ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შემდეგ ჯერზე | ეთგარ კერეთი

საავტორო სვეტი პირველად გამოქვეყნდა ისრაელის გაზეთ Yedioth Acharonot-ში. ინდიგო გთავაზობთ ავტორისგან გადმოცემული ტექსტის ინგლისურ ვერსიას და ქართულენოვან თარგმანს.  

 

და ისევ, ათასობით რაკეტა ესროლეს ისრაელის ქალაქებს და ისევ, მეთორმეტე არხის განრისხებული სამხედრო ანალიტიკოსი ტელესტუდიიდან მოითხოვდა გამანადგურებელ რეაგირებას მომხდარზე და ისევ, შეშინებული მოქალაქეები არწმუნებდნენ ცხელ წერტილში სამუშაოდ გასულ კორესპონდენტს, რომ საჭიროა ამჯერად მაინც დავუშინოთ მოწინააღმდეგეს ყველაფერი, რაც გვაქვს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ამბავი. თითქოს მოხდა რაღაც განსაკუთრებული; რაღაც ისეთი, რაც პირველად ახლა, მოულოდნელად დაგვეცა თავში, როგორც სიურპრიზი. მედიაცნობების მიხედვით, ეს იმდენად უეცარი და ერთბაშად თავსდატეხილი მოვლენა იყო, რომ ჩვენმა მრავალნაქებმა სამხედრო დაზვერვამაც კი ვერ შეძლო ზუსტად გაეთვალა ზიანი და წინასწარ გავეფრთხილებინეთ. თითქოს მსგავსი არაფერი გვენახოს აგერ უკვე სამჯერ, წინა სამხედრო ოპერაციების დროს ღაზაში და თითქოს, კიდევ არ გველოდეს, დიდი ალბათობით, ერთ-ორ წელიწადში.

მართალია ბევრ ჩვენგანს არც კი ახსოვს, როგორ დაიწყო ეს ღამის კოშმარი, მაგრამ ყველამ ზუსტად ვიცით, როგორც დასრულდება ის: ჰამასის სარაკეტო შეტევების პასუხად, რაც კიდევ ბევრის სიცოცხლეს შეიწირავს, ჩვენ დავბომბავთ კიდევ უფრო მეტ შენობას ღაზაში, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით ვაზღვევინებთ მტერს; დავივიწყებთ ჩვენს ისედაც ნაკლოვან შეკავების სტრატეგიას და ისევ გავჟლეტთ ჰამასის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც მალევე ჩაანაცვლებენ ახლები, ჩვენ კი მათთან ერთად გავჟუჟავთ “უცოდველ” მოქალაქეებს და ბავშვებს. მსოფლიოს  დაზაფრავს პალესტინელი მოქალაქეების და ბავშვების სიკვდილი, ჩვენ კი მათ ბრალს ფარისევლობაში დავდებთ, ვიტყვით, რომ ორმაგი სტანდარტებით განსჯიან ჩვენს საქციელს; ჰააგის სასამართლო მოინდომებს გამოიძიოს მომხდარი, თუმცა ჩვენ პირველ რიგში მოვთხოვთ, ანტისემიტობა დაგვიმტკიცონ და ბოლოს, როცა მთელი ეს რიტუალი შესრულდება… ყველაფერს ისევ თავიდან დავიწყებთ. 

შიმონ რიკლინმა, მემარჯვენე ჟურნალისტმა და მედიაპერსონამ, ტვიტერზე დაწერა, რომ “ნორმალურ ქვეყანაში, ნახევარი ღაზა უკვე გადამწვარი ექნებოდათ”, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შევახსენოთ მას, რომ იმავე ნორმალურ ქვეყანაში იტამარ ბენ-გვირს არ აირჩევდნენ ქნესეთში და რასისტულ ორგანიზაცია “ლეჰავასთან” ერთად, ის არ გახსნიდა ე.წ. საპარლამენტო ოფისს, ორი პლასტმასის სკამით გაწყობილს, აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბულ უბან შეიხ ჯარაჰში. ნორმალურ ქვეყანაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ამირ ოჰანა, რომელიც გატაცებით იმეორებს ხოლმე, რომ პასუხს აგებს ყველაფერზე, მაგრამ დამნაშავე არაფერში არ არის, არ დაიჟინებდა საზღვრის სტატუსის შეცვლას აღმოსავლეთ იერუსალიმში, რათა ჩაეხერგათ დამასკოს კარიბჭის კიბეები შუა რამადანის დროს. ნორმალურ ქვეყანაში, ისრაელის პოლიცია იერუსალიმში მიმდინარე გამოსვლებს უფრო ლმობიერად უპასუხებდა, ისე, როგორც პასუხობდა კიდეც ადრე და არ დაუშენდა ხმოვან ბომბებს ალ-აქსას მეჩეთს, საიდანაც აფეთქებების ხმა მძლავრ ექოდ მოედო მერე მთელ მსოფლიოს. ნორმალური ქვეყანა დიახ, შეებრძოლებოდა ჰამასს მთელი ძალით, თუმცა არ დაივიწყებდა, რომ მსგავსი დაპირისპირება, რაც უნდა დაუნდობელი და სასტიკი იყოს, ვერ მოსპობს დაძაბულობას, გახლეჩის, განუკითხაობისა და დანაკარგის განცდას, რაც ასე მძაფრად ჩანს ლოდში, ჯაფაში და აღმოსავლეთ იერუსალიმში. ნორმალურ ქვეყანაში გააცნობიერებდნენ, რომ ამ ზიზღით სავსე ტერორს, რომელიც ბორგავს და მძვინვარებს ქუჩებში, ღრმა ფესვები აქვს და მის ამოძირკვას მხოლოდ ძალითა და დაშინებით ვერ შევძლებთ. ნორმალურ ქვეყანაში, აუცილებლად გავაცნობიერებდით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და რომ გაერთიანებული მთავრობის შექმნა, რომელშიც შევა არაბული პარტიაც, შეიძლება იყოს ნამდვილი გაერთიანებული მცდელობა პრობლემის მოსაგვარებლად ისრაელის არაბებთან ერთად - ისრაელის არაბებისთვის. 

მაგრამ ჩვენ არც ნორმალური ქვეყანა ვართ და არც საკუთარი შეცდომების აღიარება გვისწავლია. ეგ არაფერი, შემდეგ ჯერზე დავუშენთ იმდენ ბომბას, რომ დედაბუდიანად ამოვბუგოთ ყველანი და ამით დავასრულოთ ეს ამბავი ყველასთვის.