გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოქროზე დასახლებულნი (პირველი ნაწილი) | თამარ ბაბუაძე

ქალაქ ჭიათურის გასასვლელში, იქ, სადაც გზა ზემოთ, მაღალი, გაუვალი სიმწვანით დაფარული მთებისკენ უხვევს, კლდეში შეჭრილი კოროხნალის მაღარო დგას 2006 წლიდან. ის ერთ-ერთია “ჯორჯიან მანგანეზის” ახალი მაღაროებიდან და ღია კარიერებიდან, რომელთა გახსნასაც ჭიათურის შემოგარენში მანგანუმის მოპოვების პროცესის დაჩქარება და გაფართოება მოჰყვა. რკინის ცხაურებიანი ჭიშკრიდან მონოტონური ზუზუნი გამოდის. ეს ტექნიკური ხმაური კიდევ უფრო აუხეშებს მწველი მზის ქვეშ გადანათებულ გარემოს. ხმა და სანახაობა ერთმანეთს ესადაგება. კუთხეში მიყრილი ქვიშის გორები და მაღალ კლდეში გამოთხრილი, მოტიტვლებული ქვაბულები - თითქოს, ისაა, რასაც ამ დროს უნდა ხედავდე.

მაღაროელები კლდეში ყოველ დილას რვა საათზე შედიან. დილის ნიავი კანიონებზე შეფენილ ხეებს აშრიალებს და ბუნებას ადამიანის უხეში ჩარევის კვალი ერთი შეხედვით არც ეტყობა. ჩიტების ჭიკჭიკი დილის გამჭვირვალე ჰაერში უფრო მკაფიოდაც კი ისმის დარკვეთის მაღაროსთან, ვიდრე ქვაბულში გაუჩინარებული პატარა ვაგონეტების ბორბლების ჭრიალი. ეს ძველი მაღაროა, “ჯორჯიან მანგანეზი” აქ საბჭოთა დროს გაყვანილი მაღაროს ბაზაზე მოვიდა. დაბრუნება მანგანუმის მოპოვებას ახასიათებს - ერთხელ გადათხრილ, ანდა როგორც აქ ამბობენ “ერთხელ გავლილ მაღაროს”, დახურვის მერე სხვა მომპოვებლები კიდევ უბრუნდებიან ხოლმე - დარჩენილის წაღების მიზნით. თუმცა, არის სამუდამოდ დავიწყებული ნაშთებიც. თურმე, ძველ, 1800-იანი წლებიდან შემორჩენილ წოლხვრელებს, მამდიდრებელი ფაბრიკების ნაშთებს, ძველ სარკინიგზო გვირაბებს უკვე ტყით დაფარულ ჭიათურის ხეობებშიც შეიძლება წავაწყდეთ, თუ ჭიათურის სამთო მრეწველობის ისტორია და ბუნებაში ჩატოვებული ინდუსტრიის ხრწნის ხილვა გვაინტერესებს.

ცვლა ზოგ მაღაროში მეორე დილის რვა საათზე სრულდება. მუშაობა არასდროს ჩერდება, თუ გაფიცვა და შიმშილობა, ანდა საწარმოო შეფერხება არაა.

- აი, აქ გაშალეს კარვები თებერვალში, ბოლო გაფიცვისას შუქრუთელებმა, - მანიშნებს კოროხნალთან კუთხეში შეჭრილ, ჩრდილიან ადგილზე ჭიათურელი ფოტოგრაფი, ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც იმ დღეს ჩვენი გამყოლია.
- კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევდა უფროსობიდან, ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ, - მიყვება მერე თამუნა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თანასოფლელებთან ერთად თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოტანილ გაფიცვაშიც მონაწილეობდა, - თვითონ მაღაროელები გვესალმებოდნენ ხოლმე. გვიბოდიშებდნენ, ახლა ჩვენ ვერ გავიფიცებითო, გვიხსნიდნენ. გასაგებიც იყო, ჩვენი მოთხოვნა ჩვენს სოფელს ეხებოდა - მაღაროსგან დაზიანებული სახლების კომპენსაციებს ვითხოვდით და სხვებს ხომ ვერ დავაძალებდით.

ჭიათურაში ივნისის დასაწყისში ჩავდივართ. მაღაროელთა წრეშიც და სოფელ შუქრუთშიც დიდი ვნებათაღელვის შემდეგ მოლოდინი და სიჩუმე დგას. პირველი სოფელი, სადაც ავდივართ, სწორედ შუქრუთია. ამ სოფლის ქვეშ მაღარო საბჭოთა წლებიდან გადის, მაგრამ ბურღვა-აფეთქების ხმები, თანმდევი მეწყრული პროცესები და სახლების ნგრევა სამიოდე წლის წინ დაიწყო - მაშინ, როცა კომუნისტების დროს დახურული მაღაროს ამუშავების გარდა, დამატებითი “ვახტები” მოაწყვეს ზოგი ინფორმაციით 2-3, ზოგი ინფორმაციით 7 ადგილზე. ამ ახალი ადგილებიდან “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორ ფირმას (2020 წლიდან ესაა “შუქრუთი+”) სოფლის ქვეშიდან მადანი გააქვს. “აქაურობა საბჭოთა წლებში უკვე არის დამუშავებული სხვადასხვა წლებში. ახლა კიდევ ერთხელ მოუბრუნდნენ შუქრუთს, შეიძლება ეს მესამე გავლაც იყოს. მუშაობენ 7-8 მეტრის სიღრმეზე, მაღაროს სახურავიდან მიწის ზედაპირამდე კიდევ 150 მეტრი რჩება, მერე უკვე, თავზე, მოსახლეობა, მათი კარ-მიდამოები და სახნავ-სათესი მიწებია. რომ წარმოვიდგინოთ, შუქრუთის ქვეშ ტერიტორია ობობას ქსელივითაა დაქსელილი, 150 მეტრი არაფერია, მიწა ნელ-ნელა ჩაიქცევა და დაჯდება იქ, სადაც სიმყარეს ნახავს”, - მიამბობს “ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის” წევრი და პროფესიით გეოლოგი, დათო ცუცქირიძე. შუქრუთის დაცარიელებულ ორღობეებში შუადღის მწველი მზის ქვეშ არავინ ჩანს. შუქრუთელებმა დაპირება მიიღეს, რომ მათი სახლების დაზიანების ხარისხს ახლა სახელმწიფო აუდიტი შეაფასებს, ეს მათთვის მეტი ნდობის საბაბია, რომ კომპენსაციებს უფრო ადექვატურად მიიღებენ. ამიტომ ახლა მოცდას ამჯობინებენ. ამ დროს უკვე მოლაპარაკებებითაა დასრულებული აპრილში მიმდინარე მაღაროელების მასშტაბური გაფიცვაც - 23 აპრილს, პარასკევს, კვირა საღამომდე ჭიათურის მადნის მომპოვებელ ობიექტებზე მუშაობა შეწყდა, რადგან 3 ათასამდე დასაქმებული ერთდროულად გაიფიცა - ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, დაპირებად 25-პროცენტიანი ზრდა მიიღეს, რაც მოთხოვნილის ნახევარი იყო, მაგრამ მაინც დათანხმდნენ. 

ახლა ერთადერთი, დაცდა შეუძლიათ. 15 ივნისს, დილაადრიან, დარკვეთის მაღაროსთან ბრიგადას ბრიგადა ანაცვლებს. დღის სინათლეზე გამოდის ერთი ცვლა და ხელში საგზლის ცელოფნებით, შედის მეორე. მანგანუმი იმდენად ძვირფასი მადანია, არმოპოვების ნებისმიერი წუთი დღე-ღამეში ხელიდან გაშვებულ მოგებას ნიშნავს. Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში წერია: „2019 წლის მაისში ჭიათურის მანგანუმის საბადოზე ცუდი სამუშაო პირობების გამო გაფიცვა მოეწყო, რის შემდეგაც წარმოება 13 დღით შეჩერდა ... ამ შეჩერების გამო საწარმოს 13 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, ხოლო მთავრობამ 6.5 მილიონი აშშ დოლარი იზარალა ექსპორტის სახით“.

Chiatura

 ჭიათურაში მადნის მოპოვებას, გარეცხვას, გამდიდრებას და ექსპორტს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ახორციელებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, კლინიკა „ფერომედის“, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის და სხვადასხვა ქვე-კონტრაქტორი კომპანიის გარდა, მისი მთავარი ქონება ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი და წიაღისეულის მოპოვებაზე აღებული ლიცენზიაა. ეს ლიცენზია 40-წლიანი ვადით 2006 წელს შეიძინა - იმ დროს, როცა ვალებში ჩავარდნილი ყოფილი სახელმწიფო საწარმო, „ჭიათურმანგანუმი“ პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. 2006 წლის ნოემბერში „აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“.  რის შემდეგაც მიიღო უფლება 2046 წლამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის 13 068 ჰექტარზე, ანუ მთლიანიფართობის 24%-ზე მოიპოვოს მადნეული. 

“საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა დროს - ორივეს ერთად რომ შევადაროთ, 3-4-ჯერ მეტ ფართობს მოიცავს “ჯორჯიან მანგანეზის” ლიცენზია დღეს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” სპეციალისტი, ნინო გუჯარაიძე,  - მთელი რიგი სოფლები, თვითონ ქალაქი ჭიათურაც კი შედის მის სამთო მინაკუთვნში. ლიცენზიაში წერია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ქვეშაც კი „ჯორჯიან მანგანეზის“ სამოქმედო არეალია - იმდენად ფართოა ეს სივრცე, რომ თვითონ რომ მოუნდეს, ლიცენზია ნებას მისცემს - ნებისმიერი შენობა აირჩიოს ქალაქში და გათხაროს მის ქვეშ. მანგანუმის მოპოვება სწორედ ამ სალიცენზიო პირობების შესაბამისად, მკვეთრადაა დაჩქარებული დღეს. “ჯორჯიან მანგანეზის“ დაქირავებული ქვეკონტრაქტორი ფირმები თხრიან ყველგან, სადაც შეიძლება და სადაც არ შეიძლება, თუმცა, მათთვის ყველგან შეიძლება იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ლიცენზია აქვთ ასეთი. ამ დოკუმენტში ისიც კი არ წერია, რა წესით იმუშავებს კომპანია - მოიპოვებს მიწისქვეშა თუ მიწისზედა არხებით - მაღაროს გაიყვანს თუ ღია კარიერს - ცარიელია ეს გრაფები. “რაც გინდა, ის ქენი” - ფაქტობრივად ასეთია ლიცენზია”.

თუმცა მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია არ იყო იმთავითვე ცხადი. ამიტომ 2006 წელს რიგითი ჭიათურელებისთვის “ჯორჯიან მანგანეზი”-ს მოსვლა იყო გარდამტეხი მომენტი - როცა ჭიათურას, ბოლოს და ბოლოს, გაუჩნდა შანსი, ისევ დამსგავსებოდა თავის თავს, დაებრუნებოდა მამოძრავებელი ძალა - ის, რითვისაც დაარსდა ქალაქი. რადგან ჭიათურაა ის ინდუსტრიული დასახლება, რომლის განვითარებასაცერთი კონკრეტული მიზეზი აქვს - მადნის მოპოვება. და როცა ამოღება ჩერდება, ქალაქი კარგავს თავის თავს. სხვადასხვა უბნებში განფენილი საწარმოო ნაგებობები შავი მტვრის ფენით იფარება, ფანჯრები ემსხვრევა, ჩარჩოები ულპება და იძარცვება, სატრანსპორტო არსენალს ჟანგი ედება და ჯართად იქცევა, გზები ფუჭდება, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარი რჩება. სამსახურებში მიმავალი ადამიანების ფუსფუსით, საწარმოო, ტექნიკური ხმაურით სავსე ქალაქისგან თავისი თავის აჩრდილი რჩება. თითქოს სიცოცხლე წყდება იქ, სადაც ადამიანები კვლავაც აგრძელებენ არსებობას.

chiatura

პოსტ-ინდუსტრიულ ხანაში ასეთი კვდომა ბევრმა ქალაქმა განიცადა. ბევრისთვის იქცა ინდუსტრიული მემკვიდრეობა ტვირთად, რომელიც ვეღარ ზიდა და ასე მარტივად ვერც ფიზიკური გარემოდან გააქრო, ამიტომ ცარიელი, ხავსით დაფარული მიტოვებული ქარხნებისგან ტურიზმის ახალი სახეობა მოიგონა - ობზერვაციული მზერით შეიარაღებული ტურისტი დახეტიალობს ბეტონისა და რკინის გიგანტურ ჯართად ქცეულ ინდუსტრიულ ნაგებობებს შორის, იღებს მელანქოლიურ ფოტოებს და ყოფიერების, წარმავალობის თემას უფიქრდება. 

2006 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ მოსვლა ჭიათურისთვის ამ კვდომის ფაზიდან გამოსვლად აღიქვა ხალხის ნაწილმა. 1991-2005 წლების თითქმის ტოტალური უძრაობისა და სიღარიბის შემდეგ ჭიათურაში სამუშაო ადგილები პირველად გაჩნდა - მაღარომ ხალხი კვლავ მიიზიდა. დღეს ის მხოლოდ მადნის მოპოვებასა და დამუშავებაზე ჭიათურაში 3.400 ადგილობრივს ამუშავებს.

- რომ უყურებ ამ ქალაქს და მის სოფლებს, აქ მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზის” გაცემული ფინანსები ტრიალებს. ძალიან ბევრს, ავად თუ კარგად, ეგ ხელფასები ასულდგმულებს, - მიხსნის ხანშიშესული კაცი, როცა ჭიათურაზე „ჯორჯიან მანგანეზის” გავლენის მასშტაბებზე ვმსჯელობთ. შუქრუთში, მის ეზოში ვსხედვართ, სადაც მაღაროს მუშაობის გამო მიწა ჩაიქცა და ახლა ბავშვები რომ არ ჩავარდნენ, ეზოს იმ ნაწილს თუნუქის ოთხკუთხა ნაჭერი ახურავს თავზე.
- ყრონჭში რომ წაგიჭერენ ხელს, ისეა ჩვენი საქმე, - მეუბნება პენსიაზე გასული, ყოფილი მაღაროელი, რომელიც სოფელ სვერისკენ დაგვემგზავრა, - არის გასაქანი სადმე? 

„ჯორჯიან მანგანეზია“ ის ერთადერთი მოვლენა დღეს ჭიათურაში, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის კლიმატს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით განსაზღვრავს. ის თავად იქცა ჰაერად, რომელსაც ჭიათურა სუნთქავს. ექსკლუზიურობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მადლიერება და ყველა პრეტენზია, ადგილობრივ ხელისუფლებათან ერთად (და ზოგჯერ უფრო მეტადაც), „ჯორჯიან მანგანეზს“ მიემართება. ეს კომპანია უჭერს მხარს ჭიათურის მეკლდეურთა კლუბს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრენდირებული ფორმით შეგვხვდა მეეზოვეც, რომელიც დილას ქალაქის მთავარ ქუჩას ასუფთავებდა. ერთ-ერთ ფასადზე ნაპოვნი ძველი, გაცვეთილი განცხადების თანახმად კი, „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობაში ექოსკოპიური კაბინეტი მოქმედებდა.

“ჯორჯიან მანგანეზის” ფართო მოქმედების ლიცენზია ყველანაირ დამოუკიდებელ განვითარებას ზღუდავს ჭიათურაში, რაც რაიმეს აღმშენებლობასთან არის დაკავშირებული, - ამბობს ნინო გუჯარაიძე, - ვთქვათ, ვფლობ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, გარდა იმისა, რომ იქ სახლის ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა მჭირდება, ეს უნდა შევუთანხმო “ჯორჯიან მანგანეზსაც”, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მომცემს უფლებას, რადგან როცა ჩემს მიწამდეც მოვა მანგანუმის მოსაპოვებლად, კომპენსაციის გამოწერა სახლისთვისაც მოუწევს, არა მხოლოდ მიწისთვის. ერთხანს, თვითონ ჭიათურის თვითმმართველობაც დადგა მსგავსი პრობლემის წინაშე - გარაჟის აშენების ნებართვას ვერ გასცემდნენ “ჯორჯიან მანგანეზის” გარეშე. თავიდან ძალიან მონდომებულები იყვნენ ამაზე ხმამაღლა ელაპარაკათ, მერე, როგორც ჩანს, კომპანიამ ასეთი ინტენსიური ჩარევა შეწყვიტა და თვითმმართველობასთანაც ურთიერთობა დაარეგულირა. თუმცა კი, კანონით ამის უფლება ახლაც აქვს”.

- ამ ქალაქში ან მაღაროელი უნდა იყო, ან მაღაროელი, - ასე გამოსდის თქმა შუქრუთში მცხოვრებ 26 წლის ჯეკოს, რომელიც თვითონაც მაღაროელია, - თუ შენს ბიზნესს ვერ წამოიწყებ, აქ მეტს ვერაფერს იზამ, მეც ორი წელიწადი ვდიე მაგ საქმეს, რომ დამეწყო მუშაობა და ახლა 2018 წლიდან მაღაროში ვარ, - ამბობს. პროფესიით სტომატოლოგია, ორიოდე წელს თბილისშიც იმუშავა, მერე სოფელში დაბრუნდა და მიხვდა, რომ სტომატოლოგის კაბინეტს ვერ გახსნიდა, მოხუც მშობლებს და ცოლ-შვილს კი რომელიმე არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტში რიგით ექიმად მუშაობით ვერ არჩენდა. „ხელფასი ახლა უკეთესი მაქვს, მაგრამ საბრძოლო გახდა ესეც“.

chiatura

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ გაჩენილი პრეტენზიების უმეტესობა 2006 წლიდან მოყოლებული თითქმის სრულად სწორედ ხელფასებს, სადაზღვევო პაკეტებს, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს, ექსპლოატაციურ სამუშაო საათებს უკავშირდება. ეს საკითხები თითქმის პერმანენტულად წერია მოთხოვნათა სიაში და ყოველ ახალ გაფიცვაზე ხელახლა წამოიჭრება ხოლმე. „მაღაროელები ყველაზე ხშირად ასახელებენ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა მაღაროში ჩამოქცეული ჭერის ქვეშ მოყოლა, ლოდის მოხვედრა, მიწის სველ ზედაპირზე მოცურება ანდა მძიმე ხელსაწყოთი ან ასაფეთქებელი მასალებით დაშავება. მაღაროებში ფატალური შემთხვევების მიზეზებს შორისაა ქანის ნატეხების ცვენა, ხანძარი, აფეთქება, სიმაღლიდან გადმოვარდნა, ნანგრევებში მოყოლა, დენის დარტყმა ანდა მიწისქვეშა შურფების და გვირაბების დატბორვა“, - წერია Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში.

ურთიერთობა კომპანიასა და მაღაროელებს შორის თავიდანვე ასე აეწყო - გაფიცვა, პიკეტირება, შიმშილობა, მოლაპარაკებებზე დათანხმება - ამ 15 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, მაგრამ მათი გამარჯვებები ყველა შემთხვევაში მხოლოდ წერტილოვანია. მაღაროელები ითხოვენ მეტს და საბოლოოდ, იძულებულნი ხდებიან, დათანხმდნენ ნაკლებს, ასე მოხდა 2019 წლის მაისშიც, როცა ითხოვდნენ ხელფასების 50-პროცენტიან ზრდას, მაგრამ დათანხმდნენ 25-ს, ხოლო 2012 წელს, როცა 24-დღიანი გაფიცვისას ხელფასების ასპროცენტიანი ზრდა სურდათ, საბოლოოდ 9 პროცენტიან მომატებას დათანხმდნენ.

იმედგაცრუება, რომ მადნის მოპოვების აღდგენამ ჭიათურელების ცხოვრების ხარისხი ვერ გააუმჯობესა, ნელ-ნელა არა მხოლოდ ადამიანებს დაეტყოთ, არამედ ბუნებასაც - გაკვეთილ მთებს, ძირგამოთხრილ ვენახებს, ხევში ჩაცურებულ და წაქცეულ ხეხილის ბაღებს, ქვა-ღორღის გორებად ქცეულ სიმინდის ყანებს, საწარმოო ნარჩენებით სავსე და სახიფათო ნივთიერებებით გაჯერებულ მდინარე ყვირილას, რომელიც რაჭის მთებიდან იღებს სათავეს, ჭიათურას ორ ნაპირად კვეთს და რიონს უერთდება.

ჭიათურა უნიკალური შემთხვევაა იმ მხრივ, რომ გარემოს დამცველებს საფუძვლიანი კვლევები და სიღრმისეული მონიტორინგის შედეგები ხელში არ უჭირავთ ბუნების დაზიანების, გარემოს დაბინძურების დასასაბუთებლად, თუმცა, ზიანი იმდენად თვალნათელია, ერთი თვალის მოვლებითაც კი ჩანს. 

“კვლევა და მონიტორინგი რომ ტარდებოდეს, შესაძლოა, უბრალოდ, გაცილებით უფრო შემაშფოთებელი გამხდარიყო შედეგები ადამიანებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც იმიტომ, რომ ფაქტობრივად, დღეს ასეთი მასშტაბის დაბინძურება არც ერთ სხვა რეგიონში, არც ერთ სხვა კომპანიასთან მიმართებაში არ ფიქსირდება”, - ამბობს ნინო გუჯარაიძე. 

გარემოსთვის ზიანის მიყენება ამ რეგიონში საბჭოთა წლებიდან მოყოლებული პრობლემაა, თუმცა, პოსტ-საბჭოთა წლებში, როცა ვალდებულებებისა და რეგულაციების დაცვა აღარ იყო პრიორიტეტული, ხოლო საწარმოები იძარცვებოდა კიდეც, უკვე ძალიან საგრძნობი გახდა. 2006 წელს კი, როცა გაიყიდა “ჭიათურმანგანუმი”, “ახალი მფლობელი იქ უკვე ინვესტიციით მივიდა და თანხა ჩადო იმაში კი არა, რომ წარმოების ახლებური ორგანიზება დაეგეგმა, გარემოსთვის ნაკლებად ზიანი მიეყენებინა, არამედ იმისთვის, რომ მოპოვება და მოპოვების გზით მოგება გაეფართოვებინა”, - დასძენს ნინო გუჯარაიძე.

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონი დამოუკიდებელ საქართველში პირველად 2007 წელს დაამტკიცეს. ახალი ნებართვები კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის, ამ გეგმების გაწერის, რისკების ჩამოთვლისა და მათი გაუვნებელყოფის გზების დასახვის საფუძველზე მიიღეს. ძველი საწარმოებისთვის კი სპეციალური ჩანაწერი გაჩნდა და მათ დაუდგინდათ ვადა - გარემოზე ზემოქმედების ნებართვა 2009 წლამდე უნდა აეღოთ. ამისთვის კი ეკოლოგიური აუდიტი უნდა ჩაეტარებინათ - შეეფასებინათ იმ მომენტამდე საკუთარი საწარმოს მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი და გაეწერათ გეგმა, რას გააკეთებდნენ უკვე დაზიანებული გარემოს გადასარჩენად, მომავალი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. “ჯორჯიან მანგანეზმა” ეს ნებართვა ჭიათურის გამამდიდრებელ საწარმოსთან მიმართებაში აიღო კიდეც, უბრალოდ, დაიწყო ნებართვის პირობების სისტემატური დარღვევა, რის გამოც, რამდენიმე წლის განმავლობაში მისმა ჯარიმებმა 357,364,708 ლარს მიაღწია. ზიანის უდიდესი ნაწილი - 324,326,434 ლარი კი, “მწვანე ალტერნატივის” ანგარიშის მიხედვით, მიმართული იყო “ნაყოფიერი ფენის უკანონო მოხსნის და ნიადაგის დეგრადაციაზე, მდინარის დაბინძურებაზე“.

საგულისხმოა ისიც, რომ ასეთი ნებართვა “ჯორჯიან მანგანეზს” საერთოდ არ აუღია ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან მიმართებაში, ანუ გამოდის, რომ ზესტაფონის ფერო დღესაც უნებართვოდ ფუნქციონირებს. სახელმწიფოს შეუძლია ამისთვის დააჯარიმოს - კიდევ ერთხელ, მაგრამ აღარ აჯარიმებს. გარემოს დაცვის სამინისტრო “მწვანე ალტერნატივას” უცხადებს, რომ ლიცენზიების საკითხები მის ფუნქციებში აღარ შედის მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურება და გარემოს დეგრადაცია კვლავაც ამ უწყების პრეროგატივაა. სასამართლო განჩინებებშიც საწარმოს შემოწმების შეწყვეტა იმითაა ახსნილი, რომ “ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფომ სწორედ გარემოს დაცვითი საკითხების გადასაჭრელად 2017 წელს საკუთარი სპეციალური მმართველი მიავლინა - ნიკოლოზ ჩიქოვანი. ის დაინიშნა იმ მიზნით, რომ კანონთან შესაბამისობაში ფუნქციონირებდეს საწარმო, სამინისტრომ კი კონტროლის ვალდებულება მოიხსნა. “მწვანე ალტერნატივას” იგივე განუცხადა წიაღის ეროვნულმა სააგენტომაც - იქ არის მმართველი და ის უზრუნველყოფს გარემოს საკითხების კონტროლს, ამის გამო არც ეს სააგენტო აღარ ამოწმებს იმას, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს “ჯორჯიან მანგანეზი” ლიცენზიის პირობებს.

თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებული წერს სამოქმედო გეგმას 2017 წელს და ამ გეგმის შესასრულებლად იღებს ვადად სამ წელს. “მაგრამ ვალდებულებებს მიზერულადაც კი არ ასრულებს. სასამართლო კი სამოქმედო ვადას 2020 წელს კიდევ სამი წლით უხანგრძლივებს იმავე გეგმის შესასრულებლად, რაც წინა სამ წელიწადში უნდა გადაეჭრა. “არადა, ფაქტობრივად, არც კი იტყუება ჩიქოვანი, უბრალოდ, სიტყვებით მანიპულირებს. მაგალითად, 2017 ვალდებულებად აიღო ახალი ქარხნის აშენება, რომელიც ისე გაამდიდრებდა მანგანუმს, რომ ნარჩენით ყვირილას აღარ დააბინძურებდნენ. გეგმის შესრულების დროს დაწერა, რომ შეასრულა ეს პუნქტი, რადგან ქარხანა მართლაც აშენდა, უბრალოდ, ვერ აამუშავა ის და ამიტომ ქარხნის გასამართად დამატებით ითხოვს სამ წელს, როგორ გამოდის ეს გეგმა შესრულებული?” - ამბობს ნინო გუჯარაიძე.

“სახელმწიფოს სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, თავისი თავდაპირველი გეგმით, ვალდებულებად აიღო ცოფ-თან არსებული კუდსაცავისა და მანგანუმის დასაწყობების ადგილის ექვსმეტრიანი ჯებირებით დაცვა, რადგან ხშირად მოვარდნილი ყვირილა რეცხავდა კუდსაცავებს და მდინარეში ამ გზით კიდევ უფრო მეტად ჩაედინებოდა მავნე ნივთიერებები. ეს ჯებირები გააკეთეს, ოღონდ სამწლიანი ვადის დასასრულს და მაინც უხარისხოდ, იმდენად, რომ ყვირილა კვლავაც რეცხავს ნარჩენების ადგილს”, - მიამბობს ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის წევრი, გეოლოგი დათო ცუცქირიძე.

მიუხედავად ამისა, გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება ნომერ პირველ საკითხად თითქმის არასდროს ხვდება ჭიათურელების მოთხოვნებს შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორებას ნომერ პირველ საკითხად თითქმის არასდროს აყენებენ. აპრილის გაფიცვისას მაღაროელთა ნაწილი ეკოლოგიურ დაბინძურებაზე კი ამახვილებდა ყურადღებას, 2019 წელს კი მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანებისთვის ჭიათურაში გადაადგილების აკრძალვას ითხოვდნენ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ჭიათურაში სულ სხვაა. ესაა 50%-იანი სიღარიბე, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ფარავს მასშტაბურ და შეუქცევად გარემოს დაზიანებებს. 

ჭიათურა კუთხეში მიმწყვდეულს ჰგავს. “სანამ ბოლო წვეთი მარგანეცი არ გავა მიწისქვეშეთიდან, ჩვენ ვინ შეგვეშვება”, - მითხრა შუახნის კაცმა სოფელ მღვიმევში. ეს განწყობა სოფლიდან სოფელში მეორდება. პროცესში ინერციით ჩართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთადერთ გამოსავალს ხედავს: მადანი ოქროსავით არ ელვარებს მზეზე, მაგრამ ოქროს ფასი აქვს. როცა ეს ოქრო შენი სოფლის ქვეშ სამ-შვიდ მეტრიან ფენებად აწყვია და მას აუცილებლად წაიღებს სახელმწიფო, მისი ამოღება მაშინ შენც უნდა გაძლევდეს ხელს, “სახელმწიფომ თავისი უნდა მიიღოს და უნდა მივიღო მეც, როგორც მადანზე დასახლებულმა”, - მიხსნის ისევ ის კაცი მღვიმევიდან.

chiatura

ჭიათურაში ძალიან ბევრ ადამიანს პირზე აკერია ჰარიმანის სახელი, ზოგი მის გვარს დამახინჯებითაც წარმოთქვამს, მაგრამ მთავარია, რომ გაუგია - ამერიკელ მრეწველს უილიამ ავეროლ ჰარიმანს 1925 წელს მიანიჭეს მანგანეზის მოპოვების უფლება, 1928 წლიდან კი პროცესს ჩამოაშორეს. საბჭოთა ინჟინერული პროექტები ამავე პერიოდიდან გააქტიურდა. თუმცა, ჰარიმანს უთქვამს ფრაზა, რის გამოც მისი სახელი ჭიათურაში დღეს ბავშვებმაც კი იციან - ჰარიმანს ცნობენ ისევე, როგორც სასკოლო სახელმძღვანელოს გმირს. „ჰარიმანმა რომ გვნახოს ახლა რა დღეში ვართ, საფლავში გადატრიალდებოდა“. „მაგან შვილიშვილებს დაუბარა, ჩადით 50 წელიწადში საქართველოს ამ პატარა ქალაქში და ნახავთ, იქაურები ისეთი მდიდრები იქნებიან, ჩაის ოქროს კოვზით მოურევენ, სახლის სახელურებიც ოქროსი ექნებათო, მართლა ჩამოსულა ის კაცი და დავხვდით ჩვენ, შეხედე რა დღეში ვართ“.

 როცა ამ თქმულებას გიყვებიან ჭიათურელები, ინტონაციას იცვლიან, ზოგი ხმას იბოხებს მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად. ოქროს ნივთები მათ თხრობაში იცვლება - ვისთვის გამდიდრების სიმბოლო კარის ოქროს სახელურია, ვისთვის აივნის მოაჯირი. ამ თქმულების წარმომავლობის კვლევა არ დაგვიწყია, რადგან ასე, საერთო მეხსიერებაში ჩარჩენილი, უფრო საინტერესოდ ცოცხლობს ნაამბობიდან ნაამბობში და ის თავის თავში ორ ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას შეიცავს: ჰარიმანის შვილიშვილის ჩამოსვლა და ღატაკ ჭიათურელებთან შეხვედრა - ესაა გამდიდრებაზე ტოტალურად დამსხვრეული იმედების და მაინც აშკარად მბჟუტავი მომხმარებლური დამოკიდებულების სიმბოლო ამ ქალაქში. ეს ყალიბია, რომელიც იმ თაობამ, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ერთვებოდა მადნის მოპოვებაში, მემკვიდრეობად შვილებს დაუტოვა. ჭიათურასა და მის სოფლებში 3-4 თაობა გაიზარდა ხედვით, რომ მადანი აუცილებლად უნდა მოეპოვებინათ. სხვა დაშვება არ გაჩენილა - მადნის მოპოვების 150-წლიანმა ისტორიამ და ამ პროცესის ტოტალურობამ ჭიათურის განვითარების შესახებ სხვა ხედვა გადასრისა. საბჭოთა კავშირის დროს მარგანეცის მოპოვება სახელმწიფოსთვის შრომის დიადი მიზნით შეიმოსა.

„მეცნიერება მზე არის, ფუძეა მტკიცე ჯავარი,
შრომა, ცოდნა და სიმართლე - გვწამდეს ესაა მთავარი“.

ერთ-ერთ მაღაროსთან, გზის გადაღმა წყაროა, რომელიც მოჩუქურთმებული თეთრი ქვის ნიშში მოედინება. ფსკერზე დაცემისას წყალი თეთრ ფილაზე ამოზრდილ ხავსს მწვანედ აელვარებს. გადაცრეცილ, კუთხეებმორღვეულ თეთრ ქვებს სიძველე ეტყობა, ლექსი 1962 წელს ამოუტვიფრავთ, ჩუქურთმები კი იმდენად არასაბჭოთა სიმბოლიკისაა, ერთი თვალის შევლებით ნიკორწმინდის ქვის ყვავილებსაც კი ჰგავს.

chiatura


1962 ჭიათურაში სწორედ ასეთი - რელიგიურ სიმბოლიკაზე აღმოცენებული ინდუსტრიული გეგმებითა და მეცნიერული მიღწევებით ნასაზრდოები დღესასწაულის დრო დგას. გაზეთი „ჭიათურის მაღაროელი“ 1929 წლიდან მოყოლებული 1991 წლის ჩათვლით გამოდის რვაათასიანი ტირაჟით და ფოსტალიონები მთებზე შეფენილი სახლების ჭიშკრებზე, საფოსტო ყუთებში კვირაში ერთხელ ათავსებენ. ნომერი ისე არ გამოდის, ქალაქს თავის გმირები არ გააცნოს, მაგალითად, კალინინის სახელობის მაღაროთა სამმართველოს მეორე უბანი, რომელმაც ხუთი თვის გეგმა 1968 წლის განმავლობაში, 104.6 პროცენტით შეასრულა: 

„დედასამშობლოს გეგმის ზევით 1009 ტონა ხარისხოვანი მარგანეცი გადასცა. ამას როდი დასჯერდა კომუნისტური შრომის უბანი, 23 ივნისისთვის ნახევარი წლის გეგმა 101.1 პროცენტით გაანაღდა... კომუნისტებს მხარში უდგანან მოწინავე ამწმენდები და გვირაბგამყვანები ი. მშვენიერაძე, ალ. ღუღუნიშვილი, ო. გაფრინდაშვილი... ზეინკლები კლიმენტი და ომარ ჭიოკაზეები... რომლებიც თავიანთი შრომა-გარჯით ყოველდღიურად ახალ-ახალ გამარჯვებებს აღწევენ“.

„ჭიათურის მაღაროელი“ ფურცლებს ინდუსტრიულ ლირიკასაც ხშირად უთმობს.

„... ჭიათურავ, ძველთაგანვე ნაქებო და სასახელო, შენ ქართული მარგანეცით ასახელე საქართველო“. 
„გუგუნებენ ჩაქუჩები, დაჰქრის ელმავალი,
ვაჟკაცები ჩაუქები, მათ წინ - მკვრივი ქანი,
რა გაუძლებს ლომგულთ ღონეს, შიშით ძრწიან მთები,
და დატვირთულ ეშელონებს გამოუსხამთ ფრთები“, -
(ბუხუტი კაპანაძე, სტუდენტი).

ჭიათურელი ახალგაზრდები მათემატიკის ოლიმპიადებში ფურორს ახდენენ, კოლონებიან, ლამის ტაძრის სტილში 1949 წელს აგებულ თეატრში, რომლის ფასადზეც სტალინის ბარელიეფია განთავსებული, სპექტაკლებზე დადიან, კალათბურთს თამაშობენ, ცურვის საკავშირო ოლიმპიადებზე მიემგზავრებიან, მდინარე ყვირილაზე ნაოსნობენ (“ჭიათურის მაღაროელის” არქივში ასეთი ფოტოც ინახება). ბევრი იციან ქალაქი, რომლის თავზეც ცაა დაქსელილი სამგზავრო და მადნის გადასაზიდი საბაგიროებით? ასეთი მხოლოდ ჭიათურაა. ჭიათურელობა საამაყოა და ამას ამცნობს ყველას საბაგირო „25“-ის ზედა სადგურზე, კლდის ფასადზე დამაგრებული მეტალის წარწერა:

 

„ჭიათურა ჩემი სიამაყეა“

 ღამ-ღამობით კანიონების ღამის სიშავეში ფრაზა ნათდება და მანტრასავით მოქმედებს ქვევით, ხეობაში ამოზრდილ და ყვირილის დინებით ორად გაყოფილ ქალაქზე.

chiatura

ეს  კულტურული და სპორტული მიღწევებით სავსე ცხოვრებაა უფრო წამყვანი თუ მაღაროების მუშაობა და მაღაროელების მიღწევები, ზოგჯერ გარკვევით არ ჩანს საბჭოთა ჭიათურაში. ეს მაინც პერიფერიისთვის დამახასიათებელი, მაგრამ აშკარად დაწინაურებული, განვითარებული კულტურული ცხოვრება ადვილად ფარავს ხოლმე საბჭოთა მაღაროებში დაფიქსირებულ დარღვევებს, თუნდაც გარემოზე მიყენებულ ზიანს. სამაგიეროდ იმთავითვე ჩანს მადნის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა სოფლებში, სადაც ერთი შეხედვით სიმწვანე, იდილია, დიდრონი მუხის, თელის, წაბლის ასწლოვანი ტყეები ჭრის თვალს, სადაც გაშლილ ველებზე, თხილის ორი ჯოხით სახელდახელოდ შეკრულ საფეხბურთო კარებში ჟრიამულით გადის გოლი, მაგრამ სადაც თითოეულმა მოსახლემ იცის, რომ მადნის მარაგი ბოლოს მაღაროს ან ღია კარიერს მათ სახლამდე მიიყვანს.

„პირველად როდის აგვყარეს, იცი? დროს კი ვერ ვიხსენებ, მაგრამ კი, კომუნისტების დროს, აბა! ჩემი მამამთილის სახლი იყო აგე, იქით, იმ თეთრი ქვიშის გორაკს ხო ხედავ, - მანიშნებს სოფელ მღვიმევში, ხრამის უბანში, საკუთარი სიმინდის ყანის წინ მდგარი ქალი. წინ მხოლოდ 5-6 მეტრამდე აზიდული ქვიშა-ქვის თეთრი ბორცვები ჩანს. აქ მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ. გორაკებს მიღმა ძველი ნამოსახლარების წარმოდგენა მიჭირს. ქვის ყორები და მათ თავზე ადენილი ბუღი ჰორიზონტთან ერთად წარმოსახვის უნარსაც ფარავს.

ქალი ახლა უფრო ახლო მანძილზე იწვდენს ხელს - “აქ კიდევ სკოლა იყო, აგერ იმ ქვების გადაღმა, ზემოთ, ჩაის პლანტაციები გვქონდა. მთელი მღვიმევის ქალები მანდ ვმუშაობდით, კარგი, ხარისხიანი შავი ჩაი მოდიოდა. მაგრამ განსხვავება, იცი რა არის? მაშინ ეს თხრა და მოპოვება ასე მასიური არ იყო, კი აგვყარეს, მაგრამ მერე იმ ადგილებში ბუნება ხელახლა წამოვიდა, მარტო მინდვრები კი არ აღდგა, ხეებიც დაიზარდა. ახლა გეგონება ალყაში ვართ, გახედე, გინდა აქედან, გინდა იქიდან, ამას ახლა სოფელი ჰქვია?”.

chiatura

გახედვა ჭიათურაში არ გაგიჭირდება. მაღალი კანიონების გამო ქალაქს ხორცის სახარში ღრმა ქვაბის ფორმა აქვს. ურბანული ცენტრი ქვაბის ძირშია გაშლილი, ისაა წლობით ნაშენები ინდუსტრიული ქსელის გულიც. მანგანუმის საბადოს აუზის ფართობი ხომ მთელ 78,5 კვ.კმ.-ზეა გადაჭიმული. ამიტომ შავ ოქროზე რომ სახლობს, ეს იმთავითვე იციან ყვირილას ხეობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულ ზეგნებზე რგანის, თაბაგრების, მღვიმევის, დარკვეთის, ზედა რგანის, ბუნიკაურის მოსახლეებმა და იციან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზეგნებზე გაშენებულ სოფლებშიც - ითხვისში, შუქრუთში და პერევისაში. ამ ზეგნებზე მაღაროები და მაღაროებზე მიბმული საცხოვრებელი უბნებია გაშენებული. ქვევით, ძირში, მდინარის გაყოლებაზე კი მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკებია ქალაქთან ერთად. ასე რომ, ოთხივე მხარეს შეიძლება მოექცე ქალაქს თავზე - ახვიდე რომელიმე სოფელში ან უბანში და გადმოხედო გარემოს. ოთხივე მხრიდან მოტიტვლებული, თითქოს, ალაგ-ალაგ მაკრატლით ამოჭრილი კლდეები ჩანს. სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ამ ადგილს ყვირილას მოპირდაპირე მხარეს შეფენილი დასახლებიდან რომ გამოხედო, აქაც იმავე - მაკრატლით დაჩეხილ სურათს დაინახავ.

პირველი, ვისაც მღვიმევში მანქანიდან გადმოსულები ვხვდებით, მადნის მომპოვებელი და „ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორი კოოპერატივის ბიჭები არიან. საუბარი ლაზღანდარობაში გადადის, რომ აქ ყველამ თავისი ნებით გადათხარა საკუთარი ნაკვეთი, ძალას კი არავინ ატანს. რომ საწვავი, რითაც ტრაქტორებს ამუშავებენ, ძვირია; რომ ზოგჯერ დღეები ისე გადის, მადანი ვერ მიაქვთ, ანდა ძალიან ცოტა აღმოჩნდება და ზარალზე მიდიან; მიადგებიან კლდეს, თხრიან, ლოდებად შლიან, ჩადიან სიღრმეში, ნაშალი ქვა და ქვიშა კვირიდან კვირამდე გვერდით ბორცვებად გროვდება, მუშაობენ ქარშიც და თაკარა მზის გულზეც, იქ კი იმდენი მადანი არ ხვდებათ, რამდენიც ეგონათ და საერთოდ ხელცარიელები ბრუნდებიან - თითქმის ზარალზე მიდიან. ამ გორაკებს რას უზამენ? „ჯერ ვერაფერს, ჯერ ვმუშაობთ და მერე გადავასწორებთ, აბა, როგორ იქნება, აგერ ამ ქვა-ლოდებს რომ უყურებ, დავავლებ ხელს, ამოვაყირავებ და ეგაა. რომ არ ვქნა, 3, 5 ათას ლარიანი ჯარიმებია”.

„ოქროს ციებ-ცხელების მომენტია, ელდორადოსავით აწყდებიან“, - ვფიქრობ მათი მოსმენისას.

 და ეს განცდა დღიდან დღემდე ქალაქში სიარულისას მძაფრდება. 70 წელს გადაცილებული ტაქსის მძღოლი მეუბნება: „ვინ აღარაა ჩამოსული, ყველა მარგანეცის მოპოვებაზეა. წვრილ-წვრილი ფირმები არიან, თბილისელები, რუსები, ჩეჩნებიც კი არიან. გაიგეს, რომ ფული იშოვება და მიაქვთ, გააქვთ”.

კოოპერატივის ბიჭები ჯიპებში სხდებიან, ხვალ დაბრუნდებიან. ტრაქტორებს ადგილზე ტოვებენ. ხმაური უცებ წყდება, მზეზე კიდევ უფრო მჭახედ ანათებს ქვა-ღორღზე მიშვებული ნარინჯისფერი ტრაქტორი, შუადღის სიცხეში კიდევ უფრო გამალებით ისმის ჭრიჭინის ხმა. მსხლის ძირში ცისფერთვალებიანი გამხდარი კაცი რჩება, იღიმება და გვიყურებს. გოჩა ჰქვია. ის იმ საღამოს ჩვენი მასპინძელი იქნება. რადგან დარჩა, ვხვდები, თავიდანვე ასე გადაწყვიტა.

ორღობეში ნელი ნაბიჯით, მისი სახლისკენ მივდივართ და თან მიყვება, რომ მღვიმევში მართლა ყველა ოჯახმა თავისი ნებით შეუშვა ეზოში თუ ყანაში კოოპერატივი მადნის მოსაპოვებლად. სანაცვლოდ აღებული თანხის ოდენობას პირდაპირ არ ასახელებს არც ის და არც სხვები, მაგრამ მახვედრებენ, რომ ამ ფულს - ბავშვების განათლებისთვის, სახლის რემონტისთვის, თუ მანქანისთვის ასე ერთბაშად ვერასდროს მიიღებდნენ. “ძალიან ღარიბი სოფლებია აქეთ, თავში ჯეკპოტი რომ დაგეცემა, იმასავითაა ეს მარგანეცი”, - ვისმენ ერთ ოჯახში. სოფლის ამ ნაწილს, სადაც ახლა მივდივართ, განადგურება არ ეტყობა. აქ ძველი, მამა-პაპისეული სახლები უდგათ და დიდრონი ხეების ჩრდილში ჰამაკები გაუბამთ. 

- მომიტეხე, ბიჭო, ერთი ტოტი ბალი, სტუმარი მყავს, - ასძახის 5-6 მეტრიან ბლის ხეზე კალათით გასულ კაცს გოჩა. ბლის ჭამით სოფელში სიარული ამ გასეირნებას ჩვეულებრივს ხდის, თითქოს, არდადეგებზე სოფელში დაბრუნებული სტუმარი ვარ.

გოჩას ლამაზი, სუფთა კარ-მიდამო აქვს, ძელშავის ტალავერი ეზოს ერთ ნაწილს სიგრილეში იცავს. გრძელ აივანზე ყველანი ერთად ვსხდებით, სადღეგრძელოებს სახლში დაყენებული კონიაკით ვსვამთ და ერთმანეთის ამბებს ვისმენთ. ამ გულითად დახვედრაში ბევრი რამ ჩანს, შეხედულებების გაზიარების, თავს გადახდენილი ისტორიის მოყოლის სურვილი ისევე ძლიერია, როგორც იმის ჩვენება, რომ მზად არიან, ჩვენსავით შემთხვევით მისულ სტუმარს ღირსეულად დაუხვდნენ. ისე უნდა იცხოვრო, სტუმრის მიღების არ შეგრცხვეს, პირიქით, გიხაროდეს, არც იმის შეგეშინდეს, რომ შვილიშვილს გორგოლაჭებიანი სათამაშო თუ გაუტყდა, ხელახლა ვეღარ უყიდი, რადგან ფული არ გაქვს. გოჩამ სახლის უკან მოზრდილი მიწის ნაკვეთზე კოოპერატივი მადნის მოსაპოვებლად ერთი წლის წინ შეუშვა. უჰ, იმისთანა თუთის კუნძული მქონდა აგე, იქით, - თან ყვება. წასაღები მარგანეცი წაიღეს და ახლა ეზოს წინა, ხეხილიანი ნაწილის ფონზე უკან დარჩენილი გამოთხრილი ნაკვეთი კიდევ უფრო მეტად ჰგავს თეთრ უდაბნოს. უკვე შეზარხოშებული, მზის ჩასვლისას, იქაურობას ახლოდან მათვალიერებინებს. აგრილებულა, ნიავი უბერავს და ჩამავალი მზის შუქზე თეთრ ქვიშას მელნისფერი ჩრდილები ადევს. „წელს მინდა, მოვასწორო აქაურობა, აგერ მიყუროს ყველამ, ქეც შევღებავ, ქეც დავრგავ, ფიცარი მიწყვია, ღობეს გავაკეთებ, აკაციის ხეივანი მექნება აი, აგერ, კარგ საქეიფოს მოვაწყობ შიგნით, ჩრდილიანს. სახლი ხომ გავაკეთე, ბავშვებმა ხომ ისწავლეს. რომ იცოდე, რამდენი მარწყვი მქონდა, მთელ სანათესაოს მიქონდა. კიდევ იქნება. ეგ არაფერი. არ იყო სხვა გზა. აქ ყველამ ასე ქნა. რად მინდოდა მე ის მარგანეცი მაინც. პატარა ხეირი ჩვენც რომ გვენახა. ხომ შეიძლებოდა”.


ტექსტი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: გიორგი ყოლბაია
შენიშვნა: სტატია განახლდა 15 ივლისს

ნაწილი მეორე
ნაწილი მესამე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა