გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სარა მესა ნაიარევი ესპანელი მწერალი რეცენზია ლიტერატურა გამომცემლობა ინტელექტი

ტრავმიდან ტრანსფორმაციამდე | სარა მესას „ნაიარევი“

ძალიან ცნობისმოყვარე იყო საიმისოდ, რომ ერთ არსებობაში დატეულიყო

- სარა მესა

სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული თხრობის სტილით. მისი შემოქმედება იკვლევს სოციალური იზოლაციის, ადამიანის დაუცველობის, ტრავმისა და ურთიერთობების კომპლექსურობის თემებს. 2015 წელს ესპანეთში გამოცემული რომანი „ნაიარევი“ ქართულად ლანა კალანდიამ თარგმნა.

სარა მესას „ნაიარევი“ ერთი შეხედვით მანიპულატორისა და მისი მსხვერპლის ამბავია, თუმცა მთელი ნარატივი, რომელზეც წიგნი იგება, ამბის მხოლოდ ერთი შრეა და თუ ქვეტექსტებს ღრმად ჩავყვებით, ამ ურთიერთობის თავად მწერლისეული შეფასება გაგვახსენდება, რომელსაც ის „ურთიერთგაცვლას“ უწოდებს, ანუ მატერიალური ნივთი ემოციის სანაცვლოდ.

ამბავიც აქედან იწყება...

სონია ახალგაზრდა ქალია, რომელიც ლიტერატურულ ფორუმზე იდუმალებით მოცულ კაცს გაიცნობს, რომლის ფსევდონიმიც კნუტ ჰამსუნია.

ბუნებრივია, მათი ურთიერთობაც ლიტერატურასა და წიგნებზე საუბრით იწყება. წლების განმავლობაში კნუტი სონიას სხვადასხვა ავტორის წიგნებს უგზავნის, მისი ერთადერთი სურვილი კი ამ წიგნების განხილვა და მათზე მსჯელობაა, რომელიც  თანდათანობით სონიას ვალდებულებად იქცევა.

„დაიბადო ამ გონებით და ასეთი ცხოვრების მეტი არაფერი გაგაჩნდეს. შენი გონება და გარემო, რომელიც მხოლოდ ვულგარულობაა. აღარაფერი გრჩება, თუ არა ყველაფრის უარყოფა. შიგნიდან ყველაფრის დანაღმვა, განადგურება. თავის საკუთარ სახელსაც კი უარყოფდა, ჩვეულებრივ სახელს, როგორიც ყველას აქვს.“

რომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არჩევანის იდეაა. სონია სულაც არ არის პასიური მსხვერპლი, ის თავიდანვე გააზრებულად თანხმდება შეთავაზებულ „ურთიერთგაცვლას“.

საგულისხმოა ისიც, რომ სონია ვერდუსთან დაოჯახების შემდეგ კნუტთან მიმოწერასა და ურთიერთობას წყვეტს, თუმცა თავადვე ბრუნდება ამ დაუსრულებელ ციკლში. ეს არჩევანი ერთი მხრივ კნუტთან მიჯაჭვულობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი შინაგანი ტრანსფორმაციის სურვილზე.

„პატივმოყვარეობა, სხვა ადამიანისგან უკიდურესობამდე მისული ყურადღების ცენტრში ყოფნის მიმზიდველობა. წარმოიდგინე, რომ ვიღაც ადამიანი გჩუქნის ამ ყველაფერს ისე, რომ არ გითხოვია. სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. უბრალოდ გჩუქნის. მხოლოდ იმიტომ, რომ გასიამოვნოს. რატომ იღებ, იმიტომ იღებ, რომ აქ ხარ იმისთვის, რომ მიიღო.“

სწორედ სონიას ეს არჩევანი ართულებს რომანში მხოლოდ მანიპულაციაზე მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ კნუტის ქმედებები აკვიატებასა და კონტროლს მოიცავს, ცხადია, რომ მხოლოდ ეს ვერ განსაზღვრავს სონიას გადაწყვეტილებას დამალოს თავისი გულწრფელი დამოკიდებულებები და ემოციები, სონია კნუტის საშუალებით საკუთარ თავს ებრძვის. ამიტომ რთულია ეს ყველაფერი შეფასდეს მხოლოდ მანიპულატორისა და მსხვერპლის ისტორიად, ეს ორი ადამიანის ამბავია, რომლებიც  საკუთარი ემოციური მოთხოვნილებებისთვის მიმართულების მიცემას ცდილობენ, რაც ხშირად წინააღმდეგობრივი და თვითდესტრუქციული გზით ხდება.

როგორც აღვნიშნეთ, მწერალს სონიასა და კნუტის ურთიერთობის აღსაწერად შემოაქვს ტერმინი „ურთიერთგაცვლა“. ეს კონცეფცია მრავალი მნიშვნელობითაა დატვირთული: გარეგნულად ის ეხება ხელშესახებ საჩუქრებს, წიგნებს, სუნამოებს, ძვირადღირებულ ტანსაცმელს, რომლებსაც კნუტი კომერციული სავაჭრო ცენტრებიდან იპარავს და სონიას საჩუქრად უგზავნის, რაც მატერიალური გაცვლის ფორმაა და  შემდგომში სონიაზე კონტროლის დამყარების მექანიზმიც. თუმცა, ეს საჩუქრები მოიაზრებს მათ შორის ემოციების გაცვლასაც. კნუტი სონიას აძლევს ყურადღებას, თვითრწმენას, დამაჯერებლობას, მოტივაციას, სონია  ამაზე თანხმდება და საპასუხოდ კნუტს თავისივე პიროვნების ტრანსფორმაციის შესაძლებლობას სთავაზობს.

ეს ორმაგი გაცვლა - მატერიალური და ემოციური - ართულებს ურთიერთობას და აბუნდოვანებს საზღვრებს მანიპულაციურ ქმედებებს შორის.

კნუტის მიერ მოპარული საჩუქრები არ არის მხოლოდ ნივთები იმდენად, რამდენადაც ყოველი ნივთი გაცემის აქტის მნიშვნელობის მატარებელია, ამასთან, კაპიტალიზმთან დაპირისპირებული ქურდობა ამ სისტემისგან გათავისუფლების ბერკეტსაც წარმოადგენს.

ნივთების მოპარვით კნუტი უარყოფს იმ აზრს, რომ ღირებულება უნდა განისაზღვრებოდეს ფულით. ეს არის გზა კნუტისთვის, დაუპირისპირდეს კაპიტალისტურ სტრუქტურებს, რომლებიც ინდივიდებს მომხმარებლებად და მწარმოებლებად ყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ სონიამ იცის კნუტის საქმიანობის შესახებ და ამაზე თანახმაა, ფაქტია, რომ ის ამ „აჯანყების“ თანამონაწილე ხდება.

„ბურჟუაზიული სისტემიდან გაქცევა, უპირველეს ყოვლისა, საკუთრების პარადიგმის ცვლილებას ეფუძნება. ვის ეკუთვნის მატერიალური საკუთრება? ვის აქვს უფლება ფლობდეს ან მოითხოვოს მისი ფლობა?“

დროთა განმავლობაში, მათი ურთიერთობა იქცევა წინააღმდეგობად იმ სამყაროს მიმართ, რომელიც ხშირად ადამიანებს საკუთრების ფლობის მიხედვით აფასებს და არა იმით, თუ რას წარმოადგენენ პიროვნულად.

რომანის კიდევ ერთი მთავარი ხაზი სონიას მუდმივ არაკეთილსინდისიერებაზე გადის. სონია ყოველთვის ამბობს კნუტთან, რომ მას მოსწონს მიღებული საჩუქრები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნივთი მასში ზიზღსაც კი იწვევს და საბოლოოდ თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში  ჰყიდის. სონიას მიერ არჩეული ეს დისკომფორტი, გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, მიანიშნებს მის პიროვნულ უუნარობაზე, იყოს მართალი საკუთარ სურვილებსა და შინაგან ხმასთან. ეს ვერ იქნება მხოლოდ კნუტის მანიპულირების შედეგი, ეს სონიას ინტერნალიზებული ბრძოლის სიმპტომია, რათა შეძლოს საკუთარი თავის პოვნა, რის გამოც, რამდენჯერმე თავადაც სცდის ქურდობას.  სონია ვერ ახერხებს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, რასაც ერთდროულად განაპირობებს შიში, სოციალური მდგომარეობა და ემოციური დისბალანსი.

„თვალთმაქცობდა, რომ მისი ნახვა სურდა. თვალთმაქცობდა, რომ ტყუპისცალივით ჰგავდა, თვალთმაქცობდა, რომ დედაა. თვალთმაქცობს, რომ შვილია. თვალთმაქცობს, რომ დაა. თვალთმაქცობს, რომ განცვიფრებულია. თვალთმაქცობს, რომ გაბრაზებულია.“

თუმცა, სიტუაცია რომანის ბოლოს იცვლება. სონიას გადაწყვეტილება მალულად გაყიდოს საჩუქრები, კნუტისთვის გარდამტეხი  ხდება.  ეს არის ჩუმი აჯანყების აქტი, მომენტი, როდესაც სონია საკუთარ ცხოვრებაზე თვითკონტროლს იწყებს. სიმართლის გაგების შემდეგ, კნუტი ქრება სონიას ცხოვრებიდან,  წასვლა ნიშნავს საბოლოო რღვევას, რაც მტკივნეულია, მაგრამ ამასთან ერთად, სონიას თვითდამკვიდრების ერთადერთი საშუალებაა, რითაც შინაგანი ტრანსფორმაციის კრიტიკულ წერტილს უახლოვდება.

„ფეხსაცმელი, რომელიც იყო დაპირება - ფანტაზია, თავისუფლება და მშვენიერება - ახლა სხვა არაფერია, თუ არა ძვირიანი ფეხსაცმელი.“

„ნაიარევი“ ტრანსფორმაციისა და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების პარადიგმაა. რომანში საუბარია არა უბრალოდ მანიპულატორსა და მსხვერპლზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ აყალიბებს ურთიერთობა პიროვნებას. სონიას მოგზაურობა, თუკი ასე შეგვიძლია ვუწოდოთ, არის საკუთარი თავის აღმოჩენისკენ მიმავალი გზა,  სადაც ფეხდაფეხ მიჰყვება კნუტი და სწორედ მისი დახმარებით თუ ზეგავლენით სონია ამ სამყაროში თავის ხმას პოულობს და საკუთარი თავის მოსმენას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ კნუტთან მისი ურთიერთობა წინააღმდეგობებით სავსე და შემაშფოთებელია, სწორედ ეს ურთიერთობა იქცევა შემდეგში სონიას პიროვნული ზრდის კატალიზატორად.

აუცილებელია ვისაუბროთ რომანის სიმბოლურ სახელწოდებაზეც. ნაიარევი შეიძლება მოიაზრებდეს ფსიქოლოგიური მანიპულაციის აბსტრაქტულ ნიშნად, თუმცა, სონიას სხეულზე არსებული ნაიარევი კნუტისთვის რეალობის ერთადერთი დასტურიც ხდება.  რომანის პროტაგონისტები  წლების განმავლობაში მათ მიერ შექმნილ წარმოსახვით, ილუზორულ სამყაროში ცხოვრებენ და ურთიერთობენ, წარმოსახვა მძლავრია, თუმცა რეალობისგან გასაქცევად მხოლოდ დროებითი თავშესაფარი.

„ნაიარევი, შენი გონჯი ნაიარევი. დავინახე და გითხარი, შემდეგ კი ვინანე. ახლა ვხვდები, რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ნიშანს. არც მეტი, არც ნაკლები — იმ სინამდვილის დასტური იყო, რომლის შენიღბვასაც ჯიუტად ვცდილობდი.“

იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვო, ერთხელ მაინც უნდა დაკარგო. სონიას პიროვნება ირღვევა, იშლება და საბოლოოდ განცდილი ტკივილისა და გამოცდილების საფუძველზე  ხელახლა ყალიბდება.

სარა მესას „ნაიარევი“ კომპლექსური გამოკვლევაა იმისა, თუ როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ საკუთარი თავი საზოგადოების მოლოდინების მიღმა და როგორ სწავლობს ადამიანი საკუთარი არსებობის დამტკიცებას მანიპულაციისა და კონტროლის პირობებში.

ავტორი: თამარ მღებრიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა