გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საუბარი მშვიდობის მშენებლობასა და მშვიდობის მშენებლებზე


დისკუსიას უძღვება ნათია ჭანკვეტაძე, მასში მონაწილეობენ: ელიკო ბენდელიანი (ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი), მიშა ჯახუა (ბერგჰოფის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი), ზურა წურწუმია (მკვლევარი)

ნათია: მშვიდობის მშენებლობა, მშვიდობის მშენებელი – ამ სახელებზე ხშირად ვფიქრობთ ხოლმე. რამდენად ორგანული და მისაღებია ეს იდენტობა ჩვენთვის, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ? მახსოვს, ამ პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მითხრეს ერთხელ: არა, ჩვენ არ ვართ მშვიდობის მშენებელი. პასუხმა დამაფიქრა. ინგლისურად peace builder ძალიან ჩვეულებრივი ტერმინია, ხშირად იყენებენ, ჩვენთან კი ერიდებიან.

დავფიქრდი იმაზეც, როგორ აღგვიქვამს და რას გვარქმევს დანარჩენი საზოგადოება ჩვენ, ვინც მშვიდობის მშენებლობაზე ვმუშაობთ? როგორ ფუნქციონირებს თავად ეს სფერო? საერთოდ რატომ ვმუშაობთ მშვიდობის მშენებლობაზე იმ საზოგადოებაში, სადაც ფიქრობენ, რომ კონფლიქტების მოგვარების შანსი უახლოეს მომავალში არ გვაქვს? ამ ერთი შეხედვით რიტორიკული კითხვებით მინდა დავიწყოთ დისკუსია. 

ელიკო: ჩემთვის ეს კითხვა ადრეც დაგისვამს და მახსოვს, პირველმა მე გიპასუხე, არ ვარ მშვიდობის მშენებელი-მეთქი. ამ თემაზე მას მერე ბევრი ვიფიქრე, მე არც კონფლიქტოლოგი ვარ, რადგან ეს უკვე აკადემიური სივრცეა, რომლის ნაწილიც არ ვარ. რა მქვია ამ სფეროში – ეს სულ დიდი დილემა იყო ჩემთვის, სანამ ერთ ფორუმზე ერთი გოგოს ფრაზა არ დამამახსოვრდა, მე სამშვიდობო აქტივისტი ვარო. ეს ტერმინი ავიტაცე, რადგან მგონია, ჩემს საქმიანობას ეს უფრო შეესაბამება, მშვიდობის შენება იმდენად კომპლექსური პროცესია, რომ მე გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ვამბობ, რომ ვარ სამშვიდობო აქტივისტი.

მიშა:  მეც მაქვს ასეთი დილემა. იურისტი ვარ და ამ საქმიანობიდან და პროფესიიდან ბოლომდე განზეც არ ვდგავარ. მომწონს ელიკოს ტერმინი – სამშვიდობო აქტივისტი, მაგრამ ამ ტერმინსაც „აქტივისტი“ ჩვენთან ფასი დაეკარგა, ან არასწორად არის აღქმული და ძნელია გამიჯვნა პოლიტიკური პროცესებისგან. ამიტომ ჩემთვის მშვიდობის მშენებელი უფრო ზუსტია. ნამდვილად მრჩება განცდა, რომ ის ხალხი, ვინც ჩემ ირგვლივაა და ამ თემაზე მუშაობს, ქმნის ხელშესახებ მშვიდობას.

eegs

ზურა: მე არც მშვიდობის მშენებლად მივიჩნევ თავს, არც მშვიდობის აქტივისტად, განა იმიტომ, რომ ტერმინებს არ ვეთანხმები, უბრალოდ ჩემს წარმოდგენაში მშვიდობა თითქმის აღარ არსებობს იმ მხრივ, რომ ჩემი საქმიანობა ძირითადად კვლევაა და თავს მკვლევრად უფრო ვხედავ. მკვლევარმა იცის, რომ რასაც ის გამოიკვლევს, ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოიყენონ. არ მაქვს იდეაფიქსი, რომ ჩემი კვლევები მაინცდამაინც მშვიდობის დამყარებას დაეხმარება. დისტანცირებულობა მეხმარება კიდეც ობიექტურობის შენარჩუნებაში. რასაც მე ვიკვლევ, შეიძლება ჟირინოვსკიმაც გამოიყენოს და დედა ტერეზამაც. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ მშვიდობას მოხმარდება და არა დაძაბულობას, ამიტომ ვისურვებდი, პირველ რიგში, დედა ტერეზასთან მივიდეს ეს შინაარსი.

ელიკო: ცოტა ხნის წინ ვამბობდი, ვინც ამ სფეროში ვმუშაობთ, იმდენად ვართ შეპყრობილი შიშით, რომ მეორე მხარეს მყოფი ადამიანები არ დავაზარალოთ, ძალიან მწირ ინფორმაციას გავცემთ ჩვენი საქმიანობის შესახებ-მეთქი, შესაბამისად, არც საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ჩვენი სფეროსა და საქმიანობის შესახებ. მე მგონია, რომ უფრო იმედიანად უნდა ვილაპარაკოთ, ადამიანები არიან განწყობილი ძალიან პესიმისტურად ამ თემის მიმართ და, მე მგონია, რომ იმიტომ ვმუშაობ ამ სფეროში, რომ მჯერა, რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ შეიძლება და ალბათ სხვებსაც უნდა დავაჯეროთ და ეს ოპტიმიზმი უნდა გადავდოთ.

ნათია: რეალურად, ამ საქმეში გამოუსწორებელი ოპტიმისტები მოდიან ხოლმე.

მიშა: მეორეა, რომ თუკი კონფლიქტებზე მუშაობ, ეს ზოგჯერ სხვებისთვის ნიშნავს, რომ შენ ხარ ვალდებული, დაიბრუნო ტერიტორიები. და თუკი ამ დროს იტყვი, რომ წარსულის გადააზრებას ცდილობ, იწყებენ: „წარსული უნდა ჩავხსნათ – უნდა ვუყუროთ მხოლოდ მომავალს, მარტო ამას აქვს პერსპექტივა“. ამიტომ ვხედავ, რომ უმეტესად ეს ორი დაკვეთა დომინირებს ხოლმე: ერთი, რომ უნდა დავაბრუნოთ ტერიტორიები და მეორე, აზრი არ აქვს წარსულზე საუბარს. ამიტომ, ჩვენი აღქმა და საზოგადოების მოლოდინი ძალიან სცდება ერთმანეთს.

ნათია: როგორ ვურთიერთობთ ძალაუფლებასთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან? ის ადამიანები, ვინც მუშაობენ უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, მათ უფრო აქვთ გახსნილი სხვადასხვა სივრცე – მათ იციან, როგორ ელაპარაკონ ძალაუფლებას. იმ ადამიანებმა, ვინც მშვიდობაზე ვმუშაობთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცით, როგორ წარვადგინოთ თავი და რა ველაპარაკოთ მათ. თითქოს, ეს კომუნიკაცია საზოგადოებრივ დონეზე უფრო კომფორტულია ჩვენთვის და ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ჯობს გადავდგათ ეს ნელი ნაბიჯები რაღაც ცვლილებებისკენ, რასაც ზოგჯერ მხოლოდ ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ. თან ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული ქვეყნის და ამ ქვეყანაში მომუშავე ადამიანების ამბავი, ზოგადად სფეროს წინაშე წამოჭრილი პრობლემაა. თქვენ თუ გიფიქრიათ ამ საკითხზე?

ელიკო: მგონია, რომ ვინც მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე ვმუშაობთ, პოზიციონირებისას ყოველთვის თან გვაქვს სიფრთხილის განცდა: რამდენად სწორად გაიგებს შენს სათქმელს საზოგადოება კონფლიქტის ყველა მხარეს, მაგალითად, უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ადამიანებისგან განსხვავებით, მშვიდობის აქტივისტებს, გნებავთ, მშვიდობის მშენებლებს, ნაკლები  აქვთ ლეგიტიმაციის განცდა, რადგან ისინი ვერ გრძნობენ საზოგადოებისგან მხარდაჭერას. ჩვენ  ვსაუბრობთ შერიგებასა და დიალოგზე, საკმაოდ არაპოპულარულ იდეებზე და არ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ამ ლოგიკაში მოგვყვება. გარკვეულმა ჯგუფებმა მარტივად შეიძლება შენი პოზიციები მოღალატეობრივად შერაცხონ.  მეორე მხრივ, არის ისიც, რომ მშვიდობის მშენებლობის ველზე არ ჩანან ადგილობრივი ძლიერი მოთამაშეები. წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ წამყვანი, რადგან არ არსებობდა ინსტიტუციურად ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია. ესეც ძალიან უშლის ხელს პროცესს, სხვა საფეხურზე გადავიდეს. მედიაც ნაკლებად ინტერესდება ამ საკითხებით.

მიშა: ზუსტად ვიცი, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სრულ თანხვედრაშია სახელმწიფოს ინტერესებთან და მეტი თანამშრომლობაც ამიტომ უნდა არსებობდეს, მაგრამ მუდმივად მაქვს განცდა, რომ ვიღაც საფრთხედ აღგვიქვამს. ჩემი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაში შევცვალო რაღაც და თუ ეს საზოგადოება ვერ მიღებს, მათთვის რამის შეცვლას როგორ შევძლებ. ერთადერთი, რაზეც მიწევს ლავირება, ჩვენი და აფხაზური საზოგადოებების პოზიციებს ეხება, მაგრამ არ ვცდილობ ლავირებას სახელმწიფოს პოლიტიკური და უსაფრთხოების განწყობებსა და ჩვენს საქმიანობას შორის. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებრივი ძალაუფლება შევქმნათ, მაგრამ თუკი საზოგადოების ძირითად ნარატივს დაუპირისპირდები, ვერ შექმნი კრიტიკულ მასას, რომელიც ანგარიშგასაწევი გახდება სახელმწიფო ხელისუფლებისთვის.

ზურა: მე რასაც დავკვირვებივარ, მშვიდობის აქტივისტებზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორც მოსულელო ტიპებზე. ჩემი დაკვირვებით, ასე უყურებენ მშვიდობის პროცესში ჩართულ აქტივისტებსაც ისინი, ვინც უსაფრთხოებაზე მუშაობენ ან სახელმწიფო სტრუქტურებს წარმოადგენენ. მათი ამ დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ კონფლიქტებზე საუბარი მხოლოდ უსაფრთხოების პარადიგმაში მიმდინარეობს. ინტელექტუალური დისკუსია კი არ გვაქვს – თითქოს, წინასწარ გადაწყდა, რომ ეს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხია, და დღეს ტრენდს სწორედ ეს დამოკიდებულება ქმნის: მაგარი ბიჭები ომობანას უნდა თამაშობდნენ, ნორმალური ტიპები უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდნენ და სუსტები და გულუბრყვილოები – შერიგებასა და დიალოგზე. მეც გამჩენია იგივე აზრი, როცა ვუსმენდი ერთ ღვაწლმოსილ მშვიდობის მშენებელს, რომელიც ამბობდა, რად გვინდა თავდაცვის ბიუჯეტი, ამ თანხით აფხაზებს პენსია გავუზარდოთო. ჩვენი საქმე, შეიძლება სწორედ ასეთი განცხადებების გამო, ბევრს ემოციურ და ინფანტილურ პროცესად მიაჩნია.

პრობლემაა სამშვიდობო სფეროში აკადემიური ცოდნის სიმწირეც. საბჭოთა კავშირში ეს დისციპლინა არავის სჭირდებოდა, კონფლიქტოლოგია კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. შესაბამისად, მშვიდობის მშენებლები ინტუიტიურად და პირადი გამოცდილებით მოქმედებენ და არა აკადემიური ცოდნის საფუძველზე. მეორე მხრივ, ხედავ უსაფრთხოებაზე მომუშავე ტიპებს მკაცრად იერარქიული სისტემიდან – ტიპებს, ვინც იციან, რამდენიმე სიტყვით და ფრაზით როგორ გადმოსცენ აზრი. აბა, თქვენ შეგიძლიათ, რომელიმე კონფლიქტზე კვლევის მთავარი მიგნებები ერთ წინადადებაში ჩაატიოთ? 90 პროცენტი გარეთ გრჩება, რადგან ეს მათ არ აინტერესებთ.

ნათია: ცვლილებას სჭირდება დრო, სტრატეგიული დაგეგმვა, ფიქრი. მაგრამ არსებობს ცვლილებები, რომელთა მიღწევას რადიკალური ჩარევა სჭირდება. მშვიდობის მშენებლობის თემაზე მომუშავე ხალხს შეუძლიათ იყვნენ რადიკალურები? ამ სფეროში რა არის საერთოდ რადიკალიზმი?

ელიკო: არ არის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა პოპულარული ამ ქვეყანაში. არავის არ უნდა ამ სფეროში მუშაობა. აქ სწრაფი წარმატება არ არსებობს და საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო. მერე დგება ღირსების და სიამაყის საკითხი. აპატიე აფხაზებსო, რომ ამბობდა ზურა, მახსოვს, თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა. მერე კი მივხვდი, რომ იმათაც ჰგონიათ, რომ აქეთ უნდა მაპატიონ. ამ აზრთან შესაგუებლად კიდევ დამჭირდა ჩემს თავთან მუშაობა. ამისთვის მზად ძალიან ცოტაა და, ცხადია, შეზღუდულია იმ ადამიანების წრეც, ვინც აქ იმუშავებს.

ისიც რთული სათქმელია, შეგვიძლია თუ არა ვიყოთ რადიკალურები. ახლა შეხვედრებს როცა ვატარებთ, სულ მგონია, რომ ერთ წრეზე დავდივართ, უკვე ვიცით, ვინ რას იტყვის, ვინ რას ლაპარაკობს, სიახლეების დეფიციტია და, მით უმეტეს, რადიკალური ცვლილების. იმდენად შეზღუდულია ეს ველი, ჩვენ სადაც ვსაქმიანობთ, რომ ძალიან რთულია აქ რადიკალურობა. არ ვიცი, როგორ მოხერხდება ამ წრის გარღვევა.

მიშა: ძნელია რადიკალურობა მოვთხოვოთ მშვიდობის მშენებლებს, იმდენად ვიწრო ველი გვრჩება და იმდენად თხელ ყინულზე დავდივართ. თუმცა, მაინც მინდა ვიყოთ უფრო გამბედავები.

დავსვათ კითხვა – რა შეიძლება იყოს რადიკალური ცვლილება? ცვლილებები ხომ ორნაირად ხდება – ნელა-ნელა და რადიკალურად. რას მოიტანს რადიკალურობა პროცესისთვის? შეიძლება რაღაც გააკეთო და არაფერიც არ მოიტანოს, ან სრულიად დააშოროს საზოგადოებები და დაშალოს პროცესი. შეიძლება სჯობდეს რადიკალურობაზე ლაპარაკს, ვილაპარაკოთ გამბედაობაზე.

ზურა: თვითონ საზოგადოებაში არ არის ინტელექტუალური დისკუსია, საამისოდ საჭირო სტაბილური პლატფორმა, და მეორე – რადიკალური ნაბიჯი იქნებოდა კონფლიქტის და მთელი ამ პრობლემების თანამედროვე ტექნოლოგიებით ვიზუალიზაცია, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის, რაც არ მოძრაობს – არ ესმის. აქ რა ხდება, ან აგვისტოს ომში რა ხდება, ამის თუნდაც ქრონოლოგიური აღწერა და არქივად ქცევაც კი შეიძლება რადიკალურ ნაბიჯად ჩაითვალოს დღეს.

რაც შეეხება თვითონ კონფლიქტის შინაარსს, მე რასაც ვაკვირდები, ჩვენ დიალოგისთვის არ ვართ ჯერ მზად და ამ ეტაპზე შიდასაზოგადოებრივი დისკუსია გვჭირდება. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ნებისმიერი დიალოგი გამყოფი ხაზის იქეთ მყოფ ხალხთან უკვე ინოვაციურია იმიტომ, რომ ყველა ვარიანტში ნეგატიური გამოძახილი აქვს ხოლმე მეორე მხარის საზოგადოების მხრიდან. ვერაფერს იტყვი ისეთს, რომ ან ორივემ ტაში დაგიკრას, ან ორივემ ერთად მიწა მოგაყაროს.

რადიკალურ ნაბიჯად შევაფასებდი მაგალითად იმას, უფროსი თაობის ექსპერტები ღიად და გულწრფელად რომ მსჯელობდნენ ამ თემაზე. თუნდაც, ზუმის დახურულ რეჟიმში რომ შედგეს პაატა ზაქარეიშვილთან ერთად შეხვედრა, სადაც 30 ქართველი და 30 აფხაზი იქნება, ისაუბრებდნენ და ჩვენ მოვუსმენდით. დღეს ესეც – ადამიანების მოსმენაც სანატრელია. რადგან ამ თემაში თუ ხარ, ერთი პომიდორი ან ერთი ზეთის ბოთლი მაინც უნდა გესროლოს ვინმემ – ვირტუალურად, მაგრამ მაინც. მთავარია, რომ საუბარი არ შეწყვიტო და საჯაროობა, ღიაობა შეინარჩუნო. მშვიდობის მშენებლობაც მგონია, რომ ტოტალურ პროცესად უნდა იქცეს, მორიდება და ასეთები უადგილოა, სოციალური მედიის ხანაში ხომ საერთოდ.

ნათია: სოლიდარობაც უნდა გაიზარდოს იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ სფეროშია. საზოგადოების განწყობა უცებ არ გაიფანტება და ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან ამ თემასაც და მის ნებისმიერ ალტერნატიულ ხედვასაც, ჯერჯერობით, ტაბუ ფარავს. ადგილობრივად სფეროს პროფესიონალიზაციაც უნდა მოვახერხოთ და შევძლოთ ამ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაში დანახვა.



ფოტო: გიორგი ყოლბაია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა