გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოლგა ტოკარჩუკი შოტლანდიური თვე ილია ჭანტურია

ოლგა ტოკარჩუკის „შოტლანდიური თვე“ | ილია ჭანტურია

2018 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაცემულა. მიზეზი ის იყო, რომ ჟან კლოდ არნო, რომელიც საკმაოდ დაახლოებული პიროვნება იყო ნობელის კომიტეტთან, (ის გახლდათ კომიტეტის ერთ-ერთი წევრის კატარინა ფროსტენსონის მეუღლე და ამასთანავე დაფინანსებას იღებდა კომიტეტისგან) თვრამეტმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. 2018 წლის ნობელი 2019 წელს გაიცა, რამაც ასევე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მკითხველში და ლიტერატურულ წრეებში. პრემია ორ ავტორს ერთდროულად გადაეცა. 2018 წლის პრემია ოლგა ტოკარჩუკს ერგო, 2019 წლის კი - ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკეს. თითქოს ერთი წლის წინ აგორებული სკანდალი გამოისყიდაო, ნობელის კომიტეტმა 2018 წლის პრემია პოლინელ მემარცხენე ფემინისტ ქალს გადასცა. ორი ავტორი, ორი სრულიად განსხვავებული ხმა ევროპულ ლიტერატურაში, ერთის მხრივ პეტერ ჰანდკე, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა სერბ დიქტატორთან სლობოდან მილოშევიჩთან (ის ერთ-ერთი იყო, რომელიც მის დაკრძალვას დაესწრო და ასევე დაკრძალვისას სიტყვაც წარმოთქვა), ასევე გამორჩეული იყო საკუთარი განცხადებით ბალკანეთის ომთან დაკავშრებით, როდესაც მან უარყო სრებრენიცის გენოციდი, რომელსაც 8000ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა, მეორეს მხრივ კი ოლგა ტოკარჩუკი -  ფემინისტი, ეკო-აქტივისტი, რომელიც მემარცხენედ პოზიციონირებს და მისი ერთ-ერთი წიგნი კი, „წიგნი იაკობისა“, პოლინელი ნაციონალისტების კრიტიკის საბაბი გახდა, მას ბრალი დასდეს ანტი-პატრიოტიზმში, თავის მხრივ ტოკარჩუკმა უკანვე დაუბრუნა ეს ბრალდება პოლონელ ნაციონალისტებს. მოკლედ რომ ვთქვათ, 2019 წელი ამ ორი უმნიშვნელოვანესი ავტორის და ამასთანავე პოლიტიკური ხედვების შეპირისპირების წელი გამოდგა ნობელის კომიტეტისთვის. ერთის მხრივ ეს საინტერესო პროცესია, საკუთარი ისტორიის გადაანალიზებით, მივიწყებული მსხვერპლების გახსენებით, ამასთანავე ორი ერთმანეთთან მუდამ კავშირში მყოფ დარგზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე საუბრით, ამასთანავე თავისი მარადიული კითხვით, უნდა განვასხვავოთ თუ არა მწერალი, საკუთარი პიროვნებისგან, პოლიტიკური ხედვებისგან. ერთი კი ყოველთვის ნათელია, რომ ყოველი ტექსტი თუ ყოველი სიტყვა პოლიტიკურია.

„აპოლიტიკური ლექსებიც პოლიტიკურია“

- იტყვის ასევე პოლონელი ნობელიატი ქალი, ვისლავა შიმბორსკა. და ასეცაა.

სხვადასხვაობა სხვადასხვაობად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიდავოთ, ეს ორი ავტორი, მაინც მნიშნველოვან ადგილს იკავებენ თანამედროვე ლიტერატურაში და ეს ნობელამდეც ასე იყო. ორივე ავტორის ტექსტებში ჩანს ეს ღრმა ფსიქოლოგიური ჭვრეტა ადამიანების, რომლებიც გარკვეულ გარდამავალ, ტრანზაქციულ პერიოდში გაჩნდნენ, ეს ღრმა ფსიქოლოგიზმი ორივეს საინტერესოს ხდის.

* * *

ოლგა ტოკარჩუკის „შოტლანდიური თვე“ ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტებისგან შემდგარი კრებულია. მათი დიდი ნაწილი სულ სხვა და სხვა დროით პერიოდში მონაცვლეობს, მათი პერსონაჟები მუდამ განსხვავებული ხანიდან არიან. შევხვდებით მეჩვიდმეტე საუკუნეში ბატონის კარზე მომსახურე გლეხებს, თან სადღაც კლასიკური ხანის არისტოკრატებს და ამასთანავე თანამედროვე პოლონეთში მცხოვრებ გოგონას, თოვლში მოსიარულეს დედამისთან და პატარა ბავშვთან ერთად, რომელიც ბავშვის მამას დაეძებს.

პერსონაჟების და დროების ასე აღრევა ერთ ჩახლართულ ქსელს ქმნის, მაგრამ ეს უმისამართოდ (ან შესაძლებელია სრულიად მიზანმიმართულად) გასროლილი ქსელები საერთო ორბიტებზეც ტრიალებენ. ყოველ პერსონაჟს თავისი სევდა თან დაყვება და ეს სევდა რაღაცის დანაკლისით არის განპირობებული, ადამიანური გრძნობის, ნუგეშის ნაკლებობით.

პირველივე მოთხრობა, „ჟურეკი“ სწორედ ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობაა. სიუჟეტი თანამედროვე პოლონეთში ვითარდება. თოვლში ორი ქალი მიაბიჯებს, ახალგაზრდა გოგონა და დედამისი და თან პატარა ბავშვი მიყავთ, ბავშვის მამა უნდა იპოვნონ. ამ სევდიან ამბავში ერთდაერთ იმედის მომცემ ძალად სწორედ ჟურეკი გამოჩნდება, ჟურეკი, რომელიც იაფფასიანი, მარკეტში გამოდებული საჭმელია და რომელსაც ერთ-ერთი ნაცნობი კაცი უყიდის დედა-შვილს, ეს ყიდვა უბრალო ქველმოქმედებაა ან დაპურება არაა, ეს ჟესტი ნუგეშის გაცემაა დაუცველისადმი. მყარი დასაყრდენია, რომელიც სიცივეში დასუსტებულ ქალებს მხარში ამოუდგება. პერსონაჟები როგორც „ჟურეკიდან“ ასევე სხვა მოთხრობებიდან, მიუხედავად მათი გასაჭირისა, არ არიან გარომანტიზებულ ნისლში გახვეულები, ავტორი მათ შეულამაზებლად აღწერს, არ ცდილობს პათეტიკური გზებით ისინი შეგვაცოდოს, თავად ამბავი ჰყვება თავისას, თავად პერსონაჟები გვიჩვენებენ საკუთარ გასაჭირს.

საგულისხმოა პერსონაჟების აუხსნელი მიდრეკილება სიყვარულისკენ. ოლგა ტოკარჩუკის მოთხრობებში თუკი პერსონაჟებს უყვართ ვინმე, უყვართ თავგამეტებით, უმიზეზოდ და წარმოუდგენელი გზნებით, რომელიც ფიზიკურადაც გამოიხატება პერსონაჟებში. უყვართ მთელი სხეულით და გულით. ეს აუხსნელობა არის სწორედ მთავარი მამოძრავებელი, რაც მათ სიყვარულს რეალურს ხდის, რადგან ისეთივე ბუნებრივია მათი შეყვარების პროცესი, როგორც რეალურად ხდება ხოლმე,

ესაა დუნე, ერთფეროვანი რუტინიდან ამოვარდნა, მუდმივი შფოთვა, რომელიც თან ტანჯავს და თან სიამოვნებას ანიჭებს პერსონაჟებს; ამ შფოთვას ახსნა აღარ აქვს, ვერც ერთი ვერ ხსნის, თუ რატომ უყვარს ის, ვინც უყვარს.

ერთადერთი გამონაკლისად მოთხორბის „გლიცინიას“ პერსონაჟი შეგვიძლია ჩავთვალოთ, ასაკში შესული ქალი, რომელსაც საკუთარი ქალიშვილის მეუღლე თავგამეტებით უყვარდება. მაგრამ აქ ეს სიყვარული უფრო მეტად საკუთარ ქალიშვილთან უსაზღვრო კავშირის ნიშანი უფროა, ვიდრე მასთან ღალატი, თავად პერსონაჟი ამბობს: „მის პირველივე დანახვაზე მომეძალა ვნება. რა არის ამაში დასაძრახი? ქალიშვილები ხომ დედების ნაწილი არიან, და პირიქით, და რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ორივე ისე ჩაიძიროს თავით-ფეხამდე ვნებაში, როგორც დაბლობი იძირება მდინარის კალაპოტიდან გადმოსული წყლით? მე ჩემი წილი ვიცხოვრე და ვიცი, რომ ასეთ მწველ სურვილთან ბრძოლას აზრი არა აქვს – დინებას ნაფოტივით უნდა მისცე თავი, მგრძნობიარე მელიორანტი უნდა იყო, რადგან მისი არც დარწყულება ძალგიძს და არც დაოკება. ყველა, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, თავს იტყუებს. ისიც სხვანაირად ფიქრობდა.“

აქ კიდევ ერთ მახასიათებელს ვაწყდებით, სიყვარულის ეს ძლიერი ღელვა სრულიად უკონტროლოა, მისი სიძლიერე სწორედ მის თავისუფალ ბუნებაშია, ვერ გამოიჭერ, ვერ შეძლებ დაასტაბილურო, სწორ რიტმში ჩააყენო.  ამ შეგრძნება მძაფრს ხდის ის, რომ ეს სიყვარული ყველა შემთხვევაში ცალმხრივია, სიყვარულის ობიექტი ვერ პასუხობს გაცემულ გრძნობებს, საქმეც ისაა, რომ მიუხედავად ამ წაგებული თამაშისა, შეყვარებულები უარს არ ამბობენ, მთავარი მათთვის მშრალი პრაგმატიზმი არ არის, როდის იყო სიყავრული პრაგმატულ ხედვებში გამომწყვდეული, მთავარია მათ უყვარდეთ, თუნდაც მათი გზები არასდროს გადაიკვეთონ ერთმანეთში.

ოლგა ტოკარჩუკს ახასიათებს პერსონაჟების ფსიქოლოგიური კვლევა, მათი შინაგანი მდგომარეობის საკმაოდ მწყობრად გადმოცემა. თავად ავტორი ფსიქოლოგიას სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში და ამის შემდეგ რამდენიმე წელიწადი ფსიქოთერაპევტადაც მუშაობდა. ეს გამოცდილება, რაც მან ამ პერიოდში დაიგროვა, კარგად აისახა თავის ტექსტებშიც. აქ რამდენიმე მოთხორბაში თავად ავტორის გამოცდილებებსაც ვეცნობით, აქ პროტაგონისტად შეგვიძლია თავად მწერალი მოვიაზროთ.

მოთხრობაში „ჩე გევარა“ ნაჩვენებია სწორედ ფსიქიატრიულ კლინიკაში მიმდინარე მოვლენები, სადაც ადამიანები მენტალურ თუ ფსიქოლოგიურ აშლილობებს უმკლავდებიან, მათთვის ეს ახალი მოუხელთებელი, მუდმივად ცვალებადი დრო საკმაოდ საეჭვოა, ეს ტემპი მათ ცვლის და მიჯაჭვულობას უჩენს წარსულისადმი, როგორც ეს მთავარი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მეტსაცხელად ჩე გევარას შემთხვევაში ხდება. საქმე ისაა, რომ მისი პარანოიული აშლილობა ზუსტადაც, რომ არ არის აცდენილი მის გარშემო არსებულ რეალობას, ამას თავად პროტაგონისტიც ხვდება. პერსონაჟების ფსიქო სახე-ხატების გამოსახვა სწორედ ამიტომ ავტორს მარტივად გამოსდის.

მოთხრობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ თხრობის სტილია. ერთ-ერთ თავის ლექციაში ოლგა ტოკარჩუკი ამბობს:

„ოდესმე იმაზე თუ დაფიქრებულხართ, ვინ არის ის საოცარი მთხრობელი, ვინც ბიბლიაში ყველას გასაგონად ამბობს, „პირველად იყო სიტყვა“? ვინც სამყაროს შექმნის პირველ დღეს აღწერს, როდესაც ქაოსი გამოეყო წესრიგს? ვინც კოსმოსის შექმნის სერიალს თვალს ადევნებს?

ვინც იცის, რაზე ფიქრობს, ეჭვობს თუ ჭოჭმანობს ღმერთი და ხელის აუკანკალებლად გადააქვს ქაღალდზე წარმოუდგენელი წინადადება: „და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო“.

ვინ არის ის, ვინც იცის, რას ფიქრობდა ღმერთი? თუ ყოველგვარ თეოლოგიურ ეჭვს გამოვრიცხავთ, შეგვიძლია ეს იდუმალი და მგრძნობიარე მთხრობელი შესანიშნავ და სახასიათო მთხრობელად მივიჩნიოთ.“

მგრძნობიარე მთხრობელი ერთგვარი ძიებაა მეოთხე პირის. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ლიტერატურა სრულად მოიცვა პირველი პირის თხრობამ, რაც უფრო მეტად სუბიექტურს ხდის ნაწერს, მაგრამ ამასთანავე რიგითი მოკვდავების თვალით დაგვანახებს გარემოს, ავტორი ცდილობს სრულიად ახალი ფორმა გამოძებნოს ამბების მოსაყოლად, მაგრამ ეს ახალი სწორედ ის ძველი ფორმაა, რომელიც ბიბლიაში გვხვდება. ერთგვარი ყოვლისმომცველი მთხრობელი, რომელიც სრულად ყველას დაიტევს. ეს ერთგვარი გაქცევაა პირადი სუბიექტურობისგან, მაგრამ შორსაა მშრალი მესამე პირის მიერ აღწერისგან. თხრობის ფორმების ძიება კარგად ჩანს მოთხრობაში „შოტლანდიური თვე“, სადაც ავტორი საკუთარ თავზე იწყებს წერას და ასკვნის:

„თურმე შეუძლებელია, ერთდროულად დამკვირვებელიც იყო და დაკვირვების ობიექტიც – ის, ვისაც შეიცნობენ და ის, ვინც შეიცნობს. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა მოგონებაში თავისი წილი ტყუილი იმალება, ყველა ავტობიოგრაფია კი ფიქციაა.“

ეს ერთგვარი შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა ავტორს აიძულებს, ამბებს მოყვეს; ყოველი ამბავი, თუნდაც რეალური, ფიქციად იქცევა, გამოგონილ ლიტერატურად. იქნებ სულ საწინააღმდეგოდაა და თავად ფიქცია, ლიტერატურული ტექსტი იქცევა რეალურად, ნამდვილ ამბად.

ეს ის ძალაა, რომელიც ლიტერატურას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, გამოგონილი ამბები რეალურად აქციოს, ისე, როგორც ოლგა ტოკარჩუკის მოთხრობებშია – სულ სხვა დროსა და სივრცეში მყოფი პერსონაჟები ჩვენ თვალწინ რომ დაიარებიან და ცოცხლდებიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა