გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რუსული სულიდან პოსტკომუნისტურ ნოსტალგიამდე | პირველი ნაწილი


ავტორი: სვეტლანა ბოიმი
(1959-2015) იყო კულტურის თეორეტიკოსი, დრამატურგი და ნოველისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იკვლევდა მითებს, მეხსიერებასა და ნოსტალგიას. მისი საკვლევი არეალი, ძირითადად, იყო რუსეთი და პოსტ-საბჭოთა სივრცე.

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1995 წელს, ინდიგო ბეჭდავს მის ფრაგმენტს, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

გადმოწერე PDF ფორმატში

პოსტსაბჭოთა / პოსტმოდერნული?   

1991 წლის აგვისტოს გადატრიალება დიდი საბჭოთა ნარატივის, ისევე როგორც სოვიეტოლოგიის მთავარი ნარატივის ჰეროიკული და კომიკური დასასრული იყო. გადატრიალების დროს წინააღმდეგობის კოლექტიური გამოცდილება ბევრმა მიიჩნია დამაიმედებლად და კათარზისულად - სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ინტელექტუალები და მშრომელები, პოსტმოდერნისტი ხელოვანები და ახალი მეწარმეები ერთად იდგნენ ბარიკადებზე.

წინა დღეს - სწორედ პოსტმოდერნულად - საბჭოთა ტელევიზიამ ალექსანდრ კაბაკოვის აპოკალიფსური სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის - „დაუბრუნებელის“ ეკრანიზაცია აჩვენა, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში წარმატებული სამხედრო გადატრიალებაა ნაწინასწარმეტყველები. თუმცა ხანდახან ცხოვრება მხოლოდ თვალის ასახვევად ბაძავს ხელოვნებას, სინამდვილეში კი ღალატობს.

მოსკოველები და პეტერბურგელები სულაც არ იქცეოდნენ ბოლო ჟამის ადამიანებივით - ისინი თავიანთ „უსრულ აწმყოს“ იცავდნენ. ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ირონიულად შენიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თეატრალური აუცილებლობა იყო: ბარიკადების მშენებლებს ყოველდღიური რუტინა მობეზრდათ, განიხიბლნენ, ახალმა, ამაღელვებელმა, სარისკო წამოწყებამ კი მათ წარმოსახვა გაუღიზიანა.

საბჭოთა კავშირის დასრულება საყოველთაოდ აღიქვეს საბჭოთა ერთობისა და ერთიანი საბჭოთა კულტურული ტექსტის დაკარგვად - იმ უმთავრესი ნარატივის, რომელიც თავისებურ კონფორმიზმსა და დისიდენტობის თავისებურ ფორმას წარმოქმნიდა. სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების ახალ, პოსტსაბჭოთა პრესაში ასახულ დანაკარგის ამ განცდას ან ერთგვარი აღფრთოვანებით ხვდებოდნენ, ან ერთგვარი გლოვით, თუმცა ცხადი არ იყო, მაინც რისგან შედგებოდა პირველ რიგში ეს კულტურული ტექსტი. 

1970-80-იანი წლების მოსკოვის ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პოეტი და არტისტი დმიტრი პრიგოვი საბჭოთა კავშირის დაშლას იმ რუსული სამყაროს დასასრულად აღიქვამს, რომლის ცენტრშიც კულტურა იყო მოქცეული; აღიქვამს რუსული ლიტერატურის მკითხველების წარმოსახვითი ერთობის დასასრულად. ირონიულად შენიშნავს, რომ „მწერლები, რომლებიც რუსეთის ევროპეიზაციისათვის იბრძვიან, მწერლები, რომლებსაც ბოლომდე კეთილშობილური და პროგრესული იმპულსები ამოძრავებთ... საკუთარი ხელით ითხრიან საფლავს, ან, თუ გნებავთ, მშვენიერ საუკუნოვან ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. შედეგი ის იქნება, რომ რუსული ლიტერატურა სრულად გაქრება, როგორც თუნდაც მცირე მნიშვნელობის მქონე სოციოკულტურული ფენომენი“.

პრიგოვის შემოქმედებაში უამრავი რუსული მითი თუ საბჭოთა ფოლკლორის ნიმუშია თავმოყრილი. ვის აღარ ვნახავთ პერსონაჟებს შორის: მის ალტერ-ეგოს, პოეტ დმიტრი ალეკსანიჩს, მარტოსულ პოლიციელებს, რომლებიც ლუდს სვამენ მწერალთა სახლში და მენაგვეებს, რომლებსაც მისტიკური გამოცხადებები აქვთ. მისი ნაწარმოებები სავსეა საბჭოთა ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთებით, რუსული კულტურული ტექსტიდან ნასესხები თუ მოპარული რელიკვიებითა და ციტატებით პუშკინიდან სოლჟენიცინამდე. რუსული კულტურიდან ხშირად იხმობს პოეტის მითურ სახეს - მას, ვინც მეორე ხელისუფალი, ერის სინდისი უნდა იყოს.   

დაწვრილებით

პრიგოვის ყოველდღიურ ენაში ერთგვარად გაზავებულია პოეტური მეტაფორები, სლოგანები, ლიტერატურული კლიშეები. პოეტურ რიტმს ხშირად არღვევს - არა ავანგარდული მანერით, არამედ ისე, თითქოს რაღაც ხმამ ან ყოველდღიური ყოფის ქაოსმა შეაწყვეტინა. მისი პოეტური სტრიქონი დაუმუშავებელი და დაუსრულებელი რჩება - თითქოს პოეტმა და მისმა თანამოსაუბრემ მოულოდნელად ინტერესი დაკარგეს. თუმცა გულწრფელობის იდეა, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსულ კულტურულ თვითიდენტიფიკაციაში - ფონვიზინიდან და დოსტოევსკიდან ევტუშენკომდე - ძვირფასია პოეტის გულისათვის. ეს „ახალი გულწრფელობაა“ - გულწრფელობა ბრჭყალებში - ერთადერთი, რაც წესიერ გადარჩენილს დარჩენია პოსტსაბჭოთა სინამდვილეში.

ხანდახან პრიგოვი რუსული ლიტერატურის გამქრალი იმპერიის უკანასკნელი მარტოსული პოლიციელის როლს თამაშობს. მისი წიგნები, რომლებიც ახლა იბეჭდება, 70-იანი წლების სამიზდატის აკრძალული გამოცემების სტილიზებულ ვარიანტებს წააგავს.

და მაინც, პრიგოვის იმპერიული ნოსტალგია ირონიულია.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავარჩიოთ ნოსტალგიის ნიუანსები და ბოლომდე არ დავგმოთ ის ისტორიისა და პროგრესის სახელით.

ნოსტალგია (nostos სახლზე მიგვითითებს, algia - მონატრებაზე) უკავშირდება მოგონებებს, პირად ურთიერთობებსა და მათი გააზრების საშუალებებს. პირობითად, მის ორგვარ სახეს გამოვყოფ. პირველი - უტოპიური ნოსტალგიაა დიდი სამშობლოს აღდგენაზე ოცნებით. „რუსეთი, რომელიც დავკარგეთ“ - ერთი ახალი ფილმის სახელი რომ გავიხსენოთ... მეორე სახის ნოსტალგიისთვის კი მთავარი მონატრებაა - უფრო სურვილი, ვიდრე სურვილის ობიექტი. ამ ირონიულ ნოსტალგიას ბევრი პოსტსაბჭოთა ხელოვანის, ანდერგრაუნდის ყოფილი წევრის ნამუშევრებში ვხვდებით. რეკონფიგურაციის შედეგად ისინი საინტერესო კულტურულ ჰიბრიდებს გვთავაზობენ - საბჭოთა კიჩისა და ტოტალიტარულ სახელმწიფოში გატარებული ბავშვობის მოგონებებისა, რასაც მხატვრობასა და კონცეპტუალურ ხელოვნებაში ვხედავთ; ავანგარდული ტექნიკებისა და კომერციული სტილიზაციებისა, რაც ყველაზე კარგად საავტორო ტელეგადაცემებში ჩანს... ოცი წლის არტისტები ბრეჟნევის ეპოქის ანდერგრაუნდის ვეტერანების ირონიული პალიმფსესტების წინააღმდეგ ილაშქრებენ და რუსულ ავანგარდს უბრუნდებიან, ან რაღაც ისეთისკენ იხედებიან, რასაც, პრიგოვთან ერთად, „ახალ გულწრფელობას“ უწოდებენ.

მართალია, ახალ რუსეთში კულტურა აღარ თამაშობს მთავარ როლს ეროვნულ თვითიდენტიფიკაციაში, მაგრამ მას ნამდვილად არ უდგას ბოლო დღეები. რუსული დემოკრატიული პრესა და ახალი სატელევიზიო გადაცემები მნიშვნელოვან სივრცეს სთავაზობს არტისტებსა და ინტელექტუალებს. ეს მედია რუსული კულტურისა და პოსტმოდერნული ხელოვნების ზოგიერთ ტრადიციას აგრძელებს - მწარე სატირით, თამამი საგამოძიებო რეპორტაჟებით, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, მაღალ და დაბალ კულტურებს შორის საზღვრების გაუქმებით.


ტექსტის მეორე ნაწილი

logos
ფოტო: Poklekowski/Ullstein ფოტო, Getty Images

თარგმანი: ირმა ტაველიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა