ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

2 ლარი და 15 თეთრი | მაია წიკლაური

სოფო, 29 წლის – მუშაობდა სხვადასხვა რესტორანში მიმტანად

მიმტანად მუშაობა რესტორანში მაშინ დავიწყე, როცა მარტო ცხოვრება გადავწყვიტე. არ მინდოდა, ამაში ოჯახი დამხმარებოდა. იმდენად მინდოდა, რომ მშობლების გარეშე მომეგვარებინა ყველაფერი, იმასაც დავთანხმდი, რომ დასვენების გარეშე მემუშავა. 

ხელფასი მაშინ, 2010 წელს, ყველა რესტორანში ან მსგავს დაწესებულებაში 10-დან 20 ლარამდე იყო დღიურად. ერთ რესტორანში 24-საათიან განაკვეთში გვაძლევდნენ 20 ლარს. რადგან შესვენების გარეშე ვმუშაობდი, ხელფასი 600 ლარი გამომდიოდა, თან ე.წ. ჩაიც გვრჩებოდა. ბინის ქირა, კომუნალურები, ელემენტარული პირადი მოხმარებისათვის ნივთების ყიდვა – ასე ვანაწილებდი შემოსავალს და

გამოდიოდა, რომ საკვებს ხშირად არც ვყიდულობდი – არ მჭირდებოდა, ხშირად დილის 3 საათზე ან 4-ზე ვბრუნდებოდი სამსახურიდან.

პირველ რესტორანში დამლაგებლის ფუნქციებსაც ვითავსებდი. ჩვენი ობიექტის მეპატრონეებმა ახალი რესტორანი გახსნეს და იქ მივყავდით დასალაგებლად. დაგვპირდნენ, რომ გადაგვიხდიდნენ ამ შრომის ანაზღაურებას. თუმცა, არაფერი გადაუხდიათ. იმ პერიოდში არც საკვების ფულს გვაძლევდნენ. მარტო ტრანსპორტით გვეხმარებოდნენ – მივყავდით ერთიდან მეორე რესტორანში, იქიდან ისევ პირველში გვაბრუნებდნენ და მერე ჩვენით მივდიოდით სახლში. 

მუშაობა დილით იწყებოდა 9 საათზე, დაგვიანებაზე ჯარიმა იყო, შესვენებაზე გასვლის დრო არ გვქონდა. წესით, რესტორანი 12 საათზე იკეტებოდა, მაგრამ დილით 5 საათზე მივდიოდით სახლში, ხან – 6-ზეც და ხშირად სულ 2-3 საათი გვეძინა. 

შაბათი-კვირა არ არსებობდა, დღე და ღამე ერთმანეთში გვქონდა არეული. დასვენების დღე საერთოდ არ გვქონია და თუ ვითხოვდით დასვენებას, იმ დღეს შეიძლებოდა, სამუშაოდ მაინც დაეძახათ. ასე გამოგვიძახეს მე და ჩემი მეგობარი ერთხელ, როცა დასვენების დღე ავიღეთ და გასართობად ვაპირებდით წასვლას. როცა დაგვირეკეს, მოდითო, გზიდან მივბრუნდით, ასე გამოვიდა. ფორმა არ გვქონდა თან, გვისაყვედურეს, მეორედ ეს არ განმეორდესო. 

ერთხელ დავითვალე, რომ მოვრჩით მუშაობას და 62 ჩეკი მედო ჯიბეში – ესე იგი, იმ დღეს 62 მაგიდასთან მიმუშავია. ოთხსართულიანი იყო რესტორანი და ზევით-ქვევით დავდიოდით მთელი დღე. ქუსლიანი ფეხსაცმელები გვეცვა – ასეთი მოთხოვნა იყო. ერთხელ, მახსოვს, რომ ფეხები ისე დამისივდა, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემამჩნია და მითხრა, ვაუჩერს მოგცემო – სპა-სალონის მეპატრონე ყოფილა და – ერთი დღე, ბიძია, მოდი ჩვენთანო. რა თქმა უნდა, ვერ წავედი.

უბრალოდ, ერთ საღამოს ვეღარ გავიარე. დავჯექი და ვეღარ ავდექი. აი, ეგ იყო, როცა ორდღიანი დასვენება გამომივიდა – ფეხზე ვერ ვდგებოდი და ვიჯექი სახლში, რომ ცოტა ძალა აღმედგინა. 

ხელფასზე ხან 40 ლარი მაკლდა, ხან – 60 ლარი. ბუღალტერიაში გარკვევას როცა ვცდილობდი, ბუღალტერი მეუბნებოდა, რომ რაღაც დღეები გავაცდინე და იმიტომ არ ჩამირიცხეს თანხა. ბუღალტერი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლის ახლო ნათესავი და მეგობრები მოჰყავდა ხოლმე. როცა სუფრას უშლიდა, არ ახდევინებდა ხშირად და, როგორც ჩანს, ჩვენი ხელფასიდან ფარავდა ამ დანახარჯს. 

თქმას აზრი არ ჰქონია, ამასაც მივხვდი. როდესაც ერთხელ გავბედე და ვუთხარი, რომ არ ვიმსახურებდი დაკლებას, გადამეკიდა და ადამიანს, რომელსაც „ჩაი“ ზოგჯერ 200-300 ლარი მქონდა, 2 ლარისა და 15 თეთრის ქურდობა დამაბრალა. ეგ იმ დღეს მოხდა, როცა გვერდიგვერდ მაგიდებს ვემსახურებოდი, თითქმის იდენტური შეკვეთა ჰქონდათ, ოღონდ, ერთს ჰქონდა არაყი და მეორეს ლუდი, და შემეშალა – ერთის ჩეკში ჩავწერე არაყი და მეორეგან ლუდი. სხვაობა გამოდიოდა 2.15 ლარი. როდესაც მივხვდი შეცდომას, მივედი სუფრასთან და ვუთხარი, რომ შეცდომა მომივიდა და ამ არყის ფულს მე გადავიხდი-მეთქი. და დავდე კიდეც რეალურად, უბრალოდ ჩეკებში დარჩა სხვაობა. რა თქმა უნდა, ვერ დავამტკიცე, რომ ასე იყო, რომ მე არაფერი მომიპარავს, გამაშავეს და გამომიშვეს იქიდან. 

თვე-ნახევარი იყო გასული, დამიბარეს და მეგონა, მაბრუნებდნენ, იმათ კიდევ იმის მოყოლა მომთხოვეს, ვინ რას აშავებდა, რომელიმე მიმტანი თუ იპარავდა რამეს, მაგალითად. უარი ვუთხარი. ერთ კვირაში გამოუშვეს ჩემი დაც. 

ჩივილზე არ მიფიქრია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს დავამტკიცებდი. პატარა ვიყავი. 

ტექსტი: მაია წიკლაური