
სანტა – ნუგზარ ზაზანაშვილი
მოგესალმებით, პატივცემულო ჟიური, ოპონენტებო და დამსწრე საზოგადოებავ. დღეს, ამ მშვენიერ აუდიტორიაში, ჯერაც შერჩენილი სადღესასწაულო განწყობით იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საბოლოოდ მოვფინოთ ნათელი ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს – არის თუ არა პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი სანტა-კლაუსი.
პირადად ჩემი მოსაზრება, ბატონებო, არაორაზროვანია. სკეპტიკოსთა, იმედგაცრუებულ ბავშვთა და ყველა ჯურის ურჯულოთა გასაგონად, ხმამაღლა ვაცხადებ, ეჭვის იოტისოდენა წვეთის გარეშე: დიახ, სწორედ ისაა სანტა-კლაუსი. არ დაგაბნიოთ ფსევდონიმებმა და ალტერ ეგოებმა. წმინდა ნიკოლოზი, კრის კრინგლი, თოვლის ბაბუა (აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, გზა-კვალის ასაბნევად თოვლის პაპად რომ ასაღებს თავს), დედ მოროზი (ბნელ ოთხმოცდაათიანებში, რუსეთში ავტორიტეტის მოსაპოვებლად მიღებული სახელი), ანდა უბრალოდ სანტა (ო, წმინდა უბრალოებავ!) – ყველა ამ ლიტერატურულ, კრიმინალურ თუ ყოფით ნიღაბს მიღმა, ერთი სუბიექტი – ნუგზარ ზაზანაშვილი იმალება.
დიდი კონსპირატორი, ჩუმი და ფრთხილი მოთამაშე, ბატონი ნუგზარი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდა, გაეცურებინა მკითხველი საზოგადოება. ცოდვა გამხელილი ჯობს, ბატონებო, და არც საზოგადოება გამოირჩეოდა საკმარისი გულისხმიერებითა და გამჭრიახობით. დაახლოებით ერთი წლის წინ სანტა ნუგზარმა გამოსცა წიგნი, რომელიც შესაძლებელი იყო, იმთავითვე გადამწყვეტ მტკიცებულებად ქცეულიყო ჩვენს რთულსა და ჩახლართულ საქმეში. თუმცა, ორიოდე განსაკუთრებით გულმოდგინე გამომძიებლის გარდა, ესოდენ აშკარა სამხილს ყურადღება არავინ მიაქცია. რომ არა იმ ორიოდე კოლეგის გარჯა, წარმოუდგენელი იქნებოდა, დღეს, თუნდაც თითქმის ერთწლიანი დაგვიანებით, საბოლოოდ გაგვერკვია საქმის ვითარება და ერთადერთი, უტყუარი დასკვნა გამოგვეტანა.
მაშ ასე, კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სამხილები. მათი რაოდენობა კი საახალწლო საჩუქრებისას არ ჩამოუვარდება! დახედეთ თუნდაც ჩვენ მიერ ნახსენები წიგნის ყდას. ის ხომ „საახალწლო“ თუ „საშობაო“ ფერებითაა გაწყობილი და ყველაზე მეტად სანტა-კლაუსის თეთრ-წითელ ქუდს მოგვაგონებს.
მეორე, უტყუარი სამხილია წიგნის სათაური, რომელიც აქამდე განზრახ არ მიხსენებია. განა, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი პოეტი რომ ყოფილიყო ნუგზარ ზაზანაშვილი, წიგნს „მექანიკურ როიალს“ დაარქმევდა?! რა თქმა უნდა, არა! რა არის ეს სათაური, თუ არ მინიშნება იმ უამრავ სათამაშოზე, ნაირ-ნაირი საშობაო-საახალწლო მელოდიით რომ გვიხალისებს ცხოვრებას?! „მექანიკურ როიალში“ გვხვდება ტექსტები, რომლებიც სანტას, პრაქტიკულად, სრულყოფილ აღიარებით ჩვენებებად შეიძლება მივიჩნიოთ. მიაქციეთ ყურადღება სანტასთან პორტრეტულ მსგავსებას, რომელსაც ნუგზარ ზაზანაშვილი რამდენჯერმე უსვამს ხაზს.
„როგორ გამითეთრდა წვერი,
როგორ გამეზარდა ღიპი!“
არც ის გამოგრჩეთ, რომ თოვლზე პოეტი მხოლოდ აღფრთოვანებით საუბრობს:
„თოვლმა დაახურა! –
შავ ჯიპებს
თეთრი სვანური ქუდები
დაახურა“...
და ბოლოს, როგორ მოგწონთ ტაეპი:
„მგზავრობა მომწონს
და სულ ახალ გასვლებს მოველი!..“
მგონი, აქ დასამატებელიც არაფერია. თოვლის მოყვარული, წვერგათეთრებული, ღიპიანი ბატონი, რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა და სულ გამგზავრების მოლოდინშია. სრული სურათისათვის, ალბათ, სადმე ლექსში „ჰო-ჰო-ჰო“ უნდა დაეწერა. და თუ ასეთი მინიშნება, გნებავთ, ალუზია ამ სანტასეულ რეპლიკაზე მართლა გჭირდებათ, კრებულის ორმოცდამეორე გვერდი ნახეთ („...ა-პა-პა-პა...“). მგონი, უბრალოდ შეუძლებელია, ერთხელ მაინც წაიკითხო „მექანიკური როიალი“ და არ დარწმუნდე, რომ მისი ავტორი ჭეშმარიტად სანტა-კლაუსია. უბრალოდ წარმოუდგენელია, ვინმე სხვა იყოს ავტორი ამ საოცარი ტექსტებისა, რომელიც, თუ შეკრებილი საზოგადოება პათეტიკას მომიტევებს, „დღესასწაულის სულითაა“ გაჟღენთილი.
დღესასწაულს კი მუდამ თან ახლავს სევდა, განსაკუთრებით, შობის დღესასწაულს. სწორედ ეს გრძნობები – სევდა, თანალმობა, სიხარული, იმედი – დახვეწილად, მინიმალისტურად და, ამავე დროს, ყოვლისმომცველადაა გადმოცემული ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულში. ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ასე ზუსტად შერჩეული ინტონაციით, საოცარი გემოვნებით, იუმორით, ირონიითა და თვითირონიით ყველა ზემოთ ნახსენები თემა მოეცვას. მეტიც, შეუძლებლად მიმაჩნია, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა შეძლოს. „შობის სულს“ ასე ჩასწვდეს, მხოლოდ ნამდვილ სანტას ძალუძს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ დაგარწმუნეთ ჩემი პოზიციის სისწორეში. ზემოთ მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია საბოლოო განაჩენის გამოსატანად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის!