ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პური და ორცხობილები

თემური. 34 წლის. დაიბადა თბილისში. 1993 წლიდან ცხოვრობს ვლადიკავკაზში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

დედაჩემთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი თბილისში, მაღალსართულიან სახლში, პირველ სართულზე. კარგად ვცხოვრობდით - ბებია მთელი ცხოვრება საცხობში მუშაობდა და დიდად პატივცემული ქალი გახლდათ უბანში. დედა 31-ე საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ინჟინრად. მახსოვს ჩვენი მეზობელიც - ცალთვალა. გუნდაობა უყვარდა ძალიან. იმხელა კაცი იყო და თოვლი რო მოვიდოდა ბავშვივით თამაშობდა. 

ჩვენთან, უბანში ბევრი ოსი ცხოვრობდა, რუსებიც ბლომად იყვნენ, ქართველები აქა-იქ. ცხინვალში, მეორე ბებიასთანაც ჩავდიოდით ხოლმე. ომის მერე, შენობებს ჭურვებისგან ხვრელები და ნატყვიარები აჩნდა. ერთი ჭურვი სახლშიც შემოვარდა, მაგრამ არ აფეთქებულა. მაშინ არც ვფიქრობდი, ესენი საიდან იყო. უფროსები ამბობდნენ, ეს იმ ნაციონალისტი ქართველების გაკეთებულიაო - სულ ერთი მუჭა ხალხის, ოსების წინააღმდეგ რო გამოვიდნენ და სხვებიც აიყოლიესო. თორემ, მთლიანობაში ქართველები აგრესიულები არ არიანო. იქამდეც კი მიდიოდა, რომ ოსებს, რუსებსაც აგდებდნენ ქალაქიდან, საქართველოდან. ისეც კი მომხდარა, რომ ოსებს თვითონ ქართველი მეზობლები გამოქომაგებიან. 

ჩემთვის ეს ყველაფერი ნორმალური იყო. გვიანღა მივხვდი, რო, ასე მთლად…

აი, მახსოვს, მე და დედა მაღაზიაში რძეზე შევედით და არ მოგვყიდეს, ოსები ხართო.

პატარა ვიყავი. ლაპარაკით თუ მიხვდებოდნენ. მაღაზიებში იმხელა რიგები იდგა. მერე საბავშვო ბაღიდან გამომაგდეს. ეს ჩვენი აღმზრდელი სულ „ოსო, ოსოს“ მეძახდა. ზიზღით ამბობდა, ინტონაციაზე ხო ვატყობდი. ბოლოს, შე ბოზო-თქო, მეც ვუპასუხე და გამომაგდეს. 

მამაჩემი შერეულ ორთაბრშოლებში გამოდიოდა. რამდენიმე ჩემპიონს შეხვდა, დაამარცხა ერთი, მეორე, მესამე და ბოლოსთან ჩაუშალეს - ერთმა ორგანიზატორმა:

„ოსს პირველ ადგილზე ხომ ვერ გავიყვანთო?“ და თასი სხვას გადასცეს. ეს ბებიამ მომიყვა. 

საბჭოთა კავშირი თითქმის დაშლილი იყო, ხალხი ღარიბდებოდა: შუქი მაქსიმუმ ორი საათი გვქონდა, გაზი არ იყო… წვავდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. სახლის ფანჯრებზე, სარკმელში მეტალის ლისტი ჰქონდა ხალხს ჩამონტაჟებული, ღუმელებისთვის. ჩვენ ძველი ტელევიზორი გვქონდა და ქართულ გადაცემებს ვუყურებდით. ბაბუა პოლიტიკურ გამოშვებებს უსმენდა, მე უფრო ვუყრუებდი ხოლმე. მთელი დღე ჩართული ჰქონდათ ტელევიზორი - ოსი ხალხის წინააღმდეგ იქ არაფერი ისმოდა. უბრალოდ, ვიღაცეებს სამხრეთ ოსეთში, ვთქვათ დამოუკიდებლობა უნდოდათ. ქართველებს, პირიქით, ეს ქართველი ხალხის მიწაა და ერთად უნდა ვიყოთო. ქართველები ცხინვალისკენ დახმარებასაც არიგებდნენ… როგორც წესი ჩინოვნიკები, ლიდერები, პოლიტიკოსები. ვიღაცეებს იქით, ამ დახმარების აღებაც ეშინოდათ, ან არ უნდოდათ, ეთაკილებოდათ. ვიღაცას ეშინოდა, ვინმეს რამეში არ დაედანაშაულებინა. მახსოვს, ერთხელ სოფელში, იქით, ვიღაცეებმა აიღეს ეს ჰუმანიტარული დახმარება, პროდუქტები და მერე ისევ ოსებმა სცემეს.   

ომი რომ დაიწყო, მე თბილისში ვიყავი, უფრო სწორედ ლილოში. ბაბუასთან, დედასთან, ბიძასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდით მაშინ. მე არ ვიცოდი რა იყო ომი, რის გამო, რატომ შეიცვალა ყველაფერი… ძალიან აშკარად შეიცვალა - ხალხი ქუჩაში ერთმანეთს უყვიროდა, სამხედრო ტექნიკა ქუჩაში დადიოდა. რაღაც რომ ვერ იყო ისედაც ვხვდებოდი. ტელევიზორშიც ამბობდნენ ამას. მეგობრებს არ ვეკითხებოდი, ჩემი ბიძაშვილი მიხსნიდა ხოლმე რა ხდებოდა, ობიექტურად - ეს ჩინოვნიკი ხალხის წინააღმდეგ მიდის, ეს კი ხალხის მხარესააო. ძარის ტრაგედიაზე მერე გავიგე, ჩრდილოეთ ოსეთში რომ გადავედით. არ მახსოვს ვისგან. გავიგე, რომ ავტობუსს ქართველები დაესხნენ თავს და დაცხრილეს. მე მგონია, რომ ბანდიტები - ნაციონალისტები იყვნენ. ცუდი ერი არ არსებობს. ეს ნეგატივი დიდ რამეში გადაიზარდა, სიველურეში… მთელი ავტობუსი დაცხრილეს.  

91-92 წლების მერე თბილისში უარესდებოდა სიტუაცია, თითქმის არ იყო სამუშაო, პროდუქტები არ იშოვნებოდა. ხალხი შიმშილობდა. ჩვენ სახლში პური ყოველთვის გვქონდა, ბებია ხომ საცხობში მუშაობდა. მაგრამ პურის გარდა არაფერი მახსოვს. პური გვქონდა იმდენი, რომ არ ვიცოდით, სად შეგვენახა. აივანზე ბებია ორცხობილებს აკეთებდა. მეტი არაფერი გვქონდა. მთელი ეს დრო თავი პურით გავიტანეთ. მერე ბაბუამ ბინა ბერძნებს მიჰყიდა. ბებია წამოვიდა სამსახურიდან და 1993 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში გადავედით. მთიანი რეგიონი იყო, ახლო-მახლო მაღაზიას ვერ ნახავდი. მაგრამ წყლის წისქვილი გვქონდა. მახსოვს ხორბალი რომ მიგვქონდა, ვფქვავდით და პურს ვაცხობდით. გვიჭირდა, მაგრამ საჭმელი გვქონდა. 

ახლა ვლადიკავკაზში ვცხოვრობთ. 1995 წელს გადმოვედით. აქა-იქ მახსოვს ის დღე საქართველოდან რომ წამოვედით. მზიანი დღე იყო, ვლადიკავკაზში რომ ჩამოვედით - ყველაფერი უფრო ფერადი მეჩვენებოდა ჩაჟამული თბილისის მერე. მახსოვს ბავშვებთან ვთამაშობდი - თბილისში, რატომღაც ეს არ მქონდა. იქ ხალხი გადარჩენას ცდილობდა. ვლადიკავკაზში უფრო მარტივი იყო თითქოს, ბოლო-ბოლო ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ. 

ხან ერთ ბინაში ვიცხოვრეთ, ხან მეორეში. დედას დევნილის სტატუსზე შეჰქონდა დოკუმენტები. ნორმალურად ვცხოვრობდით. ვლადიკავკაზში სამსახურის შოვნა არ იყო ადვილი. მე სკოლაში დავდიოდი. ისე, იქ ლტოლვილებს არავინ გვეძახდა, თუმცა, ნახევარი კლასი დევნილები ვიყავით. მალე, ბაზარში მტვირთავად დავიწყე მუშაობა, დედამ კიდე ბენზინგასამართ სადგურზე. 14 წლის რომ გავხდი, რუსული პასპორტი ავიღე. 

ნათესავებთან ხშირად ჩავდიოდი სამხრეთ ოსეთშიც და საქართველოშიც. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა. 2008 წლის ომის მერე გზები დაკეტეს. 

პირველად თბილისში 2006 წელს ჩამოვედით. ბაბუაჩემის ძმის დასაფლავება იყო, აეროპორტის დასახლებაში. იქ, ჯერ ახალაშენებულ სახლებს ვერ ნახავდი. ნახევარზე მეტი დღემდე იქ ცხოვრობს. მანდ ბევრი ოსია, რუსებიც და სხვა ეროვნების ხალხიც. ალბათ არ ჰქონდათ წასასვლელი და ვერ წავიდნენ. ჩვენ სახლი გვქონდა ჩრდილოეთ ოსეთში. ზოგის შვილები სამხრეთ ოსეთში არიან, თვითონ შერჩნენ იმ ადგილას. ვიღაცეებმა გვარი შეიცვალეს და მათი გვარი ახლა „შვილი“-ზე მთავრდება. ეს ხომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო 1990-იანებში - გამოიცვალე გვარი, ან წადი. ნაციონალისტებს მაშინ დიდი გავლენა ჰქონდათ, ისინი იზიარებდნენ ამ ლოზუნგს „საქართველო ქართველებისთვის“. 

2008 წლის ომი ტელევიზორიდან გავიგე. ვიცოდი, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ თავდასხმას არავინ ელოდა.

ჩაის ვაკეთებდი Россия 24-ზე კადრები რომ გაუშვეს, ცხინვალს გრადები დაუშინესო. ტელევიზორში ამბობდნენ, რომ ცხინვალს ქართველები დაესხნენ თავს. ძალიან შემეშინდა, ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ იქ, ბაბუაჩემის და, ბებიაჩემი - ორივე ქალაქში იყვნენ. ბიძაჩემი მიყვებოდა მერე, ძლივს გადავრჩი, ქართველები რომ შემოვიდნენ, ჩემი თვალით დავინახე სახლისკენ ჭურვი როგორ მოფრინავდა და არ ვიცი როგორ მოვასწარი, მაგრამ სარდაფში ჩავხტი პირდაპირო. სახლი დაინგრა. თვითონ გადარჩა და ამოძვრა მერე ნანგრევებიდან. ბიძაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ სამხრეთ ოსეთში დასახმარებლად წავსულიყავით. თავისუფლების მოედანზე, ვლადიკავკაზის ცენტრში შევიკრიბეთ მოხალისეები. მიტინგი გავმართეთ - წავიდეთ! მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! ვიღაც ყვიროდა. გამოვიდნენ სამხედრო ჩინოვნიკები და დაიშალეთ - აქ თქვენ არაფერი გესაქმებათო. მოკლედ, ჩვენ არ გაგვიშვეს, სამაგიეროდ 58-ე არმია გაუშვეს.  

ნათესავებთან მქონდა კავშირი, როცა გაწმენდა დაიწყო, ბიძაჩემი მიყვებოდა, ქართველი მეომრები მინდვრებით მოვიდნენ, სიმაღლეები დაიკავეს და გაჩერდნენო. მერე 58-ე არმია შემოვიდა და უკან დაიხიესო.

ჩემი შვილები რომ მეკითხებიან, როგორც იყო ისე ვუყვები - ქართველი ხალხი არაფერში დამნაშავე არ არის. საქართველო თავს არ დაგვესხმოდა, ეს პოლიტიკოსებს ჰქონდათ გეგმა ქვეყანა ნატოში შეეყვანათ-მეთქი. 

ბავშვები საქართველოშიც ჩადიან და მშვიდად გრძნობენ იქ თავს. სამხრეთ ოსეთში დღეს ქართველები არ უყვართ. მეორე ომი რომ არ ყოფილიყო, თაობა უკვე გამოცვლილი იქნებოდა და მშვიდობაც იქნებოდა. აი, სანამ ახალი თაობა არ მოვა, არაფერი შეიცვლება. სამივე მხარეს ერთმანეთთან ლაპარაკი რომ დაეწყო, ყველაფერიც მშვიდობიანად მოგვარდებოდა.



აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია. 
ტექსტი: ასირ ხამოევი
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან