავიღე, რომ ჩემი რიტუალი შემესრულებინა, მაგრამ... ღმერთო.

ჯიბე ცარიელი იყო.

...

და უცებ, ბაზის კედლებმა ისე დაიწყეს შეკუმშვა, თითქოს Pubg-ის რომელიღაც სერვერში გავიჭედე. ვიგრძენი, რომ ყველაფერი ტერიტორიის პატარა, ლურჯ ნაგლეჯამდე ვიწროვდებოდა. დეორიენტაციის შეტევა დამემართა, მაგრამ საბედნიეროდ ზუსტად მახსოვდა, სად ვიყავი: სავალდებულო ჯარში. ჩემგან 100-ოდე მეტრში ჩვენი ყაზარმა იდგა, რომლის მეორე სართულიც მთლიანად „ბრავო“ ასეულის წევრებს გვეკუთვნოდა. მახსოვდა, რომ სართული სამი კუბრიკისგან შედგებოდა. თითო კუბრიკში 35 რკინის ორსართულიანი საწოლი იდგა, საიდანაც დილის ადგომის ბრძანებიდან წამებში 70 ჯარისკაცი კისრისტეხით ადგა და სამხედრო ფორმა ჩაიცვა. დილა სამწყობრო ხაზზე პირადი შემადგენლობის გადათვლით დაიწყო და პირადი ჰიგიენის, დასუფთავება-დალაგების საქმეებით გაგრძელდა. საუზმე, კურილკა, საყარაულო სამზადისი. მორიგე ოფიცრები ინსტრუქტაჟს 9 საათიდან ჩაგვიტარებდნენ. თითოეულ განწესთან მივიდოდნენ, ეკიპირების ხარისხს შეამოწმებდნენ და პირად შემადგენლობას ხელმეორედ გადათვლიდნენ. იქამდე ზუსტად ათი წუთი რჩებოდა და წინასწარ ვიცოდი, რომ გარდაუვალი იყო, ამ შემადგენლობას ერთი ჯარისკაცი არ გამოკლებოდა.

რადგან ეს ჯარისკაცი მე ვიყავი.

...

ლოგინს პლედი შემოვაცალე, ქათქათა თეთრეული და ბალიშის პირი შევამოწმე. კარადაში ჩალაგებულ ნივთები ძირს გადმოვყარე: პირსაპარსი ქაფის ქილა, BIG-ის სამართებელი, მათარა, პონჩო... და წამით სარკეში საკუთარ გამოსახულებაზე მზერა გამიშეშდა. პანიკური ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემს ანარეკლთან დესინქრონიზაციაში ვიყავი. მისი მოქმედებები დაგვიანებული რადიოსიგნალივით მომეწოდებოდა, ჩვენს შორის ჩამორჩენის ინტერვალი იზრდებოდა და ვიდრე ცხოვრებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალელურ განზომილებებში გავაგრძელებდით, სარკეში მეორე ანარეკლი შემოვიდა. მოხრილი. ჩამოფხატული სამხედრო ქუდით. უსწორმასწოროდ შეკეცილი ხებეს საყელოებით. მედღევე ჯარისკაცი იყო. გამოთაყვანებული გაჩერდა ჩემ უკან. მიმოფანტულ ნივთებს, არეულ ლოგინებს შეშინებულმა გადახედა.

- ჩეპეა, ძმაო.. ყარაულის მოწყობაზე რატო არ ხარ?
- ატასაზე მჭირდები! - გამოფხიზლებულმა ვუთხარი და მხარზე გადაკიდებული ავტომატი მოვიხსენი, ხელში მივაჩეჩე. განტვირთვის ჟილეტში ჩაწყობილი 4 მჭიდი

ლოგინზე დავყარე და პირქვე დავწექი იატაკზე, რომელიც მე-2 ოცეულის ჯარისკაცებს 40 წუთით ადრე სველი ტილოებით მოეწმინდათ. რკინის ორსართულიანი საწოლების ქვეშ შევიჭყიტე და ვიგრძენი, ნესტოებში როგორ შემომიძვრა ნესტის გამაბრუებელი სუნი.

...

- ატასა. ასეულის სერჟანტი მოდის..

ჩემს მკერდში დეტონატორმა დაიწყო წიკწიკი.

სწრაფად ავდექი და განტვირთვის ჟილეტში ჩავილაგე ლოგინზე მიმოფანტული მჭიდები. ავტომატი მხარზე გადავიკიდე და მეორე კუბრიკისკენ უმწეოდ მივტრიალდი.

- აქ რატო ხარ? - მკითხა დასმენაზე გაჭიმულმა. ვუპასუხე:
- ძვირფასი ნივთი დავკარგე, ბატონო სერჟანტო.
- რა ნივთი, - გამოკითხვას ზუსტად იმ გამომეტყველებით აგრძელებდა, როგორიც ერთი კვირის წინ ჰქონდა მესამე ასეულის სერჟანტთან ლაპარაკისას. მანამდე, სანამ თავში გადაარტყამდა იმ სამზარეულოს სინს.
- ფოტო, - ვთქვი და მომეჩვენა, რომ ამ გაჭიანურებული ტაქტიკით სიცოცხლის ძვირფას წუთები მოვიპარე.
- რა ფოტო?!
- მამაჩემის, - და უცებ ისევ ჩაირთო ის დეტონატორი, გაუსაძლისი შეგრძნება, რომ PUBG-ის სერვერში გავიჭედე. ვიგრძენი, რომ ჩემი ზამბარასავით დაჭიმული სხეული იშვებდა.

სმენაზე სწორად დალაგებული ხელები თავისკენ წავიღე, ხელისგულებით საფეთქლები დავისრისე. ძალიან მომინდა, მეთქვა, რომ სიფრთხილე გამოეჩინა, მესამე კუბრიკისკენ გადაეტანა ყურადღება, გაეცა ყველა შემოსასვლელის გადაკეტვის ბრძანება და კონტრშეტევით გაგვერღვია ეს მცოცავი ჯოჯოხეთის წრე. მაგრამ ვერაფერი ვთქვი, და უჩვეულოდ გაწელილი პაუზის მერე, მისი სიტყვებიც ძლივს გავარჩიე:

- კიდე 10 წუთი გაქ. თუ ვერ იპოვი, ხვალ შვებულებაში გაგიშვებ.

გაკვირვებისგან პირი ისე დავაღე, როგორც ჯარისკაცები აღებენ რპგ-ს სროლამდე და ვიდრე კუბრიკიდან გავიდოდა, მის კისერზე გაკეთებული სვირინგი კიდევ ერთხელ მომხვდა თვალში: „1993. 2008.“.

ხო. მანდ მოკლეს მამაჩემიც.

...

და ასე გახდა მამაჩემი ანგელოზების პოლკის ოცმეთაური.

7-ის ვიყავი, როცა ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შვებულებიდან ფორმით დაბრუნდა. სამხედრო ქუდი დამახურა, აპარატი დედას მისცა, მუხლზე დამისვა და ჩხაკ. მეორე დღეს დაბეჭდილი ფოტო მოიტანა, რომელსაც უკან გაკრული ხელით ეწერა: „საუკეთესო ჯარისკაცს! მამისგან“. ეს ერთადერთი წარწერაა, რაც მამაჩემისგან დარჩა, ამიტომ არ ვიცოდი, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო: ფოტო, თუ მამაჩემის წარწერა იმ ფოტოზე. სამაგიეროდ მახსოვდა, რომ 15 წელი ამ ფოტოს უწყვეტად ჯიბით დავატარებდი - ჯერ სკოლაში, მერე უნივერსიტეტში და სწავლის დამთავრებიდან 9 თვე უკვე ჯარში და ახლა ცხოვრებაში პირველად მიწევდა მისი დაკარგვით გამოწვეულ ტრავმატულ სიმპტომებთან გამკლავება: სულის ხუთვა, სპაზმი, ქოშინი. შეგრძნება, რომ თითქოს დახურულ სივრცეში ვარ და ტერიტორია შეკუმშვას მანამდე აგრძელებს, სანამ არ გავქრები. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ბრალი იყო. ზედმეტად გადავითამაშე ცხოვრება და როლურ ეპიზოდში გავიჭედე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენჯერმე ღამის ცაზე მითვალთვალია და მიფიქრია, რომ ბახმუტის, გორელოვკის, ჩერნიგოვის მიწაზე გათხრილ სანგარში ვწევარ. მიდამოს უმოწყალოდ ბომბავს არტილერია და მიწის ბელტებს თავზე მაყრის. მამაჩემის ფოტო მიჭირავს და თითებით იმ ერთადერთ წარწერას ვეფერები, რომელიც მისგან დარჩა და რომელმაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრების არჩევანი: „საუკეთესო ჯარისკაცს. მამისგან“. კარდიოგრამული კალიგრაფიაა. ეკრანზე ხაზებივით. ხომ ხვდებით, რისი თქმაც მინდა. და ამ დროს, ეს პულსაცია სულში მიძვრება, რომ მეორე სუნთქვა გამეხსნას, რომ საკუთარ შიშზე აღვზევდე, როგორც ზალპურ ცეცხლში დაბადებული დაცემული ჯარისკაცი.

იმდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ იმ ფოტოს გარეშე ფრონტის ხაზზე კი არა, თავს მეშვიდე საგუშაგოზეც კი - იქ, სადაც შვებულების წინა განაწესის შესრულება მიწევდა, თავს დაუცველად ვგრძნობდი. ჩემს პერიმეტრზე უაზროდ დავაბიჯებდი და გონებაში ის უიმედო სურათი მიტრიალებდა, თუ როგორ მოავლო სერჟანტმა თვალი საგანგებოდ მოწყობილ „ბრავოს“ მთელ შემადგენლობას და დაკარგული ფოტო მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ არცერთმა არაფერი იცოდა და ახლა ერთადერთი, რაც მდგომარეობას სულ ოდნავ მიმსუბუქებდა ხვალინდელ შვებულებაზე ფიქრი იყო.

სახლში წავიდოდი და საოჯახო ალბომს გადავშლიდი. ალბათ ვერცერთი ფოტო იმ ერთადერთს ვერ შემიცვლიდა, მაგრამ იქნებ გაეჩერებინა ჩემს თავში ატეხილი პარანოია.

და სწორედ ამ დროს გავიგონე ხმა რაციიდან:

„არწივი, არწივი, 1 ვარ, - მიღება“.

...

„არწივი - არწივი, 6 ვარ! მიღება...“

ეს არასწორი სახმისი იყო. ჩვენი ყარაული 12 საგუშაგოსგან შედგებოდა. თითოეული გუშაგი ვალდებული იყო ყარაულის უფროსისთვის საათში ერთხელ მდგომარეობის შესახებ რაციით მოეხსენებინა...

დრო სწორი იყო, მაგრამ სახმისი - არასწორი.

ბეტონის კედლიდან პირდაპირ თოვლის ნამქერში გადავხტი, მხარზე გადაკიდებული ავტომატი წინ გადმოვიტანე და ბატიფეხურით გავაგრძელე გზა განათებული საგუშაგოსკენ, რომ საშვთა ბიუროს კამერებს ჩემი გადაადგილება არ დაეფიქსირებინათ. გუშაგი უნდა გამეფრთხილებინა სახმისის შესახებ. იმედი მქონდა მიხვდებოდა, ვინც ვიყავი და შეშინებული ტყვიას შუბლში არ დამახლიდა.

„არწივი - არწივი, 6 ვარ. მიღება!“ - ისევ გაიმეორა.

ლამპიონის შუქზე ფიფქები ირეოდა, ჩრდილები შეთქმულებივით დაცურავდნენ. კამერების პერიმეტრს გავცდი თუ არა, წამოვდექი.

- ეი, გუშაგო....
- სდექ! - გამაფრთხილებელ ბრძანება გაისმა და სახეში დამიზნებული ავტომატი დავინახე.
- მე ვარ, მე-7 საგუშგოდან...! - ვუთხარი.

დაკვირვებით შემათვალიერა, იარაღის ლულადაბლადაუშვა.

- სახმისი გეშლება - აქ ჩვენ ყველა ღამურები ვართ! - ავუხსენი.

წამიერი დუმილის შემდეგ რაციიდან ავისმომასწავებელი ხმა გაისმა - ბატალიონის მორიგემ კავშირზე ყარაულის უფროსი იხმო. „დაგერხა“ - ამის გაფიქრება მოვასწარი და მორიგე ოფიცრის ახალი ბრძანება გავიგონე:

- მეექვსე გუშაგს გადაეცით, რომ ის ამ წუთიდან არც ღამურაა და მითუმეტეს, აღარც არწივი! ის არის ბუ!..

...

აზერი იყო, ჩემზე ერთი თავით მაღალი. ეტყობოდა ამ გორტექსის შიგნით დიდ კუნთებს მალავდა, მაგრამ თავი არ შემიკავებია. ძნელი იყო, ოფიცრის სიტყვების მერე არ გამცინებოდა.

როგორც კი სული მოვითქვი, ვეკითხები:

- ახალი ხარ, გარდაშ?
- ხო, - თავი ღიმილით დამიქნია - ჩარლიდან.

ჩვენი ბატალიონი 4 ასეულისგან შედგებოდა. მეოთხე ასეულს „ჩარლი“ ერქვა. როგორც წესი, ვაზიანის ბაზა უახლოეს პატარა სამხედრო ნაწილებს საჭმლით ამარაგებდა. მზარეულის ერთი ჩეპე რომელიმე სახეობის კერძში და მთელი შეიარაღებული ნაწილების ნახევარი იწამლებოდა. ასეთ შემთხვევაში ერთ ასეულში შემავალი ჯანმრთელი ჯარისკაცების რაოდენობა საყარაულო განწესისთვის საჭირო მინიმუმს ყოველთვის ჩამორჩებოდა და აუცილებელი ხდებოდა სხვადასხვა ასეულის გაერთიანება. წინა კვირას სწორედ ეს შეგვემთხვა და „ჩარლიდან“ გუშაგები დაგვამატეს. ყველა ერთმანეთს არ ვიცნობდით.

- ამ ყარაულში პირველად ხარ?
- კი, აეროპორტიდან გადმომიყვანეს, - მითხრა, - იქ სახმისი არწივია.

ხვალ ეს ამბავი მთელ ბატალიონს მოედებოდა. 12 საგუშაგო 12 რაციას უდრიდა. პლუს კიდევ საყარაულო დამსვენებელ ცვლაში მყოფი 24 ჯარისკაცი, რომლებმაც მოხსენება ყარაულის უფროსის რაციიდან მოისმინეს. ბაზაზე დაბრუნებული ეს ჯარისკაცები ახალ ამბებს სხვა ჯარისკაცებთან მოყვებოდნენ და ინფორმაცია სწრაფად გავრცელდებოდა.

- არა უშავს, - ვცადე დამემშვიდებინა, მერე ინსტინქტურად წავიღე ხელი გორტექსის ჯიბისკენ, მაგრამ გამახსენდა, რომ სიგარეტი არ მქონდა.
- გალიაკი, - დანაღვლიანებულმა ჩავილაპარაკე. ხებეს ჯიბიდან გადატეხილი პაპიროსის ღერი ამოიღო.
- საშვთა ბიუროსთან ეგდო. გავაშრე.

დანესტილი ბიჩოკი სასწრაფოდ პირში ჩავიდე და სახე მის გამოწვდილ ხელთან მივიტანე. სანთებელამ დაიჩხაკუნა და ჩვენ შორის თამბაქოს სქელი ღრუბელი გაჩნდა. ბაზის კედლის მიღმა, მთაზე შეფენილი საფლავებისკენ შევტრიალდი. ეს ყველაზე დიდი ავტონომიური მიწისქვეშა ოლქია მთელ დედაქალაქში და მომეჩვენა, რომ მათ ჩემი სიზმრიდან წამოსული ფიფქები ათოვდათ. საფლავები თეთრ საბანში ეხვეოდნენ. გორტექსის კაპიუშონი თავზე წამოვიფარე, სიგარეტის ბიჩოკი აზერ თანამებრძოლს დავუბრუნე და ფიფქების კორიანტელის დანახვაზე წამიერად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ღმერთს დარჩა სამოთხის კარი ღია.

- ჯობია, ჩემ საგუშაგოზე დავბრუნდე. კიდე ერთი ჩეპე არც შენ გაწყობს და არც მე.

გუშაგის ვალდებულებები მკაცრად განსაზღვრული ქცევის წესებშია, მე კი ამ წესებიდან 9 თვის მანძილზე ასე რადიკალურად პირველად ვუხვევდი. მაგრამ თითქოს ჩემი ფოტოს მერე ყველაფერი სულერთი გახდა. აზერს დათოვლილი გორტექსის სამხრეებზე ხელი გამამხნევებლად მივარტყი და ვიდრე წამოვიდოდი, მისი სიტყვები გავიგონე:

- კიდე ერთი ჩეპე მეც არ მინდა. ხვალ შვებულებაში მიშვებენ.

...

ინშალლაჰ, გარდაშ!

მასიური ინტოქსიკაცია შვებულებაში წასული წვევამდელების რაოდენობაზეც აისახა. სულ ხუთნი ვიყავით - ორი „ბრავოდან“, ორი „დელტადან“ და ერთიც „ჩარლიდან“.

ჩემი პირველი შვებულება ჯარში მსახურების მე-9 თვეს ბიოლოგიური ორსულობის ბოლო ფაზასავით დაემთხვა. იმიტომ, რომ ეს ბაზაც ცოცხალი ორგანიზმი იყო, ინკუბაციის ველი, რომელმაც სგპ-ს კარიდან მშვა. ამიტომ თავს ახალშობილივით ვგრძნობდი და არ იყო გამორიცხული, ეს შეგრძნებებიც მამაჩემის ფოტოსთან ყოფილიყო დაკავშირებული.

- ძმებო, ახლა იმ სიგარეტს მოგაწევინებთ, ამერიკელი ჯარისკაცები კინოებში რომ ეწევიან? - და მარკეტის მოლარეს 20 ლარიანი გავუწოდე, - ორი კოლოფი წითელი „ლაკი-სტრაიკი!“

სავალდებულოს ყველა ჯარისკაცმა იცის, რომ სამდღიან შვებულებაში გასვლამდე რაც უნდა გაითვალისწინოს, დაფინანსების საჭიროებაა. თუ ფული არ გაქვს, მაშინ ვინმეს უნდა ესესხო. ასე მოვუყარეთ თავი იმდენ თანხას, რომ პირველადი საჭიროებები დაგვეკმაყოფილებინა და მერე სახლებამდე მიგვეღწია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი პირველადი საჭიროების სრულყოფილად დაკმაყოფილებას ახდენა არ ეწერა, რადგან:

- ლაკი სტრაიკი დაგვიმთავრდა, - თქვა მოლარემ.
- მაშინ მალბორო იყოს, - უკნიდან გავიგონე, - წითელი.

და მარკეტიდან ორი კოლოფი სიგარეტით და ლუდის ქილებით გამოვედით.

- 9 თვეა, ამაზე ვოცნებობ, - ვთქვი და ხარბად ჩავატანე ნაპასს ქალაქის ჰაერი. და ამ სუნების კორიანტელში უცებ ის სუნი გამოიკვეთა, რომელიც ბატალიონიდან წამოვიღე. ეს დენთის სუნი იყო.

უცებ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ მარკეტის რიგში ბევრი რუსი იდგა და ქუჩაშიც შესამჩნევად ბევრი დადიოდა.

- როდის ვსვამთ? - ერთ-ერთის სიტყვებმა ფიქრი შემაწყვეტინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სავალდებულო ჯარში დამკვიდრებულ რიტუალინდან გადახვევას არ აპირებდნენ. ამ რიტუალის მიხედვით, იმ ჯარისკაცთან აუცილებლად უნდა დათვრე, ვისთანაც შვებულებამ მოგიწია.
- დღეს საქმე მაქ, თუ თქვენთვის პრობლემა არაა ხვალ იყოს, - ვთქვი.
- კაი. იყოს ხვალ. 5-კენ ყველას გაწყობთ?

არ ვიცოდი, მაწყობდა თუ არა. ყველაფერი „ზავის პირობებზე“ იყო დამოკიდებული, მაგრამ ამ ყველაფრის მათთვის ასახსნელად არც დრო მქონდა და არც განწყობა. ჩემი გონება საოჯახო ალბომში ნაპოვნ ახალ ფოტოს თუ შეეგუებოდა და ეს მცოცავი ლურჯი ურჩხული ჩაცხრებოდა, მაშინ კოლმეურნეობაზე ერთი რესტორანი იყო, სადაც ჩემი და მიმტანად მუშაობდა და მანდ შეგვეძლო შევხვედროდით.

- იცით ეგ ადგილი?
- კი, - თავი დამიქნიეს და იმდენი კვამლი გამოუშვეს პირებიდან, რომ წამით ჩემი თვალთახედვიდან ჯინებივით გაქრნენ.

...

დედაჩემი თვეში ერთხელ მაინც მაკითხავდა სამხედრო ნაწილში. მნახველების საათებით რამდენჯერმე ჩემმა დამაც ისარგებლა, მაგრამ პრობლემები არცერთს უხსენებია. ახლა კი დაბნეული ვიჯექი სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან, მუხლებზე ჩემი 3 წლის დისშვილი მეჯდა. სამსახურის დღეებში ჩემი და ბავშვს აქ ტოვებდა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევას ჰგავდა. შემოსვლისთანავე შევნიშნე დამატებით ჩადგმული ლოგინი და უჩვეულო სიმჭიდროვე. ერთ-ერთ სკამზე ჩემი სიძის ტანსაცმელიც ეფინა.

- უკრაინაში ომის მერე რუსების უკონტროლო მიგრაცია დაიწყო, - მითხრა დედამ.

სამხედრო სავალდებულო სისტემას მძლავრი საინფორმაციო ფილტრი უყენია, მაგრამ იქ მაინც ჟონავს გარესამყარო, ასე რომ, ამის შესახებ მეც ვიცოდი.

- ბინები გააძვირეს და აქ გადმოვედით, - თქვა ჩემმა დამ.
- რამდენი ხანია? - რაც შეიძლება მსუბუქად ვიკითხე, რომ დაძაბული ატმოსფერო განმემუხტა და ბავშვს მოვფერებოდი.
- 3 თვეა.
- ჩემთვის უნდა გეთქვათ, - ვუთხარი და მეტი ეფექტისთვის ილუზიის ხელოვნებას მივმართე: ბავშვისთვის მაღაზიაში ნაყიდი, ჯიბეში შენახული ქინდერის შოკოლადი ხელისგულიდან გავაქრე და მერე ქურთუკის ჯიბიდან ამოვიღე. კინაღამ კალაშნიკოვის 5.55 მმ-იანი ვაზნაც თან ამოყვა.
- ხვალ არ მუშაობ? - ვკითხე ჩემ დას, - ჩემი ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად ვაპირებ რესტორანში მოსვლას.
ერთხანს ისევ ის ნაცნობი, მძიმე დუმილი ჩამოწვა.
- მანდ აღარ ვმუშაობ, წამოვედი, - მიპასუხა.

ვგრძნობდი, რომ ყველაფერი რიგზე აქაც ვერ იყო, მაგრამ გადავწყვიტე, აღარ ჩავძიებოდი. ისევ ბავშვზე გადავიტანე ყურადღება. ქინდერის შეფუთვა უკვე გაეხსნა და პერანგზე მებღაუჭებოდა, თან ეშმაკურად აპარებდა მზერას უფროსებისკენ. მივხვდი, რომ ჩემთვის რაღაც საიდუმლოს გაზიარება უნდოდა. დავიხარე და საშუალება მივეცი სათქმელი ყურში ეთქვა.

და ამან არია ყველაფერი.

...

ბავშვის ნათქვამი ყურში ზარისცემასავით ჩამისახლდა. ამას უცნაური რეფლექსი მოყვა: ალბომის მიმართ ინტერესი სრულებით დავკარგე. ჩემი გონება მთლიანად დაიპყრო დივერსიულმა ფიქრებმა, წყვდიადს უაზროდ მივჩერებოდი და როცა დილისკენ, როგორც იქნა, ჩამეძინა, სიზმარი ვნახე:

ბნელოდა. უცნობი ქალაქის ომისგან გაპარტახებულ გასართობ პარკში ვიყავი და ვხედავდი, გაჩერებული კარუსელების ელექტროსადენებში გაჩენილ ნაპერწკლებს როგორ ირეკლავდნენ წვიმის გუბეები. ყველა ატრაქციონის კაბინაში საზარელი სიჩუმე იჯდა, ყველა ბილეთი მას ჰქონდა ნაყიდი და ჭრიალით ირწეოდა, სანამ ბნელი ცა ცეცხლისფერმა ნათებამ არ გასერა და უკუნიდან იარაღასხმული ანგელოზი არ გამოვიდა. მხრებზე უზარმაზარი, შავი ფრთები ამოზრდოდა და სახეს ჩაჩქანი უფარავდა. სუსხიანი მზერით მიმალურსმა ადგილზე. კისერზე გადაკიდებული ჯაველინი მოიხსნა, ჩემკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა. ჯაჭვის მავთულები მთელ სახეს უფარავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩაჩქანის ღიობებში ჩაკარგული თვალები სადღაც აქამდეც მქონდა ნანახი. ვერაფრით ვიხსენებდი სად. ჩემ წინ ჩაიმუხლა, ლაკი-სტრაიკის კოლოფი გამომიწოდა და სისინით თქვა:

„ანგელოზების ოცმეთაური პირველ დავალებაზე გიშვებს და საჰაერო მხარდაჭერას გპირდება. შენი ოჯახი დაიცავი!“

...

როგორც კი გაოფლილს ისევ დედაჩემის გვერდით გამეღვიძა, მთელი ამ მოვლენათა მიზეზშედეგობრივი ალგორითმი უკვე გაშიფრული მქონდა. ვიცოდი, რომ ის ფოტო შემთხვევით არ დამიკარგავს. ეს იმიტომ მოხდა, რომ შვებულებაში წამოვსულიყავი და უფრო დიდი პრობლემა დამენახა. ამ პრობლემის გაცნობიერებამ ჩემს ტვინში მოკლე ჩართვა გამოიწვია, ის ახლა „ეკონომ რეჟიმში“ მუშაობდა და სარკმლიდან შემოპარულ დილაბინდში, ალბათ, ამიტომ აღვიქვამდი სამყაროს ტკივილგამაყუჩებლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფი პაციენტივით. ფრთხილად წამოვიწიე, რომ ჩემს დას დავკვირვებოდი. ძილში შფოთავდა. ცოტა ხანს ვუთვალთვალებდი და ამ სურათმა ჩემს გონებაში ღრმად დამარხული წარსულის კადრი გამოიხმო. ზუსტად 16 წლის წინ, უფროსებისგან მალულად მამაჩემთან გამოსათხოვრად ცარიელ ოთახში შევიპარეთ. ერთხანს ჩემი დის არსებობა გადამავიწყდა, გაშეშებული დავყურებდი ბომბისგან დანაწევრებულ 80 კილო ხორცის გროვას და მანამდე ვერ მოვეგე გონს, სანამ მისი არამიწიერი ხავილი არ ჩამესმა. კუბოს ჩაჰფრენოდა. ხელებს უშენდა ამ ხორცსაკეპში გატარებულ მასიურ ფარშს და ფიცრებს ზუსტად ისე ფხაჭნიდა, როგორც მთელი მომდევნო ზრდასრული ცხოვრების წლები - საკუთარ სხეულს, რადგან კოშმარები რუსული ბომბებივით ატყდებოდა სიზმრებში.

და უკვე ვიცოდი, რასაც გავაკეთებდი მომდევნო დღეს.

...

მარტო წავედი. ტელეფონი მანამდე გამოვრთე, სანამ ჯარისკაცები დაანონსებული შეხვედრის გამო დაიწყებდნენ რეკვას. ბარის მეპატრონე თავაზიანად მოვიკითხე, მაგრამ მითხრეს, რომ რამდენიმე საათში გამოჩნდებოდა და რადგან მის გამოჩენამდე ამდენი დრო მქონდა, ადგილი ბართან დავიკავე და არაყს მივეძალე. რამდენიმე საათი ვაკვირდებოდი შავ-თეთრ სმოკინგებში გამოწკეპილ მიმტანებს. ისინი მაგიდებს ემსახურებოდნენ. მაღალყელიან ჭიქებში შამპანური შუშხუნებდა. ჩემგან რამდენიმე მეტრში გაშლილ კორპორაციულ სუფრას შეზარხოშებული ადამიანები უსხდნენ და ერთმანეთს რუსულ სიმღერებზე საცეკვაოდ იწვევდნენ. ბარის სარკეები სივრცის, მხიარულებისა და სითბოს განცდას აორკეცებდა. უკვე ალკოჰოლისგან კარგად ვიყავი გაბრუებული, როცა „JACK DANIEL’S“-ის, „BAILEIS“-ის და „Chivas“-ის ბოთლებს შორის გაჩხერილ საკუთარ თავგადაპარსულ ორეულს მოვკარი თვალი. შევნიშნე, რომ ჩემი კანის ფერი ჩინური საახალწლო განათების რეჟიმის მიხედვით წამდაუწუმ იცვლებოდა: წითელი, ყვითელი, მწვანე. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ილუმინაციებით განათებული ეს სარკე ერთმანეთის მიყოლებით ირეკლავდა ჩემი საომარი ჟანრის სიზმრებს და აკვიატებული შეკითხვა კიდევ ერთხელ დამიტრიალდა გონებაში: ვის სახეს მალავდა მამაჩემის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი ჩემი დილის სიზმრიდან?

მაგრამ ამ შემაწუხებელი ფიქრისგან ბარის მეპატრონის სიტყვებმა მიხსნა.

- თქვენ გინდოდათ ჩემი ნახვა?

მაღალი სკამიდან ჩამოვედი. არ მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა. მარტო იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ჩემ წინ ის კაცი იდგა, ვის სანახავადაც აქ მოვედი.

- შენი მიმტანებიდან რუსული ყველამ იცის? - ვკითხე, მაგრამ კითხვა რიტორიკული იყო და რადგან არ ჰქონდა მნიშვნელობა მის პასუხს, ისე განვაგრძე, რომ არ დავლოდებივარ:
- აქ ორი თვის წინ ჩემი და მუშაობდა. რუსული არ იცოდა და ამის გამო სამსახურიდან გაუშვი.

მიხვდებოდა, რომ მადლობის სათქმელად არ ვიყავი მოსული, მაგრამ რეაგირება ვერ მოასწრო. მიზანში ამოღებულ ყბაში მთელი ძალით დავარტყი და დავინახე, როგორ მოწყვეტით დავარდა ძირს. მთავარი საქმე გაკეთებული იყო. ბრძოლის იგივე ტემპში გასაგრძელებლადაც მზად ვიყავი, მაგრამ პირველი დარტყმის ეფექტურობის თვითმხილველებმა უკან დაიხიეს, ამ პაუზით ვისარგებლე და ქურთუკის ჯიბიდან საგანგებოდ ნაყიდი F1-ის ვიზუალის პიროტექნიკის ხელყუმბარები ამოვიღე. ფითილს ცეცხლი წავუკიდე და დარბაზისკენ გადავყარე.

- ახალ წელს გილოცავთ!

დეტონაციის გამაყრუებელმა ხმამ კედლები შეაზანზარა. ბარის დახლებზე ჭიქები და ბოთლები აწკრიალდა და დენთის სუნი დადგა. ბარისკენ მივტრიალდი, მაგრამ იმ წუთას ვინანე, ეს რომ გავაკეთე. თავში რაღაც ბლაგვი მომხვდა. დარეტიანებული დავეყრდენი მაგიდას და ვიდრე მთელი ბარი კარუსელივით დაიწყებდა ტრიალს და შუბლიდან თქრიალით წამოსული სისხლის სითბოს თვალებში და პირში ვიგრძნობდი, ხელი ინსტინქტურად გამექცა გულის ჯიბისკენ, რომ ჩემს ჯადოსნურ ფოტოს ჩავბღაუჭებოდი და ანგელოზების პოლკისთვის ზუსტად ისე გადამეცა კოორდინატები, როგორც ამას რაციით აკეთებენ. ჩემი წინასწარმეტყველური სიზმრის და მათი საჰაერო მხარდაჭერის იმედი მქონდა. სასწრაფოდ უნდა დაემუშავებინათ ეს პოზიციები, რაკეტები დაეშვათ. ამ რესტორნის ადგილას უზარმაზარი ორმო დაეტოვებინათ.

მაგრამ გამახსენდა, რომ ჯიბე ცარიელი მქონდა და არ ვიცი, რამდენი ხნით დავხუჭე თვალები და გადავეშვი უიმედობის წყვდიადში. მერე აღარაფერი ჩანდა.

...

მხედველობაზე ადრე ყურთასმენა დამიბრუნდა. ჩემს ყურებში დაგუბებულ დახშული სიჩუმე თანდათან რიტმულმა გუგუნმა ჩაანაცვლა და ვიგრძენი, როგორ მიძგერდა გული ჰაუბიციდან გასროლილი ჭურვებივით.

წინ რაღაც ხდებოდა.

თვალები როცა გავახილე, უკვე გარეთ ვიყავი და სველ ქვაფენილზე ვეგდე. მზერა ბოლო შესაძლებლობამდე დავძაბე და უცებ, ამ სისხლის აბლაბუდის მიღმა, ამ მეწამულისფერი უიმედო გარსის იქით, სამხედრო ბათინკების რამდენიმე წყვილი გავარჩიე.

არა. ეს არ იყო ანგელოზების პოლკი.

ეს წვევამდელებით დაკომპლექტებული, შვებულებაში გაშვებული მშიერი ჯარისკაცების კოორდინირებული მცირე რაზმი იყო საინჟინრო ბატალიონის სამი ასეულიდან, რომელიც მთელი დღე ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ახლა ტორნადოსავით დაძრწოდა ბრძოლის ველის შუაგულში.

...

კეფაზე ცივი შეხება ვიგრძენი, მხედველობა 100%-ით თუ არა, უკვე საკმარისად მაინც დამბრუნებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი გამერჩია. რაღაც სკვერში ვიყავით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი იქიდან გამოყვანა შეძლეს. სკამის უხეშ საზურგეს ვეყრდნობოდი და ჩემ წინ მდგარ ასეულის ჯარისკაცებს ვუყურებდი. მძიმედ სუნთქავდნენ და უკმაყოფილოები ჩანდნენ. ალბათ იმის გამო, რომ ზარებს არ ვუპასუხე და მარტო წამოვედი მისიის დასახურად, მაგრამ ამაზე სალაპარაკოდ მაშინ არ იყო შესაფერისი დრო.

- ძმა, დაწყნარდი. კაი? იმ ბოზებს გადავუარეთ. ოღონდ შენ დამშვიდდი და ეგრევე წავალთ. ახლა აქ გაჩერება ჩეპეა.
- ჩეპე ისედაც გაქვთ. ჩემ გამო ჰაუბახტში გაგიშვებენ, - ჩავილაპარაკე.
- დაიკიდე, წამოსვლას შეძლებ?

უკვე აზრზე ვიყავი და შემეძლო, მათი დახმარების გარეშეც მეცადა გზის გაგრძელება, მაგრამ ნაცნობმა ხმამ შეგვაყოვნა:

- მე წამოვიყვან, არ მიჭირს, მარა მანამდე ერთი წუთი დამელოდეთ.

აზერის ხმა იყო. ყველამ მისკენ მივიხედეთ.

თავდაპირველად მზერა მის დაძარღვულ მუშტზე გამიშტერდა. ხელში წითელი სიგარეტის კოლოფი ეჭირა, წრიული ფორმის სამარკო ემბლემით, რომელსაც თეთრად ეწერა: Lucky Strike.

მოკიდებული სიგარეტის ღერი კბილებში ჰქონდა მოქცეული, ჩემ წინ ჩაიმუხლა და თავისი რუკზაკის ჯიბეში დაიწყო ქექვა.

- გარდაშ, შენთვის კაი ამბავი მაქ, - შევნიშნე სიგარეტის ნაპერწკალმა როგორ გაუნათა სიბნელეში ჩამალული თვალები და ყველაფერს მანამდე მივხვდი, ვიდრე ხმას კიდევ ერთხელ ამოიღებდა:
- სანამ აქ მოვიდოდით, ბიჭებმა მითხრეს, რო ბრავოში ფოტოს ეძებდით. ორი დღის წინ, საყარაულოსთან ვიპოვე.

და ჩემს თვალებში სამყარო ტელევიზორივით გაითიშა. ახლა მას ისევე ბუნდოვნად აღვიქვამდი, როგორც მაყურებელი გამორთულ ტელეეკრანში ჩარჩენილ გამოსახულებას. „ინშალლაჰ“, - ჩამესმა და ვიგრძენი, სადღაც, ჩემს დილის სიზმარში, თუ როგორ დაიმსხვრა იარაღასხმული ანგელოზის ჩაჩქანი.


Ukraine ახლანდელი დრო:

თუ ყურთან ჭურვებს გიფეთქებენ, მაშინ ნაძვის ხის ნაცვლად, იარაღები უნდა მორთო. სულ მალე კალაშნიკოვებს საახალწლო ილუმინაციებს შემოვახვევ და როცა წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში აციმციმდებიან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მას წრეზე ისე შემოვუჯდები, როგორც - გამოქვაბულში მცხოვრები პირველყოფილი ცეცხლს.

მაგრამ ეგ ხვალ, იმიტომ, რომ შობა ხვალაა.

მანამდე ფხიზელი ცვლის გუშაგი ვარ და იმ სიზმრებს ვდარაჯობ, რომელსაც ქართული დანაყოფის ჯარისკაცები უკრაინაში ხედავენ. ისინი ჩემს ზურგს უკან წვანან. ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს არიტმიული სუნთქვის ხმები არღვევს და პაწაწინა სარკმელში ფიფქების კორიანტელი ირევა. ფოტოს ვკოცნი და ხებეს ჯიბეში ფრთხილად ვაბრუნებ, მერე ღილს მაგრად ვკრავ, რომ არ ამოვარდეს და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მიცვალებულების კოშმარიდან თავი ეს ესაა დავიხსენი. ალიონის მოახლოებისთანავე დავალებაზე გავალთ და ვიდრე ამას გავაკეთებთ, ტრადიციულად მივაჩერდები ცას. დავინახავ, როგორ ბარდნის და ისევ მეცოდინება, რომ ღმერთს დარჩა სამოთხის კარი ღია, ამ თეთრი ცის სიღრმიდან კი იარაღასხმული ანგელოზების პოლკი მითვალთვალებს. ის ჩემს საჰაერო მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ, როგორც კი შანსი მიჩნდება, 155 მმ-იანი ჭურვებს მუხლებს შორის ვიქცევ და საფოსტო ამანათებივით ვნომრავ:

„ანწუხელიძისგან“. „შინდისის გმირებისგან“. „აფხაზეთისთვის“. „სამაჩაბლოსთვის“. ახლა სწორედ ის დროა, როცა უკანასკნელი ამანათის შეფუთვაღა დამრჩა. ჭურვი უნდა ავიღო და ზედ ბოლო წარწერა გავაკეთო: „მამაჩემისგან“.

პლედს ვიშორებ და ფეხზე ნელა ვდგები. ფეხაკრეფით მივდივარ იარაღის საწყობისკენ და უცებ ვგრძნობ, როგორ მიწვავს ვიღაცის ლაზერივით მზერა კეფას. თავს იქითკენ ვაბრუნებ. საძილე ტომრიდან თავამოყოფილი, უდროოდ გაღვიძებული ჯარისკაცის სილუეტს ვარჩევ და სარკმლიდან შემოღწეული თოვლიანი ღამის შუქზე დანახული ეს სურათი, ისეთ შეგრძნებას მიჩენს, თითქოს სამყაროს ხარვეზიან გამოსახულებას ვაკვირდები.

- ახლა მე ვიმორიგევებ, - მესმის ნაცნობი ხმა, - შენ უნდა წაუძინო, გარდაშ...

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა