რუსული სულიდან პოსტკომუნისტურ ნოსტალგიამდე | მეორე ნაწილი
28.02.2022 | 9 წუთიანი საკითხავი
ავტორი: სვეტლანა ბოიმი
(1959-2015) იყო კულტურის თეორეტიკოსი, დრამატურგი და ნოველისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იკვლევდა მითებს, მეხსიერებასა და ნოსტალგიას. მისი საკვლევი არეალი, ძირითადად, იყო რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1995 წელს. ინდიგო ბეჭდავს მის ფრაგმენტს, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
პოსტსაბჭოთა / ანტიმოდერნული:
ევრაზიული ატლანტიდიდან ჟირინოვსკის კომუნალურ საცხოვრებლამდე
პოსტსაბჭოთა პერიოდში უკიდურესი მემარჯვენეების უტოპიურმა ნოსტალგიამაც გაშალა ფრთა. მიხაილ გორბაჩოვის დროს მომავალზე ორიენტირებული ავანგარდის იდეოლოგია და სოციალისტური რეალიზმი წარსულისკენ მიმართულმა მზერამ ჩაანაცვლა. დიდი დაბნეულობა გამოიწვია იმან, თუ რა უნდა გაეხსენებინათ და რა უნდა დაევიწყებინათ. 1993 წელს მოწმე გავხდი იმისა, რაც ვალტერ ბენიამინმა სამოცდახუთი წლით ადრე შენიშნა - მოსკოვის ქუჩებში საათები სხვადასხვა დროს აჩვენებდნენ.
80-იანი წლების ბოლოს არქივების გახსნამ შესაძლებელი გახადა დოკუმენტებზე გულმოდგინე მუშაობა „მემორიალისა“ და მსგავსი ჯგუფებისათვის, რომლებიც ისტორიული მეხსიერების, განსაკუთრებით სტალინის პერიოდის მოგონებების გადარჩენას ისახავდნენ მიზნად. ამ დროს კი ისევ ძლიერია რწმენა დაფარული ფაქტებისა, დამალული ეროვნული საგანძურისა და ათასგვარი შეთქმულებებისა, რომლებიც ხელს უშლის რუსებს ჭეშმარიტი წარსულის შეცნობაში. ყველა ისტორიკოსი გახდა - მარცხენა თუ მარჯვენა ფლანგებზე. ახალი სტიქიური ნაციონალიზმი (კაგებესა და ყოფილ საბჭოთა ნომენკლატურასთან მჭიდროდ დაკავშირებული ჯგუფებით) მაღალკულტურული ნაციონალისტური თუ იმპერიული თეორიების თავისებურ ფოლკლორიზაციას წარმოადგენს.
სლავოფილების, დოსტოევსკის „მწერლის დღიურისა“ და ბერდიაევივით ერთ დროს აკრძალული ფილოსოფოსების რუსული იდეის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩენა რუსეთ-ევრაზიის გეოპოლიტიკური ფანტაზიაა - კონტინენტი-ოკეანის, დაკარგული ატლანტიდის.
რუსეთის იმპერიისა და სტალინის საბჭოთა კავშირის საზღვრები განიხილება, როგორც გეოგრაფიულად „ბუნებრივი“ საზღვრები ევრაზიისა, სადაც სხვადასხვა ხალხები ნებაყოფლობით გაერთიანდნენ დიდი რუსეთის საფარქვეშ.
„კოლონიზაციის“ კონცეპტი მხოლოდ ვანდალურ „რომანო-გერმანიკულ“ დასავლეთთან და მის გეოგრაფიულად არაბუნებრივ საგმირო საქმეებთან მიმართებით იძენს აზრს.
ევრაზია კი, ცხადია, მარტო გეოგრაფიული მთლიანობა არ არის - სულიერი მდგომარეობაა, მსოფლმხედველობაა, არამატერიალური კონტინენტია.
რუსეთი-ევრაზია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას აუქმებს, ევროპისა და აზიის (ჩინეთის, ინდოეთისა და ინდონეზიის გამოკლებით) სინთეზს წარმოადგენს და თავად არის სამყარო.
რუსეთი-ევრაზია ტოტალურ თვითკმარობაზე, უცხო „რომანო-გერმანიკული ხალხისაგან“ იმპერიული კონტინენტისა და მისი სულიერი სამყაროს იზოლაციაზე ოცნებაა. ევრაზია იდეოკრატია იქნება - სახელმწიფო, სადაც ჭეშმარიტების იდეა ბატონობს და არა კანონები.
საკუთრების ცნება, განსაკუთრებით, კერძო საკუთრებისა, ასევე საშიშ „რომანო-გერმანიკულ კონცეპტად“ აღიქმება - ევრაზიის ჰოლისტურ ეთნორელიგიურ მსოფლმხედველობას ის არ სჭირდება.
ევრაზიელი, როგორც პიროვნება, „ეგოცენტრული“ კი არ არის, ჰარმონიულია, სიმფონიურია - მზადაა, თავი გაწიროს არა ხალხისთვის ან სახელმწიფოსთვის, არამედ „ევრაზიული სამყაროსთვის“.
ევრაზიის იდეა ძველ რომანტიკულ ფოლკლორს ან მე-19 საუკუნის სლავოფილების პანსლავიზმს კი არ მიემართება, არამედ „ახალ შუა საუკუნეებსა“ და რუსულ მართლმადიდებლურ საძირკველზე აშენებულ თეოკრატიულ სახელმწიფოს. ფაქტობრივად, დრო, სივრცე, უახლესი ისტორია და ისტორიულობა - შეუსაბამო ცნებებია ამ ნოსტალგიური უტოპიური ფუნდამენტალიზმისათვის.
გარდა ამისა, განსხვავებაც გაქრება ხელოვნებას, კულტურას, ყოველდღიურ ყოფას, რელიგიასა და პოლიტიკას შორის. დიდი რუსული ლიტერატურა, რომელიც წარმოსახვითი სამშობლო იყო მე-19 საუკუნის ინტელექტუალისათვის, აღარ ითამაშებს არსებით როლს ევრაზიის იმპერიაში, რომელიც იდეოკრატიული იქნება და კულტურის გარშემო არ იტრიალებს.
პირველი ევრაზიელები, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ახალგაზრდა რუსი ემიგრანტები იყვნენ, მათ შორის ნიჭიერი მწერლები და ინტელექტუალები. თავშეყრის ადგილებად პრაღა, პარიზი, ბელგრადი და სოფია ჰქონდათ. მერე პროსაბჭოთა, ზოგ შემთხვევაში კი პროსტალინური განწყობები გაძლიერდა მათ შორის და უკვე „ევრაზიელ ბოლშევიკებად“ მოიხსენიებდნენ. 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხრეების შეძენასა და ახალი პარტიის შექმნაზე ფიქრობდნენ, რომელიც ბუნებრივად შეეწყობოდა ბოლშევიკებისას. ზოგი სამშობლოში დაბრუნებასაც კი გეგმავდა.
ნიკოლაი ტრუბეცკოი თავის ევრაზიულ თეორიას ინდოევროპული ეტიმოლოგიისა და ეთნოგრაფიის კვლევით ამყარებდა. აცხადებდა, რომ რუსულ ენაში სულიერებასთან დაკავშირებულ სიტყვებს ისეთი ძირები ჰქონდა, როგორიც - თურქულ და ირანულ სიტყვებს, იმ დროს, როცა მატერიალურ კულტურასა და სხეულთან დაკავშირებული ლექსიკა დასავლური წარმოშობისა იყო. ამგვარად, სულისა და სხეულის, სულიერისა და მატერიალურის რელიგიური და ფილოსოფიური დაპირისპირება, ისევე როგორც სოციალური და კლასობრივი დაპირისპირებები, ნაციონალიზმის ენაზე გადაითარგმნა.
ტრადიციულ ხალხურ ცეკვებშიც კი რუსული გუნდურობა უპირისპირდება „რომანო-გერმანიკულ“ ინდივიდუალიზმსა და კონვენციურ წყვილთა მოძრაობებს. ინდივიდუალური სექსუალობა რომანო-გერმანიკული ინდივიდუალიზებული მსოფლმხედველობის ნაწილია, საერთო რიტმული პათოსი კი - ევრაზიის სამყაროსი.
ევრაზიანიზმი დევნილთა უტოპიური წარმოსახვის შედევრია. რუსული სულის მსგავსად, ევრაზიული სულიც მომთაბარეა. ამ მითურ ისტორიაში ევრაზიული სამყარო პირველად ჩინგიზ ხანის იმპერიის სახით გაჩნდა, ახლა კი მისმა სულიერმა ცენტრმა რუსეთის იმპერიაში გადმოინაცვლა. ევრაზიული ნომადიზმი რადიკალურად უპირისპირდება მოხეტიალე „უფესვებო კოსმოპოლიტებს“, მეტროპოლისების გაუცხოებულ ბინადრებსა თუ უიღბლო დევნილებს.
„ყოველგვარი კულტურული კოსმოპოლიტიზმი და ინტერნაციონალიზმი ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს გაკიცხვას“, - წერდა ტრუბეცკოი ესეში „ნამდვილ და ფსევდო ნაციონლიზმზე“.
რომანო-გერმანიკული ინდივიდუალიზმი და კოსმოპოლიტიზმი აღწერილია, როგორც „ყველაზე უარესი სახის შოვინიზმი“, ევრაზიული ნომადიზმი კი „ბუნებრივი“, პატრიოტული და აზრიანია. როგორც ჩანს, ახალი, არცთუ სტუმართმოყვარე სამშობლოთი იმედგაცრუებულმა ემიგრანტებმა თავიანთი იზოლაცია იმპერიის მეტაფიზიკურ და პოლიტიკურ პრინციპად თარგმნეს - რაღაც ისეთად, რაც თანამედროვე ადამიანის გაუცხოებისა თუ გულგრილი დემოკრატიული სახელმწიფოს საპირისპირო იქნებოდა.
შეიძლება ევრაზიაზე ოცნებასა და ევრაზიული პარტიის გამარჯვებაში ემიგრანტის უაზრო ცხოვრებისაგან ხსნას ხედავდნენ. საბჭოთა კავშირში დარჩენილი თანამემამულეებისა და გულგრილი დასავლელი მეზობლებისაგან თანაბრად გაუცხოებულებმა ისეთი სამყარო გამოიგონეს, რომელიც არაფრით მოაგონებდათ ახლანდელ ყოფას - თვითკმარი სამყარო, სამშობლოს სუნით, რომელიც ყველაფერზე აღმატებული იქნებოდა, რისი დანახვაც კი აწმყოში შეიძლებოდა.
ევრაზიული მოძრაობის ინტელექტუალები შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვან კითხვებს სვამდნენ რუსული კულტურისა და რუსეთის ისტორიის შესახებ, მაგრამ მათი უტოპიური პასუხები შეკითხვებს ამახინჯებდა და მისტიკურ საბურველში ხვევდა.
1920-იან წლებში მათ ყველაზე უკეთ თანამოძმე ემიგრანტები აკრიტიკებდნენ სოციალ-დემოკრატიულ და ლიბერალურ ბანაკებში. მიუთითებდნენ ავტორიტარიზმზე, ბოლშევიზმსა და „ადამიანური ბუნების“ უგულებელყოფაზე. ზოგიერთმა ევრაზიელმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. ბევრი, ვინც სტალინთან თანამშრომლობდნენ, დახვრიტეს. სხვები წლობით გამოკეტეს შრომით ბანაკებში. მათი იდეები ბანაკის ინტელექტუალური ფოლკლორის ნაწილად იქცა და დავიწყებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ამაზე საბჭოთა მიმდევრებმა იზრუნეს, მათ შორის ლევ გუმილიოვმა. ის პოეტების - ანა ახმატოვასა და წითელი ტერორის დროს დახვრეტილი ნიკოლაი გუმილიოვის ვაჟი იყო, რომელმაც ათი წელი გაატარა გულაგში, სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი ევრაზიელები უნდა გაეცნო. 1970-80-იან წლებში აღმოსავლური ცივილიზაციების მკვლევარმა არაერთი არაოფიციალური სემინარი მოაწყო. მიმდევრებიც მრავლად გამოუჩნდა ქალაქის ინტელიგენციაში - წარმოშობის, ქარიზმისა თუ თითქმის დისიდენტის სტატუსის გამო.
80-იანი წლების ბოლოს გუმილიოვის თეორიები უფრო და უფრო რასისტული გახდა. ძველი რუსეთის ისტორიის ანალიზისას რუსი ხალხის მთავარ მტრად ხაზარ ებრაელთა სამეფო ესახებოდა, რომელიც დაუნდობლად ებრძოდა მთელ „ეთნოსს“, არისტოკრატიის უმოწყალო განადგურებითა თუ „მათი რელიგიისთვის დამახასიათებელი“ დეზინფორმაციით (ირონიულია, რომ ამ ომს რუსები გადაურჩნენ, ხაზარები კი - ვერა). გუმილიოვი ერთმანეთისგან განასხვავებდა „სუპერეთნოსსა“ და „პარაზიტ ეთნოსს“, რომელსაც თავს ეხმოდა, საბჭოთა კონტექსტში კი ხაზარებიცა და პარაზიტი ეთნოსიც ებრაელების კოდური სახელები იყო.
გუმილიოვის თეორიაში ევრაზიანიზმი და „უფესვებო კოსმოპოლიტიზმის“ წინააღმდეგ სტალინური ბრძოლა ერთმანეთს უნდა შერწყმოდა, მაგრამ კავშირი წარმატებული ვერ გამოდგა. 1960-70-იან წლებში საბჭოთა ანტისიონისტურ მოძრაობას საშინაო პოლიტიკა უფრო აინტერესებდა, ვიდრე საგარეო საკითხები. ეს კამპანია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ფორმა არ იყო - კაგებე დისიდენტებსაც ებრძოდა, რომლებსაც, წარმომავლობის მიუხედავად, სიონისტ აგენტებად აცხადებდა.
იმ დროს, როცა ზომიერად ნაციონალისტი, „სოფლის პროზის“ ტრადიციის გამგრძელებელი რუსი მწერლები ბრეჟნევის მთავრობის მფარველობით სარგებლობდნენ, 1960-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე ქალაქის ინტელიგენცია თავს არიდებდა ანტისემიტიზმს, რაც ოფიციალური საბჭოთა დისკურსის ნაწილი იყო, სიონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით მონათლული. ასე რომ, ბევრი სევდიანი იდეოლოგიური პარადოქსია ახალ, ხელახლა გამოღვიძებულ ევრაზიანიზმში, 90-იანებში ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრების ბუნებრივად მიჩნევითა და საბჭოთა ცრურწმენების ევრაზიულად გარდაქმნით.
მთავარი განსხვავება ევრაზიულ იდეასა და ლიბერალ-ნაციონალისტებისა თუ ლიბერალ-დემოკრატების იდეებს შორის ის არის, რომ ევრაზიელებისთვის ადამიანური სუბიექტურობის კონცეპტი არ არსებობს. ეროვნულობა - ენაში ან კულტურაში კი არა, გენებშია ჩაწერილი და პიროვნების უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს. 1970 წელს იუგოსლავიელი ემიგრანტი მწერალი დანილო კიში წერდა: „ნაციონალისტები ადამიანებს ცალკეულ პიროვნებებად კი არ აღიქვამენ, არამედ სხვადასხვა სახის ნაციონალისტებად, სხვადასხვა ჯგუფის წევრებად. ამიტომაც ვერ იქნება მათი დევიზი: „არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“. მათი დევიზია: „რაც ჩემი არ არის (სერბიული, ხორვატიული, ფრანგული), უცხოა ჩემთვის“.
90-იან წლებში რადიკალური ევრაზიული იდეები, გუმილიოვისებური ფსევდომეცნიერული დისკუსიები „ბიოსფეროსა და ეთნოგენეზზე“ წარმატებით შეერწყა ორი წიგნის მისტიკურ გამოცხადებებს - „სიონის ბრძენთა პროტოკოლებისა“ და „ვლასის წიგნის“, რომლებშიც, საყოველთაო აღიარებით, ისტორია გაყალბებულია. ევრაზიის კონტინენტი-ოკეანე მეტად პატარად ცხადდება „რუსეთის ისტორიის საგანძურის“ დასატევად. ამ გადაწერილ ისტორიაში პროტორუსები შესაძლოა ატლანტიდის მკვიდრთა შთამომავალნი იყვნენ და რასაკვირველია, არიელებისა და ფინიკიელების, ტროელებისა და შუმერების (შუმერულ ნაწილს უნგრელი ნაციონალისტები არ ეთანხმებიან, რომლებსაც დიდი ევრაზიელი - ჩინგიზ ხანი პროტოუნგრელად წარმოუდგენიათ; სერბი, ალბანელი, ბერძენი და თურქი ნაციონალისტები ტროას არ თმობენ, ატლანტიდისთვის კი ყველა ეროვნების უტოპისტები იბრძვიან).
„რუსეთის ისტორიის ფურცლები“ - პეტერბურგში გამომავალი უკიდურესი მემარჯვენეების გაზეთი - ხშირად ბეჭდავს „ისტორიის გაკვეთილებს“ ლინგვისტური ანალიზით. მისი მტკიცებით, რუს ხალხს უმალავდნენ, რომ პროტორუსული სიტყვები მთელ მსოფლიოში მოიძებნებოდა. შესაძლოა ეს ტრუბეცკოის ლინგვისტიკის პაროდიად აღვიქვათ, ან პარანოიკულ ლინგვისტურ მცდელობად, რომელიც გეოგრაფიას სლავურ ლექსიკოგრაფიად აქცევს. ამგვარად, რუსული ენის უთარგმნელობის დიკურსი ახალ მნიშვნელობას იძენს. თუმცა ეს თანამედროვე რუსული ენის წმენდასა და სანკტ-პეტერბურგის სვიატოპეტროგრადით შეცვლას არ გულისხმობს, როგორც სოლჟენიცინი გვთავაზობდა - ვინც ამბობდა, რუსულში უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები „სულს ამახინჯებსო“.
ზემოთ ნახსენები „ისტორიის გაკვეთილების“ მიხედვით კი, ძნელად თუ მოიძებნება უცხოური სიტყვა, რომელსაც პროტორუსული ძირი ან სუფიქსი არ ჰქონდეს. ეს მეტად თავისებური - ამავე დროს პირდაპირი - გაგებაა რუსული კოსმოპოლიტიზმის დოსტოევსკისეული მოდელისა. გარდა ამისა, პროტორუსებს ფალოსის დიდ თაყვანისმცემლებადაც აღწერენ - მათ უფრო დიდხანს შეინახეს კულტი, ვიდრე დაღმასვლის გზაზე მდგარი დასავლეთის ხალხებმა. ამგვარად, დედა რუსეთი საბოლოოდ იბრუნებს დაკარგულ მასკულინურ ძალას.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი - ჟირინოვსკი ნაციონალისტური ტიპის პოსტკომუნისტური ნოსტალგიის ყველაზე მკაფიო, თითქმის პაროდიულ განსახიერებას წარმოადგენს. დოსტოევსკის უბადრუკ დემონსაც წააგავს და ვერასდროს იქნები დარწმუნებული, ვიღაცის გაღიზიანებული წარმოსახვის ნაყოფია თუ მართლაც ემსახურება ბოროტებას. ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა - ჟირინოვსკი სულის მდგომარეობააო.
ადრეულ დემოკრატიულ პრესაში გამოჩენილ ერთ წერილს კი ასეთი სათაური ჰქონდა:
„რუსული სული ტანკში?“ ჟირინოვსკი გვთავაზობს, რომ რუსეთის იმპერიის საზღვრები ალასკიდან ფინეთამდე გაფართოვდეს, რუსეთი თურქეთს თავს დაესხას, ბალტიის ქვეყნები რადიოაქტიური ნარჩენებით დაიფაროს, ყაზახეთი „გადამწვარ უდაბნოდ“ იქცეს და ა.შ.
მართალია, ბევრი მიუთითებს, რომ პარტიას შეუფერებელი სახელი ჰქვია, მაგრამ ის მაინც აცხადებს - მე-19 საუკუნის რუსული პროგრესული ლიბერალური მოძრაობის ისტორიულ ტრადიციას ვაგრძელებთო. პაროდიულ-ისტორიული მანერით ითხოვს, ერთ დროს იმპერიაში პეტრე პირველის მიერ შემოღებული გუბერნიებად დაყოფის წესი აღდგეს, რაც საბოლოოდ წაშლიდა ეროვნული სუვერენულობის ყოველგვარ ნიშანს. ძველი სლავოფილის სოფლური ერთობის ნოსტალგია კი არ აქვს, არამედ იმპერიული „ხალხის სულისა“.
ახლახან მოსკოვის ქუჩაში წიგნს გადავაწყდი, სათაურით: „ჟირინოვსკის ფენომენი“. აკადემიური გამოცემის იერმა და იმ სიტყვებმა შემაცდინა, რომ „წამყვანი სოციოლოგებისა“ და „ფილოსოფიის დოქტორების“ დაწერილი იყო. მალევე მივხვდი - ჟირინოვსკის პარტიის ფარული პროპაგანდის ნიმუშს ვკითხულობდი, რომელიც სიცრუით სავსე იმ საბჭოთა პოლიტიკურ გამოცემებს ჰგავდა, სამეცნიერო ობიექტურობით რომ ინიღბებოდნენ.
თუმცა წიგნში ჟირინოვსკის აბსურდულ რიტორიკას ვერ ნახავთ. პირველი თავი, რომლის სათაურიცაა „პიროვნება და იმიჯი“ (იმიჯი - პოსტსაბჭოთა მეტყველებაში დამკვიდრებული ერთ-ერთი მთავარი სიტყვა) მას წარმოგვიდგენს, როგორც „დასავლეთში ნასწავლ კაცს“, ვინც რუსულ სიმართლეს ამბობს - „დედა სიმართლეს“. თავშეკავებულ ადამიანად ვხედავთ, ვინც კარგად იცის, როგორ უნდა გვეჩვენოს. მთელი ფოტოსერიებია: საოჯახო სურათები, საქორწინო ფოტოები, პორტრეტები საწერ მაგიდასთან ფიქრიანი სახითა და დრამატული განათებით (მინაწერი: „ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრისას“). ერთ სურათზე, დივანზე წამოწოლილი, წიგნს კითხულობს - როლინგი და ჟაკეტი აცვია, იმ ინტელიგენტს ჰგავს, 60-იან წლებში ივ მონტანით მოხიბლული რომ უნდა ყოფილიყო (წარწერა: „მშვიდი, ჩვეულებრივი კაცი ვარ“). ასე რომ, ჟირინოვსკი ორივეს ირჩევს: რუსულ სულსაც და დასავლურ პირად სივრცესაც. ამავე დროს „დასავლური სნიკერსებისა და მარსების“ შეთქმულებასაც ამხელს, თუმცა დასავლური რეკლამებითაც მშვენივრად ერთობა.
ის არც ერთ შემთხვევაში არ ირგებს ტრადიციულ რუსულ კოსტიუმს. ბენედიქტ ანდერსონი წერს, რომ ერის წარმოსახვითი ერთობა ხშირად ემყარება ბიოგრაფიულ თუ ავტობიოგრაფიულ მოდელს; მე-19 საუკუნის რომანტიზმის ნაყოფის - ბიოგრაფიის, როგორც მასობრივი კულტურის ჟანრის განვითარება ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას დაემთხვა. ჟირინოვსკის ბიოგრაფია კი საინტერესო მაგალითია პირადი და ეროვნული წყენისა.
აი, როგორ იხსენებს ის საერთო საცხოვრებელში განცდილ შეურაცხყოფასა და ტრავმებს (თხრობისას თითქმის დოსტოევსკის სიმაღლეს აღწევს): „ადგილი არ იყო, სადაც ვითამაშებდი - არც ოთახში, არც დერეფანში. ტუალეტთან ყოველთვის რიგი იდგა და იქაურობა ყარდა, იმიტომ რომ ტუალეტში მუდამ სუნი დგება, თუ ჰაერი არ იწმინდება... მაგრამ ყოველ დილით რიგში ათი-თერთმეტი კაცი რომ გროვდება, ჰაერის გაწმენდის დრო სად არის... ზოგიერთი იქ ეწეოდა კიდეც, რაც ასევე საზიზღრობა იყო. ბავშვობიდან სულ სიგარეტის შხამიან ბოლში ვიყავი გახვეული. ყველას ფეხებში ვედებოდი, იმიტომ რომ ყველაზე პატარა ვიყავი საცხოვრებელში. და ასეთ საერთო საცხოვრებლებში უფროსებს წესად აქვთ - ჯავრი ყველაზე პატარაზე უნდა იყარონ. ვინ აღარ მირტყამდა, ვისგან აღარ მესმოდა უხეში სიტყვა... და დამიცავდა ვინმე? არც მამა მყავდა, არც ძმა...“ (მხოლოდ ახალგაზრდა, უპასუხისმგებლო მამინაცვალი ჰყავდა; დედამისი ქმარზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე შვილზე).
ამ ავტობიოგრაფიული ჩანაწერის სინტაქსი უკიდურესად მარტივია - თითქოს ბავშვი მოგვითხრობს; არსად ჩანს ზრდასრულის რეფლექსია. ეს მხოლოდ ავტობიოგრაფიისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხერხი არ არის, რომელსაც ზრდასრული ავტორი იყენებს იმისათვის, რომ ბევრად უმცროსი „მე“-ს ხმა გაგვაგნოს. დრო და მანძილი სრულად გაუქმებულია; შეურაცხყოფა მეორდება და მეორდება აწმყოში, წყენა კი დროის ნებისმიერ წერტილშია.
ჟირინოვსკის კომუნალური საცხოვრებელი, ლეგენდარული შესაძლებლობებით, შესანიშნავი ადგილია ფროიდისებურად დანახული ოჯახური რომანისათვის - ბოროტი მამინაცვალი, ნამდვილი მამისა და ნამდვილი დედის (მიწის) აჩრდილები და ა.შ. ჟირინოვსკის ბავშვობის საერთო საცხოვრებელს ცუდი კოლექტიურობის სუნი ასდის; ბავშვი შხამიან ბოლშია გახვეული, ჰაერის გამწმენდზე ოცნებობს, რაც ადვილად ხელმისაწვდომი არც იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდომი წლების საბჭოთა კავშირში. სტაგნაციის სრულყოფილი მეტაფორა. უსახლკარობის, მოუვლელი საცხოვრებლის დრამა მოულოდნელად ვითარდება - კომუნალური საცხოვრებელი ფსევდოსახლია, ნამდვილი სახლი კი დიდი რუსეთია. პირადი წყენა ეროვნულ დონეზე გათამაშდება და უბედური ოჯახის ისტორია ინდივიდუალური ბიოგრაფიის კონტექსტს მოწყდება - ერის ისტორიაში ჩასაწერად.
შეიძლებოდა ეს ამბავი კოლექტიურობის სულის შემხუთველ გარემოში მყოფის ინდივიდუალურ ამბოხად აღგვექვა - იმის, ვის ერთადერთ თავშესაფრადაც კლასიკური ლიტერატურა ქცეულიყო - საყვარელი წიგნი: თეოდორ დრეიზერის „ამერიკული ტრაგედია“. თუმცა ჟირინოვსკის შემთხვევაში ესთეტიკური გაქცევა საკმარისი ვერ იქნებოდა. ის, პომპეზური ჟესტით, საკუთარ დამცირებას ხალხის დამცირებას უთანაბრებს. რომელი ხალხის? რუსების, რომლებიც „საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მაგრამ ყველაზე ახლოს“ (ანუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში) - ნამდვილი პატრიოტების. თუმცა ხალხს მნიშვნელობა აქვს, როგორც მხოლოდ აბსტრაქტულ პრინციპს, რამდენადაც ბავშვობისას მას არც ერთ წრეში არ იღებდნენ და თვითონაც ყველას უარყოფდა - საერთო საცხოვრებლის მეზობლებით დაწყებული, თანატოლებით დამთავრებული. თავის სიყვარულსა და ამბიციას ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთობისთვის - დიდი რუსეთისთვის ინახავს.
ზოგიერთი ჟურნალისტი შენიშნავს, რომ ჟირინოვსკი მითურ ბიოგრაფიას გვთავაზობს, რომ საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, მისი საცხოვრებელი სულაც არ იყო ცუდი, რომ ის პრივილეგირებულ სკოლაში დადიოდა, სადაც, როგორც ხშირად ვარაუდობენ, შესაძლოა კაგებეს ხალხი დაახლოებოდა. მაგრამ აქ მთავარი მითური ფანტაზიებია და გათვლა, რომ ისინი მკითხველებს ააღელვებს (საბჭოთა კავშირში ქალაქის მკვიდრთა დაახლოებით 60% ასეთ საცხოვრებელში ცხოვრობდა, ასეთივე ჰაერს სუნთქავდა. სოციალისტური რეალიზმის პრინციპის საპირისპიროდ, გარემო სულაც არ განსაზღვრავს ცნობიერებას, საერთო საცხოვრებლისთვის თავის დაღწევის გზა კი არარერთია).
ჟირინოვსკის ავტობიოგრაფია, ისევე როგორც მისი პოლიტიკური პროგრამა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ქვეტექსტების ძებნა და მათში გარკვევის მცდელობაც ამაო იქნება. ის ქვეტექსტებით ფაქტობრივად არ მეტყველებს - ტაქტიკურ, პერფორმაციულ სვლებს მიმართავს. მან ეს საბჭოთა ხანაში ეზოპეს ენით ამეტყველებული ინტელიგენციისაგან კი არ ისწავლა, რომელიც ორაზროვნებას, მეტაფორებსა და ნახევარი სიტყვიდან აზრის გამოტანას მისჩვეოდა, არამედ ოფიციალური საბჭოთა ენისაგან, რომელიც ხალხს ყოველგვარ კონსტიტუციურ თავისუფლებასა და უფლებას ჰპირდებოდა ბრწყინვალე მომავალში. რაც შეეხება ერის სიამოვნებას, მზად არის, უფრო მეტს დაპირდეს, ვიდრე წამიერი ტკბობაა. მისი შემოთავაზება, არც მეტი, არც ნაკლები, „ეროვნული მასშტაბის ორგაზმია“, როგორც კი ხელისუფლების სათავეში მოვა (უცნაური ეროვნული თერაპია, რომელიც ჰიტლერისა და ვილჰელმ რაიხის მეთოდებს აერთიანებს).
ჟირინოვსკის რიტორიკასთან შედარებით, დემოკრატების რიტორიკა უღიმღამოდ მოჩანს. იგორ გაიდარის მსგავსი პოლიტიკოსები და ეკონომისტები ალერგიულნი არიან პოპულისტური რიტორიკისადმი. ზოგი დემოკრატი კი სრულად იკავებს თავს იმედის მომცემი დაპირებებისაგან და არაფრით აღიზიანებს ერის წარმოსახვას. როცა მათ ჰკითხეს, რა საფრთხეს წარმოადგენდა ჟირინოვსკი მომავლისათვის, ბევრმა უპასუხა - თავად ჟირინოვსკი კი არ არის საფრთხე (იმედი ჰქონდათ, რომ მალე გამოელეოდა სახსრები ექსტრავაგანტური რიტორიკის გასამყარებლად), არამედ მისი პოტენციალი, მაცდური პოპულისტური მომხიბვლელობა, როგორც სამაგალითო ნაციონალისტისაო. პოსტსაბჭოთა რუსეთის ფანტასტიკურად რთულ სიტუაციაში მართლაც შესაძლებელია, რომ ხელისუფლების სათავეში ჟირინოვსკის ორეული მოვიდეს.
სამწუხაროდ, 90-იანი წლების შუაში რუსეთისა და დასავლეთის ლეგენდარული ოპოზიცია ხელახლა გაძლიერდა და ახლა ის ეკონომიკურ, სოციალურ თუ ისტორიულ განსხვავებებზე მნიშვნელოვანია - უფრო არსებითი, ვიდრე სხვაობა საბჭოთასა და პოსტსაბჭოთას, კაპიტალისტურსა და სოციალისტურს შორის. „დასავლეთი“ და სხვადასხვა ტიპის არარუსი აგენტები რუსეთში ხშირად იქცევიან რიტორიკულ განტევების ვაცებად, რაც საერთაშორისო კონტექსტში რუსეთის პოზიციისა და სიტუაციის უფრო რთულ და თვითრეფლექსიურ ანალიზს ანაცვლებს. არსებობს გზა რუსული იდენტობის ამ ტრადიციული დისკურსიდან გამოსასვლელად?
ბოლო წიგნში იური ლოტმანი ხელახლა განიხილავს რუსული კულტურის პარადიგმას, რომელიც „ბიტისა“ და „ბიტიეს“ დაპირისპირებას ეფუძნება და ოპტიმისტური შეფერილობის პროგნოზს გვთავაზობს. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლას შეეძლო რუსული ბინარული კულტურული სისტემის დასრულება დაეჩქარებინა - იმ სისტემის, რუსი ინტელექტუალებისა და იდეოლოგიების ეთიკური ექსტრემიზმით რომ იყო გამყარებული და ისტორიას სტაგნაციის პერიოდებისა და აფეთქებების მონაცვლეობად აღიქვამდა, „ძველი სამყაროს“ სრული განადგურება რომ სურდა ახალი უტოპიისათვის გზის გასათავისუფლებლად.
ახალი პოსტსაბჭოთა სიტუაცია ნელი ევოლუციის შესაძლებლობას გააჩენდა - წარმოუდგენელი ისტორიული მომავლისაკენ, რომელიც არც დასავლეთის ასლი იქნებოდა და არც რუსეთის მარადიული აპოკალიფსური მდგომარეობა. რუსეთი შეიძლება დაძრულიყო ახალი კულტურული პარადიგმისაკენ, რომელშიც ცვლილებები უფრო ევოლუციურია, ვიდრე აფეთქებების შედეგად გაჩენილი, კატასტროფები კი არც ყოფიერების ყველა სფეროში აღწევს და არც ერთიანად ანადგურებს ქვეყნის ცხოვრებას. საბოლოოდ, შესაძლოა ახალი სივრცე გაჩენილიყო პირადი და საჯარო ცხოვრებისათვის. „ამ შანსის ხელიდან გაშვება ისტორიული კატასტროფა იქნება“, - ეს ლოტმანის ბოლო წიგნის ბოლო სიტყვებია.
თავსართ „პოსტ“-ის ხანაში კი ერთ დროს უთარგმნელად მიჩნეული ბევრი სიტყვა დამკვიდრდა რუსულ ენაში სტილიზებული, თვალში საცემად უცხოური ფორმით. თუ საბჭოთა წარსულში პირადი ცხოვრება ყველასგან დაფარული უნდა ყოფილიყო, ახლა გაზეთი გამოდის, რომელსაც „პირადი ცხოვრება“ („ჩასტნაია ჟიზნ“) ჰქვია და მასში კერძო პირების განცხადებები იბეჭდება - მარტოსულების, „დასავლელი“ ქმრებისა და ცოლების მაძიებლების. ერთმა ქალმა გაზეთის ლექსების კონკურსისთვის სახუმარო სტრიქონი დაწერა, რომელიც ახალი და ჯერ კიდევ უთარგმნელი (ყოველ შემთხვევაში, დასავლურ ენებზე ვერაფერს მივუსადაგებთ) პოსტსაბჭოთა „ბიტის“ მთავარ პარადოქსებს აირეკლავს:
„რა უნდა ვქნა? იმედს მაინც არ დავკარგავ. ჩემი ცხოვრება არა მაქვს, მაგრამ „პირადი ცხოვრება“ მაქვს“.
აქ „პირად ცხოვრებას“ ბრჭყალები ახლავს. მხოლოდ გაზეთის სახელია - პოსტსაბჭოთა ენის ახალი კლიშე, რომელიც ისევ არ გამხდარა უქონელი, ხელცარიელი რუსი მოქალაქეების „საკუთრება“.
ტექსტის პირველი ნაწილი
ფოტო: tabletmag.com