ოქროზე დასახლებულნი (მეორე ნაწილი) | თამარ ბაბუაძე
“წესით, ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს მადნის მოპოვების პროცესს. ვთქვათ, გეოლოგიური, ბურღვითი თუ სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ამ ტერიტორიაზე არის მანგანუმი, რომლის კარიერულ მოპოვებასაც ვაპირებ მე, “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორი ფირმა, - მიხსნის “ეკოკლუბის” წევრი, დათო ცუცქირიძე, - ვადგენ კარიერის პროექტს და ვწერ, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამომაქვს, ვთქვათ, სამი ათასი ტონა მანგანუმი. ამას რომ ამოვწურავ, კარიერს მოვამზადებ დასახურად. ამ პროექტს თან ვურთავ კარიერის რეკულტივაციის გეგმას და პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ისევე უნდა აღვადგინო გარემო, როგორც ჩავიბარე - მოვხსნა ნიადაგის ფენა და ისე შევინახო, ეროზია, დეგრადაცია არ დაეწყოს, უნდა მოვაწყო ფუჭი ქანების პირველადი და საბოლოო საწყობი. ეს ფუჭი ქანები ტექნიკური მოსწორების დაწყებამდე გამოვიყენო - ამოვავსო სიცარიელეები, რაც კარიერის სიღრმეში ჩასვლამ გამოიწვია და ამისთვისვე უნდა გამოვიყენო ნარჩენები კუდსაცავიდან 6-7 მეტრიან გორებად რომ დგას ახლა მთელი ჭიათურის შემოგარენში. მხოლოდ ამის მერე უნდა განვათავსო ნიადაგის ფენა ზევით, რომ ბუნებამ აღდგენა დაიწყოს. ესაა წესი, მაგრამ ვის არ ვკითხე, სად არ ვეძებეთ, ერთი ნორმალურად გაკეთებული კარიერი არ არსებობს ჭიათურაში”.
დათო ცუცქირიძის ორგანიზაციის წევრები, 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული, გარკვეული პერიოდულობით დადიან მანგანუმის მოპოვების არეალებად ქცეულ სოფლებში, აგროვებენ ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციას და წესების დაცვით რეკულტივირებულ კარიერებს ვერსად აგნებენ.
ნაგუთიდან დიდ რგანში რომ ავდივართ, ერთ-ერთ ხრამთან, რომელიც მთელ ხეობას ნახევარ კილომეტრზე მაინც გასდევს, ჯიპი ჩერდება, ახალგაზრდა კაცი გადმოდის, შეიძლება ჩვენით - ორი უცხო, კამერიანი ადამიანით დაინტერესდა და იმიტომ შეჩერდა ამ მონაკვეთზე. ამბობს, რომ კონტრაქტორ ფირმაში მუშაობს და აი, სწორედ ახლა იწყებენ ამ ღია კარიერის მოსწორებას, სადაც ჩვენ ვდგავართ, რადგან მადანი უკვე გაიტანეს. დიახ, ყველა წესს დაიცავენ. რეკულტივაციის გეგმაც აქვთ და საქმეს მიხედავენ. ნაჩქარევად მიდის.
ადრე დილაა, ჯერ კიდევ ნისლი ასდის დიდი რგანის ახლად მოსწორებულ გზას. ბევრი ძებნა არ ჭირდება, გზის მარცხენა მხარესაა ის ცნობილი პეიზაჟი, უკვე ბევრ ფოტოზე რომ მოხვდა - ორსართულიანი სახლი აივნით, რომელიც მადნის მოსაპოვებლად ამოთხრილ 10-მეტრიან ხრამს გადმოჰყურებს. ჰორიზონტზე კი ისევ ის - მაკრატლით ამოჭრილი მწვანე მდელოები და მთები, ამოჭრილის ადგილზე კი ტიტველი სიცარიელეები ჩანს. ირეალური სცენაა - ამ სახლთან დიდი ხეების ჩრდილში, მწვანე, ნისლიან მდელოზე 3-4 ცხენი ძოვს და ნელა, ტაატით მოძრაობს. ხრამს არ უახლოვდებიან, მეორე მხრიდან უვლიან სახლს, ერთ-ერთი ნისლში გზაზეც გამოდის და მერე ისევ მინდვრის სიმწვანეში ეფარება ცარიელი სახლის კედელს. თვალი დაუჯერებლად თანადროულად აღიქვამს დილის ნისლიანი სურათის ჰარმონიას ლამაზი, ბზინვარე ცხენების რემით და ამავე სურათში ხიჭვივით შეჭრილ, ადამიანის ხელით ამოთხრილ და მიტოვებულ ხრამს - ამ ჰარმონიასთან რადიკალურად შეუთავსებელს. ხრამი იმხელაა, ახლოს რომ მიდიხარ, ოდნავ რომ ჩადიხარ მის ფერდზე, ყველაფერს ფარავს, მთელ ცნობიერებას და დაკვირვებებს, რჩება მარტო თვითონ, როგორც განადგურების სიმბოლო, თითქოს, მის გარდა ამ სოფელს დარჩენილი აღარაფერი ჰქონდეს.
“რასაც კონტრაქტორები აკეთებენ, ტექნიკური რეკულტივაცია ჰქვია - ნიადაგის ფენა, რომელიც უნდა მოეხსნათ და არ მოხსნეს, მერე სხვა ქანებში ირევა და სულ ქრება, ისინი კი დარჩენილ ფენებს უბრალოდ ასწორებენ და ამას ნიადაგის რეკულტივაციას არქმევენ. შეფარდება მასშტაბში როგორია, იცით? ერთმეტრიანი მიწა რომ გქონდეს და მისი ერთი მილიმეტრი მოასწორო - ეგეთია სხვაობა არსებულ მდგომარეობას და იმას შორის, რასაც კომპანია ამტკიცებს”, - ამბობს დათო ცუცქირიძე.
“ჯორჯიან მანგანეზს” აქვს უფლება ლიცენზიის მიხედვით, ლიცენზია გაუყოს და გაუნაწილოს თავის ქვეკონტრაქტორებს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს და ფაქტობრივად ამ პატარა ფირმებს სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებებს უფორმებს - ქირაობს მადნის მოსაპოვებლად, მათგან გამოთხრილ წიაღისეულს იბარებს, და ადგილობრივებთან მოლაპრაკებებსაც აკისრებს, ეს კი იურიდიულად აბსოლუტურად გაუმართლებელია იმიტომ, რომ ლიცენზიის მფლობელი და სახელმწიფოსთან, ამ მოქალაქეებთან პასუხისმგებელია “ჯორჯიან მანგანეზი” და არა ეს პატარა ფირმები, ის კი ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებს აწმენდს ხელს. თან ეს ფირმები ისეთი პატარა კომპანიები არიან, თუ გაკოტრდნენ, მათთან ერთად ქრება ვალდებულებები, თუნდაც დაზიანებული ბუნების აღდგენაზე რომ აიღეს”, - ამბობს ნინო გუჯარაიძე.
რგანში, ხრამიდან გადმოღმა, სადაც ცხენებს ვაკვირდებოდით, გაჩერებაა. თავსაფრიანი, სლავური გარეგნობის ხანშიშესული ქალი ზის და მოკლე, გამჭოლი წინადადებებით 2-3 წუთში ატევს თავს გადახდენილ ამბავს.
“ამ ორმოს ადგილზე ჩემი ნაკვეთი იყო ადრე. ზუსტად ამგვარ ორმოში ჩავარდა ჩემი ბიჭი. ოღონდ სხვაგან, მე შენ გეტყვი, ცოტა ამოთხრილი დატოვეს. ხერხემალი დაუზიანდა. ერთი თვე იწვა ქუთაისის საავადმყოფოში, ოპერაცია გაუკეთეს, მერე კიდევ მეორე, მაინც ვერ გაიარა და თბილისის ექიმებმაც მითხრეს, რომ ვერც გაივლის. პარალიზებული წევს. 50 წლისაა ჩემი ბიჭი; ბიჭი როგორ, ჩემთვისაა ბიჭი. პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, გუნდში თამაშობდა, წავედი ტრესტში, განცხადება დავწერე - ტრესტში იმიტომ, რომ მაგ ადგილს მარგანეცის ამოსაღებად ტრესტი ამუშავებდა. მითხრეს, რომ ვერაფერს იზამენ, რადგან ჩემი ბიჭი მათთან არ ყოფილა დასაქმებული. შეშა გადმომცეს ორჯერ. ეგ იყო და ეგ. მერე ამ ჩემს მიწაზე, აგერ, კოოპერატორები მოვიდნენ. ეგენი როგორც უნდათ, ისე იქცევიან, თხრიან მარგანეცს, ხალხს აძლევენ კაპიკებს, თვითონ დამდიდრდნენ. მეც მკითხეს, აბა, არ მკითხეს? ისე კი არ მიადგნენ. თან დამპირდნენ. მერე ცოტა გადამიხადეს, ამით გამაჩუმეს. და დაიწყეს გათხრა, თან წუწუნი - აქ მძიმე გრუნტია, არ ამოდის კარგად. თხარეს, თხარეს, სალიარკა ძვირია, თქვეს და მიატოვეს. რაც გასატანი იყო, ზესტაფონში, ფეროში ჩაიტანეს. ზუსტად იმ დროს ჩავარდა ჩემი ბიჭი, ჩემმა ქმარმა ვერ გაუძლო, დეპრესია დაეწყო და მოკვდა მალევე. კი, ეგ ყველაფერი ერთად მოხდა სამი წლის წინ, მეოთხე დაიწყო უკვე, ჩემი ბიჭის ამბავიც, ქმრისაც და ესეც. როგორ უნდა იცოცხლო ადამიანმა ამის მერე. მაგრამ ხომ ვცოცხლობ. ასე გამოდის. ქალიშვილი მყავს კიდევ. ის მოსკოვში ცხოვრობს. აქ, ჩემთან შვილიშვილია, მამამისს ის უვლის, მე არც აწევა შემიძლია, არც დასმა. ცუდად ხდება რომ ვსვამთ. ძლივს ითმენს, როცა ვწევთ ხოლმე დასაბანად, გასაკრეჭად და მერე ისევ ვაწვენთ”.
გაჩერებაზე პურით სავსე მსუბუქი მანქანა ჩერდება. ქალი პურს ყიდულობს და სახლისკენ მიდის. ფოტოების გადაღებაზე უარს ამბობს, - ფოტო უკვე გადამიღეს, თბილისიდან იყვნენ. დაბლა, დასახლებაში ჩადის და ერთ წუთში ისე ეფარება თვალს, რომელ ეზოში შევიდა, იმასაც ვეღარ ვარჩევ.
2017 წელს კომპანიაში სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვის საკითხების გამოსასწორებლად დანიშნული რწმუნებულის სამოქმედო გეგმაში ერთ საკითხად სწორედ გაუქმებული კარიერების რეკულტივაცია წერია. თუმცა, იქვე, კომპანია პასუხისმგებლობას ირიდებს იმ ნაკვეთებზე, რომლებიც მანამდე დამუშავდა, სხვა ფირმების მიერ. თანაც ლიცენზიის ვადა 2046 წლამდეა მოქმედი და კომპანიას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ ლიცენზიის დასრულებამდე რეკულტივაციას მოასწრებს, მანამდე კი, სანამ მოპოვებას აგრძელებს, ამას ვერ გააკეთებს.
“იქანა ბრტყელი ქვა მიდევს, იმ გორაზე, - სოფელ მღვიმევში, საკუთარ ეზოსთან მიდგმულ ხის მერხზე ზის ხანშიშესული კაცი და გადაღმა, თეთრი, ფუჭი ქანებით სავსე გორისკენ მანიშნებს, - ავდივარ ხოლმე და საჩხერეზე ვიხედები იქიდან. პატარა ლეკვი მყავს, ისიც ამომყვა იმ საღამოს, დაცანცარობდა იქვე. თოფი მეკიდა ზურგზე. ნაწვიმარი იყო. ვიდექი ასე, კაცო და ასაკი მაქვს, პატარა ხო აღარ ვარ, ვიყურები დავფიქრობ, რა ლამაზი იყო ეს მღვიმევი ჩემ ბავშვობაში, ოთხი სტადიონი გვქონდა მარტო, წყაროები, როგორ გადათხარეს, იქიდან კიდევ მეტი გორები ჩანს გადათხრილები, დარკვეთიც ხო სუ ეიღეს და ეგეც ჩანს. ჰოდა, გლახად არ შევიქენი ამ დროს? როცა არ ვიცი ცუდად გახდომაი, გადმოვვარდი კინაღამ იმ გორიდან, თავბრუ არ დამეხვა, კაცო. გევიხედე და რაღაცა შხამიანი ქანები ამოდის ძირიდან, სრიალა ქანს ეძახიან აქანე. კიდევ კარგი მოვასწარი ჩამოსვლა, ჩემი ფეხი აღარ იქნება იმ გორაზე. საქონელი პატარა ხანს რომ გაჩერდეს, კლავს. ის ქანი, ის სრიალა ქანია უბედურობა. კოოპერატივი ამბობს, მაგ ქანებს ჩვენ არ გადავწევთ, ჩვენი ამოტანილი არ არისო. მე რა ვიცი, ვინ ამოიტანა, სანამ ეს კოოპერატივი მოვიდოდა, სამი ათასი კაცი მუშაობდა მანამდე, ჩეჩნები, ყიზილბაშები, ვინ გინდა, რომ არ ყოფილიყო, ახლა რაღას გაიგებ”.
დათო ცუცქირიძე ამბობს, რომ ასე, ზედაპირული დაკვირვებით რთულია ზედაპირზე ამოტანილი ქანების შემადგენლობის განსაზღვრა. სათანადო კვლევები კი ჯერ არ ჩატარებულა. სახელმწიფო მონიტორინგის და კონტროლის ფუნქციას აღარ ასრულებს.
თბილისისკენ გზაზე ფოტოგრაფი გიორგი ყოლბაია წიგნს მაწვდის, ივან ილიჩის 1973 წლის ნაშრომია ტექნოკრატიული ელიტების, ინდუსტრიული წარმოების კრიტიკაზე - The Tools of Conviviality. მისი თქმით, ეპიზოდი, რომელსაც იმ მომენტში გადააწყდა, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც ჭიათურაში ვნახეთ. ამ ფრაგმენტიდან გავდივარ ლუის მამფორდის 1930-იან წლებში გამოცემულ კრებულზე The Myth of the Machine; The Pentagon of Power, რომელშიც კიდევ უფრო ზუსტდება აღწერა. მამფორდი წერს:
“სამთო მრეწველობამ მექანიზაციის შემდეგი სახეობებისთვის სანიმუშო მაგალითი შექმნა - მისგან მოდის ადამიანური ფაქტორების უხეში უგულვებელყოფა, ბუნების დაბინძურებისადმი ინდიფერენტულობა, გარემოს განადგურება და ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე სრული კონცენტრაცია სასურველი მეტალის ან საწვავის მოსაპოვებლად. რაც მთავარია, სამთო მრეწველობისგან იღებს სათავეს ტოპოგრაფიული და მენტალური გარიყვა-გაუცხოებაც გლეხისა და ოსტატის ბუნებრივი სამყაროსგან, ეკლესიის სასულიერო განზომილებისგან, უნივერსიტეტისგან და ქალაქისგან.
სამთო მრეწველობა ძალიან ჰგავს ომს გარემოს განადგურებითა და იმ გულგრილობით, რასაც ადამიანური არსებობის წინაშე წამოჭრილი რისკებისადმი იჩენს... მისი დესტრუქციული მიზნები, დასჯაზე დაფუძნებული სამუშაო რუტინა, ეკოლოგიური დარღვევები მემკვიდრეობით გადაეცა ახალ ინდუსტრიებს, რომლებიც სამთო მრეწველობაში მოპოვებული პროდუქტით საზრდოობდნენ… მზადყოფნას, რომ მსხვილი ინვესტიციები ჩაედოთ სამთო მრეწველობაში, კიდევ უფრო ამძაფრებდა არნახული მოგების მიღების შანსი, რასაც ამ წარმოებაში ხედავდნენ”.
სანამ მამფორდის წიგნის ამ მონაკვეთს წავიკითხავდი, შეფასება “ომისგან აოხრებული” მეტისმეტად გაზვიადებული და ლირიკული მეჩვენებოდა, არადა სწორედ ეს ფრაზა მომდიოდა, როცა სარქველეთუბნისკენ ამავალი გზიდან, ზემოდან დავყურებდი შავად მოლაპლაპე ყვირილის ნაპირზე კუსტარულად მოწყობილ მანგანუმის სარეცხ საამქროს. მეორედ მოსვლიდან, ანდა საშინელი კატასტროფიდან ასი წლის მერე აღმდგარ მხარეს ჰგავდა იქაურობა. ნისლის თხელ ფენაში ამ სიშორიდანაც ჩანდა სარეცხი საამქროს კოშკურებზე დამაგრებული ნათურების ციმციმი. იქვე წითელი ნეონის მაფრთხილებელი ნიშანი ბჟუტავდა მონოტონურად და ზემოთ გარკვევით აღწევდა ჟანგიანი გორგოლაჭების ჭრიალიც - ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც პატარა რკინის ვაგონეტი ზემოთ ასწევდა მანგანუმის ბელტებს. მხოლოდ განთიადის ჩიტები არ ეპუებოდნენ ამ ინდუსტრიული ჟღერადობით და მწყობრიდან გამოსული საწარმოო დანადგარებით სავსე დილას.
ბუნების დასახიჩრების ხილვა, ალბათ, ყველგან თანაბარ ფორიაქს იწვევს. თუმცა, ფორიაქი ტკივილში გადადის, თუ დასახიჩრებულ ადგილთან პირადი მოგონებები გაკავშირებს. ეს ბუნიკაურში ვიგრძენი, რადგან ბავშვობის რამდენიმე ზაფხული იქაურ ტყის პირებზე ნიყვის გროვებაში, სოფლის შარა-გზებზე ველოსიპედით ქროლვაში, ეკალ-ბარდებიდან მაყვლის გამოტანაში, დიდ და იდუმალ მღვიმეში ძრომიალში - აქ მაქვს გატარებული (მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ მღვიმე “ორთვალა კლდე” ევრაზიაში ერთ-ერთი უძველესი ზედაპალეოლითური სადგომია, რომელიც 1973 წელს აღმოაჩინეს). ახლა მსგავსი სიხარულები ამ ადგილებში ძნელად თუ დაიბადება, ასე მგონია და არა იმიტომ, რომ ამ სოფელში ბავშვები აღარ ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ სოფლის ველური, ლაღი ცხოვრების სცენები ახლა აქ სულ სხვა გარემოში თამაშდება - ნაომარ ველებზე. აქ გარემო ყოველთვის შეგახსენებს თანამონაწილეობას დანაშაულში, რამაც სოფლები დაასახიჩრა. სიხარული აქ ამიერიდან სულ განზავდება ან სინანულისა და დანაშაულის გრძნობით - თუ თანამონაწილეობას იაზრებ, ან თავის მართლებით - თუ ფიქრობ, რომ ნაკვეთის გადაცემისას სხვა გზა არ გქონდა.
დილის ნისლში ბუნიკაური კვლავაც ისე ლამაზად იძირება, როგორც წლების წინ, დიდრონი მუხებისა და ზემოთ აწვდენილი ალვების სიმწვანეში ათიოდე აივნიანი სახლი ჩანს. ნეტავ, როგორ ხედავენ გარემოს ამ აივნებიდან - მაინც მინდა ვიცოდე. ვერცხლისფერი ნათება ზღაპრად აქცევს ყველაფერს და შორს, ქვემოთ, კანიონების ძირში, ქალაქ ჭიათურის შუქებიც ირეალურად ციმციმებს, მაგრამ ნისლის გადაფანტვისას ნაყარი თეთრი გორები ხომ მაინც გამოჩნდება. მოძლიერებულ მზეზე მათ ხომ კიდევ უფრო აშკარად დაეტყობათ, რომ გამოფიტული, უსიცოცხლო ქანების გროვა არიან და სხვა არაფერი - რომც მოასწორონ, იქ აღარაფერი გაიხარებს. ფშატე ხორბლის მარცვალივით ქვიშაა. ტყუილად არ ეძახიან ფუჭ ქანებს.
ბუნიკაურის გზაზე კაცი მოდის, ნელი ნაბიჯით, დილის რვა საათია, საჩხერეში 11-ზე უნდა იყოს აცრაზე, მაგრამ თადარიგი ადრიანად დაიჭირა, რადგან ბუნიკაურში ტრანსპორტი არ დადის, მაღაროელების სამარშრუტო მანქანა შეიპირა და იმას უნდა გაჰყვეს. “მადანს ვინ დაგვიტოვებს აქ, მაგრამ სოფელს ხომ უნდა დაეტყოს, ან წყალი გვქონდეს, ან გზა, - ამბობს, - გამოვედით, გადავკეტეთ რამდენჯერმე. ტყე არის ამ სოფლის განძი და ეს ტყე თუ გაგვიჩეხეს, რაღა დარჩა. კიდევ კარგი, მაღაროთი შემოდიან ახლა, წრე შემოგვარტყეს ნახევარ კილომეტრზე”.
გიორგი ხელს მიქნევს, აქეთ გვეპატიჟებიანო. ისევ მღვიმევში ვართ და მე, გოჩასთან გატარებული საღამოს მერე, ვასკვნი, რომ ამ ოჯახსაც მსგავსი ისტორია ექნება მოსაყოლი. არადა, როგორც კი ეზოს ზღურბლს გადავაბიჯებ, გადავდივარ ნამდვილ კუნძულზე. გარშემო გადათხრილია არე-მარე, ტრაქტორების ზუზუნი ისმის, ოხშივარი ასდის გათხრილი თეთრი ქანებით აღმართულ გორებს. ჭიშკრის გადაღმა კი ჩიტების ჭიკჭიკია, შავი ყურძნის ტალავერი, მის ქვეშ მოწყობილი მოსასვენებელი ადგილი და ხეხილის ბაღი, სახლის მეორე მხარეს ცოლიკაურის ვენახი. გაფრინდაშვილები მადნის მომპოვებლების შეშვებას არ აპირებენ. ტალავერის ქვეშ ვსხდებით დაბალ სკამებზე, პური, მსხვილნასვრეტებიანი ჭყინტი იმერული ყველი, ეზოში ჩამოკრეფილი ბალი და ცხელი ყავა გვიდევს სუფრაზე. დედ-მამისა და მათი სამი შვილის სახლია. ახლა აქ ერთ-ერთი ქალიშვილი და ბიჭი ცხოვრობს ცოლ-შვილით.
“1981 წელს გამოვეპარე დედაჩემს, შემიყვარდა ჩემი მომავალი ქმარი, მერვე კლასში ვიყავი მაშინ. და მას მერე ვცხოვრობ ამ სახლში, ამ სოფელში, რომელიც ახლა დარბეულს არ გაგონებთ?”, - ასე მეცნობა დიასახლისი, ლია გაფრინდაშვილი. მისი სამივე შვილი ამ სკოლაში სწავლობდა, რომლის ადგილზეც ახლა ღია კარიერი და ნაყარი მიწის გორებია. მერე მეზობლების გადათვლას იწყებს, ასკვნის, რომ მადნის გასატანად ეზოებში კოოპერატივი უკვე თითქმის ყველას შეშვებული ჰყავს. თვითონ ამბობს, რომ არ არსებობს თანხა, რადაც ამ გამართული კარ-მიდამოს არევა უღირდეს. “ეგ ტალავერი გაიზრდება კიდევ და ნახავ, მერე რა კარგ ჩრდილს წამოიღებს. რომ გადავთხარო და კაი მიწა არ მოხვდეს ზედაპირზე, ის ხო აირევა ერთმანეთში, მერე სად წავიდე. თავიდან ყველა გავდიოდით, მთელი სოფელი, ბევრი უარზე იყო. არ უნდოდათ, მაგრამ ერთმა რომ გამოიღო, მეორემ, მესამემ, მერე ყველამ მოინდომა. ერთობა უნდოდა ამ საქმეს, რომელიც გვიჭირს. ახლა ამიტომ ჯობია, რომ მორჩეს - წაიღონ და წავიდნენ. ჩვენ თვითონ მივხედავთ, ავამწვანებთ მერე აქაურობას, ნარგავები მოიტანონ მხოლოდ მოზრდილები, რომ საქონელმა არ შეჭამოს. ასე კი უნდა იქცეოდნენ, მაგრამ სისწორე თუ გინდა, კარგად არც ამ აყრილ მიწას ასწორებენ, დარგვას ვინღა ჩივის”.
ამ ოჯახში ერთმანეთის დაწყებულ აზრებს მადნის მომპოვებელ კოოპერატივებზე, ბუნების დაზიანებაზე, მამა-პაპისეულ მიდამოებზე ისე აგრძელებენ, გგონია, რომ ერთ ადამიანს ელაპარაკები. გარეთ ვერა, მაგრამ აზრის ერთიანობა სახლში, ერთმანეთსა და ვიწრო სანათესაოს შორის მოიპოვეს.
“თქვენ ხომ გესმით, მშობლიური ადგილი რას ნიშნავს ადამიანისთვის? - მეკითხება ნათია, ლიას შვილი, - ზოგისთვის ფულია მთავარი, ზოგისთვის სხვა რამე. აქ ვერავინ ვერ შემოვა. დაცულია”, - და მეთანხმება, - ზუსტად ეგრეა, ეს კარ-მიდამო ჩვენი ციხე-სიმაგრეა, კი, სწორად დაინახეთ.
- სად იყო, კი მარა, ტყემალი, - ხუმრობით გასძახის ცოლი და გვიხსნის, - ტყე აღარ დაგვრჩა ამ სოფელში და ხე. საქონლის გვეშინია, შეიძლება გადავარდეს სადმე და აღარ მოვიდეს სახლში. დევნა ჭირდება, საძოვარი ადგილები დავკარგეთ.
- თხუნელებივით რო შეესიენ აქაურობას.
- წაბლნარი აქვს ამ სოფელს. ეგეც თუ დაუშვა მოსახლეობამ, რომ იჩეხება, ეგ ერთი რამე დაგრჩა და აღარ ვიცი პირდაპირ.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანალიტიკურ დოკუმენტში “ჭიათურის კრიზისი” (ივნისი, 2021)) ავტორები წერენ: “საკუთარი ვალდებულებების გააზრების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს ჭიათურის ტერიტორიაზე მოპოვებითი ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის, წინასწარ უნდა შეეფასებინა მისი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე… ადგილობრივ გარემოზე და მაცხოვრებლებზე მიყენებული ზიანის ურთიერთშეწონვით მიეღო პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება… სახელმწიფოს წინასწარ უნდა ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო საცხოვრისი უფლებაზე და… სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ, მოსახლოების განსახლება განეხორციელებინა. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული არცერთი ვალდებულება არ დაიცვა… მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე ადგილობრივების ინფორმირებაც კი არ მოახდინა”.
და დღეს ამას ყველაზე თვალსაჩინოდ სოფელი შუქრუთი აჩვენებს.
“არ დავენგრიეთ - ეგ იყო მთვარი მოთხოვნა, არც კომპენსაცია გვინდოდა მაგათი და არც ციხე-კოშკები, დავეყენებინეთ ჩვენს ადგილზე. მაგრამ თანხმობა კი არა, აფეთქებების ხმები გვესმოდა და ეგრე გავიგეთ, რომ მაღაროს მუშაობა აღდგა. ეს სახლი ბაბუაჩემის დროს არის აშენებული, მაგრამ მიწისძვრამ ვერაფერი უყო, ახლა დაიხსნა კედლები. ეგერ, მოხუცების ოთახში შემავალი კარი აღარ იხურება, ჩაწვენილია იატაკი”, - ამბობს ჯეკო. კომპენსაცია ჯერ არ აუღია, კომპანიის აუდიტმა მისი ქონება 2020 წელს შეაფასა, მაგრამ იმდენი ჭირდება, რომ როცა დაინგრევა აქაურობა, თავშესაფარი ჰქონდეს. ამაზე მძიმედ ლაპარაკობს, ეტყობა, რომ ეს აყრა და წასვლა ჯერ ვერ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე ამბობს: “რაზე დგას სოფელი, არ ვიცი, სიცარიელეზე როდემდე გაძლებს? დასასრულამდეა მისული ყველაფერი. აღარც აქვს აზრი არაფერს. აქ ყველა თავისი თავის ორგანიზატორი იყო, ყველამ სათავისოდ გადაწყვიტა, რა ერჩივნა”.
“მთის ამბებთან” აპრილში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შპს “შუქრუთი+”-ის დირექტორი, ნოდარ მიქაბერიძე ამბობს: „ჯორჯიან მანგანეზმა“ რომ ვერ მოახერხა შეთანხმება, ჩვენ გუნდს 2 თვე მოგვიწია ამაზე მუშაობა, რომ მოსახლეობას მოვლაპაკებოდით და მუშაობა გაგვეგრძელებინა… ეს ტერიტორიები არის მეწყერული ზონა, მიწა არის მცოცავი, ადრე მანდ იყო მიწისძვრაც, რა დროსაც დაზიანდა სახლები. „შუქრუთი +მა“ ოპერირება შარშან დაიწყო და 1 200 000 ლარი მივიტანე 8 თვეში. გადახდილი გვაქვს 85 ოჯახისთვის, მაგრამ აქედან 9 ოჯახმა აიღო 100 %, ორმა თუ სამმა აიღო 80-85 % და დანარჩენმა ნაწილობრივ“.
“...ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ პირებზე ერთჯერადად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი უსამართლო და არასწორი პრაქტიკის გამოვლინებაა. შუქრუთის მოსახლეობის ზიანი განგრძობით ხასიათს ატარებს და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, კომპანიის მიერ პერმანენტულად უგუელებელყოფილი კანონმდებლობისა და სახელმწიფოს მიერ წლების მანძილზე განხორციელებული პასიური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს”, - წერენ გიორგი ცინცაძე და გიორგი ლანჩავა “ჭიათურის კრიზისში”.
თამუნა კუპატაძე, შუქრუთის გაფიცული მიამბობს: “ახლა ხდება სწრაფი მოპოვება. გრამს არ ტოვებენ. ბაბუაჩემი მაღაროში მუშაობდა 42 წელიწადი ცვლის უფროსად, მაგრამ მერე კომუნისტებმა დახურეს, წარმოიდგინე, 7-მეტრიანი, 3-მეტრიანი ფეხები დატოვეს. ფეხს ვეძახით მანგანუმის ფენას, ხომ არის ქანები და ამ ქანებქვეშ შუქრუთში 3-მეტრიანი სიმაღლის მარგანეცია, ზოგან შვიდი და მიყვება ასე მთელ სიგრძეზე. ჰოდა, ამ ახლებმა მოაკითხეს. ეგ იყო 2016 წელს, 2017-ში მოვიდა სახელმწიფო მმართველი, ჩიქოვანი რომელსაც გარემოს დაცვის საკითხები უნდა მოეგვარებინა, არადა, 2019 წლამდე ისე იმუშავა ამ კომპანიამ ჩვენი სოფლის ქვეშ, რომ არ ვიცით, სახლების ქვეშაც შემოსულები იყვნენ თუ არა. 2019-ში გამოვედით და გავაჩერეთ მაღარო, მაგრამ მერე სოფელი დაშალეს - ზოგს 3 ათასი მისცეს, ზოგს 5 ათასი, ზოგს უთხრეს, გამუშავებ ამ მაღაროში და ამით გააჩუმეს, ზოგს დაპირდნენ, შენი სახლის ქვეშ არ შემოვალთ. რამდენი ადამიანი წაიყვანეს, იმდენი ვეღარ დაბრუნდა უკან თავისი სიმართლით - მემორანდუმებზე მოაწერინეს ხელი. მერე, ვინც დავრჩით, 2020-შიც გავაკეთეთ აქციები და ეს, ბოლო 16 თებერვალს დავიწყეთ. 10-15 ოჯახი ვიყავით ასეთი, რომლებიც ვერც ერთ აქციაზე ვერ დაგვშალეს. 25 დღე გვქონდა გაჩერებული და მერე იმ ხალხს ეშლებოდა ხელი, ვინც კომპენსაციებს ელოდა - სოფელი დაგვიპირისპირდა. გვითხრეს, გაჩერდით, ჩვენ უნდა ავიღოთ ფულიო და სინამდვილეში ზოგს დღემდე არ აუღია. არადა, რა არის 35 ათასი ლარი, როცა ბოსტანი გაქვს, ვენახი, ქვევრები, ისეთი სოფელია, ნებისმიერს არ გაუჭირდება თავის რჩენა, მწვანილი, ყურძენი, ღვინო, ოჯახი არ არსებობს, რაც არ უნდა ღარიბი იყოს, ეს რომ არ გააჩნდეს”.
შუქრუთში 280 ოჯახი ცხოვრობს, ბოლო აქციებზე 10-15-ნი დარჩნენ. 102 დღის განმავლობაში იდგნენ მაღაროსთან, მერიის წინ. თამუნა ამბობს, რომ არც მაღაროს ხელმძღვანელობას, არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს იქ დგომის მიზეზიც კი არ უკითხავთ. “აქციამ და შიმშილობამ რომ არ გაჭრა, ქალებმა გადავწყვიტეთ ასე, თან ერთად გაზრდილები ვართ და ერთი სატკივარი გვაქვს - ამოვიკერეთ პირი. მაინც რო არაფერი, გადასხმები გავიკეთეთ ღამე და წამოვედით თბილისში. პროტესტის ფორმების დამძიმება იქაც დაგვჭირდა, მშრალი შიმშილობა დავიწყეთ”.
ბოლო აქციების დროს შუქრუთელები ადექვატურ კომპენსაციებს ითხოვდნენ, სხვას ვეღარაფერს. “კანონით არ შეგვიძლია, ვუთხრათ, წადით, არ მოიპოვოთ. მაგრამ ისე მაინც ემუშავათ, ჩვენ არ დავზიანებულიყავით, ან თუ დაგვაზიანეს, კომპენსაცია, გეგმა წარმოედგინათ, რას გვიპირებდნენ”, - ამბობს თამუნა.
მოსახლეობის ამ განწყობას ამყარებს ექსპროპრიაციის შესახებ კანონში 2007 წელს შეტანილი ცვლილებაც. რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ლიცენზიანტს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქისთვის ქონების ჩამორთმევა. ცვლილებამდე ექსპროპრიაციის მიზანი მხოლოდ ვიწრო იყო - საჭირო გახლდათ დიდი საჯარო ინტერესი იმისთვის, რომ კერძო საკუთრება დაგეთმო, მაგალითად, ასეთი იყო გზის გაყვანა. 2007 წლიდან კი, როცა გადაწყდა, რომ ყველა ბარიერი უნდა მოხსნილიყო ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩამონათვალში წიაღით სარგებლობაც შევიდა.
“99-ით კი არა, ასივე პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მალე არავინ აღარ იქნება შუქრუთში. მე მანდ გავიზარდე, სიზმრებს რომ ვნახულობ, მოქმედება შუქრუთში ხდება, მაგრამ იყო და არა იყო რა დაგვემართება მალე”, - ამბობს თამუნა და მიხსნის, თუ რატომ არ აქვს აზრი სასამართლოში დავას: “აქ უბანია ერთი, ბერიძეებს ეძახიან, მეექვსე წელიწადია ედავებიან კომპანიას და კი, მოუგეს, გაბზნილი ჭერის და სხვა დაზიანებების შეკეთების თანხები მოუგეს. მაგრამ “ჯორჯიან მანგანეზი” ეუბნებათ, არ ვარ შემოსული თქვენთანო და ის თანხები ამათაც ადვოკატებში დახარჯეს, ინსტანციიდან ინსტანციაში დარბიან, ამის მაგალითზე არ ვიჩივლეთ”.
„ჯორჯიან მანგანეზს“ ექსპროპრიაციის უფლება ჯერ არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია, მაგრამ როგორც ნინო გუჯარაიძე მიხსნის, ბერკეტად იყენებს მაშინ, როცა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. “ეუბნებიან, ხო იცი, შენი ქონების ჩამორთმევის უფლება მაქვს, არ გირჩევნია აიღო ფული, რასაც დღეს გთავაზობ? თორემ მერე სასამართლო იქნება, სასამართლო ჩამოგართმევს. ადამიანებს კი სასამართლოში წასვლის ეშინიათ, ბიურორკატია, უცხო ენა, ადვოკატის ხარჯი, გაფლანგული დრო - ყველაფერი აფრთხობთ და “ჯორჯიან მანგანეზიც” ყველასთან მოლაპარაკებას ახერხებს. მოლაპარაკებების მთელი სტრატეგია არსებობს, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ნაცადი. სადაც ერთობას ნახავენ, იქ ინდივიდუალურად უდგებიან, ეძებენ სუსტ რგოლებს, ადამიანებს ერთმანეთს შიგნით უპირისპირებენ”.
“არ გელაპარაკებიან, რადგან სინდისი არ აქვთ სუფთა და თავისუფალი”, - მიხსნის ბატონი გივი, ჭიათურელი ტაქსის მძღოლი, რომელიც სოფლიდან სოფელში დაგვატარებს და ხედავს, რომ ბევრი ადამიანი ინტერვიუზე უარს გვეუბნება.
თუმცა, შუქრუთელ დიმიტრი მაჭარაშვილს დასაკარგი აღარაფერი აქვს. მის ეზოს მიწა ზემოდან აწვება და ყველაფერი ქვევით მიაქვს, სახლი ინგრევა, კედლები ზოგან ნახევარი მეტრის სიგანეზეა დახსნილი, წინა ორ ოთახში ვეღარც შედიან შიშით.
“მშობლები რომ დამეღუპნენ, ამ მინდორზე ქელეხის პალატკები მქონდა გაშლილი, ჩვეულებრივ იჯდა ხალხი, ახლა აქ რაღას გაშლი, აბა, შეხედე, - მიხსნის დიმიტრი, - ღამე იყო, აქანა გვეძინა მე და ჩემ ცოლს, - წაქცეულ ოთახს გვაჩვენებს, - და წამოვხტით დამფრთხალები. ისეთი ხმაურით წავიდა ქვეითკენ იატაკი, ამოცვივდენ მეზობლები, ხო ცოცხლები ხართო. დავრჩით შავ დღეში, მას მერე სულ უარესობისკენ მიდის”.
შუშაბანდში გავდივართ და მაგიდასთან ვსხდებით. ლიქიორის ლამაზი თხელფეხიანი ჭიქებით თავის დაყენებულ კონიაკს გვისხამს დიმიტრი, ბროლის ფუჟერით ოქროსფერი მსხლის მურაბა გამოაქვს მის შვილიშვილს და ემალის სასალათეში ჩაჭრილი წვნიანი პომიდვრის სალათითა და ჭყინტი ყველით სუფრას გვიშლის.
“მე ისეთი მასპინძლობა ვიცოდი, ათასნაირი უნდა გამომეტანა სუფრაზე, ეს რა არის”, - ნანობს დიმიტრის ცოლი და იმ ამბავს იხსენებს, ორსულმა, მცირეწლოვანი შვილით, საკუთარი ხელით რომ ზიდა გადმოღმა მხრიდან ქვები ამ სახლის ასაშენებლად. “ეს ქვა ამან მოტეხა, ჩემმა კაცმა, მე ვაგორე მერე აქამდე ჩემი ხელით. ახლა რიღასი თავი მაქვს, დავბერდი”.
“გვითხრა აუდიტმა, შარშან იყო მოსული, თქვენ ნგრევის თანხა უნდა მოითხოვოთო. მარა ნგრევის რო მოვითხოვეთ, მერე გადათქვა, როდის გითხარით მე ეგო. 66 ათასად ძლივს შეგვიფასეს, თორემ თავიდან - 52 ათასიო და ამ ფულში მარტო სახლი კი არ შეიყვანა, შვილო, ყველაფერი. 252 კვ.მ მარტო ეს სახლია, მარანი გვონდა იქით, მისგან ორი კედელია კიდე დარჩენილი. ზეითკენ თავლა გვქონდა, ასე კი არ ვიყავით დაფსილები თავიდანვე. ჭურები დატყდნენ, დაგვექცა ამდენი ღვინო. 130 ძირი ვაზის ტალავერია იქითკენ, ხმებიან, კაკლები მიდგას, დახმნენ ის კაკლებიც, 3 ათას მეტრამდეა ეს ეზო, ცოტა აკლია, რაც აქანა არი. დენის გადატანის, გაზის გადატანის, ვანა-ტუალეტის, სუყოლიფერი შეყავთ ამ 66-ში. შეშინებულები ვიყავით და მაინც დავთანხმდით. გვითხრეს, აიღეთ, მოაწერეთ ხელი, თორე მერე სულ აღარ იქნება არაფერიო. მოგვცეს წინმსწრებად 10 ათასი, ვითხოვდით, გვეშინია ამ სახლში გაჩერება, რაც ჩქარე იქნება, ჩვენთვის უკეთესიო. ზეითკენ, სერზე, სამოსახლო მიწა გვქონდა ადრე ნაყიდი, იქ ჩავყარეთ ბალავარი, ცემენტის და რკინის ჩასხმას მოხმარდა ეგ ათი ათასი. დანარჩენი ნოემბერში უნდა მოეცათ, ხელი რომ მოვაწერეთ, იქიდან ორ კვირაში. არ მოგვცეს. მერე, ბოვშვებმა რომ ამ გაზაფხულზე პირი ამოიკერეს, შეშინდა კომპანია, გაგვაფრთხილეს, ასე თქვით, ყველაფერი მოცემული გვაქვსო. აპრილში მოგვცეს ძლივს და სად იყო დოლარი წასული, 3.40-ზე იყო. მაგრამ რასაც ეყოფა, ეგ მაინც გადავხუროთ-მეთქი, ვფიქრობდით, შვილი გამიხდა ცუდად მერე და ვერ შეძლო. წავა ახლა ეგ ფული საჭმელში და ხელოსანში”.
მაჭარაშვილებს სტუმრები შემოესწრნენ - დიმიტრის ძმის შვილი ოჯახით. გვერდზე სახლი მათია, ისიც დაზიანებული, ეს ბილიკი, აქ რომ ხედავ, ზევით იყოო, - გვაჩვენებს დიმიტრის ძმიშვილი, - იქანა საქათმე მქონდა მიშენებული და კი ჩავარდა მიწაში. ა, აქანა იდგა ის სახლი, აქიდან წავიდა და ჩევიდა ქვეით, 2 მეტრით. მაგრამ გვიმტკიცებენ, რომ არაო, მაღარო არ აზიანებსო. ამ სახლზე იმასაც მიმტკიცებდნენ, მიწისძვრის დროს დაზიანდებოდაო, რა ვიცი, წინასწარ დაზიანდა ეტყობა - მიწისძვრის მერე ავაშენეთ.
ვეღარაფერი მოვუხერხე აქაურობას და წავედი დედაჩემის სოფელში, საჩხერეში, დროებით. 26 ათასს დაგვპირდნენ ამ სახლსა და ეზოში. მოვუწერე ხელი, მაგრამ ჯერ არც ეგ მიუციათ.
ბაბუაჩემმა რო დარგა ნერგი და ჩვენ ვეფერეთ და ვზარდეთ, ეგ არაფერი? დაახლოებით ასი წელი რო გჭირდება ერთი ცხოვრების მოსაწყობად ოჯახს, სამი თაობის შრომა და გარჯა მაინც რომ იდება ამ კარ-მიდამოში, ეგ? წამში შეუძლიათ, გადაუსვან ხაზი.
ამ ეზოში კაკლები მახსოვს იმხელები, აქ კომში იდგა, ქლიავები იყო, ეს ახალშენებია ყველანი და პატარა ხანში ეგენიც გახმება. სადაა ჩვენი ხეები, დიდი ხეები? სად იქნება, კაკოს ეზოში ჩავიდნენ ყველანი”.
შუქრუთში სულ სხვადასხვაგვარი განწყობებისა და საფიქრალის ნაზავია. მეორე უბანში ვხვდებით ისეთებსაც, რომელთაც ეზოში მიწა აქვთ ჩავარდნილი, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ მაღაროს გაჩერება არ შეიძლება, რადგან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი: “შუქრუთი როგორც იყო აქამდე, ასე იქნება სულ. აგერ, ამ ჩემს სახლს რომ უყურებ, კლდეზეა აშენებული, მაგარი ქანია და ასე იდგება 100-150 წელიწადი, იქით ნოზაძეების უბანია, იქაა მეწყრული უბნები, მიდი, აბა, დაადგინოს ვინმემ, მანდ მეწყერი მაღარომ განაპირობა, თუ ისედაც დაინგრეოდნენ იქ მაცხოვრებლები”.
კვლევების არარსებობა სივრცეს სპეკულაციებისთვის კიდევ უფრო აფართოებს. თუმცა, გეოლოგები განმარტავენ, რომ მართალია არსებობს ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული მეწყერები, მაგრამ მაღაროს მსგავსი ობიექტის არსებობა გარანტირებულად იწვევს მეწყრულ პროცესებს.
სახელმწიფოა ვალდებული, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომ მონიტორინგი და კონტროლი განახორციელოს შუქრუთში, მაგრამ მის ბაზაში არ მოიძებნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტები, რომლებიც მაღაროს ზემოთ მცხოვრები სოფლის მდგომარეობას ასახავს.
უფრო ქვევით, შუქრუთის ბოლოსკენ მივდივართ. იქ მეთვრამეტე საუკუნის, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია დგას, რომლის აღდგენაშიც “ჯორჯიან მანგანეზმა” 250 ათასი დოლარი ჩადოო, - მეუბნებიან იმავე ოჯახში. კი, აშავებს, ანგრევს ვიღაცებს, მაგრამ ეკლესიასაც ხომ აშენებსო, ამატებენ.
შუქრუთი გამავალი სოფელია. აქ უკვე ლაპარაკობენ, რომ კოოპერატორები მის შემდეგ დასახლებებს უკვე ათვალიერებენ და აქ რომ მორჩებიან, იქ გადავლენ. ჭიათურის ეკოლოგიურ კლუბშიც მეუბნებიან, რომ ახლა ცხელი წერტილი ორ სოფელშია - მერევსა და გუნდაეთში: “ერთხელ იქაურებმა უკვე გაუშვეს უარით, არადა ტრაქტორით იყვნენ - გავბურღავთ, ვნახავთ, ნამდვილად არის თუ არაო მარგანეცი, მიზანში აქვთ ამოღებული ე.წ. დარბაიძეების ღელე, სადაც ვახტის გაკეთებას აპირებენ. მოსახლეობას ხელმოწერების შეგროვება უნდა. ვცდილობთ, დავადგინოთ, მათი ლიცენზია ფარავს თუ არა ამ არეალსაც”.
ამ ორ სოფელში უკვე აქვთ შუქრუთის, მღვიმევის, თაბაგრების, ბუნიკაურის, დიდი და ზედა რგანის, სარქველეთუბნის, დარკვეთის, პერევისას და სხვა სოფლების გამოცდილება. მეთოდები, რითაც მოსახლეობის ერთობის დარღვევას ახერხებენ, მრავალჯერ ნაცადია, თუმცა, ეს წინააღმდეგობის შანსს იმთავითვე არ გამორიცხავს. პირიქით, ყოველი მორიგი შესვლა ყოველ ახალ სოფელში, ახალი შანსია, წლობით გამყარებული გამოცდილება გაირღვეს.
ტექსტი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: გიორგი ყოლბაია