გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პროცესი | ლიკა ჯალაღანია

ესაა საქართველოში 17 მაისის აღნიშვნის, როგორც ყოველწლიური გამოცდილების, მიმოხილვის მცდელობა სამართლებრივ ჭრილში. გამოყენებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC-ის) სხვადასხვა წლის ანგარიშები და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება („იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, 2015).

17 მაისი, 2012

დაახლოებით დღის პირველ საათზე, ლგბტ თემის წევრები, ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამშრომლები და ლგბტ აქტივისტები, სულ, ალბათ, ოცდაათიოდე ადამიანი, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათ ეჭირათ ბანერები სლოგანებით: „მე ვარ გეი“, „მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“, „სიყვარული სიყვარულია“, ასევე, დროშები და ქოლგები ცისარტყელას ფერებში.

მანიფესტაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილზე მივიდნენ ორი რელიგიური ჯგუფის, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საძმოს“ წევრები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ არავის ჰქონდა უფლება, ჩაეტარებინა გეი აღლუმი და ხელი შეეწყო „გარყვნილებისათვის“.

აგრესია მსვლელობის მონაწილეთა მიმართ ეტაპობრივად გამძაფრდა, რამდენიმე აქტივისტს ხელიდან გამოსტაცეს ბანერები და დახიეს. შემდეგ ფიზიკურ თავდასხმაზე გადავიდნენ. მსვლელობის წინა რიგში მდგომი ერთ-ერთი მონაწილე მიწაზე დააგდეს და სცემეს. პოლიციელები შუაში ჩადგნენ, მაგრამ კონტრდემონსტრანტები კვლავ იმუქრებოდნენ, რომ მსვლელობის მონაწილენი „ცოცხლად უნდა დაეწვათ“ ან „გაესრისათ“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლ.ბ., რომელმაც პოლიციას ზომების მიღებისკენ მოუწოდა, სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვეს და 20 წუთის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

„იდენტობის“ სამი თანამშრომელი – ი. დემეტრაშვილი, გ. ძერყორაშვილი და მ. კალანდაძე, ასევე დააკავა პოლიციამ. მთავრობამ მოგვიანებით განმარტა, რომ აქტივისტთა მცირე დროით დაკავება ორ მიზანს ემსახურებოდა: აერიდებინათ მომჩივნების მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – საგზაო მოძრაობის შეფერხება, და, ასევე, დაეცვა ისინი კონტრდემონსტრანტების თავდასხმისგან.

გამოძიება:

მსვლელობის მონაწილე ცამეტმა მომჩივანმა სისხლისსამართლებრივი საჩივრები კონტრდემონსტრანტების წინააღმდეგ მომდევნო დღესვე შეიტანა, ისინი ჩიოდნენ პოლიციის უმოქმედობის გამოც. თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით, საქმეები მხოლოდ ორი მომჩივნისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. ამ საქმის ორ დამოუკიდებელ გამოძიებას კი უკვე ორ წელზე მეტია, შედეგი არ მოუტანია. მომჩივნებს დაზარალებულის სტატუსიც არ მინიჭებიათ. ერთადერთი, მხოლოდ ორ კონტრდემონსტრანტს დააკისრეს ადმინისტრაციული სანქცია – საზოგადოებრივი წესრიგის უმნიშვნელო დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა – თითოეულს 90 ლარი.

თუმცა, იმავე პერიოდში სარჩელი გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის შედეგებიც სამი წლის შემდეგ გახდა ცნობილი: 2015 წლის 12 მაისს ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაზარალებულების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლები დაარღვია, რაც წამების აკრძალვას, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.

17 მაისი, 2013

2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფომ არ შეასრულა ვალდებულება და არ უზრუნველყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქტივისტების შეკრების თავისუფლება და არც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე იზრუნა. უკვე შემდეგ კი, თითქმის არავითარი ზომა არ მიიღო ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად.

რეალურად, პასუხისმგებლობა 2013 წლის 17 მაისის საქმეზე მხოლოდ 4 პირს დაეკისრა, ისიც წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ბრალდებული 5 პირიდან, სასულიერო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სასამართლოშივე შეწყდა იმის გამო, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. დარჩენილი ოთხი პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ორწლიანი განხილვის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებული სასულიერო პირის, ი.ბ.-ის, მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის ჩათვლით, ყველა უდანაშაულოდ ცნო. მათ ბრალად ედებოდათ შეკრების მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების აღსრულებაში უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობის მუქარა ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.

გამოძიებამ ჯეროვნად არ შეისწავლა ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მათ შორის, კონტრდემონსტრაციის ლიდერების მხრიდან პოლიციის კორდონის გარღვევა, ვაჩნაძის ქუჩაზე მიკროავტობუსზე ძალადობრივი თავდასხმა და ვერც ლგბტ თემის წევრების ან მათთან ასოცირებული პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის სხვა ინდივიდუალური ფაქტები.

პროკურატურამ არც ის ძირითადი პირები გამოკვეთა, ვინც კონტრდემონსტრანტებს ხელმძღვანელობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გარღვევისას. ის მხოლოდ ცალკეულ ძალადობრივ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებით შემოიფარგლა.

შეკრების ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ არ, ან ვერ დააკავა სამართალდამრღვევი პირები და ვერც მათი ვინაობის დადგენა მოახერხა.

პროკურატურამ არ უზრუნველყო, სასამართლოს წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები მტკიცებულებების (მათ შორის, ძალადობის ამსახველი ვიდეომასალისა და დაზარალებულების დაზიანებების) სათანადო წესით წარდგენა, რითაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა, აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო. მაგალითად, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, პროკურატურამ არ ამოიღო ნამსხვრევები ბ.ს.-ის მიერ მიკროავტობუსის საქარე მინის ჩამტვრევის ეპიზოდიდან და არც ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები აღბეჭდა, რითაც გართულდა ბ.ს.-ის ბრალეულობის მტკიცება.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. მაგალითად, ფაქტი, რომ ი.ბ.-მ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის დაზიანება და ავტობუსის მძღოლის სალონიდან ძალის გამოყენებით გადმოყვანა სცადა, თავად მძღოლმა არ დაადასტურა.

საქმეზე სასამართლოს განაჩენი:

სასამართლოს განაჩენი მკაცრად აკრიტიკებს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და მიუთითებს, რომ პრობლემაა იმ მტკიცებულებების სანდოობა, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. თუმცა, სასამართლოს მსჯელობა არასაკმარის დასაბუთებასაც შეიცავს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებს არასწორად განმარტავს და უგულებელყოფს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსაც.

მაგალითად, სასამართლო ძალადობრივ ქმედებებს ავიწროებს მხოლოდ შეკრების ფორმალური ადგილით და სხვა სივრცეებს, სადაც ასევე დაფიქსირდა ძალადობა, არ განიხილავს შეკრების ადგილად. ამ დროს, კოტე აფხაზისა და ვაჩნაძის ქუჩებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტები საქმის მნიშვნელოვანი ეპიზოდებია.

სასამართლოს მსგავსმა ფორმალისტურმა მიდგომამ მთლიანად გამორიცხა სამი ბრალდებული პირის ბრალეულობა, ეს ყველაფერი ერთად კი მოსამართლის ტენდენციურობისა და გულგრილობის ნათელი ილუსტრაციაცაა.

17 მაისი, 2016

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს შენობასთან რამდენიმე ქვიარ აქტივისტმა სტენსილების დახატვა გადაწყვიტა, რის შემდგომაც ისინი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება იყო, რაც სანქციას ითვალისწინებს – 50 ლარის ოდენობის ჯარიმას. დაკავებულები კი პოლიციის განყოფილებაში 12 საათის განმავლობაში დატოვეს მაშინ, როცა განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი არც კი არსებობდა. მეტიც, აქტივისტები კანონის მოთხოვნების დარღვევითა და აგრესიული ფორმებით დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ისე, რომ თავდაპირველად პოლიციელების იდენტიფიცირება შეუძლებელიც კი იყო. აქტივისტებს ეს დაკავება კი არა, რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების თავდასხმა ეგონათ.

17 მაისი, 2018

17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტყვით გამომსვლელ ლგბტ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მიმდინარეობისას ერთმა პირმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხა და თავს დაესხა მას. თავდაპირველად თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

ბრალდებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

„ღირსების მარში“, 2019

2019 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა, უზრუნველეყო „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოება. საქართველოს საპატრიარქომ კი ოფიციალური განცხადებით მოუწოდა მთავრობას, არ დაეშვა „მარშის“ გამართვა. საპასუხოდ, 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და სახელმწიფოს შეკრების უფლების დაცვა მოსთხოვეს. მათ იქვე ულტრაკონსერვატიული ჯგუფები დაუპირისპირდნენ.

მალევე, ამ გაერთიანებათა ლიდერებმა „სახალხო ლეგიონების“ შექმნა და ქუჩებში პატრულირება დააანონსეს. გამოდიოდნენ „თბილისი პრაიდის“ შეკრების საწინააღმდეგოდ და მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

შსს-მ ამ ფაქტზე, ფორმალურად გამოძიება დაიწყო, პოლიციამ რამდენიმე კონტრდემონსტრანტიც დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, თუმცა გამოძიების საბოლოო შედეგები დღემდე უცნობია.


ფოტო გარეკანზე: 17 მაისი, 2014 წელი. ლიბცენტრი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა