დადგა ზამთარი შენს თვალებთან | დიანა ანფიმიადი
ზამთარი
დადგა ზამთარი შენს თვალებთან, როგორც ღამე ფანჯრის მინასთან
ერთი სული აქვს ოდნავ, სულ ოდნავ შეაღო
თვალები გაგიყინოს, გული გაგიწყალოს,
შენს ხელებთან მინაზდეს
პირველი თოვლის სველ ჟრჟოლას ტუჩები შეახო.
დადგა ზამთარი შენს თვალებთან - უნიჭო მხატვარი ფერწერის გამოცდაზე
ერთი სული აქვს, შენი თვალებიდან ცა გადაიხატოს
მე ეს სურვილი, როცა გკოცნიდი მაშინ გამოვცადე.
როცა გკოცნიდი, მაშინ გამოვცადე ეს სურვილი.
ჩემი სიზმრიდან შენს სიზმარში მატარებელი აგვიანებს
ვდგავარ სადგურში, თითებს ვიმტვრევ, ვნერვიულობ.
შენ ხომ არ იცი ზამთარს რა სურს
არ მიენდო, გეხვეწები, არ დაუჯერო, არ აკოცო,
ჯერ ხმას წაგართმევს მერე სახელს და სულს.
ჩემი სიზმრიდან შენს სიზმარში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
ძილის ყანებში მიაგელვებს, ხელთ ვერავინ იგდო სადავე
დადგა ზამთარი შენს თვალებთან, სულ მალე თვალებში შემოვა
მე კიდევ, ჯანდაბა,
სადა ვარ,
სადა ვარ,
სადა ვარ.
გული
„გული რომ ზარი იყოს
შენს დანახვაზე ეგრევე ამიწკრიალდებოდა„
მითხრა ჩემმა შვილმა,
11 წლის ბიჭმა ამ დილით,
როცა სკოლისკენ მივრბოდით და
მისი ზურგჩანთა მხრებს მიმძიმებდა.
სკოლის კართან, როგორც ყოველთვის,
ჩავეხუტე, პაწია ცხვირზე ვაკოცე
ერთმანეთს კარგი დღე ვუსურვეთ,
და წამოვედი,
რომ დამეწერა ლექსი, რომელსაც ასე დავიწყებდი:
„გული რომ ზარი იყოს,
შენს დანახვაზე ამიწკრიალდებოდა“.
ვერაფერიც ვერ დავწერე,
ვერაფერი მოვუფიქრე
ასეთ სრულყოფილ მეტაფორას
ბრძნული, დიდური
გამოცდილ პოეტს რომ შეეფერება,
ახლა ისევ სკოლის ჭიშკართან ვდგავარ,
ვუყურებ, როგორ მორბის სხვა,
თანატოლ ბავშვებთან ერთად,
ბედნიერი, თმაგაწეწილი,
პერანგამოჩაჩული,
მორბის, მიღიმის,
გულის ზარი რეკავს და რეკავს,
რეკავს და რეკავს,
არ ჩერდება.
ბაღი
თმაზე ჯერ კიდევ შენი სუნი მაქვს
ეს იმას ნიშნავს, შენი სული მაქვს
გამომწყდეული თმაში.
თმა იხილება თვალისჩინივით,
სურვილს მისრულებს ზღაპრის ჯინივით
ყველა ვარდს ერთხმად გაშლის,
მას შეუძლია ყველა სურვილი
და ყველა ვარდის ყველა სურნელი
ვატარო ციცქნა შუშით.
და მერე, როცა თავსახურს მოვხსნი,
მახსენდებოდეს, რომ სულში გკოცნი,
თავი მეგონოს სულ შინ.
ნეტავ რა თაფლით და რა სალბუნით
რით მოგეფერო და რა გარგუნო
ყველა სიკვდილის ჩამდენს.
ფოთლებს გიმღერი ამ ბაღივით,
ხმის გატეხილი ზამბახი მაქვს,
ცრემლის ლარნაკში ჩადე.
ფოტო: Dirk Skiba