მთარგმნელის ინტერვიუ მწერალთან
ეთგარ კერეთი ისრაელელი მწერალია, რომელიც ცნობილია მოკლე თხზულებებით და გრაფიკული ნოველებით. ინდიგოსთვის ავტორს თამარ ბაბუაძე ესაუბრა.
– „არაფრის რვა პროცენტი“ გახსოვს?
– აუჰ – არა!
– მოკლედ, კაცი თავის საყვარელთან ერთად მაკლერთან მიდის, ბინა უნდათ დაიქირაონ. მაკლერს კი საყვარელი ამ კაცის ცოლი ჰგონია, ამიტომ მეორე დღეს, რაღაც საკითხის გასარკვევად, შინ დაურეკავს კაცს, ტელეფონს მისი ცოლი უპასუხებს და მაკლერიც, ვერ მიხვდება, ისე გააგებინებს მას ქმრის ღალატის შესახებ. მერე ცოლი მიდის ამ მაკლერთან, ეუბნება ბინის ყიდვა მინდაო, მაგრამ სინამდვილეში უნდა, მაკლერს გამოსტყუოს ინფორმაცია, როგორია ქმრის საყვარელი. მიდიან ბინის სანახავად და ამ დროს ორი დიდი ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს: მაკლერს სურს, რომ ბინა გაასაღოს, ქალს სურს, რომ ქმრის საყვარლის შესახებ მეტი გაიგოს. ძალიან დამუხტული, ემოციური მომენტია და უცებ ქალი ეკითხება: – ლამაზია? – ვერ შეიკავებს თავს და წამოსცდება. მაკლერი კი მონდომებული უმტკიცებს: – რას ამბობ! მარტო ლამაზი კი არაა, თავისი პარკინგიც აქვს.
არადა, ქალი ქმრის საყვარელზე ეკითხება, მაკლერს კი ჰგონია, კითხვა ბინას ეხება და მის დამატებით პლუსს აღუწერს.
რატომ? იმიტომ, რომ ებრაულ ენაში უსულო საგნების აღმნიშვნელი ცალკე ნაცვალსახელი არ არსებობს, მაგალითად, სკამი მამრობითია, მაგიდა – მდედრობითი. ბინაც მდედრობითია და ამიტომ შევძელი ამ პატარა მონაკვეთში ამ წინააღმდეგობის ჩვენება, თორემ ვხვდები – სხვა ენაზე ამის თარგმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაგრამ საკითხს ასე ვუდგები: წმინდა წიგნი კი არ დამიწერია. შინაარსი სითხეა, ნაწილი იმ ენისგან შედგება, რა ენაზეც დაიწერა, ნაწილი კი – იმ ენისგან, რა ენაზეც ითარგმნა. ენა სხვაგვარად მოქმედებს და ის განსაზღვრავს, როგორ აღიქვამ საერთოდ რეალობას.
დიდი ხნის წინ შევხვდი ერთ სკანდინავიელ კაცს, რომელმაც მითხრა, რომ მის ენაში – აღარ მახსოვს, რომელ სკანდინავიურ ენაზე მიყვებოდა – ერთი და იგივე სიტყვა უნდა თქვა იისფერზეც და ცისფერზეც, ჰოდა, თუ ბანკის ძარცვაა და ლურჯი მანქანა მიიმალა, პოლიცია მარტო ლურჯ მანქანებს კი არ აჩერებს, იისფრებსაც, რა ქნან.
მაგალითად, ებრაულში საერთოდ არ გვაქვს განგრძობითი დრო, ამიტომ, როგორც ინგლისურ ენაზე იტყვიან, მივდივარო, ჩვენ ასე არ ვიტყვით. არ ვხმარობთ ამ დროს, ესე იგი, უბრალოდ სხვანაირად აღვიქვამთ ქმედებას. ამიტომ მთარგმნელი კი არ თარგმნის, მოთხრობას თავიდან წერს. იცი, რა მგონია ზოგჯერ? რომ მთარგმნელები ნინძებივით არიან.
ნინძას არ უნდა ხედავდე, მუღამი ეგაა; თუ ნინძა დაინახე, რაღა ნინძაა. წიგნზეც ეგრეა – თუ წიგნი მოგწონს, ამბობ, რომ კარგი მწერალია. და თუ რამე ცუდი შენიშნე, ამბობ, რომ მთარგმნელი არ ვარგა.
ასეც ვიცოდი: ეთგარ კერეთის მოთხრობები ებრაულ ენაზე, როგორც ჩანს, მართლა სულ სხვაგვარად იკითხება, ვიდრე – ინგლისურად. ეს ორი დღე, რაც თბილისშია, ძალიან ბევრს ვფიქრობ მის წიგნებზე, მის გმირებზე და იმაზე, თუ როგორ ვთარგმნე. ის ეპიზოდი, მაგალითად, „არაფრის 8 პროცენტიდან“ საერთოდ არ მახსოვს. ან ინგლისურშივე შეცვლილი იყო, ან მე ჩავერიე ასე თვითნებურად – მივხვდი, რაღაც ნიუანსი ვერ გადმომქონდა სრულყოფილად და აქცენტი სხვა მიმართულებით დავსვი (თან მგონი, ძალიანაც უგერგილოდ). ახლა კი, როცა პირადად გავიცანი ეთგარი, მის ტექსტებში ასეთი ჩარევები მანაღვლებს. ეს იგივეა, ამბის მოყოლა გავაწყვეტინო, სიტყვა ჩამოვართვა და მე დავასრულო სულ სხვაგვარად (და მგონი, საკმაოდ უგერგილოდაც კი).
არ ვაზვიადებ, რადგან არიან მწერლები, რომლებიც უჩინარივით დადიან საკუთარ ტექსტებში, თითქოს კვალს არც ტოვებენ და სრულიად ახალ სამყაროებს ქმნიან, სრულიად ახალ ადამიანებს, ახალ სიტუაციებს, რომლებიც თვითონ არასდროს განუცდიათ; და ასეთ მწერლებს ოსტატობადაც ამ ახალი, უცხო განზომილებების შექმნას უთვლი – შენთან ერთად შედიან იქ, რაც მანამდე თვითონაც არ უნახავთ, ოღონდ ახერხებენ, თავად დარჩნენ წინამძღოლებად, დაგარწმუნონ, რომ ის უცხო ადგილი ზუსტად ისეთია, როგორც აღგიწერეს.
ეთგარ კერეთი კი ასეთი მწერალი არ არის. პირიქით, ეს ხმადაბალი, მაგრამ გულღია, ფრთხილად, თითქოს, შემპარავად და ძალიან დაბალ ტემბრზე, მაგრამ დიდხანს და საინტერესოდ მოლაპარაკე კაცი, ძალიან ჰგავს თავის მოთხრობებს. ყველაზე დაუჯერებელ სიტუაციაში და მისგან თითქოს ყველაზე შორს მდგომ პერსონაჟშიც კი შეგიძლია ამოიცნო. როგორც მისი მოთხრობების კითხვისას, მისი მოსმენის დროსაც, სულ გაფაციცებული უნდა იყო, ჩასაფრებულიც კი, რადგან არ იცი, როდის იბრუნებს გვერდს მისი ნაამბობი და როდის გადაიქცევა ყველაზე სევდიანიდან – ყველაზე სარკასტულ, ყველაზე დრამატულიდან – ჩაფსმამდე სასაცილო, ანდა ყველაზე გამოგონილიდან – ყველაზე ყოფით სიუჟეტად, დაახლოებით იმდენად ყოფითად, როგორიც ცხვირის ჩიჩქნა და კბილების ხეხვაა.
ასე წერს და ასე ლაპარაკობს, ზღვარი მოთხრობასა და საუბარში გამოყენებულ ფრაზებში, აზრის გადმოცემის სტილსა და ესთეტიკაში არ არსებობს და მეც, მისი გაცნობის მერე, ეტყობა, ამიტომაც გამიმძაფრდა განცდა, რომ მარტო მისი მოთხრობები კი არა, თურმე, თვითონ ადამიანი-კერეთი მითარგმნია.
იმ საღამოს, როცა „ლიგამუსის“ დარბაზში შევხვდით მკითხველებს, ვეცადე მეხუმრა და საკუთარი თავიც, კერეთიც და მკითხველიც ასე დავამშვიდე: მადლობა, თუ ეთგარის მოთხრობები ჩემი თარგმანიდან შეგიყვარდათ, რადგან იცოდეთ, ამ მოთხრობებში მეც ვარ და, ესე იგი, თუ ნახევრად არა, მეოთხედით მაინც, მეც გიყვარვართ-მეთქი. თუმცა, ამ თავის დამშვიდებამ სულაც არ გამინელა სურვილი, გავიგო, როგორია ეთგარ კერეთი საკუთარ ენაში; მე ხომ წინათ ყველაზე საწყის რამესაც კი არასწორად ვწერდი – მის სახელსა და გვარს – პირველ კრებულზე „ეტგარ კერეტი“ ეწერა; არადა, თურმე „ეთგარ კერეთი“ გამოითქმის და „თ“-ც ისეთი რბილი და თლიფინა უნდა იყოს, როგორც ესპანელები არბილებენ ენის სასაზე მიდებით და როგორიც თვითონ ეთგარსაც ეპარება ხოლმე ლაპარაკში.
მაგრამ იქით იყოს „თ“-ს სირბილე, უფრო ის მაინტერესებს, იძერწება თუ არა სულ სხვანაირად მისი იუმორისტული, სასტიკი, სენტიმენტალური თუ დაუჯერებელი სიტუაციები; მისი სევდიანი, მგლოვიარე, სასაცილო, მიტოვებული, მოღალატე, პრაგმატული, უგულო, საყვარელი, კეთილი, მგრძნობიარე, გაბოროტებული თუ გაღიზიანებული პერსონაჟები; მისი დედები, მამები, ბავშვები, გერლფრენდები, ბოიფრენდები, ჯარისკაცები, ბაღის მასწავლებლები, ავტობუსის მძღოლები, ძაღლები, მაკლერები, საქმოსნები, თვითმკვლელი ტერორისტები და მათ ტერაქტებში მოყოლილი ადამიანები სხვანაირად, როცა სულ პირველად იბადებიან თელავივში, მის სახლში და მის ენაში?
– ივრითის სლენგზე რაც იწერება, მგონი შეუძლებელია თარგმნა, რადგან სალაპარაკო ივრითის ბუნებაა ასეთი. საერთოდ, ენებს ბუნებრივი განვითარების გზა აქვთ, საუკუნეების განმავლობაში იხვეწებიან. მაგალითად, ინგლისური ავიღოთ: შექსპირს რომ მოჰკიდო ხელი და ნიუ იორკის მეტროში ჩასვა, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერავის ვერაფერს გააგებინებს, რადგან ინგლისური ენაა შეცვლილი. ივრითის ამბავი კი სხვანაირად წავიდა. ივრითი ჯერ ბიბლიაში იყო, მერე ებრაელები დიასპორებად დაიქსაქსნენ და თავიანთ ენაზე ლაპარაკი შეწყვიტეს – საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ რელიგიურ ტექსტებს კითხულობდნენ ამ ენაზე, რადგან მოწიწებით ექცეოდნენ მას, როგორც ბიბლიის ენას და ამიტომ, როცა ლაპარაკობდნენ ყოფით რამეებზე, მაგალითად – საპირფარეშო სადაა? გაკოცებ რა?! მასესხებ ოც დოლარს? – იყენებდნენ იმ ქვეყნის ენას, სადაც ცხოვრობდნენ – ვთქვათ, ქართველი ებრაელები – ქართულს ანდა სპეციალურ ებრაულ ენებს, მაგალითად, იდიშს ან ლადინოს.
ასე მოხდა, რომ ივრითი გაიყინა და საუკუნეების განმავლობაში კაპიტანი ამერიკასავით იყო გაყინული იმ დრომდე, ვიდრე ისრაელი დაარსდა და ებრაელები შეთანხმდნენ, რომ ახლა, რახან უკვე აქ ვართ ყველა, შეიძლება ჩვენს ენაზე ლაპარაკი.
მართალია, ივრითი გამოაღვიძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი ათასი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილა – ბევრი სიტყვა, რომელიც ადამიანებს ახლა სჭირდებოდათ, ბიბლიაში არ არსებობდა – მარტო ტექნიკური ტერმინები არა, არამედ მაგალითად ონკანი, ამიტომ ლაპარაკშივე, ძალიან სწრაფად უხდებოდათ სიტყვების გამოგონება. ამ სიტუაციამ განაპირობა ის, რომ შეიქმნა ენა, რომელშიც უამრავი სიტყვაა ბიბლიური და ბევრია ისეთიც, რომელიც ჩვენ შევქმენით ძალიან სწრაფად, როცა დაგვჭირდა.
მაგალითად, „ნებროთმა გარეკა“ ხომ გახსოვს? როცა ვწერდი, მივხვდი, რომ არ მქონდა ებრაული სიტყვა, რომელიც გარეკვას აღწერდა, არა – დრამატული, ნეგატიური მნიშვნელობით, არამედ უფრო პოზიტიურად, სახალისოდ. ამიტომ ავიღე „გიჟის“ აღმნიშვნელი არაბული სიტყვა და ივრითზე მისგან არსებითი ფორმის სიტყვა გამოვიგონე – ჯანანა (მაჯნუნ – ასეა გიჟი არაბულად). მერე, როცა „ნებროთმა გარეკა“ გამოვიდა და მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, უკვე ყველა ამბობდა „ჯანანა“ – ანუ გარეკაო; დღეს იოგურტებიც კი იყიდება, სახელად „ჯანანა“.
ამიტომ ჩემს მოთხრობებში სულ შეიმჩნევა ეს დაძაბულობა ბიბლიურსა და თანამედროვეს შორის. და როცა თარგმნიან, მეუბნებიან, არა, ჩვენ ორივეს ვერ გამოვიყენებთ, ან ძველ, შექსპირულ ინგლისურზე უნდა ვთარგმნოთ, ან – თანამედროვე სლენგზეო.
ჩემთან კი, ერთ წინადადებაში ორი სიტყვა ბიბლიიდანაა, ერთი – ინგლისურიდან, ერთიც – არაბულიდან. საგიჟეთია. ამიტომ ისრაელში ჩემს მოთხრობებზე რეცენზიების 90 პროცენტი თავიდან ენის კრიტიკას ეხებოდა. მხოლოდ მოგვიანებით, როცა სხვა ენებზე თარგმნეს, ალაპარაკდნენ შინაარსზე, სიუჟეტსა და გმირებზე.
– მეჩვენება თუ ამერიკულ თარგმანებში ძალიან იგრძნობა ამერიკული პოპკულტურაც, სლენგთან ერთად?
– კი, ამერიკული გამოცემები ყოველთვის მსუბუქად ამერიკანიზებულია, ხშირად მთხოვენ, პერსონაჟის სახელი შევცვალო. მაგალითად, თუ გმირს ხაიმი ჰქვია, მეტყვიან, რომ რამე სხვა სახელით ჩავანაცვლო, რომელიც ისრაელურადაც ჟღერს და არც ამერიკელებს გაუჭირდებათ გამოთქმა. ევროპელი რედაქტორები არასდროს ცდილობენ, რამე შეცვალონ ტექსტში, პატივს სცემენ მწერალს, ამერიკელები კი ზოგჯერ სხვაგვარ ფინალსაც მთავაზობენ, რადგან ასეთი მიდგომაა – ჩვენ ერთად ვართ ამ საქმეში, ერთად ვცდილობთ, რაღაც გამოგვივიდეს. მაგრამ ხშირად ეს ჩარევა სულ არაა ცუდი – რადგან ისედაც არ მიყვარს ისეთი წიგნები, თანდართულ სქოლიოებში რომ უნდა ირბინო აზრის გამოსატანად; სადაც, ვთქვათ, წერია, რომ ქართული კულტურა ასეთია და ასეთი – ეს გადახვევები ყოველთვის გაგდებს კითხვის პროცესიდან. მე ბიბლიას კი არ ვწერ; ვწერ იმიტომ, რომ ხალხთან მინდა კომუნიკაცია. ამიტომ ყოველთვის ღია ვარ ასეთი ცვლილებებისთვის.
– ჩემთვის, როგორც მკითხელისთვის და მთარგმნელისთვის, ასეთი ღიაობა მომხიბვლელიც კია, რადგან წერ მოთხრობას და იქვე უშვებ აზრს, რომ შეიძლება მან კურსი იცვალოს, სხვა ენაზე სულ სხვანაირად იკითხებოდეს; ანუ გამოდის, თავიდანვე ათავისუფლებ მოთხრობას, მომავალი თავგადასავლებისთვის გზაზე უშვებ ახალი ადამიანების გასაცნობად. ასეა?
– ასეა, რადგან სასაცილოცაა ცოტა, სხვაგვარად მოქცევა. ჩემი მოთხრობები ძალიან მოკლეა, მაგალითად, სტუდენტები მოდიან ხოლმე და ფილმს გადავიღებთო, მთხოვენ, რადგან ბევრ ფულს არ მოითხოვს, შეუძლიათ, თითქმის უბიუჯეტოდ გადაიღონ. როცა ამ წინადადებით მოდის ვინმე, ვეუბნები, რომ – კარგი, და აგენტს ვთხოვ, დააკვალიანე, დაეხმარე. აგენტი კი ყოველ ჯერზე აპროტესტებს, ფულს რომ არ გიხდიან? თანაც მერე რასაც აკეთებენ, ძირითადად, რომ არ ვარგა? მე კი ყოველთვის ორი არგუმენტი მაქვს: 1. მორალური და 2. პრაგმატული. მორალური არგუმენტი ასეთია:
თუ ვიღაცას ისე მოაწონე შენი მოთხრობა, რომ ახლის შექმნის შთაგონებით აავსე, არ გაქვს უფლება, დაუბლოკო იდეა.
თუნდაც ფულის გაკეთება უნდოდეს, ვეუბნები, წადი, იშოვე ფული, და მით უმეტეს ასე ვეუბნები მაშინ, როცა მეუბნება, იცი, დამესიზმრა, რომ შენი მოთხრობის მიხედვით ფილმს ვიღებდი და ძალიან მინდა გადავიღო ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად. ხომ ვერ ვეტყვი, არ გაბედო-მეთქი.
პრაგმატული არგუმენტი კი ასეთია: როცა ვიღაც შენი მოთხრობის მიხედვით რამეს გადაიღებს და ცუდი გამოვა, მაინც არავინ ნახავს და თუ კარგი გამოვა, პირიქით, უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენ ხმას. ერთადერთი, მაშინაა ეს ყველაფერი სახიფათო, როცა მართლა დიდი მწერალი ხარ და შენი დიდი რომანის მიხედვით ბლოკბასტერის გადაღებას დააპირებს კინოსტუდია, ვთქვათ, ტომ ჰენქსითა და სანდრა ბალოკით მთავარ როლებში. აი, ეგ ფილმი თუ ნაგავი გამოვა, დაგენძრა – უკვე გადახდილი აქვთ დიდი ფული და ვეღარაფერს იტყვი კრიტიკულს, დაგატყვევეს, მოგისყიდეს.
მაგრამ სტუდენტური ფილმები ასე არაა, და მჯერა, რომ წერა არის კომუნიკაციის აქტი, ვლაპარაკობ იმისთვის, რომ მომისმინო, მაგრამ ხომ ვერ გეტყვი, შენ გაჩუმდი, მარტო მე უნდა ვილაპარაკო? ზოგჯერ ურთიერთობა მწერალს და მკითხველს შორის მაგონებს ეკლესიასთან სეკულარულ ურთიერთობას, რომელშიც მწერალი არის რომის პაპივით, სოლიდური და პატივსაცემი, მკითხველი კი... მგონია, რომ ეს არ არის კარგი სტრუქტურა, რადგან მწერლის მოთხოვნილება, წეროს და იპოვოს მკითხველი, ისეთივე დიდია, როგორც მკითხველის მოთხოვნილება, იკითხოს კარგი წიგნი. ერთნაირ სიტუაციაში არიან ორივენი, ასე მგონია.
მახსოვს, ერთხელ ისრაელში წიგნების მაღაზიის დიდი ქსელი გახსნეს, ისეთებისთვის, ბევრი ფული რომ აქვთ, წიგნების კი ბევრი არაფერი გაეგებათ. მითხრეს, დიდი ღონისძიება უნდა მოგიწყოთო და ვუთხარი, კი ბატონო, მშვენიერი. მივედი, შუა ზამთარია, გამალებით წვიმს და ცივა, ეს დარბაზი კი ფართოა და თბილი, ხალხს ჩაით, ყავით და ორცხობილებით უმასპინძლდებიან. და რადგან ცენტრალურ ქუჩაზე ხდებოდა ეს, მათხოვრებმა შენიშნეს, რომ შიგნით რაღაც ამბავია, ორცხობილებს არიგებენ, და ნელ-ნელა შემოლაგდნენ, დაიწყეს ჭამა და ყავის სმა. ბოლოს, გაირკვა, რომ იმ საღამოს მთელი ჩემი აუდიტორია მათხოვრები არიან, რადგან მართლა ციოდა და სხვები არ მოვიდნენ. ვლაპარაკობ, ვკითხულობ მოთხრობებს და მერე ვეკითხები, ვინმეს რამის თქმა ხომ არ გინდათ-მეთქი და უცებ ერთ-ერთი მათგანი დგება და მეუბნება: – აგერ 30 წუთზე მეტი გავიდა და მხოლოდ შენ ლაპარაკობ. ხომ ხედავ, შენ გარდა კიდევ რამდენი ადამიანია აქ, იქნებ ჩვენც გვინდა რამე ვთქვათ. ვეუბნები, კარგი, მიდი. დგება, გამოდის სცენაზე, იწყებს ლაპარაკს იმაზე, თუ როგორ ატყობს სახეზე ადამიანებს, ვინ ჩაუგდებს ხურდას, ვინ დაინანებს; რომ ქალს თუ პატარა ხელჩანთა უჭირავს, ესე იგი, გულიც პატარა აქვს და ხურდას არასდროს მოგცემს; რომ ქალს, რომელსაც ცელოფნის პარკი უჭირავს, ხურდის ჩაგდება არ ავიწყდება. წიგნის მაღაზიის უფროსები ძალიან გაბრაზდნენ. მაგრამ ჩემთვის ისეთი ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი – სისულელეა, ასი კაცი იყოს დარბაზში და მარტო ერთი ლაპარაკობდეს. ისე, გააჩნია, როგორი ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით წერ. მე, მაგალითად, იდიშ მწერლებს მივყვები, როგორიცაა, მაგალითად, შოლომ ალეიხემი.
– რა ცუდია, არ გამიგია.
– არა უშავს, იგივეა, მაგალითად, კაფკა. როცა კაფკას კითხულობ, კი არ გეუბნება, შენზე ჭკვიანი ვარ, შენზე მეტი გამეგება, პირიქით, გეუბნება – შენზე უცნაური ვარ, შენზე მეტად მეშინია. ისრაელი მწერლები კი უფრო მასწავლებლები არიან, ვიდრე მხოლოდ მწერლები. შენზე ჭკვიანები არიან, ეპიკურ რომანებს წერენ, ყოველთვის რაღაცას გასწავლიან ცხოვრებაზე. მე ამ ტრადიციით არ ვწერ.
მე რომ ვიყო დიდი მასწავლებელი და ვწერდე ისეთ წიგნებს, რომლებიც ჩემს მკითხველს უფრო ალამაზებს, აჯანსაღებს და აჭკვიანებს, მაშინ კარგი, შეიძლება, რომ სხვები გაჩუმდნენ და მე ვლაპარაკობდე, მაგრამ ვწერ სინდისის ქენჯნაზე, რომელსაც თვითონ განვიცდი, ვწერ ჩემს შიშებზე და ამიტომ ასეთ იერარქიას ჩემს მკითხველსა და ჩემ შორის ვერ შევქმნი.
– კაფკა წაიკითხე ჯარში, როცა ძალიან გიჭირდა; წაიკითხე იქ, სადაც ძალიან არ გინდოდა ყოფნა. მისი კითხვა ჰგავდა ნათესავის პოვნას იქ, სადაც ყველაზე მეტად არ ელოდები და ყველაზე მეტად გჭირდება?
– პირველ რიგში, ის უნდა ვთქვა, რომ ივრითის ლიტერატურული ტრადიცია, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, გულისხმობს ეპიკური რომანების წერას, მაღალ რეგისტრში გელაპარაკება ავტორი. თომას მანის რომანებივით ლიტერატურაა, ზოგჯერ ლექსიკონშიც რომ უნდა ჩაიხედო, თუ გაგება გინდა. კაფკასი პირველად „მეტამორფოზა“ წავიკითხე და გავოცდი: ეს იყო მოკლე ტექსტი, ძალიან უცნაური თხრობა, არავითარი ამბიცია, დაეწერა ლამაზ-ლამაზი წინადადებები, უფრო იმის სურვილი, რომ გარდაექმნა იმიჯი, ემოცია, მორალი და ამ მორალიდან გამომდინარე – ხედვა. ერთი დეტალია კიდევ: როცა ჩვეულებრივ გარემოში კითხულობ კაფკას, რაღაცას ვერ ალაგებ, გეუცნაურება, მაგალითად – ასეა, როცა კითხულობ „პროცესს“ ჩვეულებრივ გარემოში, და როცა ჯარში კითხულობ, მშვენივრად გილაგდება ყველაფერი, რადგან იქ ყველაფერი ისეთივე არეული და გიჟურია, როგორც – ამ წიგნში. ასე რომ, ჯარში კაფკას კითხვა თერაპიაზე სიარულს ჰგავდა, აი, ალკოჰოლიკების ანონიმურ წრეზე რომ მიხვიდე და შენისთანებს შეხვდე. მაშინ ფიქრობ, მარტო მე კი არა, ეს ტიპიც ამბობს, რომ აქ რაღაც ძალიან ყარს.
მე ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ადვილად ვისტრესები და კაფკას მგრძნობიარობასაც კარგად გავუგე, გავუგე, რატომ არ მოსწონს აგრესია, ძალადობა. ამ ყველაფრის კითხვა იქ, სადაც ძალადობა ყოველდღიური ამბავია, სადაც უფროსი გიყვირის, იარაღის დაშლას და სროლას გასწავლის, ძალიან დამეხმარა, საკუთარი ემოციები გამეგო და დამელაგებინა; მერწმუნა, რომ გიჟი კი არ ვარ, ან გონებრივად ჩამორჩენილი, აგერ, ეს კაციც ჩემსავით ფიქრობს, რომ ძალადობა ცუდია.
– სულ მაინტერესებდა, კაფკას „მეტამორფოზის“ წაკითხვის მერე დაწერე შენი პირველი მოთხრობა „მილები“? და მაინტერესებდა, რა ემოციის გამოხატვა გინდოდა ამ მოთხრობით? პირველივე ჯერზე მიხვდი, რომ ყოველთვის დაწერდი მოთხრობებს?
– იცი, იმის მიხედვით, თუ სად გამოქვეყნდება ჩემთან ინტერვიუ, გულწრფელობის განსხვავებულ ხარისხს ვავლენ ლაპარაკისას. თუ ისრაელში წერენ ჩემთან ინტერვიუს, ვფიქრობ – არა, ამას არ ვიტყვი, დეიდაჩემი წაიკითხავს. თუ – ამერიკაში, ვფიქრობ – არა, ეს „ნიუ იორკ ტაიმსია“, ვიღაც წაიკითხავს და დეიდაჩემს მოუყვება. თუ – საფრანგეთში, ვფიქრობ – კარგი, არა უშავს. აქაც ასეა, ამიტომ მოგიყვები: კი, „მეტამორფოზის“ წაკითხვის შემდეგ დავწერე. საერთოდ, ძალიან ცუდი ჯარისკაცი ვიყავი, ცუდ ამბებში ვეხვეოდი, ვერ ვუგებდი უბრალოდ ამ სისტემას. მყავდა მეგობარი, ნამდვილი გენიოსი კომპიუტერებში, ჯარშიც ამ განხრით მსახურობდა. იმდენი იჩალიჩა, იმდენი ქნა, თავის განყოფილებაში გადამიყვანა. ახლა ჩემი საქმე იყო სარდაფში, სრულიად დაგმანულ და ტექნიკით სავსე ოთახში ჯდომა და კომპიუტერზე მუშაობა. ცვლა 40 საათს გრძელდებოდა. მე არაფერი მესმოდა ამ საქმის, ამიტომ ეს ჩემი მეგობარი თავიდან თავის ცვლაშიც მუშაობდა და მეც მეხმარებოდა. მაგრამ შიგადაშიგ დეპრესია შეუტევდა ხოლმე, ერთხელაც მითხრა, რომ თავის მოკვლა უნდა, რადგან სიცოცხლის აზრს ვეღარ ხედავს. ფსიქიატრიული კვლევა ჩაუტარეს, იარაღი ჩამოართვეს და კლინიკაში დააწვინეს, მაგრამ გამოიქცა იქიდან. ძალიან ვეცადე და დავარწმუნე მეთაურები, რომ კლინიკაში აღარ დაეწვინათ. დააბრუნეს ჯარში, მაგრამ იარაღი არ მისცეს. მერე ხელახლა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ უკვე კარგადაა და იარაღის მიცემაც შეიძლება. ვეუბნები, ვერ ხედავთ, არაა კარგად-მეთქი, მაგრამ მაინც დაუბრუნეს. მერე ერთხელ სახლში წამიყვანა თავისი მანქანით, ვეუბნები, ხომ კარგად იქნები, ხომ არ მოიკლავ თავს? მპასუხობს, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რის გამოც უნდა ვიცოცხლო. დავიწყე ფიქრი, გავჩუმდი, რადიოდან მუსიკა ისმის. ვსხედვართ ასე მდუმარედ დიდხანს, ძალიან დიდხანს, ბოლოს დილის ოთხი საათი ხდებოდა, გადავეხვიე, აბა, ხვალამდე-მეთქი და სახლში შევედი. მეორე დღეს ჩემი ცვლა იყო, ჩავედი კომპიუტერების ოთახში და ვნახე ჩემი მეგობარი ძირს დაგდებული, გარშემო სისხლშია ყველაფერი. მე ვიპოვე მკვდარი. ახლა მე წამიყვანეს ფსიქიატრიულ შემოწმებაზე, ხომ არ გაგიჟდაო და დაასკვნეს, რომ კი, გამწარებული ვარ, სტრესში ვარ, მაგრამ გიჟი არ ვარ და მითხრეს, წადი, შეგიძლია იმუშაოო. მეც წავედი და მთელი ჩემი ცვლა ვიმუშავე – 40 საათის განმავლობაში ვიმუშავე იმ ოთახში, სადაც ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი ვიპოვე მკვდარი. იარაღი გვერდზე მედო. იმ ღამეს დავწერე „მილები“ და დავწერე იმიტომ, რომ ვცდილობდი, ამ ნაწერით პასუხი გამეცა კითხვაზე, რომელიც მანქანაში დამისვა.
იცი, ჩემი მოთხრობების სკოლის მასწავლებლებს ეშინიათ, ამბობენ, რომ მათში ბევრი ძალადობაა, თვითმკვლელობაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიცოცხლის სურვილია ამ მოთხრობებში, მთავარი არსია, სიცოცხლის მნიშვნელობის პოვნა.
ერთი მოთხრობაა ადამიანებზე, რომლებიც თავს იკლავენ და თვითმკვლელთათვის განკუთვნილ ადგილზე ხვდებიან გარდაცვალების შემდეგ. ამ მოთხრობაზეც იგივე ამბავი ატყდა თავიდან. ამბობდნენ, რომ თვითმკვლელობის განდიდება და ხოტბა იგრძნობა მასში, არადა, ასე არაა, ბოლოს მოთხრობის ყველა გმირი ნანობს სუიციდს და სიცოცხლე ენატრება. ამიტომ ხშირად ამ მოთხრობას და „მილებსაც“ იმ წრეებზე უკითხავენ ადამიანებს, სადაც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების თერაპია ტარდება.
– ყველაზე ხშირი შეფასება, რაც შენს მოთხრობებზე გამიგია, აბსურდულიაო – ამბობენ, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ ეს განმარტება ძალიან ერთხაზოვანია და ამიტომ უფრო ბევრი სიტყვით ვცადე აღწერა: აბსურდული კი არა, უკიდურესად რეალურია; ისეთი დამუხტულია ცხოვრებით, რომ გეგონება, ცხოვრებაზე უფრო ინტენსიურია. ჩემთვის ეს არის გაზვიადებული რეალობა.
– არ გეცოდინება, ალბათ, რომ პირველი წიგნი სრულიად შემთხვევით გამოვეცი, იყო შანსი, არ გამოსულიყო. მოკლედ, უნივერსიტეტში სტიპენდია მქონდა.
– რას სწავლობდი?
– მათემატიკას და ფილოსოფიას, მაგრამ ხშირად ვაცდენდი ლექციებს, განსაკუთრებით დილაადრიან დანიშნულებს, რადგან ვერ ვიძინებდი ღამე, ჯარმა ამირია ძილ-ღვიძილის ფაზები, ინსომნია მჭირდა, ვიჯექი და ვწერდი. ბოლოს ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ ამდენი გაცდენილი ლექციის მერე სტიპენდიის გაუქმებას მიპირებდნენ, რომ პატივს არ ვცემ სისტემას მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობ. რამე უნდა მოვიფიქროთო, – მითხრა, იქნებ რამე ისეთს აკეთებ უნივერსიტეტსგარეთ, რაც ინტელექტუალური რესურსის განვითარებაში ჩაგეთვლებაო. ვუთხარი, მოთხრობებს ვწერ და ჩემს მეგობრებს მოსწონთ-მეთქი. გამაგზავნინა ლიტერატურის პროფესორთან, დაგიწეროს წერილი, შეაფასოს შენი მოთხრობები, ამ წერილს კომისიას ვაჩვენებ და სტიპენდიასაც შეინარჩუნებო. იმ პროფესორმა კი – პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ნიმუშიაო, დაწერა. ვაჩვენეთ ეს წერილი კომისიას და დამიტოვეს სტიპენდია. მერე კი, ექვსი თვის თავზე, დამირეკა ისევ იმ პროფესორმა და მკითხა, სხვა მოთხრობებიც ხომ არ გაქვსო. მადლობა გადავუხადე, ძალიან დამეხმარეთ, მაგრამ აღარ მჭირდება, სტიპენდია შემინარჩუნეს-მეთქი. ის კიდევ მეუბნება, არა, არა, მთხოვეს, რომ ახალგაზრდა მწერლების ლიტერატურის სერიის რედაქტორი ვიყო და თუ კიდევ გაქვს მოთხრობები, რომლებიც მომეწონება, დავბეჭდოთო. გავუგზავნე, წაიკითხა ყველა და მირეკავს, – ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით მომწონს შენი პერსონაჟები, როგორი გროტესკულები არიან, და როგორი აბსურდულებიო. წადი შენი კარგიც მოვტყან, – მივახალე და დავაგდე ყურმილი. გაოგნდა, მირეკავს თავიდან, – რა მოხდა, ასე უზრდელურად რატომ მელაპარაკებიო. მოგეწონება, შენს ცოლზე რომ ვთქვა, აბსურდულია-მეთქი, შენს ქალიშვილს კიდევ გროტესკული დავუძახო? მე ჩემს ცხოვრებაზე ვწერ და კარგი, ვთქვათ, უშნო ვარ და ასეც მეუბნები, იმას მაინც ნუ დამიმტკიცებ, რომ კომპლიმენტს მეუბნები. 22-23 წლის ვიყავი მაშინ და მართლა მეგონა, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე მივხვდი, რომ – არა. ისე კი მართლა ვწერ იმაზე, თუ როგორც აღვიქვამ ცხოვრებას და ასევე ვწერ ადამიანებზე, რომლებიც ჩემ გარშემო არიან. სასაცილო ამბავია ერთი – მეგობარი მყავს, უზი ჰქვია იმიტომ, რომ მშობლებმა ავტომატის პატივსაცემად დაარქვეს.
– ეგ როგორ?
– ასე – ავტომატი-უზი, ჩ-შ-შ-შ-შ-შ!
– გამონაკლისია, თუ ბევრს ჰქვია ასე?
– ისე რა; 1967 წლის ომის დროს ავტომატი გამოუშვეს ისრაელში, სახელწოდებით „უზი“. ჩემი მეგობარი უზიც ჩემხელაა და ბავშვების ნაწილს, ვინც 67-ში დაიბადა, ამ ავტომატის სახელი დაარქვეს. იგივეა, შენს შვილს „კალაშნიკოვი“ დაარქვა. მაგრამ არც ისე გავრცელებული სახელია, საკმაოდ აბსურდულიც და ზემოდან – გროტესკულიც, თუ მაინცდამაინც. ჩემს მოთხრობებში ბევრ პერსონაჟს მისი სახელი ჰქვია, მაგრამ ასევე მყავს პერსონაჟები, რომელთაც არ დავარქვი უზი, მაგრამ უზიზე დაფუძნებით გამოვიგონე. მაგარი გარეკილია. ახლა ბრაზილიაშია, ჯუნგლებში, უნდა, რომ იქ ბრილიანტის ზოდები იყიდოს და მერე ისრაელში გაყიდოს. ყოველთვის მატერიალისტური გეგმები აქვს. ისე სულიერებასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ნამდვილად არაა ჩვეულებრივი კაცი. ამ კრებულში ერთი მოთხრობაა, რომლის გმირსაც ძაღლი დილაობით ყვერებს ულოკავს, ეგ მოთხრობა უზიზეა. და როცა წაიკითხა, გამინაწყენდა, რატომ შემიცვალე სახელიო. ვეუბნები, ცოლმა მიგატოვა მაგის გამო და არ კმარა? მართლა ჰყავს ძაღლი, რომელიც დილაობით ულოკავს ყვერებს, რაც მისი ცოლისთვის პრობლემაა. უზი კი პასუხობს: ძაღლი არაფერ შუაშია, შენ თვითონ გაქვს დაუცველობის სინდრომი, ჩვენი ურთიერთობის არ გჯერა და ამ საწყალ ძაღლზე აკეთებ პროექციასო. ამიტომ ხშირად ბევრი რამე, რაზეც ვწერ, ფაქტები რომც არ შევცვალო, აბსურდულია. ცხოვრებაა ძალიან აბსურდული, საერთოდ, ჩვენთან ხომ იცი, თვითმკვლელი ტერორისტები ტერაქტებს აწყობენ და ერთხელაც, ბევრი წლის წინ, იყო ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელსაც ავტობუსში ასვლა უნდოდა, მაგრამ დაინახა დაცვა და შეეშინდა. ამიტომ უფრო პატარა ავტობუსში – მინიბუსში ავიდა. გადაწყვიტა, რომ ამ მინიბუსით დიდ სავაჭრო ცენტრში წავიდეს და იქ აიფეთქოს თავი. მასთან ერთად მარტო ერთი კაცი ჩაჯდა – ერთი კაცი და მისი ძაღლი. დაიძვრნენ, მიდიან, აჩერებს საგზაო პატრული, ტერორისტი იძრობს წელიდან ასაფეთქებელ ქამარს და აგდებს, თავიდან უნდა, რომ მოიშოროს, მაგრამ ნაღმი ფეთქდება და ხდება ისე, რომ კაცი და ძაღლი კვდებიან, თვითონ ბრმავდება. და ეს კაცი, ვისაც კლავს, თურმე არის, თუ ერთადერთი არა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელი ძაღლებისთვის, რომელთაც უსინათლო ადამიანების დასახმარებლად წვრთნიან. ახლა ეს თვითმკვლელი ტერორისტი უკვე გარეთაა, მოიხადა ციხე, მაგრამ ძაღლს მაინც არ უნიშნავენ – შენ ხომ ამ ძაღლების მწვრთნელი მოკალიო. ესაა ცხოვრება სინამდვილეში. ცხოვრებაში იმდენი რამე ხდება, რომ... ჩვენ კი ისე ვექცევით, როგორც მშობელი – ჭირვეულ ბავშვს, რომელიც მაგიდაზე ფსამს და ჩვენ ვამბობთ: – ეგ არაფერი, გაიზრდება, ისწავლის.
– ერთ ინტერვიუში ასეთ კითხვას გისვამენ: როგორ გავლენას ახდენს ისრაელში ცხოვრება თქვენს ფსიქიკაზე. ვერ ავიტანე ეს კითხვა თავიდან – შაბლონური და ზედაპირული ფორმულირების გამო, მაგრამ რა დროს შაბლონებია, რასაც ჰყვები, ზუსტად ამ კითხვას ასახავს.
ამ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ძალაა ინერცია – თუ დააკვირდები ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ამერიკა ან საფრანგეთი, მატარებლებს ჰგვანან – მიდიან შეუფერხებლად. რომ ჰკითხო, რას ნიშნავს იყო ფრანგი, ახლად გაღვიძებულზეც უშეცდომოდ გეტყვიან. მაგრამ თქვენ რომ გკითხოთ, რას ნიშნავს, იყო ქართველი? ხედავთ? კითხვაა ეს ჯერაც, რადგან საბჭოთა დროს სხვა რამეს ნიშნავდა, კიდევ მანამდე – სხვა რამეს, დამოუკიდებლობის მოპოვების მერე – სხვას და რუსეთის ბოლო ოკუპაციის შემდეგ სულ სხვა რამეს ნიშნავს.
მგონია, რომ ხშირ-ხშირად უნდა დაუსვა თავს კითხვა საკუთარი ეროვნული იდენტობის და გარესამყაროს შესახებ და ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო ან ისრაელია, ამას ზუსტადაც რომ უფრო ხშირად აკეთებენ, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, რომელთაც არავინ აწუხებს და საშუალება აქვთ, საკუთარ ტრადიციებს უწყვეტად მისდიონ. არადა, მგონია, რომ საკმაოდ ლეგიტიმური კითხვაა და თუ აბსურდულობაზე ვლაპარაკობთ, ისრაელში ეს ყველაფერი ექსტრემალურ ფორმასაც იღებს. მე თელავივში ვცხოვრობ, ძალიან ლიბერალური და ცივილიზებული ადგილია, შეგიძლია წახვიდე და მაგარ რესტორანში ჭამო, ოპერაში სპექტაკლს დაესწრო, იყო ვეგანი და ჩემი მეგობრების უმეტესობა სწორედ ვეგანები არიან, უყვართ ცხოველები, ბავშვებს არ აყურებინებენ ვიდეოთამაშებს, რადგან – „ძალადობა მავნეა“, და, მეორე მხრივ, ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ყველა ყოფილა ჯარში, ბევრს მიუღია წვრთნა სარეზერვო სამსახურში ჩემსავით, ახლა კი ვეგანია, შვილებს მხოლოდ ხის სათამაშოებით ათამაშებს და რომ ჰკითხავ, რას აკეთებდი ჯარშიო, გიპასუხებს, სნაიპერი ვიყავიო. რომ ჰკითხავ, რამდენი კაცი გყავს მოკლულიო, 14 – გეტყვის. და ხორცს რაღაზე არ ჭამ? – რომ გაგიკვირდება, გიპასუხებს: – იმიტომ, რომ არ შეიძლება, ცხოველებს ატკინოო. რა გამოდის, რომ ჩვენ, ისრაელში, ბიპოლარული ცხოვრებით ვცხოვრობთ და ეს უკვე მთელ ერს აგიჟებს, ვეღარ ხარშავენ ადამიანები ამგვარ მკვეთრ ცხოვრებისეულ კონტრასტებს.
დასავლეთ ევროპაში ცივილიზაცია ონტოლოგიური ფაქტია, მათთვის ცივილიზაცია – სწორედ ეს არის მსოფლიო. ერთი მოთხრობა მაქვს – „იომენი“, რომელშიც კაცს მიატოვებს შეყვარებული, ჰგონია, რომ ერთი პატარა კაცის ბრალია ეს ღალატი, მიუვარდება სახლში და მოკლავს. ახლა წარმოიდგინე, ამერიკელი გოგო გაბრაზდეს ბიჭზე, გააგდოს ბიჭი, ჩაუკეტოს სახლის კარი და მიაძახოს: – აბა, ახლა გააჯვი აქედან! რას იზამს ბიჭი? ჩამოყრის ყურებს, წავა, გაეცლება სახლს სევდიანი, რადგან იფიქრებს, რომ – გოგოს არ უნდა, არ უნდა და მორჩა. იგივე რომ მოხდეს ისრაელ გოგოსა და ბიჭს შორის, რას იზამს ბიჭი? დადგება კართან, წამით შეყოყმანდება და მერე იტყვის, – კი, მაგრამ ჯარში ხომ მასწავლეს, როგორ შევანგრიო წიხლით კარი? (მართლა გვასწავლეს, მეც ვიცი და შემიძლია გითხრათ – ძალიან ახლოს საკეტთან, ძალიან მძლავრად უნდა მოიქნიო და ჩასცხო წიხლი და გააღებ დაკეტილ კარს), ჰოდა, დაუწყებს გოგოს, – გამიღე კარი! გოგო გაჯიუტდება, – არ გაგიღებ! ეს თამაშია ერთგვარი, პრანჭვის უცნაური ფორმაა, რადგან გოგომ კარგად იცის, ბიჭს რომ შეუძლია კარის შემტვრევა. ვფიქრობ, ეს სიტუაცია ალეგორიულად ასახავს იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ისრაელში. მთელ ქვეყანას სამხედრო წვრთნა აქვს გავლილი, ყველამ იცის, როგორ ისროლოს და როგორ დაშალოს ცეცხლსასროლი იარაღი, გეგონება, სპარტაში ვიყოთ, ოღონდ კალიფორნიასავით სნობურ სპარტაში. ესაა ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ჰიპები, რომლებმაც იციან კუნგ-ფუს ილეთები. იციან, მაგრამ არ ამჟღავნებენ და ამიტომაც მთელი ერი რაღაცნაირად დაძაბულია შინაგანად – ყველა ცდილობს, დაივიწყოს ის, რაც იცის და უნახავს.
ისრაელების თითქმის 40 პროცენტი მაინც მოხვედრილა ისეთ სიტუაციაში, რომელშიც მისთვის უსვრიათ, მისი მოკვლა უცდიათ, დაუჭრიათ, უნახავთ, როგორ კვდება მათი მეგობარი, ან თვითონ მოუკლავთ ვინმე.
მაგრამ ამ ყველაფერზე არ ლაპარაკობენ, ისრაელური კულტურის ნაწილია თავის შეკავება – თუ წუწუნებ, ესე იგი, მაგარი ცუდი ტიპი ხარ, ამიტომ წლები გადის და მხოლოდ კარგა ხნის მერე იხსენებენ ხოლმე ჩემი მეგობრები საშინელ, საშინელ ისტორიებს. მთელ ერს ომის ნევროზი ჭირს, პოსტტრავმულ შოკში არიან; წესით, უნდა მკურნალობდნენ, მაგრამ როგორ ვიმკურნალებთ, როცა არ ვიმჩნევთ, რომ ავად ვართ, როცა გაოცებული სახეებით ვიჩეჩავთ მხრებს, – რა იყო, რამე მოხდა? არა, რა უნდა მომხდარიყო! ჩემი სიმამრი, მაგალითად. ძალიან ცნობილი საბავშვო პოეტია, ძალიან საყვარელ ლექსებს წერს, ყველა ბავშვს უყვარს, ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და სხვათაშორის გაიხსენებს ომის რომელიმე ამბავს, როგორ აიყვანეს ტყვედ ვიღაც, როგორ დაიწყო ხალხმა ყვირილი, როგორ ესროლეს ამ ტიპს მის თვალწინ და იქვე გააგორეს. მერე წავა და დაწერს ლექსს პატარა გოგონაზე, რომელმაც საყვარელი ხავერდის დათუნია დაკარგა. მოკლედ, მთელი იდეა ისაა, რომ აღმართო კედელი რაღაც მოვლენებს შორის და თქვა, – კარგი, აი, რაც ამ კედლის აქეთაა, მხოლოდ ეგაა ცხოვრება, „დოგვილი“ გინახავს? იქაც ეგრეა, დებენ რაღაცას და ამბობენ, ამის იქით აღარ გადავალთო, მაგრამ როცა სიტუაცია ირევა, ამ წარმოსახულ ხაზებზე მაინც გადადიან. თამაშია ასეთი. მთელი ცივილიზაცია ზოგჯერ სწორედ ამ თამაშად იქცევა. გადაშენების შიში, ჰოლოკოსტი, გენოციდი, პოგრომები და საერთოდ, 68 წლის განმავლობაში საომარ სიტუაციაში ცხოვრება, აბა, ვის დატოვებს საღ ჭკუაზე. და მეც ვგრძნობ ამას, მე მემარცხენე ლიბერალთა წრეში ვარ, ბევრს ვლაპარაკობ მშვიდობაზე და როცა ვლაპარაკობ ოპონენტებთან, ზოგჯერ ვატყობ, რომ არაადეკვატურები არიან, ლაპარაკზე ისტერიკით მპასუხობენ. ბოლო დროს ძალიან რთულია ისე იქ ყოფნა, მოღალატეს მეძახიან და მემუქრებიან ჩემი და ჩემი ოჯახის მოკვლით.
– ეს ადრეც გითქვამს, დღემდე ასეა?
– ასეა და არაა ადვილი, ტალღებად იციან, ხან თავს მანებებენ, ხან თავიდან იწყებენ ყველაფერს და მე გმირი ხომ არ ვარ, არა? ამიტომ ზოგჯერ როცა მინდა, რაღაც ვთქვა, ვჩუმდები.
– გულთან ახლოს მიგაქვს? მაინტერესებს, ცდილობ, გაუგო, რა ამოძრავებთ? გინდა, რომ მიგიღონ?
– საშიშია, აბა რა, როცა გეუბნებიან, რომ შენს შვილს გააქრობენ, ან რამე მსგავსი, არაა სასიამოვნო განცდა. ფიზიკურ საფრთხეს, რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ, მაგრამ ისიც გააზრებული მაქვს, რომ ეს მოცემულობა შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს. მაგალითად, ჩემს სიმამრს, რომელიც ჩემსავით ფიქრობს, რამდენიმე ხნის წინ სახლში მიუვარდნენ და სცემეს. არაა კარგი ხალხი, მოკლედ, ხვდები, რომ სხვა მხარეს არიან; ეს ის ხალხია, პრემიერმინისტრი იცხაკ რაბინი რომ მოკლეს. ზოგჯერ, მაგალითად, დაწვავენ პალესტინელ ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ პალესტინელია და შენ ვერ ხვდები, ვინ გააკეთა ეს – გამწარებულმა დიასახლისმა, საქმე რომ არაფერი აქვს, თუ ფსიქოპათმა. მე მწერალი ვარ და ეს ხალხთან მაახლოებს, ვისაც ჩემი წიგნები წაუკითხავს, მოდის ხოლმე და კომპლიმენტებს მეუბნება, თბილ სიტყვებს; სხვები, ვინც პოლიტიკურ ესეებს კითხულობენ – მლანძღავენ, ქუჩაში მაჩერებენ და მაგინებენ.
არ მიყვარს პოლიტიკური ესეების წერა, არ აქვს ამ ჟანრს არც ესთეტიკა, არც სილამაზე.
როცა ვწერ, მინდა, რომ ვავრცელებდე თანაგრძნობას, მრავალფეროვნებას, ღიაობას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების მიმართ და ამიტომ როცა მოთხრობებს ვწერ, ვცდილობ, რეალობა ავიღო და უფრო კომპლექსურად გადმოვცე; ხოლო როცა პოლიტიკურ ესეს ვწერ, გამოდის, რომ პირიქით, რეალობას უფრო ვაპრიმიტიულებ და ეს არ მომწონს. ვამბობ – ეს კარგია, ეს – ცუდი; ასე ქენი, ასე ნუ იზამ. არ მომწონს ამის კეთება, მაგრამ როცა ვაკეთებ, არ მშორდება განცდა, რომ უნდა ვიჩქარო, თითქოს, წამზომია ჩართული. როგორც „პასტრამიშია“, ვამბობ, რომ ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, უნდა დარჩე ადამიანად და არ დაივიწყო, რას ნიშნავს ეს. შეიძლება ხვდებოდე, რომ მართლა ბოლო წუთები გიდგას, მაგრამ ერთი კარგი ისტორია ხომ მოყევი, ერთი ანეკდოტი ხომ თქვი, რომელმაც ვიღაც გააცინა. ცხოვრებას ანდა საფრთხეს ნუ გაათელინებ თავს, ნუ მისცემ იმაზე მდაბალ არსებად შენი დეგრადაციის საშუალებას, ვიდრე – ადამიანია. ეს გამოწვევაა და ხშირად, როცა პოლიტიკურ ესეს ვწერ, ვცდილობ, ასეთ კომპლექსურ იდეებზე ვიმსჯელო. მაგრამ ხალხს არ ესმის და ამ დროს მეუბნებიან, რომ მოღალატე ვარ. კიდევ ერთი რამე მჭირს, ყოველთვის მჯერა დიალოგის ძალის.
– კი, წამიკითხავს ის ესე მშვიდობასა და კომპრომისზე, „გარდიანში“.
– ზუსტად ასეა, ახლა ისრაელში ყველა იმაზეა შეთანხმებული, რომ კომპრომისსა და მშვიდობას ვერასდროს მივაღწევთ. ამიტომ თუ ემპათიას ავლენ და სხვებსაც აგრძნობინებ, რომ ამ ომში მონაწილეები შენთვის პირველ რიგში ადამიანები არიან, გეუბნებიან, შენ რა სუსტი გული გქონიაო. მაგრამ სასაცილო რა არის, იცი? მე ყველას ველაპარაკები – ძაღლებს, ბავშვებს, ჩემს შვილსაც – ერთი დღის რომ იყო, მას მერე ველაპარაკები და ისეთ სიტუაციაში თუ ვარ, სადაც ბავშვები ჰყავთ და რომელიმე ტირილს დაიწყებს, ვეუბნები, – მომეცი.
– და აჩერებ?
– ძირითადად, კი. მიჭირავს ხელში, ვუყურებ და ვეუბნები: – კარგი რა, რა მოხდა ახლა ისეთი, კი, ეს ცხოვრება ზოგჯერ ნაგავია, მაგრამ რას იზამ. ა, შენ მარტო რძეს სვამ და ჩვენ საჭმელიც გვაქვს? მერე რა, გაიზრდები, ისეთ მაგარ საჭმელებს შეჭამ.
უფრო ადვილად გამომდის ატირებული ბავშვის დაწყნარება, ვიდრე რომელიმე მემარჯვენის ან რასისტის დარწმუნება, რომ მომისმინოს. კი არ დამიჯეროს, არამედ უბრალოდ, სცადოს და მომისმინოს.
ძაღლი ცდილობს, მაგალითად, რომ გაიგოს, რას ველაპარაკები, გაფაციცებული ამომცქერის ქვევიდან და მისმენს; ბავშვი ცდილობს, რომ გაიგოს, მაგრამ ისინი – არა. არ უნდათ და იმიტომ; როცა ძაღლს ველაპარაკები, ალბათ, ფიქრობს, აი, კიდევ ერთი არსება, რომელიც რაღაცას თავისას მიზიარებს. ესენი კიდევ ფიქრობენ, შენ მომატყუებ, ბიჭო, გინდა გამაშტერო მაგ ლაპარაკით და ყვერებში ჩამცხო.
– ბევრს ვლაპარაკობთ ისრაელზე, გაორებულ ცხოვრებაზე, მაგრამ ამ შეხვედრამდე კიდევ ერთი თემა მაფიქრებდა, რომელიც გაორებასთან კავშირშია: აი, მაგალითად, ქართველობა – ეს მხოლოდ ეთნიკური წოდება და მოქალაქეობის დამადასტურებელი სტატუსია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი დღემდე ქართველობის ორგანულ ნაწილად განიხილავს მართლმადიდებლობასაც, ანუ ქართველობაში აპრიორი რელიგიურ კუთვნილებას დებს. შენი ეთნიკური წოდება – ებრაელობა კი, პირდაპირ შეიცავს მეორე, უფრო ძირითად მნიშვნელობას თავის თავში – რელიგიას. ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებდა – რა არის შენი პერსონალური იდენტობა, თვითონ როგორ აღწერ, ვინ ხარ?
– ძალიან უცნაური ამბავი ხდება ჩემი იდენტობის თავს, როგორც ისრაელობის, ასევე ებრაელობისაც. ჩემს ქვეყანაში ბევრი სეკულარული რწმენის ადამიანია, მაგრამ საკუთარ თავზე მაინც ამბობენ, რომ ებრაელები არიან, თუმცა ამ განსაზღვრებაში, ცხადია, ეთნიკურ მნიშვნელობას დებენ და არა – რელიგიურს. სეკულარი ებრაელი ვარო, რომ თქვა, იდეაში იგივეა, რაც თქვა – სეკულარი მართლმადიდებელი ვარო. ასე რომ, კი, ასეა – პარადოქსია თვითონ განმარტებაში. მაგრამ ამ იდენტობასთან კავშირშია ჩვენი მემკვიდრეობა, რომელიც თავის მხრივ ებრაულ აზროვნებას და პოლემიკის ებრაულ ტრადიციას უკავშირდება. ესაა კამათის ტრადიცია, ის, რომ არასდროს დათანხმდე, არასდროს არაფერი მიიღო გაუაზრებლად, კითხვების დასმის გარეშე, ჭეშმარიტებად. ესაა ძალიან მძლავრი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი. ახალ აღთქმას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ქრისტიანი წმინდანები ყოველთვის მორჩილად, ეჭვშეუტანლად ეწირებიან მსხვერპლად რწმენას. ბიბლიის ებრაელი გმირები კი არასდროს იქცევიან ასე. გინდა აბრაამი იყოს, გინდა – იობი, თუ მოსე, ღმერთს სულ ეკამათებიან, ღმერთი კი ამ დაეჭვებისა და შეკამათებისთვის არ კლავს მათ, სჯის, მაგრამ არ კლავს. ასე რომ, ძალაუფლების უპირობო გამოვლინებას ეს გმირები ღმერთისგანაც კი არ იტანენ. ეს დამოკიდებულება ძალიან ძლიერი ფასეულობაა ებრაულ ტრადიციაში.
ებრაელები ბიბლიასაც კი პარალელების გამოყენებით სწავლობენ. როცა წაიკითხავ ერთ აბზაცს, უნდა გაიაზრო, კითხვები გაგიჩნდეს, შეეკამათო. ეს მიდგომა რეფლექსიურიცაა ძალიან.
თუმცა, თუ პოლემიკის ტრადიცია მოდის ცალსახად ბიბლიიდან, ებრაელების რეფლექსიურობა მოდის უფრო იქიდან, რომ 2 ათასი წლის განმავლობაში ისინი უსამშობლოდ ცხოვრობდნენ. ამიტომ, სადაც მიდიოდნენ, ორი იდენტობა ჰქონდათ – ქართველი ებრაელი, მაგალითად, ქართველიც იყო და ებრაელიც, და ეს კარგი იყო, რადგან თუ ქართველი ებრაელი ხარ, მიდიხარ ქუჩაში და რომელიმე ქართველის საქციელი არ მოგწონს, შეგიძლია თქვა – ვინაა ეს გიჟი. მერე შეხვიდე სინაგოგაში და იქ რომელიმე ებრაელის საქციელი არ მოგეწონოს და იქაც თავისუფლად თქვა – ვინაა ეს სულელი ებრაელი. ანუ ყოველთვის შეგიძლია, შენს საზოგადოებაში შიგნიდანაც უყურო სხვებს, მოვლენებს და – გარედანაც. ეს საერთოდ ემიგრანტების უპირატესობაა, იცნობდნენ ორ კულტურას და ხვდებოდნენ განსხვავებას, რა არის ონტოლოგიური ჭეშმარიტება და რა – არჩევანი. თუ ჩამოთვლი, გაიხსენებ, რომ ყველა სუპერგმირი ებრაელების შექმნილია და ესეც კარგი მაგალითია, რადგან სუპერგმირებს ხომ საიდუმლო იდენტობა აქვთ. ებრაელი მოაზროვნეების მემკვიდრეობასაც თუ გადახედავ – ფროიდი იქნება თუ აინშტაინი, ნახავ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ სისტემის შიგნით, შიგნიდან იცნობდნენ ამ სისტემას, მაგრამ, ამავე დროს, გარედან აკვირდებოდნენ, ცვლიდნენ. ებრაელების მეორე მახასიათებელია იუმორი. და რეფლექსიურობა ამ იუმორსაც აქვს, რადგან მისი საშუალებითაც საკუთარ თავს გარედან უყურებენ – სულ თავის თავზე ხუმრობენ – ასე იქცევიან, კი, კოენებიც, მაგრამ კიდევ უფრო ასე იქცევა ვუდი ალენი. ებრაელი რომ მოკვდეს, კარგ იუმორს ცოცხალი თავით სხვაზე არ გაფლანგავს, ჯერ თავის თავს დასცინებს, თავის თავზე იხუმრებს.
– შენც ასე ხარ?
– მამაჩემმა მითხრა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე: წავიკითხე ყველა შენი მოთხრობა, რომელშიც მამა ფიგურირებდა, ამ მოთხრობების ნახევარში მამა სულელად გყავს გამოყვანილი, ნახევარში – მამა მკვდარია, მაგრამ მე მაინც თითოეულ მათგანში ვიგრძენი, რომ გიყვარვარო. ეს მართლა ძალიან ებრაული რამეა – ჩემი პერსონაჟები თან მიყვარს და თან განვსჯი. შეიძლება ძალიან გოთვერნულად იქცეოდნენ, მაგრამ მე მაინც მიყვარან, შეიძლება კიდევ, პირიქით, ძალიან კეთილები იყვნენ და მე მაინც ვაკრიტიკებდე. დაახლოებით საკუთარ თავთან პოლემიკას ჰგავს ეს და ისიც ვიცი, რომ ებრაელობა არჩევანია. ვიცნობ ბევრ ებრაელს, რომლებიც რელიგიურებიც არიან, ნაციონალისტურად განწყობილებიც, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო ამ ებრაულ ღირებულებებთან. ბევრ ასეთს ვასწავლი უნივერსიტეტში. ბოლო არჩევნებზე სლოგანიც იყო ასეთი: მორჩა, ჩვენ აღარ მოვიხდით ბოდიშს! გულისხმობდნენ იმას, რომ მემარცხენე ლიბერალები ხშირად ვიხდით ბოდიშს, ვთქვათ, იმის გამო, რომ ღაზა დაიბომბა. მე კი მივწერე, მაშინ იქნებ ბოდიშის მოხდის დღეც გააუქმოთ-მეთქი – ხომ იცით, არის ასეთი დღე, როცა ვინანიებთ საკუთარ ცოდვებს. ასე ვქენი, რადგან ბოდიშის მოხდაზე თქვა უარი, ძალიან არაებრაული საქციელია, რადგან ებრაელი მიჩვეულია, თავის თავს გარედან შეხედოს და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, მხოლოდ ამით შეგიძლია უკეთესი გახდე, შეიცვალო.
– სად გირჩევნია ყოფნა, გარეთ თუ შიგნით, რადგან ასეთი გაორების საფუძველი არსებობს.
– მე უფრო ბევრი რამ მაკავშირებს დიასპორებიდან წამოსულ ებრაელებთან, რადგან სწორედ დიასპორებში ცხოვრებამ, ერთი, ჩაკეტილი ნაციონალისტური ხედვის არქონამ აქცია ებრაელები განსაკუთრებულ მოაზროვნეებად. კი, ცხოვრობდნენ ერთი ნაციის შიგნით, მაგრამ ამავე დროს რჩებოდნენ კოსმოპოლიტებად. ზოგი მერე, რა თქმა უნდა, დაადგა ნაციონალისტობის გზას, მაგრამ თუ ებრაელი ხარ და ამავე დროს ხარ ნაციონალისტი – ეს უკვე შენი არჩევანია და რაღას ვიზამთ. სულ ვიმეორებ ამას, რომ ინერციის ძალაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, იგივე – ნაცისტები რომ გავიხსენო – ნაციზმზე ამბობენ, რომ ბოროტებაა; ბოროტება კი არაა, ტექნოკრატიაა – საკუთარ საქციელზე უმსჯელობაა. თუ, ვთქვათ, ქართველი ებრაელი გადაწყვეტს, რომ გახდეს მემარჯვენე, გახდეს კომუნისტი, მოექცეს მართლმადიდებლად, ეს იგივეა, ტაბულა რაზადან დაიწყოს, ახალი კოსტიუმი მოირგოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ნაციონალისტი გაუაზრებლად ხდება – უბრალოდ მიჰყვებიან ფეხის ხმას და ისრაელობაც, როგორც იდენტობა, სხვა ქვეყნებისას ემსგავსება და როგორც კი ებრაელობა და ისრაელობა სინონიმები ხდება, ეს შინაგანი დუალიზმი მნიშვნელობას კარგავს. უკვე აღარ შეგიძლია საკუთარ თავზე თქვა – ვინ არიან ეს გიჟებიო.
– საკითხის ასე დაყენებამ, რომ – ეს მისი არჩევანია – გაგიიოლა თუ არა, მიგეღო დის გაორთოდოქსების ამბავი? და როგორ დაძლიე ცდუნება, განგესაჯა? (ეთგარის და იერუსალიმის ყველაზე ორთოდოქსულ რაიონში ცხოვრობს და თავისი ძმის წიგნებს არ კითხულობს – ეკრძალება. ერთხელ ეთგარ კერეთმა საბავშვო წიგნი დაწერა – ზოგჯერ წერს ხოლმე ასეთებსაც – და თავის დისშვილს მიუძღვნა. წიგნი გამოსაცემად რომ მომზადდა, კერეთმა გამომცემელს სთხოვა, ერთადერთი ეგზემპლარი თავისი დისშვილისთვის ორთოდოქსული ილუსტრაციებით მოემზადებინათ ისე, რომ ამ ეგზემპლარში ბავშვებს ქიფები ეხურათ და ა.შ. თუმცა, რაბინის ბრძანებით, ეთგარის დამ ძმას წიგნი ვერ გამოართვა. ეს ამბავი ეხებოდა მამას, რომელიც ცირკის დასთან ერთად გაიქცევა და ეტყობა, ეს თავქარიანობა არ აპატიეს პერსონაჟსო, – ვარაუდობს კერეთი და წერს, რომ ამ საგანგებოდ შედგენილი ქოშერული ეგზემპლარით მერე უკან, თელავივში დაბრუნდა („ჩემი აწ განსვენებული და“, 2006 წ.).
– რომ მკითხო რწმენის შესახებ, არ გეტყვი, რომ ათეისტი ვარ, უფრო ალბათ იმას გიპასუხებ, რომ აგნოსტიკოსი ვარ. თუ მკითხავ, არსებობს თუ არა სადღაც რაღაც უზენაესი ძალები, რომელთა შეცნობაც ადამიანს არ ხელეწიფება, გიპასუხებ, რომ ალბათ ასეთი ძალები არსებობს. მაგრამ რომ მითხრა, რომ ამ ძალას სურს, თავზე დავიხურო რაღაც და არ ვჭამო ღორის ხორცი, რა თქმა უნდა, დავეჭვდები და გკითხავ – შენ საიდან იცი, ვინ გითხრა.
მჯერა, რომ ჩვენს არსებობაში დევს ტრანსცენდენტური ბუნება, თუმცა ყველას, ვინც ამბობს, რომ ფლობს ინსტრუქციას, თუ ეს ინსტრუქცია სარეცხის მანქანას არ მოჰყვება, არ ვუჯერებ. მაგრამ ორივე რომ გვერდიგვერდ იდგეს – მორწმუნეცა და დაეჭვებულიც, ვიტყოდი, რომ ორივეს ეგზისტენციალურ არჩევანს აქვს არსებობის უფლება, თუ მათი ქმედების შედეგი ამორალური არაა. ჩემი და კიდევ ძალიან კარგი ადამიანია და ასევე ღია. მაგალითად, ერთხელ, ლაპარაკისას მითხრა, რომ არ სჯერა დემოკრატიის (თვითონ არჩევნებში არ მონაწილეობენ). მეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ არასდროს მინახავს, რომელიმე დემოკრატ ინტელექტუალს დასცდენოდა ეს კითხვა. ჩემს დას კი საკმაოდ კარგი არგუმენტები აქვს, ამბობს, რომ დემოკრატია ახალგაზრდა სისტემაა – რადგან საბერძნეთი არ ითვლება, იქ მონები ჰყავდათ – და არსებობის ამ მოკლე პერიოდში ხშირად ჩაფლავებულა. კიდევ მეკითხება: თუ უმრავლესობაში სულელები არიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ესე იგი, ეს გადაწყვეტილებაც სულელური იქნება? არასდროს მინახავს, იმ ადამიანებს, ვინც დემოკრატიას იცავენ, ელაპარაკოთ იმაზე, რომ იქნებ შეიძლება არსებობდეს მესამე, სხვა გზა, ანდა დემოკრატია უფრო ჭკვიანი ხალხისთვის, ანდა უბრალოდ რეგულაციის სხვა გზები. ასე მსჯელობს ჩემი და ამას ვგულისხმობ მის ღიაობაში, თორემ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მიჭირს და მასაც უჭირს ჩემთან ურთიერთობაში; და, სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებ მის გამო, არაფრით ჩამოუვარდება ზომა-წონით იმ მსხვერპლს, რასაც თვითონ იღებს ჩემი გულისთვის.
– შვილი რაც გაგიჩნდა, სხვანაირი გახდი? რადგან მე მგონია, რომ გავხდი სხვანაირი.
– რამხელები არიან შენი შვილები?
– 8-ის და 5-ის გახდებიან ძალიან მალე.
– კი, ანუ, ყოველთვის ვამბობ, რომ შვილი რაც გამიჩნდა, უფრო მეტს ვფიქრობ საკუთარ ცხოვრებაზე. აი, როცა მარტო ვრჩები, ზოგჯერ ცხვირს ვიჩიჩქნი და ამას სრულიად გაუაზრებლად ვაკეთებ, ახლა, თქვენთან ერთად, ასე რა თქმა უნდა არ მოვიქცევი, დავუცაცხანებ თავს – რას აკეთებ, შენ ხომ პატივსაცემი მწერალი ხარ. ამიტომ მგონია, რომ რეფლექსიურობა საკუთარი ცხოვრების მიმართ, საშუალებას გაძლევს გამუდმებით გვერდიდან უყურო შენს საქციელს. თან ბავშვები ხომ მილიონ კითხვას სვამენ და ეს კითხვებიც ხშირად გაფიქრებს იმაზე, თუ როგორ გეგონა მანამდე, რომ ამ რაღაცებს ცხოვრებაში იმსახურებ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ხვდები, რომ ელექტროგადამყვანის როლს ასრულებ შენი შვილისთვის. კიდევ ხვდები, რომ ხშირად, რასაც ქადაგებ და როგორც იქცევი, ერთმანეთისგან განსხვავდება და თუ გინდა, რომ შვილმა დაგიჯეროს, უნდა შეიცვალო.
ამ ისტორიას ხშირად ვყვები, მაგრამ ძალიან მომწონს: ერთხელ რესტორანში შევედი ჩემს შვილთან ერთად, მაშინ ოთხის იყო. პიცა მოითხოვა, მაგრამ ბაზილიკის – „იმ მწვანეების“ გარეშე. მოუტანეს პიცა, მაგრამ „მწვანეები“ თავზე მაინც აყრია. მე ასეთი არ მინდოდაო, ეუბნება ოფიციანტს, ის კიდევ უმტკიცებს, არა, ზუსტად ასეთი შეუკვეთეო. მეც ვერთვები საქმეში, როგორ, აგერ ვიჯექი და გითხრათ, ბაზილიკი არ მინდაო. არაო, ჯიუტობს ოფიციანტი. გავმწარდი და ყვირილი ავტეხე, ვუყვირი, ვთათხავ ოფიციანტს, მერე მენეჯერს ვეძახი, მენეჯერი გვიბოდიშებს და ახალი პიცა მოაქვთ, ბოლოს კი, გვეუბნებიან, რადგან ასეთი შეცდომა მოგვივიდა, ბავშვს ნაყინით დავასაჩუქრებთო. გამოვდივართ გარეთ, ტლეკს ჩემი შვილი ნაყინს და მეუბნება: – მამა, ერთ რამეს დამპირდი. რას? – როცა კიდევ წამოვალთ რესტორანში, აუცილებლად უყვირებ ოფიციანტს იმიტომ, რომ მერე უფასო ნაყინს მომცემენ. მე ის ტიპი ვარ, ვინც საზოგადოდ ხშირად ყვირის ხოლმე, მაგრამ ამის შემდეგ ერთხელაც აღარ მიყვირია ჩემი შვილის თანდასწრებით.
ამის მერე, ტაქსით მივდივართ სადღაც. უცებ ჩემმა შვილმა გააკუა და სუნი დადგა. ტაქსის მძღოლი მანქანას აჩერებს და მეუბნება, ახლავე ჩადით, ააყროლეთ აქაურობაო. სხვა დროს დავამხობდი თავზე ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ ბავშვთან ერთად ამას ვეღარ ვიზამ, ამიტომ ვეუბნები, თუ შეიძლება, თქვენი მონაცემები დამიწერეთ აქ. მიწერს, მე კი ვეუბნები, – აბა, ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, რადგან შემდეგი შაბათ-კვირა ჯოჯოხეთური გექნებათ. ახლა, როცა ჩემი შვილისთვის გავხდი მასწავლებელი, ვხვდები, რა ცუდი მოსწავლე ვყოფილვარ თვითონ, რამდენჯერ დამიშვია, რომ ჩემი საქციელი ეგოიზმით, ბრაზით ყოფილიყო ნაკარნახევი. და მას მერე ვამბობ, თუ მინდა, სხვა რამე ვასწავლო, მე თვითონ უნდა გავხდე უკეთესი. თუ უკეთესი არ გავხდები, აზრი არ აქვს, რას ვეტყვი ჩემს შვილს, რადგან ჭკვიანები არიან ბავშვები, ზუსტად იციან, როდის აბითურებ.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
ეთგარ კერეთთან ინტერვიუს ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მწერალთა სახლს