ფიქრი დამდგარ ფაქტზე | რაჭა
05.08.2023 | 7 წუთიანი საკითხავიამბობენ, კურორტი შოვი აღარ არსებობს. 3 აგვისტოს რაჭის ხეობაში მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო ყველაფერი. 5 აგვისტოს მონაცემებით, 10-ზე მეტი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ეძებენ 20-ზე მეტ ადამიანს. სტიქიებს შორის მუდამ სტიქიურად ისმის შეკითხვა – შეგვეძლო თუ არა ამის თავიდან აცილება? ესაა შეკითხვა, რომელიც ერთი მხრივ, სტრატეგიის, გეგმის, წესრიგის ისტერიულ სურვილს გამოხატავს, მეორე მხრივ, დაისმის მუდამ წარსულ ფორმაში, უკვე მომხდარ, ჩავლილ, წალეკილ სივრცეში. იმავეს ვეკითხებით არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა“ დირექტორს, ნინო გუჯაირაიძეს, ვსაუბრობთ მძიმე წარსულ გამოცდილებებზეც, რომლებიც არასდროს იქცა რეალურ გამოცდილებად.
...
ინდიგო: მუდმივი აბსრაქტული შეკითხვა, რომელიც სტიქიებს მოსდევს ხოლმე და არასდროს იძლევა კონკრეტულ პასუხს, ამჯერად როგორ დაისმის? რისი თქმა შეიძლება მძიმე აწმყოსა და უგულებელყოფილ წარსულზე, ანუ აქამდელ არსებულ ანგარიშებს, კვლევებს, მსჯელობებს ჰქონდა თუ არა საკმარისი ძალა? მიექცა თუ არა საკმარისი ყურადღება?
ნინო გუჯარაიძე: ცხადია, ჯერჯერობით, როგორც ხდება ხოლმე, ვიცით მხოლოდ შედეგი. დღეს ვუსმენთ და ვუყურებთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებებს და პირველი ვიგებთ იმას, რომ ეს იყო სტიქია, რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, რთული იყო რეაგირებაც – საჯარო უწყებათა მთელი წყება თავდაცვით პოზაში.
გამახსენდა 2021 წლის გეოლოგიური ანგარიში, ესაა ბიულეტენი, რომელსაც პერიოდულად ვითხოვთ ხოლმე გარემოს ეროვნული სააგენტოდან. რაღაც ჩანაწერი ამომიტივტივდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული მითითება, ხაზგასმით ჩაწერილი, რომ კურორტს შოვს ემუქრება საფრთხე. რა თქმა უნდა, საფრთხის მასშტაბი თუ კონკრეტული მიზეზები რთულია, წინასწარ განისაზღვროს, თუმცა იყო პროგნოზი, რომ შოვი საფრთხეშია და საფრთხე შეგასებული იყო, როგორც მაღალი რისკი.
გეოლოგიური ანგარიში არის დოკუმენტი, რომელსაც ყოველწლიურად წარადგენს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი – აჯამებს მთელი წლის ცოდნას. გეგმიური კვლევების გარდა, არსებობს ცალკეული, მაგალითად ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული კვლევა, კვლევა უკვე დამდგარ ფაქტზე ან საფუძვლიან ეჭვზე. გროვდება ინფორმაცია, მუშავდება, ხდება რისკებისა და საფრთხეების განსაზღვრა. მერე ამ დასკვნებს მოყვება რეკომენდაციები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მერე ეგზავნება აბსოლუტურად ყველა საჯარო უწყებას, თვითმმართველობებს, ასე მუშაობს (უნდა მუშაობდეს) ეს პროცესი.
მაგალითად, როცა ეკონომიკის სამინისტრო გასცემს მშენებლობის ნებართვას, უნდა დაფიქრდეს, არ დაეყრდნოს ვინმე ექსპერტის მოსაზრებას, რომელსაც ნებართვის მაძიებელი წარადგენს, მაგალითად, კონკრეტული საფრთხეები აიცილო თავიდან, ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩაატარო, მდინარე დააღრმავო, რაღაც გააკეთო.
არის საფრთხეები, როცა უძლური ხარ, ფაქტობრივად, ერთადერთი შენი რეაქცია უნდა იყოს, რომ გაიქცე. აქ სწრაფი რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმებია საჭირო, როგორ გამოიყვანო ადამიანები კონკრეტული ადგილებიდან.
მდინარის ჭალაში ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს. მდინარის ჭალა არის მდინარის. ჭალაში წყალი ხან არის, ხან არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ახლა არ არის, ხვალაც არ იქნება.
დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს არაგვის ხეობაში მოწყობილი ტრაილერების სადგომი; იგივე ყაზბეგში ტრაილერების სადგომი მდინარის კალაპოტში – ესაა ნელი მოქმედების ბომბი, არავითარი ჯებირი არ გშველის, როცა ამხელა სტიქიის საფრთხის წინ ხარ. საკუთარი ხელებით ქმნი ამ რისკს, საფრთხის წერტილს.
ინდიგო: დაგროვდა სამწუხარო გამოცდილება, რომ ჩვენ წინ არსებობს ეკოლოგიური გამოწვევები, ეს ფაქტია. ძალიან მარტივად, რამდენად ვართ მზად?
ნინო გუჯარაიძე: მართლაც დაგროვდა სამწუხარო გამოცდილება, ხშირად დავდექით ფაქტის წინ, რომ გვჭირდება გეგმა, მზაობა კატასტროფამდე, მაგრამ ყოველ ჯერზე გამოჩნდა, რომ მზად არ ვართ. ვიცით, რომ გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ საფრთხე, როგორც ჩანს, საკმარისად თვალსაჩინო არ არის ხოლმე. მაგალითად, ვერეს შემთხვევაში ადამიანების მეხსიერებაში არ იყო ასეთი დიდი მოვლენა მძიმე შედეგებით. არ იყო მოლოდინი.
თბილისის გულში მდინარეა დამარხული
არ ელოდნენ, არ ველოდით, მაგრამ რამდენიმე წლის მერე, მახსოვს, დიდი კორპუსი რომ ჩაიდგა ისევ მდინარის ჭალაში და ქვემოთ მაღაზიები გაიხსნა, მივედით და ვკითხეთ – ხომ თქვენც ნახეთ, რაც მოხდა, როგორ გადაწყვიტეთ, აქ მაღაზია გაგეხსნათ? გვიპასუხეს – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თქვა, რომ ეს 50 წელიწადში ერთხელ განმეორებადი მოვლენაა, 50 წელი წინ გვაქვს და იქამდე მაღაზიაც აღარ იქნებაო. ადამიანებს არ უნდათ დაჯერება. 50-წლიანი უსაფრთხოების შუალედი იქმნება და ცხოვრება გრძელდება. 50 წელი თავისუფლები ვართ. ეს იმ მაღაზიის მფლობელის პოზიცია არაა, სახელმწიფო პოზიციაა – დღეს ეს მოხდა, გადავაგოროთ და შემდეგი როდის იქნება, მანამდე არჩევნები უწევს, ან ვიქნები, ან არ ვიქნები.
ინსტიტუაციათა პასუხისმგებლობა იწყება და მთავრდება კონკრეტული ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნით. თითქოს პასუხისმგებლობებს ვადები აქვს.
აი, მაგალითად, არსებობს დოკუმენტი, რომელიც, ადამიანების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ავლენს – ინფორმაცია საფრთხის შესახებ მყისიერად უნდა მიეწოდოს მოქალაქეს. საფრთხე არსებობდა, მაგრამ არავინ იცოდა. როცა ამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას არ გასცემ ან არ რეაგირებ, უკვე დანაშაულია.
დამდგარ ფაქტზე იწყება ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ. გეგმის ფუნქცია სხვაა, თუ რისკი არსებობს, აკეთებ მოდელირებას, როგორ შეიძლება განვითარდეს ის და შენ რითი პასუხობ. შედეგებზე რაიმეს მოფიქრება შეცდომაა, როცა ყოველი წუთი თუ წამი მნიშვნელოვანია და შენ ამ დროს ხარჯავ ფიქრში.
ვისურვებდი მეტ საუბარსა და ფიქრს; რა დროცა და ძალაც პასუხისმგებლობის არიდებისთვის იხარჯება, რეალურ რეაგირებაზე იხარჯებოდეს; როცა ნათელია, რომ რაღაც საკმარისად ვერ გაკეთდა, რაც აუცილებელი იყო, საბოლოოდ გვრჩება მხოლოდ მძიმე შედეგები და გაღიზიანება.
ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი/ CHEKI Photography