გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომის მერე | 1991/1992 წლები. სამხრეთ ოსეთი

ალან, 56 წლის

თავიდან ვერთობოდით, მაშინ ბავშვები ვიყავით. უცებ გაჩერდა სკოლა, გარეთ ყველაფერი თავდაყირა დადგა. წესები, წესრიგი გაქრა.  

ახალგაზრდები ვერ აცნობიერებდნენ სიტუაციის მთელ დრამატულობას. 

ჩემი თაობა ქართულ ფილმებზე გაიზარდა, ჩვენ ვიცნობდით ქართულ კულტურას. მე ბოლო თაობა ვარ, ვისაც ქართული ფილმები ნანახი გვაქვს. გვიყვარდა და გვაინტერესებდა იქამდე, სანამ პირველი სისხლი არ დაიღვარა - ეს 1990 წლის, იანვარში მოხდა. კომუნისტებს მთელი სისტემა ჩამოეშალათ. ახალ მართვაზე ვერ გადაეწყვნენ, არადა, ძველს უკვე ვადა ჰქონდა გასული. ალბათ უბრძანეს კიდეც, ნუ ჩაერევითო. ამიტომ, სიტუაციის მართვა თავის თავზე აიღეს 16-18 წლის ბიჭებმა. 

ქალაქში დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები. იყო მკვლელობები. ცხინვალში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. მაგრამ ეს კომენდანტის საათი მარტო ქალაქში მოქმედებდა. ოსური მანქანების კოლონა ქართულ სოფლებს რომ გადიოდა, აჩერებდნენ, ჩამოათრევდნენ ხალხს ავტობუსებიდან და ტყვედ მიჰყავდათ - სცემდნენ, აწამებდნენ. რუსი ოფიცრები ამბობდნენ, ამ გზას და მანქანების კოლონებს ჩვენ ვერ დავიცავთო. ჩვენთან, ბევრის ოჯახის წევრები თბილისში ცხოვრობდნენ და ხედავდნენ, რომ კომენდანტის საათი ყველასთვის ერთნაირად არც იქ მოქმედებდა. 

ყველაფერი მაინც იქიდან დაიწყო, როცა ჩვენთან, ანკლავში სვანები ჩამოასახლეს. უწესო ხალხი იყო, ნაციხრები. „ბეზპრედელნიკობდნენ“. კეხვში, აჩაბეთში, ქურთაში, მარტო ოსებს კი არა, ქართველებსაც ჩაგრავდნენ. 

თექვსმეტის ვიყავი მეზობელმა რომ დამიძახა, აქედან მივდივარ, აღარ დავბრუნდები და ჩემ იარაღს შენ გიტოვებ, მოუარეო. ჭკუა რომ მეხმარა, ცხინვალიდან იქამდე წავიდოდი, სანამ მშვიდობა იყო. მერე მეც დავიწყე მორიგეობებზე სიარული, პოსტებზე ვიდექი. გუჯაბაურში გამანაწილეს. 

რუსი სამშვიდობოები რომ ჩამოვიდნენ იმ ღამეს, ქართველებმა ნაღმმტყორცნით დაცხრილეს ქალაქი. ეგ უკვე, 1992 წელი იყო. სამშვიდობოების მერე დავიწყეთ, ასე თუ ისე მშვიდად ცხოვრება. 

ყველაფერი სააკაშვილის მოსვლის მერე შეიცვალა. 1990-იან წლებში, ხალხი ჯერ გამსახურდია-კოსტავამ გააგიჟა, მერე სააკაშვილმა - ისევ თავიდან დაიწყო, ძველ გზას დაადგა. ალბათ, ქართველები ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ან არ უნდათ ამის გაკეთება. 

2004 წელს ისევ გამწვავდა. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, მაშინვე ძალით დაიწყო კონფლიქტის მოგვარება. პირველი მსხვერპლიც მაშინ იყო. დღისით ჩამოდიოდნენ ქართული სოფლებიდან, პროდუქტი ჩამოჰქონდათ, ვაჭრობა მიდიოდა. ღამე კიდე იმავე  სოფლებიდან ისროდნენ. ეგეთი აბსურდული სიტუაცია იყო. 

ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ შემოდიოდნენ ქართველები ცხინვალში 2008 წელს. ის, რაც ქალაქის ქუჩებში მერე ხდებოდა, დაახლოებით იგივე იყო ჩვენთვის, რო წარმოიდგინო დედაშენს, ან შენს ცოლს, საყვარელ ქალს შეურაცხყოფენ შენს თვალწინ. 

ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემ თავს, ნუთუ გავიმარჯვეთ-მეთქი. ან ვის მოვუგეთ. ფაქტია, რომ ყველასთან ვერ გავიმარჯვეთ. რაც დღეს გვაქვს, იმაზე უნდა გაგვემარჯვა.

როცა ვხედავ რა ხდება დღეს, ვხვდები რომ ვერ გავიმარჯვეთ. ბევრისთვის 26 აგვისტო გამარჯვების დღეა. ჩემთვის ასე არ არის. როცა ვიბრძოდი, ვემზადებოდი პროფესიონალურად, ვიცოდი მეორე მხარესაც ასეთივე მზადება მიდიოდა. ეს სულ სხვაა, მაშინ არ არსებობს სენტიმენტები - არის მხოლოდ მიზანი, და არის ფაქტები. 

მაგრამ არის მომავალიც. გერმანიასთან ოთხი წელი ომობდა საბჭოთა კავშირი. ყოველთვის რიგდებიან ბოლოს. მაგრამ ეს შერიგება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც იტყვიან, რომ პირველებმა თვითონ გვესროლეს. 

მახსოვს ომი რომ დამთავრდა, უკვე 1992 წელი იყო, მაღაზიასთან გავიარე. მთვრალები იდგნენ. შეხედე იმას, იქ რომ გდია, ქართველია და მაგრად ვცემეთო, მითხრეს. ძირს ეგდო კაცი, გაიგო რაც თქვა და შეშინებულმა გამოგვხედა. ვიდექით და ვუყურებდით ერთმანეთს. არავის ესმოდა, რა ხდებოდა, ან რატომ ერჩოდნენ იმ უდანაშაულო, უცხო კაცს. 


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ინტერვიუ ჩაწერა თამარ მეარაყიშვილმა
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა