გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უცნაურია მშვიდობაზე ლაპარაკი, როცა ომი არ არის

რა არის ყოველდღიური მშვიდობა ახალგორში, გალში, გორში, ზუგდიდში, თბილისში, სოხუმსა თუ ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის? - ამ კითხვის პასუხის პოვნას და ყოველდღიური მშვიდობის განმსაზღვრელი ინდიკატორების დადგენას ცდილობენ მკვლევრები პროექტისთვის „ყოველდღიური მშვიდობა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში“ 


ფარი
ტექსტი: ელიკო ბენდელიანი, მკვლევარი

„ფიქრიც არ გვინდა, – გვპასუხობდნენ ხშირად, – არც არავის გვეკითხება, მაგრამ მირჩევნია, არ ვიფიქრო, სად არის ეს მშვიდობა, ან რა შეგვიძლია ჩვენ, რას შევცვლით?“ – აქეთ გვიბრუნებდნენ კითხვებს. გამყოფ ხაზთან, სოფლებში არის განცდა, რომ ფარები არიან სხვებისთვის. თუმცა, ამას ეს „სხვები“ ვერასდროს ხედავენ.

„თქვენ რა გენაღვლებათ, ჯერ ჩვენ ვართ და მერე თქვენ, – იმეორებდნენ ხშირად, – პირველი დარტყმა ყოველთვის ჩვენზე მოდის“.

ყოველდღიურ მშვიდობაზე თითქმის ყველგან, ყოფითი პრობლემები ახსენდებათ, მაგალითად, მიუსაფარი ძაღლები. თანაც ეს გამყოფი ხაზის გასწვრივ სოფლებში, ან სხვაგან, სადაც გადაადგილების პრობლემაა, ან სერიოზული ეკონომიკური გამოწვევებია. მიუსაფარი ძაღლები აქტუალობით ისეთ საკითხებს უთანაბრდებოდა, როგორიც იყო უსაფრთხოება, „საზღვრის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავება.

ქალები და ახალგაზრდები ყოველდღიურ მშვიდობას უკავშირებდნენ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს, განათლებას, რასაც მამაკაცები არასდროს გამოყოფდნენ.

გალში გადაადგილების თავისუფლებასა და ინტეგრაციის პრობლემაზე საუბრობდნენ.

ინტეგრაციის საკითხი დევნილების თემში ძალიან ხშირად წამოიჭრება. როდესაც თავიანთ სახლებს იხსენებდნენ, თან ამბობდნენ: მინდა გადავიდე, ვნახო, საფლავი მოვინახულო, აღარ ამბობდნენ, მინდა დავბრუნდე. თითქოს იმიტომ, რომ ეს უფრო რეალისტურად ეჩვენებათ. 

ეს კვლევა ჩვენთვის არის ბიძგი, რომ ეს დისკუსია გაფართოვდეს, ადამიანებმა ამ მიმართულებით გააგრძელონ ფიქრი, მსჯელობა.


 

ბოლოს ვეკითხებოდით: როდის გრძნობთ თავს მშვიდად, სადაა მშვიდობა თქვენთვის?
ტექსტი: მარი შონია, მკვლევარი 

და გვპასუხობდნენ: მშვიდობა იქნება, როცა გადმოვიხედავ ფანჯრიდან და მავთულხლართს და ჯარისკაცებს არ დავინახავ. მშვიდობაა, სკოლაში რომ გავუშვებ ბავშვს და დაღამებამდე არ იჯდება კომპიუტერთან. ეს დაცარიელებული სოფლები რომ აივსება ისევ ქალებით და ახალგაზრდებით. ქალები ემიგრაციაში არიან სამუშაოდ, მარტო მოხუცები და კაცები დავრჩით.

საღამოს შვიდ საათზე სახლის კარებს რომ აღარ ჩავკეტავთ, მაშინ იქნება მშვიდობა. ომამდე ამ სოფელში კარი არავის ჩაუკეტავს. როცა ჩიტების ჭიკჭიკს გავიგონებ ხოლმე. საერთოდ აღარ ჭიკჭიკებენ ჩვენთან. სად წავიდნენ, არ ვიცი.

ჩვენ კომპაქტურ დასახლებაში ვცხოვრობთ ზუგდიდში და 2008 წლის ომის მერე მეზობლებმა გვითხრეს, ახლა მივხვდით, რასაც ატარებთ, ეს რა გამოგივლიათ მაშინო. ზედ არ გვიყურებდნენ იქამდე.

სროლის ხმა რომ გვესმოდა, მაშინ თითქოს უფრო ფხიზლად ვიყავით. ახლა სიჩუმის უფრო გვეშინია, იმას ვფიქრობთ, მესაზღვრეებს არ ჩაეძინოთ და ვინმე არ გადმოიპაროს იქიდან.

მშვიდობას ადამიანები მაინც ომს უკავშირებენ. და პასუხის გაცემამდე, დიდხანს ფიქრობდნენ, ან ბოლომდე დუმდნენ. 



მშვიდობა ქოოფედასია!
ტექსტი: გიორგი წულაია, მკვლევარი

უფროსი ასაკის ხალხი და ახალგაზრდები სხვადასხვაგვარად უყურებდნენ გახსენებასაც.  უფრო ასაკოვნები ამბობდნენ, ახალგაზრდებს იმ ტკივილებისგან ვიცავთო. ჰყვებოდნენ, როგორი ცხოვრება ჰქონდათ, იშვიათად იტყოდნენ რამეს მომავალზე. ახალგაზრდები კი: გვეყო წარსულზე ფიქსაცია, ისიც საკმარისია, უფროსები რომ წარსულში არიან ჩარჩენილებიო.

ბევრმა თქვა, მშვიდად მაშინ ვიქნები, ენგურს რომ გადავალ, ბებიებს, ნათესავებს ვნახავ და მერე უკან გადმოვალო. ვიღაცისთვის მშვიდობაა, იმის ფული რომ აქვს, რომ ბავშვი რეპეტიტორთან გაუშვას, ამბობდნენ, მშვიდობა სტაბილური ანაზღაურებააო. ომამდე, სუფრაზე მშვიდობის სადღეგრძელოს უცბად მოილევდნენ, ომის შემდეგ კი, ყველაზე დიდხანს მანდ ყოვნდებიან, გაშლიან, გაავრცობენ, რაღაცეებს გაიხსენებენ.

ბოლოს დააყოლებენ: მშვიდობა ქოოფედასია, ანუ მშვიდობა იყოსო!


EPI
ფოტო: თათია ცნობილაძე

ფეიერვერკის ხმა
ტექსტი: ნიკოლოზ ბაქრაძე, მკვლევარი

ფეიერვერკების ხმა, ძლიერი ხმაური ომთან ასოცირდება მათთვის, ვინც გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს. ახლაც იმის ეშინიათ, დღევანდელ სტაბილურობას არ შეექმნას საფრთხე. ამ სოფლებში   ამბობენ, ეს ეგრეთ წოდებული ანტისაოკუპაციო აქციები ჩვენთვის საფრთხეა, რადგან ასე აგრესორს მხოლოდ ვაღიზიანებთ და იმ მინიმალურ სტაბილურობასაც ვუქმნით საფრთხესო.

გორში, ქალაქში ადამიანებს უფრო აქვთ იმის საშუალება, რომ განვითარებაზე იფიქრონ, ვიდრე გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს. ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა თქვეს, გორის რაიონით არც ბიზნესი ინტერესდებაო, რადგან კონფლიქტის სიახლოვე რისკია. არის სოფლები, სადაც არ არის არცერთი მაღაზია, არცერთი აფთიაქი და ასეა წლებია. გორის სამხედრო ბაზებზეც ადგილობრივები ამბობენ, უფრო საფრთხედ მივიჩნევთ, ვიდრე სტაბილურობის გარანტადო. რადგან პირველი სამიზნე მაშინაც ბაზები გახდა.

ასეთივე ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდათ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, თან მავთულხლართებთან ახლოს რჩებიან, თუმცა სპეცრაზმის იქ ყოფნა დაცულობის განცდას უჩენთ.

„რთულია მავთულხლართების ყურება, მაგრამ როდესაც მკაფიოდაა შემოსაზღვრული ტერიტორია, ხედავ, სად ეკრძალება ადამიანს გადასვლა და ჩვენც უფრო დაცულად ვგრძნობთ თავსო“, – ამბობენ.



უცნაურია მშვიდობაზე ლაპარაკი, როცა ომი არ არის
ტექსტი: თამარა მეარაყიშვილი, მკვლევარი

ახალგორში სულ გზის გახსნაზე ლაპარაკობენ, ისინიც, იქამდე საერთოდ რომ არ გადი-გამოდიოდნენ – ეს ხალხი მაინც დაბრუნდესო. ბევრი ხალხი რომ დაბრუნდესო, თორემ სიცოცხლეც და მშვიდობაც მაშინაა, როცა ბევრი ხალხიაო. მაინც იმ ძველ დროს მიელაპარაკებიან. ბევრმა მითხრა, ამ ყველაფერს მივატოვებდი, ოღონდ ძველი დრო დაბრუნდესო. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ცხოვრება, გზა რომ თავისუფალი იყოს, მაგრამ მგონია, რომ ბევრიც არ შეიცვლებოდა. თვითონვე ამბობს ყველა, ნევროზი დამჩემდა, ამ ნევროზმა მამკლაო. მოწყენილია ხალხი.

რას დავთმობდი მშვიდობისთვისო და ზოგმა თქვა, კოტეჯს, ომის მერე რომ ავიღეო. იარაღს ჩავაბარებდიო. რო მივხვდები, მშვიდობას ეგ სჭირდება, წავალ და იარაღს ჩავაბარებო. ეხლა ჯერ არ არის მაგის დროო.

მე რა შემიძლიაო, გეტყვიან, სულ პატარა რამეებზეც მხრებს იჩეჩავდნენ. ცამეტი თუ თოთხმეტი წელი გავიდა და თითქოს ის ხალხი, ვისთანაც ვმეგობრობდით, ვმუშაობდით, გაქრნენ. სულ აღარ ვახსენებთ აქეთ. მოგონებები როგორ არ არის, მაგრამ ისინი თითქოს წარსულში დარჩნენ.

მაგრამ სოფლებში მაინცაა სილაღე, ცენტრებშია ჩაკეტილობა. ვინმემ ხომ არ დაგინახა, აქეთ რომ მოდიოდიო, – გკითხავენ. იმასთან არ გაიარო, იმას არ დაელაპარაკო, ვინმემ არ გაიგოს, რო გელაპარაკე – სოფელში ეს არ არის.

ომზე არ ლაპარაკობენ. ხელფასები არის, მთავარია, ჩუმად იყო, შენთვისო. უცნაურია მშვიდობაზე ლაპარაკი, როცა ომი არ არის. როცა შენი შვილები მოდიან შენთან. შენ შვილებთან მიდიხარ. ძირითადად პირად კომფორტს ეხება მშვიდობა. როცა არაფრის არ გეშინია. ადრე უფრო გვინდოდაო ახალგორიდან წასვლა – ზოგმა. ადრე უფრო ვფიქრობდითო, ეხლა უფრო მივეჩვიეთო.



მზის ჩასვლები

ტექსტი: მარიამ ბერიანიძე, მკვლევარი

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლოკაციებს შორის განსხვავებების და მსგავსებების აღმოჩენა იყო:

ეკონომიკურ არასტაბილურობაზე ყველგან ლაპარაკობდნენ, გამონაკლისი იყო ახალგორი. ახალგორში ხშირად ამბობდნენ, აქ იმიტომ დავრჩი, რომ მიწას ვამუშავებ, მე უფრო ძლიერად ვარ, შვილი წეროვანში ცხოვრობს, მე აქედან ვეხმარები, მინდა ჩემს შვილს აქ რამე შევუქმნაო. გზების ჩაკეტვაზეც წუხდნენ, აქ თუ მურაბა გავაკეთე და ჩემებს წეროვანში ვერ მივაწოდე, რა აზრი აქვსო. იმასაც ამბობდნენ, აქ ჩემი წინაპრების, დედ-მამის საფლავებია, ამიტომაც ვრჩებიო, მაგრამ თან ისიც აშკარად ჩანდა, რომ ახალგორში დარჩენა არ იყო წმინდა თავგანწირვა. ამბობდნენ, დანარჩენმა საქართველომ, ზოგმა სულ არაფერი იცის, ზოგს კი, ალბათ, ჰგონია, რომ აქ მუდმივ ბრძოლაში ვართ. სინამდვილეში ძალიან რუტინულია ჩვენი ცხოვრება, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავსო. თან დაცლილია დასახლება.

ზოგს ეს ერთფეროვნება სულიერ სიმშვიდესაც ანიჭებს, ზოგს კი – ფორიაქს. მშვიდობა ის იქნება, ცუდად რომ გავხდე, მეზობელი მყავდეს გვერდით, ვინც სასწრაფოს გამომიძახებსო. ბავშვები არ არიან და აქაურობა რომ მათი ჟრიამულით გაცოცხლდეს, ეგ გვაკლიაო. ზოგს უნდობლობაც აწუხებს – არ იცი, ვინ სად დაგასმენსო და მკვლევრებსაც სთხოვენ, ხომ არავინ გაიგებს, ეს მე რომ გითხარიო.

ერთფეროვნებაზე ახალგაზრდა ახალგორელები წუხდნენ განსაკუთრებით. ერთი გოგო ამბობდა, რომ მშობლები არაფერს უჭირვებენ, ყველაფერს ყიდულობენ, მაგრამ ადგილები არ არის, სადაც ივლიდა მეგობრებთან ერთად. სტილისტობა მინდა ვისწავლო, მაგრამ რაში გამოვიყენებ, ხალხი არ არის, ვისაც ვარცხნილობას გავუკეთებო.

ის დამამახსოვრდა, რომ რამდენჯერმე გაისმა სხვადასხვა ინტერვიუში: ლამაზ მზის ჩასვლას რომ შევხედავ და მესიამოვნება, ნამდვილი მშვიდობა ეგ იქნებაო. მეგონა, თბილისელი დევნილები ასე იმიტომ გვპასუხობდნენ, რომ სოხუმის მზის ჩასვლები ახსენდებოდათ, მაგრამ არა, გორშიც იგივე იყო – ვარდების ბაღში ვიჯდე, ყავას ვსვამდე და მზე ჩადიოდეს მშვიდადო. გორში კიდევ ამბობდნენ, როდესაც ქართველი და ოსი ერთად დასხდებიან სუფრაზე, მაშინ ვიტყვი, რომ მშვიდობა დადგაო.

კარალეთში კიდევ თქვეს, სახლს ვიშენებ ცხინვალის მხარეს და ხანდახან დავფიქრდები ხოლმე, ნეტავ, რას ვაშენებ, ხვალ რა იქნება, ვიციო?


ფოტო გარეკანზე: მანო სვანიძე


uk

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა